"ვშიშობ, საქართველოში უფრო სერიოზული ფიგურა არ მოკლან"
20-04-2015
"ვშიშობ, საქართველოში უფრო  სერიოზული ფიგურა არ მოკლან"
"შესაძლოა, ლუკაშენკომ საქართველოს ხელისუფლებას დსთ-ის ასოცირებული წევრობაც შესთავაზოს"

"ხარძიანის მკვლელობამ კახი ასათიანის მკვლელობა გამახსენა, რომელიც დღემდე გაუხსნელია და მის გამოძიებას არავინ ითხოვს"


საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, ძებნა ინტერპოლმა შეწყვიტა. ძველი ხელისუფლება ამას საკუთარ გამარჯვებად მიითვლის და ამბობს, რომ ინტერპოლმა ადეიშვილი პოლიტიკურ დევნილად მიიჩნია. ხელისუფლებაში კი მშვიდად აცხადებენ, რომ ძებნის შეწყვეტა ექსმინისტრისთვის ერთ-ერთი ქვეყნის მიერ ლტოლვილის სტატუსის მიცემამ განაპირობა... მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანკისის ხეობიდან სირიაში გაპარული ორი სკოლის მოსწავლის
ამბავს, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი იყო, ყველა აქტიურად განიხილავდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანკისიდან კიდევ ერთი ახალგაზრდა წავიდა სირიაში, სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად. ადგილობრივი ქისტები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამ პროცესის გასაჩერებლად, როგორ და ვისი წაქეზებით ხდებიან ეს ახალგაზრდები "სიკვდილის მანქანის" ჭანჭიკები და
რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს ტერორისტებისგან - ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებია:


- ამ მიმართულებით საქართველოშიც თითქმის იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც სხვა ქვეყნებში. ეს არის რადიკალური ისლამისტების სერიოზულად მომზადებული ფსიქოლოგიური შეტევა ახალგაზრდა მუსლიმანებზე მსოფლიოს მასშტაბით.
ძლიერი "ისლამური სახელმწიფოს" შექმნისა და ახალი მესიის მოსვლის იდეით წამლავენ ახალგაზრდებს და ახერხებენ მათ გადაბირებას.

ამ საშინელი პროპაგანდის ქვეშ ხვდებიან ჩვენი მოქალაქეებიც, რომელთა ფსიქოლოგიური განწყობაც უკვე ისეთია, მათ წინააღმდეგობას ვერავინ უწევს,–ვერც მშობლები, ვერც ახლობელ-მეგობრები... ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ პროცესთან გამკლავება უჭირს სახელმწიფოსაც. Mმიზეზი, სავარაუდოდ, არის ის, რომ ჩვენს სპეცსამსახურებში არ არის სათანადო რესურსი და გამოცდილება, არ მიმდინარეობს აუცილებელი ანალიტიკური მუშაობა. საქართველო ნამდვილად არ არის მდიდარი სახელმწიფო და ვერ ხელეწიფება ძვირად ღირებული, ძლიერი სპეცსამსახურების შექმნა, მაგრამ აუცილებელია, უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს ტერორიზმის კვლევასა და მასთან ბრძოლაში. ეს არ შეეხება მხოლოდ სპეცსამსახურებს, ამაში უნდა ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, განათლების სამინისტრო და ა.შ. უნდა მიდიოდეს მოწყვლად ჯგუფებთან აქტიური იდეოლოგიური მუშაობა. ახალგაზრდებს თვალნათლივ უნდა დავანახოთ, რომ ჰუმანურ-ტრადიციულ ისლამსა და რადიკალურ ისლამს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ამაში უნდა ჩაერთონ მუსლიმანური საზოგადოება, მათი ლიდერები, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.

- პანკისის ხეობის სოფლების ის მცხოვრებლები, რომელთა შვილებიც წავიდნენ სირიაში და ბევრი მათგანი დაიღუპა კიდეც, ამბობენ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები ურთიერთობენ ახალგაზრდებთან და მათზე გავლენის მოპოვებას ახერხებენ... თუმცა, ისინი კონკრეტულ პირებს არ ასახელებენ...
- არ ასახელებენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უმეტესობამ  მშვენივრად იცის ამ ხალხის ვინაობა, მათი გვარ-სახელები და ისიც, სად და როგორ იკრიბებიან. დავარქვათ მათ "ისლამური სახელმწიფოს" ლობისტები, რომლებიც პერმანენტულად მუშაობენ ახალგაზრდების გადაბირებაზე. ეს ერთი და ორი დღის ამბავი არ არის, რაღაც ჯგუფი კარგა ხანია მუშაობს. ადამიანი საშინელ სასაკლაოზე წასვლის გადაწყვეტილებამდე რომ მიიყვანო, სერიოზული მუშაობაა საჭირო. ახლა რასაც ვიტყვი, იმ ოჯახებისთვის, ვისი შვილებიც წასულები არიან, ძნელი მოსასმენი იქნება, მაგრამ პრევენციისთვის აუცილებლად უნდა ითქვას: თუ განვიხილავთ ტერორიზმის კიბეს, ეს ახალგაზრდა, გამოუცდელი მოჯაჰედები, ფაქტობრივად, განწირულები არიან ამ კიბის ბოლო საფეხურისთვის, ანუ სიკვდილისთვის.

ვიცით, რა მასშტაბურად იყენებს "ისლამური სახელმწიფო" კამიკაძე-მკვლელებს. რაც უფრო მცირეწლოვანია მოხალისე, მით მეტია საფრთხე, რომ ის კამიკაძედ აქციონ.
ჩვენმა მუსლიმანურმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა მებრძოლი, მით მეტია მისი საზარბაზნე ხორცად გამოყენების საფრთხე. გაითვალისწინეთ, რომ "ისლამურ სახელმწიფოში" რა გინდა და რა – არა, უმნიშვნელოა,  იქ "არას" არავინ ამბობს...

- ბრძანეთ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კარგა ხანია მუშაობს ახალგაზრდების გადაბირებაზე. თქვენი აზრით, ვინ არიან ეს ადამიანები?

- ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" ლობისტები არიან უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც უკვე კარგად არიან ადაპტირებული ჩვენს გარემოსთან, აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებიან. მათ გარშემოა შემოკრებილი ჩვენი მოქალაქე ფანატიკოსთა ჯგუფი, რომელიც შიგნით კიდევ რამდენიმე ნაწილად შეიძლება იყოს დაყოფილი. დარწმუნებული ვარ, ეს ლობისტები უკავშირდებიან საქართველოდან წასულ და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში დაწინაურებულ ლიდერებს. თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. "ისლამური სახელმწიფოს" სტრუქტურა რომ გაგაცნოთ, გეტყვით, ისინი უკვე ცდილობენ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ნიშნების შეძენას. უკვე შექმნეს ცხრა სამინისტრო, მათ შორის პროპაგანდის, რომელიც ძირითადად სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების გადაბირებაზე მუშაობს.

- რა როლს თამაშობს ამ პროცესში ფული?

- ჩემი აზრით, ფული მნიშვნელოვანი არ არის, ყველაფერი ფსიქოლოგიური ზეწოლით ხდება. ისინი ახალგაზრდებს აჯერებენ, რომ "ისლამური სახელმწიფოსთვის" სამსახური ალაჰის სამსახურია და ყოველი ჯარისკაცი ალაჰის რჩეულია... ხოლო ალაჰისთვის სიკვდილის შემდეგ მათი ადგილი სამოთხის ბაღებშია...

- ასეთ ვითარებაში ალბათ, საქართველოს სპეცსამსახურებმა განსაკუთრებულად მობილიზებულად უნდა იმუშაონ.

- არ შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი იმაზე, სად და რაში ჩანს სპეცსამსახურების მოქმედების შედეგი, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. როგორც უკვე ვთქვი, უმნიშვნელოვანესია იდეოლოგიური მუშაობა, ასევე  პერმანენტულად უნდა კონტროლდებოდეს, რა ლიტერატურას აწვდის ამა თუ იმ ჯგუფს, ქადაგება როგორ და რა თემაზე მიდის, როგორ ახერხებენ ეს ემისრები საქართველოში შემოსვლას, რომელი ორგანიზაციების წევრები არიან და ა.შ. საქართველოში საკმაოდ მასშტაბურია ისლამური თემი და
მიკვირს, რატომ არის ასეთი აქცენტი გადატანილი მაინცდამაინც პანკისის ხეობაზე და რატომ არავინ არაფერს ამბობს აჭარაზე?! ვიცით, რომ იქიდანაც არიან წასული ახალგაზრდები, მაგრამ ვინ და რამდენი, არავინ კითხულობს.
ჩვენ ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ ერთ კაცზე, რომელიც პერიოდულად ინტერნეტით ჩნდება და განადგურებით გვემუქრება.

ჩვენს სპეცსამსახურებს ვურჩევ, წარმართონ იმ ჯგუფებთან მუშაობა, რომელიც შეიძლება იქცეს რადიკალ ისლამისტთა სამიზნედ.

სირიაში ქვემო ქართლიდან წასულებზე არაფერი მსმენია, საქმე ისაა, რომ იქ შიიტი მოსახლეობა ცხოვრობს, "ისლამური სახელმწიფო" კი შიიტებსაც ისევე ებრძვის, როგორც ქრისტიანებს. გარდა ამისა, ჩვენი შესაბამისი სამსახურები აუცი­ლებლად უნდა სწავლობდნენ ჰერეთში მცხოვრებთა განწყობას, ასევე მუდმივად კრებდნენ ინფორმაციას თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების, თურქი-მესხების, მაჰმადიანი აფხაზების განწყობებზე, მათ კავშირებზე რადიკალ ისლამისტებთან. Aაუცილებელია, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მოძიება და გაანალიზება... მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კავკასიასა და პანკისშიც რამხელა ძალას და სერიოზულ ინსტრუმენტს წარმოადგენს უხუცესთა საბჭოები, თუმცა ვაჰაბიტები ყველაფერს აკეთებენ ამ საბჭოების გავლენის შესამცირებლად. ქისტების ადათით, უხუცესის სიტყვა გადამწყვეტია, მას ახალგაზრდები არ ეკამათებიან, ვაჰაბიტები კი ამბობენ, რომ ეს არასწორია... შესაბამისად, პანკისში შემცირდა უხუცესთა საბჭოს გავლენა... ვფიქრობ, სახელმწიფო აქაც უნდა ჩაერიოს და გარკვეული ფორმით დაეხმაროს ამ ინსტიტუტს გაძლიერებაში.
"ისლამურ სახელმწიფოში" ერთ-ერთი რიტუალით, ყველა მოხალისე, რომელიც იქ ჩადის, ვალდებულია, გაანადგუროს პასპორტი და იდენტიფიცირების სხვა საშუალებები...

ამით აჩვენებენ, რომ ისინი ხდებიან ალაჰის ჯარისკაცები, სხვა რამ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ სჭირდებათ. დამიჯერეთ, ამ ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ჩვენ საკმაოდ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, არც ისე შორს "ისლამური სახელმწიფოსგან" და აუცილებელია ყოველი საფრთხის გათვლა...

- რა კონკრეტული საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს საქართველოს?
- ჩვენში მაჰმადიანი თემი საკმაოდ დიდია, შესაბამისად, რადიკალთა ინტერესებიც შესაძლოა მასშტაბური იყოს... თუ მივუშვით ეს პროცესი ნებაზე, შეიძლება მთელი თემი მოიცვას. ძალიან მიკვირს, რომ არ ისმის მკვეთრი განცხადებები საქართველოს მუსლიმანთა მხრიდან. ამბობენ, ეს ცუდიაო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, უნდა მოხდეს მათი სრული გამიჯვნა იმ წარმონაქმნთან, რომელსაც  "ისლამური სახელმწიფო" ჰქვია.
"ისლამურ სახელმწიფოს" რაც მეტი პრობლემა შეექმნება ერაყსა და სირიაში, მით მეტი საფრთხეა, რომ გადავიდნენ მსოფლიოს მასშტაბით პერმანენტული ტერორისტული აქტების მოწყობაზე... არ არის გამორიცხული, ასეთ შემთხვევაში ტერორისტული აქტები ჩვენთანაც დაგეგმონ.

რა თქმა უნდა, ისინი, როგორც წესი,  მიზანში იღებენ დიდ სახელმწიფოებს, მაგრამ ესპანეთში 2006 წლის 13 მარტის ტერორისტულმა აქტმა გვაჩვენა, რომ მათ მიერ არჩეული სამიზნე ყოველთვის კანონზომიერი არ არის. გაცილებით რთულია ამ თვალსაზრისით ვითარება ევროპულ ქვეყნებში, სადაც დღემდე უამრავი არალეგალი ახერხებს შესვლას აფრიკული თუ არაბული ქვეყნებიდან. ამ ორიოდე დღის წინ იტალიაში დააკავეს ნიგერიიდან ჩასული ემიგრანტები, რომელთაც გზად გემიდან წყალში 12 ქრისტიანი გადააგდეს. ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად რადიკალურად განწყობილი ხალხი შედის იტალიაში და ზოგადად ევროპაში... ამ შემთხვევაში მათი დანაშაული გაიგეს, მაგრამ რამდენი რადიკალი ჩადის ისე, რომ მათ შესახებ არავინ არაფერი იცის და როდის რას მოიმოქმედებენ, ძნელი სათქმელია... ბოლო ხანს ევროპისკენ ძალიან დიდი ნაკადი მოდის სომალიდან, სწორედ სომალურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჩაიდინა ის საშინელება კენიის უნივერსიტეტში, - ქრისტიანი სტუდენტების სასაკლაო მოაწყვეს. არალეგალთა ამხელა ნაკადებს შეიძლება ისეთი პრობლემები მოჰყვეს, რომ ევროკავშირი რაღაც ფორმით დაიშალოს კიდეც და გარკვეულმა სახელმწიფოებმა საზღვრები აღადგინონ.

- ბოლო კვირის განმავლობაში ჩვენში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ასირიელთა ხოცვა-ჟლეტის ამსახველმა ფოტო და ვიდეოკადრებმა...

- რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მიკვირს ეს აჟიოტაჟი. ეს კადრები ასახავს 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის საშინელ მოვლენებს. ამ პერიოდში "ისლამურმა სახელმწიფომ" მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა და დაიკავა ისეთი დიდი ქალაქი, როგორიც მოსულია, ასევე მისი შემოგარენი, სადაც საკმაოდ ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა. მათი პირველი სამიზნე გახდნენ ქრისტიანი არაბები, შემდეგ კი - ასირიელები. არაერთი წყარო ამტკიცებს, რომ სირიელ ქრისტიანთა უმეტესობა ბაშარ ასადს უჭერს მხარს და ეს არ არის რეალობას მოკლებული.
დასავლეთმა დაუშვა უდიდესი შეცდომა - ბაშარ ასადს გადააყოლა ორი ქვეყანა. ასადის წინააღმდეგ ყველას იარაღი ჩამოურიგა და ეს იარაღი მოხვდა რადიკალების ხელში.

ერაყში კი ხელისუფლება მთლიანად ჩააბარა პრემიერ ნური ალ მალიკს, რომელმაც ყოვლად არასწორი პოლიტიკა წარმართა სუნიტების წინააღმდეგ. ისინი, ფაქტობრივად, საზოგადოებისგან განდეგილ სეგმენტად აქცია, მათ არ აძლევდნენ სამუშაოს, კრედიტებს... გამოცდილი ოფიცრები და გენერლები ითხოვდნენ სამსახურში დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ... დღეს კი "ისლამური სახელმწიფოს" წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ მის რიგებში კარგად მომზადებული, ძლიერი ერაყელი სამხედრო მოსამსახურეები იბრძვიან... ასირიელთა მიმართ ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ცუდი არ არის, მაგრამ გავითვალისწინოთ ერთი რამ, ქართველები ემოციური ხალხი ვართ, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ამ საკითხის აქტუალიზაციით რაღაცის გადაფარვა ხდებოდეს და სულაც არ არის აუცილებელი, ამას ხელისუფლება აკეთებდეს. შესაძლოა, ამით ქვეყნის გარეთ არსებული ძალებიც იყვნენ დაინტერესებული...

- ცნობილია, რომ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, ძებნა შეწყვიტა, ხელისუფლება ამას იმით ხსნის, რომ ადეიშვილმა ლტოლვილის სტატუსი ერთ-ერთ ქვეყანაში მიიღო. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინტერპოლმა ადეიშვილი პოლიტიკურ დევნილად მიიჩნია და მისი ძებნაც ამიტომ შეწყვიტა...
- ამ პროცესებმა სულ სხვა დასკვნამდე მიმიყვანა... ხელისუფლების მშვიდმა რეაქციამ მაფიქრებინა, რომ ხელისუფლებამ და გარკვეულმა ძალებმა დასავლეთში ადეიშვილის თაობაზე მოილაპარაკეს და შედგა შეთანხმება. არა მგონია, ჩვენმა ხელისუფლებამ რადიკალური ზომები მიიღოს და დაუპირისპირდეს ინტერპოლის ევროპულ სტრუქტურებს ან იმ სახელმწიფოს, რომელმაც ადეიშვილს თავშესაფარი მისცა. ამ მოლაპარაკებით საქართველომ ევროპას ურთიერთგაგების გზავნილი გაუგზავნა და მასთან სათანამშრომლოდ რევერანსი გააკეთა.

- 22-23 აპრილს საქართველოში ბელორუსიის პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი...
- შესაძლოა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს ხელისუფლებას დსთ-ს ასოცირებული წევრობაც შესთავაზოს. თუ ეს მოხდა, სავარაუდოდ, ესE შეთანხმებული იქნება რუსეთთანაც. ვნახოთ, რა იქნება. ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ზედმეტად ფრთხილია რუსეთთან ურთიერთობაში. გარდა ეკონომიკურისა, ფაქტობრივად, ჯერ სხვა მიმართულებით პროცესები არ დაძრულა. სააღდგომოდ ცხინვალში რომ ერთი ქართველიც არ შეუშვეს ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, აჩვენებს პოლიტიკურად კვლავაც ურთულეს ვითარებასა და ბევრ პრობლემას, რომლის გადაწყვეტის იმედიც გვქონდა, მაგრამ არ გადაწყვეტილა. 

- ბოლო ხანს საქართველოში ორი გახმაურებული მკვლელობა მოხდა. იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობებს შორის ბევრმა საერთოც დაინახა, მოვისმინეთ განცხადებები, რომ შესაძლოა, ქვეყანაში არეულობას ერთი კონკრეტული ძალა ცდილობდეს...
- არ არის გამორიცხული, ეს მკვლელობები ერთი სცენარის ნაწილი იყოს, მაგრამ შესაძლოა, სხვადასხვა დამგეგმავიც ჰყავდეს. ხარძიანის მკვლელობამ კახი ასათიანის მკვლელობა გამახსენა, რომელიც დღემდე გაუხსნელია და მის გამოძიებას არავინ ითხოვს. საინტერესოა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გახმაურებული მკვლელობები მოხდა უკრაინაშიც... სამწუხაროდ, ტერორიზმზე ჩემი დაკვირვების გამოცდილებიდან გამომდინარე, ვშიშობ, საქართველოში უფრო სერიოზული ფიგურა არ მოკლან. ბანალურად რომ ვთქვა, დაახლოებით იმ ტიპის ტერორისტული აქტი, როგორიც იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში ედპ-ის ლიდერ გია ჭანტურიას მკვლელობა. პროცესების დინამიკა მაფიქრებინებს ამას.

დღეს საქართველოში რამდენიმე მოთამაშე თამაშობს, რამდენიმე ქვეყნის ინტერესები იკვეთება, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო...

ნათია დოლიძე
lamara
14 ივნისი 2015 11:39
სრულიად ვეტანხმები ვახოს,კარგათ აზროვნებს ,ცოტა ჩვენც ვიაზროვნოთ ნუ გვჯერა დემაგოგების.
ლეილა.
09 მაისი 2015 20:37
არც რუსეთი არც ამერიკა.მოვიდა დრო ვიყოთ ნეიტრალური სახელმწიფო.აცხონოს უფალმა ბატონი ზვიად გამსახურდიას ქონდა პროგრამა მთელი ამიერ კავკასია ყოფილიყო ნეიტრალური,
ჰოდა მიდის ხომ ჩუმი მოლაპარაკება ამერიკისა და რუსებს შორის .
უფალო დაგვიფარე და გაგვიმართლე მოლოდინი.
ჭკვიანი ხალხი არ დაილევა საქართველოში,მოვიშოროთ უძლიერესი მასონების საზოგადოება,რასაც რუსეთი უპირისპირდება და ეთაყვანება მიხეილას საზოგადოება.დიდება უფალს აკი ამბობს ჩვენი პატრიარქი ' '[ გაბრწყინდება საქართველო ] ' '
vaxo-ბატონო!!!
28 აპრილი 2015 17:28
სომხები დიდი შეცდომა იყო თურქეთს რო აუჯანყდნენ და დღესაც გლოვობენ 1,5 მილიონ სიცოცხლეს,ისინიც რუსეთის მისვლას და დახმარებას ელოდნენ, მაგრამ რუსეთს ერთ ადგილზე კიდია სომეხიც და ქართველიც. ერეკლემ რო გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი იქ ხაზგასმული იყო, რომ საქართველო ინარჩუნებდა სახელმწიფოებრიობას და რა თქმა უნდა მეფესაც, ტოვებდა ქვეყნის სათავეში. ამიტომ რუსეთმა როგორც სომხები ჩვენც დაგგვეშა სპარსელების წინააღმდეგ და შედეგმაც არ დააყოვნა, აღა-მახმად ხანმა საქართველო და განსაკუთრებით თბილისი სასტიკად ააოხრა, და მხცოვანი მეფე სიკვდილამდე მიიყვანა...რუსეთი კი წყნარად ელოდებოდა თავის ლუკმას, საქართველო სომხეთივით რო სისხლისგან დაიცალა, წყნარად მოვიდა და ჩაგვიდო ჯიბეში. დანარჩენი გეხსომებათ დედოფალი და სამეფო კარის დიდებულები რუსეთში, საქართველოს სამეფოს გაუქმება და რუსეთის იმპერიაში თბილისის გუბერნიად შესვლა და ასე ნელ ნელა მიიღო თავისი. რუსეთი არის ღორი ჭუჭყიანი ღორი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა(ბუნებრივი რესურსებით) ყველაზე ღარიბად აცხოვრებს თავის ხალხს, და იქ გინდათ? შვილებს რო წაგისხავენ "სხვა" მიწების დასაპყრობად მაშინ დაიჯერებთ იმ უბედურებას რასაც რუსეთი წარმოადგენს? მადლობთ მე პირადად ევროპა მირჩევნია...

რედაქტორის რჩევით