"ცხინვალსა და აფხაზეთში წვრთნებით პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს"
09-03-2015
"ცხინვალსა და აფხაზეთში წვრთნებით  პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს"
"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტის  აქციით მთავრობას ვერ შეცვლის, ამისთვის არც გავლენა და არც პოლიტიკური რესურსი არ ეყოფა. ფული კი აქვთ, იცოცხლე, მაგრამ ეს არ უშველით"

"წინა ხელისუფლებისას მეფობდა ელიტური კორუფცია, ახლა კი სახეზე გვაქვს ქვედა რგოლების კორუფცია"


საქართველოში  დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნატოს გაფართოების თაობაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებას: "ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ნატოში გაწევრების სურვილი და გააკეთეს შესაბამისი განაცხადი, უნდა ეთქვათ უარი, რადგანაც, ჩვენი აზრით, ნატო ამ ეტაპზე არ უნდა
გაფართოვდეს." ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი განცხადების უკან იკითხება ევროპის რუსეთისადმი დამოკიდებულება და უკრაინაში პროცესების გაჩერების სანაცვლოდ კრემლის მისამართით გაკეთებული რევერანსი. ამავე დროს ირკვევა, რომ ევროკავშირის რიგის სამიტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება. ისმის კითხვა, ამ
ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს საქართველო და პროცესების ამგვარად განვითარებაში ხომ არ არის ხელისუფლების არასწორი საგარეო პოლიტიკის წილიც? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.


- შეგახსენებთ, ოლანდის განცხადებამდე თითქმის ამგვარი პოზიცია გამოხატა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, უფრო ადრე კი - საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა სარკოზიმ. ასე რომ, ეს ახალი ამბავი არ არის. ცხადია, დასავლეთი, უფრო კი ევროპა, ცდილობს, ვითარება დღეს არსებულზე მეტად არ დაძაბოს და გაამწვავოს. მიმაჩნია, რომ ამგვარი პოლიტიკა მაინცდამაინც პროდუქტიული არ არის, მაგრამ ისინი სხვაგვარად ფიქრობენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ დასავლეთისკენ სვლა უნდა შეაჩეროს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს საკითხები უნდა გადაწყდეს შესაფერის დროსა და ვითარებაში. დასავლელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ზედმეტი აქტივობა და აგრესია ამ მიმართულებით საჭირო არ არის. უნდა გავიხსენო სარკოზის ერთი ციტატა: "შეგახსენებთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენ ნატოში იმ ქვეყნების მიღებას ვცდილობთ, რომელთაც საზღვრების პრობლემები მოუგვარებელი აქვთ. არ ვაპირებთ ნატოში პრობლემების იმპორტირებას."

- თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ამის პარალელურად მუდმივად გვესმოდა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღია იყო, შესაბამისად, ჩვენთვის ხვალინდელი დღე დაუკავშირდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დღეს კი გვეუბნებიან, რომ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა...

- დღეს მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად აუხსნას ხალხს, რომ ნატოში შესვლა ხვალინდელი დღის წესრიგი არ არის და ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია.
სამწუხაროდ, ევროპასთანაც იმავე პრობლემებმა იჩინა თავი, თუმცა, ამ პრობლემების მოგვარება უფრო მარტივი მგონია. გარდა ამისა, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ის მრავალვექტორიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენგან მოითხოვენ დასავლელი პარტნიორები და რომელიც გულისხმობს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთანაც, ურთიერთობის ფორმატების შექმნას. რუსეთს აუცილებლად უნდა ველაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, რომ მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი...

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, გადავწყვიტოთ ერთი საკითხი - ან ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ჩამოკიდებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "კონფლიქტების ნემსზე",  ანაც უნდა შევქმნათ ინიციატივათა პაკეტი, რომელიც ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემათა მოგვარებასა და ურთიერთობის დამყარებაზე იქნება ორიენტირებული. ამასთანავე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებაზე. აუცილებელია განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია და გავარკვიოთ, რა გვინდა ხვალინდელი დღისგან. ეს შეიძლება ვინმემ ფილოსოფიურ განსჯად ჩამითვალოს, მაგრამ ეს არის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი... როდესაც ეძებ შენს ფუნქციას გეოპოლიტიკურ სივრცეში, ცდილობ, ეს ფუნქცია მისაღები იყოს შენი მეზობლებისთვისაც, რათა მისი წარმატებით შესრულება შეძლო. ეს შეიძლება იყოს ჰუმანიტარული, შეიძლება - ეკონომიკური ფუნქცია, უმჯობესია თუ ორივე ერთად იქნება.

სამწუხაროდ, რეგიონული პოლიტიკის თამაში ძვირად დაგვიჯდა დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან. ახლა გვმართებს, გადავხედოთ ჩვენს ტრადიციულ პოლიტიკას და ვიფიქროთ ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ახალ მიდგომებზე.

ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი. ის პოზიცია და პრობლემები, რაც დღეს გამოჩნდა დასავლეთში, ჩვენთვის ბევრი რამის მანიშნებელი უნდა გახდეს..
.
- შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში, დასავლური არჩევანის გამო, ბევრჯერ აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. დღეს დასავლეთისგან ასეთი პასუხი ქვეყნის საგარეო არჩევანის მიმართ ნიჰილისტურ გრძნობებს არ გააძლიერებს?
- ვფიქრობ, ამის ნიშნები უკვე ცხადად ჩანს. საზოგადოების რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთი ჩვენ არ გვეხმარება და პრობლემების გარდა, არაფერი მოაქვს, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ დასავლეთის მოქმედების მიუხედავად, ქვეყნის დასავლური ვექტორის შესუსტება არ შეიძლება. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს ვექტორი უნდა შევინარჩუნოთ თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს სამეზობლოსთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს. წარმოიდგინეთ,
რომ არა ჩვენი დასავლური მისწრაფებები, ჩვენი მეზობლები, რომლებიც ისედაც კბილებს ილესავენ საქართველოს ტერიტორიებზე, რას იზამდნენ? - ალბათ, გადაგვსანსლავდნენ.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დასავლეთისკენ სწრაფვაზე უარის თქმა, ოღონდ ფორმის შერჩევაა საჭირო, არ არის აუცილებელი, ვიყოთ დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკის ავანგარდში. ის, რომ დასავლური ევროინტეგრაცია ჩვენი პრიორიტეტია, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მეზობლებთან არ შევეცადოთ საერთო ენის გამონახვასა და მოქნილი პოლიტიკის გატარებას.

- "საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არსებობს კითხვა, სად უნდა იყოს საქართველო... ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას ვეკუთვნით და გვინდა, ვიყოთ მისი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე... ასევე ვაკაკუნებთ ნატოს კარზე", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თუმცა, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს კაკუნი, ჯერ არ ვიცით. იყო მოლოდინი, რომ ა.წ. მაისში დაგეგმილ ევროკავშირის რიგის სამიტზე საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, თუმცა ჯერ ევროკავშირის მოხელეებმა მიგვანიშნეს, რომ ამ გადაწყვეტილებებს­ არ უნდა ველოდოთ, შემდგომ კი საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რიგის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის...
- ნაწილობრივ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესეც რუსეთისთვის გაღებული ხარკია... დღეს ევროკავშირში ძალას იკრებს პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, რომელიც მოქმედებს პრინციპით - ევროპას გართულებები არ სჭირდება! ესენი ძირითადად ე.წ. ბებერი ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ზოგიერთმა ამას წინათ ისიც გაიხსენა, - უფროსი ბუშისა და ელცინის მოლაპარაკებებისას იყო ზეპირი შეთანხმება, რომ ბალტიისპირეთის გარდა, დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრცე რუსული გავლენის ქვეშ დარჩებოდა. ისინი ცდილობენ, ბოლომდე გაიტანონ თავისი და გააჩუმონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და დასავლური ელიტის ის წარმომადგენლები, რომლებიც აშკარად უპირისპირდებიან რუსეთს, მაგალითად, ბრიტანელები. დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი იტალიის წარმომადგენელია, იტალიისა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ განსაკუთრებული პოლიტიკით, ისევე როგორც საფრანგეთი.

- ევროინტეგრაციის მიმართულებით პროცესების შენელებაში ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის წილიც ხომ არ არის?
- უკრაინის მოვლენები რომ არა, შეიძლებოდა ამაზე გველაპარაკა, მაგრამ უკრაინის პროცესებმა გააშიშვლა ერთი უმწვავესი პრობლემა - დასავლეთში პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა. დასავლეთს სურს, ეს სივრცე მისი ნაწილი გახდეს, მაგრამ არ შეუძლია... აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს ევროკავშირსა და ნატოში გავლენის მოპოვება და მიდგომების შეცვლა.

- ამასობაში რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში...

- ერთი შეხედვით ეს არის გეგმური წვრთნები, რომელიც სამხრეთ ფედერალურ ოლქში, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება ხოლმე, მაგრამ დღეს ამ წვრთნებს უპირველესად აქვს ძალის დემონსტრირების დანიშნულება. ცხინვალსა და აფხაზეთში წვრთნებით პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს. ეს არის პასუხი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო კონტინგენტის - საზღვაო ხომალდების გამოჩენაზე, რომლებიც ასევე დემონსტრაციულად მოძრაობენ უკრაინის ტერიტორიული წყლების მოსაზღვრე ნაწილში. მათი მოქმედებაც დემონსტრაციულია, ხომ ვიცით, რომ რეალურად ეს საზღვაო ხომალდები უკრაინას არ დაეხმარებიან.

- საქართველოში სამხედრო ესკალაციის საფრთხეს თუ ხედავთ?

- არა მგონია, თუ არ გაჩნდა რაიმე სერიოზული მიზეზი, რის კონტურებიც დღეს არ არის გამოკვეთილი. საქართველოში რუსეთი სამხედრო ინტერვენციაზე არ წავა, თუმცა, სამხედრო მანევრებით დენთის კასრთან ასანთი უფრო ახლოს მიიტანეს. ის არც უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს პირდაპირ, ღია ინტერვენციას. კრემლი საერთოდ უარყოფს თავისი სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში ყოფნას. რასაკვირველია, ეს კონტინგენტი იმყოფება უკრაინაში, მაგრამ ამას რუსეთი არ აღიარებს... რუსეთს რომ ღიად გამოეცხადებინა უკრაინასთან ომი, გამოიყენებდა თავის ავიაციას და ომი ძალიან მალე დასრულდებოდა.

- გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაცრად ილაპარაკა რიგი სამინისტროებისა და რეგიონული ერთეულების მიერ თანხების არასწორ ხარჯვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ამაზე მთელი წლის განმავლობაში მიუთითებდნენ, აქამდე ამ შეცდომებს არავინ აღიარებდა. რა მოხდა ახლა და როგორ შეაფასებთ­ პრემიერის განცხადებებს?
- მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილს დააგვიანდა... მე ვარ რეგიონული საკრებულოს, კერძოდ, გარდაბნის რაიონის საკრებულოს წარმომადგენელი და პირველივე დღეებიდან ვხედავდი, რა ხდებოდა რეგიონებში. მადლობა ღმერთს, ქვემო ქართლს ახალი გუბერნატორი, პაატა ხიზანიშვილი ჰყავს, რომლის დიდი იმედიც მაქვს... დავუშვათ, 2012 წლის მერე, გასული წლის ზაფხულამდე, რეგიონებში მართვა დიდწილად "ნაციონალების" ხელში რჩებოდა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებიდან შვიდი თვე გავიდა და არსებითად არაფერი შეცვლილა... ცვლილება პოლიტიკური თვალსაზრისით, ფაქტობრივად, არც მომხდარა, რადგან საკრებულოთა დიდ ნაწილში რამდენიმე დეპუტატი თუ შეიცვალა, ძირითადად, ისევ ყოფილი "ნაციონალები" რჩებიან, რომლებიც სხვადასხვა პარტიაში გადანაწილდნენ. არანაირი ინიციატივა, პასუხისმგებლობის აღება... ამის შედეგია ეს კატასტროფული მდგომარეობა.
მთავრობამ ორი წლის განმავლობაში კარგად იცოდა, რომ რეგიონებში არაფერი კეთდებოდა, ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი გაჩერებული რომ იყო, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ ამის შესაცვლელად.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცამ არსებული ვითარების თაობაზე ამბავი მიუტანა და სწორად დაუხატა სურათი ბიძინა ივანიშვილს და მისგან წამოვიდა შესაბამისი ბრძანება, ამიტომაც დატრიალდნენ ასე...

- ბოლო ხანს სამართალდამცავებმა არაერთი კორუფციული სქემა გამოააშკარავეს...
- წინა ხელისუფლებისას მეფობდა ელიტური კორუფცია, ახლა კი სახეზე გვაქვს ქვედა რგოლების კორუფცია. არ ვიცი, იქნებ, მეტასტაზები ზემოთაც წავიდა, თუმცა, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს. რაც შეეხება ამ მოვლენებთან ბრძოლას, ეს პროცესი რომ მიშვებული იყო, ცხადია. გასული წლის ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში, დაიწყო ამ უბედურებასთან სერიოზული ბრძოლა, თუმცა მანამდე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არაფერი გაკეთებულა.

ხელისუფლებაში იყო ჯგუფები, რომლებმაც კორუფციული გარიგებებითა და არასწორად ჩატარებული ტენდერებით დიდი ფული იშოვეს.

ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება. ეე.წ. ტენდერების მაფია დროზე უნდა აღმოიფხვრას, თორემ ეს ვირუსი ეკონომიკას გუდავს.  მართალია, არ მაქვს მტკიცებულება, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და მითითებით დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა. გაგახსენებთ, სწორედ ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაიწყო ე.წ. კახელების საქმე, რომელსაც მიჰყვა სხვა პროცესები. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი თანამდებობის პირი დააკავეს, გადააყენეს... ამის შველა თავიდანვე შეიძლებოდა, მაგრამ... რომ ეშველათ და ძირშივე აღმოეფხვრათ, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა აჭარაში, ოზურგეთში, თბილისში და ა.შ.

- 21 მარტისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დააანონსა, რომლის მოთხოვნაც მთავრობის გადადგომა იქნება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ სულ ცოტა, 100 ათას კაცს ელიან...

- ვფიქრობ, გადაჭარბებულია მათი მოლოდინი, თუმცა, თუ გარკვეული რაოდენობის ადამიანი მაინც მივიდა, ეს მოხდება არა "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხარდასაჭერად, არამედ ამ ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების მიზეზით... "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტის  აქციით მთავრობას ვერ შეცვლის, ამისთვის არც გავლენა და არც პოლიტიკური რესურსი არ ეყოფა. ფული კი აქვთ, იცოცხლე, მაგრამ ეს არ უშველით. რაც შეეხება მოსალოდნელ გართულებასა და ექსცესებს, არ გამოვრიცხავ, შეიძლება თვითონ "ნაციონალებმა" დაგეგმონ ამგვარი რამ, ანაც მათი მმართველობით გაწამებულმა ადამიანებმა გადაწყვიტონ აქციაზე მისვლა და საკუთარი პრეტენზიების გამოთქმა. 

- ბოლო ხანს სხვა ოპოზიციური პარტიებიც ცდილობენ გააქტიურებას და ამისთვის ქუჩას ირჩევენ. რამდენიმე დღის წინ "რეფორმატორების", "თავისუფალი საქართველოსა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიერ მოწყობილ აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს სასტიკად სცემა...

- ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ეს ბიჭი სულ რაღაც შარში ეხვევა, არადა, საუკეთესო ფოტორეპორტიორია. კარგია, რომ სამართალდამცავებმა ადეკვატურად იმოქმედეს და დამნაშავე დაისჯება.
მოვისმინე, რომ ამგვარ აქციებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინსპირირებულს უწოდებენ, რაც არ არის გამორიცხული, თუმცა, ამის ხელაღებით მტკიცება ძნელია. ვინაიდან ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, ოპონენტებს აქვთ ოპონირების კარგი საშუალება და ისინიც ცდილობენ ვითარების გამოყენებას.

- ქვეყანაში ეკონომიკური ფონი კვლავაც მძიმეა, რაც ლარის დევალვაციამ გააუარესა, მთავრობას 5 მარტისთვის უნდა წარმოედგინა სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა, თუმცა, ვერ მოახერხა...

- ძალიან გამაკვირვა განცხადებამ, რომ ვერ მოასწრეს წარმოდგენა, მეგონა, ამგვარი პროექტი სახელმწიფოს ჰქონდა და მასში მხოლოდ გარკვეული კორექტივები უნდა შეეტანათ. დავანებოთ ამას თავი, ის, რაც დღეს ეკონომიკური მიმართულებით ხდება, მართლაც საოცრებაა - საქართველოში ჩამოყალიბდა ჩინოვნიკთა კასტა, რომელიც დისტანცირებულია ყველა პროცესისგან და ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ისინი არც ფულს იპარავენ, არც ქრთამს იღებენ, სხედან რბილ სავარძლებში, იღებენ მაღალ ხელფასებსა და პრემიებს... და არაფერს აკეთებენ. უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც ქართულ რეალობაში ახალი მოვლენაა. არაერთი საუკეთესო პროექტია მომზადებული, რომელმაც ვერა და ვერ გადალახა ეს ბიუროკრატიული უპასუხისმგებლობა და ვერ ამოქმედდა. მაგალითისთვის მოვიტან ავტობუსების ასაგები ქარხნის პროექტს, რომელიც თემქაზე უნდა განხორციელებულიყო და რომელსაც დღის სინათლე ვერა და ვერ ეღირსა... ისევ რაღაც მოლაპარაკებები მიდის, ქაღალდომანიაშია დაკარგული ქვეყანა... ეს თუ არ დასრულდა, არანაირი ეკონომიკური წინსვლა არ იქნება...

ნათია დოლიძე
soso
17 მარტი 2015 22:07
მზირალი შენ რო ელემენტარული ცოდნა გქონდეს გეცოდინებოდა რომ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთიანობას ამერიკასთან ერთად ინგლისი და რუსეთის ფედერაცია უდგებოდნენ თავდებად. მერე? ამერიკამაც, ბრიტანეთმაც თავს ლაფი გადაისხეს .... ხოლო ერთ ერთმა გარანტორმა დაიკიდა ამერიკაც, ინგლისიც და უკრაინაც

Российская Федерация, Соединенное Королевство Великобритании и Северной Ирландии и Соединенные Штаты Америки подтверждают свое обязательство воздерживаться от угрозы силой или ее применения против территориальной целостности или политической независимости Украины и что никакие их вооружения никогда не будут применены против Украины, кроме как в целях самообороны или каким-либо иным образом в соответствии с Уставом Организации Объединенных Наций.

აი რა ჩანაწერია ბუდაპეშტის 1995 წლკის 5 დეკემბრის მემორანდუმში. იცოდე დრევანდელ სამყაროში არავის სიტყვას, არც საბუტს ფასი არააქვს. არც მემორანდუმი, არც სამოკავშირეო შეთანხმება ვერ დაგიცავს თუ სახელმწიფო რომელიც შენი გარანტორია არ არის დაინტერესებული შენს გამო იომოს. და საქართველოს გამოამერიკა არ იომებს. ისე გადაგაგდებენ როგორც ბევრი გადაუგდიათ. ამიტომ შეეშვი ტვინიკოსობას
ალექს
09 მარტი 2015 20:14
ქვეყანას ჭირდება სისტემური ცვლილება და არა მაკიაჟი,რასაც ოპოზიცია და პოზიცია მონაცვლეობით აპიარებენ.
კონსტიტუცია,საარჩევნო კანონმდებლობა და ყველა კოდექსი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის კანონმდებლობის ცნობილ მოდელებთან,ჩვენი არის რუსული მოდელის სარკული ტრაფარეტი,მაკიაჟი არ უშველის !
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხდება ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია,უსაფრთხოებასაც მხოლოდ ამით გავიზრდით.
დღეს ჩვენი წყობა არის რუსული,რუსული კლანური დიქტატურაა გადამღერებული ქართულად ,დროა ის გახდეს დემოკრატიული!!
MZIRALI
09 მარტი 2015 19:04
ერთდერთ საშუალება ჩვენი უსაფრთხოებისა უნდა გახდეს აშშ სამოიკავშირო ხელშეკრულების გაფორმება/ მაგრამ ეს მოხდება შემდეგი პირობებიდან გამომდინარე . თუ აშშ მოვლენ რესპუბლიკელები და შეიცვლება დღევანდელი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში/ სხვა ალტენატივა ამის გარდა არ ჩანს..

რედაქტორის რჩევით