"მესამე მსოფლიო ომამდე ორი ნაბიჯი რჩება"
26-01-2015
"მესამე მსოფლიო ომამდე  ორი ნაბიჯი რჩება"
"საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რათა ლარი კი არა, ქვეყანა გადავარჩინოთ სამოქალაქო დაპირისპირებას"

"მხოლოდ ჭიკაიძის წასვლა ვერაფერს შეცვლის. თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროშია დროულად გასატარებელი რეფორმები"


ქართველი საზოგადოება შეძრა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ასეთი სისასტიკითა და ცინიზმით ჩადენილმა დანაშაულმა გულგრილი არავინ დატოვა, საზოგადოების აღშფოთება სრულიად ბუნებრივი და სამართლიანია. ისმის კითხვები: როგორ და რატომ მოხდა, რომ ორი წლის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ ვერა და ვერ მოახერხა
ე.წ. გახმაურებული საქმეების გამოძიება, რატომ ვერ შეძლო ბრალდების დასაბუთება და დამნაშავეების დასჯა?! ""კვირის პალიტრის"" წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც იური ვაზაგაშვილისთვის, სამწუხაროდ, უკანასკნელი გამოდგა, ის ამბობდა: "პროკურატურაც და შსს-ც გაძეძგილია ძველი კადრებით. ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო (ახლახან გაათავისუფლეს), მირზოევი კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროს ნაკანს და სხვებს 3.000 ლარი აქვთ მიღებული. ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ "გადაგვაგდო". ჭიკაიძეც, მერაბიშვილის მსგავსად, თავის კლანს მფარველობს და აწინაურებს". მომხდარის შემდეგ ალექსანდრე ჭიკაიძემ განცხადება დაწერა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, მას მიჰყვა იური ვაზაგაშვილის მიერ ნახსენები ოთარ მირზოევი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ცვლილებები არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც მთავრობაში ბოლო არ იქნება. გვესაუბრება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეაფასა მომხდარი ტერაქტად:


- საზარელი დანაშაული მოხდა. გარდა იმისა, რომ თვითონ მკვლელობის ფორმა - აფეთქება - ტერაქტების დროს ყველაზე ხშირად გამოიყენება, არსებობს მოსაზრება, რომ
დანაშაული შეიძლება უფრო დიდ მსხვერპლზე იყო გათვლილი. საქმე ისაა, რომ მოდიოდა ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღე, როდესაც მთელი ოჯახი გავიდოდა საფლავზე.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მომხდარიყო, თუ მაშინ ამოქმედდებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. არ არის გამორიცხული, მკვლელს თუ მკვლელთა ჯგუფს ვაზაგაშვილების მთელი ოჯახის აფეთქებაც ჰქონოდა განზრახული. ლოგიკურად ვიმსჯელოთ: თუ ვინმეს იური ვაზაგაშვილის მოშორება უნდოდა, ამგვარი ფორმით ამის გაკეთება სულაც არ იყო საჭირო, - ბატონ იურის დაცვა არ ჰყავდა. ტერაქტი, როგორც წესი, ხორციელდება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მოსაშორებლად, არამედ მას აქვს ქვეტექსტი–- საზოგადოების დაშინება. იმდენად შემზარავია ყველაფერი, ისეთი ფორმით განხორციელდა, რომ ეს თავიდანვე გათვლილი იყო საზოგადოების დაშინებასა და აღშფოთებაზე. არ შეიძლება ნორმალური ადამიანი იყო და ამ ფაქტმა წყობიდან არ გამოგიყვანოს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მომხდარს ტერაქტად მივიჩნევ. ვინ დგას ამის უკან, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ფაქტი ერთია, ამის ჩამდენს შორს მიმავალი შავბნელი გეგმები ჰქონდა. სწორედ ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი, გამოძიება ისე წარიმართოს და ისეთი შედეგი დაიდოს, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

- ყველასთვის ცხადი იყო, რომ მომხდარი აუცილებლად აისახებოდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ასეც მოხდა. თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, რომელიც იური ვაზაგაშვილის მტკიცებით, მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა. როგორც ამბობენ, ცვლილებები კიდევ გაგრძელდება...
- ამ საქმეს ნამდვილად აქვს პოლიტიკური სარჩული. ეს არ არის უბრალო მკვლელობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ჭიკაიძის გადადგომა ხელისუფლების მისამართით გაჩენილი საზოგადოების აღშფოთების განელებას ემსახურება. თუმცა, მიმაჩნია, რომ
როგორც ზურაბ ვაზაგაშვილის, ასევე იური ვაზაგაშვილის საქმეების გამოძიების პირუთვნელობისთვის, აუცილებელია, ყველა ის ადამიანი ჩამოაშორონ საგამოძიებო ორგანოებს, რომელთა შესახებ ბატონი იური წლების განმავლობაში ლაპარაკობდა, მანამდე მაინც, ვიდრე გამოძიება დასრულდება. უცნაურია, ან აქამდე რატომ არ გაუშვეს სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ის ხალხი, ვინც თავის დროზე რაიმე ფორმით უკავშირდებოდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციას. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ჭიკაიძის წასვლა ვერაფერს შეცვლის. თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროშია დროულად გასატარებელი რეფორმები. ეს არ შეეხება მხოლოდ კადრებს, ეს შეეხება თვისებრივად სხვა სისტემის ჩამოყალიბებას. ახლა საზოგადოებაში აღშფოთების ხანძარია, ამიტომაც, პირველ ეტაპზე სწორია საკადრო ცვლილებები, თუმცა თუ გვინდა, ქვეყანაში იყოს წესრიგი, ხელისუფლებამ მექანიკურ კი არა, თვისებრივ ცვლილებებზე უნდა იფიქროს.

- აქვს კი ამ ხელისუფლებას ამგვარი თვისებრივი ცვლილებებისა და რეფორმის გატარების რესურსი?
- სისტემის შესაცვლელად ამ ორი წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა. მიმაჩნია, რომ "ქართულმა ოცნებამ" დიდი დრო დაკარგა.  ჩვენ ვცხოვრობთ იმავე სისტემაში, რომელიც  მიხეილ სააკაშვილმა დატოვა და თან ეს სისტემა უპირველესად ხელისუფლებას აზარალებს. ამიტომ პირველ რიგში სწორედ სისტემის რეფორმირება უნდა განხორციელებულიყო, რაც დღემდე არ მოხდა. ახლა აქვს თუ არა ხელისუფლებას კიდევ ამის რესურსი, არ ვიცი. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის უკვე ნდობის დიდი დეფიციტია.
ხელისუფლება ცდება თუ მთავარ ოპონენტად ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს, დღეს მას "ნაციონალური მოძრაობა" კი არა,  ხალხი უპირისპირდება. ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს, რაც ყველაზე ცუდია. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა ნელ-ნელა კლებულობს, რეფორმების განხორციელების ნება თუ არსებობს ხელისუფლებაში, მან პირველი ნაბიჯი უნდა  გადადგას და დანიშნოს ვადამდე საპარლამენტო არჩევნები. შესაძლოა, ის უკმაყოფილება, რაც საზოგადოებაშია, ამ თანამდებობის პირთა გადაყენებით ცოტა შენელდეს. თუ საქმე გაიხსნა, მით უფრო, მაგრამ სხვაც არაერთი პრობლემა დგას ქვეყნის წინაშე - ეკონომიკური, სოციალური, საგარეო თუ საშინაო... ამ ყველაფრის მოსაგვარებლად აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ხელახლა მოპოვება, რაც ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებსა და იქ გამარჯვებას. ჩემი აზრით, ვადამდე საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებისთვის ერთადერთი გამოსავალია.

- მომხდარში რუსული კვალის შესახებ ეჭვი პირველად დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა გამოთქვა. ამასთანავე, საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუკის" გვერდზე შემდეგი დაწერა: "ვიღაცას ესმის, რომ სუსტი და უსუსური მთავრობა ამ ვნებათაღელვას ალბათ ვერ გაუმკლავდება. ვიღაცა გეგმავს, ამ შემზარავი ფაქტით ისევ ჩაგვითრიოს იქ, საიდანაც ჯერაც ვერ გამოვსულვართ - ურთიერთეჭვების, სიძულვილის, დაქსაქსვის, არეულობის, ქვეყნის დაშლის ჯადოსნური, თუ უფრო სწორად, ეშმაკურად ჩაკეტილი წრიდან".

- ის, რომ ამ შემზარავი დანაშაულის კვალი შეიძლება რუსეთისკენ მიდიოდეს, არ არის ჰაერზე ნათქვამი, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ დავაკვირდებით, როგორ არის დანაშაული დაგეგმილი, როგორია გათვლა, ბუნებრივად გვახსენდება, რომ ასეთი აქტის დაგეგმვა, განხორციელება და შესაძლო შედეგების გათვლა, როგორც წესი, სპეცსამსახურებში ხდება. აქედან გამომდინარე, ამ ვერსიას ვერაფრით გამოვრიცხავთ. გარდა ამისა, ცხადია, რომ ხელისუფლების რეიტინგი ეცემა. სწორია ქალბატონი სალომე, როდესაც ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობა უსუსურია, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ იგრძნობა მთავრობის ყოფნა. ხელისუფლებაში თითქოს ვაკუუმია, ამიტომაც მხოლოდ კონკრეტული ადამიანების შეცვლამ, რაც უნდა მაღალი თანამდებობის პირებზე იყოს ლაპარაკი, არა მგონია, საქმეს უშველოს. 

- ბევრი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ დანაშაულთა შორისაა, რომლის გამოძიებაც სათუოა...

- ვინც ამას ამბობს, სამწუხაროდ, არგუმენტებიც აქვს. არც ერთი გახმაურებული საქმის გამოძიება ბოლომდე არ არის მიყვანილი. ახალმა ხელისუფლებამ ამ ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე, რომელზეც თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, ვერა და ვერ მოახერხა სიმართლის დადგენა. ამიტომ, ბუნებრივია, არის ეჭვი, რომ ვერც ამ საქმეს გამოიძიებენ. თუ საზოგადოებას ეს განწყობა შერჩა, ხელისუფლება პოლიტიკურად საბოლოოდ გაკოტრდება. არ არის გამორიცხული, პროცესები სრულიად უმართავი გახდეს.

- ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება, რაც საზოგადოებაში უკმაყოფილებას კიდევ უფრო ზრდის. მართალია, ხელისუფლება ამას საგარეო ფაქტორებით ხსნის, მაგრამ რიგითი მოქალაქისთვის ეს ვერაფერი ნუგეშია...
- გამიჭირდება ამ საკითხზე ლაპარაკი, რადგან არ გახლავართ კომპეტენტური, თუმცა ერთს ვიტყვი, ჩვენ ხომ აქეთკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. როდესაც არ ხდება პრობლემების რანჟირება, მათი მოგვარებისას პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო გეგმის შემუშავება, საბოლოოდ ასეთ შედეგს ვიღებთ. სულ ლაპარაკობდნენ ოპონენტები, რომ ეკონომიკური პროგრამები არ იყო ადეკვატური და არ ასახავდა რეალობას, თუმცა ხელისუფლებაში ეს არ შეისმინეს. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ ყველაფერი საერთაშორისო პროცესების ბრალია, რომ დოლარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყარდება და სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდება, ეს ვერაფერი საშველია, რადგან სხვაა, მაგალითად, გერმანიის მოქალაქის მდგომარეობა და სხვა - ჩვენი მოქალაქის. მოკლედ, ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ზოზინით კეთდებოდა საქმე და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რათა ლარი კი არა, ქვეყანა გადავარჩინოთ სამოქალაქო დაპირისპირებას. კრიზისი ცხადია, საჭიროა მისი განმუხტვა რაც შეიძლება სწრაფად. რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, რომ ლარის შემთხვევაში საგარეო ფაქტორები მუშაობს, დიდად სარწმუნო არ ჩანს იმ ფონზე, როცა მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასი ლამის განახევრდა, ჩვენთან კი თითქმის არაფერი მოჰკლებია. ბუნებრივია, მოსახლეობაში ჩნდება კითხვა, ამაზე რატომ არ მოქმედებს საგარეო ფაქტორები?!

- ბოლო ხანს გამოითქმის ვარაუდები, რომ ახალმა ხელისუფლებამ მაინცდამაინც ვერ დაალაგა დასავლეთთან ურთიერთობა, ვერ დაარწმუნა დასავლელი პარტნიორები ყოფილი ხელისუფლების დამნაშავეობაში, რისი ერთ-ერთი მაგალითი ისიცაა, რომ ძველი ხელისუფლების ყოფილი ჩინოსნები უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება, მართალია, უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს, მაგრამ მნიშვნელოვან სტრუქტურებს აძლევს რჩევებს...
- ჩვენს ხელისუფლებას ეგონა, რომ სამართლიანობის აღდგენა და ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ბრალეულობის დამტკიცება უფრო ადვილი იქნებოდა, რაც ასე არ აღმოჩნდა. ვერ გათვალეს ბევრი რამ, რადგან ვერ მოხერხდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალეულობის სათანადოდ დამტკიცება. ალბათ, დროა, ამაზე ლაპარაკს თავი დაანებონ. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ჩვენი ხელისუფლებაც მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ქვეყნის დასავლური კურსი შეუქცევადია, აშკარად ჩანს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ვერ ხელისუფლობს, რასაც დასავლეთშიც კარგად ხედავენ და ბუნებრივია, გარკვეული ეჭვებიც უჩნდებათ. უკრაინაში დასაქმებაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, როდესაც თანამდებობებზე ნიშნავენ იმ პირებს, ვინც სისხლის სამართლის დამნაშავედ არ არის გამოცხადებული. ეს ხალხი რისი გამკეთებელია, სხვა საქმეა, მაგრამ ამაზე იდარდოს უკრაინამ. რაც შეეხება ძებნილ ადეიშვილს, ის ოფიციალურად არსად დაუნიშნავთ... შესაძლოა, ეს პროცესი ვიღაცამ გამოიყენოს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ასარევად, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ვურჩევ, ნუ მიანიჭებს ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას. ჩვენ გაცილებით უარესი პრობლემები გვაქვს მისახედი. რაც შეეხება დესტაბილიზაციას და ამაში "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესს, მიმაჩნია, რომ
ასეთ ვითარებაშიც კი, "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის სათავეში დაბრუნების შანსი არ აქვს. ვფიქრობ, ასეთ პირობებში უფრო მეტია საფრთხე, რომ საზოგადოების აგრესია მიიმართოს სწორედ "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი აქტივისტებისკენ.

ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პროცესებს ვერ გააკონტროლებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჯერაც ელოდება სამართლებრივი გზით სამართლიანობის აღდგენას. ხალხი თუ ქუჩაში გამოვიდა, ამ პროტესტით "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იხეირებს, რადგან ეს მისადმი მიმართული პროტესტიც იქნება.

- ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება უკრაინაში. დასავლეთის რუსეთზე გაძლიერებულ ზეწოლას, აშკარაა, რომ კრემლი უფრო მეტი სამხედრო აგრესიით პასუხობს. როგორ შეიძლება განვითარდეს ამ კონფლიქტში მოვლენები?

- ბოლო დღეებში ისე გამწვავდა ვითარება, ამას მხოლოდ კონფლიქტს ვერ დავარქმევთ, იქ, ფაქტობრივად, ომი მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტთან მიმდინარე შეტაკებებისას 300 კაცამდე დაიღუპა. ვითარების პროგნოზირება ძალზე რთულია. მიდის ძალების ბოლომდე მოსინჯვა როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან. იმედი მაქვს, ეს დაპირისპირება ლოკალურ ფარგლებში–მაინც უკრაინასა და რუსეთს შორის დარჩება და არ გადაიზრდება რუსეთსა და ნატოს შორის საომარ წინააღმდეგობაში. ბოლო ინფორმაციით,
ნატოს სამხედრო ძალები თანდათანობით აღმოსავლეთისკენ ინაცვლებენ და მათი თავმოყრა ხდება ბელორუსიის საზღვართან, ანუ მიდის არა მხოლოდ საომარი დაპირისპირება, არამედ, ფსიქოლოგიური ომიც.
ვფიქრობ, დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთს შორის მოიმატებს, მიაღწევს მაქსიმუმს და რაღაც დონეზე გაჩერდება. არ ვამბობ, რომ კონფლიქტი უცებ დასრულდება, სავარაუდოდ, გაგრძელდება დასავლეთის სანქციები, რაც დროსთან ერთად უფრო მეტად ჩამოშლის რუსეთის ეკონომიკას. არის კიდევ ერთი ვარაუდი, რომ რუსეთმა დაიწყოს სრულმასშტაბიანი შეტევა უკრაინაზე, მაშინ რა მოხდება, ძნელი სათქმელია, ალბათ, დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, რომლამდეც ორი ნაბიჯი რჩება. თუ მოინდომა რუსეთმა, სავარაუდოდ, შეძლებს უკრაინის დაპყრობას, მაგრამ უკრაინით აღარ დაკმაყოფილდება. ეს პროცესი კი მსოფლიოს გაცილებით რთულ ვითარებაში შეიყვანს.

ნათია დოლიძე
kadrebi kadrebi
14 თებერვალი 2015 21:39
კადრები წყვეტენ ყველაფერს.სასწრაფოდ გაიწმინდოს შსს კადრების დეპარტამენტი.ერთი დამლაგებელიც არ უნდა დარჩეს ძველი ყველა კადრმა კვალიფიციური ფსიქოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს სანამ დაინიშნება
archil
08 თებერვალი 2015 14:08
ევროპას და აშშ თავის ინერესები ამოძრავებთ უკრაინაში და ხალხი მათ არ აინტერესებს.გავანძრიოთ პატარა თავი და თუ არაფერი ყრია შიგ ერეკლე მეფეს მაინც მიბაძეთ თორემ ცოტა ხანში მე მგონი ქართველი ხალხი კი არ და საქარტველო აღარ იქნება რუკაზე.
shoda
06 თებერვალი 2015 15:20
გლახუნას აზრით საინტერესოა, ვინაა მტერი?
ეჰ შვილო თქვენი მრიდან ან პროვოკაციასთან გვაქ საქმე ანდა არაფერიც არ იცი! ნუ უსმენ ამ დეგენერატ სესიაშვილს. ვერა ხედავ რადონის მლიქვნელია!

რედაქტორის რჩევით