"სჯობს, ივანიშვილი მობრუნდეს ხელისუფლებაში და კიდევ ერთხელ აიღოს პასუხისმგებლობა"
11-05-2015
"სჯობს, ივანიშვილი მობრუნდეს ხელისუფლებაში და კიდევ ერთხელ აიღოს პასუხისმგებლობა"
"არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოსა და რუსეთს შორის ისევ დაიძაბოს"

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უკვე გამოუცხადა. საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 38 პარლამენტარი იყო. მოგეხსენებათ, განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია. "მთავრობის პრიორიტეტი უცვლელია: ეს არის ძლიერი, ეფექტიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა",”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის წარდგენისას. როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა საპარლამენტო
ოპოზიციამ. ეს განსაკუთრებით ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეროვნული ვალუტის დევალვაციას შეეხებოდა. მიუხედავად განახლებისა, არის კი მთავრობის ეს შემადგენლობა მზად, გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას? -– სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:


- პარლამენტი რომ მთავრობას ნდობას გამოუცხადებდა, მგონი, არავის აეჭვებდა, მიუხედავად
იმისა, რა განცხადებები გაკეთდებოდა პარლამენტში ან როგორ წარიმართებოდა დებატები. ეს ასეც მოხდა. მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების თაობაზე საზოგადოებას ცოტა სხვანაირი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობას აქვს გეგმა და მონახაზი იმისა, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს ცვლილებები. საკითხი დგას ასე: მოახერხებს კი ეს მინისტრთა კაბინეტი იმ პრობლემების ადეკვატურად გადაჭრას, რაც დღეს ქვეყნის წინაშეა? უპირველესად ეს შეეხება ეკონომიკურ კრიზისს და ლართან დაკავშირებულ პრობლემებს. ლარის კურსის გაქცევისთანავე, ცხადი იყო, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ეს განსაზღვრული პერიოდის შემდეგ აისახებოდა და პროდუქტი გაძვირდებოდა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ყველა მოქალაქეს შეეხო. აქედან გამომდინარე, საზოგადოება ელოდა, რომ ეკონომიკური გუნდი შეიცვლებოდა, თუმცა, ამ ეტაპზე ეს არ მოხდა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ მთავრობაში ცვლილებები არ დასრულებულა.

- ანუ თქვენც იზიარებთ შეხედულებას, რომ მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობას დიდი დღე არ უწერია და შემოდგომამდე არაერთი ცვლილების მოწმენი გავხდებით?
- დიახ. ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა და ახლა პრემიერს აქვს საშუალება, ექვსი მინისტრი შეცვალოს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს და საამისოდ პარლამენტის თანხმობა არ დასჭირდება. ვფიქრობ, უფრო რადიკალური ნაბიჯებიც იქნება გადადგმული...
რომ ამბობენ, დაახლოებით ივნისში ლარი დასტაბილურდებაო, ეს კითხვებს ბადებს. გასაგებია, ლარი ოდესღაც აუცილებლად დასტაბილურდება, მაგრამ რა ნიშნულზე?!

თუ ლარი მანამდე ისე გაიქცა, რომ დოლარის ფასი 2.5-ს ასცდა და 3-მდე გაიზარდა, ეს მოსახლეობისთვის კატასტროფა იქნება. ამას აუცილებლად მოჰყვება მწვავე სოციალური პროტესტი.
მთავრობა, თუნდაც განახლებული შემადგენლობით, ვეჭვობ, ამ მიმართულებით რაიმე რადიკალური ზომების მიღებისთვის იყოს მზად. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, მოხდა ზოგიერთი ობიექტების პრივატიზაცია და კიდევ აპირებენ, რომ ელოდებიან ტურისტების დიდ ნაკადს, მაგრამ არა მგონია, ეს საკმარისი იყოს. თუმცა, ვნახოთ, ივნისიც, ფაქტობრივად, კარს მომდგარია, ყველაფერი მალე გამოჩნდება...

ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების რეიტინგი ნელ-ნელა ეცემა. ეს პროცესი მაინცდამაინც ლარის გაუფასურებაზე არ არის მიბმული, მანამდე დაიწყო, უბრალოდ, ამან კიდევ უფრო გაააქტიურა და ოდნავ დააჩქარა. თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ხელისუფლების რეიტინგის ვარდნაც ამის პროპორციული იქნება. ვფიქრობ, ამას ხელისუფლებაც მშვენივრად ხვდება. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა. გულწრფელად რომ ვთქვა, ვერც ერთი ხელისუფალი ვერ შეძლებდა ქვეყნის ამ ჭაობიდან ერთი ხელის მოსმით ამოყვანას. ლარის დასტაბილურების საკითხი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ მინისტრთა შემადგენლობის შეცვლის განმაპირობებელი, არამედ შესაძლებელია, მთლიანად ხელისუფლების ნდობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. სხვაგვარად ხელისუფლება ნდობას ვერ მიიღებს. ეს საკითხი, ვფიქრობ, ივნისის მიწურულს გააქტიურდება. ასე რომ, ძველ-ახალ მთავრობას შეცდომის უფლება აღარ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნები მივიღოთ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ: "ან ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდესო. რას გულისხმობთ?
- ჩემი ნათქვამის ცოტა სხვაგვარად ინტერპრეტირება მოხდა.
მე ვგულისხმობდი ივანიშვილის დაბრუნებას სწორედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გზით.
საქმე ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას კულისებიდან მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომ ის იღებს უმთავრეს გადაწყვეტილებებს. დავანებოთ წუთით თავი იმას, ეს ნამდვილად ასეა თუ არა, მთავარია, ხალხს ამის სჯერა, პოლიტიკაში კი სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, როგორ აღიქვამს ხალხი პოლიტიკურ პროცესს. თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, კარგი იქნება, თუ ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში, კოალიციას კვლავაც ჩაუდგება სათავეში, გაიმარჯვებს და რეალურად აიღებს პასუხისმგებლობას თავზე. თუ ამას არ აპირებს, მაშინ სჯობს, სრულიად გაემიჯნოს გუნდს, რომელიც მონაწილეობას არჩევნებში უიმისოდ მიიღებს. სავარაუდოდ, ეს კოალიცია, ალბათ, დაბალი პროცენტით, მაგრამ მაინც გაიმარჯვებს... ბოლოს და ბოლოს, მოსახლეობაც იქნებ დარწმუნდეს, რომ ივანიშვილი ნამდვილად გავიდა პოლიტიკური სივრციდან. როგორღაც უნდა დასრულდეს გაუთავებელი ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი მართავს. ჩემი აზრით, სჯობს, ივანიშვილი მობრუნდეს ხელისუფლებაში და ამ ურთულეს პერიოდში კიდევ ერთხელ აიღოს პასუხისმგებლობა.

- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ჩვენი მმართველობის მესამე წელი, მართალია, რთულია, მაგრამ ეს ჩვენი მიზეზით არ არის განპირობებულიო.

- იზოლირებულად არ ვცხოვრობთ და, ბუნებრივია, გარე ფაქტორები აისახება ქვეყნის ცხოვრებაზე, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები პრემიერს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გარე ფაქტორებმა განაპირობა. ჩვენ ისევ ვუბრუნდებით უცნაურ ფორმულას, რომ ჩვენი ბრალი არაფერია და ყველაფერი ცუდი სხვისი მიზეზით ხდება. ბოლო 20 წელიწადია, ყველა ხელისუფლება ერთსა და იმავეს ამბობს. მოსახლეობამ იმიტომაც აირჩია ხელისუფლება და იმიტომაც არიან უმაღლესი თანამდებობის პირები, რომ მიმდინარე პროცესებს თვალყური ადევნონ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, გააანალიზონ ეს პროცესები და ქვეყანა ამა თუ იმ გამოწვევისთვის დროულად მოამზადონ. კი, ბატონო, დოლარი რომ მყარდება მთელ მსოფლიოში, გასაგებია, მაგრამ ეს გუშინ ხომ არ დაწყებულა?! რას აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება შარშან, როდესაც აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ეროვნულ ვალუტას შეიძლება პრობლემა შეჰქმნოდა? შარშან უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიც, ფაქტობრივად, დაწყებული იყო. მეც მგონია, რომ ეროვნული ბანკი ისე არ მოქმედებს, როგორც საჭიროა, მაგრამ, ალბათ, შეიძლებოდა ეროვნულ ბანკთან საკომუნიკაციო უკეთესი გზების მოძებნა. ქვეყანა დგას დიდი პრობლემის წინაშე, ცხადია, რომ ამ პრობლემებისთვის მზად არ აღმოვჩნდით. თუ რატომ, ეს კარგად უნდა გააანალიზოს ხელისუფლებამ.

- ბოლო დროს ხშირად საყვედურობენ ხელისუფლებას, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ვერ ხორციელდება. მეტიც, დაწყებულიც ჩერდება. ამის მიზეზად კი ასახელებენ მთავრობას, რომელიც გადაწყვეტილებას ან ვერ იღებს, ან ძალიან აჭიანურებს.
- გადაწყვეტილების მიღება შეიძლება პრობლემაა, მაგრამ ახლა ცოტა სხვა საკითხზე მინდა მკითხველის ყურადღების გამახვილება. კერძოდ, პროცესებს აფერხებს ისიც, რომ ვითარება, რომელიც 2012 წლამდე ჩვენს ქვეყანაში იყო, სიღრმისეულად ვერ შეფასდა. ამას ფილმების გადაღება ვერ უშველის. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ანალიტიკური ჯგუფის მუშაობა.

კიდევ ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ წარმოიდგინა, თუ ბიზნესს აღარავინ შეავიწროებდა, ყველაფერი ბრწყინვალედ აეწყობოდა. ეს იყო, რბილად რომ ვთქვა, გულუბრყვილო მიდგომა, რადგან საქართველოში წინა ხელისუფლებამ მოახდინა არა მხოლოდ ხელისუფლების ცენტრალიზაცია, არამედ ბიზნესისაც. შესაბამისად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა მონოპოლიები: კომპანიებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს საქმიანობდნენ, კონკრეტულ სფეროებში მონოპოლია ჰქონდათ. ამის დაშლა და მართლაც თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მოდი, კონკრეტულად ვთქვათ, რომელი სფეროები მიიჩნევა საქართველოში ყველაზე მომგებიანად: ენერგო- და ნავთობმატარებლების მიმართულება, საბანკო და ფარმაცევტული სფეროები. ნუთუ მსოფლიოში არ გამოჩნდა ვინმე, ვისაც ფულის დაბანდება და მოგების მიღება საქართველოში, სწორედ ამ სფეროებში მოუნდებოდა?! რატომ ვერაფრით გამოჩნდა ახალი და ძლიერი მოთამაშე ამ მიმართულებებში?! ამ კითხვებს ორი პასუხი აქვს: პირველი, რომ მსოფლიოში თავისუფალი კაპიტალი აღარ დარჩა, რაც აბსურდია; მეორე ის, რომ ქვეყანაში ისევ არის მონოპოლიები და მომგებიან სფეროებში სხვას არავის უშვებენ. ვფიქრობ, ქართული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ამას მხოლოდ ანტიმონოპოლიური კანონის შექმნა არ უშველის. არაორდინარული მეთოდებია მოსაფიქრებელი, რათა ქვეყანაში შეიქმნას ჯანსაღი ეკონომიკური გარემო.

- ბრძანეთ, რომ სახელისუფლებო ძალის რეიტინგი იკლებს. საინტერესოა, ამის ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი, მით უფრო, რომ ბოლო დროს ეს ძალა ლამის ჰიპერაქტიურია?
- ცხადია, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რთული ვითარება სათავისოდ გამოიყენოს. ეს კარგად დავინახეთ პარლამენტში გამართული დებატებისას, როდესაც მათი დეპუტაცია ერთხმად წუხდა გაუფასურებული ვალუტისა და მოსახლეობის დუხჭირი ყოფის გამო, თუმცა, არანაკლებად მძიმე სოციალური ვითარება იყო ქვეყანაში მათი მმართველობის დროსაც. მეეჭვება, ხელისუფლების რეიტინგის დაცემა "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს რაიმეს მატებდეს.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი "ნაციონალების" უკიდურესად კრიტიკულ პათოსს შეიძლება იზიარებს კიდეც, მაგრამ ამას აუცილებლად მოაყოლებს ხოლმე ტექსტს, ამათ რა აქვთ სალაპარაკოო.
მოკლედ, ჩვენს საზოგადოებას, ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად ახსოვს. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული ამომრჩეველი ოპოზიციურ ფლანგზე კი არ მიდის, არამედ საერთოდ გადის პოლიტიკური სივრციდან. მოსახლეობაში ისევ ნიჰილისტური განწყობა ბრუნდება.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება და კარგი იქნება, ამაზე ხელისუფლებაც თუ დაფიქრდება: 2016 წლის არჩევნებისთვის შეიძლება უმძიმესი სურათი მივიღოთ, ანუ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არ წავიდეს არჩევნებზე, რაც არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შექმნის.

- ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" განხორციელების შესახებ" მესამე ანგარიში. ანგარიშის თანახმად, საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 15 მოთხოვნიდან 7 შეასრულა, დანარჩენი 8 კი თითქმის ან ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვალა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს ერთობლივი, საკმაოდ ვრცელი წერილით მიმართეს, სადაც ვკითხულობთ: "ტექნიკური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარებას მკაფიოდ დაუჭერს მხარს". თუმცა, წამყვან ევროპულ გამოცემებში გაჩნდა სტატიები, სადაც ნათქვამია, რომ კარს მომდგარ რიგის სამიტზე საქართველო, ისევე როგორც უკრაინა და მოლდავეთი, არსებით შეთავაზებას ევროპისგან არ მიიღებენ. საინტერესოა, იმაში, რომ მთლად ისე არ წარიმართა ევროპასთან ასოცირების შემდგომი პროცესები, როგორც თავიდან იგეგმებოდა, რომელი ფაქტორებია გადამწყვეტი?

- როდესაც მომავალ რიგის სამიტზე და ვიზა-ლიბერალიზაციაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობის თემა. გასათვალისწინებელია ევროპასა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები და საზოგადოდ, მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური ფონიც. თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ რიგის სამიტისგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ. ევროპასთან გამარტივებულ მიმოსვლის უფლებას ამ ეტაპზე, ალბათ, ვერ მივიღებთ, რაც საწყენია, თუმცა, ტრაგედია ნამდვილად არ არის. პროცესი გრძელდება, დათქმულია ახალი ვადა - 2015 წლის მიწურული, როდესაც კიდევ ერთი ანგარიში გამოქვეყნდება.

- საქართველოში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან ერთად დაიწყება. ამ სწავლების ფარგლებში ამერიკული სამხედრო ტექნიკა უკვე ვაზიანშია. ასევე ცნობილია, რომ ვაზიანში დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი ჯარისკაცები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის და ამ სწავლებით ჩაეყრება საფუძველი ნატოსა და საქართველოს სასწავლო ცენტრს?

- იმ ფონზე, რაც დღეს ხდება რუსეთსა და დასავლეთს შორის, ვგულისხმობ გამწვავებულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის ამგვარი ნაბიჯი, მით უფრო, თუ ამას დავამატებთ, რომ შავ ზღვაში ნატოს ფლოტი იყო შემოსული. იქმნება ისეთი სურათი, რომ ქმედითი ნაბიჯები იდგმება საქართველო-ამერიკის ორმხრივ სამხედრო ურთიერთობაში. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოსა და დასავლეთთან ინტეგრაციისთვის. ამასთან, ეს არის მინიშნება რუსეთისთვისაც, რომ ამ არეალში მისი სამხედრო დომინირება ვერ იქნება გადამწყვეტი. მოკლედ, ამ ყველაფერს, გარდა სამხედრო, პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოსა და რუსეთს შორის ისევ დაიძაბოს, თუმცა, არა მგონია, ან რუსეთი, ან დასავლეთი რაიმე რადიკალურ ნაბიჯზე წავიდნენ, შესაძლოა, ამას რუსეთთან მცირე ეკონომიკური გართულებებიც მოჰყვეს.

ნათია დოლიძე
kote
07 ივლისი 2015 16:55
შეხედეთ ამ სურათზე პარლამენტის თავმჯდომარეს და წარმოიდგინეთ პარლამენტი, რომელსაც ის თავზე აზის.
gio
23 მაისი 2015 14:34
რა დარგშია ძაბირაძე ექსპერტი, დაწერეტ რა
ალექს
23 მაისი 2015 11:53
მოქმედების დრო დადგა :
უფრო მეტად რუსულ ხელისუფლებას,ვიდრე იყო მოქკავშირი,ნაცმო და ახლა რომაა ქოცმო,ვერ მივიღებთ,ესენია ზუსტად რუსული.
აბა დამისახელეთ ხუთიოდე მათი დასავლურობის ნიშანი და დაგისახელებთ 100-ს რუსულს.
რიგის სამიტმა თქვა ის რასაც ჯიუტად ვერ ვიგებთ:სანამ ხელისუფლებაში მოგვყავს კრიმინალური კლანები არჩევნების გაყალბებით,მათზე ვყიდით 10 ლარად და ტომარა ფეტვად ხმებს,ვიტანთ ცოცხებს და თავად ვდგავართ იმ უფლების მოპოვების რიგში მთავრობის სამსახური რომ ქვია და სინამდვილეში სხვისი ძარცვის ლეგალური და დაუსჯელი საშუალებაა ,ვერც ვერსად შევალთ,ვერც უვიზოდ ვივლით.
ხალხიც და მმართველობაც მიდრეკილია წვრილ წვრილი და საშუალო დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ,როგორიცაა მოქალაქეთა მიერ გადასახადის არ გადახდა,დენის და გაზის მოპარვა,გზაზე ნაგვის დაყრა, ქუჩაში ყიდვაგაყიდვა არაკონდიციის ანტისანიტარიაში,ერთის მხრივ,მეორეს მხრივ ისეთი სგადასახადო სისტემის შექმნა,სადაც გადაუხდელობა სჯობს გადახდას,რაც ხელს საზოგადოების დამმონებელ კლანს აძლევს,მათ მიერვე კონტრაბანდის და კონტრაბანდული საქონლის ბაზრობებზე ვაჭრობის ხელშეწყობა,ბიუჯეტში ხელის ფათური,ინფასტრუქტუტურული უხარისხო და დაუსრულებელი სარეაბილიტაციო ფლანგვა მითვისებები,ნარკო ტრეფინგი და იარაღითა და ორგანოებით ვაჭრობა.
ახლა უმაღლესი ხელისუფლანი-კგბ და ცსს ორმაგი აგენტები,ზოგიც გენერალი,უზურპატორი,ნარკომანი,ფულის ტომარა,ოლიგარქი,მედროვე,პიარმენეჯერი,უმწიფარი,უავტორიტეტო,არცერთი დეგოლი,არცერთი ილია,არცერთი ბაზალეთელი და არცერთი ხერხეულიძეებთაგანი.
არ მიგვიღებენ,მითუმეტეს თუ 2016 უფრო მეტად გამოკვეთილ რუსეთუმეებს დავისვამთ თავზე,ვიდრე აქამდე გვყოლია.
რუსეთია სიბნელე,ბოროტება,მარადიული სულიერი და მატერიალური სიღატაკე.
დასავლეთში არის ნათელი ,მაგრამ იქ კი არ უნდა წავიდეთ უვიზოდ და სამუდამოდ,რუსული ბნელი გავნდევნოთ და დასავლური ნათელი შემოვიტანოთ და აქ ვიყოთ აქ !!!!!
ვის და რას ველოდებით არ ვიცი,ვის ელოდებით ხალხო?
ამირანი მოსწყდება კავკასიონს თუ დავითი აღსდგება გელათს ?
გამორჩეული ახალგაზრდების წინ წამოწევა დაიწყეთ,ნუ გეშინიათ !!
დავუდგეთ გვერდით,300 კაცი გვინდა ,300 მომზადებული განათლებული,ზრდილი,ნაკითხი,არა ლოთი,არანარკომანი,ვერ ვიპოვნით ?
თითომ ასიდან ერთი წარმოვადგინოთ,შევქმნათ საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობა,პირობითად :"ახალგაზრდობა საქართველოსთვის " და დავძრათ უძრაობის წერტილიდან,თუ ვინმე ამათ თავს დაესხმება ,ვანანოთ !
შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი,ახლავე დავიწყოთ,შევქმნათ რაღაც პორტალი,თუ არ ვიცი,საიტი, ელექტრონული ბაზა,ელექტრონული ბანკი.
ამოიღეთ ხმა!!!

რუსეთის შეკავება მხოლოდ მას და ჩვენს შორის მაღალი სტანდარტის დემოკრატიული კედელის აგებით და მისი სამართლებრივი (ფსვდოსახელმწიფოებრივი უფლებრივი პრიორიტეტი მოქალაქესთან შედარებით) და ეკონომიკური (ოლიგარქიულ მონოპოლისტური სამოხელეო კაპიტალიზმის რეგრესიული ფორმა) მოწყობის ზონიდან მოწყვეტით,მის ბოლშევიკურ და პსოტკომუნისტურ ჩეკისტურ პოლიტიკურ წარსულთან სამართლებრივად და პოლიტიკურად გამიჯვნით შვძლებთ .
ასეთ შემთხვევაში დასავლეთთან ურთიერთშეცვლადი გავხდებით,დღეს ვართ რუსულ წესწყობაში,რუსულ გარემოში,ამდენად მოწყვლადი და დაუცველი ვართ რუსული იდეოლოგიურ პროპაგანდისტული ექსპანსიისგან,იოლად ვიღებთ უმსუბუქეს დარტყმებსაც კი,ვაშლი დარჩათ გაუყიდავი და ამიტომ 31 % ნაცმოს მოსყიდული ამომრჩეველი რუსეთისაკენ გვექაჩება,რათა მერე რუსეთსავე იწილო ბიწილო სააკაშვილმა და ან ივანიშვილა ,ანაც სულაც ტანდემში (!?) გაუმართოს,ნურას უკაცრავად,ვერ მოგართვეს ?!

რედაქტორის რჩევით