"ფრთხილად - რადიკალური ისლამი საქართველოში, შესაძლოა, შეტევაზე გადავიდეს" - კვირის პალიტრა

"ფრთხილად - რადიკალური ისლამი საქართველოში, შესაძლოა, შეტევაზე გადავიდეს"

"არ არის გამორიცხული, რესპუბლიკური პარტიიდან მთავრობაში კიდევ 1-2 მინისტრი ვიხილოთ"

ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტი დასრულდა. განსახილველ საკითხთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვიზალიბერალიზაციის თემა იყო, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესს წარმოადგენდა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩვენი დელეგაციის წევრები მეტად ოპტიმისტურად განწყობილი დაბრუნდნენ რიგიდან. "მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მოლდავეთის მერე ვიზალიბერალიზაციის გზაზე შემდეგი საქართველო იქნება. პრაქტიკულად ეს უკვე დაადასტურეს ევროპელმა ლიდერებმა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტექნიკური პროცედურები დროზე ადრე დავასრულოთ", - განაცხადა პრემიერმა. მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღი მითითებული არ არის, თუმცა, ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ევროკომისია წლის მიწურულამდე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ კიდევ ერთ ანგარიშს მოამზადებს. სამიტზე ნათელი შეიქნა, რომ ევროკავშირი კვლავაც დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანასთან პარტნიორობით და გეგმაც აქვს, უბრალოდ, აშკარაა, რომ ამ გეგმის ხორცშესხმას ევროპელი პოლიტიკოსები მაინცდამაინც არ ჩქარობენ. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესებს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად შევაფასებთ:

- მიუხედავად ჩვენი საზოგადოების მოლოდინისა, ევროპის საზღვრები საქართველოსა და უკრაინისთვის ისევ დახურულია.

- მოლოდინი, რაც თქვენც ახსენეთ, გააჩინეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა პოლიტიკოსებმა. როგორც წესი, ამგვარ პერსპექტივაზე აქცენტირებას ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და წარმატების დემონსტრირებისთვის იყენებენ ხოლმე. საქართველოში არსებული ორი ძლიერი პარტიის წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობიდან" და "ქართული ოცნებიდან"”აპელირებდნენ ამ საკითხით, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის თემით, და ამ პროცესში საკუთარი დამსახურების წარმოჩენას ცდილობდნენ. დასავლელი პოლიტიკოსები კი ამ საკითხზე განცხადებების გამუდმებით კეთებით ქართველ საზოგადოებაში დასავლეთისადმი იმედგაცრუების შეჩერებას ცდილობდნენ. საბოლოოდ გაირკვა, რომ  ევროკავშირის ის ჩინოსნები, ვინც ამაზე აქამდე ლაპარაკობდნენ, საკითხს თვითონ სულაც არ წყვეტენ. ეს რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის პრეროგატივაა, რომლებიც ევროპის წამყვან ქვეყნებს წარმოადგენენ და უპირველესად საკუთარი პოლიტიკური სარგებლით ხელმძღვანელობენ. მათთვის ვითარება დღეს ისე დალაგდა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება წამგებიანი აღმოჩნდა.

"ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ საჭირო იყო საქართველოს საკითხის უკრაინაზე მიბმა, რათა უკრაინაში მიმდინარე რთული პროცესების პარალელურად, მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად ყოფილიყო საქართველოც. პრინციპში, დღეს შეიძლება მივულოცოთ მათ, ორივე ქვეყანა სწორედ ერთ კონტექსტში განიხილეს და ორივეს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრეს.…

- სამიტზე გარკვევით ითქვა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთპარტნიორობის ამ 6 ქვეყნის მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას აპირებს. უკრაინაში ვიზალიბერალიზაციის საპროგრამო გეგმის შესრულების თაობაზე ევროკომისიამ, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით მკაცრი ანგარიში დაწერა. შეიძლება ითქვას, ბუნებრივად გაიმიჯნა საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხი. სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის გზაზე პირველი იყო მოლდავეთი, მეორე კი საქართველო იქნებაო! უკრაინა ნახსენები აღარ ყოფილა.

-  აბსოლუტურად გეთანხმებით, საქართველოსა და უკრაინის შეფასებები მართლაც დიდად განსხვავდებოდა, თუმცა, გადაწყვეტილებაზე ეს არ ასახულა. ვიცით, რომ მოლდავეთს უკვე მიენიჭა უვიზო მიმოსვლის უფლება. აქ გადამწყვეტი ფაქტორი იყო ისიც, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პერსონალური პარტნიორი, მეტიც, პატრონი - რუმინეთი. ევროკავშირმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, რადგან მოლდავეთის მოქალაქეების ნაწილი უპრობლემოდ იღებდა რუმინეთის მოქალაქეობას და ხვდებოდა შენგენის სივრცეში. ობიექტურად რომ შევხედოთ სიტუაციას, ამ გადასახედიდან ევროკავშირის პოზიცია შეიძლება გასაგებადაც მივიჩნიოთ უკრაინის საკითხში. ამ ქვეყანაში ომია და სრულიად არაპროგნოზირებადია, ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში მოქალაქეთა რა ნაკადი წავა ევროკავშირის ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს, აქაც არის ერთი სერიოზული თემა, რასაც რიგის სამიტზე საჯაროდ არავინ იტყოდა. კერძოდ, საქართველო მდებარეობს მეტად დაძაბულ რეგიონში, შეიძლება ითქვას, სავარაუდო კონფლიქტის ზონაში. ვგულისხმობ, კონფლიქტს ისლამისტურ ფუნდამენტალიზთან, რაც მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისი კავკასიაში გავრცელების შემთხვევაში საქართველო ევროპისთვის მეტად საშიშ რეგიონად შეიძლება იქცეს, თუმცა, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ეს ვერ იქნებოდა ზემოქმედების მთავარი ფაქტორი. საქმე ის არის, რომ ამ მასშტაბური საემიგრაციო პოლიტიკით ევროპის ქვეყნებმა იმდენი მოახერხეს, რომ ევროპაში კარგა ხანია გაჩნდა ისლამისტური ფუნდამენტალიზმის პლაცდარმები.

- თქვენ მნიშვნელოვანი ფაქტორი ახსენეთ, თუმცა, ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ევროკომისიის ანგარიში და ის შენიშვნები, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიიღო. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ანგარიშით აპელირება მეტად პირობითია და რომ ყოფილიყო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ ეს ნახევრად შეუსრულებელი მუხლები შეიძლება სრულიად უმნიშვნელოდ მიეჩნიათ. ითქვა, რომ საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებას ევეროკომისიის მორიგი ანგარიშის მიხედვით მიიღებენ, რომელიც 2015 წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.

- ევროკომისიის ანგარიში ოფიციალურად დასახელებული მიზეზია. საქართველოს ექსპრეზიდენტმაც განაცხადა, საქართველომ პირობები არ შეასრულაო. როგორც სჩვევია, ის ახლაც საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის, რადგან სულ ზედმიწევნითაც რომ შეესრულებინა საქართველოს ეს გეგმა, საბოლოოდ მნიშვნელოვანი მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა. დღეს ევროპას საქართველოსთვის გამარტივებული სავიზო მიმოსვლის მიცემა ხელს არ აძლევს და ამის თავიდან ასაცილებლად ათასგვარ მიზეზს მოიფიქრებდნენ. რეალურად ხელის შემშლელი ფაქტორები კი არის, ერთი მხრივ, ის, რაც უკვე ვთქვი, ანუ ფუნდამენტალიზმის საფრთხე და მეორე მხრივ კი, სავარაუდოდ, რუსეთის პოზიცია, რომელსაც ამ ეტაპზე ანგარიში გაუწიეს. ვიმეორებ, ამგვარ საკითხებს წყვეტს პოლიტიკური კონიუნქტურა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც დღეს უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, ჯერაც ვერ ასრულებს იმ გეგმას და ვერ ატარებს იმგვარ რეფორმებს, რასაც ჩვენ ევროკავშირი შეუსრულებლად გვითვლის. სანამ ევროპა "რუსულ ჯადოს" არ აიხსნის, მანამდე ჩვენც ვივლით მოჯადოებულ ევროწრეზე.

- ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი. მათგან ერთს გამოვყოფდი: ეს არის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის ამ რეგულაციით სარგებლობის პერსპექტივა. რა როლის შესრულება შეუძლია ამ ფაქტორს აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის მოგვარების საქმეში, თუ არის ცნობილი, ამან რა ნაყოფი გამოიღო მოლდავეთში?

- როგორც ვიცი, პოლიტიკურ ვითარებაში არაფერი შეუცვლია, თუმცა, საყოფაცხოვრებო დონეზე შეცვალა. დნესტრისპირეთის მოსახლეობის დაახლოებით 5-7%-მა უკვე ისარგებლა ევროპასთან უვიზო მიმოსვლით. ეს ხალხი რეალურად გახდა მოლდავეთის ნაწილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება, რაც ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, როცა იქნება, აქაც იგივე მოხდება.

ისე, როგორც აფხაზები ჩამოდიან დღეს თბილისში სამკურნალოდ, მათ შორის, ზოგჯერ ლიდერებიც, ასევე მოხდება ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაშიც.

საყოფაცხოვრებო დონეზე აფხაზებთან, განსაკუთრებით კი ოსებთან, ურთიერთობის დალაგების ძალიან დიდი რესურსი არსებობს, რაშიც თავისი წვლილის შეტანა ვიზალიბერალიზაციასაც შეუძლია. პოლიტიკური ვითარების მოგვარება კი, სამწუხაროდ, ამაზე არ არის დამოკიდებული. გადამწყვეტი რუსეთისა და ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების პოზიციაა.

- ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მოლოდინის ახალ წრეზე უკვე წავიდნენ და საზოგადოებასაც არწმუნებენ, რომ 2016 წელს ქვეყანა ისარგებლებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლით.

- რთულია წინასწარ თქმა, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები, რაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. არც ის ვიცით, რუსეთი ამ ეკონომიკური სანქციებიდან რა დასკვნებს გამოიტანს. მოკლედ, ჩვენი ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიბმულია დიდ გეოპოლიტიკურ პროცესებზე. ვფიქრობ, უკრაინასთან შედარებით ჩვენი შანსი უფრო დიდია. ომს რომ თავი დავანებოთ, ამ ქვეყანაში რეფორმების საქმე რთულად არის.…

- რიგაში სამიტის მიმდინარეობისას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩავიდა, რაც კიდევ ერთი დემარში იყო ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.

- ჯერ უნდა ითქვას, რომ ეს ჩვენთან დამახინჯებით გააშუქეს და ისე წარმოადგინეს, თითქოს სააკაშვილი რიგის სამიტში მონაწილეობდა. ესენი ხომ პიარის დიდოსტატები არიან. არადა, "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობას დაესწრო. მე თუ მკითხავთ, ეს სწორედ ამ პარტიის დემარში იყო. რასაკვირველია,

ცუდია, რომ ქვეყნის ავტორიტეტს შენივე პარტნიორები აბუჩად იგდებენ, მაგრამ ეს ის ვითარებაა, რომელსაც უნდა გავუძლოთ.

რასაკვირველია, რეაგირებაც უნდა მოვახდინოთ, მაგრამ ამის გამო პარტნიორ სახელმწიფოებთან პოლიტიკური პროცესის გართულება არ შეიძლება. მოვა დრო, როდესაც ევროპა და საზოგადოდ, დასავლეთი, ამ პოზიციას გადახედავს. არ შეიძლება შენივე დადგენილ წესებს ასე არღვევდე და ორმაგი სტანდარტით მოქმედებდე. რუსეთს ხომ სწორედ იმ წესებისა და დადგენილებების დარღვევას ედავებიან, რაზეც ხელი აქვს მოწერილი. ამ შემთხვევაში თვითონაც იმავეს აკეთებენ, სააკაშვილის შემთხვევაში ევროპელები ხელს უწყობენ ძებნილის გადაცემის იმ მექანიზმის მოშლას, რომელიც თვითონვე შექმნეს. ობიექტურობისთვის ერთიც უნდა ითქვას: მე არ ვიცი, რამდენად დასაბუთებული მასალები მიაწოდა ჩვენმა პროკურატურამ ინტერპოლსა თუ სხვა ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებს სააკაშვილის დანაშაულების თაობაზე...

-  ბოლო დღეებში განხილვის თემად იქცა დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადება, რომ მისი გადასაწყვეტია, რამდენი მრჩეველი ეყოლება. საპასუხოდ 5 მრჩევლის დანიშვნა საკრებულომ არ მოიწონა. მას მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკელებმა. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს, მაშინ როდესაც მთავრობაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობა ასე გაიზარდა?

- ეს აჩვენებს, რომ რესპუბლიკელები სათავისოდ ეფექტიანად ვაჭრობენ, პოლიტიკურ ვაჭრობას ვგულისხმობ. არ არის გამორიცხული, რესპუბლიკური პარტიიდან მთავრობაში კიდევ 1-2 მინისტრი ვიხილოთ. შეიძლება ხელისუფლების წარმატებულ ნაბიჯადაც მივიჩნიოთ რესპუბლიკური პარტიის წევრების მთავრობაში ყოფნა, რადგან ამით დასავლეთის აზრიც გაითვალისწინეს და ოპონენტებსაც გამოეცალათ საფუძველი ხელისუფლების პრორუსულობაზე სალაპარაკოდ. რესპუბლიკელები თავიანთი პარტიის პოზიციიდან სწორად მოქმედებენ, როდესაც მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ შეუძლიათ განსაზღვრული გადაწყვეტილებების ბლოკირება. ნარმანიას შემთხვევაშიც იგივე მოხდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რესპუბლიკელები კი არა, მთელი საკრებულოა გაღიზიანებული იმით, რომ მერიამ მათ უფლებები შეუკვეცა.

საერთოდ, მერიაში ისეთი არაჯანსაღი ვითარებაა, მიჭირს კიდეც ამაზე ლაპარაკი. თუნდაც რაც ცოტნე დადიანის ქუჩასთან დაკავშირებით მოხდა, ეს არის სირცხვილი - ვიდრე პრემიერი არ ჩაერია საქმეში, არ ეღირსა ამ ქუჩის ერთ პატარა მონაკვეთს გაკეთება.

ავიღოთ მირზა შაფის ქუჩის პროექტი, გაიძახოდნენ, ღია კონკურსს ვატარებთო, საბოლოოდ კი ყველაფერი საზოგადოების ზურგს უკან გადაწყვიტეს, თანაც ყველაზე უარესად... მერიაში თანამდებობებზე მუშაობს ხალხი, რომელმაც არც თბილისის იცის რამე და არც არქიტექტურისა და ურბანისტიკისა. ეს ხალხი ატარებს კონკურსებს და იღებს ქალაქის შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებს.E სიმართლე უნდა ითქვას, რომ მთლად ნარმანიაც არ არის დამნაშავე. ვისაც არ დაეზარა, ყველამ თავისი კაცის დანიშვნა მოიწადინა მერიაში, პროფესიონალიზმს კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ პოლიტიკურ კუთვნილებას. გარდა ამისა,

ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნეს დავით კეზერაშვილის კადრი, აბა, მეტი რაღა უნდა ვთქვა... მერიაში სრული აჯაფსანდალია...

- რას იტყვით ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ პროცესზე? ბევრისთვის უცნაურია ის ფაქტი, რომ როგორც კი ეროვნული ბანკისა და ზოგიერთი კომერციული ბანკის საეჭვო ურთიერთობაზე გაკეთდა მწვავე განცხადებები, დოლართან მიმართებაში ლარის ფასი მომენტალურად რამდენიმე პუნქტით შემცირდა.

- ამ საქმეში სრული დილეტანტი ვარ, მაგრამ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მიმდინარე პროცესებზე გული შესტკივა. გავეცანი არაერთი კვალიფიციური ფინანსისტის აზრს და

მეც ვეთანხმები მათ, რომ ქართველი ხალხის ზურგს უკან ეროვნული ბანკისა და რამდენიმე კომერციული ბანკის მონაწილეობით მოხდა სერიოზული სპეკულაცია, რაც შესაძლოა, არ იყოს მხოლოდ ფინანსური დანაშაული და იყოს

პოლიტიკური დივერსიაც, რაც აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ.

- გასულ კვირას კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, პანკისელი მებრძოლი დაიღუპა სირიაში. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სირიაში კიდევ ორი ქალი წავიდა.

- საქართველოს მოსახლეობა ფრაგმენტულად იგებს ინფორმაციას იმ ნეგატიურ პროცესზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს. შემთხვევები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მხოლოდ დეტალებია. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ქალები წარმოშობით კახეთის ერთ-ერთი, აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლიდან კი იყვნენ, მაგრამ თბილისში ცხოვრობდნენ. მათ გარდა, ვერც კი წარმოიდგენთ, სირიაში კიდევ რამდენი ქალია წასული, მათგან ზოგიერთი უკვე უკანაც დაბრუნდა... დედები უპრობლემოდ ჩადიან შვილების სანახავად, ზოგჯერ მათთვის პატარძლებიც მიჰყავთ... ეს მასშტაბური პროცესია. თქვენ პანკისელი ახალგაზრდის დაღუპვაც ახსენეთ, მაგრამ

არავის გაუხმაურებია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სულ ახლახან სირიაში ორი აზერბაიჯანელი ძმა დაიღუპა, რომლებიც გარდაბნიდან იყვნენ.

არავინ იცის ზუსტად, რამდენი კაცია ქვემო ქართლიდან და აჭარიდან სირიასა და ერაყში წასული... ეს მეტად სახიფათო პროცესის ფრაგმენტებია. შორს რომ არ წავიდეთ, აქ, დედაქალაქში, ფონიჭალაში აგვიშენეს ვაჰაბიტური მეჩეთი. არ არსებობს ქვეყანაში კანონი, რომელიც ამ საკითხს სწორად მიუდგება. ეს იმის შედეგია, პოლიტიკანობას რომ გადააყოლეს ქვეყანა წინა მოწვევის პარლამენტების დეპუტატებმა. ვიწროპარტიული ინტერესების ბრძოლაში ვერ შეიქმნა ნორმალური რელიგიის კანონი, რომელშიც იქნებოდა ჩადებული სწორი და აუცილებელი რეგულაციები. იმ მეჩეთის მშენებლობა, ზემოთ რომ ვახსენე, ახლა სიტყვიერი ბრძანებით შეაჩერეს, თუმცა, შენობა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ისიც კი არ ვიცით, სულ რამდენი ვაჰაბიტური მეჩეთია საქართველოში. რამდენი წელია ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ უშედეგოდ.

თუ ვინმეს ჰგონია, არავინ იცის, როგორ გაჰყავთ მოქალაქეები სირიასა და ერაყში, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ამაში ჩარეული, ძალიან ცდება. თავს ვერ მივცემ უფლებას, დავასახელო გვარ-სახელები და ის მისამართები, სადაც შეკრებები ტარდება...

საერთოდ, ვინმეს აინტერესებს, რა ხდება ბათუმში?! ფუნდამენტალიზმის სენი, რომელიც სადღაც 7-8 წლის წინ ასეთი მნიშვნელოვანი არ იყო, დღეს მოდებულია მთელ ქვეყანაში. ძალიან ჭკვიანურად და ექსცესების გარეშე მოქმედებენ. ჩვენ კი დაკავებული ვართ სხვა საკითხებით, ერთმანეთთან ბრძოლით... თუ ეს ძალა გააქტიურდა, აბსოლუტურად მოუმზადებლები აღმოვჩნდებით, უპირველესად საზოგადოების ცნობიერების დონეზე. ფრთხილად - რადიკალური ისლამი საქართველოში, შესაძლოა, შეტევაზე გადავიდეს.

ნათია დოლიძე