"პუტინისტური ძალები საქართველოში მობილიზებას ცდილობენ"
06-07-2015
"პუტინისტური ძალები საქართველოში  მობილიზებას ცდილობენ"
"რუსები კარგად ხედავენ, თუ როგორ ჰბარდება ისტორიას ზერელე და პათეტიკური ქართველი"

ორ კვირაზე მეტია, საქართველო 13-14 ივნისის სტიქიის შედეგებს ებრძვის, რომელთა აღმოსაფხვრელად ჯერ კიდევ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა უკვე დადგა დრო, როგორც ზარალის დათვლისა და მის ანაზღაურებაზე ზრუნვის, ასევე ტრაგიკულ დღეებსა და შემდგომ პერიოდში ხელისუფლებისა და საზოგადოების მოქმედების შეფასებისა. თბილისის მერიამ საკრებულოს დაზარალებულ მოქალაქეთათვის ზარალის ანაზღაურების სქემა უკვე წარუდგინა. მიუხედავად ზაფხულისა, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროცესები ქვეყანაში მაინც დინამიკურია, რომელთაც ფილოსოფოსი
ზაზა ფირალიშვილი აფასებს:

- სხვებმაც თქვეს და მეც გავიმეორებ: თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურება ჩვენი დღევანდელობისთვის მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა. თავი იჩინა თაობამ, რომელმაც მხოლოდ თეორიულად არ იცის, რომ საკუთარ სასიცოცხლო გარემოს პატრონობა უნდა და რომ უპირველესი მოვალეობები თავად მას აკისრია. ამგვარი ადამიანების სიმრავლე საზოგადოების სიმწიფის ნიშანია.
მართალია, სიმძიმის ცენტრი, ჯერჯერობით, ახალგაზრდებზე იყო გადანაცვლებული, მაგრამ კიდევ ათიოდე წელიც და მათი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება, ასევე მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენი საზოგადოების ხასიათს.

ჩემმა თაობამ გააკეთა ის, რაც შეეძლო - მიუხედავად პოლიტიკური პათეტიკის სიჭარბისა, მაინც შევძელით და დღემდე მოვიტანეთ ის ისტორიული პირობები, რომელშიც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი შვილები შეიძლება იშვან. სტიქიური უბედურების შემდგომმა დღეებმა სწორედ ეს დაგვანახა. ახალგაზრდების წყალობით ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის არა მთავრობას, ძლიერ მფარველს თუ რომელიმე საერთაშორისო გაერთიანებას, არამედ თავად იმ ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. დავინახეთ, რომ შეგვიძლია საკუთარი თავის პატრონობა, მიუხედავად ხელისუფლებისა, მიუხედავად ერის ლიდერების, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურობისა, მიუხედავად იმ პოლიტიკოსების სიმრავლისა, ფოტოგრაფების თანხლებით რომ დადიოდნენ უბედურების ადგილზე. მოკლედ რომ ვთქვა, თურმე განვლილი თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში ჩვენ ვაგროვებდით გამოცდილებას და ძლიერმა, თუმცა კი ტრაგიკულმა იმპულსმა ამ გამოცდილებას გზა მისცა.

- კი ბრძანებთ, რომ სასიცოცხლო გარემოზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნიშნები გამოჩნდაო, მაგრამ იქვე ვნახეთ ამ გარემოსადმი მომხმარებლური დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითი, ვგულისხმობ ვერეს ხეობაში ე. წ. მანჰეტენის მშენებლობის ინიციატივას...
- დამიჯერეთ, მსგავსი იდეები კიდევ გაჩნდება და ზოგი მათგანი კომიკურიც იქნება. მთავარი ეს არ არის. მთავარი ის არის, რომ ჩვენი საჯარო ფიგურები განვითარებით მკვეთრად ჩამორჩნენ საზოგადოებას.
ისინი ჯერაც უსაშველოდ მოძველებული წარმოდგენებისა და ქცევის წესის ტყვეობაში არიან. მათთვის იმ თაობის გამოჩენა ასპარეზზე, რომელიც ვიხილეთ ვერეს ხეობაში, სიკვდილია და არ გამიკვირდება, თუ კიდევ უფრო ხშირად გავიგებთ­ ჩივილს იმის გამო, რომ ახალგაზრდებმა დაკარგეს ეროვნული ღირებულებები და რომ არ არის სასურველი, ცოდნის მისაღებად დასავლეთში მიდიოდნენ.

არადა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: დავინახეთ თაობა, ყოველ შემთხვევაში, ნიშნები მაინც იმ თაობისა, რომელიც საბჭოთა წიდისგან თავისუფალია. ათი-თხუთმეტი წელი დაგვრჩენია საიმისოდ, რომ ქვეყნის სადავეები მან გადაიბაროს და ახლა მთავარია, ამ წლების განმავლობაში რაიმე საბედისწერო შეცდომა არ დავუშვათ. სიტყვამ მოიტანა და, სწორედ ამიტომაც ჩქარობს რუსული პოლიტიკური მანქანა. რუსები კარგად ხედავენ, თუ როგორ ჰბარდება ისტორიას ზერელე და პათეტიკური ქართველი. უკვე დღეს ამ პროპაგანდის რეალური ადრესატების რიცხვი მკვეთრად არის შემცირებული. ამიტომაც ჩქარობენ ჩვენში პუტინისტური ძალების მობილიზებას. ამიტომაც განიცდიან ასე მწვავედ, თუკი ჩვენში რაიმე სასიკეთო ხდება.

- თავის დროზე ასეთივე აღტაცებით შეხვდა საზოგადოება 2003 წელს ქვეყნის სათავეში მოსულ ახალგაზრდებს, თუმცა...

- და რას წარმოადგენდა ის ახალგაზრდული სუბკულტურა, რომელსაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" განასახიერებდნენ? ეს იყო სუბკულტურა, რომლის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ ისე ცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით, აღარ შეიძლებოდა და ამაში მართლები იყვნენ. მათ დიდ ნაწილსაც ნანახი ჰქონდა, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ნორმალურ ქვეყნებში, მაგრამ მათი ტრაგედია ის იყო, რომ ჯერ კიდევ დამძიმებული იყვნენ საბჭოთა ნარჩენებით და მოდერნიზაციის ტექნოლოგიად მხოლოდ ბოლშევიკური მეთოდები წარმოედგინათ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საზოგადოებას განიხილავდნენ ნების უქონელ აგრეგატად, რომელსაც ნებისმიერი ფორმა შეიძლება მისცე და, ალბათ, ყველაზე კარგად სწორედ ამაში ჩანს ბოლშევიკური სოციალური ინჟინერიის ინერცია. მიუხედავად კარგი დასაწყისისა, სულ ორიოდე წელიწადში, საზოგადოების წინააღმდეგ შეთქმულ რევოლუციონერთა ჰერმეტულ წრედ იქცნენ, გაუცხოვდნენ ჩვენგან და მოხდა ის, რაც მოხდა. პიარის ის ჰიპერტროფიული როლი, რომელსაც თვალს ვადევნებდით, სწორედ ამგვარი შეთქმულების მცდელობაზე მიგვითითებს. სხვაგვარად ისინი ვერც მოიქცეოდნენ. იმის გაკეთებას, რასაც მათ ხელი მოჰკიდეს, დიდი პოლიტიკური, ზნეობრივი სიმწიფე და ადამიანური კულტურა უნდა.

- ჩვენ თვალს ვადევნებთ, ეს ხალხი როგორ ინაცვლებს უკრაინის ხელისუფლებაში. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?
- რამდენჯერმე მქონდა საშუალება, თვალი მედევნებინა სააკაშვილის გამოსვლებისათვის კიევში და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს იგი ადეკვატურია უკრაინული გარემოსთვის, ისევე, როგორც 2003 წელს ჩვენი გარემოსთვის იყო. მაგრამ უკვე სრულიად არაადეკვატურია ჩვენთვის აქ და ახლა. გაივლის ხანი, უკრაინაშიც გამოჩნდება საბჭოთა წიდისგან თავისუფალი თაობა და სააკაშვილის მსგავსთა ადგილი აღარც იქ იქნება. სააკაშვილი დაემსგავსება იმ სახასიათო როლების შემსრულებელ მსახიობს, რომელიც ერთ დროს პოპულარული იყო, მაგრამ რომლისთვისაც ახლა ადგილი აღარ მოიძებნება. ჩემი აზრით, დღევანდელი უკრაინელი საზოგადოება ბევრი ნიშნით ჰგავს 2003-2005 წლების ქართველ საზოგადოებას. შესაბამისად, მას აუცილებლად დაუდგება ის ფაზაც, რომელშიც ჩვენ 2006-2007 წლებში შევედით.

რაც შეეხება სტიქიისა და თუ მის შემდგომ დღეებში ჩვენი ხელისუფლების ქცევას, დაბნეულობა იგრძნობოდა, თუმცა კი უნდა დავაფასოთ, რომ მის წარმომადგენლებს არ უცდიათ ათასგვარი პიარხრიკებით ახალგაზრდული მოძრაობის სათავეში მოქცევა.

ახლა გადამწყვეტია, თუ რამდენად მართლზომიერად დაიხარჯება დაზარალებულებისათვის გამოყოფილი სახსრები.
ვიცით, რომ მერიაში არ არის ზედმიწევნით ჯანსაღი მდგომარეობა. პრემიებისა და სახელფასო დანამატების ისტორია ის ლაქაა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების ბედს დიდწილად განსაზღვრავს.

- რადგან სააკაშვილი და ყოფილი ხელისუფლება ვახსენეთ, უნდა გკითხოთ თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილისთვის წაყენებულ კიდევ ერთ ბრალდებაზე. საქმე ფოთის პორტში მის ფინანსურ ინტერესებს შეეხება.

- არჩევნების შემდეგ უკვე ორ-ნახევარი წელი გავიდა. უკვე ბევრს გაუჩნდა კითხვა: "თუ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც გვეუბნებიან, რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები?" ათასობით ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა„"ნაციონალთა"“ მმართველობის "სიკეთეები". თუ პირველ ხანებში ისინი იმედით ისმენდნენ მსგავს განცხადებებს, დღეს უკვე გაკვირვებულები იჩეჩენ მხრებს. "ნაციონალთა" დანაშაულების გამოყენება მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებისთვის ბუნებრივად აჩენს კითხვას, რომ ან დანაშაულთა მასშტაბია გადაჭარბებული, ან კიდევ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება უმწეოა და უცხოელ პარტნიორებს ვერ არწმუნებს თავის სიმართლეში. ორიოდე ნაბიჯიც კი ისე უხერხულად გადაიდგა, რომ ძნელი იყო, გარედან მაცქერალ ადამიანს შერჩევითი სამართლის შთაბეჭდილება არ შეჰქმნოდა. ამის დასტურად თუნდაც­ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ გიგი უგულავას დაპატიმრება გამოდგება. ვერაფერს ვიტყვი და არც მაქვს უფლება, რაიმე ვთქვა მის უდანაშაულობა-დამნაშავეობის შესახებ, მაგრამ როდესაც იჭერ მიუხედავად დაპატიმრებებზე გამოცხადებული მორატორიუმისა და თანაც ეს ფაქტი აშკარად ახდენს გავლენას ამომრჩეველთა განწყობაზე, უკვე ძნელია, ვინმე, მით უმეტეს, საქმეში ჩაუხედავი უცხოელი დაარწმუნო, რომ შენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ მოქმედებს. ამგვარი ქცევით უკვე იმთავითვე აღძრავ ეჭვს შენს თუნდაც სრულიად გამართლებულ ნაბიჯზე. ეჭვი მაქვს, რომ
სწორედ ამ და მსგავსმა ფაქტებმა და დასავლურმა რეაქციამ განსაზღვრა, რომ შემდეგში უკვე აშკარად დასაჭერები ხელუხლებლები დარჩნენ.

ასეა თუ ისე, პროპაგანდის აგება "ნაციონალებთან" დაპირისპირების მოტივზე უკვე წამგებიანია. "ნაციონალური მოძრაობის"“მიმართ დამოკიდებულების განსაზღვრის ინიციატივა დღეს მთლიანად საზოგადოებას ეკუთვნის. ერთიცაა: ნაციონალებს" ტყუილად აქვთ იმედი, რომ "ოცნების" დისკრედიტაციით მდგომარეობას გამოისწორებენ.

- ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თაობაზე აშშ-ში მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. აშშ მსოფლიოში 24-ე ქვეყანაა, რომელმაც ეს კანონმდებლობით დაადგინა. ჩვენში ბევრი ისე წარმოადგენს საკითხს, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოსთვის პირდაპირ დირექტივად იქცეს. ამ თემაზე გამართული პოლემიკიდან აშკარად გამოჩნდა, თუ როგორ ცდილობენ ამგვარი თემების აჟიტირებით რიგი ძალები ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობის გაღვივებას...
- ბევრჯერ თქმულა, რომ დასავლეთი არ არის ერთგვაროვანი. ის ძალები, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინებას უჭერენ მხარს, ვალდებული არიან, კარგად გაიაზრონ: ის, რაც მისაღებია ერთი კულტურის ფარგლებში, მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს სხვა კულტურისთვის და ეს ამ უკანასკნელის განუვითარებლობას სულაც არ ნიშნავს.
ის, რაც ეროტიკაა ფრანგისთვის, შესაძლოა, ბერძნისთვის პორნოგრაფიად აღიქმებოდეს. სწორედ ახლახან 22 წელი მიუსაჯეს ჯენიფერ ფიტჩერს, ამერიკელ პედაგოგს, თავის 17 წლის მოწაფესთან სასიყვარულო ურთიერთობისთვის. არადა, ჩვენში მხოლოდ მორალურ გაკიცხვას დასჯერდებოდნენ. ჩემთვისაც გაუგებარია, როგორ უთავსდება ერთმანეთს ასეთ უმკაცრეს სამართლებრივ ნორმებამდე გადაზრდილი მორალური სიმკაცრე და სქესობრივი უმცირესობების დასაცავად გამართული ხმაურიანი და ჭრელი მსვლელობების მიმართ განურჩევლობა. ვფიქრობ, ამ საკითხისადმი თავად შტატებშიც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება და ჯერაც უნდა ველოდეთ პროცესების განვითარებას. პროტესტი გამოთქვეს ამერიკის მართლმადიდებელი, ლუთერანული და კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლებმა. უკმაყოფილებაა კონსერვატიულ წრეებშიც. მოგეხსენებათ, ოჯახი და ოჯახური ტრადიციები კონსერვატორთა ერთ-ერთი საყრდენი ღირებულებაა. ჩემთვის აქ მთავარი სხვა რამეა: როდესაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, პირველი ის გავიფიქრე, თუ როგორი ზიანი მიაყენეს მათ საკუთარ ქვეყანას. მორალურ ზიანს არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ იმ ენერგიას, რომელიც შესძინეს ისლამურ რადიკალიზმს, პუტინისტურ პროპაგანდას და ასე შემდეგ.

ძნელია, კაცმა ახსნა, რომ საქმე ეხება სამოქალაქო ქორწინებას და არა საეკლესიოს და რომ ეს მხოლოდ კავშირის რეგისტრაციის ფორმალური უფლებაა და რომ დასავლეთთან ინტეგრაცია არავითარ მსგავს ვალდებულებას არ გულისხმობს. ერთი მხრივ, პუტინისტური პროპაგანდა შეეცდება, ხმაურით დაფაროს ეს არგუმენტები, მეორე მხრივ კი ამის თქმაც კი მტრულად აღიქმება იმ ძალების მიერ, რომლებიც ადამიანის უფლებათა სახელით იოლად თამაშობენ სექსის თემით და, მე თუ მკითხავთ, თავად თავისუფლების იდეას მის ბოროტ კარიკატურად­ აქცევენ. პუტინისტური პროპაგანდა ყველაფერს გააკეთებს, რომ ერთსქესიანთა ქორწინებისადმი დამოკიდებულება იქცეს იმ სადემარკაციო ხაზად, რომელიც დასავლეთსა და მთელ დანარჩენ სამყაროს შორის გაივლის. იმ დროს, როდესაც რუსულმა ნეოიმპერიულმა პოლიტიკამ ლამის ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა, ხოლო რადიკალურმა ისლამმა ისლამური სახელმწიფოს იდეაში პოვა განხორციელება, ასეთი თამაში ამ უკიდურესად მგრძნობიარე თემებთან, ვფიქრობ, დაუშვებელია. 

მაგრამ გვსურს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობენ პირები, ვისთვისაც ამ სფეროში ურთიერთობათა სამართლებრივ მოწესრიგებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თვალის დახუჭვა და პრობლემის დავიწყება შეუძლებელია. დღევანდელი ირანის ხელისუფლებაც კი იძულებული გახდა, წელიწადში, თუ არ ვცდები, 300-მდე ტრანსგენდერული ოპერაცია დაეფინანსებინა. უფრო მეტიც, კერძო სადაზღვევო კომპანიებიც კი დაავალდებულეს, რომ მსგავსი ოპერაციები დააფინანსონ.

ჩვენ ტრადიციული საზოგადოება ვართ და, ეს სულაც არ არის ცუდი. ერთ მაგალითს მოვიყვან: დასავლეთის ბევრი მკვლევარი ცდილობს მიაგნოს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ამა თუ იმ საზოგადოებაში ტრადიციულობის ხარისხი და სერიული მკვლელების გაჩენის ალბათობა უკუპროპორციულია. სერიულ მკვლელთა ყველაზე დიდი რაოდენობა ჩნდებიან სწორედ ხანმოკლე ისტორიული ტრადიციების მქონე აშშ-სა და რუსეთში. ტრადიციები ბევრი ისეთი რამის რეგულირებას ახდენენ, რასაც კანონმდებლობა ვერ სწვდება. მეორე მხრივ, უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი და არ დავუშვათ, რომ პათეტიკურმა ტრადიციონალიზმმა პიროვნების განვითარება შეზღუდოს. ტრადიციონალიზმმა და ექსტრემალურმა ლიბერალიზმმა ერთმანეთი თუ არ გააწონასწორა, მივიღებთ იმას, რისიც შემდგომ თავადვე შეგვეშინდება.

- "ინტერფაქსმა" სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის ცნობის კანონიერების შესწავლა, რომელიც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საბჭოს მიერ იქნა მიღებული. გამოცემამ იქვე გაიხსენა, რომ რუსეთის პროკურატურამ უკვე ცნო უკანონოდ უკრაინისთვის ყირიმის გადაცემის აქტი. რას ცდილობს რუსეთი და რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეს? ერთხელ ბრძანეთ, რომ რუსეთთან საქართველოს ხელისუფლება უფრო რადიკალურად უნდა მოქმედებდესო. რას გულისხმობდით?
- ბოლო კითხვიდან დავიწყებ: ვგულის­ხმობ რაციონალურად აგრესიულ დიპლომატიას და არა, ცხადია, აგრესიულ ქმედებას ან რიტორიკას. ამ უკანასკნელმა რაც მოგვიტანა, ყველამ ვნახეთ: რუსეთის უმთავრესი სამიზნის როლში აღმოვჩნდით. ბოლო ხანებში ზოგი რამ გაკეთდა, რათა უკრაინის მოვლენები და 2008 წლის ომი მსოფლიოს ერთ კონტექსტში აღექვა. ვფიქრობ, მეტია საჭირო. უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემების მოგვარება მსოფლიომ ერთ პროცესად უნდა აღიქვას. ამ სიტუაციაში უკრაინა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა და აქ აუცილებლად უნდა დავსვა კითხვა: რას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა: იმას, რომ უკრაინის ხელისუფლებას მუდმივად ვსაყვედურობდეთ ჩვენთვის არასასურველი საკადრო პოლიტიკის გამო და ამით ვაცივებდეთ ჩვენს ურთიერთობას, თუ პოროშენკოს საკადრო პოლიტიკის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ერთხელ მაინც საჯაროდ და ოფიციალურად დავაფიქსიროთ, მაგრამ ისე, რომ ამით ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს არ ვავნოთ?

რაც შეეხება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეს: პუტინმა და მისმა გარემოცვამ კარგად იციან, რომ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საერთოდ, რუსეთის დღევანდელი სახით შენარჩუნების ერთადერთი გზა ე.წ. რუსული სამყაროს რეანიმაციის მუდმივი მოლოდინია. რაღაც მომენტიდან მათ საკუთარი სახელმწიფო და საზოგადოება მთელი დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულ ძალებად აქციეს. ამას, მოგეხსენებათ, არავისთვის არ მოჰყოლია კარგი შედეგი. შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე წარმატებასაც მიაღწიონ, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები იოლად არ ეძლევიან სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის ცდუნებას და ეკონომიკური მეთოდებით ხანგრძლივი "ცივი ომის" რეჟიმში გადაჰყავთ სიტუაცია. რუსეთის ხელისუფლებისათვის ეს გარდაუვალი მარცხის ტოლფასია და ამიტომაც ცდილობს სიტუაციის ესკალაციას.
პუტინს ურჩევნია, მუდმივად დიდი ომის ზღვარზე ამყოფოს მსოფლიო. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ როგორც მგონია, ამ გზაზე მან კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯებიც შეიძლება გადადგას და დიდი სიფრთხილე გვჭირდება, რომ ჩვენც პროცესებში ჩართული არ აღმოვჩნდეთ.

ნათია დოლიძე
ალექს
04 აგვისტო 2015 14:20
საქართველო პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში და უსწრებს ჩანკაიშის,მაო ძედუნის ,სტალინის , ბრეჟნევის, ანდროპოვის, ჩაუშესკუს, კიმ ირ ჩენის და მისი სენის, და პოლ პოტის მიღწევებს :
1.ერთ სულ მოსახლეზე პოლიციელთა,სპეცრაზმელთა,ზონდერთა,მოსამართლეთა,გამომძიებელთა, ,პროკურორთა,საგადასახადო და სხვა შემმოწმებლ ინსპექტორთა და მოხელეთა რაოდენობით.
კერძო სექტორში მომუშავე დაცვის სპეცმუშაკების,პოტენციალურად თუ დარბევებში ნარდად და საათობრივად მომუშავეთა ოდენობითაც.
2.საპატიო პირველ ადგილზე ვართ ერთ დასაქმებულზე საჯარო მოსამსახურის ოდენობით,ამ მაჩვენებლით 15-ჯერ ვუსწრებთ აშშ-ს ,7-ჯერ რუსეთს და ყაზახეთს.
ამათ ცოტათი ჩამოვრჩებით რამკიან სახელმწიფო მოხელეთა საშუალო ხელფასის შეფარდებით მინიმალურ ხელფასთან და კალათასთან და იმედი გვაქვს ამას გამოასწორებენ და გავლენ პირველ ადგილზე ,ახლა მეორეზე ვართ ,პუტინი გვისწრებს,ის ავაზაკი!
3.პირველ ადგილზე ვართ ერთ სულ ადამიანზე გასამართლებულ პირთა ოდენობით,პრობაციონერების და პოტენციურად დასაჭერთა ანუ ძიებაში მყოფთა რაოდენობით.
ამ გულაგის მართვის უფლების მოსაპოვებლად და არა გულაგის მოსასპობად ებძვიან ერთმანეთ ქოცები,ნაცები,და მათი სატელიტი ფინიები,ყეფენ და ქარავანი რომ მაინც მიდის ,ის ფინიები,თორემ ,არცერთი ფინია ამირანის ჯაჭვს რომ გალოკავს, არ იძიება,სამაგიეროდ არიან ბლომად ექსპერტფუნიები, და არასამთავრობოები ,რომლებიც ასევე აქტიურად ეძებენ სამთავრობო თავსაყუდელს.
რა კრება ყრილობა გინდათ,ერთად გასწით ისტორიის სანაგვეზე მწყობრად ნაცებთან,მოქკავშირთან და კომკავშირთან ერთად !
დამავიწყდა პირველი ადგილი მოსახლეობის,ამომრჩევლების,პენსიონერების და სოცგაჭირვებულთა ,უმუშევრების რაოდენობის არჩევნების გაყალბების ინტენსივობის მიხედვით!
irakli
01 აგვისტო 2015 01:31
ყველაზე დიდი პარადოქსი და ისტორიის ცინიზმი ის არის, რომ რუსი შემოდის ერთმორწმუნეობის საბაბით არადა, მე , როგორც საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ქართულ ქრისტიანულ ცნობიერებას და ქრისტიანულ სულს არ ყოლია იმაზე დიდი მტერი ვიდრე რუსეთია, მე კამათში არავის ვიწვევ, მაგრამ, ვისაც სურვილი აქვს შემიძლია ჩემი მოსაზრება დავუსაბუთო, ტელეფონის ნომერს და მისამართსაც დავწერ და შევხვდები ვისაც უნდა საუბარი
shota
24 ივლისი 2015 17:58
ზერელეობა არასოდეს არ იყო ქართველების დამახასიათებელი თვისება. მადლობა ღმერთს, რომ მე ჯერ კიდევ მოვესწარი გაწონასწორებულ და ტრადიციულ ქართულ თაობას. მათ ღმერთი სწამდათ და სულიერებით ამაღლებულნი იყვნენ. უღირსებო ქართველი ქართველი არ არის. ღმერთო,უშველე საქართველოს!

რედაქტორის რჩევით