"პირველი პირების შეუთანხმებლობა სახელმწიფოს პრობლემად იქცა" - კვირის პალიტრა

"პირველი პირების შეუთანხმებლობა სახელმწიფოს პრობლემად იქცა"

"ვერ გეტყვით, რომ უპუტინო რუსეთი საქართველოსა და მსოფლიოსთვის უკეთესი იქნება, დიდი ალბათობით შეიძლება უარესიც იყოს"

"სახელმწიფოს რეალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს ეროვნული ვალუტის მასშტაბური დევალვაცია"

დადგა გაზაფხული და ბოლო წლებში ჩვენში ჩამოყალიბებული  პოლიტიკური ტრადიციის თანახმად, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობაც იწყება. ამჯერად "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქცია 21 მარტისთვის დააანონსა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ექსსახელისუფლებო ძალის მიერ დაგეგმილი ეს რიგით მესამე აქციაა და წინა ორისგან განსხვავებით, რადიკალური მოთხოვნით გამოირჩევა. თუ ექსსახელისუფლებო გუნდი 2013 წლის აპრილში ქუჩაში დასავლური კურსის "გადასარჩენად" გამოვიდა, 2014 წლის 15 ნოემბერს კი, რუსთაველის პროსპექტზე რუსულ აგრესიას აპროტესტებდა, ამჯერად "ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს მთავრობის გადასაყენებლად ეპატიჟება. აქციის ორგანიზატორებს განსაკუთრებული მზადება რეგიონებში აქვთ, საიდანაც გეგმავენ აქციის მონაწილეთა ძირითადი მასის ჩამოყვანას. ბოლო დღეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო მოქმედების არაერთი სცენარი განიხილებოდა, მათ შორის - პროცესების ესკალაციისა და არეულობის მოწყობის მცდელობისა. განვლილი კვირის პოლიტიკური მოვლენების შეფასება ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან დაგეგმილ აქციაზე საუბრით დავიწყეთ:

- საზოგადოება მეტ-ნაკლებად შეეჩვია "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედების ფორმებს და მაინცდამაინც დიდი რეაქცია ამაზე აღარ აქვს. რასაკვირველია,

აქციის დაანონსებული თარიღიც და მოთხოვნაც, ვფიქრობ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სრულიად მიუღებელია, რადგან მოსახლეობას ჯერ არ დავიწყებია ის მიზეზები, რის გამოც გაისტუმრა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებიდან.

ჩვენში დღესაც აქტუალურია პოლიტიკური სივრციდან "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობის მოთხოვნა. ვფიქრობ, 21 მარტი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდი იმის საჩვენებლად, რომ მზადება ასეთი აქციისთვის არის ომახიანი, ორგანიზატორთა ოპტიმიზმი კი - უკიდეგანო, მაგრამ შედეგები მათთვის ნამდვილად ვერ იქნება სახალისო და წარმატებული. მინდა, წინასწარვე დავარწმუნო ისინი, რომ არანაირი ძვრა ჩვენს მთავრობაში არ იქნება და არც უნდა იყოს! დღეს ხელისუფლებასა და მთავრობას აქვს შეცდომები, მაგრამ დანაშაულის ჩადენაში ეს ხელისუფლება შემჩნეული არ არის.

-  ბოლო თვეებში ლარის  მკვეთრმა გაუფასურებამ  პოლიტიკური პროცესები აშკარად გაამძაფრა, ოპოზიცია ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებს და ამტკიცებს, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება, ასეთ ვითარებაში რიგითი მოქალაქის უკმაყოფილებაც დღითი დღე იზრდება...

- თუ ამ აქციაზე ხალხი გავიდა, ეს უპირველესად აჩვენებს საზოგადოებასთან ურთიერთობაში სახელისუფლებო ძალების უუნარობას. მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი  და ინფორმაციამოკლებული ადამიანი გავა "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილ აქციაზე, რადგან მისთვის მკაფიოდ არავის აუხსნია, სად არის ძაღლის თავი დამარხული. არაერთხელ ვთქვი, რომ ხელისუფლებას დროულად უნდა გაემიჯნა ერთმანეთისგან ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური და სუბიექტური მიზეზები და კარგად აეხსნა ეს პროცესი საზოგადოებისთვის, რაც არ თუ ვერ გააკეთეს.

ფაქტია, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანმიმართულმა აჟიოტაჟმა და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ დაგეგმილმა შავმა პიარმა უკეთესად იმუშავა. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რეალური ვითარების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებამდე მიტანა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი მთავრობის დისკრედიტაციისკენ მიმართული მკაფიო და ნიჭიერად დაგეგმილი კამპანია აწარმოა. მუდმივად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლება უმაქნისია და სწორედ ამიტომ ხდება ლარის დევალვაცია... ხელისუფლებამ ამას დროულად ვერ დაუპირისპირა ის, რომ საზოგადოებისთვის ლარის დევალვაციის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები განემარტა. ობიექტური მიზეზები იყო ის მიმდინარე პროცესები მსოფლიოსა და რეგიონში, რამაც ჩვენზეც იმოქმედა. რაც შეეხება სუბიექტურ მიზეზებს, ერთ-ერთი მათ შორის არის ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის მოქმედებები. სხვათა შორის,

ჩვენი რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, როდესაც ეროვნულ ვალუტას შეექმნა პრობლემა, მთავრობაზე კი არ მიიტანეს იერიში, არამედ ეროვნულ ბანკზე.

მაგალითად, უკრაინაში პარლამენტის ტრიბუნაც კი არ დაუთმეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ქალბატონს.

- ანუ ხელისუფლების მსგავსად მიიჩნევთ, რომ ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის წილიც არის?

- დიახ, პროცესების დინამიკა ამაზე მიუთითებს. ეს ყველაფერი ძალაუნებურად გვახსენებს 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისი ფავორიტი "საქართველოს ბანკიდან" თურმე შავი ფული - 3 მლნ დოლარი გაიტანა "ქართუ ბანკმა". გახსოვთ, მანქანა რა ამბით დააკავეს, თანხა კი სახელმწიფო ბიუჯეტში წაიღეს. დღემდე ვერ განგვიმარტა თანამდებობაზე შემორჩენილმა ქადაგიძემ, რა მოხდა მაშინ, საიდან გაჩნდა "შავი ფული" "საქართველოს ბანკში", ან საერთოდ, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე?! ეს იყო სწორედ ქადაგიძის პოლიტიკური სიმპათიების თვითლუსტრაცია, სამწუხაროდ, მის ბოლოდროინდელ გამოსვლებშიც გამოსჭვივის იგივე დამოკიდებულება, როდესაც საჯარო-საინფორმაციო  სივრციდან მოძღვრავს საქართველოს მთავრობის წევრებს. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა და კვლავაც ცდილობს ლართან დაკავშირებით აპოკალიფსური სურათი შესთავაზოს საზოგადოებას, რასაც ჩვენთან ერთად ისმენენ ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ინვესტორები, ისმენენ და იჯერებენ, მერე "ნაციონალები" კიდევ თვითონვე კითხულობენ, რატომ არ შემოდის ინვესტიციები საქართველოშიო?! დიახ, მართალია ხელისუფლება, როდესაც ამბობს, რომ ეროვნულ ვალუტაზე ატეხილი აჟიოტაჟი უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო ინტერესებს ვნებს.

- ბოლო ხანს არაერთი ვარაუდი გამოითქვა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, აქციაზე არეულობის ინსპირირება მოხდეს...

- არეულობის სურვილი რომ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", ეჭვი არ მეპარება. ეს არის მხოლოდ ოცნება თუ ამისთვის გამოიყენებენ რაიმე ინსტრუმენტებს, რაც აქამდე არ გამოუყენებიათ, ამას მალე ვნახავთ. სამართალდამცავები უნდა იყვნენ მობილიზებულები იმისთვის, რომ არ დაუშვან რაიმე ექსცესები. არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს ძალა, რომელიც ამ აქციას დაუპირისპირდება, თუმცა, მას არ ექნება არანაირი გამართლება იმით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავე პოლიტიკური ძალაა. საერთოდ, უკვე ძალიან გამღიზიანებელია მმართველი ძალისა თუ "ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში შექმნილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დაპირისპირებები. დროა, გათავისუფლდეს ჩვენი სივრცე ამგვარი დაპირისპირებებისგან, როდესაც ჩანს, რა მტრული დამოკიდებულება აქვთ ქართველი ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფს ერთმანეთის მიმართ. ეს სიძულვილი უპირველესად ვნებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს. ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს.

- საპარლამენტო უმრავლესობამ არდასწრებით უკვე მეორედ ჩაშალა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებული რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, რომელიც ლარის კურსის სტაბილიზაციის გზებს შეეხებოდა. ბოლო შემთხვევაში "ნაციონალების" ინიციატივა გაიზიარა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სწორედ მან მიმართა პარლამენტს სხდომის მოწვევის მოთხოვნით. უმრავლესობაში გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამით პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" თამაში ითამაშა...

- ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თამაშობდეს რომელიმე ერთი პოლიტიკური სუბიექტის თამაშს. ვიღაცას შეიძლება ასეთი პრეზიდენტი უნდოდა კიდეც და რომ არ გამოვიდა, ამიტომაც ჩამოყალიბდა აღმასრულებელი ხელისუფლების ცნობილი დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ. ეს საკითხი რომ არ წამოეყენებინა პოლიტიკურ პარტიას, ვფიქრობ, ამას პრეზიდენტი თავისი ინიციატივითაც გააკეთებდა, რადგან მან მოახერხა გარშემო საკმარისი ეკონომიკური ინტელექტის შემოკრება და მშვენივრად არის ინფორმირებული შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე. მით უფრო, რომ დაპირებულ ვადებში მას არ მიაწოდეს მთავრობის ის გეგმა, რითაც აპირებს ხელისუფლება შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. ის, რომ საკითხის ინიციატორი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, ვიღაცამ სცადა, გამოეყენებინა მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ძმაკაცობისა და ერთ ჭკუაზე ყოფნის მაჩვენებლად, რაც სულელური მცდელობა იყო...

- უმრავლესობიდან და მთავრობიდანაც მარგველაშვილს პირდაპირ მიანიშნეს, რომ ეკონომიკური საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის...

- თემა, რომელზეც ვლაპარაკობთ, არ არის მხოლოდ ფინანსისტებისა და  ეკონომისტების საქმე, ეს შეეხება უპირველესად სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს, რომელზეც პასუხს აგებს პრეზიდენტი. დიახ, სახელმწიფოს რეალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს ეროვნული ვალუტის მასშტაბური დევალვაცია და ისიც, თუ ასეთი საკითხების გადაწყვეტისას შეთანხმებულად არ იმოქმედებენ პრეზიდენტი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები. თუ პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს რაიმე ძველი ანგარიშის გამო იგნორირებას  უპირებენ, ესეც სახელმწიფოს პრობლემაა. პრინციპში, პირველი პირების შეუთანხმებლობა  უკვე იქცა სახელმწიფოს პრობლემად. ასევე ვიზიარებ საპარლამენტო უმრავლესობის განწყობას, რომ ეს თავყრილობა იქნებოდა სწორედ იმ შოუს ნაწილი, რომელსაც თვეებია დგამს "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხდომა არ უნდა ჩატარებულიყო... მიმაჩნია, რომ ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას საკმარისზე მეტი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ამგვარ სხდომაზე საკადრისი პასუხი გაეცათ ოპონენტებისთვის და საზოგადოებისთვისაც აეხსნათ მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ისე, როგორც ეს საკომიტეტო სხდომაზე მოახერხეს. რატომ არ შეიძლებოდა მინისტრებსაც სწორედ საპარლამენტო სხდომის ფორმატში წარმოედგინათ ის სქემები, რომლებითაც აპირებენ ამ ვითარებიდან გამოსვლას და ლართან დაკავშირებული პრობლემების გამკლავებას?!  თუ მათი მსჯელობა საკომიტეტო სხდომაზე დამაჯერებელი იყო, საპარლამენტოზე რატომ ვერ იქნებოდა დამაჯერებელი?!

-  კიდევ ერთი თემაა, რაც პრეზიდენტსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კვლავ გაურკვეველი რჩება. ვგულისხმობ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხს. ნინო გვენეტაძე ამ თანამდებობაზე წარდგენილია, თუმცა, დღემდე გაურკვეველია, რას იზამს უმრავლესობა, ჩვენ ვნახეთ მისი ერთ-ერთი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება... ფიქრობთ, რომ ამ კანდიდატურას, ბოლოს და ბოლოს, დაამტკიცებს პარლამენტი?

- არ გამოვრიცხავ, დაამტკიცოს, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ ამაში. ეს თემაც ვერაფერ სიკეთეს მატებს ქართულ პარლამენტარიზმს. არავის დაუვალდებულებია რომელიმე დეპუტატისთვის ემოქმედა საკუთარი ხედვის წინააღმდეგ. საზოგადოებისთვის ნამდვილად მიუღებელია ასე გაჯანჯლებული პროცედურები.  თუ არ უნდათ ქალბატონი ნინოს კანდიდატურის დამტკიცება, ნუ დაამტკიცებენ, ოღონდ, ბოლოს და ბოლოს, მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება. ერთი თვეა ვუყურებთ სრულიად გაუგებარ პროცესს. ამ თემასთან დაკავშირებით აშკარად ისევ კოაბიტაციაში არიან მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

ნინო გვენეტაძის კანდიდატურა გახდა გარკვეული ლაკმუსის ქაღალდი იმის საჩვენებლად, კონკრეტულ საკითხებში რა ერთნაირი მიდგომები აქვთ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას".

ეს დემაგოგიური ფრაზები მოვიშველიე იმიტომ, რომ ზოგიერთს ამან იქნებ საკუთარი თავი დაანახოს.

-  კვლავაც განსჯის თემად რჩება რეგიონებში არსებული უძრაობა და ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობა. რამდენიმე დღის წინ პრემიერი შეხვდა გამგებლებს და როგორც ამბობენ, საკმაოდ მწვავე იყო ღარიბაშვილის კრიტიკა...

- თავიდათავი ამ პრობლემებისა არის არასწორი საკადრო პოლიტიკა.

რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ საკადრო პოლიტიკა არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე სუსტი წერტილი.

მივიღეთ კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და დახვეწისა და მოსინჯვის გარეშე ამ კანონით ჩავატარეთ არჩევნები, რაც, ვფიქრობ, შეცდომა იყო. შედეგად, ვხედავთ, რომ რეალური თვითმმართველობის ნაცვლად, მივიღეთ სრულიად უპასუხისმგებლო, შეშინებული სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ვერანაირი ინიციატივის წამოყენებას ვერ ბედავენ. მთელი პასუხისმგებლობა გადაბარებულია ცენტრალურ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრზე, რომელსაც, ვფიქრობ, უნდა ჩამოერთვას გარკვეული ფუნქციები და ეს გადანაწილდეს, მაგალითად, ვიცე-პრემიერზე, რომელიც დღესდღეობით არის მხოლოდ აბრა ორი ისეთი დაკავებული მინისტრის კაბინეტის კარზე, რომელთაც ნამდვილად არ სცალიათ კიდევ დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად. მიმაჩნია, რომ ქმედითი ვიცე-პრემიერი სჭირდება ქვეყანას.

- რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რამდენიმედღიანმა გაუჩინარებამ მთელი მსოფლიოს მედია საგონებელში ჩააგდო.გამოითქვა არაერთი ვარაუდი, მათ შორის - პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც...

- მართლაც იმდენი ვარაუდი გამოითქვა მისი გაუჩინარების თაობაზე, მათ შორის ისიც, რომ ფავორიტი ქალისგან შვილი შეეძინა, არ ვიცი, ღირს კი ამაზე სერიოზული ლაპარაკი. მე უფრო სხვაგვარად შევხედავდი საკითხს. ვფიქრობ, მას მართლაც აქვს ამ ეტაპზე სერიოზული პრობლემები და სანერვიულო, რადგან სულ უფრო და უფრო უჭირს თავისივე შეკრებილი ორი გუნდის დამორჩილება, გუნდებისა, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან. მათგან ერთი გახლავთ გაშმაგებული სამხედროების ე.წ. "ქორების" ჯგუფი, რომლებიც მუდმივად უჩიჩინებენ პრეზიდენტს, რომ დაძრას არმია კიევის დასაპყრობად; მეორე მხარე კი არიან პრეზიდენტის ფავორიტი მილიარდერები, რომლებსაც არ მოსწონთ ის ვითარება, რაშიც დღეს აღმოჩნდნენ. მათთვის სრულიად მიუღებელია სიტუაცია, როდესაც ახალი საბჭოთა კავშირის მშენებლობას აიძულებენ.  ამხანაგ პუტინს ამ ორ შეუთავსებელ ძალას შორის ჰარმონიის დამყარება, როგორც ჩანს, ძალიან უჭირს. ვერ გეტყვით, რომ უპუტინო რუსეთი საქართველოსა და მსოფლიოსთვის უკეთესი იქნება, დიდი ალბათობით შეიძლება უარესიც იყოს, რადგან თუ ძალაუფლება "ქორების" ჯგუფს დარჩა, ეს ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს, რადგან მათში ცივილიზაციის ნიავს არასდროს დაუბერავს. მთლად ყველაფერი ისე რომ არ მიდის, როგორც პუტინს წარმოედგინა, ეს ფაქტია. ვინ უმუხთლებს და ვინ უერთგულებს - ეს ყველა იმპერატორის სადარდებელი იყო და არის.

ნათია დოლიძე