"პუტინმა ისეთი ძალები გამოაღვიძა, რომელთა გაკონტროლება შეუძლებელია"
02-03-2015
"პუტინმა ისეთი ძალები გამოაღვიძა,  რომელთა გაკონტროლება შეუძლებელია"
"რუსული იმპერიული იდეოლოგია ახალ კოშმარს გვპირდება ყველას და ამ ახალ კოშმარსაც მომხიბლავი სახელი ექნება"

"როდესაც მავანი პრემიად ათიათასობით ლარს იღებს, ეს უკვე ფსიქოლოგიურად აუფასურებს ფულს"


რუსეთი სულ უფრო და უფრო საშიში ხდება მსოფლიოსთვის და ამას დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერები უკვე აღარ მალავენ. მსოფლიო საზოგადოებრიობას თავზარი დასცა რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობამ. ექსპერტთა ნაწილის აზრით, შესაძლოა, ამ ტრაგედიამ რუსეთში პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო განწყობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი, თუმცა, ნაწილი სკეპტიკურად
არის განწყობილი. უკრაინაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა ევროპაში ნატოს ძალების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა. მისი თქმით, მოსალოდნელია საქართველოსა და მოლდავეთზე რუსეთის ზეწოლა. რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს ამჯერად კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ლარის გაუფასურების  გამო კიდევ უფრო
დამძიმდა და მმართველი კოალიცია დამაჯერებლად არ გამოიყურება.  ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებსა და საგარეო საფრთხეებზე ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ვესაუბრეთ:


- ნდობის პრობლემა ხელისუფლებას უკვე აქვს. ეს ბუნებრივიცაა. როდესაც ამომრჩეველს რაციონალიზმი აკლია და იოლად ახდენს პოლიტიკური ფიგურის მითოლოგიზებას, ვინმეს მიმართ ნდობა არანორმალურ ხარისხს აღწევს. სამწუხაროდ, ეს ჩვენთან ხშირად ხდება. არჩევნების შემდეგ იწყება გამოფხიზლება და ნდობაც თანდათან იკლებს. ამ დროს მთავარია, ეს კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოსცდეს.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებისადმი ნდობის შემცირება უფრო აშკარა იქნებოდა, რომ არა "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა და მისი ლიდერების მცდელობა, ოპოზიციის ავანგარდში იყვნენ. აშკარაა, რომ სწორედ ისინი თამაშობენ დღეს ხელისუფლებისათვის მეხამრიდის როლს.

სრულიად თვალსაჩინოდ მივდივართ ვითარებისკენ, როდესაც საზოგადოებაში დაისმება საკითხი ვითარებიდან გამოსავლის თაობაზე. შესაბამისად, მოსალოდნელია ახალი პოლიტიკური აქტორების გამოჩენა.  მოკლედ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მიუღებლობა ხელისუფლებას სასათბურე პირობებს უქმნიდა და დღემდე უქმნის, თუმცა, ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. საქმე მხოლოდ ლარის კურსის დაცემა არ არის. საკადრო შეცდომებმა, ამორფულმა საშინაო და საგარეო პოლიტიკამ, ურთიერთდაპირისპირებამ კოალიციაში და ა.შ. თავისი შედეგები იქონია.

- ბიძინა ივანიშვილმა ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაადანაშაულა. "გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ვალუტის კრიზისამდე თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა", - განაცხადა ივანიშვილმა. ხელისუფლების წევრები ახლა სწორედ ქადაგიძეს ადანაშაულებენ პანიკის შექმნაში, თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები აქამდე აცხადებდნენ, რომ ეროვნულ ბანკთან სინქრონულად მუშაობდნენ... რამდენად სწორი იყო ის განცხადებები, რომელთაც ხელისუფლებისა თუ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები აკეთებდნენ საზოგადოებაში დაძაბულობის გასანელებლად? ექსპერტთა ნაწილის აზრით, აქაც მნიშვნელოვანი შეცდომებია დაშვებული...
- ფინანსისტი არა ვარ და ვერაფერს გეტყვით, ლარის გაუფასურებაში რა წვლილი მიუძღვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ვფიქრობ, ლარის გაუფასურების გამო ეროვნული ბანკისკენ ხელის გაშვერა, გარდა ობიექტური საფუძვლისა, განტევების ვაცის ძიებითაც არის განპირობებული. ყველაფერს თავი დავანებოთ და, ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელს უხერხულიც არის "ნაციონალების" საბოტაჟზე ლაპარაკი, რადგან
ისმის ლოგიკური კითხვა, რას აკეთებდი ამ წლების განმავლობაში და რატომ არ შექმენი ამგვარი საბოტაჟისაგან თავის დაზღვევის მექანიზმები?

ვისურვებდი, რომ ეროვნული ბანკის როლის შესწავლასთან ერთად, იმაზეც დაფიქრებულიყვნენ, თუ როგორი  ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა ჩვენს ეროვნულ ვალუტას უზომო პრემიებსა და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებულმა ისტორიამ. როდესაც მავანი პრემიად ათიათასობით ლარს იღებს, ეს უკვე ფსიქოლოგიურად აუფასურებს ფულს. შთაბეჭდილება მექმნება, რომ სახელისუფლებო საინფორმაციო პოლიტიკა, ისევ და ისევ, წამიერი გენიალური შთაგონების პრინციპზე იგება და ყოველდღიურად ლარის გაუფასურების ახალ და ახალ მიზეზებს გვისახელებენ. ასეთმა შეუთანხმებლობამ კი იოლად შეიძლება შექმნას კონცეპტუალური უმწეობისა და დაბნეულობის შთაბეჭდილება.

-  შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო და უფრო მძაფრდება ლაპარაკი რიგგარეშEე საპარლამენტო არჩევნებზე. ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ამ ცოტა ხნის წინ რიგგარეშე არჩევნები არ გამორიცხა... თქვენ რას ფიქრობთ, ეს მოსალოდნელია და მზად არის, ამისთვის მმართველი კოალიცია?
- რიგგარეშე არჩევნებისათვის ნამდვილად არავინ არის მზად.
ასეთ ვითარებაში შედარებით წარმატების შანსი ეძლევა იმას, ვისაც ამომრჩევლის მობილიზება შეუძლია. ეს კი ყველაზე მეტად "ნაციონალებს" შეუძლიათ, თუმცა კი მათი მხარდამჭერების რაოდენობა ძალზე შემცირებულია. სამწუხაროდ, "ოცნებამ" ვერ შეძლო თავის მომხრეებში ენთუზიაზმის შენარჩუნება. ამ ვითარებაში ამომრჩეველი პასიური იქნება და არა მგონია, ვინმე დიდ იმედს ამყარებდეს ახალ არჩევნებზე. თუკი ვინმე ახლა ამის სურვილს გამოთქვამს, ეს უფრო პოლიტიკური დეკლარაციაა, ვიდრე რეალური მიზანდასახულობა.

"ოცნება" თავის რიგებში დაუპირისპირდა სწორედ პირთა იმ კატეგორიას,  რუსული პროპაგანდისტული შტურმის საპირწონეს რომ ქმნიან. ამან კი საგრძნობლად გამოაცოცხლა ჩვენი შინნაზარდი "პუტინიზმი". გაირიყა ბევრი ის პირი, ვისაც სტრატეგიულად აზროვნების პოტენციალი აქვს - მნიშვნელობა არა აქვს, მოგვწონს თუ არა მათი ნააზრევი. მათი ჩანაცვლება მოჭიდავეებითა და მსახიობებით, ხოლო ოპონენტების დათრგუნვა სოციალურ ქსელებსა და ინტერაქტივებში ჩასახლებული ტროლებით, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. დემოკრატია ხომ საკუთარ რიგებში ოპონენტის არსებობის დაშვებასაც ნიშნავს.

აგრესიულად მორჩილ უმრავლესობას ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა არ შეუძლია და ამას კარგად ხვდება რიგითი ამომრჩეველი. მორჩილს  მხოლოდ პირველი პირის უსიტყვო მიყოლა და კორუფციული კავშირების გაბმა ძალუძს. კორუფცია ხომ მორჩილების ფასია.

-  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მოკლე ხანში გეგმავს ქვეყანაში დაბრუნებას. სხვათა შორის "ნაციონალები" 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ.

- ვიტყოდი, რომ დღევანდელი ხელისუფლება, უფრო მესამე ძალისათვის ამზადებს ნიადაგს, ვიდრე "ნაციონალების" მოსაბრუნებლად. ეს უკანასკნელები საკუთარ თავს იმავე სახით გვთავაზობენ, რასაც 2012 წელს წარმოადგენდნენ, როდესაც თავიდან მოვიშორეთ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მათ რიგებში არავის სურს გაიგოს, რამ განაპირობა მათი მარცხი და მათთან გაუცხოება. მიუხედავად ზოგი რეფორმის წარმატებისა, ისინი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ ფაქიზ სფეროებს შეეხნენ უხეშად, რომ წარმატებებიც გადაიფარა. თუ მათ შორის ვინმე მიიჩნევს, რომ ხალხმა ყველაფერი დაინახა და ისევ მათ ნატრობენ, უკეთეს შემთხვევაში, გულუბრყვილოა. თავისი აქტიურობით უმალ იმ საშინაო და საგარეო ფონს ქმნიან, რომელიც წარსულის გამო პასუხისმგებლობისგან დაიცავს. ცოტა ხნის წინ
ჩვენში ინტენსიურად განიხილავდნენ მაიდნის სცენარის შესაძლო გათამაშებას. უახლოეს ხანებში ამის განხორციელება ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ეს რომც მოხდეს, საეჭვოა, ამით "ნაციონალურმა მოძრაობამ" იხეიროს.
გავიხსენოთ, რომ მაიდნის მოვლენებს უკრაინაში არ მოჰყოლია ტიმოშენკოს რეაბილიტაცია. პირიქით, მაიდანმა ახალი სახეების გამოჩენას შეუწყო ხელი.

- პაუზის შემდეგ აბაშიძე-კარასინის ფორმატში მოლაპარაკება განახლდა. იმ განცხადებების შემდეგ, რაც აბაშიძისგან მოვისმინეთ ნატოზე, აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკების თაობასა და ამაში რუსეთის როლზე, ოპონენტებისგან გაისმა შეფასებები, რომ ეს ფორმატი ქვეყნისთვის უკვე საშიშია და უნდა შეწყდეს... კულუარული ინფორმაციით, ბოლო შეხვედრისას კრემლმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, რომ 2011 წლის ხელშეკრულების შესრულების სანაცვლოდ სარკინიგზო მარშრუტი მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი გაიხსნას...

- ჩემი აზრით, არსებულ ვითარებაში ჩვენ სიტუაციის დაკონსერვების გარდა არაფერი შეგვიძლია. მოსკოვი-ერევნის რკინიგზის ამუშავება აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭებას და რუსებისათვის აფხაზეთის სრული ეკონომიკური ათვისებისთვის იარაღის მიცემას ნიშნავს. რკინიგზის ამუშავებას დიდი როლის შესრულება შეუძლია რეგიონული პოლიტიკური სურათის შეცვლაში. რას მივიღებთ ამის წილ? - ეჭვი მაქვს, არაფერს. ხომ ვხედავთ, რომ რუსული იმპერიალიზმი არც კი უშვებს ყოფილ კოლონიებთან დიალოგისა და მათი ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას.

- მიუნხენის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინაში ვითარება კვლავაც უმძიმესია. როგო­რია დღეს უკრაინაში მიმდინარე პროცესების თქვენეული შეფასება და რამდენად ადეკვატურია დასავლეთის ნაბიჯები რუსეთის შესაჩერებლად? გაგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკელმა სენატორმა მაკკეინმა მწვავედ გააკრიტიკა დასავლეთის პოლიტიკა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საერთაშორისო­ თანამეგობრობის შეშფოთებას გულისამრევი­ უწოდა...
- ეს არის დასავლეთის სტილი. ევროპა­ იოლად იშვიათად დგამს რადიკალურ ნაბი­ჯებს.
ევროპის ქვეყნებს ომს„"მცირე" დათმობები ურჩევნიათ, მით უმეტეს, თუ დათმობები სხვის ხარჯზე ხდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპასა და ამერიკაში ესმით ნათლად, თუ რა საფრთხეს მოიცავს რუსული რევანშიზმი.

იგი არ დასჯერდება ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინას, თუნდაც პუტინი კულუარულ მოლაპარაკებებში ამის პირობას იძლეოდეს. რუსული ნაციონალიზმი სრულ რევანშს მოითხოვს "ცივი ომის" წაგების გამო. თანაც პუტინსაც ესმის, რომ საომარი მოქმედებების შეჩერება ეკონომიკურ პრობლემებს გააშიშვლებს და რომ დღეს რუსული სახელმწიფოს გადარჩენა მხოლოდ მტრის ხატს შეუძლია. მცირე ომი და დიდი ომის წამოწყების შესაძლებლობაზე მინიშნება მისთვის დღეს ერთადერთი გამოსავალია. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ იგი შეინარჩუნებს გამოუცხადებელი და არაფორმალური ომის რეჟიმს. მოგეხსენებათ, ომი ჰიპნოზურად მოქმედებს რუს მოსახლეობაზე. პუტინი პრიმიტიულ ნაციონალისტურ რიტორიკასაც არ ერიდება - გავიხსენოთ, რა თქვა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობაზე და რიტორიკას როგორ შესწირა მეზობელთან ურთიერთობა. მისი ზოგი განცხადება ოდიოზურობით ჟირინოვსკის განცხადებებს აღარაფრით სჯობს. მასშტაბურ ომზე რუსეთი ვერ წავა ტექნიკური და ფინანსური რესურსების უქონლობის გამო.

დასავლეთი, თავის მხრივ, პროცესების გაჭიანურებას ცდილობს, რათა მოვლენები ეკონომიკური ომის რეჟიმში გადაიყვანოს. საამისოდ კი, როგორც ვთქვი, “ბარტყების გადაგდებაზეც” არის მზად.
მოკლედ, ძალიან რთულ ფაზაში შევდივართ. ეს გაურკვევლობა, ალბათ, დიდხანს გაგრძელდება.

- მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობა მართლაც შოკის მომგვრელია. როგორ ფიქრობთ, ეს მკვლელობა რუსეთში საპროტესტო მუხტს გააძლიერებს?
- ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური მკვლელობები ხშირად გამოიყენება მავანის მიერ საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვანწილად ფორმირებისთვის, მით უფრო, ე.წ. ახალი დემოკრატიის ქვეყნებში.
რუსეთს პოლიტიკური მკვლელობის საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს, რაც პუტინის რეჟიმის დამახასიათებელ ნიშნადაც იქცა. მიმაჩნია, რომ ეს მკვლელობა ჩადგება იმ გამოუძიებელ მკვლელობათა რიგში, რომელიც ბოლო წლებში მოხდა რუსეთში.

საპროტესტო განწყობის გაძლიერებას კი ნაკლებად ველი, რადგან ამ ეტაპზე უკრაინის ომის მუხტის რაიმეთი გადაფარვა რთულად წარმოსადგენია. საქმე ის არის, რომ რუსეთში სამხედრო-პატრიოტული განწყობა ისეთი მძლავრია, მისი დაძლევა კარგა ხანს შეუძლებლად მიმაჩნია. როგორც უკვე ვთქვი, ომი ჰიპნოზივით მოქმედებს რუსეთის მოსახლეობაზე. 

ის, რაც რუსეთში ხდება, უკიდურესად საშიშია მთელი მსოფლიოსთვის. კაცობრიობამ უკვე კარგად იცის, თუ რას უნდა ველოდოთ, როდესაც რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება ნაციონალ-უტოპიური და ნაციონალ-მისტიკური წარმოდგენებით აღიჭურვება.

პუტინმა 2008 წელს გამოაღვიძა ძალები, რომელთა გაკონტროლებაც უკვე შეუძლებელია. ამ აზრით, იგი იძულებულიცაა, იყოს აგრესი­ული და ახალ-ახალი პრეტენზიები წამოაყენოს იმ იმედით, რომ დასავლეთი უკან დაიხევს. პირადად ჩემთვის მიმანიშნებელი იყო მისი საგანგებო ზრუნვა რუსეთის უახლესი ისტორიის გაგების შეცვლაზე. პუტინი ხედავდა, თუ როგორ ახდენდა იმპერიალისტური ენერგიის პარალიზებას მუდმივი საუბარი საბჭოთა დანაშაულებზე და ცდილობს, ამ ეპოქაშიც რუს ობივატელს სიამაყისა და ენთუზიაზმის საფუძველი მისცეს. შედეგად კი ვიღებთ ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ შეთქმულ იმპერიას, რომელიც მხოლოდ საბჭოთა ეპოქის ისეთი ნაშთებისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას, როგორიცაა კუბა ან ჩრდილოეთ კორეა. ოდესღაც ითქვა, რომ ბოლშევიზმი ადამიანებს აიძულებდა, სხვის კოშმარულ სიზმარში ეცხოვრათ. დღევანდელი რუსული იმპერიული იდეოლოგია ახალ კოშმარს გვპირდება ყველას და ამ ახალ კოშმარსაც მომხიბლავი სახელი ექნება. თუ წინას საყოველთაო სოციალური თანასწორობა ერქვა, ახალს „სულიერებისა და ზნეობის საუფლო ჰქვია. თავისთავად არც ერთია ცუდი და არც მეორე. საშიში მაშინ არის, როდესაც ბარბაროსული პირდაპირობით ხორცს ასხამენ მათ. კოშმარული სიზმარი იწყება მაშინ, როდესაც ბარბაროსული ვოლუნტარიზმი პოლიტიკურ ძალაუფლებას მოიპოვებს და კაცობრიობის გარდაქმნას იწყებს. პუტინმა ახლა თავისი რიტორიკა რომ შეარბილოს კიდეც და უკანაც რომ დაიხიოს, მის მიერვე გაღვიძებული ნაციონალიზმის ინერცია გადათელავს. მუხლებიდან წამომდგარი “დერჟავის” იდეა საშუალო რუსისათვის კომპენსაციაა ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში განცდილის გამო.

- უკრაინაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა ევროპაში ნატოს ძალების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა. მისი თქმით, მოსალოდნელია საქართველოსა და მოლდავეთზე რუსეთის ზეწოლა. რა ბერკეტები შეიძლება აამოქმედოს რუსეთმა ამჯერად ჩვენს წინააღმდეგ? შესაძლებელია თუ არა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ისარგებლოს და ხელისუფლებაში მისდამი უფრო ლოიალურად განწყობილი ძალების მოყვანა სცადოს?

- როგორც ჩანს, საერთაშორისო პარტნიორებისა თუ მეტოქეების აღქმისას ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვურად იდეალისტები ვართ. არადა, კარგად ვხედავთ, ისინი როგორი პრაგმატულები არიან. დასავლეთი ჩვენთვის საშუალებაა და ეს კარგად უნდა გავიაზროთ - საშუალება იმისა, რომ როგორმე გავეცალოთ რუსული სისხლიანი ისტორიული ექსპერიმენტების არეალს. თავად დასავლეთს რომ უამრავი ნაკლი აქვს, სრულიად ცხადია.
რუსეთი ისარგებლებს ყველაფრით, რისი სარგებლობის შანსიც მიეცემა. ნებისმიერ ქვეყანაში არიან პირები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისეული წარუმატებლობის მიზეზს სადღაც გარეთ ეძებენ, უპირველესად, ხელისუფლებაში.

ასეთები საკუთარ ღირსებას მხოლოდ სამიტინგო რევოლუციურ ვნებათაღელვაში გრძნობენ. როდესაც ასეთები თავიანთ აგრესიას ხელისუფლებას დაატეხენ თავს, კიდევ არა უშავს, მაგრამ როდესაც აგრესიას დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსკენ მიმართავენ, ვიღებთ პუტინიზმს მთელი თავისი უზნეობითა და აბსურდულობით.
სამწუხაროდ, ჩვენში ასეთები არსებობენ, თუმცა კი ეროვნული ღირსება ისეთი რამ არის, დარწმუნებული ვარ, იგი არ დაუშვებს მონების რევოლუციას მონობის სახელით.

ნათია დოლიძე
gia
03 მარტი 2015 17:42
მსოფლიო არის დიდი მატრიოშკა რომელშიც ზის პატარა მატრიოშკა საქართველო და საქართველოში ზიან უფრო პატარა მატრიოშკები ადამიანები, ესაა მსოფლიოს სულიერი ანატომიის პატარა ნაწილი..ადამიანებს ქართველებს თუ განვიხილავთ როგორც სახელმწიფოებს გულით ზოგი რუსეთია ზოგიც ამერიკა მაგრამ ის ვინც ლოცულობს და საქართველოზე გული შესტკივა იმ ხალხს საქართველოში იმდენი ადგილი უკავია რამდენი ადგილიც საქართველოს უკავია მსოფლიოში...რაც შენს გარშემოა ყველაფერი შენი შინაგანის სარკეა ამიტომ შეცვალე საკუთარ თავში რაღაც და შენს გარშემოც შეიცვლება რაღაც, ესე უნდა იფიქროს ქვეყანამაც და ადამიანმაც..ჩვენს ქვეყანაში იმდენი პრობლემაა საგარეო პოლიტიკას მაქსიმალურად უნდა შევეშვად და ამ პრობლემებს მივხედოთ !
glaxuna
02 მარტი 2015 22:03


როცა პრინციპულნი და ღ ი რ ს ე უ ლ ნ ი შევიქმნები , მამაცი წინაპარავით,და მტერს-მტერს დავარქმევ და მეგობარს-მეგობარს და ძველებურად ,,მტრის-მტრისას და მოყვარეს-მოყვრისას,, ვიცხოვრებ და ცხოვრების წესად გადააქცევ,

ანუ შ ე უ პ ო ვ ა რ ი მებრძოლი...თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის,

ანუ ჩრდილოეთ... საქართველოს ისტორიაში საქართველოს სახელმწიფოებრიობის ყველაზე დაუნდობელ მტერთან შ ე უ პ ო ვ ა რ ი,
და მიზნათ დ ა ვ ი დ ე ბ თ 200 წლოვან მონურ დამოკიდებულებაში ჩამოყალიბებულ კრიმინალუ-ფარისეველ მენტალიტეტის მოშორებას,ორიენტირებულნი შევიქმნებით: სწავლასა და შრომაზე ,და ნ დ ო ბ ა ს დავიმკვიდრებთ ღ ი რ ს ე უ ლ დასავლელ ერთა თვალსა და გონებაში,როგორც თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის შეუპოვარი მებრძოლი ,ანუ შევიქმნებით ღ ი რ ს ე უ ლ ნ ი...

მაშინ მ ი გ ვ ი ღ ე ბ ე ნ ევროპის თანამეგობრობაში და არ დაგვჭირდება არც აშშ-ს შტატობა ...

თურქულ-აზერბაიჯანული სამყაროც გაცილებით პ ა ტ ი ვ ი ს ც ე მ ი თ ი და მოკრძალებითი დამოკიდებულება ექნებათ ქართველობისადმი და საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს ა დ მ ი და...


რატომ გვავიწყდება ?!

,,თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა,მაკედონელიც ვერ უშველის...,,
arsena
02 მარტი 2015 16:59
ხომ იცი რომ გამორიცხულია იდეინი მასტი.

რედაქტორის რჩევით