"ისლამური სახელმწიფოს" აქტიურობამ შეიძლება კავკასიისკენ გადმოინაცვლოს"
19-01-2015
"ისლამური სახელმწიფოს" აქტიურობამ შეიძლება კავკასიისკენ გადმოინაცვლოს"
დიდი ხანია ვიცით, რომ რუსეთს ჩაფიქრებული  აქვს ჩვენი ქვეყნის ფინანსური ინტერვენცია,
ოღონდ ინვესტიციის სახელით


ბოლო წლების განმავლობაში წარმატებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ნათელ მაგალითად ენგურჰესს ასახელებდნენ, სადაც ქართველები და აფხაზები წლების განმავლობაში ერთად და უკონფლიქტოდ მუშაობდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა. ენგურჰესის კუთვნილებაზე ლაპარაკი ჯერ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დაიწყო, ახლახან კი რუსულმა და აფხაზურმა მედიამ გაავრცელეს "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის, ასლან ბასარიას, განცხადება, რომლის თანახმად, ენგურჰესის" კუთვნილების თაობაზე ქართულ მხარესთან
მოლაპარაკება დაწყებულია. ამ პროცესის უკან აშკარად ჩანს რუსეთის ინტერესები. ევროპაში კი, პარიზში, სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" ტერორისტული თავდასხმისა და შემდგომ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების გამო უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში თითქმის ერთდროულად ჩატარდა ანტიტერორისტული სპეცოპერაციები და ტერორიზმში ეჭვმიტანილი არაერთი პირი დააკავეს. ევროპული ქვეყნების
სპეცსამსახურები აღარც მალავენ, რომ რადიკალ ისლამისტებს შეიძლება კიდევ არაერთი ტერაქტი ჰქონდეთ დაგეგმილი. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:


- დატრიალებული ტრაგედიისა და არსებული ტერორისტული საფრთხეების გათვალისწინებით, თითოეულ სახელმწიფოში მე უფრო რელიგიური დაპირისპირების საფრთხეს ვხედავ. იმედია, ამა თუ იმ ევროპულ ქვეყანაში ეროვნული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდება და ეს დაპირისპირების სიმწვავეს შეამცირებს. რაც შეეხება საემიგრაციო პოლიტიკას, სრულმა ლიბერალიზაციამ ევროპაში ბევრი რამ უარესობისკენ შეცვალა. შენგენის ზონაში, სადაც არანაირი სასაზღვრო კონტროლი არ არსებობს, უკვე ლაპარაკია კონტროლის შემოღებაზე. ეს ჯერჯერობით ინიციატივაა, თუმცა, ფაქტია, რომ ის ტრაგედია, რასაც პარიზელებთან ერთად ყველანი განვიცდით, ერთგვარად გამომაფხიზლებელიც იყო. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი კი იყო, მაგრამ რომ დავუკვირდი,
ნამდვილად დროული და ბრძნული რამ თქვა რომის პაპმა. მან ბრძანა: როდესაც ვინმე დასცინის რელიგიას, ის საპასუხო დარტყმასაც უნდა ელოდოსო. მართალია, ასე არ ფიქრობს მისი უზარმაზარი მრევლის დიდი ნაწილი, მაგრამ ეს განცხადება რელიგიური შუღლის განელებისთვის ნამდვილად კარგი წინა პირობაა. ამდენად, ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და საკუთარი გამოხატვის თავისუფლება სხვისი შეურაცხყოფისთვის არ გამოვიყენოთ.

- ვიცით, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში არაერთი საქართველოს მოქალაქეც არის. ესეც არ იყოს, ჩვენი სახელმწიფო ისეთ რეგიონშია და ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომ მიმდინარე პროცესები ბუნებრივად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც.

- გეთანხმებით, უკვე არაერთი არაოფიციალური თუ ოფიციალური წყარო ამბობს, რომ
"ისლამური სახელმწიფოს" აქტიურობამ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება კავკასიისკენ გადმოინაცვლოს, რაც ძალიან ყურადსაღებია ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს ვერაფერი სასიკეთო პერსპექტივაა ჩვენთვის. სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი, რომელიც აუცილებლად იზრუნებს პრევენციული ზომების მიღებაზე, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელ ხელშეკრულებებს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან გარკვეულწილად ამ დატვირთვითაც აფორმებდეს. მით უფრო, როდესაც ლაპარაკია აფხაზეთში 25 000-კაციანი ჯარის განლაგებაზე. ვფიქრობ, ჯერჯერობით კრემლში ბოლომდე არ გადასულან ჭკუიდან, რომ ამას აფხაზეთზე საქართველოს თავდასხმის საფრთხის გამო აკეთებდნენ. ეს ის თემაა, რომლის მიჩუმათება არ შეიძლება, მით უფრო, რომ მოდის გზავნილები ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები არიან, გაისმა მუქარაც, თუმცა,
მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ისლამისტურ მიზნებზე უფრო მნიშვნელოვანი სამშობლოს განცდა იქნება.

ამ პროცესებს გონივრულად უნდა მივუდგეთ, უნდა გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, რათა საფრთხეები მაქსიმალურად შემცირდეს. აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების სირიაში წასვლის მიზეზების დადგენა და მათ აღმოფხვრაზე ზრუნვა. სამწუხაროდ, ჩვენს სინდისზე კვლავაც შავ ლაქად რჩება 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაცია, რომელიც არ გამოიძია ძველმა ხელისუფლებამ და არც ამჟამინდელი ხელისუფლება იძიებს. არ ვიცი, რა, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც აღმოჩნდა რაღაც იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიმართლის დადგენა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეა. მერწმუნეთ, ეს გვარიანად ვნებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჩემთვის დღემდე გამაოგნებელია ჩვენი ახალბედა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ იგი თურმე ემიჯნება გზას, რომელსაც რუსეთი აქტიურად აშენებს დაღესტნიდან კახეთისკენ. როდესაც მოწმენი ვართ იმისა, რომ ტერიტორიული ნიშნით დარიგებული რუსული პასპორტები ახალ უკვე კახეთშიც გაჩნდა, გამიჯვნა უშველის ამ ამბავს?! აუცილებელია, ამ პრობლემას მაქსიმალურად მივაპყროთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყურადღება. ვისურვებდი, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მაინც ქვეყნის ყველა მმართველი სტრუქტურა კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდეს.
როდესაც ეროვნული უშიშროების საბჭო სრულიად უმოქმედო და დაბლოკილია, ეს სახელმწიფოს წინაშე მავნებლობაა და მეტი არაფერი.

- თქვენ ადრეც ილაპარაკეთ რუსული პასპორტების დარიგებაზე, თუმცა, სახელისუფლებო სტრუქტურებში ამგვარ რამეს უარყოფენ...

- გამიხარდება თუ ასეა, მაგრამ ამის თაობაზე ხალხი ორიოდე თვის წინ პირდაპირ სატელევიზიო სიუჟეტებში ლაპარაკობდა. მარტო ის არ არის პრობლემა, რუსულ პასპორტებს მისცემენ კახელებს თუ არა, პრობლემაა ისიც, რომ რუსეთის ანექსიის შეჩერების გზა არ ჩანს.

- ბოლო დღეებში მოწმენი ვართ სომხეთში საპროტესტო აქციებისა, რაც ქალაქ გიუმრიში საზარელ ტრაგედიას - რუსი ჯარისკაცის მიერ ერთი ოჯახის 6 წევრის მოკვლას მოჰყვა. აქამდე ძნელად წარმოსადგენი იყო სომხეთში ფეხით გათელილი რუსული დროშის დანახვა ან მოწოდებები, რომ გაიყვანოს რუსეთმა თავისი ბაზები... ბევრი მიიჩნევს, რომ ეს დროებითი პროტესტია და არსებითად არაფერი შეიცვლება...

- პროტესტი შეიძლება იყოს დროებითი, მაგრამ უარყოფითი განწყობა უკვალოდ არ გაქრება. ის დარჩება ადამიანთა ცნობიერებაში და რა გამოხატულებას პოვებს შემდგომ, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის.
ვფიქრობ, რუსულ-სომხურ ურთიერთობას ეს ტრაგედია პრობლემებს ნამდვილად შეუქმნის. მალე ამ ქვეყანაში იმასაც გააპროტესტებენ, რომ სომხეთის საზღვრის გაკონტროლება სომეხ მესაზღვრეებს უკვე აღარ ეკითხებათ
- მათ რუსეთი უდგენს იმ ხალხის სიას, ვინ უნდა შეუშვან სომხეთში და ვინ - არა.

- ახლახან რუსულმა და აფხაზურმა მედიამ გაავრცელეს "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის, ასლან ბასარიას, განცხადება, რომ ენგურჰესის" კუთვნილების თაობაზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკება დაწყებულია. "ქონების რეესტრში ეს ობიექტი არ არის. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება ქართულ მხარესთან. თუ ეს საკითხი არ გადაწყდა, როგორც აფხაზეთი, ასევე საქართველო დაზარალდება", - აცხადებს ბასარია, თუმცა, ამგვარ მოლაპარაკებაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს ქართული მხარე.

- ამის უარყოფას ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე პასუხი კი არა, არამედ სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურის ოფიციალური განცხადებები სჭირდება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს იდეა დიდი ხნის დამუშავებულია კრემლში და გახმაურდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლოს და ბოლოს, მოიყვანეს დე ფაქტო ხელისუფლებაში ხაჯიმბა, ამიტომაც იყვნენ ასე გამეცადინებული. არც ბაღაფში და არც ანქვაბი ამას არ გააკეთებდნენ, რადგან ეს უპირველესად აფხაზების ინტერესებს აზარალებს. რუსეთის მიზანია, უფრო და უფრო გამწვავდეს ურთიერთობა თბილისსა და სოხუმს შორის. აქაც სიდინჯეა საჭირო, დიდი ყურადღება და გონიერება გვმართებს. ენგურჰესის თემის აფხაზების მეშვეობით გააქტიურებით, შესაძლოა, რუსეთი მორიგ ვერაგულ დარტყმას ამზადებდეს ამ ობიექტის ხელში ჩასაგდებად. თუ დროულად არ იქნა გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, ვფიქრობ, მალე ვნახავთ რუსულ ჯარს სამეგრელოს ტერიტორიაზე, რომელიც ალყას შემოარტყამს ენგურჰესს. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ხაჯიმბა ამ საქმეშიI მართლაც ქვევრის როლშია, რაც ჩასძახა კრემლმა, ის ამოსძახა, ამიტომ ამაზე ლაპარაკი სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ რუსეთთან. არ გამოვრიცხავ, საჭირო გახდეს კიდევ გარკვეული ფორმატის შექმნა ქართულ-რუსული დიალოგისთვის. მაგალითად, რუსეთთან ურთიერთობაში თუ პრემიერს ჰყავს წარმომადგენელი, რატომ არ შეიძლება წარმომადგენელი ჰყავდეს პრეზიდენტსაც?! აუცილებელია, ამ საკითხზეც მაქსიმალურად მივაქციოთ დასავლეთის ყურადღება.
არანაკლებ მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელია ფოთის პორტის საკითხი და იქ "როსნეფტის" გამოჩენა. არ დაგავიწყდეთ, ეს კომპანია "ოკუპაციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევით აწარმოებს აფხაზეთის სანაპიროზე შავი ზღვის შელფის დამუშავებას ნავთობის მოპოვების მიზნით. დიდი ხანია ვიცით, რომ რუსეთს ჩაფიქრებული აქვს ჩვენი ქვეყნის ფინანსური ინტერვენცია, ოღონდ ინვესტიციის სახელით. იმედია, ასე მარტივად არ გავყიდით ეკონომიკური პროცესების დამოუკიდებლად მართვის უფლებას. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების მსგავსად, ამ ხელისუფლებამაც ხმარებიდან ამოიღო ისეთი ტერმინი, როგორიცაა "სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი". პარლამენტიც არანაირ ინიციატივას არ იჩენს იმისთვის, რომ ასეთი ობიექტების პრივატიზაციისას ან მათი გაყიდვის შემთხვევაში, არსებობდეს მკაფიოდ გაწერილი კანონმდებლობა, რომელიც უპირველესად სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავს.

- პრეზიდენტი მალე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით წარდგება და კვლავაც განხილვის მთავარი თემაა, დაესწრება თუ არა მთავრობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს სიმბოლური გამოსვლაა და მასზე დასწრებას მინისტრთა კაბინეტს კონსტიტუცია არ ავალდებულებს, ამიტომაც ამის აუცილებლობას ვერ ხედავს...
- ვფიქრობ, ჩვენს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აზარალებს ამგვარი განცხადებები და ვინც ამას კარნახობს, მას დათვურ სამსახურს უწევს. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზი, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს პრეზიდენტი, ასევე ცნობილი ხდება პარლამენტის დამოკიდებულება, რაც მთავრობის შემდგომი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. 

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ ძალთა მზადება თანდათან შესამჩნევი გახდება. რა პოლიტიკურ პროცესებს უნდა ველოდოთ კოალიციაში? მაგალითად, რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციიდან წასვლაზე მათ აშკარად მიანიშნეს...

- 2016 წლის არჩევნების მიმართ პოზიტიური მოლოდინი შეიძლება გაჩნდეს მაშინ, თუ უახლოეს მომავალში არსებული საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვლება.

დღეს ხელისუფლებაში მყოფი პირები ოპოზიციაში ყოფნისას ამ ცვლილებების აუცილებლობაზე ბევრს ლაპარაკობდნენ, ახლა კი მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიცია ლაპარაკობს. თუ საკანონმდებლო სივრცეში ისევ მაჟორიტარიზმის პარპაშის მოწმენი გავხდით, მაშინ არანაირ პოზიტიურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება რესპუბლიკელების კოალიციიდან წასვლას, გამორიცხული არ არის, პროცესები ასეც განვითარდეს. ბევრი პოლიტიკური ძალა არ მეგულება ამ ქვეყანაში, რომელიც რესპუბლიკელთა მსგავს ინტელექტუალურ პარტიასთან თანაბარუფლებიან თანამშრომლობას შეძლებს. ამიტომ ყველას ურჩევნია, გაემიჯნოს ინტელექტუალურ ძალას, რათა საკუთარი აზრი ბრძნულად წარმოაჩინოს.

ნათია დოლიძე
პატარა ფასკუნჯი
04 თებერვალი 2015 15:49
გადმოინაცვლებენ და დაიმარხებიან აქ!
jemali
29 იანვარი 2015 11:51
საქართველოში ყველას უფლებებს იცავენ, ქართველების გარდა, საკმარისია ხმა ამოიღო გეტყიან ეროვნულ უმცირესობას ჩაგრავო, არა და მალე ქართველები იქნებიან ეროვნულ უმცირესობაში, მე ვცხოვრობ სოფელში სადაც 90 პროცენტი ოსები სომხები და იაღოველები არიან პირდაპირ ეზოში მივარდებიან წადი ამ სოფლიდანო, ჩემი შვილი ჯერ მიშას დროს ჩასვეს, ეხლა გამოვიდა თუ არა ისევ ჩხუბი მოუწყვეს და ჩასვეს, საჩივლელად ჯგუფებად დადიან, მე კი არავინ დამიდგა გვერდით, სასმართლო კი ყოველთვის უმრავლესობის ინტერესებს იცავს, არ დაიჯერებთ და ექვსი სათვალთვალო კამერით აკონტროლებენ ჩემს სახლ კარს, ამ დროში, უკანანოდ, იტყვით იჩივლეო, სად მაქვს ადვოკატების თანხები, საინტერესო ის არის რომ ვინც მხედრიონობის დროს და ეროვნული მოძრაობის დროს შევიფარე და შევინახე ზუსტად ისისნი მამწარებენ, ვიღაცა არ დაიჯერებს ამიტომ ჩემს ტელეფონს ჩავწერ, დასამალი და დასაკარგი მე მაინც აღარაფერი მაქვს. 599 105810
mar
26 იანვარი 2015 13:16
ხედავთ რამხელა განსხვავება სომხებსა და ქართვლებს შორიის? ხო შესამჩნევია? ჩვენთან უფრო მეტი დაიხოცა უსამურთლოდ მაგრამ საპროტესო აქცია ქართველებს არ გაუკეთებიათ იქკი ერტი ოჯახის ტრაგედიაზე ლამის მთელი სომეხი გამოვიდა გარეთ ამის შემდეგ ჩვენ კიდე გვაქ სომზხებზე ცუდის თქმის უფლებაა?

რედაქტორის რჩევით