"რუსეთთან დაკავშირებით დღეს ისტერია თუ არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი" - კვირის პალიტრა

"რუსეთთან დაკავშირებით დღეს ისტერია თუ არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი"

"რუსეთი, წესით, არ უნდა გაღიზიანდეს საქართველოს ინიციატივით ნატოსთვის ალტერნატიული სამხედრო დერეფნის შექმნის პერსპექტივის გამო"

ხშირად ამბობენ, რომ ნაციონალურ მაუწყებელთა საინფორმაციო სამსახურები ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ასეთ შემთხვევაში, "კურიერისა" თუ "ქრონიკის" საშუალებით კაცმა ათასი საინტერესო დასკვნა შეიძლება გამოიტანოს. მაგალითად, აქამდე ვისმენდით, რომ რუსეთის ეკონომიკა დაიქცა, დაინგრა და გაპარტახდა, ანუ, ჩამოიშალა. რა დაინგრა და გაპარტახდა, ერთი საკითხია, მაგრამ მეორეა, რომ ამით ცხადი ხდება ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება და სურვილები რუსეთისადმი. მაგრამ ამაში სიახლეც არაფერია.

სიახლე ჩემთვის ორიოდე დღის წინ, ანალოგიურ სტილში მომზადებული სიუჟეტი იყო, ამჯერად აშშ-ის ეკონომიკის შესახებ, სადაც ავტორი რესპუბლიკელებისთვის მოსაწონი ჯიბრით გვიყვებოდა დემოკრატი ობამას მიერ შეუსრულებელ დაპირებებზე, მილიონობით უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე, დახურულ კომპანიებზე, შეწყვეტილ ბიზნესზე... მოკლედ, შვებით ამოვისუნთქე - რა კარგია, ამერიკის მოქალაქე რომ არა ვარ-მეთქი.

ქვეყნის საგარეო ორიენტაცია ბოლო დროს ერთობ აქტუალური გახდა. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა განაცხადა, რაკიღა ნატოს კარს ამდენი ხანი არ გვიღებენ, აგერ, რუსეთის კარი ხომ არის ღიაო. ხელისუფლება კი არ დაბნეულა, ჯერ შულავერის კომიტეტსა და ყორღანაშვილებზე ილაპარაკა, შემდეგ ისიც დასძინა, რომ ქართველმა ერმა თავისი არჩევანი უკვე დიდი ხანია დასავლეთის, ნატოსა და აშშ-ის სასარგებლოდ გააკეთაო. ახლა, როგორც ირკვევა, პრობლემები ამერიკასაც გააჩნია. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ხალხის არჩევანი ეს იგივეა, რაც ხელისუფლებისა და ნაციონალების არჩევანი. ჰოდა, რაკი ასეა, გამოდის, ქართველი ერი კონკრეტულად რესპუბლიკელ ამერიკელებთან მეგობრობაზე აცხადებს სურვილსა და მზაობას... მიუხედავად ამისა, ჰილარი კლინტონის განცხადება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ქართული პიარმანქანისთვის ძალზე მისაღები და მოსაწონი აღმოჩნდა. ამასობაში  რუსები  უფრო აქტიურად ცდილობენ ქართულ პოლიტიკასა და ყოველდღიურობაში მონაწილეობას. რამდენად მასშტაბურად გამოსდით ეს, სხვა საკითხია... დაწვრილებით, რუსეთ-საქართველოს  ურთიერთობების შესახებ პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს ვესაუბრებით:

- ჟენევაში სიტყვით გამოსულმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ქართულ ოპოზიციასთან სასაუბროდ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც დასძინა, რომ ეს ოპოზიციის სურვილია... საქართველოში ამ განცხადებას სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა - ხელისუფლება კვლავ შულავერის კომიტეტზე ალაპარაკდა, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ამ შეხვედრაზე უარი განაცხადა, რამდენიმე წარმომადგენელმა კი საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის გადახედვაზე მზაობა გამოთქვა... რეალურად თუ შეიძლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ასეთმა შეხვედრებმა რაიმე სასიკეთო ცვლილება შეიტანოს, თუ რუსეთს სურს, ასეთი შეხვედრებით ქართულ პოლიტიკაზე გავლენა მოიპოვოს?

- რა თქმა უნდა, არც მთლად უამისობაა. საერთოდ, ნებისმიერ ორ მხარეს შორის შეთანხმება, ეს მეტნაკლებობით ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებას და დაკმაყოფილებას გულისხმობს. ამიტომ აქ რუსეთის ინტერესიც არის, რომ ერთი მხრივ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხელი შეუწყოს იმ ძალების გამოკვეთას, რომელიც რუსეთთან დიალოგს ეძებს და ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს; მეორე მხრივ კი ეს არის მცდელობა იმისა, საერთაშორისო აუდიტორიის დასანახად ითქვას, რომ რუსეთი მზად არის საქართველოს საზოგადოების ნებისმიერ სპექტრთან სასაუბროდ - მათ შორის, პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ შემოქმედებით ინტელიგენციასთან.

ამით კრემლს სურს შეარბილოს დისკომფორტი, რომელსაც საქართველოსთან გაბუტვის პოზიციაში ყოფნის გამო მსოფლიოში განიცდის. მით უმეტეს, რომ რუსეთს ბრალდება ცნობილი 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობა და   საქართველოს ცალკეული ტერიტორიის ოკუპაცია. აქედან გამომდინარე, რუსეთი, რა თქმა უნდა, მოძებნის და გამოიყენებს საქართველოსთან დიალოგის ყველანაირ შესაძლებლობას. მაგრამ პრინციპულობიდან გამომდინარე, ამას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლებასთან.  რაც შეეხება ქართული ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მზადყოფნას აცხადებს რუსეთთან სალაპარაკოდ, ეს თვით ოპოზიციონერთა გადასაწყვეტია, ისინი თავისი შეხედულებისამებრ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ამაში რაიმე  მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. ეს თითოეული პარტიის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, ვერავის ვერაფერს  დაუშლი და ყველას უფლება აქვს, ისე იმოქმედოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

- საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთი კულტურული თვალსაზრისითაც გააქტიურდა. გასულ კვირაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის და როგორც თავად აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტობის მსურველისა თუ კანდიდატის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ გამოცხადებულმა კონკურსმა. აღმაშენებლის სახელობის საკმაოდ სოლიდური პრემია რამდენიმე ქართველ ავტორს გადაეცა...

- ცხადია, რომ აქაც შეიძლება, რუსეთის ზემოთ ნახსენები სურვილისა თუ მიდგომის კონკრეტულ გამოხატულებასთან გვქონდეს საქმე. ამ პრემიის საშუალებით ჩანს, რუსეთს ქართული ინტელიგენციის ერთ ნაწილთან კონტაქტების დამყარება სურს. შესაძლოა, ეს მართლაც ასეა. მაგრამ თავისთავად, რამდენად სწორია ან დასაგმობი იმ შემოქმედებითი ინტელიგენციის საქციელი, ვინც ებრალიძის კონკურსში განაცხადი შეიტანა. ამაზე მსჯელობისას გონიერების ფარგლებს არ უნდა გავცდეთ. ისევ და ისევ უნდა ვთქვათ, რომ კრიმინალი ამაში არ არის. თვით ებრალიძესაც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საზიანო და დამღუპველი დადასტურებით ჯერ არაფერი ჩაუდენია. უბრალოდ, ქართული პროპაგანდის მიერ ამ პერსონის დემონსტრირება ხდება და ავტომატურად დაგმობილია ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. დღეს მხოლოდ ვარაუდები გამოითქმის, რომ ამ კაცს საქართველოსთვის "რაღაც ცუდი" აქვს ჩაფიქრებული.

მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, თუნდაც ამ პრემიაში, რომელსაც მისივე თქმით, პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს, საძრახისს ვერ ვხედავ. ისევე, როგორც ვერ ვხედავ საძრახისს ვინმეს სურვილში, მონაწილეობა მიეღო ამ კონკურსში. მათი უფლებაა, ასეთი სურვილი ჰქონდეთ. ისევე, როგორც დანარჩენებს აქვთ უფლება, ასეთ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღონ. ისე, იმის ფონზე, თუ რა მდგომარეობაშია ზოგადად ჩვენი ხელოვნება და მათ შორის მწერლობაც, ასეთი პრემიებით სტიმულირება ურიგო არ უნდა იყოს. ცხადია, თუ ყველაფერი დამსახურებულად და სწორად კეთდება.

- ზოგადად, ბოლო დროს ერთგვარი ისტერია შეინიშნება რუსეთთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, ფაქტია, რომ მოსკოვი საგრძნობლად გააქტიურდა და ხელისუფლების გარდა, ურთიერთობას ყველა ძალასა და სპექტრთან ცდილობს; მეორე მხრივ კი ნაციონალური ტელევიზიები რუსეთში ჩასვლასაც კი უკვე სამშობლოს ღალატად თვლიან...

- აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველო ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ მთავარი პრობლემა იმაDშია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ამ მდგომარეობასთან შეგუების და არც ამ მდგომარეობიდან გამოსვლის სტრატეგია არ გააჩნია. ერთი მხრივ, კეთდება განცხადებები, რომ ჩვენ მივესალმებით ყველანაირ და მათ შორის, რუსულ ინვესტიციებსაც. და სხვათა შორის, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსული ინვესტიციების შემოსვლა არ შემწყდარა. სულ ახლახან საქართველოს პრეზიდენტმა ისიც განაცხდა, რომ მზად არის რუსეთთან დიალოგის დასაწყებად.

მართალია, იქ გარკვეული პირობები დასახელდა, როგორიცაა დეოკუპაციის საკითხის დღის წესრიგში შეტანა, მაგრამ დეოკუპაცია, თუნდაც როგორც შედეგი, რომ დადგეს, მანამდე ხომ უნდა დაიწყო დიალოგი ოკუპანტთან. ან გავიხსენოთ ზემო ლარსის საგუშაგოს გახსნაზე თანხმობა. თუ რუსეთთან არაფერზე დიალოგი არ გვინდა, როგორ შეიძლება ამავდროულად ოკუპანტთან გახსნილი საზღვრები და თავისუფალი მიმოსვლა გვქონდეს? და თუ ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის, მაშინ  სხვა რატომ უნდა იყოს მოკლებული დიალოგის უფლებას? იქნება ეს ხელოვნების მუშაკი, სპორტსმენი, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი? ვფიქრობ, ასეთ წინააღმდეგობრივ სიტუაციებს სწორედ სტრატეგიისა და ხედვის არარსებობა იწვევს. არადა, არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობის ფაქტორიც, რომლის გამოც, ოკუპანტ ქვეყანასთანაც შეიძლება და საჭიროც არის დიალოგი. აზერბაიჯანი და სომხეთი ხომ საუბრობენ  ერთმანეთთან? - ასე იყო უფროსი ალიევის დროს და ასეა უმცროსი ალიევის დროსაც.

როცა საქმეს სჭირდება, დიალოგი უნდა არსებობდეს. სხვაგვარად, უკეთეს შემთხვევაში სიტუაციის გაურკვეველი ვადით გაყინვა მოხდება, უარეს შემთხვევაში კი,  გაუარესება, რამაც ისევ ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ალბათ უმჯობესი ისევ დიალოგია, რადგან მისი მეშვეობით შესაძლოა მოისინჯოს ყველა შესაძლებლობა, რამაც ურთიერთობებში პოზიტივთანაც შეიძლება მიგვიყვანოს. მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთთან დაკავშირებით დღეს ისტერია თუ არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი და ამაში განსაკუთრებით ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურობენ.

- საინფორმაციო სააგენტოებმა "ასოშიაიტედ პრესისთვის" მიცემული პრეზიდენტის ინტერვიუ გაავრცელეს, სადაც სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, დასავლეთის ძალებს ავღანეთის ოპერაციებისთვის ქართული პორტები და აეროდრომები დაუთმოს. რამდენად რეალურია ეს პერსპექტივა, ან რა დადებითი და უარყოფითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს მის განხორციელებას?

- ისევ და ისევ დღევანდელ რთულ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრაქტიკულად უალტერნატივოდ ითვლება დასავლეთთან ნებისმიერი ინტენსივობის ან ნებისმიერ საკითხზე განუსაზღვრელი მასშტაბის თანამშრომლობა. ანუ, იმისათვის, რომ დასავლეთმა რაც შეიძლება მეტი რესურსი გაიღოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ოფიციალური თბილისი მზად არის ნებისმიერი შეთავაზება გაუკეთოს დასავლეთს და საქართველო ასეთ ნაბიჯებს პერმანენტულად დგამს. ცოტა ხნის წინ ასეთი გადაწყვეტილება ავღანეთში ქართული შენაერთების რიცხოვნობის გაზრდა იყო. თუ არ ვცდები, მალე ავღანეთში ქართველ სამხედროთა რაოდენობა ცხრაას კაცამდე გაიზრდება.

ამ დღეებში გაკეთდა განცხადება, რომ ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის წარმატებით განვითარებისთვის საქართველო მზად არის, დასავლეთს პორტები და აეროდრომები დაუთმოს. ამით, საქართველო ნატოს და აშშ-ს თავის დერეფანს სამხედრო ტვირთების გადასაზიდად სთავაზობს. აქამდე საქართველოს გავლით ავღანეთის მიმართულებით მხოლოდ არასაბრძლო დანიშნულების ტვირთებზე იყო ლაპარაკი. სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება არახალია, პირველად ეს იდეა მან ერთი წლის წინ გააჟღერა.

ამით საქართველო გამოირჩა დსთ-ის სივრცის ქვეყნებისგან. თუნდაც მხოლოდ ამ თვალსაზრისით უკვე შეიძლება გავამართლოთ პრეზიდენტის წინადადება. მან კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს ერთგულების დადასტურება დასავლეთისადმი და გამოთქვა მზაობა კიდევ უფრო მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობებისთვის. მეორე პლუსი ამ შეთავაზებისა შეიძლება იყოს ვარაუდი, რომ ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ნატოს წევრ მერყევ ქვეყნებში ერთგვარი ფსიქოლოგიური მზაობის ჩამოყალიბებას, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი. თუმცა, ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას ისიც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ეს არცთუ ახლო  პერსპექტივაა, მიუხედავად ამისა, ამ საკითხის მომწიფების დაჩქარებას ცდილობს. მესამე პლუსი ის არის, რომ ამ მარშრუტის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს პორტები და რკინიგზა მნიშვნელოვან სატრანზიტო შემოსავლებს მიიღებს.

რაც შეეხება მინუსებს: ერთი მინუსი ის არის, რომ ეს ამბავი არ მოეწონება რუსეთს, რადგან ამაში მოსკოვი საბაბს დაინახავს, რათა ამერიკამ და ნატომ საქართველოში დიდი ხნით ფეხი მოიკიდონ. არანაკლებ საშიშროებას ვხედავ იმ თვალსაზისით, რომ ამ შეთავაზების განხორციელების შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა საერთაშოროსო ტერორიზმის სამიზნედ იქცეს. ეს მავანს ვირტუალურ საფრთხედ შეიძლება მიაჩნდეს, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რომ თუნდაც სრულიად უმნიშვნელო ალბათობისაც რომ იყოს ეს საფრთხე, საქართველო მზად არის მის თავიდან ასაცილებლად. ასეა თუ ისე, საქართველოს პრეზიდენტის ეს განახლებული წინადადება არ არის ორდინარული.

ახლა, რაც შეეხება ამ შეთავაზების რეალურობას და მისი განხორციელების პერსპექტივებს. როდესაც ასეთ წინადადებას აყენებ, მხოლოდ შენი მზაობა და თანხმობა საკმარისი არ არის, აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიც იყვნენ თანახმა. იქნება ეს აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი თუ ყაზახეთი. ანუ ლაპარაკია იმ ქვეყნებზე, რომლებზეც საქართველოზე გავლის შემდეგ ალიანსის ტრანსპორტმა გზა უნდა გააგრძელოს.

ამ ქვეყნების მხრიდან მე ჯერჯერობით არ მსმენია ასეთი მზაობის შესახებ. არადა, სანამ უკლებლივ ყველა მათგანის თანხმობა არ იქნება, ამ წინადადების რეალურობაზე ნაადრევია ლაპარაკი. გარდა ამისა, საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ჩამოყალიბებული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით პენტაგონის მაღალჩინოსნებსაც არა აქვთ - რამდენად რენტაბელური ან პროდუქტიული იქნება ეს მარშრუტი სხვებთან შედარებით. პირველ რიგში, ლაპარაკია პაკისტანის მიმართულებაზე. საინტერესოა, რომ ბოლო დროს ნატო ამ საკითხზე მოლაპარაკებას რუსეთთანაც აწარმოებს. თუ არ ვცდები, ნატო-რუსეთის საბჭოს ბოლო სხდომაზე ამ საკითხს სერიოზულად იხილავდნენ.

ჩანს, რუსეთში საბოლოოდ გააცნობიერეს საკუთარი ინტერესებისთვის ავღანეთში ნატოს წარმატების მნიშვნელობა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთი ამ ყველაფერს კვლავ ვაჭრობისთვის იყენებს - პერმანენტულად აცხადებს, რომ ნატომ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები. აქ ასევე ლაპარაკია რუსული კომპანიების მიერ ავღანეთში ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტების დასავლეთის მხრიდან დაფინანსებაზე და სხვ. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ამაზე დიალოგი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი დაინტერესებულია, ნატომ ავღანეთში წარმატებას მიაღწიოს. და თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ რუსეთი, წესით, არ უნდა გაღიზიანდეს საქართველოს ინიციატივით ნატოსთვის ალტერნატიული სამხედრო დერეფნის შექმნის პერსპექტივის გამო.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი