"თაღლითი ოსტაპი" ისევ დაბრუნდა ოდესაში" - კვირის პალიტრა

"თაღლითი ოსტაპი" ისევ დაბრუნდა ოდესაში"

"რატომღაც არც ერთი თანამდებობის პირი არ ახსენებს გენერალ ხრიულოვის ახალ ფუნქციას აფხაზეთში"

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.  ზოგიერთი ექსპერტი ამას სააკაშვილის გავლენის გაძლიერებად მიიჩნევს, სხვანი მისი პოზიციების შერყევაზე ლაპარაკობენ. თუმცა, ჩვენთვის უფრო საინტერესო სხვა რამაა - რას აპირებს სააკაშვილი, რომელიც ამ პოსტზე დანიშვნისთვის ვალდებული იყო, უკრაინის მოქალაქეობა მიეღო, რა გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ან რა ელის პარტიას, რომლის თავმჯდომარეც ჯერ კიდევ არის. მით უფრო, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ოთხი მნიშვნელოვანი ფიგურა: ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე წავიდნენ. ეს მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ პარტიის სხვა ლიდერებისთვისაც, რომელთაც ყოფილი თანაგუნდელების ნაბიჯი "უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად" შეაფასეს. რატომ დატოვა პარტია ოთხეულმა? ამ კითხვაზე მკაფიო და დამაჯერებელი პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს. "წასულები" აცხადებენ, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრს ჩაუყრიან საფუძველს, რომელიც პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს დაუპირისპირდება. დამოუკიდებლად საქმიანობის პირველ ეტაპზე კი პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ, რაც მიანიშნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ ორი თანამოაზრე მაინც ეგულებათ. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რღვევა დაწყებულია. გასული კვირის მოვლენებზეგვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:

- უკრაინის საკადრო პოლიტიკისა აღარაფერი მიკვირს. საინტერესოა, როდის მიიღო პოროშენკომ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის  გადაწყვეტილება - მაშინ ხომ არა, ამ ცოტა ხნის წინ ოდესაში ჩასულ სააკაშვილს მკოცნელ ქალთა რიგი რომ დაუდგა?!

ხუმრობა იქით იყოს და, მართლაც საინტერესო პროცესების მომსწრენი ვართ. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის მიღებით მართლაც კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ მიჭირს, დავიჯერო, რომ ის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს იტყვის. თუ ეს ასეა, მაშინ "ნაციონალურ მოძრაობას" დაშლა ელის. როდესაც ამ კვირის დასაწყისში "ნაციონალური მოძრაობის" ოთხმა წევრმა პარტია დატოვა  და მათი განცხადებაც ვნახე, ვიფიქრე, რომ დაიწყო ვირტუალური გადაჯგუფება "ნაციონალ" თანამზრახველთა და "ნაციონალ" თანამოაზრეთა შორის.

ახლა ეს აზრი უფრო და უფრო მიმტკიცდება. ის ოთხეული, ვინც წამოვიდა "ნაციონალური მოძრაობიდან", გადაწყვეტილების მიმღებთა შორის არასდროს ყოფილა და ასეთები კიდევ ბევრნი არიან "ნაციონალურ მოძრაობაში", მაგალითად, დავით ბაქრაძე, რომელიც მართალია, პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაგრამ ბევრი არაფერი ეკითხებოდა. ესენი ე.წ. თანამზრახველები არ არიან და მათდამი საზოგადოების აგრესიაც ნაკლებია. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი. ლოგიკა მკარნახობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები უფრო აქტიურად დაიწყებენ ირგვლივ ყურებას. არ გამოვრიცხავ, მათ მიერვე შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწიოს პოლიტიკურ სუბიექტებად გარდაქმნამ. ჩემი აზრით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის სულ სხვა კონფიგურაციას მივიღებთ.

- ისევ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს დავუბრუნდეთ... რატომ დაინიშნა მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილი ასეთი მნიშვნელოვანი ოლქის გუბერნატორად?

- ბევრი ვარაუდი გამოითქვა... მე არ გამოვრიცხავ, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის გავლენის შესასუსტებლად იყოს მიღებული. უკრაინაში ქართველი ჩინოსნების საქმიანობას მაინცდამაინც დადებითად არ აფასებენ, გვესმის უკმაყოფილო განცხადებებიც. ამ ფონზე არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი, უბრალოდ, გაარიდეს კიევს.  არც იმას გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილზე საბოლოოდ აიღო ხელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისევე, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაზე", რადგან დარწმუნდა, რომ ამ ძალას საქართველოში წარმატების შანსი აღარ აქვს. მინდა შევეხო ერთ ასპექტსაც, რამაც "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული "კვარტეტის" განცხადებაში ყური მომჭრა. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ამ ოთხეულმა "დედაპარტიას" უფრო მძიმე ბრალდება წაუყენა, ვიდრე "ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენლისგან მოგვისმენია. ვგულისხმობ იმას, რომ წამოსვლის მთავარ მიზეზად, გაურკვეველ "ცვლილებების აუცილებლობასთან" ერთად, პრორუსულ ძალებთან დაპირისპირება და ევროპული პერსპექტივის დამკვიდრებისთვის აუცილებელი ბრძოლა დაასახელეს. ესე იგი, მათი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" სულაც არ ყოფილა პრორუსულ ძალებთან მებრძოლი. მკითხველთა ნაწილი იქნებ არც დამეთანხმოს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გამოხმაურებაც სწორედ ამაზე მიანიშნებდა. ისინი შეურაცხყოფილი იყვნენ ყოფილი თანაგუნდელების განცხადებით.

ადრე ექსსახელისუფლებო ძალის ოპონენტები მინიშნებით ამბობდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ სიტყვით იყო  პროდასავლური, მათი საქმიანობა კი რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სააკაშვილის მეხოტბე ხაჩიძე და დანარჩენებიც იმავეს იტყოდნენ.

-  სააკაშვილმა ოდესელებს პირველი დაპირებები უკვე ჩამოურიგა, ინვესტიციების მოზიდვით ოლქისა და ქალაქის განვითარება მთავარ პრიორიტეტად დასახა. "მე გაცილებით უფრო რთულ სიტუაციებში არ დამიხევია უკან და უარი არ მითქვამს გამოწვევებზე, აქ უკრაინის მოსახლეობაში არის ჩვენს მიმართ საოცარი რწმენა და იმედი, არ გვაქვს უფლება, უკრაინელ ხალხს იმედები გავუცრუოთ", - ეს კი ექსპრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის"  პოლიტსაბჭოს სხდომაზე "სკაიპით" ჩართვისას განაცხადა...

- ბედის ირონიაა, რომ სააკაშვილი "ანეკდოტების მექის" გუბერნატორად დანიშნეს. სააკაშვილი დაპირებებით ქართველებს ნამდვილად ვერ გაგვაკვირვებს. "ააყვავებს" ახლა ალბათ ოდესას და საბოლოოდ ისევ რუსეთს ჩააბარებს... ვიღაცამ გაიხსენა, რომ ილფისა და პეტროვის რომანის გმირის ოსტაპ ბენდერის პროტოტიპი ოდესიდან იყო, არა მგონია, ეს პერსონაჟი ჩვენს საზოგადოებაში ისეთივე აქტუალური იყოს, როგორც ჩემს ახალგაზრდობაში იყო, თუმცა "თაღლითი ოსტაპი" ისევ დაბრუნდა ოდესაში, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წიგნის გმირს იმდენი არაფერი უვნია ქვეყნისთვის, რაც სააკაშვილმა ავნო, ამიტომ სააკაშვილისთვის ეს შეფასება კომპლიმენტი უფროა. იმედი ვიქონიოთ, რომ მისი მართვის სტილი და ფორმა შეიცვლება და უკრაინასაც არ დააზარალებს...

- მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეროვნული ბანკის პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიში და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და მთავრობას შორის დაპირისპირება იყო. როგორც გაირკვა, პარლამენტი აპირებს, "საბანკო ზედამხედველობის შესახებ" კანონის გამკაცრებით და ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფით,  გაამკაცროს ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობა. თქვენი აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება იქნება კი ეფექტიანი?

- ჩვენ საკუთარ თავზე ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში ყოფნაც გამოვცადეთ და ეროვნული ბანკისგან განცალკევებით მისი ფუნქციონირებაც და ამას რაიმე პოზიტიური ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკისთვის არ მოუტანია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ ბრალდებათა ნაწილი შეიძლება საფუძვლიანი იყოს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებში დამნაშავედ მხოლოდ მისი გამოცხადება არასწორია,

ეს ავნებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. პარლამენტში გამართული დისკუსიებისას გამოთქმული ბევრი მოსაზრება და შეფასება, ჩემი აზრით, არ იყო მთლად საქმეში ჩახედული ხალხის ნააზრევი. უფრო პოლიტიკური განცხადებები ვისმინეთ, ვიდრე საქმიანი კამათი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავისი სიდინჯით უფრო კვალიფიციური ჩანდა.  ჩემთვის აშკარაა, რომ გიორგი ქადაგიძე პროფესიონალია, თუმცა, მისი პოლიტიკური მიკერძოებულობა ვნებს მის პროფესიონალიზმსაც და საბანკო სისტემასაც. მისი აღმომჩენი და ამ თანამდებობაზე მომყვანი, რომელიც ახლა ძებნილია, ცხადია, მასთან ასე იოლად არ გაწყვეტდა ურთიერთობას. მისი პერსონა ვნებს ეროვნული ბანკის ნიჭიერ პრეზიდენტსაც... ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს კი ქადაგიძის "მიჯირყვნის" დაუოკებელი სურვილი ეტყობათ, რაც არანაკლებ საზიანოა საბანკო სისტემისთვის. თითქოს ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფით ქადაგიძეს ვნებენ რაღაცას, მაგრამ სინამდვილეში, ასე ემოციურად მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ საქმეს ვნებს.

- მაშინ, როდესაც ლარის თავგადასავალი გრძელდება და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება კვლავაც რთულია, მთავრობის წარმომადგენელთა მტკიცება, რომ უმუშევრობა 2.2%-ით შემცირდა, ჩვენში ბევრს არ სჯერა...

- თუ ეს ციფრი რეალურია, ეს მისასალმებელია, მაგრამ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია, ლაპარაკი 2%-იან გაუმჯობესებაზე უხერხულია. გარდა ამისა, ეს ციფრი ვერაფრით გაგვახარებს მანამ, ვიდრე ჩვენი სტატისტიკა თვითდასაქმებულებს, რომლებიც თავის გადასარჩენად იბრძვიან, დასაქმებულებს მიათვლის. თუ ეკონომიკის განვითარება გვინდა, აუცილებელია, საყოველთაო ჯანდაცვის კვალდაკვალ, სასწრაფოდ ამოქმედდეს საყოველთაო განათლების პროექტი. დამიჯერეთ, ასეთი განათლებით არავის ვჭირდებით არც ევროპაში და არც არსად.

- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ავლაბრის რეზიდენციიდან გადასვლას არ აპირებს, თუმცა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ისევ საუბრობენ. ათონელის რეზიდენცია ამოიღეს საპრივატიზაციო ნუსხიდან და მარგველაშვილს "გონივრული გადაწყვეტილების" მიღებისკენ მოუწოდეს...

- დღეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე ისეთი გამოწვევები დგას, ისევ პრეზიდენტის რეზიდენციაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა... რატომღაც არც ერთი თანამდებობის პირი არ ახსენებს გენერალ ხრიულოვის ახალ ფუნქციას აფხაზეთში, რეზიდენციაზე კამათს კი ბოლო არ უჩანს. არავის წამოსცდენია ვარაუდიც კი იმისა, რომც გადავიდეს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციიდან, 600 მილიონად აგებულ შენობას რას უპირებენ?! მათ ხომ 26 მილიონად გარემონტებული ათონელის რეზიდენციაც კი ვერ გაყიდეს?! ხომ არავის აქვს გულში რაღაც გეგმა, რომლის გამოც ასე თავგამოდებით იბრძვის და ცდილობს, როგორმე გამოდევნოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციიდან?! ეს ავტორიტეტს ულახავს ყველას, ვინც ამაზე ლაპარაკობს, განსაკუთრებით იმ დეპუტატებს, პრემიერს რომ უკრავენ მუდამ კვერს...

- მოგეხსენებათ, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ამასთანავე, ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა - 14-მა პარტიამ და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ - პარლამენტს მიმართეს, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე...

- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ქართული დემოკრატიის ზეიმი, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს და დამკვიდრდა მაჟორიტარული სისტემა, სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ 300 000-იან და 5 000-იან დასახლებებს პარლამენტში თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები არ უნდა ჰყავდეთ. ამ წლების განმავლობაში ვერა და ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 20 წლის წინ უნდა მიგვეღო.

უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტის ინიციატივით გამართული კონფერენცია, სადაც ამ მიმართვის სახით უნიკალური კონსენსუსის შედეგი ვიხილეთ. დამერწმუნეთ, ამაზე შეთანხმება ადვილი არ ყოფილა. საინტერესოა, რომ იმ მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც შემუშავდა მიმართვა, ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც. ახლა ჯერი პარლამენტსა  და მმართველ პოლიტიკურ ძალაზეა, რომელიც აქამდე თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებდა. იმედი მაქვს, მალე ჩაერთვებიან პროცესში და საბოლოოდ პროგრესულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- თბილისის ცენტრში დაჭრეს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ზელიმხან ხანგოშვილი. თქვენ, როგორც ამ თემის მცოდნე და ცნობილი დასკვნის თანაავტორი, რას ფიქრობთ, ეს კრიმინალური შემთხვევა შეიძლება ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძახილი იყოს?

- ამ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. მოხარული ვარ, რომ თავდამსხმელი არცთუ გამოცდილი აღმოჩნდა და ხანგოშვილი სიკვდილს გადაურჩა. ის ლაფანყურის პროცესებში შუამავალი იყო და ბევრი რამ იცის, ამიტომ, არ არის გამორიცხული, მისი ლიკვიდაციით გარკვეული წრეები იყვნენ დაინტერესებული.

ნათია დოლიძე