"იმედია, კონფრონტაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დასასრულს უახლოვდება" - კვირის პალიტრა

"იმედია, კონფრონტაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დასასრულს უახლოვდება"

"მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი არაკომპეტენტური კადრია"

21 მარტისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულ საპროტესტო აქციას ექსსახელისუფლებო ძალა კარგა ხნის განმავლობაში ამზადებდა, შესაბამისად, საზოგადოებაში და ექსპერტთა მიერ არაერთი მოსაზრება გამოითქვა, როგორ შეიძლებოდა წარმართულიყო პროცესები. იყო მცირე ექსცესებისა და სერიოზული არეულობის მოლოდინიც, თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა. აქციის მონაწილეებს ხელისუფლებამ მართლაც შეუქმნა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დაპირებული "კომფორტი." აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ აქციაზე საუბრით დავიწყეთ:

- "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქციისგან რამე განსაკუთრებულს ნამდვილად არ ველოდი, რასაც ვფიქრობდი, სწორედ ის მოხდა. ველოდი, რომ მაქსიმუმ 15-20 ათასი კაცი მივიდოდა, მიუხედავად ამ ერთთვიანი მზადებისა და რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანისა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, კი, ბატონო, შეიცვალოს, მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა შეიგნოს, რომ თვითონ არ არის ის ძალა, რომელიც ამ ცვლილების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში.

რასაკვირველია, "ნაციონალურ მოძრაობას" სურს რევოლუცია და ეს კარგად ჩანს "რუსთავი 2"-ის მოქმედებაში, რომელიც უკვე აღვირახსნილად იქცევა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი ტელევიზია, რომლის ყურების სურვილი დიდი ხანია დავკარგე. რაც უნდა უნდოდეს "ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუცია, მას ამის რესურსი არა აქვს და ეს გამოჩნდა ამ აქციაზეც... სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სოციალური ვითარება 2003 წელსა და დღევანდელობას შორის პრინციპულად განსხვავებულია. ქართველი ხალხი ბრძენია და კარგად ახსოვს "ნაციონალთა" მმართველობის 9-წლიანი "სიამტკბილობა". ამიტომ, ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა", რაც უნდა ეცადოს, ქართველი მოსახლეობის დიდ ნაწილში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. მას პოლიტიკური მომავალი არა აქვს, თუ არ გარდაიქმნება და უარს არ იტყვის თავის ლიდერ მიხეილ სააკაშვილზე, ვიდრე გულწრფელად არ მოინანიებს თავის დანაშაულებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ვურჩევ, ხშირად ნახონ თენგიზ აბულაძის ფილმი "მონანიება".

- გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობასა და უუნარობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ადანაშაულებს. თქვენი აზრით, აფასებს კი სწორად ხელისუფლება ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებს და სწორია ამ გამოწვევის საპასუხო ნაბიჯები?

-  ეს პრეტენზიები და კრიტიკა არა მარტო ოპოზიციისგან, ჩემგან და უკვე ბევრი ისეთი ადამიანისგანაც ისმის, ვინც ამ პოლიტიკურ ძალას თანაუგრძნობდა. როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, დიდი იმედი მქონდა, რომ სწრაფად მოახერხებდნენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, მაგრამ ასე არ მოხდა. არ მოხდა მრავალი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი განვითარების რეალური ხედვა და სტრატეგია არ არსებობს. მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი არაკომპეტენტური კადრია. ვერ ვიტყოდი, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ არაერთ ხიფათს ხელისუფლება არაადეკვატურად აფასებს, მაგრამ იმას, რომ საქართველო არასწორად ვითარდება და მისი მთავრობა სუსტია, წყალი არ გაუვა. ავიღოთ თუნდაც ბოლოდროინდელი ლარის პერიპეტიები, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა.Aამის შესახებ ბატონი ქადაგიძის პარლამენტში ქადაგება აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. არ ვიცი, რატომ, რა მიზეზებით, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები მიზანმიმართულად აფუჭებენ ეროვნულ ვალუტას, რაც ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

ყველაზე საოცარია, რომ არც მთავრობა აკეთებს რამეს. პრივატიზაციის გეგმა, რაზეც ამყარებენ იმედს და ამბობენ, რომ ამით ლარის დევალვაციას შეაჩერებენ, ლოზუნგები და დროებითი ზომებია. საჭიროა სასწრაფოდ გატარდეს მაკრო და მიკროეკონომიკური ცვლილებები. მთავრობა ვერ იჩენს საკმარის კომპეტენტურობას, გარდა ამისა, არ ჰყოფნით ძალა, რომ დაარტყან ეროვნულ ბანკს და დაიწყონ იმპიჩმენტის პროცედურა. იქ მოსაყვანია ისეთი ადამიანი, რომელიც მოახერხებს ამ პროცესის შეჩერებას. ეს ხელისუფლებაც, წინამორბედთა მსგავსად, ცუდად იყენებს ადამიანურ რესურსებს. მთავრობა უნდა შეირჩეს პროფესიული და არა ერთგულებისა და მეგობრობის ნიშნით. ვითარება ქვეყანაში ნამდვილად არასახარბიელოა, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს თვეებში დღის წესრიგში მთავრობის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.

- სწორედ ამას ითხოვს "ნაციონალური მოძრაობაც"...

- ძალიან ცუდია, რომ ითხოვს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ჯინაზე შეიძლება ბევრი რამ გადაიდოს და გაჭიანურდეს... ვფიქრობ, მთავრობას ქვეყნის მართვის სისტემური მიდგომა ჯერაც არ აქვს ჩამოყალიბებული და ეს დიდი პრობლემაა.

- თუმცა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი სხვაგვარად ფიქრობს და მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს. მისი თქმით, საზოგადოებამ მთავრობისგან შეუძლებელი არ უნდა მოითხოვოს...

- როგორც ჩანს, ბატონ ბიძინას თანაგუნდელების გაკრიტიკება არ უნდა, მაგრამ მჯერა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანია და ხედავს იმ ნაკლოვანებებს, რომელიც ამ მთავრობას აქვს. არ შეიძლება საქართველო ვითარდებოდეს 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდით. მე, პროფესიონალს, მაინც ნუ მეუბნებიან, რომ სხვაგვარად შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, სრულიად შესაძლებელია, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ორნიშნა ციფრით იყოს გამოხატული,

მაგრამ ამისთვის საჭიროა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა. ეს უნდა დაიგეგმოს სულ სხვაგვარად - სოფლის მეურნეობასთან ერთად, აუცილებელია მრეწველობის განვითარება. თან ისეთი დარგები უნდა განვითარდეს, რომელიც ადგილობრივ რესურსებზე იქნება დამყარებელი. არ შეიძლება ქვეყანაში გქონდეს მსოფლიოში საუკეთესო სააგურე თიხა, მაგრამ აკეთებდე ძალიან დაბალი ხარისხის ბლოკებს და ამისთვის თურქეთიდან შემოგქონდეს სილიკატური აგური. ეს მით უფრო სავალალოა, რომ თავის დროზე საქართველოში არაერთი აგურის ქარხანა ფუნქციონირებდა და პროდუქცია ექსპორტზე იმავე თურქეთში გადიოდა, სტამბოლის "ჰილტონი" სწორედ ქართული აგურითაა აშენებული.

- ბრძანეთ, ივანიშვილი მთავრობის კრიტიკას ერიდებაო, თუმცა ვნახეთ, რომ მას არ მორიდებია პრეზიდენტ მარგველაშვილის გაკრიტიკება, ამ რამდენიმე დღის წინ კი თბილისის მერის მიმართაც გამოთქვა შენიშვნა. "თბილისის მერი დავით ნარმანია ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ბოლომდე არ ერგება. მას მოუწევს რეალობის გათვალისწინება და თავისი მენეჯერული თვისებების ცოტა მეტი ფორსირება", - განაცხადა ივანიშვილმა.

- ვფიქრობ, მალე მთავრობის კრიტიკის ჯერიც დადგება, რადგან ჩვენ დიდი კრიზისისკენ მივექანებით.

მოდი, საკითხს სისტემურად შევხედოთ, პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი, მერობის კანდიდატად კი - დავით ნარმანია მე და თქვენ არ დაგვისახელებია, დაასახელა ივანიშვილმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო. ხელისუფლება კადრების შერჩევას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. ერთ რამეს მინდა მიაქციოთ ყურადღება, თუ დააკვირდებით, საქართველოს სათავეში აქამდე მყოფი ყველა მთავრობა ხასიათდება ერთი ნაკლით, - ერთი რომელიმე პარტია იგებდა საპარლამენტო არჩევნებს, ადამიანები ჯერ დეპუტატები ხდებოდნენ და მერე იქიდან მიჰყავდათ მთავრობაში. არადა, პარლამენტსა და მთავრობაში მუშაობისთვის სულ სხვადასხვა თვისებებია საჭირო. დეპუტატი უნდა იყოს ქარიზმატული და კარგი ორატორი, მინისტრის შემთხვევაში კი საჭიროა, ადამიანი კარგი ანალიტიკოსი იყოს, კაბინეტში იჯდეს და დღედაღამ შრომობდეს. მთავრობის დაკომპლექტების ეს მიდგომა შესაცვლელია. ქვეყნისთვისაა სამწუხარო, რომ არც ერთ სფეროში არ იყენებენ პროფესიონალთა ცოდნას.

- პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, ბევრი ვარაუდობდა, რომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლოა პრეზიდენტის წარდგენილი ნინო გვენეტაძე არ დაემტკიცებინა, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა. ბევრმა ეს სახელისუფლებო შტოებს შორის დაძაბულობის მოხსნის წინა პირობად შეაფასა. ამის შემდეგ პრეზიდენტი და პრემიერი ერთად ჩავიდნენ მარნეულში და იქაურებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს. როგორ ფიქრობთ, მათ შორის არსებული დაპირისპირება შეიძლება ამოწურულად ჩაითვალოს?

- ნოვრუზ ბაირამი მუსლიმანური სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა და პრემიერმა უნდა მიულოცონ ჩვენი ქვეყნის მუსლიმან მოსახლეობას, მაგრამ მარტო მარნეულში არ უნდა ჩავიდნენ, კეთილი ინებონ და ჩავიდნენ აჭარაშიც და ელაპარაკონ ქართველ მუსლიმებს. რაც შეეხება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობის მოხსნას, ძალიან მინდა, ასე იყოს. არასახელმწიფოებრივი პოზიციაა, როდესაც შენ მიერ დასახელებულ და მხარდაჭერილ კანდიდატს, რომელიც პრეზიდენტი გახდა, ოპოზიციაში უდგები. მოგწონს თუ არა, როცა ადამიანი ქართველი ხალხის მიერაა არჩეული, მასთან უნდა ითანამშრომლო. იმედია, კონფრონტაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დასასრულს უახლოვდება. ნინო გვენეტაძეს რაც შეეხება, დრო გვიჩვენებს, როგორ მოახერხებს სასამართლო სისტემის არსებითად შეცვლას. თუ შეძლებს და სასამართლოს მიმართ ქვეყანაში არსებულ ნდობის დეფიციტს დასძლევს, ყველაფერი კარგად იქნება. ვიმედოვნებ, ჩვენი სასამართლო სისტემა უსახო მონებისა და კორუმპირებული ადამიანებისგან გათავისუფლდება.

- ცხადად ჩანს, რომ საზოგადოებაში პოლიტიკურ საფუძველზე არსებული კონფრონტაცია ჯერაც არ დაძლეულა. ვნახეთ, ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ზუგდიდში რა სასტიკად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს...

- თუ გვინდა, საზოგადოებაში სიძულვილი მოვსპოთ და ეს კონფრონტაციაც აღმოიფხვრას, აუცილებელია აღდგეს სამართლიანობა. მაგრამ ეს მხოლოდ წართმეული ქონების დაბრუნების მრავალწლიან პროცესს კი არ ნიშნავს, არამედ საჭიროა, ყველაფერს დაერქვას სახელი, სწორედ ისე, როგორც გასამართლდა პინოჩენტის პარტია ჩილეში, ფაშისტური პარტია გერმანიაში... ძალადობრივი პარტიების სწორედ ასეთი კათარზისია საჭირო, სხვანაირად ხალხში ცეცხლი არ ჩაქრება.

- რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ანექსიას განაგრძობს, აფხაზეთის შემდეგ, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გააფორმეს... ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, - რუსი და ქართველი დიპლომატები არ გამორიცხავენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობასო. მოგეხსენებათ, ამ საკითხს რუსეთის მხარე დროდადრო ააქტიურებს...

- ნათქვამია, ცუდი ლაპარაკი სჯობია კარგ ომსო. შეხვედრასა და დალაპარაკებაში ისე, რომ ჩვენი პოზიცია არ დავთმოთ, პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა პიარის თვალსაზრისით ახლა შეხვედრა არ იქნებოდა მიზანშეწონილი. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ უნდა ვაგინოთ რუსეთს, ვეძახოთ აგრესორი და ოკუპანტი, არ დაველაპარაკოთ და ა.შ. ეს ხელსაყრელია რუსეთისთვისაც. რუსეთისთვის ჩვენთან ლაპარაკი გაცილებით რთულია, რადგან მშვენივრად იციან, რომ არ არიან მართლები. ჩვენში ცუდად უყურებენ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას, არადა, ეს რკინიგზა მოგვცემს შესაძლებლობას, შევიდეთ აფხაზეთში, ამაზე რატომ არავინ ფიქრობს?

- ბოლო დროს ბიზნესმენ და პარლამენტარ გოგი თოფაძის ნატოს და ზოგადად დასავლეთის საწინააღმდეგოდ გაკეთებულმა განცხადებებმა ჩვენში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ზოგადად ხელისუფლების პოზიციაა, რომელსაც ამ ეტაპზე თოფაძეს ახმოვანებინებენ...

- ასე ნამდვილად არ არის. ყველას აქვს საკუთარი, თუნდაც მცდარი აზრის გამოთქმის უფლება, შეცდომის დაშვების უფლებაც. არა მგონია, გოგი თოფაძე მმართველ კოალიციაში დედააზრის გამტარებელი პირი იყოს.

ეს კოალიცია ეკლექტიკური წარმონაქმნია, სადაც სხვადასხვა მსოფლმხედველობის ძალებია გაერთიანებული, მათ შორის გოგი თოფაძეც, რომელსაც პრორუსული პოზიცია აქვს. მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში მის მიერ წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზარი იყო რუსეთი და ამ ხნის ადამიანს სხვა რელსებზე გადასვლა უჭირს, აი, სულ ეს არის...

- ამ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს რამდენიმე თანამშრომელი, რომელთაგან ერთი, ცნობილია, რომ საიდუმლო ინფორმაციას პარლამენტარ გივი თარგამაძეს აწვდიდა. როგორ შეაფასებთ მომხდარს?

- მიმაჩნია, ასეთი ქმედებების დროს სამსახურიდან დათხოვნა საკმარისი არ არის, იურისტი არ ვარ და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თუ სისხლის სამართლის კოდექსში ამ დანაშაულის დამსჯელი მუხლი არ არის, აუცილებლად უნდა გაჩნდეს. როცა შენი უწყებიდან საიდუმლო ინფორმაციას ავრცელებ, ეს დიდ დანაშაულად მიმაჩნია. აშკარაა, რომ

"ნაციონალური მოძრაობის" სამიზნე შინაგან საქმეთა სამინისტროა. საქმე ისაა, რომ "ნაციონალებს" ამ უწყების ძალიან ეშინიათ, რადგან ამ სტრუქტურის ხელში სერიოზული ძალაა...

ამიტომაც ცდილობენ დისკრედიტაცით, დაქსაქსვით, ნელ-ნელა შეარყიონ სტრუქტურაში არსებული ვითარება და უწყების ნაწილი გადაიბირონ. თუ ისინი მართლაც დააპირებენ არეულობის მოწყობას, ეს გადმობირებული ნაწილი დასჭირდებათ. მიმაჩნია, ამის საწინააღმდეგოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფრო მკაცრი ზომები უნდა გაატაროს.

ნათია დოლიძე