"რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა, სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს"
08-06-2015
"რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა,  სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს"
"ვიღაც ძალიან არის დაინტერესებული, რომ საომარი მოქმედებები გასცდეს უკრაინის საზღვრებს"

"თუ ხელისუფლება თანახმაა, გააუქმოს მაჟორიტარული სისტემა, რა საჭიროა მისი 2020 წლისთვის გადადება?! "


გასულ კვირას კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ეროვნული ვალუტის დევალვაციასა და ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის დაძაბულ ვითარებას. მთავრობისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოლემიკაში ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და განაცხადა, რომ "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით გიორგი ქადაგიძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ
არ დადგა, რომ ივანიშვილს სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, არ დაეკავებინათ ქადაგიძე.„მას სპეციალური განცხადებით უპასუხა საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა აზიმ სადიკოვმა, რომელშიც კვლავ ლაპარაკი იყო ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა მსოფლიო ბანკმაც, სადაც ეროვნული ბანკის ფულად-მონეტარული პოლიტიკის სისწორეზეა გამახვილებული ყურადღება. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, თუ მთავრობისა და ეროვნული
ბანკის კინკლაობა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, საქართველოს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა დაეძაბოს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:


- არა მგონია, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს სავალუტო ფონდის რაიმე მნიშვნელოვანი სანქციები მოჰყვეს, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ხშირად მთავრობის წარმომადგენლები იმავეს იმეორებენ, არადა, ეს ნამდვილად კარგს არაფერს მოიტანს. ივანიშვილი არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია ისე, როგორც სურს, მაგრამ ამგვარი თავისუფლების ფუფუნება ხელისუფლების წარმომადგენლებს არა აქვთ. მიუხედავად იმისა, გამართლებულია თუ არა ქადაგიძის მიმართ პრეტენზიები, რომელიც მეც მაქვს და საერთოდაც მის საქმიანობაზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, მაინც არასწორად მიმაჩნია, ლარის დევალვაციის ფონზე მასზე ასეთი მასირებული შეტევა. ქადაგიძეს ცალსახად ადანაშაულებენ ლარის გაუფასურებაში და ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ მთელ ამ უბედურებაში მხოლოდ ეროვნული ბანკია დამნაშავე. რა თქმა უნდა, ამაში ეროვნული ბანკის როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავრობის მიერ ხელის დაბანა და იმის მტკიცება, რომ არაფერ შუაში არიან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია.

ორივე ინსტიტუტს აქვს თავისი კომპეტენცია და ლართან დაკავშირებულ პრობლემებზე ისინი პასუხს სოლიდარულად აგებენ. შეტევის მეორე მიმართულება უკვე თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, რომელთანაც თურმე პროკურატურას კითხვები აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს კითხვები ობიექტურიც არის, მაგრამ რატომ დგება ეს საკითხი დღის წესრიგში მაინცდამაინც მაშინ, როდესაც მთავრობას სჭირდება ეროვნული ბანკისა და ქადაგიძის დემონიზაცია?! დაიწყო ასევე ლაპარაკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფაზე. შესაძლოა, ამ საკითხის დასმა ლეგიტიმურიც იყოს, მაგრამ საერთო კონტექსტში ეს აღიქმება, განსაკუთრებით უცხოელებისგან, როგორც მიზანმიმართული შეტევა ამ ინსტიტუტსა და თავად ქადაგიძეზე. უცხოელები ღრმად არ იცნობენ ჩვენში მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება პოლიტიკურ დევნად და პერსონალურ დაპირისპირებად აღიქვან. ვიმეორებ, ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ანგელოზები ნამდვილად არ არიან და მათთან პრეტენზიები სავსებით ლოგიკურია, მაგრამ ხელისუფლება ამას ისეთი მეთოდებით აკეთებს, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანი ქადაგიძის ეროვნული ბანკიდან ჩამოშორებაა, თუმცა სამართლებრივად ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ქადაგიძე რომ არსად აპირებს წასვლას, ეს არაერთხელ უთქვამს...

- თუ ამ ყველაფერს მართლაც პერსონალური მიზანი აქვს, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე. იმავე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა თუ რაიმე საჭიროებით არის განპირობებული, კარგია, მაგრამ ეს თუ ქადაგიძეზე შეტევის ნაწილია და ქვეყანაში კანონები პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ, მაშინ ისმის კითხვა: რა ქვეყანას ვაშენებთ?! დღეს თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "ცუდი ადამიანია", ხვალ "კარგი" რომ მოვიდეს მის სათავეში, მონიტორინგის სამსახური ისევ უკან უნდა დაბრუნდეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში თუ როგორაა საქმე?! პერსონები მიდიან და მოდიან, კანონმდებლობა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარებაზე ორიენტირებული! კიდევ კარგი, კომერციულ ბანკებზე ლაპარაკს მორჩნენ, რომ გაეგრძელებინათ, ამას შეიძლება ძალიან სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა.

- თუ ეს საფუძვლიანი ეჭვებია და სპეკულაციური გარიგებები მართლაც იყო, იმის შიშით, რომ შესაძლოა საბანკო სექტორში რყევები დაიწყოს, საქმე არ უნდა გამოიძიონ და დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს?
- ჯერ ერთი, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კომერციული ბანკები ამგვარ გარიგებაზე წასულიყვნენ. მსხვილი კომერციული ბანკების ინტერესები მხოლოდ დღევანდელობით არ იზომება. ის, რომ სარგებლის მიღების მიზნით წავიდნენ გარიგებაზე, დაუჯერებელია, რადგან ამ ბანკებში კარგად იციან, რომ ამგვარი გარიგებებით გრძელვადიან პერსპექტივაში უპირველესად თვითონ დაზარალდებიან. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეკონომიკური აქტივობის შემცირებას ნიშნავს, რაც პირდაპირ აისახება საკრედიტო აქტივობაზე. ამიტომ ჩემთვის ასეთი სპეკულაციური გარიგებები დაუჯერებელია, თუმცა ამგვარი რამის სრულად გამორიცხვა, ალბათ, არ იქნება სწორი. დავუშვათ, ასეთი რამ მართლაც მოხდა, ამას საჯაროდ ლაპარაკი და პოლიტიკური განცხადებები არ სჭირდება. ხელისუფლების საქმე არ არის ეჭვებზე საჯაროდ ლაპარაკი. ხელისუფლებას აქვს საკმარისი ბერკეტები და ინსტრუმენტები საიმისოდ, რომ იმოქმედოს სავარაუდო დანაშაულის თუ სხვა ტიპის დარღვევის აღსაკვეთად.
თუ ქადაგიძე ამა თუ იმ საქმეში სისხლის სამართლის დამნაშავეა, ამაზე პროკურატურამ განცხადებები კი არ უნდა აკეთოს, არამედ უნდა გამოიძიოს საქმე, დაასაბუთოს ბრალი და დასაჯოს ქადაგიძე.
დაანონსება იმისა, რომ რაღაცას იძიებენ და ხვალ შეიძლება ვიღაც დაკითხვაზე დაიბარონ, არასწორია.

- ბრძანეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის რიგითი მოქალაქეა, თუმცა მისი გავლენა ხელისუფლებაზე უდიდესია და ეს მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითაც გამოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ვარიანტი, რომელზეც "ქართულ ოცნებაში" შეთანხმება მოახერხეს, მათ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა...
- იმის უარყოფას, რომ ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე დიდია, აზრი არა აქვს, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

ხელისუფლება უნდა უწევდეს მის აზრს ანგარიშს, მაგრამ მის ყველა ნათქვამს დირექტივად არ უნდა იღებდეს. საფრთხე იმაში კი არ არის, რომ ვიღაც ივანიშვილის აზრს ითვალისწინებს, არამედ პრობლემას ის ქმნის, ვიღაცები ამას, სრულიად გაუაზრებლად, დავალებად რომ იღებენ. ეს უპირველესად ბიძინა ივანიშვილს აზარალებს. ქვეყანაში გვაქვს ასეთი სურათი: რაც უნდა გაფუჭდეს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ჰბრალდება. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ვითარების კომფორტულობა მშვენივრად იგრძნო ხელისუფლებამ, რომელსაც აწყობს, რომ მისი ნებისმიერი ნამოქმედარი ბიძინა ივანიშვილს დაჰბრალდეს. პარადოქსია, მაგრამ, ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლება ამ საკითხში "ნაციონალურ მოძრაობასთან" სოლიდარულია.

როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ხელისუფლების წარმომადგენლები აღარც აპროტესტებენ. ეს არის უსამართლობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რადგან დარწმუნებული ვარ, ის არ ერევა მთავრობის ყველა გადაწყვეტილებაში.

დარწმუნებული ვარ, როდესაც გარკვეული კრიზისი წარმოიქმნება, დღევანდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი სწორედ ბიძინა ივანიშვილისკენ გაიშვერს ხელს. ვიცი ისიც, რომ კულისებში "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენელი ამაზე უკვე ლაპარაკობს. ამგვარი რამ უკვე მოხდა კიდეც: "თავისუფალი დემოკრატების"“ წარმომადგენლებმა, მას მერე, რაც "ქართული ოცნებიდან" წავიდნენ, დაიწყეს ლაპარაკი არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, ვიდრე იქ იყვნენ, მანამდე არაფერი უთქვამთ...
დარწმუნებული ვარ, არც ამ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით იქნებოდა ივანიშვილი კატეგორიულად მომთხოვნი, მაგრამ ამის ასე წარმოჩენა მავანთ აძლევს­ ხელს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ პროცესებში პრობლემა ხელისუფლებაშია და არა ბიძინა ივანიშვილში.

- მოგეხსენებათ, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ამასთან, 14-მა პარტიამ და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, რასაც ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საბოლოოდ, როგორც ირკვევა, შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიცვლება მაჟორიტარული ოლქების კონფიგურაცია, ხოლო 2020 წლის არჩევნები უკვე მხოლოდ პროპორციულ-რეგიონული სიებით ჩატარდება...

- დღევანდელი რეალობა გვიბიძგებს უფრო იმისკენ, რომ პროპორციული სისტემისკენ გადავიხაროთ, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მაჟორიტარულმა არჩევნებმა ჩვენში მახინჯი ფორმა მიიღო. მაჟორიტარმა დეპუტატებმა რაიონების დირექტორების ფუნქცია შეიძინეს. მაჟორიტარები, რომლებიც გადეპუტატებისთვის, ძირითადად, საკუთარ ფულს ხარჯავენ, მერე ცდილობენ, დანახარჯი აინაზღაურონ. ერთი რამ არ მესმის: თუ ხელისუფლება თანახმაა, გააუქმოს მაჟორიტარული სისტემა, რა საჭიროა მისი 2020 წლისთვის გადადება?! რა ლოგიკაა ამაში, როდესაც ყველაფრის მოსწრება ძალიან მარტივად შეიძლება.

- პროკურატურაში შექმნილმა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტმა ქონების ჩამორთმევის 5 საქმეზე გამოძიება დაასრულა. მათგან ოთხ დაზარალებულს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნეს. რას იტყვით ამ პროცესზე? ბევრს მიაჩნია, რომ ამ საკითხისადმი სახელმწიფოს სისტემური მიდგომა არ ჩანს...

- კარგია, რომ ვიღაცა რაღაცას მაინც დაიბრუნებს, მაგრამ ამ საკითხში მართლაც არ იგრძნობა ხელისუფლების პრინციპული და სისტემური მიდგომა. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემურ დანაშაულზე, ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და არა კოაბიტაციის გავლით. ვფიქრობ, კოაბიტაციის პერიოდში სააკაშვილის სისტემამ სამართლიანობის აღდგენის დაპირების მძევლად აქცია ხელისუფლება, ეს იმ დროს, როდესაც ძალოვანი სისტემა კონფლიქტშია სამართლიანობის აღდგენის პროცესთან. საქმე ის არის, რომ დღესაც სისტემაში არიან ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მოქალაქეთა ქონების მიტაცებასა თუ სხვა უფლების შელახვაში. ისინი არ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასრულებდნენ მას. შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელი მგონია, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენის თემა დიდწილად პოლიტიკური კამპანიის ნაწილი გახდა. ისიც არ მესმის, ცალკე დეპარტამენტის შექმნა რაში სჭირდებოდათ. ესეც წმინდად პოლიტიკური ნაბიჯი და სამართლიანობის აღდგენის იმიტაციის მცდელობა იყო. მოკლედ, ამ პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ.

- დიდი რეზონანსი მოჰყვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას და მის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას. მოვისმინეთ მისი ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც აშკარად გამოჩნდა, რომ მისი გეგმები საქართველოს უკავშირდება, მეტიც, ის სრულიად დარწმუნებული ლაპარაკობდა, რომ დაბრუნდება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში. სხვათა შორის, ბევრმა ამ დანაქადებში რევოლუციის დაანონსებაც დაინახა...

- ის, რომ სააკაშვილს ცალი თვალი ნამდვილად უჭირავს საქართველოსკენ, ცხადზე ცხადია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს რაიმეს ამზადებს საქართველოში. ვფიქრობ, ეს ინტერვიუ იმისთვის დასჭირდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადაეფარა ის უარყოფითი რეზონანსი, რაც მის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას მოჰყვა. იმაზე ლაპარაკით, რომ საქართველოში კიდევ რაღაცას აპირებს, სცადა, დაემტკიცებინა, რომ არავისთვის უღალატია და კვლავ საქართველოს პატრიოტად რჩება, თუმცა, ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ის საკუთარი თავის იდენტიფიცირებას საქართველოსთან არც არასდროს ახდენდა. სააკაშვილი აშენებდა სახელმწიფოს, რომლის უკანაც ვერ ხედავდა კონკრეტულ ქართველს. საქართველო მისთვის იყო ამბიციების რეალიზების პოლიგონი, ისევე, როგორც შემდგომ კიევი და ამჯერად კი ოდესა... გარდა ამისა, სააკაშვილისთვის პირად მტრად იქცა ბიძინა ივანიშვილი. მას შეიძლება საქართველო არც აინტერესებს ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილზე შურისძიება სწყურია.

- თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქმეში დაუშვებლად მიიჩნია. დაცვის მხარის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამარჯვების მომასწავებელია.
- ვინაიდან საქმის მასალებს არ ვიცნობ, მის პერსპექტივაზე ლაპარაკი გამიჭირდება. არა მგონია, ამ საქმეში ცალსახად ჩანდეს პოლიტიკური ინტერესები, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ეკონომიკური დანაშაულისას სულაც არ არის აუცილებელი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის განსაზღვრა. ვფიქრობ, სწორედ ამ არასწორმა მიდგომამ განაპირობა საქმის პოლიტიზება. სასამართლოს გადაწყვეტილებას კი მხოლოდ პოზიტიურად შევაფასებდი. ეს ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

- უკრაინაში საომარი მოქმედებები განახლდა...

- სამწუხაროდ, პროგნოზი, რომ ზაფხულში მოსალოდნელი იყო სამხედრო მოქმედებების განახლება, გამართლდა. უკრაინაში მიმდინარე პროცესები კარგა ხანია გასცდა ამ ქვეყნის მასშტაბს და დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების არეალში მოექცა. როგორც ჩანს, ამ არეალის გეოპოლიტიკურმა მოთამაშეებმა ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს რაიმე კონკრეტულზე შეთანხმება. ჩემი აზრით, ვიღაც ძალიან არის დაინტერესებული, რომ საომარი მოქმედებები გასცდეს უკრაინის საზღვრებს და ამაში ევროპა, რომელიც დიდ სიფრთხილეს იჩენს, ჩათრეული აღმოჩნდეს. ამ კონტექსტით მე ძალიან სახიფათოდ მეჩვენება სააკაშვილის ოდესაში გამწესება. საქმე ის არის, რომ კონფლიქტის გაფართოების თვალსაზრისით ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს დნესტრისპირეთი წარმოადგენს. თუ ამ მიმართულებით რუსეთმა პროვოკაციები დაგეგმა, შესაძლოა, სწორედ ოდესა და სააკაშვილი გამოიყენონ,
არ გამოვრიცხავ, რუსეთთან დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდნენ მოლდავეთი, რუმინეთი და მათ მერე დანარჩენი ევროპა. მოკლედ, ძალიან სახიფათო ვითარებაა...

ნათია დოლიძე

koka
24 ივნისი 2015 19:30
მიშა ივანაშვილივით პატარა კაცი არ არის. თქვენ გეშლებათ, ბატონო ექსპერტო, ბ.ივანაშვილს აქვს პირადი შური და ბოღმა მიშას წინააღმდეგ და ვერც ვერასდროს ვერ განიკურნება ამ ქვენა გრძნობებისგან, რადგან უფულოდ არარაობაა, მიშა კი მიშაა, სადაც არ უნდა იყოს. ამას გრძნობენ მისი მტრები და იმიტომ სკდებიან, ხომ ჩაიგდეს ქვეყანა ხელში, მაგრამ მიშა მაინც ისევ მიშაა!! ისინი კი არარაობები დარჩნენ. აბა ვინ არის უსუფაშვილი ან ხიდაშელი, ან სანებლიძე, ან ნარმანია, ან ღარიბაშვილი? - მონები. მათი ბატონი კი უფულოდ არის არარაობა - 0.
maci
15 ივნისი 2015 16:49
ოდესის რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ, მიშა საქართველოში დაბრუნდება. როგორც სერგო ორჯონიკიძე. ნაციონალებმა "აგინეთ" პუტინს და აკეთეთ მისი საქმე, გაუფართოვეთ რუსეთს საზღვრები.
kokoiti
11 ივნისი 2015 13:49
koko, ფანდარასტ!

რედაქტორის რჩევით