"მალე, ალბათ, მთავრობა თავის მართლების სიხშირის რეკორდს მოხსნის" - კვირის პალიტრა

"მალე, ალბათ, მთავრობა თავის მართლების სიხშირის რეკორდს მოხსნის"

"ელჩის განცხადება ადასტურებს, რომ ალასანიას პარიზში რაიმე განსაკუთრებულ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია"

"რას მიკეთებს მთავრობის ადმინისტრაცია და პიარი?! ამ არაორგანიზებულობამ მთავრობა პრემიერიანად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა"

"გამოძიებას ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე აქვს იმაზე მეტი მტკიცებულება, ვიდრე ვაზაგაშვილის მკვლელობისას ჰქონდა"

"ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციაში არც ერთი ორგანო, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პარლამენტი, უხეშად არ უნდა ჩაერიოს", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში, საანგარიშო გამოსვლისას, მთავრობის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელსაც პარლამენტში სამთავრობო ლოჟა კვლავაც ცარიელი დახვდა, როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით მთავრობას არაერთი შენიშვნა მისცა. მარნეულში მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის გულთბილი შეხვედრის შემდეგ საზოგადოება იმედოვნებდა, რომ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებული დაძაბულობა ნელ-ნელა მოიხსნებოდა, თუმცა, ეს ასე არ მოხდა... ცხადად ჩანს, რომ კონფრონტაცია გაცილებით მწვავდება. გასული კვირის მთავარ თემად კვლავაც რჩებოდა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობა. "პროკურატურა ამ სისხლის სამართლის საქმეზე ფლობს დიდ ინფორმაციას. ჩვენ უკვე ვიცით, სად უნდა ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და შესაბამისი მტკიცებულებები. საგამოძიებო მოქმედებები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს." - განაცხადა ორიოდე დღის წინ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ. ჩვენი ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ბესო ხარძიანი გავიცანი ციხიდან მისი გამოსვლის შემდეგ. მე და ბესომ, რამდენიმე ადამიანთან ერთად, 2012 წელს დავაარსეთ ორგანიზაცია "სოლიდარობა", რომლის მიზანიც სამართლიანობის აღდგენის პროცესში საზოგადოებისა და ხელისუფლების დახმარება იყო. ორგანიზაციამ 8 თვე იმუშავა, მაგრამ მცირე შედეგსაც ვერ მივაღწიეთ, რადგან ამ მიმართულებით უმოქმედო იყო როგორც ზოგადად მთავრობა, ასევე ძალოვანი სტრუქტურები. წყლის ნაყვა არ გვინდოდა, ამიტომაც ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტა. რაც შეეხება ბესოს მკვლელობას, ძნელია ვინმესკენ ხელის გაშვერა, მაგრამ ბევრი ვერსია იკვეთება, თუმცა, ამაზეც არ ვაპირებ ლაპარაკს. მინდა, უბრალოდ, გავიხსენო ჩემი და ბესოს პირადი საუბრები, როდესაც ის უდესიანის გამო განსაკუთრებით იყო აღშფოთებული. ბესო მიყვებოდა უდესიანთან შეტაკებების შესახებ და რა საშინელებები გადაიტანა.

მახსოვს, ხარძიანი გადარეული იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს სიაში უდესიანის ჩასმას აპირებდნენ. ჩემთან იმასაც ამბობდა, რომ მისი საქმე წინ მიიწევდა და ქონების დაბრუნების რეალური იმედი გაუჩნდა. სწორედ ამის გამო მივეცი უფლება თავს, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობა იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან დამეკავშირებინა.

მოკლეს ორი ისეთი ადამიანი, რომლებიც ბრძოლით ბევრს უქმნიდნენ პრობლემას და ამ ბრძოლაში აშკარად წინ იყვნენ წაწეული. მართალია, ისინი სხვადასხვა მიმართულებით იბრძოდნენ, მაგრამ ფრონტი ორივეს ერთი ჰქონდა. საინტერესოა, რომ უდესიანის სახელი ორივე მკვლელობის საქმეში ამოტივტივდა: ის ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილის შვილის ნათლია აღმოჩნდა, ხარძიანის შემთხვევაში კი ქონებრივი დავის მეორე მხარეს იყო.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ან უდესიანს თავი აქვს გადადებული და ყველაფერზე მიდის, ან ვიღაცამ იცოდა ეს ფაქტები და გამოიყენა სათავისოდ - სასურველი პოლიტიკური ეფექტის მისაღებად. ძნელია თქმა, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ ხარძიანის მკვლელობა პოლიტიკურია, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპონენტის განადგურების, საზოგადოების დაშინებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ.

გამოძიებას ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე აქვს იმაზე მეტი მტკიცებულება, ვიდრე ვაზაგაშვილის მკვლელობისას ჰქონდა - გაცილებით ნაკლები იყო კვალი იმ დრომდე, ვიდრე ხელყუმბარის ფალიაზე დნმ არ აღმოაჩინეს. ვიმედოვნებ, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობა მალე გაიხსნება, თუმცა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს დამკვეთი და არა - შემსრულებელი...

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება სოსანაშვილის დაკავების შემდეგ შენელებული ტემპით მიმდინარეობს...

- ჯერ საზოგადოებისთვის ბევრი რამ არ არის ცნობილი. ჩემი ინფორმაციით, ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებამ უკვე ბევრი რამ გაარკვია, თუმცა, ეს ერთგვარად გაშლილი მოზაიკაა, რომელსაც ისეთი დალაგება სჭირდება, რომ საზოგადოებას მცირე ეჭვიც კი არ გაუჩნდეს. პრობლემას ის ქმნის, რომ სოსანაშვილი არ ლაპარაკობს. სამართალდამცავების თქმით, ისინი არ აპირებენ, სოსანაშვილის ასალაპარაკებლად ძველი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენებას, რაც სწორია... როგორც ამბობენ,

ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მძიმე სენითაა ავად, შესაბამისად, სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა და ყველაფერი დანარჩენი მისთვის უმნიშვნელოა...

- ბრძანეთ, რომ ამ მკვლელობების ერთ-ერთი მიზანი, შესაძლოა, ხელისუფლების დისკრედიტაციაც იყოსო... თუმცა, ხელისუფლება ზოგიერთი მოქმედებით საკუთარ დისკრედიტაციას თვითონვე მშვენივრად ახერხებს. ვგულისხმობ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებულ დაძაბულობას, რომელიც კლების ნაცვლად სულ უფრო იმატებს...

- ის, რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ხდება, ერთი დიდი საბავშვო ბაღის სიტუაციას ჰგავს, რომელიც უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე. ქართული პოლიტიკური ელიტა, სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც, ისეთ მდგომარეობამდეა მისული, საზოგადოებას პოლიტიკოსთა ატანა აღარ აქვს...…უზარმაზარი იმედი, რაც დაკავშირებული იყო 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილებებთან, თუ ჯერ კიდევ არ გამქრალა, სრულიად გაფერმკრთალებულია. დღეს საზოგადოება ვერ ხედავს, რას აკეთებს ხელისუფლება, ვერ ხედავს იმიტომ, რომ ეს გადაფარულია გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობითა და ბავშვური ჟინიანობით. წარმოუდგენელი და მიუღებელი ვითარება შეიქმნა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და საერთოდ მთელ პოლიტიკურ სივრცეში. რაც ხდება, ეს არის გამაღიზიანებელი აღმაშფოთებელი და სასაცილო...

როდესაც პოლიტიკური სპექტრი სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს, ეს ურთულესი მდგომარეობის სიმპტომია.

არ ვიცი, შეიძლება გამოუსწორებელი მდგომარეობისაც კი. შეგახსენებთ, სააკაშვილის ფინალი მაშინ დადგა, როდესაც ის სასაცილო და კომიკურ ფიგურად იქცა...

- პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას კრიტიკული იყო, როგორ ფიქრობთ, სამართლიანი იყო ეს კრიტიკა, თუ გადააჭარბა?

- ჯერ ერთი, არ შეიძლება, როდესაც პრეზიდენტი ანგარიშით პარლამენტში მიდის, მას ნახევრად ცარიელი დარბაზი დაახვედრო. მერე რა, რომ კანონი არ ავალდებულებს მთავრობას პარლამენტში მისვლას, ქართველი საზოგადოება ავალდებულებს ხელისუფლებას, იყოს კონსოლიდირებული, აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მაინც გაუწიონ ანგარიში. საზოგადოებაზე უაღრესად დადებითად იმოქმედა პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრამ მარნეულში. ყველას ეგონა, რომ ამით ეს კონფრონტაცია დასრულდებოდა, მაგრამ რად გინდა, უარესი ქნეს... რაც შეეხება მოხსენებას, მიმაჩნია, რომ მისი შინაარსის დიდი ნაწილი იყო ერთგვარი გამოძახილი იმ დაძაბულობისა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის არსებობს.

აქაც ბავშვური ჟინიანობა დავინახე. პრეზიდენტის გამოსვლაში იყო სამართლიანი კრიტიკა, მაგრამ იყო უსამართლო შენიშვნებიც.…

არ ვაპირებ ამის პუნქტობრივ განხილვას, ეს არავის აინტერესებს, მაგრამ როცა საზოგადოების უმრავლესობამ დაინახა, დარბაზში პრეზიდენტს ლამის უფრო მეტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი უსმენდა, ვიდრე ქვეყნის დეპუტატი, იმდენად გაღიზიანდა, მისთვის პრეზიდენტის ნათქვამსაც და პრემიერის პასუხსაც ჩალის ფასი ჰქონდა... მარგველაშვილს სხვანაირად ვიცნობდი, ყოველთვის ტოვებდა ჭკუადამჯდარი ადამიანის შთაბეჭდილებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი თვისება მავანს არ მოსწონდა... დღეს ზოგიერთები რომ ამბობენ, მარგველაშვილი არ არის პოლიტიკოსიო, მეცინება, რადგან რაც ვიცნობ, სულ პოლიტიკაშია. მან სხვანაირად იცის პოლიტიკური ნიუანსები და ამიტომაც ბევრი რამ არ ეპატიება. ის გამოცდილი კაცია... გამოუცდელი ღარიბაშვილია, მაგრამ არც მისი ქცევებია საპატიებელი... რაც შეეხება მითქმა-მოთქმას, რომ მარგველაშვილი თავის პოლიტიკურ გუნდს ქმნის, არ ვიცი, შეიძლება შექმნას კიდეც, მაგრამ ამაზე ლაპარაკი საინტერესო გახდება იმ შემთხვევაში, თუ ამ გუნდს რაიმე პერსპექტივა ექნება...

- "არავინ არ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების შრომის შემფასებლად და  დამკვეთად, გარდა ხალხისა." - განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა. ბევრმა მიიჩნია, რომ ამ ფრაზაში მან მთავრობაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენა იგულისხმა...

- თავისთავად ეს ნათქვამი სწორია, მაგრამ ეს უნდა თქვას ისეთი ტიპის პრეზიდენტმა, რომელიც ხალხმა თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე აირჩია და არა ბიძინა ივანიშვილის თხოვნით.

მარგველაშვილი, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შემთხვევაში, იქნებ გამხდარიყო კიდეც პრეზიდენტი, მაგრამ ახლა ხომ ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო. როდესაც გუნდი გასახელებს და გეხმარება, გახდე ქვეყნის პრეზიდენტი, კეთილი უნდა ინებო და გუნდური პრინციპით იმოქმედო, ყოველ შემთხვევაში, ვითარება ისე მაინც უნდა დაალაგო, ეს სალაპარაკოდ არ იქცეს...

- ირაკლი ღარიბაშვილმა მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების თაობაზე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ გააკრიტიკა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ამ გადაწყვეტილებით დაინტერესება ურჩია.

- ამგვარი განცხადებები სასამართლოს მისამართით ყოვლად გაუმართლებელია.

როგორ შეიძლება მთავრობის წარმომადგენელი ასე მიმართავდეს მოსამართლეს?!

შეიძლებოდა ზოგადი შეფასება გაეკეთებინა, თუმცა არც ეს იქნებოდა სწორი. ეს პრობლემის ერთი მხარეა, მე სხვა მხარესაც ვხედავ, როგორც ჩანს, ვიღაცამ ინფორმაცია პრემიერამდე არასწორად მიიტანა. მეტალურგიულ ქარხანაში საქმე ასე მარტივად არ არის. იქ ძალიან სერიოზული კონფლიქტია, რომელიც ღრმად არის უკვე წასული - რამდენიმე წყება ექსმფლობელებისა აცხადებს ქარხანაზე პრეტენზიას... მოკლედ, არეულია ყველაფერი. ასე რომ, ვიდრე ამგვარ განცხადებებს გააკეთებს მთავრობის მეთაური, ჯერ კარგად უნდა გაეცნოს ვითარებას. თუმცა, კარგადაც რომ იცნობდეს, მოსამართლის მიმართ ასეთი განცხადებების კეთება ყოვლად დაუშვებელია. ქვეყანაში არსებობს იუსტიციის საბჭო, რომელმაც უნდა გაარკვიოს, რამდენად მართებული იყო ამ კონკრეტული მოსამართლის მოქმედება, პრემიერის საქმე ეს არ არის...

- ე.წ. კაბელების საქმეზე დანიშნული სასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო. თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, პროკურატურას ბრალი სათანადოდ არ აქვს დასაბუთებული და სწორედ ამას ემსახურება ეს გაჭიანურება...

- ალასანია მოვიდა ჩვენთან "ექსპერტთა კლუბში" და "კაბელების  საქმეზე" სპეციალური მოხსენება გაგვაცნო. მაშინ ვკითხე, - მიიჩნევთ, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან, თუ მცირე გადაცდომები მაინც ჰქონდათ-მეთქი? რაზეც მიპასუხა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებულია მათ სიმართლეში... იგივე გაიმეორა მათმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მე ერთ-ერთმა პირველმა, მათი დაკავების პირველივე წუთებიდან, ვთქვი, რომ ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო იმ დაკავებულებს შორის რამდენიმე ადამიანის ხილვა, რადგან მე მათ აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, უწესიერეს ადამიანებად ვიცნობდი. ასევე არ მინდა ალასანიას ნათქვამში ეჭვის შეტანა. იმედი მაქვს, რომ სასამართლო პროცესი ბოლოს და ბოლოს გაიმართება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. როგორც ვხედავ, საქმის წარმოებაში დაშვებულია შეცდომები, თუმცა დაველოდოთ სასამართლოს...

- ბოლო ხანს ირაკლი ალასანიასა და თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრ მინდია ჯანელიძისგან ვისმენთ სრულიად განსხვავებულ განცხადებებს ე.წ. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თაობაზე საფრანგეთში ალასანიას მინისტრობისას გამართულ მოლაპარაკებებზე. საქმეში უკვე საქართველოში საფრანგეთის ელჩიც კი ჩაერთო და გარკვეული განმარტებები გააკეთა...

- ჩემი ინფორმაციით და ამას ადასტურებს საფრანგეთის ელჩის განცხადებაც, პარიზში ალასანიას რაიმე განსაკუთრებულ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. ხელი მოეწერა განზრახულობათა შესახებ მემორანდუმს და ვალდებულებებზე ლაპარაკი არ ყოფილა, თუმცა ეს იყო ძალიან სერიოზული პროცესის დასაწყისი. ალასანიამ ამ მემორანდუმზე ხელის მოწერით დიდ პროცესში სულ პატარა ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ჯერჯერობით შეწყვეტილი არ არის, მაგრამ მისი ასე გახმაურება და აფიშირება, ჩემი აზრით, არასწორია. ამაში ორივე მხარე გვარიანად სცოდავს. საქმე ისაა, რომ თითოეული ნაბიჯი, რომელსაც საფრანგეთში ამ მემორანდუმზე მუშაობისას ქართული დელეგაცია დგამდა, იყო სპეცსამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

დაზუსტებით ვიცი, რომ ეს არ ყოფილა ფრანგული სპეცსამსახური. შესაბამისად, ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა და ამაზე ხმამაღლა ამდენი ლაპარაკი არ შეიძლებოდა! რაც შეეხება ალასანიას განცხადებას, რომ ჯანელიძემ დაურეკა და მოსთხოვა, ხელი არ მოეწერა, მე ამგვარი ქმედების ასეთი მიზეზიც კი მოვისმინე - თავად მემორანდუმი კი არ იყო ხელისუფლებისთვის მიუღებელი, არ უნდოდათ, მასზე ალასანიას მოეწერა ხელიო... ეს თუ მართალია, ამ ქვეყნის უბედურებაა... მოკლედ, არ დაადგა ჩვენში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას საშველი. გულდასაწყვეტია, რომ გადასული ვართ დავაზე, კინკლაობაზე, ერთმანეთთან უაზრო შეჯიბრებაზე და ამასობაში ქვეყნის ინტერესები უკანა მხარეს გადადის, ჩვენი მტერი კი სიცილით კვდება.

- ბოლო დღეებში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, რომელიც მუხათგვერდში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების სხეულის ნაწილების დაკრძალვას არ დაესწრო. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა მისი განმარტებებიც...

- ეს ისეთი თემაა, რომლითაც პოლიტიკური სპეკულაცია არ შეიძლება! თავდაცვის მინისტრი აუცილებლად უნდა დასწრებოდა დაკრძალვის ცერემონიას. როგორც კალაძემ თქვა, უპრიანი იქნებოდა, მთელი მთავრობაც მისულიყო... პრემიერმა თქვა, რომ ეს არაორგანიზებულობის ბრალი იყო და გვიან გაიგეს ამის შესახებ. კი მაგრამ, რას მიკეთებს მთავრობის ადმინისტრაცია და პიარი?! ამ არაორგანიზებულობამ მთავრობა პრემიერიანად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ეს არაერთხელ გამეორდა და მალე, ალბათ, მთავრობა თავის მართლების სიხშირის რეკორდს მოხსნის. თავდაცვის მინისტრის პირდაპირი მოვალეობაა, მუდმივად მიაგებდეს პატივს სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას და მას არანაირი შეხვედრები ამ მოვალეობისგან არ ათავისუფლებს. ის შეცდა, შესაბამისად, მისი შემდგომი განმარტებები და ლაპარაკი იმაზე, რომ ეს იყო თურმე დნმ-ის შესადარებლად მებრძოლთა სხეულებიდან აღებული ნიმუშები, სრულიად უადგილოა. თუმცა ვიმეორებ, ვინც ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს, ის არანაკლებ არასწორად იქცევა.

- ევროკავშირის რიგის სამიტი ახლოვდება, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

- რა ვერდიქტსაც გამოუტანენ უკრაინას, იმასვე გამოუტანენ საქართველოს.

არ შემსუბუქდება სავიზო რეჟიმი უკრაინისთვის, ეს არც საქართველოსთვის მოხდება... მიბმა შეიძლებოდა რაღაც მომენტში კარგიც ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ მივებით არა მხოლოდ უკრაინის მოვლენებს, არამედ დასავლეთ-რუსეთის მასშტაბურ კონფლიქტს...

ნათია დოლიძე