ალექსანდრე თვალჭრელიძე: "ზურაბ ჟვანიას შემდეგ საქართველოს ეკონომიკური პროგრამა არ ჰქონია" - კვირის პალიტრა

ალექსანდრე თვალჭრელიძე: "ზურაბ ჟვანიას შემდეგ საქართველოს ეკონომიკური პროგრამა არ ჰქონია"

აგვისტო, როგორც წესი, პოლიტიკურად არააქტიური პერიოდია ზოგადად, მსოფლიოს განვითარებულ თუ განუვითარებელ ქვეყნებში. საქართველო კი ამ მხრივაც განსხვავებული გამოდგა.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარების ამპლიტუდას გადახედა და მინისტრებს თავს რისხვა დაატყდათ. ეკონომიკის მინისტრი, ინვესტიციური შეფერხებების გამო, თანამდებობას გამოეთხოვა, ჯანდაცვის მინისტრმა კი "ბოლო" გაფრთხილება მიიღო. ამას ტრადიციულ რეაქციათა ჯაჭვი მოჰყვა, შესაბამისად, რაკიღა უკვე გათავისუფლებული იყო (როგორც წესი, ქართველი პოლიტიკოსები პოლიტიკურ ნაკლოვანებებს მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ ამჩნევენ ხოლმე) ეკონომიკის მინისტრმა გვამცნო, რომ გილაური, მიუხედავად კომპიუტერისა და ინგლისურის ცოდნისა, არაკომპეტენტური პრემიერი ყოფილა. ჯანდაცვის მინისტრსაც, როცა იქნება, ხომ გაათავისუფლებენ და ალბათ, მერე მოვისმენთ საჯარო განმარტებებს ასი საავადმყოფოს პროგრამის აბსურდულობის შესახებ... ისე, უდავოდ ლაშა ჟვანიას ღირსებაზე მეტყველებს, რომ "ნავის დატოვების" მიუხედავად, ის ხელმწიფე არ გაულანძღავს, ვისთან ერთადაც "ამ ნავში" წლების განმავლობაში იჯდა. ჩვენ სხვაგვარი მორალის პოლიტიკოსებიც გვახსოვს...

სანამ საქართველოში სამთავრობო გარჩევები მიმდინარეობს, რუსეთი ცალკე კატასტროფებს უმკლავდება და ცალკე - ტერაქტებს.  ჩრდილოეთ კავკასიაში მოხშირებული აფეთქებები და შეიარაღებული დაპირისპირება უფრო და უფრო სარწმუნოს ხდის დასავლელ პოლიტოლოგთა ვარაუდს - სოხუმისა და ცხინვალის აღიარებით მოსკოვმა თავის ტერიტორიაზე არსებული ნაღმებიც გაააქტიურა. თუმცა, ალბათ რუსეთის დაშლა-დანგრევაზე ყიჟინის დაცემა ჯერ ძალზე ნაადრევია, მით უმეტეს, რომ პუტინს უკვე ჰქონდა ანალოგიური წინააღმდეგობის გამოყენების პრაქტიკა, მისი ჩახშობის შემდეგ ძალაუფლების განმტკიცების სახით. უფრო დაწვრილებით საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასა და პერსპექტივებზე პროფესორ ალექსანდრე თვალჭრელიძეს ვესაუბრებით:

- გასული კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება იქცა. საინვესტიციო გარემოს განვითარების შეფერხება, სტრუქტურათა შორის შეუთანხმებელი მუშაობა, რიგი ეკონომიკური პროექტების შეფერხება - ასეთია არასრული ნუსხა ბრალდებებისა, რომლებიც პრემიერმა ლაშა ჟვანიას წამოუყენა...

- ბატონი ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლება ცოტა სხვა სიბრტყიდან უნდა განვიხილოთ, ეს არის მმართველ გუნდში ერთიანი აზრის არარსებობის შედეგი. საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით საქართველოს ბევრად რთული პერიოდიც ჰქონია, მაგრამ მაშინ მთავრობა ერთსულოვნად გაიძახოდა, ყველაფერი რიგზეაო. როგორც ჩანს, გარეშე მიზეზს იშველიებდნენ, რომ შიდა სამზარეულოს ამბები არ გახმაურებულიყო. სიმართლე რომ ვთქვათ, საინვესტიციო, გნებავთ, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ვითარება არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა.

- ზოგადად, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ეკონომიკისთვის მინისტრების ესოდენ ხშირი ცვლა. მით უმეტეს, რომ, როგორც წესი, მინისტრის შეცვლას სამინისტროში მთელი ვერტიკალის შეცვლა მოჰყვება - მოადგილით დაწყებული და დამლაგებლით დასრულებული...

- არა მხოლოდ მინისტრის, საქართველოში პრემიერ-მინისტრის შეცვლაზეც ანალოგიური წარმატებით შეიძლება ვიმსჯელოთ. თავის დროზე, ბისმარკმა ასეთი რამ ბრძანა - პოლიტიკა შესაძლოა იყოს მცდარი, მაგრამ ის აუცილებლად თანამიმდევრული უნდა იყოს და ყოველთვის გამარჯვებული იქნებაო. ჩვენთან  კი პოლიტიკა მცდარიც არის და საშინლად არათანამიმდევრულიც. ასეთი იმპულსური მოქმედებები, უპირველესად, არამდგრადი პოლიტიკის გამომხატველია. მეტსაც გეტყვით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე, სადაც ცალკეულ, ალალბედზე გამოჩენილ ინვესტორებს მოარგებენ არსებულ რეალობას და კონცეფცია (თუკი ასეთზე საქართველოში ზოგადად მაინც შეიძლება ვილაპარაკოთ) ლამის წელიწადში სამჯერ იცვლება. ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი, ხანგრძლივი და წინასწარ დასახული გეგმა, ყველაფერი იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილებების ხარჯზე ხდება. მაკროეკონომიკური გარემო, როგორც გითხარით, ალაგ-ალაგ გამოჩენილი ინვესტორის ნება-სურვილით იცვლება, მისი ლობირების თვალსაზრისით. ყველაზე დამღუპველი საქართველოსთვის სწორედ ეს არის, რადგან მხოლოდ ამერიკული და ზოგადად, უცხოეთიდან გამოგზავნილი გრანტებითა და შემწეობებით ნორმალური სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ - ბოშა ქალივით ხელგაწვდილები როდემდე უნდა ვიყოთ? სხვათა შორის, ეს მხოლოდ ერთი და ორი წლის პრობლემა არ არის. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მდგრადი ეკონომიკური პროგრამა არ ჰქონია. მის დროს კი გვქონდა - მუშავდებოდა საგადასახადო კოდექსი, არსებობდა ბატონი ზურაბ ნოღაიდელის მცდარი, მაგრამ მაინც თანამიმდევრული პოლიტიკა... და კიდევ - ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები ერთმანეთთან შერწყმული უნდა იყოს, ვინაიდან არ არსებობს ეკონომიკა ფინანსების გარეშე და პირიქით, ფინანსები ეკონომიკის გარეშე.

- სხვათა შორის, ბრალდებები გათავისუფლებული მინისტრის მხრიდანაც გაისმა - არაკომპეტენტურობასთან, საქმისადმი არასერიოზულ მიდგომასა და უპასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ჟვანიას კრიტიკა პრემიერ-მინისტრმა გილაურმა გამოიწვია...

- იცით, რაშია საქმე? არც ერთია ანგელოზი და არც მეორე... ეს ყოველივე მმართველ გუნდში შეუთანხმებლობის შედეგია და სხვა არაფერი. არ ვიცი, ჩვენი ქვეყნის ძირითადი დამფინანსებლები ვის უჭერენ მხარს და არ ვარ დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც პრემიერ-მინისტრს. ეს დიდი პოლიტიკური საჭადრაკო დაფაა და მასზე დღეს გაკეთებული სვლების რეალური შედეგი ორ-სამ თვეში გამოჩნდება...

- ამავე დაპირისპირებაში ბენდუქიძის "აჩრდილზეც" იყო ლაპარაკი. მიგაჩნიათ, რომ მას კვლავ ძველებური გავლენა აქვს?

- პიროვნებების დახასიათება არ მიყვარს, მაგრამ რუსულ ეკონომიკასთან ესოდენ "შერწყმული" ადამიანის დანიშვნა გადამწყვეტ თანამდებობებზე, როცა საქართველოში რიგი საწარმოების პრივატიზება ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის მიერ ხდებოდა, სტრატეგიული თვალსაზრისით, დამღუპველად მიმაჩნია. ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც დიდწილად მართავდა რუსეთში ბირთვული რეაქტორების გამოშვებას, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო ზოგიერთ რუსულ სტრუქტურასთან, - ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომლებსაც ვგულისხმობ. ბენდუქიძის პოლიტიკა ხომ ყველაფრის - ჰესებით დაწყებული და რკინიგზით დასრულებული - გაყიდვის პოლიტიკა იყო და ყველაფერი, უმეტესწილად, სწორედ რუს ინვესტორებს მიჰყიდეს. საბოლოოდ, ეს პოლიტიკა ბოლომდე რომ მიეყვანათ, დღეს დიდი ნონსენსი გვექნებოდა - ერთი მხრივ, რუსეთთან არ გვექნებოდა დიპლომატიური ურთიერთობა, მეორე მხრივ კი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველები სწორედ რუსი ინვესტორები იქნებოდნენ, უფრო სწორად, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები. როგორიც უნდა იყოს რუსეთი - დემოკრატიული, კომუნისტური, თუ თვითმპყრობელური - ეკონომიკა და ძალაუფლება ივანე მრისხანედან მოყოლებული, ერთმანეთთან იყო შერწყმული. ეს ერთიანი, მონოლითური "უროა", რომელსაც სხვა ქვეყნებს ხშირად ურტყამენ თავში..

- ბოლო დროს პრეზიდენტი ხშირად ამაყობს იმით, რომ ეკონომიკური გუნდის მიერ ჩატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველო გლობალურ კრიზისს გადაურჩა... როგორც ბოლოს გამოჩნდა, მთლად ასეც არ ყოფილა.

- საქმე ის გახლავთ, რომ როგორიც უნდა ყოფილიყო პრეზიდენტისა და მისი ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა, საქართველოზე გლობალური ეკონომიკური კრიზისი გავლენას ვერ იქონიებდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენს ეკონომიკას გლობალურ და ცივილიზებულ ეკონომიკასთან კავშირი არა აქვს. შეგიძლიათ დამისახელოთ რომელიმე ქართული ფირმა, რომელსაც თავისი კვოტები აქვს ნიუ-იორკის მერკანტილურ ბირჟაზე? ეს ერთი, მეორე - მოხდა მსოფლიოს იპოთეკური ბაზრის დაცემა, მაგრამ ჩვენი, არც სახელმწიფო იპოთეკური ფონდები და არც ინვესტორები ასეთ საერთაშორისო კონტრაქტებს არ ყიდულობდნენ, რადგან ჩვენი ეკონომიკა გლობალურ ეკონომიკასთან შერწყმული არ არის. სხვათა შორის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ძირითადი გლობალური ეკონომიკური კრიზისი არცთუ ისე დიდი და საშინელი იყო - მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება სამი- ოთხი პროცენტის ფარგლებში საკმარისი გახდა დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვის, რომ "სახანძრო მანქანებისთვის" ეხმოთ საშველად. არადა, ჩვენთან, ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ვარდნები სამ და ოთხპროცენტიანი კი არა, თხუთმეტ-ოცპროცენტიანია, მაგრამ ქვეყნის დაქცევაზე არავინ ლაპარაკობს. გარდა ამისა, საქართველო თავის წილ დახმარებას მაინც რეგულარულად იღებდა და შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკაც ვითარდებოდა ისე, როგორც უნდა განვითარებულიყო მთლიანად უცხოეთის დახმარებაზე დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკა... ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს ვამბობდი, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მთლიანად უცხოეთზე. ეს დახმარებები იმისთვის უნდა გამოგვეყენებინა, რომ მაკროეკონომიკური, შიდა ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, რომელიც დღემდე არ გვაქვს შექმნილი.

სიტუაცია კი, მიუხედავად ურთიერთბრალდებებისა და ვითომდაც, ერთმანეთისთვის პასუხის  მოთხოვნისა, კვლავაც იგივე რჩება, ჩვენ ისევ დონორების კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული. შემოსული ფული კი ძირითადად, პრივატულ წყაროებზე ნაწილდება. მიკროკრედიტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩაიდო, ზღვაში წვეთია. უნდა ამუშავებულიყო მიწის მეორადი ბაზარი, რომელიც არ ამუშავდა, უნდა გამსხვილებულიყო აგრარული მეურნეობები, რათა აგრარული ტექნიკა შემოსულიყო. ცნობილია, რომ ათ ჰექტარზე ნაკლებ ფართობში ტექნიკის მუშაობა წამგებიანი ხდება. პატარ-პატარა რაღაცები, რა თქმა უნდა, გაკეთდა, ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის სახით, მაგრამ ეს მხოლოდ საწყისია, მომდევნო ნაბიჯი ჯერ არ გადადგმულა მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდათ, არ იციან. ჩვენ არ გვაქვს ხანგრძლივი, ვთქვათ, ათწლიანი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, ნებისმიერი პრემიერის, მინისტრის, თუნდაც მთავრობის ცვლილების შემთხვევაში ქვეყანა მეტ-ნაკლები წარმატებით შეასრულებდა. კომუნისტებსაც კი ჰქონდათ ხუთწლედის გეგმები - სხვა საქმეა, როგორი და რანაირი, მაგრამ ის ხომ იცოდნენ, უახლოესი მომავლისგან რა უნდოდათ, ჩვენ კი ისიც არ ვიცით, საით მივდივართ. ოკეანის ტალღებზე მიშვებული პატარა იალქნიანი ნავივით ვართ, რომელსაც ქარისა და დრო-ჟამის დინება ხან საით გაიტაცებს და ხან - საით... ასეთი "ზიგზაგური" განვითარება კი ეკონომიკისთვის დამღუპველია...

- ბოლო დროს უაღრესად დაძაბულია ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში. აქედან გამომდინარე, ნათელი მომავალი არც ჩვენს "კეთილისმსურველ" რუსეთს უნდა ჰქონდეს, თუმც შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს და რუსეთი სისხლსა და ძალადობაზე დამყარებულ მორიგ ველიკოდერჟავად ჩამოყალიბდეს.

- შესაძლოა, მე ვერ მოვესწრო, მაგრამ ამას თქვენ ნამდვილად ნახავთ - ხანგრძლივ პერსპექტივაში რუსეთს ერთიან სახელმწიფოდ ყოფნა არ უწერია. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ ფედერალურ საზღვრებს ის ნამდვილად ვერ შეინარჩუნებს. რუსმა პოლიტიკოსებმა ტრაგიკული შეცდომები დაუშვეს, როცა აფხაზეთი და ოსეთი ცნეს. ასეთი ქმედებები არასოდეს არის ცალმხრივი. ამით სხვათა თვალში ფაქტობრივად, ისტორიული საზღვრების გადახედვა მოხდა და დღეს უკვე იაპონელებიც თამამად მოითხოვენ კურილიის კუნძულებს; იურიდიული საბაბი მიეცათ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმეში ჩეჩნეთს, ინგუშეთს, თათარისტანს, ბაშკირეთს, იაკუტიას... რუსეთი თავის აღმოსავლეთ ტერიტორიებსაც ვეღარ აკონტროლებს. დღესდღეობით, ციმბირში ჩინელი მოსახლეობა უფრო მეტია, ვიდრე რუსი. ეს პროცესები კი სულ უფრო და უფრო მწვავედ განვითარდება...

- ჩვენი საუბარი გლობალური თემებიდან უფრო მიწიერი საკითხით დავასრულოთ: ახალშემოღებულმა პარკირების სისტემამ და წესებმა საზოგადოების დიდი ნაწილის სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, როგორია თქვენი, როგორც ეკონომიკის ექსპერტის დამოკიდებულება ამის მიმართ?

- ზოგადად, ასეთ ღონისძიება მეტ-ნაკლებად მოსაწონი იქნება, თუ რამდენიმე მომენტი იქნება გათვალისწინებული: ადამიანს უნდა რჩებოდეს ალტერნატივა ფასიან და უფასო პარკირებაზე, მით უმეტეს, რომ თბილისი თავისი განაშენიანებითა და დაგეგმარებით თითქმის ყველგან იძლევა ამის საშუალებას - მოქალაქეს უნდა შეეძლოს, თუ სურს, გადაიხადოს საფასური და პირდაპირ ოფისის წინ დაიყენოს მანქანა ან ორასი მეტრი გაიაროს ფეხით და მოშორებით, მეორეხარისხოვანი ქუჩით ისარგებლოს. დაბოლოს, როცა ამხელა შემოსავალს იღებს, პარკირების შემთხვევაში, მომსახურე ფირმამ მანქანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული გარანტიებიც უნდა იტვირთოს...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი