"არ არის გამორიცხული, ტერორისტთა ინტერესის სფეროში საქართველოც მოექცეს" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, ტერორისტთა ინტერესის სფეროში საქართველოც მოექცეს"

"ეს პრობლემა ძალიან სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში"

"ისლამურმა სახელმწიფომ" ხელში ჩაიგდო ვეებერთელა ფინანსური წყაროები - ქალაქი მოსული რომ აიღეს, ბანკებში დარჩა 450 მილიონი დოლარი"

საფრანგეთში, ცნობილი სატირული ჟურნალისCharlie Hebdo-ს რედაქციაზე ისლამისტ ტერორისტთა თავდასხმა და ის მძიმე შედეგები, რაც ამას მოჰყვა, კარგა ხანს დარჩება მსოფლიოს განხილვის თემად. უკვე ისმის ექსპერტთა შეფასებები, რომ მომხდარმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ევროპა, რომელიც მეტად მწვავე და ხიფათიანი გამოწვევების წინაშე დგას. ფაქტია, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც კულტურათა შორის დაპირისპირებამ, შესაძლოა, უდიდესი მასშტაბები მიიღოს. დასავლეთისა და რადიკალური ისლამის კონფრონტაცია სულ უფრო სახიფათო ხდება. ისმის არაერთი კითხვა, მათ შორის, ასეთიც - როგორ შეძლებს მსოფლიო ამ ურთულეს პრობლემებთან გამკლავებას და რა იქნება ისლამისტთა შეტევაზე დასავლური ქვეყნების პასუხი? ბუნებრივია, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია - სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი ამ პროცესებში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დროა, ამ საკითხებზე ქვეყანაში საინფორმაციო-ანალიტიკურმა ჯგუფებმა ხელისუფლებასთან ერთად იმუშაონ, რათა გაანალიზდეს ყველა საფრთხე და გამოწვევა და სტრატეგიაც შესაბამისად დამუშავდეს. ამ თემებზე ვესაუბრებით ექსპერტს ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებიას.

-  თუ გასულ საუკუნეში მსოფლიოს წინაშე ე.წ. მემარცხენე ტერორიზმის პრობლემა იდგა, ამ საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რელიგიური და ეთნოსეპარატისტული ტერორიზმია. ბოლო ხანს ტერორისტული აქტები ძირითადად რელიგიურ ნიადაგზე ეწყობა. მარტო ისლამისტურ ტერორიზმზე არ არის ლაპარაკი, ვიცით არაერთი ტერაქტი, რომელიც სხვადასხვა სექტას დაუკავშირდა. მაგალითისთვის გავიხსენებ ტოკიოს მეტროში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელიც იაპონურმა სექტამ "აუმ სინ რიკიომ" განახორციელა. თუმცა, ფაქტია, დღევანდელ მსოფლიოს ყველაზე მეტად ისლამური ტერორიზმი უქმნის საფრთხეს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, რაზეც ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. საფრანგეთში მომხდარი უმძიმესი ფაქტია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება გარკვეული ნაბიჯები. ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამ დაპირისპირების ძირითადი მიზეზი იდეოლოგიური დაპირისპირებაა.

თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია თავისებურად ცდილობს, შებღალოს ისლამის ფასეულობები და ისლამური სიწმინდეების დე ფაქტო ოკუპაციაც კი მოახდინოს. თავის მხრივ, უკიდურეს ნაბიჯებს დგამს ისლამური სამყაროს  რადიკალური ნაწილი.

საფრანგეთისთვის ტერორი მაინცდამაინც სიახლე არ არის, თუმცა ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი, რაც ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმა და მისი შემდგომი პროცესები იყო, აქამდე არ ყოფილა, თუმცა ისლამისტებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამდენიმე ტერაქტი, რაც გამოწვეული იყო საფრანგეთის ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობით. საფრანგეთის საზოგადოებაში კრიზისია, რაც უკვე თვალნათლივ ჩანს. ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში, ემიგრაციამ მიიღო ძალიან უკუღმართი ფორმა. მართალია, საფრანგეთი ბოლო წლებში ცდილობს ამ პროცესების შეჩერებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. იქიდან გამომდინარე, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ახლო აღმოსავლეთისა თუ აფრიკის სახელმწიფოებში, რომელთაგან ნაწილი საფრანგეთის ყოფილი კოლონიებია, სერიოზული კატაკლიზმები მოხდა. იქიდან წამოსულმა ემიგრაციამ ლამის წალეკოს ევროპული ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთიც.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ეცადნენ, ფრანგ საზოგადოებაში ამ ხალხის ინტეგრირება მომხდარიყო, ბევრი არაფერი გამოვიდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საფრანგეთის 7%-ს მაჰმადიანი მოსახლეობა შეადგენს, არაოფიციალურად ეს რიცხვი უფრო მეტია. ღირებულებათა სისტემებს შორის განსხვავებები იმდენად დიდია, რომ ეს კონფლიქტებს წარმოშობს, ფაქტია, ინტეგრაცია ვერ ხდება. ევროპული ფასეულობები დიამეტრულად  განსხვავდება და ვერანაირად ვერ უთავსდება მაჰმადიანურ შეხედულებებს. განსაკუთრებით ეს შეეხება ზნეობრივ პრინციპებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ა.შ. ამასთანავე, საფრანგეთი ანტიტერორისტული ოპერაციების ფლაგმანია, მაგალითად, ოპერაციები მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში  სწორედ საფრანგეთის ლიდერობით მიმდინარეობს.

ევროპაში ამ მასშტაბური ემიგრაციით უკმაყოფილება იზრდება, ჩნდება ნაციონალისტურად განწყობილი, ნეოფაშისტური ორგანიზაციები, რომელთა ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში სრულიად დემოკრატიული გზებით მოსვლა, შესაძლოა, მალე რეალური გახდეს, რაც პროცესებს კიდევ უფრო გაართულებს.

- როგორც ირკვევა, ტერორისტები საფრანგეთში იყვნენ დაბადებული და გაზრდილი...

- დიახ, ძმები კუაშები ალჟირული წარმოშობის არიან. მესამე მოკლული ტერორისტი კი, რომელმაც ებრაულ მაღაზიაში აიყვანა მძევლები, გავრცელებული ინფორმაციით, "კოკა-კოლას" ქარხანაში მუშაობდა და აქტივისტი მუშა გახლდათ. ეს მაგალითები კარგად აჩვენებს, რომ ინტეგრაცია ვერ ხერხდება. ევროპაში პრესის თავისუფლება უმთავრესი პრინციპია, თუმცა ამ თავისუფლების კულტურას რადიკალები არ ცნობენ.

- კულტურათა შორის დაპირისპირება მომხდარში მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ ცხადია, რომ ამის უკან კონკრეტული ორგანიზაციები და ძალები დგანან...

-   რასაკვირველია, არაერთი ძალაა, რომელსაც სურს დესტაბილიზაციის გამოწვევა. ეს ძალები შეიძლება იყვნენ თვითონ ევროპაშიც და ისლამურ სამყაროშიც. როგორც უკვე გითხარით, რადიკალურად განწყობილი ორგანიზაციები ევროპაშიც გამოჩნდნენ. უკვე ცხადია, რომ ევროპა კარგად უნდა დაფიქრდეს ემიგრაციის ფორმაზე და გამოძებნოს გზები მის შესაჩერებლად. ვიმეორებ,  ევროპაში ამ ემიგრაციის პოლიტიკის გამო აშკარად იზრდება უკმაყოფილება და ამგვარი განწყობების გაზრდაზე აუცილებლად იმოქმედებს ეს ტერაქტიც. ნორვეგიელი ბრეივიკის მიერ ჩადენილი საშინელი ტერაქტი სწორედ ემიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. თუ დავფიქრდებით, ამხელა მასშტაბის ტერაქტი ინდივიდუალურ ისლამისტ ტერორისტს ევროპაში არ განუხორციელებია.

აქედან გამომდინარე, არაერთ ძალას აინტერესებს ამგვარი დაპირისპირება როგორც ევროპაში, ასევე ისლამისტურ სამყაროში. იემენის "ალ ქაიდას" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ძმები კუაშები მათი ორგანიზაციის წევრები იყვნენ, თუმცა, საინტერესოა, რომ კუაშების მიტოვებულ მანქანაში "ისლამური სახელმწიფოს" დროშა იპოვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტერაქტში ერთგვარი კონკურენციის ფაქტორებიც  იყოს ჩართული.  ცხადად ჩანს, რომ "ისლამური სახელმწიფო", რომელმაც "ალ ქაიდას" ნომერ პირველი ტერორისტული ორგანიზაციის სახელი ჩამოართვა, უპირისპირდება ამ უკანასკნელს, შესაბამისად, ამგვარი ხმაურიანი ტერაქტების დაგეგმვით, "ალ ქაიდა" ძველი დიდების დაბრუნებასაც ცდილობს. ვნახეთ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი იმის გამო, რომ თავის დროზე სირიის ტერიტორიაზე იარაღს არასწორად ანაწილებდნენ, რისი დამსახურებაცაა "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერება. შედეგად, "ისლამურმა სახელმწიფომ" სახელმწიფოებრივი ფორმები მიიღო, მათ აქვთ სამინისტროები, სასამართლო, ფინანსური სისტემა და ა.შ. ერთი საკითხია კიდევ, "ისლამური სახელმწიფოს" დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ მოხალისეები, ხოლო ეკონომიკური კუთხით მის გაძლიერებას განაპირობებს ნავთობის გაყიდვა. არსებობს ინფორმაცია, რომ მოხალისეების შესვლაც და ნავთობის გაყიდვაც ჩვენი მეზობელი თურქეთის მეშვეობით ხდება. პროცესები მეტად მნიშვნელოვანია და ამ დაპირისპირებაში ისლამის გამოყენებით ვხედავთ რამდენიმე დაინტერესებულ მოთამაშეს.

- ცნობილია, რომ ტერორისტების თავდასხმის ობიექტი ჟურნალის რედაქცია 2011 წელსაც გახდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რედაქციაში რეკავდნენ და იმუქრებოდნენ. რატომ ვერ მოხერხდა უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღება?

- გავრცელებული ინფორმაციით, ალჟირისა და ლიბიის სპეცსამსახურებმა საფრანგეთი მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ გააფრთხილეს. რასაკვირველია, ამ სიტუაციაში მახსენდება 2001 წლის ტერაქტი აშშ-ში, როდესაც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უამრავი ინფორმაცია იყო, თუმცა მაინც ვერ გადაწყვიტეს, გამოეცხადებინათ ქვეყანაში პირველი კატეგორიის ანტიტერორისტული განგაში.

ძალიან ცუდად მენიშნა საფრანგეთში სპეცსამსახურების წარმომადგენელთა განცხადება, - თითო საეჭვო ადამიანის კონტროლისთვის, სულ ცოტა, 25 ადამიანია საჭიროო. წარმოიდგინეთ, ამას რამხელა ფინანსები დასჭირდება, რასაც ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აუვა. მათ ამით აღიარეს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში რესურსი არ ჰყოფნით. საინტერესოა, რომ სამართალთან ორივე ტერორისტ ძმას პრობლემები ჰქონდა, მათგან ერთი დაპატიმრებულიც იყო, მეორე კი, როგორც ირკვევა, ამერიკის სპეცსამსახურების მიერ აღრიცხვაზე იყო აყვანილი და აშშ-ში ჩაფრენის უფლება არ ჰქონდა. ისეთი პერიოდი დგება მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში, ანტიტერორისტული განგაში მუდმივად უნდა იყოს გამოცხადებული. მარტო ძალადობრივი ხერხებით ამ საკითხის გადაწყვეტა სრულიად შეუძლებელია. ერთ-ერთი მთავარი მომენტი ამ პროცესში ემიგრაციის დარეგულირებაა. ეს თუ არ მოხერხდა და ყველა ჯურის ადამიანი კვლავაც უპრობლემოდ შევიდა ევროპის ქვეყნებში, თუ მულტიკულტურული საზოგადოების  კანონები არ შეიქმნა, არ არის გამორიცხული, პრობლემამ არნახული მასშტაბი მიიღოს, მით უფრო, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ხელში ჩაიგდო ვეებერთელა ფინანსური წყაროები - ქალაქი მოსული რომ აიღეს, ბანკებში დარჩა 450 მილიონი დოლარი. მათ შექმნეს პროპაგანდისტული მანქანა, რისი მუშაობის შედეგადაც ხალიფატის იდეა ისლამურ სამყაროში, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში, ძალიან პოპულარულია.

- ელით, რომ ამ ტერაქტის საპასუხოდ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ანტიტერორისტულმა კოალიციამ ინტენსიური სამხედრო მოქმედებები დაიწყოს?

- არა მგონია. მიაქციეთ ყურადღება, თურქეთთან ახლოს, ქალაქ ქობანისთან, კრიზისი რომ გამწვავდა, დასავლეთს შეეძლო უფრო აქტიურად ჩართულიყო პროცესში და სერიოზულად შეევიწროებინა "ისლამური სახელმწიფო", მაგრამ არ ჩაერია. ვფიქრობ, დასავლეთს აწუხებს ის ფაქტი, რომ "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემთხვევაში, სად შეიძლება აღმოჩნდეს ათიათასობით ტერორისტი, რომელთა შორის ევროპული ქვეყნების მოქალაქეებიც არიან. დასავლეთის ქვეყნებს ჯერჯერობით ერთიანი სტრატეგია, რა უნდა დაუპირისპირონ "ისლამურ სახელმწიფოს", არ აქვთ ჩამოყალიბებული. ამიტომაც, ამ ეტაპზე ურჩევნიათ, ასე ლოკალურად, ჩარჩოებში იყოს პროცესი მოქცეული და მხოლოდ კლასიკურ საბრძოლო მოქმედებებში მიიღონ მონაწილეობა. თუმცა ასე დიდხანს ვერ დარჩება და საჭირო გახდება გარკვეული სტრატეგიის შემუშავება. ცხადია, რომ ამ დემოკრატიულმა რევოლუციებმა სასიკეთო არაფერი მოიტანა, უკვე სერიოზულად იწყება ლაპარაკი იმაზე, რომ მენტალურად ისლამური სახელმწიფოების მართვას აბსოლუტიზმი უფრო მიესადაგება. ამის კარგი მაგალითია არაერთი  ქვეყანა, რომელთანაც აშშ-ს გადასარევი ურთიერთობები აქვს, მაგალითად: კატარი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები. ვფიქრობ, ამ რეალობის წინაშე მსოფლიო მალე დადგება. ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, ამ ეტაპზე გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადაიდგმება, თუმცა აუცილებლად დაიწყება კონსულტაციები, ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა. სხვათა შორის, ამაში მონაწილეობას არა მხოლოდ ევროატლანტიკური ქვეყნები, ის სახელმწიფოებიც მიიღებენ, რომლებიც ახლო აღმოსავლეთთან არიან დაკავშირებული. ამ მხრივ 2015 წელი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება.

- გაჩნდა ვარაუდი, რომ საფრანგეთის ტერაქტში რუსული კვალიც იკვეთება...

- არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არაერთი ფაქტი ვიცით, როდესაც კონკრეტული პრობლემის გადაფარვა ტერაქტით სცადეს. ახლაც გაჩნდა ვერსია, რომ რუსეთს ხელს აძლევდა უკრაინის მოვლენების მიჩუმათება.

ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ ტერაქტის უკან "ისლამურ სახელმწიფოსა" და "ალ ქაიდას" შორის კონკურენცია უნდა ვეძებოთ.

- ამ პროცესების ჭრილში სად ხედავთ საქართველოს ადგილს. გასათვალისწინებელია, რომ ერთი მხრივ ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ საერთაშორისო სამხედრო მისიებში, მეორე მხრივ კი ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს...

- ჩემი პასუხი მინდა დავიწყო იმის გახსენებით, რომ ერაყის ქალაქ ბაღდადში, ერთ შტაბბინაში სხედან ამერიკელი გენერლები და ირანული სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ამუშავებენ სამოქმედო გეგმებს. დროისა და ვითარების მიხედვით იცვლება სახელმწიფოთა შორის ინტერესთა თანხვედრა. ამას ორიოდე წლის წინ ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, დღეს აშშ-სა და ირანს შორის პრობლემა, ფაქტობრივად, გაქრა.  აუცილებელია, დღეს ჩვენ დავიცვათ ბალანსი. პარიზულმა სასაკლაომ ჩვენც უნდა დაგვაფიქროს. ეს პრობლემა ძალიან სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც სუნიტური მოსახლეობაა. აზერბაიჯანი ამ თვალსაზრისით ნაკლებად საშიშია, რადგან იქ შიიტური მოსახლეობაა, თუმცა მაინც ყურადღებამისაქცევია ეს მიმართულებაც. როდესაც "ისლამურ სახელმწიფოზე" ვლაპარაკობთ, ძირითადად ვახსენებთ იქ წასულ პანკისელ ქისტებს, მაგრამ რა ვიცით სხვა მაჰმადიან  ქართველებზე?!

ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბაზა, რომლის მიხედვითაც, გვეცოდინება, არიან თუ -არა "ისლამურ სახელმწიფოში" მაჰმადიანი აჭარლები, ქართული წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეები, თურქი-მესხები ან ინგილოები.

აუცილებელია კონტროლი საქართველოში შემოსულ საეჭვო ადამიანებზე,  ამიტომაც უნდა ჩატარდეს სერიოზული საინფორმაციო-ანალიტიკური სამუშაოები. თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდებ ხელისუფლებას, ითანამშრომლოს სპეციალისტებთან, ექსპერტებთან,  ჩვენ გავუწევთ მათ დახმარებას სრულიად უანგაროდ. საქართველო აუცილებლად უნდა იყოს პლურალისტური, უნდა ვითანამშრომლოთ დასავლეთთანაც, მაგრამ, ვფიქრობ, ამ პროცესების ჭრილში ჩვენი და რუსეთის ინტერესებიც მნიშვნელოვნად ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ თანამშრომლობა რუსეთთან, დღეს სიწყნარეა ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ მცირე ბიძგმაც შეიძლება იქ ანარქია გამოიწვიოს და ამ რეგიონის მცირე ავღანიზაცია მოხდეს... წარმოგიდგენიათ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას ჩვენთვის.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართულია ქართული სპეცსამსახურების მუშაობა?

- ჩემი აზრით, საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობა, ამ პრობლემებისა და საფრთხეების დამუშავება მაინცდამაინც სათანადოდ არ ხდება. ტერორიზმის საკითხებზე საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანი ვმუშაობთ, მე, როგორც ვიცი, შესაბამისი სამსახურები არც ერთ მათგანთან არ თანამშრომლობენ. შეიძლება უცხოელი სპეციალისტები ჰყავთ ჩამოყვანილი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კავკასიურ პრობლემებზე მუშაობისას აქაურების ჩართვაც არ ავნებდა საქმეს.

რაც შეეხება ჩვენი სამხედროების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას, სულაც არ არის გამორიცხული, ამის გამო საქართველო ტერორისტთა ინტერესის სფეროში მოექცეს.

ესპანეთში მომხდარი ტერაქტი მაგალითია იმისა, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციებში მცირე წვლილის შემტანი სახელმწიფოც შეიძლება იქცეს ტერორისტთა სამიზნედ. ყველა სახელმწიფო უნდა იყოს ფრთხილად, ხალხიც ფხიზლად უნდა იყოს...  სავიზო რეჟიმი ბოლო ხანს გარკვეულწილად შეიზღუდა, რასაც მივესალმები, თუმცა საზღვრების დასაცავად უფრო ქმედითი ზომებია მისაღები.

როგორც ვიცი, დღესდღეობით სასაზღვრო პუნქტების გვერდის ავლით არცთუ რთულია საქართველოში შემოღწევა. ამ მიმართულებით უნდა ვითანამშრომლოთ როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან.

ნათია დოლიძე