ვინ ატყუებდა ივანიშვილს და ვინ მოინდომა მისი და ღარიბაშვილის ურთიერთობით ცხოვრების მოწყობა?!
02-02-2015
ვინ ატყუებდა ივანიშვილს და ვინ მოინდომა მისი და ღარიბაშვილის ურთიერთობით ცხოვრების მოწყობა?!
"ვვარაუდობ, რომ პროკურატურას კვალი იური ვაზაგაშვილის საქმეში ნაპოვნი აქვს და ეჭვმიტანილთა წრეც გამოკვეთილია"

ქვეყანაში უკვე გაცვეთილ და ყბადაღებულ თემად გადაქცეული სამართლიანობის აღდგენის პროცესის გააქტიურება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც დააანონსა. ამასთან, საზოგადოებაში გახშირდა საუბარი მისი ხელისუფლებაში დაბრუნების აუცილებლობაზე. თუმცა, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამას არ აპირებს, მაგრამ დასძენს, რომ საზოგადოების ჭარბ ნდობას კვლავაც იმსახურებს. გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, საზოგადოებამ მას
თავისი იმედი და ნდობა დაუკავშირა, სამწუხაროდ, ხელისუფლების იმედი ნელ-ნელა ქარწყლდება. თუმცა, პარადოქსია, მაგრამ ამის პარალელურად ივანიშვილისადმი ნდობას საზოგადოება ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
ცხადად ჩანს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას ითხოვს.
რომ არ იყოს ნდობა, მაშინ ეს მოთხოვნაც არ იქნებოდა. საქართველოში ჯერ კიდევ სჯერათ, რომ
თუ ივანიშვილი დაბრუნდება, ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდება.

- "თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა...

- პრინციპში, ამ უბედურების დატრიალებას ბევრი არაფერი აკლია, რადგან ვერ ვხედავთ ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს. არ ჩანს, რომ ქვეყანაში პროცესები გააზრებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში სულაც არ ვგულისხმობ ლარის კურსის ვარდნას, ვგულისხმობ იმას, რომ მოქალაქეები ვერ ხედავენ სახელმწიფოს განვითარების მყარ ტენდენციას და სახელმწიფოს მშენებლობის შეუქცევად პროცესს. ვერ ხედავენ, რომ სისტემა აწყობილია. ეს ყველაფერი განაპირობებს იმ ნიჰილიზმს, რამაც ბოლო დროს საზოგადოებაში იჩინა თავი. ამ ყველაფრის მიზეზია ხელმძღვანელ პირთა არაპროფესიონალიზმი, არასწორი საკადრო პოლიტიკა და უინიციატივობა, მოშლილი პარტიული მუშაობა და სახელისუფლებო ვერტიკალის სიმყიფე... ვერ გავიგეთ, ვინ არის უფროსი და ვინ რაზეა პასუხისმგებელი.

- თუმცა, ივანიშვილი სულაც არ მიიჩნევს ასე, მისი თქმით, მთავრობა ევროპული ტიპისაა და თანაც წარმატებული.

- ევროპული ტიპის მთავრობა სულაც არ ნიშნავს მის ქმედითობას. ევროპული იდეოლოგიის მთავრობა სხვაა და საქმის მკეთებელი მთავრობა - სხვა. ივანიშვილი ამ ეტაპზე აღიარებს თუ არა ამას, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით,
დღეს დღის წესრიგში როგორც მთავრობის ცვლილება, ასევე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დგას.
ეს შეკვეთა მხოლოდ საზოგადოებისგან არ მოდის, ამას ითხოვს თვითონ ხელისუფლებაში შექმნილი ვითარება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს ხელისუფლება ცვლილებების განხორციელებას და საზოგადოების შეკვეთის შესრულებას. ივანიშვილმა თქვა, რომ მისდამი არსებული ჭარბი ნდობა უნდა გადანაწილებულიყო ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს ვერ მოხდა. ვერ მოხდა იმიტომ, რომ ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნებს დაშორდა. ისე, ცოტა უცნაურად მეჩვენება მთავრობასთან დაკავშირებული ივანიშვილის გამონათქვამები. ერთი მხრივ, აქებს მთავრობასა და მის მეთაურს, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ მთავრობის წევრებს აქვთ პირთა გარკვეული ჯგუფის არაკონსტრუქციული გავლენის ქვეშ მოქცევის პრობლემა. სწორედ ეს თქვა, როცა პრემიერ-მინისტრის ნათესავები ახსენა. ისე გამოვიდა, რომ, ერთი მხრივ, შეაქო ღარიბაშვილი, მეორე მხრივ კი, გააკრიტიკა. თუმცა, ვხვდები, ამას რატომაც ამბობს ივანიშვილი...

- რატომ?

- ივანიშვილმა ღარიბაშვილი შვილივით გაზარდა. პრემიერს ჩაბარებული ჰქონდა ამხელა ბიუჯეტი და მისთვის უკანონოდ თეთრი არ მოუკლია. ამიტომაც ივანიშვილი ღარიბაშვილს უაღრესად ენდობოდა და ვფიქრობ, ახლაც ენდობა. თუმცა, ამ ნდობას ცოტა ბზარი კი გაუჩნდა, რისი მიზეზიც ის არის, რომ გამოჩნდნენ პირები, მათ შორის ღარიბაშვილის ნათესაობიდან, ვინც ღარიბაშვილ-ივანიშვილის ურთიერთობით ცხოვრების მოწყობა მოინდომეს.
ივანიშვილი ვერ იტანს ტყუილს და ვერ იტანს, როდესაც ფულს ჰპარავენ. ღარიბაშვილს ვერ დავაბრალებთ ფულის მოპარვას, მაგრამ ტყუილი მას პირადად თუ არ უთქვამს, თქვეს მისი უახლოესი გარემოცვის წევრებმა.
ის, როგორც იქცეოდა ეს გარემოცვა, სიცრუის ფონს ქმნიდა. ივანიშვილს ატყუებდნენ სხვადასხვა დონეზე და ამ ტყუილების გამო ბევრჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩავარდა. მაგალითად, ივანიშვილისა და იური ვაზაგაშვილის ბოლო შეხვედრა ამის ნიშანდობლივი მაგალითი იყო. ცხადად გამოჩნდა, თუ როგორ ატყუებდნენ ივანიშვილს, რომელმაც დაუჯერა ვაზაგაშვილს სწორედ იმიტომ, რომ კარგად დაინახა ამ პროცესებში რა სიცრუის მსხვერპლიც იყო, ეს კარგად დაუმტკიცა მას ბატონმა იურიმ. ამიტომ შეშფოთდნენ ისინი, ვინც დანაშაულში ეჭვმიტანილები არიან და ამიტომაც დაგეგმეს ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია.

- ითქვა, რომ ამ მკვლელობაში შესაძლოა რუსული კვალიც გამოჩნდეს. თქვენ ამას გამორიცხავთ?
- უფლება არა მაქვს, რამე გამოვრიცხო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მაინც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა გააკეთეს. როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა ამ შეხვედრის დროსვე გადაამოწმა ზოგიერთი საკითხი და ვაზაგაშვილის ვერსიის სისწორე, მაგალითად, საკადრო ცვლილებების ამბავი. გაარკვია, რომ მას ატყუებდნენ და ე. წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე მაღალჩინოსნები კვლავაც თანამდებობებზე იყვნენ. შესაბამისად, მიიღო რამდენიმე რადიკალური გადაწყვეტილება, რამაც აგრძნობინა მავანთ, რომ მათ გარშემო რკალმა დავიწროება დაიწყო. მიხვდნენ, რომ ისე აღარ გაგრძელდებოდა, როგორც ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო, როდესაც "კორტების საქმის" გამოძიება მდორედ და უშედეგოდ მიდიოდა. ამის გამო მიიღეს ეს რადიკალური გადაწყვეტილება და დაგეგმეს ეს სასტიკი დანაშაული. ისმის კითხვა, თუ იური ვაზაგაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ემუქრებოდნენ, მაგრამ არავინ შეხებია, რა მოხდა ახლა? საქმე ის არის, რომ ახლა დღის წესრიგში რეალურად დადგა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნა, ივანიშვილმა შესაბამისი რჩევები მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობას და საკადრო გადაადგილებები მოითხოვა. ამ პროცესების ძრავა იყო სწორედ იური ვაზაგაშვილი, რომელიც სამართლის აღსრულებამდე არც ივანიშვილს და არც ხელისუფლებას მოსვენებას არ მისცემდა. სავარაუდოდ, მათ იფიქრეს, რომ ვაზაგაშვილის მოკვლით კიდევ ჰქონდათ შანსი ამ საკითხის აქტუალიზაციის შეჩერებისა, თუმცა, შეცდნენ. ვფიქრობ, ყოველივე ამის გათვალისწინებით ეს დაგეგმა და განახორციელა იმ პირთYა ჯგუფმა, ვინც ეჭვმიტანილია, ან ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ამის საშუალება და რესურსი ჰქონდა, რომელსაც ჰქონდა საშუალება, ერთ-ერთი ხელქვეითი, შესაბამისი გამოცდილების მქონე პირი, ე.წ. კილერი, ამ საქმისთვის გამოეყენებინა. იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაციის ოპერაცია ჩატარდა ნაჩქარევად, მაგრამ მაღალ დონეზე. შეიძლება ამაში სულ ორი კაცი მონაწილეობდა.

ეს დანაშაული მარტო აფეთქების მომენტისგან არ შედგება, იგი შედგება უსაფრთხოების ელემენტების ზედმიწევნითდაცვისგან, კვალის დაფარვისგან და ა.შ. თუმცა, ვფიქრობ, შეიძლება შემსრულებელი ვერ იპოვონ, მაგრამ შემკვეთებს აუცილებლად იპოვიან... როდესაც ვთქვი, რომ მკვლელმა უკვე დატოვა საქართველო და თურქეთში გადავიდა-მეთქი, ეს იყო ჩემი ვარაუდი, რომელიც, ერთი მხრივ, გარკვეული ინფორმაციის ანალიზს ეფუძნებოდა, მეორე მხრივ კი, ამგვარი დანაშაულების გამოცდილებას - გია ჭანტურიას მკვლელობიდან მოყოლებული, ყველა ე. წ. პატრონიან მკვლელს თურქეთის ტერიტორიაზე აპარებდნენ.

- თქვენ ამ განცხადებების შემდეგ დაგიბარეს პროკურატურაში და დაგკითხეს. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, საგამოძიებო პროცესი რამდენად შედეგიანად მიმდინარეობს და თუ ჰყავს გამოძიებას ეჭვმიტანილთა წრე?

- ჩემი დაკვირვებით, პროკურატურამ მეტად ოპერატიულად იმოქმედა. აშკარაა, რომ პროკურატურის თანამშრომლები ადგილს ნამდვილად არ ტკეპნიან და საინფორმაციო ბაზა უკვე აქვთ. ძალიან მონდომებული ჩანან და ცდილობენ, ეს საქმე რაც შეიძლება მალე დაასრულონ. სხვათა შორის, იური ვაზაგაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: - პროკურატურაში მთხოვენ, იხმაურეთ, რათა ამ საქმის გამოძიებაში პოლიტიკური ნება გამოჩნდესო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეს ნება აქამდე არ არსებობდა. ახლა ნამდვილად არის და ისიც ჩანს, რომ ვაზაგაშვილების საქმეების გამოძიებას პოლიტიკური მხარდამჭერი გამოუჩნდა. ვვარაუდობ, რომ პროკურატურას კვალი იური ვაზაგაშვილის საქმეში ნაპოვნი აქვს და ეჭვმიტანილთა წრეც გამოკვეთილია.

- ბიძინა ივანიშვილმა თებერვლიდან სამართლიანობის პროცესის აღდგენის გააქტიურება დააანონსა. რას უნდა ველოდოთ?
- ჩვენი ხელისუფლება თანამიმდევრული თუ იქნება, მაშინ შეიძლება ბევრ რამეს ეშველოს. უპირველესი სწორედ სამართლიანობის აღდგენაა, რასაც მოსდევს სოციალურ-ეკონომიკური პროექტების რეალიზაციის დაწყება. აქ ლაპარაკი იმ ერთ მილიარდად ღირებული ქონების დარიგებაზე არ უნდა იყოს, რომელიც ივანიშვილმა გაახმაურა. ლაპარაკია იმაზე, რომ დაიწყო პროცესი, რომელიც სახელმწიფოს არ მიაყენებს ფინანსურ დარტყმას, მაგრამ მოქალაქეებს დააკმაყოფილებს. მაგალითად ავიღოთ ის, რომ ჩვენში არაერთი მოქალაქეა, ვისაც წინა ხელისუფლების მმართველობისას მანქანები წაართვეს. ეს მანქანები ეკონომიკის სამინისტროსა და ზოგიერთი სხვა უწყების ბალანსზეა და სადღაც საწყობებში ყრია. დაუბრუნონ ეს მანქანები პატრონებს. აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. უპირველესად ის მეხუთე კოლონა უნდა მოიშორონ თავიდან, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა უწყებაშია მოკალათებული, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში.

- ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში გააკრიტიკა არასამთავრობო სექტორი და დაასახელა რამდენიმე პირი, რომელთა საქმიანობის შესწავლასაც აპირებს.
- საქმე ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაპირისპირება კონტრპროდუქტიულია და შედეგს ვერ მოიტანს. აზრი არა აქვს, ამით მხოლოდ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გავაღიზიანებთ.
რაც შეეხება ფილმებს "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის” შესახებ, თუ ისტორია იქმნება იმისა, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში, ამის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ მხატვრული ფილმების თაობაზე კითხვები მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორის განათლებაც მაქვს და გოგა ხაინდრავასაც, როგორც რეჟისორს, დიდ პატივს ვცემ, ვერაფრით წარმომიდგენია, როგორი შეიძლება იყოს ეს მხატვრული ფილმები და რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება არსებით პრობლემებს ქვეყანას ვერ შეუქმნის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და საჭიროა მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად ქმედითი ზომები მიიღოს.
- ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტად ნამდვილად ვერ გამოვდგები. ფაქტია, რომ ლარი დოლართან მიმართებაში ისე არ გაუფასურებულა, როგორც სხვა ქვეყნის ვალუტები, თუმცა, სამომხმარებლო კალათას მაინც ძალიან დაარტყა. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - საბოტაჟის ელემენტები განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით ჩანს, ეჭვს ბადებს ეროვნული ბანკის ზოგიერთი გადაწყვეტილებაც, მაგრამ სჯობს ამაზე ფინანსისტებმა ილაპარაკონ.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახლახან რამდენიმე ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ერთ შემთხვევაში ჩანს მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი როგორ არ ემორჩილება პატრულს და შსს-ს გავლენიანი ჩინოსნის საშუალებით ცდილობს, ჯარიმა თავიდან აიცილოს. მეორე ჩანაწერში კი მოქალაქე ზურა ბერიკაშვილი ასევე პოლიციას ეწინააღმდეგება. როგორც გაირკვა, ის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელია. იმავდროულად, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი გასაუბრების დროს ფარული ჩანაწერის გაკეთებისთვის დააკავეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს...
- ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიული გეგმის ნაწილია. მათი მთავარი მიზანია ხელისუფლების დისკრედიტაცია და ქვეყანაში ქაოსის შექმნა.
ყველაფერს აკეთებენ ანტისახელისუფლებო განწყობის გასაძლიერებლად, უიმედობის გასაღვივებლად და ხელისუფლების სისუსტის საჩვენებლად. ისინი სავსებით ლოგიკურად მოქმედებენ, სხვა საკითხია, რომ ეს ქვეყანას აზარალებს, თუმცა, ეს მათთვის უცხო ცნებაა.

ხელისუფლებამ ამ ქმედებებს შესაბამისი ნაბიჯები უნდა დაუპირისპიროს, თუმცა, ამას არ თუ ვერ აკეთებს. ხელისუფლება იბნევა ნებისმიერი მათი ქმედების შემდეგ. ესეც, ჩემი აზრით, ხელისუფლების უსისტემობის ბრალია.
რაც შეეხება უკვე ასე ცნობილი ეკა ყუშიტაშვილისა და პატრულის ცნობილ ვიდეოფირს, როგორც სატელევიზიო საქმის გამოცდილების მქონემ, შემიძლია გითხრათ, რომ აშკარად დადგმულია.

არ ვგულისხმობ, რომ ორივე მხარე მონაწილეობდა ამაში, თუმცა, ერთი მხარე ნამდვილად მონაწილეობდა და ეს იყო პატრული. ყველას გვიწევს პატრულის თანამშრომლებთან ურთიერთობა, იმგვარ ტექსტს, რასაც ამ ქალისგან ვისმენთ, პატრული გაუჩუმდეს და ბოლომდე ასე ზრდილობიანად უსმენდეს, ასეთი რამ, როგორც წესი, არ ხდება...

- უკრაინაში ვითარება სულ უფრო მწვავდება, ბოლოს და ბოლოს, რის მიღწევას ცდილობს რუსეთი?

- რუსეთის მიზანი სრულიად ცხადია, ეს არის მარიუპოლის დაკავება და სახმელეთო გზის გაჭრა ყირიმისკენ, რის შემდეგაც უკვე  ოდესას შეუტევს. მოკლედ, რუსეთის მიზანია შავი ზღვის აკვატორიის მთლიანად გაკონტროლება. უკრაინის ხელისუფლება ამას ხედავს და ამიტომაც არის, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ასე თავგანწირვით იბრძვიან მარიუპოლის გარშემო მდებარე პატარა ქალაქების დასაცავად. უკრაინელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და ახლაც უშვებენ. უკრაინის ხელისუფლებაში არის ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, იმავე პრეზიდენტისა და პრემიერის. ჩვენ კარგად ვიცით, ასეთი ტიპის ომში რა მოაქვს, ერთი მხრივ, სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებას, მეორე მხრივ კი საზოგადოების ერთი ნაწილის გულგრილობას. ჩვენ ეს აფხაზეთის ომში უკვე გავიარეთ. უკრაინელებმა, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების თუ მეგობრების არაერთი რჩევისა, ეს არ ან ვერ გაითვალისწინეს. ამ ბრძოლებში უკრაინელების საუკეთესო ნაწილი იღუპება. თუ რუსებმა მარიუპოლი დაიკავეს, მაშინ უკრაინელებისთვის დამთავრებულია ყველაფერი. უკრაინაში ომი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. პრინციპში, დღეს ხომ ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს, ოღონდ უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინელების მონაწილეობით, რომლებსაც დღეს არა აქვთ უფლება, მარიუპოლი დაკარგონ. მარიუპოლისთვის ბრძოლა უკრაინისთვის ბრძოლაა.

- ამასობაში პეტრო პოროშენკოს მრჩევლად კიდევ ერთი ქართველი, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დაინიშნა...
- ყველა წაიყვანონ და დანიშნონ, სადაც უნდათ, ეს მათი ნებაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას უარყოფითად ვხვდებით. საგარეო საქმეთა უწყების შეცდომაა, რომ ვერ მოახერხა, აეხსნა უკრაინელებისთვის, რაშია საქმე და რომ ამ ხალხის დანიშვნა უკრაინას მხოლოდ ავნებს.

დღეს საქართველო ბევრად დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ჩაკეტილი ვართ საკუთარ ნაჭუჭში და ვერ ვხვდებით, ჩვენ გარშემო რა ხდება. მსოფლიო ყოველდღიურად იცვლება, განსაკუთრებით იმ კონფლიქტის პირობებში, რაც მიმდინარეობს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
ჩვენ ვერ ვხედავთ იმ საფრთხეებს, რაც მომდინარეობს სამხრეთიდან ისლამური ფუნდამენტალიზმის სახით.
ხშირ შემთხვევაში საკუთარ პოლიტიკურ თამაშებზე ვართ ორიენტირებული. ამ თამაშებმა და ერთმანეთთან დაპირისპირებამ არაერთხელ დაგვღუპა და ვშიშობ, კიდევ არ დაგვღუპოს. რაც უფრო აქტიურდება ჩვენი დასავლური მისწრაფებები, მით მეტი საფრთხე ჩნდება რუსეთიდან. რუსეთი თრუსოს ხეობის მიტაცებას ცდილობს, რომელი მიმართულებითაც მომავალ გაზაფხულზე გეგმავენ გააქტიურებას. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკების გზით როგორმე მიაღწიოს ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას.

ნათია დოლიძე
nuca
23 თებერვალი 2015 11:15
ამაზე მეტი უბედურება რაღა გინდა ბიძო,ჯერ იყო და მიშას შავბნელ საქმეებს აფინანსებდი,მოხვედი და მთელი ნაცბანდა თანამდებობებზე დატოვე,იყვირებენო,ეყვირათ რამდენიც უნდოდათ,თავად ხალხი ჩირად არ უღირდათ,ახლაა და პროგნოზი მომალისა ასეთია [0,-უსასრულობა],მე კი როგი=ორ მჯეროდა,რომ იმერელ კაცს სამშობლო გეყვარებოდა,არადა დიდი ღვაწლი მაქვს თქვენს მოსვლაში,ყველაფერს გავაკეთებ,რომ არ მოხდეს მეორედ მოსვლა.
მაია
19 თებერვალი 2015 13:44
ერთი დარტყმით უნდა მოუღოთ ბოლო? ბოლო საქართველოს მოსახლეობის 80 % -ს ეღება ამ მთავრობის ხელში
heheee
14 თებერვალი 2015 14:21
იუდას თურმე თავი არ ჩამოუხრჩვია,ის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დააბრძანეს.ეხლა უკრაინასაც "გააიმასქნებს" და მერე მიხვდებიან საწყალი "ხოხოლები", თუ ვის ხელში ჩავარდნენ.აქ დარჩენილებს კი,ერთი დარტყმით უნდა მოუღო ბოლო.თანაც ძალიან სწრაფად,არავის ხათრი არ უნდა გაითვალისწინო,თუ ქვეყნისთვის კარგი გინდა.

რედაქტორის რჩევით