"მესმის ბატონი ბიძინასიც, გააცოცხლო არაცოცხალი, გამოკვებო... და ამის საპასუხოდ მუშტები მიიღო, არასასიამოვნოა" - კვირის პალიტრა

"მესმის ბატონი ბიძინასიც, გააცოცხლო არაცოცხალი, გამოკვებო... და ამის საპასუხოდ მუშტები მიიღო, არასასიამოვნოა"

"ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ სააკაშვილიც და დანარჩენებიც, ნეტავი ყველას წაიყვანდნენ..."

"ნაციონალურ მოძრაობას" ინარჩუნებენ და აძლიერებენ ერთადერთი მიზნით, რომ ის საქართველოში

რაღაც ფორმით მოაბრუნონ"

"პოლიტტექნოლოგიების მცოდნე ადვილად დაინახავს, რომ ეს მომავალი რევოლუციური პროცესებისთვის მზადებაა"

ეროვნული ვალუტის კურსი პერმანენტულად განაგრძობს დაცემას.  ექსპერტთა ნაწილი შექმნილ ვითარებას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა მთავრობაში აცხადებენ, - სიტუაცია რთულია, მაგრამ გამოსწორება შესაძლებელიო. ამის პარალელურად, კვლავაც გააქტიურდა ქვეყნის საგარეო კურსის თაობაზე მსჯელობა. "ნაციონალური მოძრაობისა" და ცოტა ხნის წინ ოპოზიციაში გადაბარგებული "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძის განცხადებაში საშიში ასპექტები დაინახეს. შეგახსენებთ, აბაშიძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას, განაცხადა, საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსების გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრება დღის წესრიგში არ დგასო... ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე:

- ეროვნული ვალუტა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა იმან, რომ ქართულ ეკონომიკაში ფუნდამენტური პრობლემებია. ფაქტობრივად, ვერაფერს ვაწარმოებთ - ჩვენი წარმოება თხილისა და ღვინის დონეზეა დაშვებული; ექსპორტში დომინირებს მანქანების ექსპორტი, ანუ მანქანების შემოტანა და მერე გატანა, რაც ექსპორტის თითქმის 20%-ს შეადგენს... ეს ყველაფერი მიუთითებს, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა. 21-ე საუკუნეში, როცა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრობამ თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ გაგვიხსნა გზები, ვხედავთ, რომ ქვეყანას მოცულობით ბაზრებზე გასატანი არაფერი აქვს. სახელმწიფო, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ იმპორტს, ბუნებრივად დგას ეროვნული ვალუტის გაუფასურების საფრთხის წინაშე. მწირი ექსპორტის, წინა ხელისუფლების წყალობით ატროფირებამდე მიყვანილი ტურიზმის, რომლის მოცულობაც ევროკავშირში, რუსეთსა და უკრაინაში გაჩენილი პრობლემების გამო, კიდევ უფრო შემცირდა (ამავე პრობლემების შედეგად შემცირდა ფულადი გზავნილებიც), შედეგად ქვეყანა აღმოჩნდა სავალუტო რესურსების დეფიციტის წინაშე. შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა, - წარმოება აქამდეც არ ყვაოდა და ლარი აქამდე რატომ არ აფეთქდა? იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით არსებული მძიმე ეკონომიკური პირობები გადაფარული იყო ქვეყნის გარეთ მიმდინარე პოზიტიური პროცესებით, მაგრამ როგორც კი საგარეო პირობები გაუარესდა, ლარის ვარდნაც დაიწყო. მთავრობის ინიციატივა, რომ სავალუტო ფონდიდან მივიღებთ ტრანშს და ამით შევამცირებთ ლარზე დაწოლას, ჩემი აზრით, ერთჯერადი აქციაა. როგორც კი ამოიწურება ტრანში, პრობლემა გამწვავდება. ითქვა, რომ ტრანში ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაიხარჯება, არადა, ეს პროექტები მიბმულია იმპორტზე, რადგან ყველანაირ სამშენებლო მასალას საზღვარგარეთ ვყიდულობთ, გამოდის, რომ ეს ფული წავა ისევ ჩინეთისა და თურქეთის ეკონომიკაში. მთავრობის პოლიტიკა სწორედ იმიტომ არის არასწორი, რომ იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოების განსავითარებლად არაფერი კეთდება...

- 2 წელია, რაც ეს ხელისუფლებაა ქვეყნის სათავეში, ამ პერიოდში შესაძლებელი იყო ამ წარმოების განვითარება?

- რა თქმა უნდა. 2 წელი საკმარისი იყო იმპორტის ჩამნაცვლებელი, გადამმუშავებელი წარმოების განსავითარებლად. ამასთან, შეგვეძლო სოფლის მეურნეობის იმგვარი ხარისხის პროდუქციის წარმოება დაგვეწყო, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. რა თქმა უნდა, მცდარი იყო ეროვნული ბანკის პოზიციაც. ქვეყანაში ხელოვნურად არის შექმნილი ლარის დეფიციტი. ეს გააკეთა წინა ხელისუფლებამ და ამიტომაც მოახერხა ლარის გამყარება. ის თანხა, რაც გაშვებული იყო ბრუნვაში, ემსახურებოდა მსხვილ იმპორტიორ ფირმებს და მთავრობის მოთხოვნებს, მაგრამ არ ჰყოფნიდა ეკონომიკის მოთხოვნებს. ამიტომაც იყო, წვრილი, საშუალო და ზოგადად არალობირებული ბიზნესი ფულის გარეშე. ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში აწარმოებდა იმ პოლიტიკას, რომელიც კატასტროფული იყო ჩვენი ეკონომიკისთვის. დღეს კი, ჯამში, ეროვნული ბანკისა და მთავრობის არაკოორდინირებული და არასწორი მოქმედებით მივიღეთ ასეთი შედეგი. თვეების წინ ვწერდი, რომ ლარის დევალვაცია მოსალოდნელი იყო და რომ სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო დოლარის მიმართ კურსის 2-დან 2.15-ს შორის ნიშნულზე დასტაბილურება, თუმცა ეს ნაბიჯები არ გადაიდგა და დღეს ამ ნიშნულზე ლარის გაჩერების შანსი აღარ არის.

ახლა უკვე სპეკულაციური მომენტი იწყებს თამაშს. ლარის ვარდნით შესანიშნავად ისარგებლეს კომერციულმა ბანკებმა, რასაც ვერ უსაყვედურებ, გიჟები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ამ სიტუაციაში ფული არ მოეგოთ. სამწუხაროა, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა და მთავრობამ გადაწყვიტეს პასიური სცენარით მოქმედება და ეკონომიკური ზრდის ისედაც დაბალი, 5%-იანი მაჩვენებლის გადახედვა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკის კიდევ უფრო შეკუმშვას. დაიცავს თუ არა ეს ლარს ინფლაციისგან, საკითხავია და მომავალი გვიჩვენებს... თუ მთავრობას წლის დასაწყისიდანვე არ ჰქონდა მიცემული კონკრეტული სამინისტროსთვის კონკრეტული დავალება ამ ვითარების თავიდან ასაცილებლად (დარწმუნებული ვარ, ასეთი დავალებები არ გაცემულა), მაშინ ეკონომიკური გუნდისთვის პასუხის მოთხოვნა არასწორია. თუ მთავრობამ არასწორი პოლიტიკა აწარმოა, არ გასცა შესაბამისი დავალებები, უპრიანია, პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობამ აიღოს საკუთარ თავზე.

- დღეს რა არის გამოსავალი?

- გამოსავალი ერთადერთია - სასწრაფოდ, რაც კი რესურსი არსებობს, უნდა მიიმართოს იმ სფეროებისკენ, რაშიც ქვეყანას კონკურენტული უპირატესობები აქვს. სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დასაქმება, აი, ის მიმართულებები, საითაც უნდა მიიმართოს ყველა საშუალება, მათ შორის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. მხოლოდ პიროვნებების შეცვლა ვერაფერს შეცვლის. მშვენიერი მინისტრია გიორგი კვირიკაშვილი პიროვნულად თუ პროფესიულად, მაგრამ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების გარეშე არსებითად ვერაფერს შეცვლის. რა ინვესტიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში არ არის ათვისებული საკუთარი ეკონომიკური და ადამიანური რესურსები; იურიდიულ პირებს რამდენიმე მილიარდი ლარი უდევთ დეპოზიტებზე, ისე, რომ საქმეში არ დებენ, ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული სრულიად გაურკვეველი ვითარებაა. ამ დროს პროფანულად, საშინელი დილეტანტიზმის დონეზე ვლაპარაკობთ უცხოურ ინვესტიციებზე, როდესაც საკუთარი ფულადი რესურსი არ გვაქვს საქმეში ჩართული.

- პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე შეარჩია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ე.წ. შერისხულ მოსამართლეებს შორის აღმოჩნდა. ამ კანდიდატურით აღფრთოვანებული არც უმრავლესობის ნაწილი ჩანს და არც უმცირესობა...

- პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არ მომწონს. მიზეზი კი ის არის, რომ შერჩეული კანდიდატი პოლიტიკასთან კავშირშია. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, ნინო გვენეტაძე რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო და ქართული რეალობის გათვალისწინებით, ის ვერ იქნება პარტიული ინტერესებიდან დისტანცირებული.

მართალია, კარგად არ ვიცნობ მოსამართლეთა კორპუსს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ მოსამართლეთა შორის არ მოიძებნება პარტიულად არაანგაჟირებული, დამოუკიდებელი და პატიოსანი მოსამართლე, ვისაც ამ უმნიშვნელოვანეს პოსტს ვანდობდით. პარტიული გავლენების ქვეშ სასამართლოს დატოვება ყოველთვის კატასტროფით მთავრდება. კუბლაშვილის სასამართლო იყო უდიდესი დარტყმა ქართული მართლმსაჯულებისა და საერთოდ სამართლის სისტემებისთვის. თუ ეს კანდიდატურა დამტკიცდა, გამოდის, სასამართლოს ისევ გავლენის სფეროდ ქცევას ცდილობენ, ან ეს კანდიდატურა შერჩეულია პოლიტიკური მიზნებით, რათა პარლამენტმა არ დაამტკიცოს და ისევ ახალ წრეზე წავიდეთ. მიმაჩნია, რომ კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის მხრიდან უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იყო. ჩემი აზრით, გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს.

-  გიორგი მარგველაშვილის კიევში "ღირსების მარშში" მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებას ჩვენში კრიტიკული შეფასებებიც მოჰყვა. საქმე ის არის, რომ ბევრი აღაშფოთა უკრაინის სახელისუფლებო სტრუქტურებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამ, მათ შორის ექსპრეზიდენტის, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. მოგეხსენებათ, სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა...

- მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება უკრაინაში პროპაგანდისტული იყო. რა ხდებოდა უკრაინაში ერთი წლის წინ, ამაზე ნაკლებად ლაპარაკობს ვინმე. ვისაც პოლიტიკური კონტექსტები კარგად ესმის, წესით, არ უნდა მოსწონდეს, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ პროპაგანდისტულ ღონისძიებაში მონაწილეობს, თან იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი უკიდურესად მძიმე ვითარებაა. უკრაინა ამ საშინელებისგან როგორ დაიძვრენს თავს, არავინ იცის.

საქართველოს ყოფილი ჩინოსნების დანიშვნა, რა თქმა უნდა, უკრაინის საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკრაინა, უფრო სწორად, მისი ხელისუფლება, საქართველოს ცუდად ექცევა. რა რეფორმატორებიც არიან ეს ადამიანები, ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ, როდესაც თვალში ნაცარს გვაყრიან, გვეუბნებიან, იდიოტები ხართ და თქვენი აზრი არაფერს ნიშნავსო, ეს ცუდია და ხელს ნამდვილად არ უწყობს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს. ისე კი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ სააკაშვილიც და დანარჩენებიც, ნეტავი ყველას წაიყვანდნენ... ამ პროცესს აქვს სხვა მხარეც, ეს არის ჩვენს ექსხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის გადარჩენის მცდელობა მათი მხარდამჭერებისგან. ეს არ არის უკრაინელების გადაწყვეტილება, როგორც ვიცი, უკრაინის ხელისუფლებაზე დიდი ზეწოლა იყო როგორც ამერიკული, ასევე ევროპული რიგი პოლიტიკური წრეებისგან. "ნაციონალურ მოძრაობას" ინარჩუნებენ და აძლიერებენ ერთადერთი მიზნით, რომ ის საქართველოში რაღაც ფორმით მოაბრუნონ. ეს ყველაზე გამოცდილი პოლიტიკური ძალაა, რომელიც მავანთა დავალებებს შესანიშნავად ასრულებს.

- სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოკლე ხანში გეგმავს საქართველოში დაბრუნებას...

- სააკაშვილს ქართველი ხალხის განწყობაზე ადეკვატური წარმოდგენა არასდროს ჰქონია. როგორც ადრე, ახლაც საზოგადოებაზე ძალადობს. სამწუხაროდ, სააკაშვილის ამ ამბიციებს ხელს უწყობს ის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებამ მოიყვანა.

- რადგან უკრაინა ვახსენეთ, იქნებ შეაფასოთ ე.წ. მიუნხენის შეთანხმების მიმდინარეობა...

- ეს არის პოლიტიკურ-ტაქტიკური ნაბიჯი და სულის მოსათქმელად პროცესების შეჩერება. არც ერთი დაპირისპირებული მხარე - დასავლეთი და რუსეთი - უკან დახევას არ აპირებს. მხოლოდ ევროპის ლიდერები შეშფოთდნენ, რადგან იციან, რომ ფართომასშტაბიანი დაპირისპირების შემთხვევაში, ყველაზე მეტი ნგრევა ევროპას ემუქრება. სამწუხაროდ, ჯერ კონტურებიც არ ჩანს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებით დასრულდება. ეს არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება, რომელშიც მხარეები შეეცდებიან, ზეწოლის ყველა მექანიზმი ბოლომდე მოსინჯონ და თუ ამით არაფერი გამოვა, ძალოვანი დაპირისპირების უფრო ფართო მასშტაბზეც წავიდნენ. რეალურად პოლიტიკა გასულია თამაშის წესებიდან, ყველა წითელი ხაზი, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოიხაზა, დარღვეულია. უკრაინა კი გამოყენებულია დაპირისპირების არენად, სამწუხაროა, რომ ევროპის ეს უზარმაზარი ქვეყანა ამ თამაშში ასე ჩაითრიეს. ის დღეს თავის ბედს აღარ წყვეტს. თუ მდგომარეობა არ განიმუხტა, დიდი ევრაზიული ომი სწორედ უკრაინიდან დაიწყება.

- რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას უმწვავესი გამოხმაურება მოჰყვა... ბევრმა ამაში ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის საფრთხე დაინახა...

- კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი. ამის გათვალისწინებით,

ის აჟიოტაჟი, რაც აბაშიძის განცხადებას ე.წ. მედასავლეთეებისგან მოჰყვა, მოკლებულია ყოველგვარ საღ აზრს და გამოყენებულია პროპაგანდისთვის.

ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას არ განსაზღვრავს ბატონი აბაშიძე. საქართველოს ორიენტაცია არ შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ალტერნატივა ამ ორიენტაციას არ აქვს. არ არსებობს დასავლური ტიპის სახელმწიფოზე უფრო წარმატებული მოდელი, წესით, დასავლური ორიენტაცია ნიშნავს იმას, რომ გვსურს გვქონდეს დასავლური, განვითარებული ტექნოლოგიები, მაღალი დონის განათლების სისტემა და მეცნიერება, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ა.შ, მაგრამ ამ ე.წ. მედასავლეთეებს უნდათ მხოლოდ გრანტები და დილიდან საღამომდე ლაპარაკი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე. არადა, ეს დღის წესრიგში არ დგას მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია დასავლური ტიპის სახელმწიფოს ასაგებად, იმ ურთიერთობებისა და ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად, რაზეც დასავლეთი დგას. მოდი, ჯერ დასავლურ სტანდარტებს მივაღწიოთ და მერე უარს ვერავინ გვეტყვის ევროპასთან ინტეგრაციაზე. ნატოში გაწევრება კი დამოკიდებულია რუსეთ-დასავლეთის, უფრო სწორად, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაზე. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა, რადგან საქართველოს ნატოში გაწევრება ცვლის რეგიონში გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს და ძალთა განლაგებას. ეს მოხდება ან დიდი ომის შედეგად, ან დიდი საერთაშორისო მოთამაშეების შეთანხმებით. საქართველომ უნდა მოიფიქროს, რა ურჩევნია - ქვეყნის დასავლურ ყაიდაზე ნელ-ნელა მოწყობა და ბუნებრივი გზით ინტეგრირება, თუ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წამხედურობით, რომლებიც თავის დასავლელ უფროსებს აწონებენ თავს, მხოლოდ ხმამაღალი ლაპარაკი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამისთვის არაფრის გაკეთება.

ეს ხალხი, ვინც ახლა ნატოსა და ევროკავშირზე გაუთავებლად ლაპარაკობს, ხელისუფლებაში ყოფნისას ატერორებდა ბიზნესსა და საზოგადოებას, იწონებდა ციხეებში ადამიანების გაუპატიურებას.

ამას დასავლურ ორიენტაციასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

- რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ხალხი ჩასაფრებულია და ბედნიერიც კია, თუ ხელისუფლების საგარეო კურსში ეჭვის შესატანად ხელისუფლების წარმომადგენლები რაიმე საბაბს აძლევენ...

- აბსოლუტურად სწორი დაკვირვებაა. პოლიტტექნოლოგიების მცოდნე ადვილად დაინახავს, რომ ეს მომავალი რევოლუციური პროცესებისთვის მზადებაა, ანუ როგორც კი ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ გაიხედავს, თუნდაც დიალოგის მიზნით, ამ მანქანას აამოქმედებენ. ამ ძალებს, გარდა რიგი საგარეო-პოლიტიკური წრეების მხარდაჭერისა, ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომ საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა, მათ შორის სახელმწიფოს გაწირვაზეც. ამ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყოფილი სახელისუფლებო ძალის უპასუხისმგებლო მედასავლეთეობა, რაც მატერიალურ ინტერესებს უკავშირდება, სახიფათოა...  რუსეთის იგნორირება საქართველოს უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტისას და იმედი, რომ არსებობს ძალა, რომელიც დაიცავს საქართველოს რუსეთისგან, არის უდიდესი პოლიტიკური შეცდომა.

- გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა რესპუბლიკური პარტიის მიმართაც. როგორ ხედავთ კოალიციის უახლოეს პერსპექტივას, რესპუბლიკელების ადგილს ამ კოალიციაში და რას ფიქრობთ ვადამდე საპარლამენტო არჩევნების შესახებ?

- თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ხელოვნური კოალიცია განწირული იყო დაშლისთვის. აქ მნიშვნელოვანი იყო, რა ფორმით დაიშლებოდა. რესპუბლიკური პარტია და ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" თანამოაზრეები იყვნენ და არიან, ამიტომაც სჯობდა, კოალიცია თავიდანვე ცალკე შეექმნათ და ასე მოესინჯათ ძალები. რა გამოვიდა? - ბიძინა ივანიშვილის მატარებელს გამობმულები აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში, თანაც უმაღლეს თანამდებობებზე და ახლა ცდილობენ, თავისი მომავალი პოლიტიკური კარიერა უზრუნველყონ. ამ დროს არც ერთი და არც მეორე არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე თვითონაც არიან პასუხისმგებლები. მათ მაქსიმალურად გამოიყენეს ბიძინა ივანიშვილის რესურსი და ახლა თავისი პოლიტიკური თამაშის წამოწყებას ცდილობენ. მესმის ბატონი ბიძინასიც, გააცოცხლო არაცოცხალი, გამოკვებო, ფულით უზრუნველყო, პოსტებზე ჩამოარიგო და ამის საპასუხოდ მუშტები მიიღო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო და ამაზე ბატონ ბიძინას და მის გარემოცვას ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე მეც ვაფრთხილებდი.

აჭარაში მიმდინარე პროცესები აჩვენებს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ჯგუფების უდღეურობას, იმას, რომ თავის დროზე არასწორად იყო კოალიციაში ხალხი შერჩეული. პოლიტიკურ თანამდებობებზე მოხვდნენ არაპოლიტიკოსები, რომლებიც ყოფითი პრობლემების დონეზე უპირისპირდებიან ერთმანეთს, არადა, პოლიტიკა გაცილებით დიდ მასშტაბს უნდა მოიცავდეს.

ვადამდე არჩევნების ჩატარებაში აზრს ვეღარ ვხედავ, რადგან უკვე დაგვიანებულია. ეს ერთადერთი მიზეზით შეიძლება მოხდეს, - პარტიამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია და ამომრჩეველს ჯერჯერობით სხვაზე უკეთესი ჰგონია, თავი რომ გადაირჩინოს. სხვა შემთხვევაში, ასე თუ გაგრძელდა, 2016 წლის კალენდარულ არჩევნებამდე მმართველი კოალიცია სრულიად გაკოტრებული მივა.

ნათია დოლიძე