"პოლიტიკურ თამაშებს ლარი არ უნდა გადავაყოლოთ" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკურ თამაშებს ლარი არ უნდა გადავაყოლოთ"

"საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ელის"

"ჩაკრაბარტის საქმე არ არის ჩვენი მთავრობის შეფასება"

მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ლარის გაუფასურების საფუძველი აღარ არსებობს, ეს პროცესი მაინც გრძელდება. მაშინ, როდესაც ქვეყნის დედაქალაქი ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკურ ღონისძიებას - EBRD-ის ბიზნესფორუმს მასპინძლობდა, ლარის ღირებულებამ ისევ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია... გასულ კვირას აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული (NDI) ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუტს საზოგადოება მაინცდამაინც არ ენდობა, თითქმის ყველა ექსპერტი აღიარებს, რომ ტენდენციები, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, მეტ-ნაკლებად ასახავს რეალობას. 2008 წლის შემდეგ პირველად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების პირველ სამეულში ვერ მოხვდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გამოკითხულთა მხოლოდ 27%-მა მიიჩნია იგი უმნიშვნელოვანეს პრობლემად და სამუშაო ადგილების (66%), ფასების ზრდისა (43%) და სიღარიბის (39%) შემდეგ ჩამონათვალში მე-4 ადგილი დაიკავა.

სწორედ  ამ მონაცემების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- სამწუხაროდ, ამერიკულმა ინსტიტუტებმა დიდი ხანია, ჩვენი საზოგადოების ნდობა დაკარგეს, მაგრამ ბოლო კვლევის შედეგები ასე თუ ისე ასახავს რეალობას, თუმცა, არ ვიცი, პროცენტული მაჩვენებლები შეესაბამება თუ არა სიმართლეს. გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სოციალური საკითხების მოუგვარებლობას მიიჩნევს, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში სოციალური ვითარება უკიდურესად მძიმეა. ძნელია, მშიერ ადამიანს, რომელიც ხვალინდელ სარჩოზე ფიქრობს, ტერიტორიულ მთლიანობაზე ფიქრი მოსთხოვო. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ დაკარგული ტერიტორიების პრობლემა აქტუალური აღარ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ადამიანებისთვის სოციალური პრობლემატიკა უფრო მნიშვნელოვანია. მაპატიეთ, მაგრამ როცა შიმშილით სიკვდილი მელის, ჯერ ამას უნდა გავუმკლავდე, რომ მერე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზეც ვიზრუნო. მახსოვს, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილიც ამბობდა, ჯერ ეკონომიკურად უნდა გავძლიერდეთ, რომ მიმზიდველი გავხდეთ აფხაზებისა და ოსებისთვისო.

- კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას: "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" - გამოკითხულთა 27%-მა უპასუხა: "არ ვიცი", კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა 24%-მა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 16%-მა. პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა "თავისუფალ დემოკრატებს", 4% - "პატრიოტთა ალიანსს", 3% - ლეიბორისტულ პარტიას. კითხვას: - "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?" - გამოკითხულთა 56%-მა უპასუხა, რომ წავიდოდა არჩევნებზე, 44%-მა კი განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა...

- ვიმეორებ, არ ვიცი, ეს მაჩვენებლები ზუსტია თუ არა, მაგრამ ტენდენცია, რომ მმართველი კოალიციის რეიტინგი ეცემა, აშკარაა. უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ ისეთი ენთუზიაზმისა და ცვლილებების მოლოდინის ფონზე ჩატარებულ არჩევნებს, როგორიც იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, ნებისმიერ ქვეყანაში მოჰყვებოდა საზოგადოების იმედგაცრუება. საქმე ის გახლავთ, რომ ქვეყანა ორ და სამ წელიწადში ვერ შენდება, თუმცა, საზოგადოებას ყოველთვის ყველაფერი ეჩქარება.

გასათვალისწინებელია, რომ კვლევა ჩატარდა ლარის გაუფასურების ფონზე. არც ის დაგავიწყდეთ, რომ მმართველმა ძალამ ძალიან ბევრი დაპირების შესრულება ვერ შეძლო. ვვარაუდობ, რომ პოლიტიკური რეიტინგი მეტ-ნაკლებად ასახავს რეალობას, ოღონდ "ნაციონალურ მოძრაობას" ნუ ეგონება, რომ ის, ვინც განაცხადა, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას მომავალ არჩევნებში, მხარს მაინცდამაინც მათ დაუჭერს.

ამ პოლიტიკურ ძალას დაახლოებით 10-15% უჭერს მხარს, დანარჩენი  ხმები კი რამდენიმე პარტიას გაუნაწილდება. ბევრი ამომრჩეველი ჯერ ვერ გარკვეულა თავის არჩევანში, ეს კი ნიშნავს, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ელის. ვფიქრობ, მომავალი არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში  დადგება კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი, რადგან ვერც ერთი კონკრეტული პარტია ან ბლოკი (მათ შორის, ვერც "ქართული ოცნება")   მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმებს ვერ დააგროვებს. ჩემთვის  ცხადია და ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ საქართველოში  მაღალი რეიტინგი ვერასდროს ექნება ნინო ბურჯანაძეს. მმართველი კოალიციის რეიტინგის დაცემა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამბობდნენ, რომ მათი მმართველობის მესამე წელი ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო, არადა, სწორედ ახლა დევალვაცია განიცადა ლარმა. ბევრ ადამიანს კრედიტი ახრჩობს. ჩემი აზრით, ბანკები კრედიტს დოლარით არ უნდა გასცემდნენ. ჩვენ გვაქვს ეროვნული ვალუტა და სწორედ ლარით უნდა გაიცემოდეს კრედიტები.

- კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ "ევრაზიულ კავშირში" ქვეყნის გაწევრების მომხრე გამოკითხულთა 31%-ია. ეს მაჩვენებელი წინა კვლევის შედეგებთან შედარებით გაზრდილია. რას მიიჩნევთ ამის მიზეზად?

- ჩემი აზრით, "ევრაზიულ კავშირში" გაწევრების მოსურნენი პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები არიან, რომელთაც, ერთი მხრივ, არ ესმით ამ გაერთიანების მნიშვნელობა, მეორე მხრივ კი, რადგან  დასავლეთთან ურთიერთობა მათ პირად კეთილდღეობაზე ვერ აისახა, ისევ საბჭოთა ნოსტალგია ეძალებათ და ფიქრობენ, რომ რუსეთთან კავშირი მათი კეთილდღეობის პირობა იქნება. რა თქმა უნდა, რუსეთთან კავშირი ვერავის მოუტანს სიკეთეს, რადგან ეს ქვეყანა თვითონ დგას ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის წინაშე.  ახლა "ევრაზიულ კავშირზე" ლაპარაკი როგორ შეიძლება! ყაზახეთში უკვე ფიქრობენ ამ კავშირიდან გასვლაზე, ჩინეთი კი ამ პროცესში არ ერთვება, რადგან ეს აშკარად არის საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. დარწმუნებული ვარ, რომ "ევრაზიულ კავშირს" მომავალი არა აქვს. პრობლემა ცოტა სხვაგვარად დგას:

დღეს ყველა ხედავს, როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოში საკუთარი პროპაგანდისტული მანქანის ამუშავებას. იხარჯება ბევრი ფული და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ.

სახელმწიფო ვალდებულია, ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. არ შეიძლება იმის იმედად ყოფნა, რომ თურმე, ქართველი კაცი ბრძენია და გადაწყვეტილებებს თვითონ მიიღებს.

- როგორ ფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს, როდის დასრულდება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კინკლაობა და დაიწყება ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება?

- ჩემი აზრით, მთავრობა არ იქცევა ისე, როგორც საჭიროა. ლარის გაცვლითი კურსი დამოკიდებულია ერთადერთ პარამეტრზე - ეს არის მიმოქცევაში არსებული ლარისა და უცხოური ვალუტის კუპიურების თანაფარდობა. თუ ჩვენ შევამცირებთ მიმოქცევაში ლარის ოდენობას, მაშინ შეიძლება ფულის დეფიციტი წარმოიქმნას და რამდენიმე დღით დაიგვიანოს ხელფასებმაც,  მაგრამ ეს ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, ამ პროცესში ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, რასაც უარეს ეკონომიკურ ვითარებაშიც ახერხებდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტები. ამას უპირველესად სჭირდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის ეროვნული სულისკვეთება, რაც ამჟამინდელი  ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას არ გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩინოვნიკები ასე აქებენ გიორგი ქადაგიძეს, სინამდვილეში საქმე ასე კარგად სულაც არ არის.

მეჩვენება, რომ რაც ხდება, მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია, ანუ, რაც უარესად იქნება ქვეყანაში საქმე, მით უკეთესია მავანთათვის. სამწუხაროდ, ხელისუფლების ოპონენტები ახლა ქვეყნის ოპონენტებად იქცნენ და ძალიან ცუდ საქმეს მოჰკიდეს ხელი. ცხადია, მთავრობა არ უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში, მაგრამ რაკი ამ პოლიტიკურმა ძალამ აიღო პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, მან აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის გადარჩენაზეც. მაშინ არავის უთქვამს, რომ ეროვნული  ბანკის წარმომადგენელი ამ პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ იქნებოდა. ირაკლი ქადაგიძესთან დაკავშირებით უფრო ხისტი ზომებია მისაღები. გამოსაკვლევია, რატომ იქცევა ასე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა. არ შეიძლება, პოლიტიკურ თამაშებს შეეწიროს საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი - ეროვნული ვალუტა. მასაც თუ  დავასუსტებთ, არ ვიცი, საით წავა ქვეყანა. კახი კალაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი რაღაც ინფორმაციას უმალავს მთავრობას. თუ  ეს საჯარო ინფორმაციაა, კეთილი ინებოს ვიცე-პრემიერმა და ოფიციალურად მოსთხოვოს ეროვნულ ბანკს ამ ინფორმაციის გამჟღავნება და თუ მან მაინც უარი თქვა, მიმართოს სასამართლოს. მხოლოდ საჯარო განცხადებები საკმარისი არ არის. მთავრობა ვერ დგამს სათანადო ნაბიჯებს, არავინ აანალიზებს ვითარებას, არადა, თავიდანვე აუცილებელი იყო ეკონომიკური პროცესების ანალიზი. ჩვენს მთავრობაში თათბირობენ, თათბირობენ და საბოლოოდ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.  ხუთი თვის წინ შეიძლებოდა შესაბამისი ზომების მიღება და ასეთი დევალვაციის თავიდან აცილება.

- გასულ კვირას თბილისმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ღონისძიებას - EBRD-ის ბიზნესფორუმს უმასპინძლა. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და არც მთავრობის მისამართით. იქნებ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ჩვენ გვგონია?

- ეს ჩინოვნიკური მიდგომაა. EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტისთვის სულერთია, როგორ იცხოვრებს  საქართველოს რიგითი მოქალაქე. სხვათა შორის, EBRD-ი ასევე იქცეოდა საბერძნეთთან დაკავშირებითაც, იქაც ასევე აქებდნენ მთავრობას, საბოლოოდ კი ეს ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა.

ეს ორგანიზაცია არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სადაც საქართველოს ეკონომიკას ძალიან მცირე წილი აქვს. შესაბამისად, ჩაკრაბარტის საქმე არ არის ჩვენი მთავრობის შეფასება.

- EBRD-ის ყოველწლიური  ბიზნესფორუმის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა, გარდა ამისა,  ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოში ინვესტიციების პერსპექტივებიც განიხილა, განხილვის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ მზადდება EBRD-ის სამმილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი. როგორ შეაფასებთ ამ ღონისძიების შედეგებს?

-  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებას საკადრისად ვუმასპინძლეთ. კარგია ისიც, რომ ბევრი საინტერესო ინიციატივა და წინადადება მოვისმინეთ, განსაკუთრებით - თავისუფალ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფერმა გამახსენა ერთი ძველი ანდაზა: "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო." ასეთი ბიზნესფორუმები ადრეც გამართულა; გამუდმებით გვესმის, რომ ახლა ჩამოვლენ ინვესტორები, დავაინტერესებთ ჩვენი ეკონომიკით და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რა კეთდება? - თითქმის არაფერი. სამმილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი ძალიან კარგია, მაგრამ რეალურად როდის განხორციელდება ეს, იცის ვინმემ?

- როდესაც დღის წესრიგში მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი დადგა, ბევრი ელოდა, რომ შეიცვლებოდნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებიც, თუმცა, ამაოდ. მიუხედავად ამისა, არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ მალე ფინანსთა მინისტრს შეცვლიან...

- არ დაგიმალავთ და მეც ველოდი ცვლილებებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, მაგრამ ეს არ მოხდა. როგორც ვიცი, ვერ იპოვეს ადამიანები, რომლებიც ასეთ პასუხისმგებლობას აიღებდნენ თავზე.

ჩემი აზრით, მარტო ხადურის შეცვლა ვერაფერს შეცვლის. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მთავრობის პოლიტიკა. საჭიროა გაბედული გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებითაც. ერთიც უნდა ვთქვა: ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღემდე ვერ შეძლეს, საზოგადოებისთვის აეხსნათ, რა ხდება ლართან დაკავშირებით. არ იყო ეს ის თემა, რაზეც შეიძლებოდა ან ხუმრობა, ან ცინიკური განცხადებების კეთება.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატის გაფართოება ეკონომიკური მიმართულებით. რას ფიქრობთ ამაზე? და კიდევ: კარასინის განცხადებით, მზადდება ნიადაგი, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთა შორის უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართოს, რაც არ დაადასტურა ზურაბ აბაშიძემ. თქვენი აზრით, რა პროცესის მომსწრენი ვართ?

- თქვენი ნებართვით, მეორე კითხვის პასუხით დავიწყებ. ვფიქრობ, ჯერჯერობით ასეთ შეხვედრაზე მხოლოდ ლაპარაკობენ და კონკრეტულად არაფერია გაკეთებული. ჩვენ კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს: ვინ არის ჩვენი უმაღლესი ხელისუფალი და ვინ უნდა მიიღოს ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა - პრეზიდენტმა თუ პრემიერ-მინისტრმა? ეს ჯერ ვერ გაგვირკვევია და შეიძლება, ესეც იქცეს დაპირისპირების მიზეზად. რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას,  მიმაჩნია, რომ მოლაპარაკების ფორმატი  აუცილებლად უნდა  გაფართოვდეს და რუსეთს უნდა ველაპარაკოთ ყველაფერზე, პოლიტიკის ჩათვლით. აქ ერთი კითხვა ისმის: გვაქვს კი ამისთვის საჭირო ადამიანური რესურსი? მგონია, რომ - არა.

ადამიანები, რომლებიც რუსეთს დაელაპარაკებიან, უნდა იცნობდნენ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას, იცოდნენ, რომ კრემლის ჩინოსნები საკმაოდ განსწავლული და ძლიერი დიპლომატები არიან,

ასევე, უნდა იცნობდნენ რუსულ მენტალიტეტს. ამასთან, ამ შეხვედრის მონაწილე ჩვენი სახელმწიფო მოხელეები დიდი პატრიოტები უნდა იყვნენ. სხვა შემთხვევაში ამ მოლაპარაკებებში დავმარცხდებით.

- ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი, რომელიც რიგაში 21-22 მაისს გაიმართება, თავდაპირველად უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად ესახებოდათ; ველოდით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპასთან გამარტივებულ მიმოსვლას შეძლებდა, თუმცა, დღეს თითქმის გარკვეულია, რომ ამ მხრივ სიახლეები არ იქნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას თანამშრომლობის ახალ მექანიზმს შესთავაზებს, რომელიც დაემყარება დიფერენციაციის პრინციპს, ანუ თუ აქამდე ევროკავშირი ექვსივე ქვეყანას ერთი სტანდარტით უდგებოდა, ახლა თითოეულს მისი პროგრესის მიხედვით შეაფასებს...

- ვიზალიბერალიზაციაზე ჩვენთვის უარის თქმის მთავარ მიზეზად მივიჩნევ იმას, რომ ევროპას საქართველოდან და უკრაინიდან ბევრი ადამიანის ერთბაშად შესვლის ეშინია.

ეს პრობლემა ისედაც ძალიან მწვავედ დგას თანამედროვე ევროპის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ამას ითვალისწინებს, ევროპელი ლიდერები პროცესის გაწელვას ცდილობენ.  თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაც უფრო პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული, ახლა კი, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ისევ უკან იხევენ. სიმართლე გითხრათ, არ მომწონს ამგვარი პოლიტიკა. მეჩვენება, რომ

ევროპა ელის, როდის იქცევა ჩვენი ქვეყანა მდიდარ, დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოდ. თუ ეს დამოუკიდებლად მოვახერხეთ, შეიძლება დავფიქრდეთ კიდეც, საერთოდ რა გვინდა ამ ევროკავშირში...

რაც შეეხება მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოსთვის თანამშრომლობის ახალი მექანიზმის შექმნას, მგონია, ამით ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ის, რომ ამ ქვეყნებს რეალურად ვერაფერს სთავაზობენ - მართალია, დაპირებულ ვიზალიბერალიზაციას ვერა, მაგრამ ნახეთ, თანამშრომლობის ახალ პაკეტს გთავაზობთო.

ნათია დოლიძე