"ამ კვირაში უკრაინაში დაძაბულობა პიკს მიაღწევს" - კვირის პალიტრა

"ამ კვირაში უკრაინაში დაძაბულობა პიკს მიაღწევს"

"მცირდება ეკონომიკური აქტივობა, მცირდება აქტივები, მაგრამ ხელისუფლების მადა არ მცირდება"

"არა მგონია, ნოღაიდელის ვოიაჟებს  დამაჯერებლობა ჰქონდეს ქართველი მოსახლეობისთვის"

სამწუხაროა, რომ ოცი წლის განმავლობაში კონსტიტუციის სრულყოფა ვერ მოხერხდაო - ბრძანა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა. აბა, რა იციან ვენეციაში, ქართულ კონსტიტუციას საკანონმდებლოზე მეტად საფეხსაცმლო ფუნქცია რომ აკისრია და ხელისუფლებაში მოსული ყოველი მმართველი პირველ რიგში, სწორედ კონსტიტუციას ირგებს ხოლმე ფეხზე ქალამანივით... საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის არჩევნებში სრული ჩაურევლობა ბრძანა.

მიმდინარე კვირაში, ალბათ, მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ უკრაინა იქნება. ისეთი პირი უჩანს, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მეორე გაყალბებასა და უსამართლობას გააპროტესტებს და ქუჩაშიც გამოვა. ისე, გულწრფელად რომ ვთქვა, პირადად მე, ცოტა არ იყოს, დავიბენი - როცა იუშჩენკომ მხოლოდ ხმათა 5% მიიღო და მერე, იქაურმა ცესკომ ჩვენებური დამკვირვებლები რეგისტრაციაში არ გაატარა, დავფიქრდი, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში საქართველოში და დავასკვენი, რომ უკრაინა დემოკრატიის აკვანი, იუშჩენკო კი დემოკრატიის მამა ყოფილა.

მაგრამ გასული კვირის ბოლოს გავრცელებულმა ინფორმაციამ მოსაზრება ზოგადად დემოკრატიასა და წესრიგზე, ცოტა არ იყოს, ეჭვქვეშ დააყენა. ცესკოს დაცვის შესახებ იუშჩენკოს მიერ გამოცემული ბრძანების შესრულება საჭიროდ არ მიიჩნიეს სამთავრობო დაცვის სამმართველომ და შინაგანმა ჯარმა... დემოკრატიისა რა გითხრათ და, ამ ყველაფერმა "ვარდების რევოლუცია" გამახსენა - უშიშროების მინისტრი რევოლუციონერ პოლიტიკოსებთან რომ ჭუკჭუკებდა პარლამენტში მაშინ, როდესაც მომიტინგეები პარლამენტის კარს ამტვრევდნენ...

მიმდინარე კვირის პროგნოზებსა და პერსპექტივებზე დეტალურად ბატონი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება:

- გასული კვირის ბოლოს უკრაინაში არჩევნების მეორე ტური შედგა. იუშჩენკოს მიერ აღებულმა ხუთმა პროცენტმა უმრავლესობა მისი მმართველობის დემოკრატი-ულობაზე აალაპარაკა.  ამასთანავე, გასულ კვირას, უკრაინის შსს-ს მიერ იუშჩენკოს ბრძანებულების უგულებელყოფამ და ცესკოს შენობის დაცვაზე უარის თქმამ სხვა მოსაზრებაც გააჩინა - ჩანს, უკრაინის ხელისუფლებაში სუბორდინაცია მთლად დალაგებული ვერ არის, თუ ეს ჩვენთვის გაუგებარი უკრაინული დემოკრატიაა?

- როგორც ჩანს, უკრაინულ დემოკრატიას განსაკუთრებული ნდობა ჰქონდა მხოლოდ პრეზიდენტ იუშჩენკოსადმი. გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ტურს შემორჩენილი არც ერთი კანდიდატი არ წარმოადგენს იუშჩენკოს ინტერესებს და აღარ ასოცირდება მასთან, შესაძლებელი გახდა, შინაგანი ჯარი გამოსულიყო მისი დაქვემდებარებიდან. ვერ გეტყვით, რომ ეს სიმშვიდის მომასწავებელია. დაძაბულობა, რომელიც მეორე ტურის დასრულებისთანავე აშკარა გახდა, ალბათ, ამ კვირაში, პირველი შედეგების გამოცხადებისთანავე, პიკს მიაღწევს. იმდენად მომზადებულია ორივე კანდიდატი ასეთი სცენარის განსახორციელებლად, იმდენად მწირი გახლავთ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის რესურსი, რომ ვერ ვხედავ ძალას, რომელიც მოსალოდნელ არეულობას წინ აღუდგება...

- ამ მხრივ, ჩვენთვის ალბათ საინტერესო უნდა იყოს უკრაინის უშიშროების მიერ "ქართული წარმოშობის" მოქალაქის დაკავება, რომელიც, როგორც რუსული საინფორმაციო სამსახურები ირწმუნებიან, აფეთქების მოწყობას გეგმავდა... ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ რუსები და უკრაინის პრორუსული ძალები შეეცდებიან, უკრაინაში მასობრივი არეულობის დაწყების შემთხვევაში, ყველაფერი საქართველოს გადმოაბრალონ?

- ჩემთვის ნაკლებად დამაჯერებელია იმ ადამიანის წარმომავლობა, რომელზეც მხოლოდ თმის ფერის საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს...  არ არის ძნელად წარმოსადგენი, რომ ეს თემა საგანგებოდ გახმიანდა, რათა არჩევნების შესაძლო გართულება და პოსტსაარჩევნო პროცესი პირველი ტურის დროს განვითარებული მოვლენების გამოძახილად მოინათლოს. დღეს რუსული მასმედია ტყუილად არ ლაპარაკობს, რომ უკრაინაში კიდევ დარჩა ასეულობით ქართველი, რომლებიც საქართველოში არ დაბრუნებულან. თან, როცა აფეთქების წინ დამნაშავეს აკავებენ და მის ჯიბეში პირადობის მოწმობასა და პასპორტს პოულობენ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა. ისე, მეტი დამაჯერებლობისთვის, ტერორისტს ჯიბეში ავტობიოგრაფია, მშობლების სურათი და შრომის წიგნაკიც ხომ არ ჩაედო, რომ უკეთესად დაედგინათ მისი ვინაობა იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს მოიმოქმედებდა... როგორც ჩანს, ზოგჯერ უცხოეთის ძალოვან სტრუქტურებსაც ღალატობს ფანტაზიის უნარი.

- თბილისის თვითმმართველობის არჩევნების დღედ 30 მაისი გამოცხადდა. ამ დღისთვის ყველა სხვადასხვანაირად ემზადება - ალასანია მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებიდა და ევროპა-ამერიკის მაღალჩინოსნებს შეხვდა, ნოღაიდელის პარტია უკვე მომავალ კვირაში პუტინის "ედინაია როსიასთან" აპირებს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე მემორანდუმის გაფორმებას...

- პირველ რიგში, არჩევნების ვადებს რაც შეეხება - ალბათ, ქართველ ამომრჩევლებსა და პოლიტიკურ სპექტრს კარგად ემახსოვრებათ, როგორ გამოაცხადა თავის დროზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი არველაძემ არჩევნების გვიან შემოდგომაზე ჩატარების შესახებ. ფაქტი კი სხვა იყო, არჩევნები თვე-ნახევრით ადრე ჩატარდა. ამიტომაც, წარმატებული შედეგებისთვის, გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ ამჯერადაც იმავე ხრიკს მიმართოს. რაც შეეხება ნოღაიდელისა და პუტინის პარტიათა შორის ხელშეკრულების გაფორმებას, ალბათ, ამ სიტუაციაში, თავს ყველაზე უხერხულად კონსერვატიული და ხალხის პარტიები უნდა გრძნობდნენ - ისინი, ისევე როგორც მე, ალბათ, ვერ პოულობენ არგუმენტს, რომელი ნიშნით სჯობია პუტინის პარტია სააკაშვილის პარტიას.

ისეთს რას საქმიანობენ,  ნოღაიდელის აზრით, პუტინის გუნდი და პარტია, რაც ენატრება და რომლის დანერგვას თუ ხილვას საქართველოში ისურვებდა. თუ საქმე გვაქვს ახალი ტიპის მაზოხიზმის გამოვლინებასთან, ხომ არ სჯობდა, თავიდან სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან ეცადა ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება და საქმე უკეთესად გამოსულიყო. ამავე დროს, სულ უფრო მიჭირს საიმისო არგუმენტების პოვნა, რომ ნოღაიდელი დამოუკიდებელია თავის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ არჩევანში. ჩემი აზრით, სულ უფრო მეტი ნიშანი გამომჟღავნდება, რომ მისი ფუნქცია კრემლსა და ავლაბრის რეზიდენციას შორის ინფორმაციის მიტან-მოტანაა.

ასეთი ნაბიჯი მისაღები თუ არა, გასაგები მაინც იქნება, მაგრამ ის, რომ უცებ, აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენილი ადამიანი, რომელიც მთელი საპროტესტო აქციების განმავლობაში ახლოსაც არ გაიკარა ოპოზიციამ, პრეტენზიას აცხადებს ერთ-ერთი ლიდერის სავარძელზე ოპოზიციაში, თანაც რის ხარჯზე - მიდის და ისეთ პარტიასთან აფორმებს ალიანსს, რომელსაც არათუ მეზობელი ქვეყნებისთვის, რუსეთისთვისაც კი სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. ჩემი აზრით, ეს არცთუ ლოგიკური საქციელი უნდა იყოს. სხვათა შორის, ჩემი რუსი კოლეგები თუნდაც აგვისტოს ომის შედეგების განხილვისას ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად მიჯნავენ ერთმანეთისგან კრემლსა და რუსეთს - აღნიშნავენ, რომ ეს ომი კრემლმა მოიგო და არა რუსეთმა.

მართალია, მასებში ჯერ ასეთი განწყობა არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ შეხედულება სულ უფრო მკაფიო და გავლენიანი ხდება. ამიტომ, არა მგონია, ნოღაიდელის ვოიაჟებს  დამაჯერებლობა ჰქონდეს ქართველი მოსახლეობისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა ვიცით ნაციონალური მოძრაობის შურისძიების პოტენციალი არათუ ასეთი ქმედებების, არამედ პრეზიდენტისთვის ნაკლებსასიამოვნო ფრაზების გაჟღერების შემთხვევაშიც კი. დღეს სრულიად განსხვავებული მიდგომაა ნოღაიდელის მიმართ. შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის აგიტატორები გულწრფელნიც იყვნენ, რაკიღა ბოლომდე საქმის კურსში არ არიან და მათი დემარში ნოღაიდელის პოლიტიკური ორიენტაციის გამო ბოლომდე ამყარებს იმ განცდას, რომ ეს ყველაფერი არის შეთანხმებული, ოღონდ ცხადია, არა დარჩიაშვილისა და მალაშხიას დონეზე.

- გამოდის, რომ ნოღაიდელისა და საქართველოს ხელისუფლების სურვილი ერთმანეთთან შენივთებულია?

- სურვილის რა მოგახსენოთ - ნოღაიდელს იმხელა ქონება აქვს, მისი პატრონი თავს დამოუკიდებლად ვერ იგრძნობს... სურვილი ჰქონდა თუ არა, ასეთ შემთხვევაში ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თან, ის ფაქტიც, რომ პრაიმერში ნოღაიდელს ჯერ საკუთარი კანდიდატიც არ წამოუყენებია, მაფიქრებინებს, რომ მის გუნდს გარანტია წინასწარ აქვს აღებული.

- გასულ კვირაში საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სტეინბერგი სტუმრობდა, რომელიც ხელისუფლებასაც შეხვდა და ოპოზიციასაც.  ბოლო დროს სულ უფრო აქტუალურია საუბარი იმაზე, რომ საქართველო აღარ, ან ნაკლებად შედის ამერიკის აქტიური ინტერესების სფეროში. ამ ვიზიტიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ამის შესახებ ვიმსჯელოთ?

- ზოგადად, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ვექტორი შიდა პოლიტიკისკენ არის გადახრილი, სადაც არცთუ ცოტა პრობლემა არსებობს და პრეზიდენტ ობამას დღეს "ჯერ თავო და თავო"-ს პრინციპით მუშაობა უწევს. ცხადია, ამის მიუხედავად, უყურადღებოდ არ რჩება არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. თუმცა არის იმის განცდაც, რომ იგივე საქართველო, იგივე უკრაინა ამერიკისთვის უფრო საინტერესოა როგორც პარტნიორი ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში, ვიდრე ამ ქვეყნებში არსებული დემოკრატიის ხარისხი. ესეც გასაგებია მაშინ, როდესაც საგარეო პოლიტიკა დღევანდელი ამერიკისთვის ცალსახა პრიორიტეტი არ არის. თუმცა განცხადებების სიმწირე სულაც არ ნიშნავს უყურადღებობას იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ჩემთვის ცნობილია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შოკი გამოიწვია  ქართველი დამკვირვებლების თემამ. როგორც ჩანს, ამერიკაში თანდათან უღებენ ალღოს სამხრეთულ-აღმოსავლური პოლიტიკის თავისებურებებს. ვფიქრობ, სწორედ ამის ნიშანია საქართველოში ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის გამოუცხადებელი ვიზიტი.

- ალბათ, ამავე კონტექსტშია განსახილველი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ბუკიკიოს ვიზიტი. ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება მაქსიმალურად დიპლომატიური იყო, თუმცა მძაფრი კრიტიკა აქაც იგრძნობოდა: ოცწლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად კონსტიტუციის უვარგისობა; სახელისუფლებო ძალაუფლების დისბალანსი; დემოკრატიული პროცესების გააქტიურების აუცილებლობა - მსგავსი მოსაზრება ქართული სახელმწიფოებრიობის ევროპულ შეფასებად შეიძლება აღვიქვათ?

- ეს ბატონი ბუკიკიოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საზღვარგარეთ მისი პირველი ვიზიტი გახლდათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე მგრძნობიარე სიტუაცია მისი საქმიანობის თვალსაზრისით, საქართველოშია. ის ფაქტი, რომ თბილისში ყოფნისას ბუკიკიო არა მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან მუშაობდა, არამედ გამონახა დრო და საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასაც შეხვდა, იმაზე მეტყველებს, რომ ვენეციაში ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა და ისურვა, ადგილზე გარკვეულიყო საქმეში.

მით უმეტეს, რომ შედეგი მკაფიოდ დადგა ამ შეხვედრების შემდეგ - მან ჯერ საზოგადოებრივ კომისიასთან განაცხადა და მოგვიანებით იგივე გაიმეორა პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც, რომ ქართული საკონსტიტუციო რეფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარმატებით განხორციელდეს, თუკი საზოგადოებრივი და სახელმწიფო კომისიების მიერ შემუშავებული პროექტები თანაბრად წარდგენილი და განხილული იქნება.

მასთან საუბრისას მომეცა საშუალება, დამესვა კითხვა იმის შესახებ, რის პასუხსაც ვენეციის კომისიისგან ქართველი საზოგადოება ჯერ კიდევ ელის,  - მისაღებია თუ არა მისთვის მანიფესტაციების კანონში წვრილმანი ხულიგნობისთვის იყოს ექვსჯერ მეტი სასჯელი, ვიდრე ეს იყო სტალინის საბჭოთა კავშირში და ვიდრე ეს არის პუტინის რუსეთში. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ამ კითხვამ, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა, რაც გამოჩნდა კიდეც მის შემდგომ კომენტარებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ  ქართველ კანონმდებლებს შორის ეს თემა უახლოეს მომავალში კვლავ გააქტიურდება, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს ხელისუფლებას. თავისთავად ფაქტი, რომ ბატონ ბუკიკიოსთან ერთად დელეგაციაში ბრძანდებოდნენ ბულგარეთის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე და დანიის მთავარი პროკურორი, მიგვანიშნებს, რომ ეს არ იყო ფორმალური ვიზიტი. ისინი ღრმად და შინაარსიანად ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ ქართულ საკანონმდებლო ლაბირინთებში.

- ფართო მოხმარების პროდუქციაზე ფასებმა მოიმატა. გაძვირება ეკონომიკაში მოულოდნელი და გასაკვირი არ არის, მაგრამ საქართველო ამ მხრივაც გამორჩეულია - საკმარისია, დოლარის კურსმა სულ უმნიშვნელო პუნქტით მოიმატოს, რომ ჯადოსნური ჯოხის აქნევით, ერთბაშად ძვირდება ცხოვრება. რაც მთავარია, დოლარის კურსის დაცემა მასობრივ გაიაფებას არ იწვევს ხოლმე...

- ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ვალუტის კურსი იცვლება, თანაც იცვლება გაუფასურებისკენ დოლარის მიმართ და გამყარებისკენ ევროს მიმართ, მაშინ, როდესაც ევროსა და დოლარს შორის კატასტროფული არაფერი ხდება, მიგვითითებს, რომ კონტრაქტები, რომელთა რეალიზაციაზეც ჩვენი ხელისუფლების მადა და კეთილგანწყობაა დამოკიდებული, ძირითადად, დოლარშია გაფორმებული და გამოხატული. მცირდება ეკონომიკური აქტივობა, მცირდება აქტივები, მაგრამ ხელისუფლების მადა არ მცირდება. სახელმწიფო რეკეტი ვერ შეამცირებს თავის მოთხოვნილებებს იმის მიხედვით, შემოდის ქვეყანაში ინვესტიციები თუ არა.

მან უნდა მოიზიდოს და რაც შეიძლება მეტი ზეწოლა მოახდინოს ბიზნესზე იმისთვის, რომ რაღაცნაირად მიაღწიოს იმ შედეგებს, რომელიც პირადად მას სარგებელს მიაღებინებს. ანალოგიური სიტუაციაა ნავთობთან დაკავშირებითაც - ნავთობის იმპორტიორებს სიცრუის კოეფიციენტიც კი ამოეწურათ, ახალ ტყუილს ვერ იგონებენ და ყოველდღიურად იმაზე ლაპარაკობენ, რომ თურმე, როცა მსოფლიოში ნავთობის გაძვირების პიკი იყო, მაშინ მოუმარაგებიათ წლების სამყოფი ნავთობი, ამიტომაც საწვავის გაიაფება საქართველოზე არ მოქმედებს...  შედეგად საქართველოში ბენზინის ფასი ორი ლარი იყო მაშინ, როდესაც ბარელი ნავთობი ას ორმოცი დოლარი ღირდა და ორი ლარი ღირს მაშინაც, როცა ბარელ ნავთობზე ფასმა სამოცდაათ დოლარამდე დაიწია... ერთია, როდესაც რაიმე ძვირდება, მაგრამ უფრო შეურაცხმყოფელია, როცა ამ გაძვირებას მტკნარი სიცრუით ამართლებენ, ოღონდ მათი მოგება არათუ შემცირდეს, პირიქით,  გაიზარდოს კიდეც...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი