"ოლანდისა და მერკელის ხათრით პუტინი არ გაჩერდება" - კვირის პალიტრა

"ოლანდისა და მერკელის ხათრით პუტინი არ გაჩერდება"

"ჟვანიას საქმის ფიგურანტები, სავარაუდოდ, ისევ თანამდებობებზე არიან"

"ბიზნესს არც კომფორტული პირობები აქვს. როგორც ჩანს, ეს ბიზნესმენებმა პრემიერ-მინისტრსაც შესჩივლეს"

ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის პროცესის გააქტიურება დააანონსა, როგორც აღმოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ... 2 თებერვალს პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და 11 პირი დააკავა. 2006 წლის 2 მაისს მომხდარი სპეცოპერაციის დეტალები, ბუნებრივია, ძველი ხელისუფლების დროინდელი პროკურატურის ვერსიისგან განსხვავებულია. თუ ადრე აცხადებდნენ, რომ მოკლულები საყაჩაღოდ მიდიოდნენ, ახლა კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას პირად ინტერესსა და შურისძიებაზე ალაპარაკდნენ. პროკურატურის მტკიცებით, 2006 წლის მაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ დაგეგმეს და განახორციელეს სპეცოპერაცია, რომელიც ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობით დასრულდა; ასევე, პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების საქმეზე დააკავა ყოფილი მთავარი პროკურორი მამუკა გვარამია და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილი მოადგილე როსტომ ლაზარია, რომელთაც ბრალად ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებების გაყალბება წარუდგინეს (ისინი გირაოთი გათავისუფლდნენ). მიმდინარე პროცესებს ექსპერტი და სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს.

- იური ვაზაგაშვილის ტრაგედიამ ხელისუფლებისთვის ცხადი გახადა, რომ უყურადღებოდ დატოვება იმ პირებისა, რომელთაც წარსულში დანაშაულთან ჰქონდათ კავშირი, თავად ხელისუფლებისთვისაა დიდი პრობლემა, რადგან ეს ადამიანები ცდილობენ, ძველი დანაშაული ახლით დაფარონ. ხელისუფლების სახიფათო დაუდევრობის ბრალია ის, რომ აქამდე ამ თემას ჯეროვანი ყურადღება არ მიაქციეს.

ამ მხრივ ჟვანიას საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ამ საქმის ფიგურანტები, სავარაუდოდ, ისევ თანამდებობებზე არიან, ისევე, როგორც ვაზაგაშვილის საქმის მონაწილეები იყვნენ.

სამართალდამცავ სტრუქტურებში მათი ყოფნა უსაფრთხო არ არის, რადგან ისინი ყოველთვის შეეცდებიან, გამოძიებას მათთვის სასარგებლო მიმართულება მისცენ. შესაძლოა, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ჟვანიას საქმე არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, საერთოდ შესაძლებელია თუ არა ამ საქმის გამოძიება, მით უფრო, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით? მოგეხსენებათ, ამხელა პოლიტიკური მნიშვნელობის ადამიანთა მკვლელობა იშვიათად თუ გახსნილა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი ასე დგას: გააჩნია, რა ძალები და მოტივები იყო ჩართული ამ მკვლელობაში, თუ საერთოდ იყო მკვლელობა. თუკი ეს შემთხვევითი მკვლელობაა, ოღონდ ისეთი პირების მიერ ჩადენილი, რომელთა დასახელება წინა ხელისუფლების პირობებში არ შეიძლებოდა, გამოდის, რომ ისეთი ტიპის დანაშაულია, რომლის მარტივად გახსნა შეიძლება.

თუ ჟვანიას სავარაუდო მკვლელობის უკან იდგა დიდი ფინანსური ინტერესები და ბევრი ადამიანი, მაშინ ეს ადამიანები კვლავაც შეეცდებიან, საქმე ისე ჩახლართონ, რომ მისი გახსნა შეუძლებელი გახდეს.

- თუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ უცებ გაიხსნა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე, რას ელოდებოდა ორი წელი ხელისუფლება, - სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ის მაღალჩინოსნები მაინც ხომ უნდა გაეშვათ, ვისაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან ჰქონდა კავშირი?

- ვფიქრობ, ამ საქმის გამოძიება ბატონი იურის აფეთქებამდე იყო ბოლოსკენ გასული, მაგრამ მის გამომზეურებას ვიღაც უშლიდა ხელს. პროცესის კატალიზატორად კი იქცა ბიძინა ივანიშვილისა და იური ვაზაგაშვილის შეხვედრა, რადგან შეშინდნენ ისინი, ვისაც შიშის საფუძველი ჰქონდათ. სავარაუდოა, რომ პროცესი ამ შეხვედრამდეც დაიწყო, როდესაც სახელისუფლებო სტრუქტურებიდან გაუშვეს ღარიბაშვილთან დაახლოებული ადამიანები, ნახსენები იყო ნათესაური კავშირები. ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ეს პრობლემა მოგვარდა. თავისით რომ არაფერი გვარდება, ცხადია... სავარაუდოდ, ამ პრობლემების მოსაგვარებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა მისცა სიგნალი ვიღაცას, რომ შეიძლებოდა, ძველი საქმეების გამოძიება დაწყებულიყო. ამ საქმეების გამოძიების გაჭიანურების მიზეზი ისიცაა, რომ ხელისუფლებაში მცდარი კონცეფცია შემუშავდა, ანუ მავანმა მიიჩნია, რომ ისინი, ვინც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, ახლა ასეთივე წარმატებით მოემსახურებოდნენ ახალ ხელისუფლებასაც. ამიტომ არ მიიჩნიეს საჭიროდ ძალოვან სტრუქტურებში არეულობის გამოწვევა. თუმცა ნელ-ნელა დაინახეს, რომ

ფრთხილმა მიდგომამ და ანგარიშის გაწევამ, ამ ადამიანების უფრო თავხედური მოქმედება გამოიწვია, რის პიკიც იური ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე აფეთქება იყო.

- ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ ვადამდე საპარლამენტო არჩევნებზე. როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება?

- ადრე ამას გამოვრიცხავდი, რადგან, მეგონა, ეს არავის ინტერესში არ შედიოდა:“"ნაციონალურ მოძრაობას" ხელს არ აძლევდა, რადგან იცოდნენ, რომ ახალი არჩევნების პირობებში უფრო ნაკლებ მანდატს მიიღებდნენ,“არც "ქართულ ოცნებას" სურდა არჩევნები, რადგან აღარ ჰქონდა ის რეიტინგი, რაც გადამწყვეტი რაოდენობის მანდატების მიღებას განაპირობებდა. დღეს აზრი შევიცვალე - საქმე ისაა, რომ "ოცნებამ" დაიწყო აქტიური მოქმედება, რამაც, შესაძლოა, მისდამი საზოგადოების დამოკიდებულება შეცვალოს. "ქართული ოცნების" გააქტიურება, უპირველესად ივანიშვილის გააქტიურებაა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი იმგვარ როლში წარმოჩენა, რომ ის მართავს გუნდს, რომელიც არ იძლევა იმ შედეგს, რასაც უნდა იძლეოდეს. ამან ივანიშვილზე იმოქმედა, რადგან არ აქვს სურვილი, 20 წლის განმავლობაში გაკეთებული სიკეთე ამ ხელისუფლების არაეფექტიანი მუშაობის გამო წყალში გადაიყაროს და უკან მისი ბიოგრაფია მიჰყვეს. ძალიან კარგია, რომ ივანიშვილმა დაიწყო აქტიური მოქმედება, ასეთ ვითარებაში“"ქართული ოცნების" შანსი იზრდება, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, დღის წესრიგში ვადამდე საპარლამენტო არჩევნებიც დადგეს.

- ხელისუფლების გააქტიურება ახსენეთ, რაც სხვადასხვა მიმართულებით ცხადად ჩანს. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნავთობის ბაზარზე არსებულ შუამავალ კომპანიებში საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო...

- ვფიქრობ, ეს ნაბიჯები მოტივირებულია "ნაციონალური მოძრაობის" ფინანსებში მეტი სიცხადის შეტანით, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლად ვერ განვიხილავ, რადგან, თვითონ ეს დაფინანსებაც არ არის წმინდა პოლიტიკური პროცესი და უფრო კრიმინალთან შეიძლება გვქონდეს საქმე. მიმაჩნია, ეს ნაბიჯები ქართულ პოლიტიკას უფრო გააჯანსაღებს. მეეჭვება, ამ პროცესს ნეგატიური მხარე ჰქონდეს, თუკი აღმოჩენილი იქნება უკანონობა და ეს უკანონობა აღმოიფხვრება. კანონიერების შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად დარჩება. ხელისუფლებას რომ ვინმეს უკანონოდ დასჯა უნდოდეს, აქამდეც გააკეთებდა, რისი არაერთი მაგალითი გვინახავს წინა ხელისუფლების მმართველობისას, როდესაც ყოველგვარი გამოძიების გარეშე ხელებგადაგრეხილი მიჰყავდათ ფულიანი ხალხი პროკურატურაში. ისმის კითხვა - რას გვაძლევს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა?! - გვაძლევს იმ საფრთხის მოლოდინს, რომ კვლავ გამოჩნდებიან ზონდერბრიგადები და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების საწინააღმდეგოდ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება.

- ანუ ეთანხმებით შინაგან საქმეთა ახალ მინისტრ გომელაურს, რომელმაც წინამორბედის მსგავსად კვლავაც მოსალოდნელ არეულობაზე ილაპარაკა: "არის სხვადასხვა ინფორმაცია... არ დავუშვებთ არეულობას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს - ""ნაციონალური მოძრაობა"" იქნება თუ სხვა. არ დავუშვებთ იმავეს, რაც მოხდა უკრაინაში. მცდელობები არის, გარკვეულ ძალებს უნდათ არეულობის გამოწვევა".

- ასეთი ვარაუდის საფუძველს, სამწუხაროდ, იძლევა "ნაციონალური მოძრაობა". ეს ვარაუდი ამოტივტივდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაისვა კითხვა, - სად წავიდნენ ის ზონდერბრიგადები, რომლებიც ქუჩაში ესხმოდნენ ხალხს თავს და პოლიტიკური ნიშნით უსწორდებოდნენ. დღემდე არ ვიცით, ვინ იყვნენ ეს ნიღბიანი ზონდერები. ისინი ხომ არ გამქრალან, სავარაუდოდ, სადღაც არიან და თავის დროს ელიან. გაგახსენებთ იმ ვარაუდს, რომ მათი მობილიზაცია უკრაინაში ხდებოდა, ასევე მედიაში გამოჩენილ წერილებს იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი უკრაინაში შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნის. ფაქტია, რომ ძალის გამოყენება "ნაციონალებს" უყვართ, სავარაუდოდ, ახალ ძალისმიერ ჯგუფებს სწორედ უკრაინაში აყალიბებენ. ასევე ყველაფერს აკეთებენ, რათა ძალისმიერ სტრუქტურებში თავისი ხალხი ჰყავდეთ. თუ დესტაბილიზაცია არ არის ჩაფიქრებული, ამ ყველაფრისთვის სხვა ახსნის მოძებნა ჭირს, ამიტომაც ჩემგან ასეთი ვარაუდი სრულიად ლეგიტიმურია. რაც შეეხება მინისტრს, რასაკვირველია, მას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს. შესაბამისად, მოვლენების განვითარების ეს ვერსია იმსახურებს ყურადღებას როგორც ხელისუფლების, ასევე მოსახლეობის მხრიდან.

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მწვავე განცხადებები გააკეთა არასამთავრობო სექტორის მისამართით, დაპირისპირება ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათთან დაახლოებულ პირთა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არ წყდება.

- ეს დაპირისპირება აშკარად უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს. მიმაჩნია, რომ რაც ამ თვალსაზრისით ხდება, დიდწილად ხელისუფლების გამოუცდელობის ბრალია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონი ბიძინა და ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები ექსპერტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილო არიან. მადლობა ღმერთს, რომ ამ განცხადებებს ძალადობრივი მოქმედებები და დაწიოკება არ მოჰყვა და აზრის გამოხატვის ფარგლებს არ სცდება, აზრის გამოთქმის უფლება კი ყველას აქვს. შეგახსენებთ, თავის დროზე, პრემიერობისას, ივანიშვილმა ექსპერტები დაგვიბარა და პირდაპირ ეთერში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო ჩვენთან იმის გარკვევა, რატომ ვიყავით ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი, რაზეც კრიტიკული აზრი გვქონდა, დღეს ხელისუფლებასაც სერიოზულად აწუხებს. მოკლედ, უჭირს  ამ ხელისუფლებას კრიტიკასთან შეგუება.

ეს საქართველოს ხელისუფლებებს ტრადიციად ექცა, რას ვიზამთ, მათი სუბიექტურობა გასაგებია, ძალიან მოსწონთ ის, რასაც აკეთებენ... რატომ არ მიმაჩნია ეს პროცესი სახიფათოდ? საქმე ის არის, რომ არც ერთ ასეთ რაუნდს ძალისმიერი ანგარიშსწორება არ მოჰყოლია, პირიქით, ურთიერთობები ჩვეულებრივად გაგრძელდა. მოკლედ, ეს ყველაფერი ადამიანური სისუსტის გამოხატულება მგონია და არა ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების საფრთხე. მიმაჩნია, რომ ამ პროცესისგან ხელისუფლება ვერანაირ ხეირს ვერ მიიღებს. არასამთავრობოების მიმართ ხელისუფალთა ასეთი ეჭვის ძირითადი საფუძველი ის არის, რომ არასამთავრობოთა დამფინანსებლები უცხო ქვეყნები არიან.

არის ამაში რაციონალური მარცვალი, რადგან ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრს წარმართავენ ის ადამიანები, რომელთაც აფინანსებს უცხო ქვეყანა და რომელსაც, რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს, არ ვიცით. ამიტომაც ვთავაზობ ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, შეიქმნას ანალოგიური ფონდები საქართველოშიც და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდეს ქართული ფულით. ამის მერე ვნახოთ, რა სურათს მივიღებთ...

- ამ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას, ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას მოუწოდა, არ შეუქმნან ბიზნესს ბარიერები. რატომ დასჭირდა ამ განცხადების გაკეთება?

- მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, როგორც ბიზნესმენებისგან მსმენია, საკმაოდ ბევრი ხელისშემშლელი ბარიერი არსებობს. ე.წ. შევარდნები აღარ არის, ჟარგონზე რომ ვთქვათ, აღარც “გაპარსვები, მაგრამ ბიზნესს არც კომფორტული პირობები აქვს. როგორც ჩანს, ეს ბიზნესმენებმა პრემიერ-მინისტრსაც შესჩივლეს.  ასეთი შეზღუდვების ფონზეც ბიზნესის განვითარება რთულია. გასარკვევია, რამდენი ახალი ბიზნესი გაჩნდა და განვითარდა ბოლო პერიოდში, ამგვარი სტატისტიკა დასკვნის გაკეთებაში დაგვეხმარება. მოკლედ, ამ სფეროში ბიზნესის თავისუფლების ძველი ინერცია რჩება. სიმართლე რომ ითქვას, ბიზნესის განვითარების პირობებში არც გვიცხოვრია არასდროს. საბჭოთა პერიოდი იყო და, იცით, რაც ხდებოდა, შემდგომ სულ ჭიდაობა იყო პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. დასავლეთში არსებული პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკა თავისთვისაა, ბიზნესი კი - საკუთარი კანონებით ვითარდება, ჩვენთან არასდროს ყოფილა. ამიტომაც, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, სწორედ ამ კონტექსტში წავიკითხე პრემიერის განცხადება.

- უკრაინაში ვითარება სულ უფრო მძიმდება. უკრაინის საკითხზე მოსალაპარაკებლად, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად მოსკოვში ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის თქმით, უკრაინის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად იქ გამართული მოლაპარაკებები ბოლო შანსია - ""თუ ვერ მივაღწევთ ვერც კომპრომისს და ვერც სამშვიდობო შეთანხმებას, შემდეგ რაც გველოდება - ეს არის ომი"." პუტინის თქმით კი, - რუსეთი ომს არავისთან აპირებს. არის მცდელობა გაიყინოს ერთპოლარული მსოფლიო, რომლის სათავეშიც ამერიკაა. "

- ურთულესი პროცესებია, პუტინის ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ მისი ევროპული მიდგომით დანამუსება არ გამოვა, რადგან მხოლოდ იმის დანამუსება შეიძლება, ვინც ნამუსთან მწყრალად არ არის. ფაქტია, რომ არც ოლანდის და მერკელის, არც არავის ხათრით რუსეთი არ გაჩერდება და არც პუტინი იტყვის თავის გეგმაზე უარს. როგორც წესი, რუსეთის პრეზიდენტი თავისივე ნათქვამის მონა ხდება, ასე იყო საქართველოს შემთხვევაშიც. კოსოვოს აღიარების პროცესისას პუტინმა მსოფლიოს უთხრა, თუ კოსოვოს აღიარებთ, მე აფხაზეთს ვაღიარებო და აკი ყველაფერი გააკეთა ამისთვის. მაიდანის მოვლენების დაწყებისას თქვა, რომ თუ მაიდანი გაიმარჯვებდა, უკრაინას შუაზე გახლეჩდა. მაიდანზე პუტინი დამარცხდა და ახლა ყველაფერს აკეთებს თავისი დანაქადების ასასრულებლად. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ჯერჯერობით რესურსს, რომელიც ამ გეგმაზე პუტინს ხელს ააღებინებს. ევროპას ასეთი რესურსი ჯერ არ გამოუჩენია. რაც მეტი იქნება წინააღმდეგობა, მით მეტი იქნება მსხვერპლი.

ევროპა იმედს ამყარებს, რომ ის ეკონომიკური სანქციები, რაც რუსეთს დაუწესეს, პუტინის გარშემო არსებულ ოლიგარქიულ წრეში უკმაყოფილებას გამოიწვევს და ისინი პუტინის გადასაგდებად აჯანყებას მოაწყობენ.

ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ძალიან მარტივი... ევროპაში ავიწყდებათ ერთი რამ - იმათზე, ვინც პუტინის სიახლოვესაა და ვისაც ფულის შოვნის საშუალებას აძლევენ, აქვთ იმგვარი კომპრომატები, რომლის გამოც ამ აჯანყებაზე წასვლას ერთეულები თუ გაბედავენ. რაც შეეხება გამოსავალს, ერთადერთ გზად მესახება ის, რომ რუსეთისა და პუტინის ყურადღება რომელიმე სხვა მიმართულებით გადაიტანონ, გაიტყუონ ის უკრაინიდან საერთაშორისო ურთიერთობის სხვა სფეროში.

- რას იტყვით აშშ-ის პოზიციაზე, იქ აქტიურად განიხილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი, ან რამდენად რეალურია, ომი უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს?

- რამდენი იარაღიც უნდა მიაწოდონ, საეჭვოა, როგორც შეიარაღების, ასევე ადამიანური რესურსის მიხედვით უკრაინამ დაჯაბნოს რუსეთი, მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს, ძალების გათანაბრებაა. რუსეთზე ფიზიკური ზეწოლის მოხდენა ძალიან რთულია და პრობლემის ამგვარ გადაწყვეტაზე არ უნდა იყო ძალისხმევა მიმართული. საჭიროა მსოფლიომ რუსეთს უფრო გათვლილი და მრავალსვლიანი პოლიტიკური პროცესი დაუპირისპიროს, თუ, რა თქმა უნდა, ამის რესურსი არსებობს.

ნათია დოლიძე