"საქართველოში ტერორისტთა ლიტერატურა უკვე შემოდის, შემდეგი უკვე იარაღი იქნება!" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ტერორისტთა ლიტერატურა უკვე შემოდის, შემდეგი უკვე იარაღი იქნება!"

"არავის ვაშინებ, მაგრამ პროპაგანდისტული მუშაობიდან სამხედრო და ტერორისტულ ოპერაციებამდე ერთი ნაბიჯია"

გასულ კვირას ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" განსაკუთრებით გააქტიურდა: სისხლიან ტერაქტებს ქუვეითსა და ტუნისში, რომელზეც პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ აიღო, 60-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა; საფრანგეთში თხევადი გაზის საწარმოზე თავდასხმისას კი ერთი კაცი დაიღუპა, არიან დაშავებულები; განაახლა თავდასხმა სირიისა და თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიზე, რომელსაც დღემდე ქურთები კოალიციური ძალების მხარდაჭერით აკონტროლებენ და რაც ყველაზე დასაფიქრებელია ჩვენთვის, ომის კვლევების ინსტიტუტის ცნობით, "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიაში შექმნა საკუთარი პროვინცია, რომელსაც "კავკასიის ვილაიეთი" უწოდა. გერმანული "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, "ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი ვილაიეთი ჩრდილო კავკასიაში, რუსეთის ტერიტორიაზე დააარსა. სავარაუდო მოქმედების ზონად დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩაეთ-ჩერქეზეთი მიიჩნევა. რა საფრთხეებს უქმნის რეგიონსა და საქართველოს "ისლამური სახელმწიფოს" კავკასიაში გამოჩენა? - ამ საკითხებზე გვესაუბრება ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია:

- ვითარება მართლაც დამაფიქრებელია და საქართველოს ხელისუფლებამ უსაფრთხოებისთვის ზომების მიღებაზე უნდა იფიქროს.

რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება იმის თაობაზე, თუ ვინ დგას "ისლამური სახელმწიფოს" უკან. ერთხანს იყო ლაპარაკი, რომ მათი დიდძალი ფინანსური შესაძლებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყვნენ გარკვეული ძალები ყატარიდან და საუდის არაბეთიდან, შესაბამისად, იმ პროცესებიდან, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, "ისლამური სახელმწიფოს" ცალკე გამოყოფა არ შეიძლება. "ალ-ქაიდასგან" განსხვავებით, ამ წარმონაქმნმა გარკვეულწილად უკვე შეიძინა სახელმწიფოს ფორმები. უკვე ვიცით, რომ საკუთარი ვალუტაც კი გამოუშვეს, რაც ცხადყოფს, რომ დღეს მოქმედი თუ ისტორიულად ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციებიდან ის უმდიდრესია. ვითარება ასეთია: მიმდინარეობს ლოკალური ომები და მსოფლიოს ახლებური გადანაწილება. სირიის კონფლიქტში, სადაც ერთ მხარეს "ისლამური სახელმწიფო" აღმოჩნდა, მეორე მხარეს კი ბაშარ ასადის ხელისუფლება, თავიდანვე ნათელი იყო, რომ უამრავი ინტერესი უპირისპირდებოდა ერთმანეთს. ამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო კიდევ ერთი შეტევა ქალაქ კობანიზე, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. აქამდე ქურთები კოალიციური ძალების დახმარებით ახერხებდნენ ამ ქალაქის შენარჩუნებას, თუმცა "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებმა ძალა ისევ მოიკრიბეს და სამი მხრიდან შეუტიეს ქალაქს. წესით, თურქეთს ეს გვარიანად უნდა აშფოთებდეს, თუმცა ჯერჯერობით ამ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი განცხადება ან ქმედება არ ჩანს. უცნაურია ის სიმშვიდე, რასაც თურქეთის ხელისუფლება იჩენს.

როცა ახლო აღმოსავლეთის ახლებურ გადანაწილებაზეა ლაპარაკი, ყველაზე ხშირად ისმის მოსაზრება, რომ მიმდინარე ურთულესი პროცესების შედეგი შეიძლება იყოს ქურთების ახალი სახელმწიფოს - ქურთისტანის შექმნა. მოგეხსენებათ, ქურთები, სხვადასხვა მონაცემით, 30 მილიონზე მეტი არიან, თუმცა არა აქვთ სახელმწიფო და უკვე საუკუნეების განმავლობაში იბრძვიან ამისთვის.

ამას შეიძლება დაემატოს ეროვნული უმცირესობებისა და ქრისტიანული სეგმენტის საკითხები. ლაპარაკია ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობაზეც.

არ გამოვრიცხავ, რომ მალე კიდევ ერთ სახელმწიფოში დაიწყოს არეულობა, რისი მცდელობაც ერთხელ უკვე იყო. ეს არის ძალიან მდიდარი ბაჰრეინი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია, თუმცა ხელისუფლებაში სუნიტები არიან. მკითხველის ყურადღებას მივაქცევ იმასაც, რომ იემენში მიმდინარეობს კონფესიური ომი, სადაც ამბოხებულ შიიტ მოსახლეობას საუდის არაბეთი და მისი მოკავშირეები ებრძვიან. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება სულ უფრო და უფრო რთულდება. არ არის გამორიცხული, რომ კონფლიქტები კიდევ უფრო გამწვავდეს და მასშტაბური გახდეს. ამ დროს ყველა მხარე შეეცდება უფრო მეტი ტერიტორია დაიკავოს. დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად ვიხილავთ ახლო აღმოსავლეთის ახალ გეოპოლიტიკურ რუკას. მაგალითად, სირიის შენარჩუნება იმ კონფედერაციული ფორმით მას შემდეგ, რაც იქ მოხდა და როგორც "ისლამური სახელმწიფო" იქცევა, სრულიად შეუძლებლად მიმაჩნია. ცხადად ჩანს, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რელიგიური ანკლავები იქმნება.

- რას ნიშნავს "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კავკასიაში ე. წ. პროვინციის - ვილაიეთის დაარსება და რა საფრთხეს უქმნის ეს რეგიონს?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ისლამური სახელმწიფო" ამ შემთხვევაში გარკვეულმა ძალებმა რუსეთზე ზეწოლისთვის გამოიყენეს. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის საკმაოდ მწვავე დაპირისპირებაა სირიის თაობაზე. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ

საუდის არაბეთის ერთ-ერთი პრინცი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს განაგებს, ჩასული იყო მოსკოვში და პუტინს 15 მილიარდამდე დოლარი შესთავაზა, რათა ამ უკანასკნელს ხელი აეღო ასადის რეჟიმის დახმარებაზე, რაზეც უარი უთხრეს.

ამის შემდეგ საკმაოდ გავლენიანი წყაროებისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებები, რაც შარშან რუსეთის ტერიტორიაზე მოაწყვეს, მაგალითად, ვოლგოგრადის სადგურის აფეთქება, შესაძლოა, საუდის არაბეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ძალების მიერ ყოფილიყო ორგანიზებული. საკმაოდ ბევრი მანიშნებელია იმისა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ყურადღების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანას. ხომ ცხადია, რომ რაც დრო გადის, მით უფრო თვალნათელია დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის და სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, გაურკვეველია. ფაქტია, რომ უკრაინის ამბების შემდეგ ევროპას საკმაოდ ახლოს მიუკაკუნა რუსულმა ჩექმამ.შედეგად, ევროპა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, გვარიანად არიან შეშფოთებული. ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა იმ სამხედრო სწავლებების თაობაზე, რომლებიც ტარდებოდა ბალტიისა და ნაწილობრივ თეთრ ზღვაში, განაცხადა, რომ

ეს იყო სქემატური პროექცირება მოვლენებისა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გადაწყვეტს, დაიკავოს სკანდინავიის ნახევარკუნძულის ნაწილი.

დამეთანხმებით, შემთხვევით არ იგეგმება ამგვარი სწავლებები.

- თუმცა არაერთი ვარაუდი წამიკითხავს იმის თაობაზე, რომ "ისლამური სახელმწიფო" შესაძლოა გახდეს რუსეთისა და დასავლეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

- გარკვეულწილად ეს შესაძლებელია, თუმცა დასავლეთიც არ არის ერთიანი, იქაც მუდმივად უამრავი ინტერესი ეჯახება ერთმანეთს. როცა ვახსენე, რომ "ისლამური სახელმწიფოს" გამოყენებით ცდილობენ რუსეთზე ზეწოლას-მეთქი, ვიგულისხმე მხოლოდ გარკვეული ძალები.

- დავუბრუნდეთ საქართველოსა და იმ საფრთხეებს, რაც "ისლამური სახელმწიფოს" კავკასიაში გააქტიურებამ შეიძლება წარმოშვას.

- "ისლამური სახელმწიფოს" გამოჩენა ამა თუ იმ ფორმით ჩვენს საზღვრებთან, საფუძვლიან გაანალიზებას საჭიროებს. თუ კავკასიისკენ დიდი ფინანსური ნაკადი წამოვიდა, ამან შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შექმნას საქართველოში. არ დაგავიწყდეთ, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში უკვე მოქმედებენ, რასაც ადასტურებს ის სპეცოპერაციაც, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა და რომლის დროსაც დააკავეს პირი, რომელიც სირიასა და ერაყში ჩვენი მოქალაქეების გაყვანაშია ბრალდებული.

თუ ფინანსების ნაკადები წამოვიდა, ეს მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში არ მოხვდება, მოხვდება ჩვენი ქვეყნის იმ ტერიტორიებზეც, სადაც მუსლიმანები კომპაქტურად არიან დასახლებული: ქვემო ქართლში, აჭარაში, პანკისის ხეობასა და აფხაზეთში, განსაკუთრებით, გუდაუთის რაიონში, სადაც ბოლო თვეებია აქტიურად ეწევიან ისლამის პროპაგანდას თურქეთიდან ჩამოსული ემისრები. არ გამოვრიცხავ, რომ არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ საქართველოშიც შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც უფრო აქტიურად დაიწყებენ პროპაგანდისტულ მუშაობას. არავის ვაშინებ, მაგრამ პროპაგანდისტული მუშაობიდან სამხედრო და ტერორისტულ ოპერაციებამდე ერთი ნაბიჯია. მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ლანდშაფტის გათვალისწინებით, საქართველოში არცთუ ცოტა ადგილია, სადაც შეიძლება ექსტრემისტებმა თავშესაფარი იპოვონ. ამიტომაც საჭიროა ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა. უპირველესად აუცილებელია საქართველოს სპეცსამსახურები ანტიტერორისტული მიმართულებით გაძლიერდეს. ხელისუფლებამ სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს მოსალოდნელი საფრთხეები და გამოიტანოს დასკვნები მანამ, სანამ ლიტერატურას იარაღი ჩაანაცვლებს. საქართველოში ტერორისტთა ლიტერატურა უკვე შემოდის, შემდეგი უკვე იარაღი იქნება!

- გავრცელებული ინფორმაციით, ე. წ. ხალიფატმა კავკასიის ვილაიეთის მმართველად აბუ მუჰამად ალ-ქადარი დანიშნა. რა არის მასზე ცნობილი?

- აუცილებელია აღინიშნოს, რომ ინფორმაცია ვილაიეთის დაარსების შესახებ ახალია და ბევრი რამ ჯერ ბურუსით არის მოცული. რა ძალებს მოიცავს ეს ვილაიეთი, ან ვინ არიან ეს ე. წ. შეფიცულები, უცნობია. არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედმა ყველა ისლამურმა დაჯგუფებამ და ჯამაათმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ჩადგნენ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში. არ არის ასევე ცნობილი კავკასიის ემირატის პოზიცია. ვფიქრობ, ამ ორგანიზაციაში, რომლის ლიდერები ბოლო ხანს აშკარად ვეღარ სარგებლობენ დიდი ავტორიტეტით, ამ ახალ ამბავს სიხარულით არ შეხვდებოდნენ. რაც შეეხება ალ-ქადარს, ის ერთ-ერთი ავტორიტეტული ბოევიკია, თუმცა "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში სხვა უფრო "ავტორიტეტული" კავკასიელებიც იბრძვიან. რისთვის გამოარჩიეს ის, ძნელი სათქმელია, მით უფრო, რომ არანაირი ინფორმაცია მისგან, არც მისი მიმართვა ჯერ არ გავრცელებულა. ვფიქრობ, ბევრი რამ უახლოეს კვირებში გაირკვევა და მერე უფრო გაიოლდება კონკრეტულად ლაპარაკი და შეფასება.

ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ისეთ ძლიერ დაჯგუფებად ჩამოყალიბდეს, როგორიც ლიბიური "ისლამური სახელმწიფოა". ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციამ რიტუალური მკვლელობებით ლამის გადააჭარბოს "ისლამური სახელმწიფოს" ძირითად ბირთვს. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში გაძლიერდა, ვფიქრობ, საქართველოსა და რუსეთს შორის ანტიტერორისტულ ოპერაციებში თანამშრომლობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არა აქვს, ისევე როგორც თანამშრომლობას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მეტიც, არ გამოვრიცხავ შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით სომხური და აზერბაიჯანული პოზიციების დაახლოებასაც კი...

- ამ ეტაპზე რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ქვეყანამ?

- ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს ტერორიზმთან ბრძოლის ძლიერი ორგანიზაცია, თავისი სპეციალური ქვედანაყოფებით; უნდა გაიზარდოს ანტიტერორისტული ჯგუფების ფორმირება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ანტიტერორისტული ბრძოლის გამოცდილება. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ძალიან ფრთხილობს და ეს გასაგებიც არის... რასაკვირველია, საუკეთესო იქნებოდა, ამ საფრთხეს ჩვენთვის ისე ჩაევლო, რომ არ შეგვხებოდა, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ უკვე ვართ ამ პროცესების მონაწილე.

აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება ერთ საკითხზეც:

ვფიქრობ, საქართველოდან სირიასა და ერაყში ჩვენი მოქალაქეების წასვლის შემთხვევები აუცილებლად მოიკლებს, თუმცა არსებობს დიდი საფრთხე, რომ ამ ხალხმა თავმოყრა დაიწყოს სწორედ ამ ახალი ვილაიეთის დროშის ქვეშ.

სავარაუდოდ, ამ ხალხს ახალი ფუნქციებით აქვე დატვირთავენ. თუ მართლაც შეიქმნა სერიოზული კერა ჩრდილოეთ კავკასიაში და გაჩაღდა ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, არ გამოვრიცხავ მოჯაჰედი მოხალისეების სხვადასხვა რეგიონიდან კავკასიაში თავმოყრასაც. შეგახსენებთ გასული საუკუნის 90-იან წლებს, როდესაც ამგვარივე პროცესი მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი იმჟამინდელი ჩრდილოკავკასიელი ლიდერი ხატაბი იორდანიული წარმოშობის არაბი გახლდათ... ვფიქრობ, პროცესების ეპიცენტრად დაღესტანი იქცევა, სადაც კონსოლიდაცია, სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" იდეის გარშემო მოხდება და ამას დაემატება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეაც.

- ვინაიდან კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე - ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა... საინტერესოა, ამ ერთი შეხედვით სოციალურ პროტესტში რა პოლიტიკური ქვეტექსტები ჩანს?

- ჩემი აზრით, ეს არის კლასიკური პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც შეფუთულია სოციალური მოტივით. აქ შიდაპოლიტიკური ბრძოლის ელემენტები ჩანს, სადაც დიდი ადგილი უკავია ე.წ. ყარაბაღის დაჯგუფებას, რომელსაც მიეკუთვნებიან ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი და ამჟამინდელი პრეზიდენტი სარგსიანი. მათ უპირისპირდება უფრო ძველი პოლიტიკური ელიტა, ექსპრეზიდენტი პეტროსიანი და ა.შ. ეს ოპოზიციური ძალები ცდილობენ, აჩვენონ ყველას, რომ მათი დამოკიდებულება რუსეთთან აღარ უნდა იყოს ვასალური. ეს არის აშკარა მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის გადახედვისა. თუმცა არა მგონია, რომ სომხეთს ჰქონდეს იმის ფუფუნება, უარი თქვას რუსეთთან სტრატეგიულ კავშირზე. ოპოზიციამ რომც გაიმარჯვოს, დარწმუნებული ვარ, რუსეთთან ურთიერთობას სერიოზულად არ გადახედავენ. შესაძლოა, ამ პროცესით დივიდენდები სომხეთმა მიიღოს, თუმცა ყარაბაღის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია მისთვის, რომ არა მგონია, ეს პრობლემა სასწორზე დადონ. იმათ, ვისაც იმედი აქვთ, რომ ერევანში შეიძლება მაიდანი მოეწყოს, სავარაუდოდ, იმედი გაუცრუვდებათ.

ნათია დოლიძე