"საბერძნეთის მსგავსი ტრაგიკული შეცდომა არ უნდა დავუშვათ"
"საბერძნეთის მსგავსი ტრაგიკული  შეცდომა არ უნდა დავუშვათ"
"არა მგონია, ქადაგიძეს ბანკის პრეზიდენტის სავარძლიდან პირდაპირ ციხეში გადანაცვლება უნდოდეს"

საბერძნეთის ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვნად შეარყია ევროკავშირი. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, ამ გაერთიანებამ ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკისადმი მიდგომა შეცვალოს. საბერძნეთში მთელი კვირის განმავლობაში არ გახსნილა ბანკები, ბანკომატებიდან კი თანხა კვლავაც ლიმიტირებულად გაიცემოდა, თუმცა, კვირის ბოლოს ოფიციალურმა ათენმა მოახერხა და კრედიტორებს მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური რეფორმების ახალი პაკეტი წარუდგინა...

საქართველოში ბევრი მოსაზრება გამოითქვა საბერძნეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა და იმ გავლენაზე, რაც
შეიძლება საბერძნეთის კრიზისმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე მოახდინოს. საბერძნეთის ეკონომიკას დიდი საგარეო ვალი აწევს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. რა მდგომარეობაშია საქართველო? შარშან საგარეო ვალი დინამიკურად იზრდებოდა და დღევანდელი მდგომარეობით, იგი მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს აღემატება.
მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად ვაფასებთ.



- როდესაც გაზეთი გამოვა, ალბათ, უკვე გადაწყვეტილი იქნება, დაუჭერს თუ არა მხარს ევროკავშირი საბერძნეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს, რომელიც ათენმა საერთაშორისო კრედიტორებს გასული კვირის ხუთშაბათს წარუდგინა... თუ საბერძნეთის მთავრობამ ევროპელ ლიდერებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, ათენი უფულოდ დარჩება.

- დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება და საბერძნეთი ევროზონას არ დატოვებს, მით უფრო, რომ საბერძნეთის გეგმა კრედიტორების პირველივე განცხადებებით დადებითად შეფასდა. მე მგონია, რომ ეს იქნება კვლავაც კრიზისის გადავადება და არა  საბოლოოდ დაძლევის მცდელობა. თუმცა,  იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა გონს მოეგება და საბერძნეთის ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმაზე იფიქრებს. კრიზისი და დეფოლტის საფრთხე საბერძნეთში გუშინ და გუშინწინ არ გაჩენილა, ის არსებობს 2010 წლის გაზაფხულიდან და ამ ხნის განმავლობაში ვითარების გამოსასწორებლად ევროკავშირი გზას ვერ პოულობდა, გარდა იმისა, რომ გასცემდა კრედიტებს და  ყურადღებას არ აქცევდა საბერძნეთის ეკონომიკის რეფორმირებას. რაში დაიხარჯა ამხელა კრედიტები? საინტერესო ის გახლავთ, რომ ეს ფული საბერძნეთის ეკონომიკას არ მოხმარდა.

ევროკავშირში არსებობს წესი, რომ ბიუჯეტის დეფიციტმა არ უნდა შეადგინოს 4%-ზე მეტი, საბერძნეთში კი ძალიან მაღალი იყო პენსიები და სოციალური ხარჯები და ეს ფული ხმარდებოდა არა ეკონომიკის განვითარებას, არამედ ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვასა და ძველი ვალების გასტუმრებას, ასე რომ, ევროპა ერთი ხელით აძლევდა მათ ფულს, მეორე ხელით კი - უკან ართმევდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდი პრეცედენტი აღმოჩნდეს, რადგან დღის წესრიგში უკვე დგას ესპანეთისა და პორტუგალიის პრობლემები. ამას კარგად ხვდებიან ევროკავშირის "მამებიც", რომლებმაც დაინახეს, რომ საბერძნეთის კრიზისმა შეიძლება მთელი ევროპა ჩაითრიოს. საბერძნეთში ძალიან ეკლექტური ეკონომიკაა - უსუსტესი სახელმწიფო და ძლიერი კერძო სექტორი. Mევროკავშირის ექსპერტები აქამდე მხოლოდ ზოგად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს აქცევდნენ ყურადღებას და მთავრობას ეკონომიკის გასაჯანსაღებლად რეკომენდაციებს არ აძლევდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბერძნეთში კომუნისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს საბერძნეთის ხელისუფლების რიტორიკა და ქმედებები უფრო პიარზეა გათვლილი. ჯერჯერობით არც ერთი მხარისგან არ გვესმის, რომ საბერძნეთის სოციალურ-ეკონომიკურ სექტორში სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ბერძნებსა და ევროკავშირის ეკონომისტებს მოუწევთ ერთად დასხდომა და ფიქრი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი.

- თქვენი შეფასებით, საგარეო ვალის თვალსაზრისით რა მდგომარეობაშია საქართველო? შარშან საგარეო ვალის დინამიკური ზრდა აშკარა იყო და დღევანდელი მდგომარეობით, ის მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს აღემატება. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო ვალი მშპ-ის დაახლოებით 40%-50%-ს არ უნდა აღემატებოდეს...

- დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე იყო დეფოლტის საფრთხის წინაშე, როდესაც ახალი საუკუნის გარიჟრაჟზე პარიზის კლუბის მიერ მოხდა 1999 წლამდე აღებული ვალების რესტრუქტურიზაცია. ახლა ამგვარ საფრთხეს ჯერ ვერ ვხედავ, ვფიქრობ, არ არის ჩვენი საგარეო ვალი იმ მასშტაბის, რომ ამან შეგვაშფოთოს, თუმცა, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და ქვეყანაში არ დაიწყო წარმოების განვითარებაზე ზრუნვა, ვერაფერს გამოვრიცხავთ. არ შეიძლება ტურიზმის იმედად ყოფნა - ეს შეიძლება ტრაგიკულ შეცდომად გვექცეს. თვალწინ გვაქვს საბერძნეთის მაგალითი - ნახეთ, რა მდგომარეობაშია ტურისტული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქვეყანა! ჩვენი ტურისტული პოტენციალი ძალიან ჩამორჩება პორტუგალიასა და ესპანეთს, თუმცა, არც მათ ეკონომიკას ადგას კარგი დღე და წარმოიდგინეთ, თუ საქართველო ტურიზმის იმედად დარჩა, რა შეიძლება დაგვემართოს.

ვფიქრობ, არასწორია ჩვენი ხელისუფლების მიდგომები. სასწრაფოდ უნდა განვითარდეს საწარმოო სექტორი...

- ივლისის დასაწყისში ცვლილებები შეიმჩნეოდა ჩინეთის ეკონომიკაშიც, რაც, ექსპერტთა ნაწილის თქმით, შეიძლებოდა ასახულიყო მსოფლიო ეკონომიკაზე. შეგახსენებთ, 8 ივლისს შანხაისა და შენჟენის საფონდო ბირჟებზე, სადაც ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები შედიან, ინდექსები საგრძნობლად დაეცა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი გახდა და ჩინელებს აქ არაერთი პროექტი აქვთ დაწყებული, როგორ შეიძლება აისახოს ჩინეთში დაწყებული პროცესები საქართველოზე?
- ვფიქრობ, ჩინეთის ეკონომიკურ კრიზისზე გამოთქმული ვარაუდები მეტისმეტად ნაადრევია. სადღაც მოვისმინე, რომ თურმე, ჩინეთის საფინანსო ბუშტი გასკდომის პირას ყოფილა, რაც არაადეკვატური შეფასებაა. ჩინეთს აქვს მძლავრი ეკონომიკა, რომლის ბუშტთან შედარება სასაცილოც კია. პრობლემები, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებში, დროდადრო ჩნდება ჩინეთშიც, თუმცა, მათი დაძლევა შეიძლება, ამიტომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან საფრთხეს არც მსოფლიო და არც, მით უფრო -  საქართველო, არ უნდა ელოდოს. მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს მსოფლიო ბაზარზე, სადაც მოკარნახე კვლავაც ამერიკის შეერთებული შტატებია.

მოგეხსენებათ, ნავთობის ფასის დაცემით ბევრ ნედლეულზე დაეცა ფასი და ეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ხელოვნური პროცესია. ისევე როგორც 2008 წელს ბუშმა, ამჯერად ობამამ მიმართა რეიგანის მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოყენებულ ხერხს და ნავთობის ფასი დააგდო, თუმცა, ბუშისგან განსხვავებით, რომელმაც ეს სამ თვეში გააკეთა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, ბარაკ ობამამ ამას მთელი 2014 წელი და 2015 წლის დასაწყისი მოანდომა. ეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია. ნუ ვიქნებით მიამიტები და მლიქვნელები, ვთქვათ სიმართლე: დღეს მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებს მართავს ამერიკის შეერთებული შტატები. რამდენიც უნდა იფართხალოს ევრომ, აშშ დოლარი მართავს ეკონომიკას ყველა, მათ შორის - სანედლეულო ბირჟაზე. ირანშიც კი ნედლეულის ფასი აშშ დოლარით არის კოტირებული.

- დღეს უკვე შეგვიძლია შევაფასოთ, რა შედეგი მოუტანა რუსეთს დასავლეთის პოლიტიკამ და დაწესებულმა სანქციებმა?
- შედეგი შთამბეჭდავია - რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, ფაქტობრივად, 14%-ით არის შემცირებული.
მსოფლიოზე ფიქრი კი არა, რუსეთს თავისი თავის შენახვა უჭირს.
ყირიმის მაგალითი ავიღოთ - დიდი ლოზუნგების მიუხედავად, რა მოხდა?! –ყირიმში განახევრდა ცხოვრების დონე, ხალხი მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა -  ელექტროენერგია და წყალიც კი აღარ მიეწოდებათ.

- თუმცა, განიხილებოდა რუსეთის მხრიდან საბერძნეთის დახმარების შესაძლებლობა, რაზეც კრემლშიც განაცხადეს...

- ეს არის სასაცილო ფახიფუხი. რუსეთს საკუთარი ეკონომიკური პრობლემებისთვის ვერ მოუვლია, საბერძნეთის დახმარების თავი სად აქვს!.. ის დღეს არის დიდი ამბიციებისა და პატარა შესაძლებლობების ქვეყანა.

- უკვე ცნობილია საქართველოს ბიუჯეტის კორექტირების პარამეტრები. ხელისუფლება ამას ეროვნული ვალუტის კრიზისით ხსნის. თქვენი აზრით, შესაძლებელი იყო თუ არა ამ კრიზისის პროგნოზირება და ბიუჯეტის უკეთესად დაგეგმვა?
- რთულია იმის თქმა, შესაძლებელი იყო თუ არა ლარის კურსის ვარდნის გათვლა, თუმცა, ჩემი აზრით, ბიუჯეტის უკეთესად დაგეგმვა შეიძლებოდა.  
ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელი და სამარცხვინო მაინც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელია. წარმოუდგენელია ეკონომიკის განვითარების ამ ტემპით მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიოთ.
ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ის, რომ  საქართველოში არ არსებობს ეკონომიკური განვითარების მოდელი. თუ ეკონომიკის განვითარება გვინდა, მწარმოებლური დარგები ადგილობრივ რესურსებს უნდა დავაფუძნოთ. შორს რომ არ წავიდეთ, აქვეა თურქეთის მაგალითი.

1992-1993 წლებში ყველაფერი თურქეთში მიგვქონდა გასაყიდად, 20 წლის შემდეგ კი იმ ყველაფერს ვყიდულობთ და უკან ჩამოგვაქვს.
თურქეთმა სწორედ ადგილობრივ რესურსებზე დაყრდნობით განავითარა თავისი მრეწველობა, მხოლოდ შემდეგ მიჰყო ხელი ტურიზმის განვითარებას და ახლა ამ თვალსაზრისითაც დიდ წარმატებებს მიაღწია.

- ექსპერტთა ნაწილი ლარის დასტაბილურებას დროებით მოვლენად მიიჩნევს და ამას ტურისტული სეზონის დადგომით ხსნის. მათივე თქმით, შესაძლოა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ოქტომბერ-ნოემბერში ისევ გაგრძელდეს...
- ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეროვნულ ბანკზე, რომელსაც მშვენივრად შეუძლია ლარის გაცვლითი კურსის შენარჩუნება. არ ვიცი, რა მოხდება შემოდგომაზე და როგორ ხასიათზე იქნება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა. ვფიქრობ, რომ დიდი რყევები მოსალოდნელი აღარ არის, რადგან მოახლოებულია 2016 წელი. არა მგონია, ქადაგიძეს ბანკის პრეზიდენტის სავარძლიდან პირდაპირ ციხეში გადანაცვლება უნდოდეს.

- აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაზე "გაბალასა" და თბილისის ""დინამოს"" შორის არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა გამოფინა პლაკატები წარწერით: "ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა!" ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშაც დაწვეს. ეს უსიამოვნო ფაქტი გულშემატკივრებმა დაუკავშირეს 2 ივლისს საქართველოში, "დინამოსა" და "გაბალას" თამაშისას მომხდარ შემთხვევას. მაშინ ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით: "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921!" ბევრი ამ ორი ფაქტის მიღმა მიზანმიმართულ პროვოკაციას ხედავს...
- რასაკვირველია, ასეა. თბილისშიც და გაბალაშიც ეს მიზანმიმართული პროვოკაცია იყო. გამიჭირდება იმის თქმა, ვინ დგას ამის უკან, თუმცა, შემიძლია ვივარაუდო, ვის არ სურს საქართველოსა და აზერბაიჯანის კარგი ურთიერთობა - ცხადია, რუსეთსა და სომხეთს. 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება ახალი უსაფრთხოების სამსახური. იმედი ვიქონიოთ, რომ ამგვარ პროვოკაციებს ისინი იოლად გაშიფრავენ და პრევენციასაც შეძლებენ. ეს სამარცხვინოა როგორც ჩვენი, ისე აზერბაიჯანის მხრიდან. სტადიონი არ არის პოლიტიკური ამბიციებისა და პროტესტის გამოხატვის ადგილი. საინგილოში მართლაც არსებობს პრობლემები, თუმცა, მათი მოგვარება შეიძლება სხვა გზებით. ამისთვის საჭიროა, ჩვენი მთავრობა ცოტა უფრო ხისტი და მომთხოვნი გახდეს.

აზერბაიჯანის მთავრობა ნამდვილად არ მოითმენდა საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეებისადმი ასეთ მოპყრობას. ჩვენ რატომ ვითმენთ, გაუგებარია, თუმცა, ამის გასაპროტესტებლად სხვა სივრცე და შესაძლებლობაა გამოსაყენებელი. არა მგონია, მომხდარმა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს.

- თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრების წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა ნაფიცი მსაჯულების თანდასწრებით დაიწყო. ბრალდებულებს - კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას - პროკურატურა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავება... ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა კობა ხარშილაძემ შესავალ სიტყვაშივე დაიწყო დელიკატურ დეტალებზე ლაპარაკი, რომელთა გახმაურებითაც ამდენი ხნის განმავლობაში მინიშნებით იმუქრებოდნენ...
- უპირველესად უნდა ვთქვა, რომ მე და ზურა სტუდენტობის დროიდან ვმეგობრობდით. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის მოკლეს. ვფიქრობ, მკვლელობის კვალი მიდის ძველი ხელისუფლების ძალიან მაღალი ეშელონებისკენ, თუმცა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არა მაქვს. ყველა უმსგავსი განცხადება, რომელთაც ვისმენთ, მხოლოდ ამის გადაფარვის მცდელობაა, თანაც - უნიჭოდ შესრულებული, რადგან ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. ხარშილაძის განცხადებებზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. ვიტყვი მხოლოდ, რომ იმჟამად მეგობრობდნენ აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტები და დარწმუნებული ვარ, რომ FBI-ს თანამშრომლებიც იყვნენ ჩამოსული იმისთვის, რომ საქმიდან ხელშესახები მტკიცებულებები გამქრალიყო. ვშიშობ, რომ ჯოხი ასეთ მეორეხარისხოვან, პატარა ფიგურებზე გადატყდება, ნამდვილი მკვლელის დადგენა კი ძალიან გაჭირდება.

- დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ამჯერად გორის რაიონში დაამონტაჟეს. სოფელ ხურვალეთის სახნავ-სათეს ფართობებში რუსი ე.წ. მესაზღვრეები და დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები 10 ივლისის საღამოს გამოჩნდნენ. მომხდარის შემდეგ განცხადებები გაავრცელეს საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, თუმცა, ფაქტია, რომ ამგვარი განცხადებები რუსეთს არ აჩერებს...
- საგანგაშო ის არის, რომ მავ­თულხლართებს მიღმა აღმოჩნდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი. ამას, სავარაუდოდ, ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენებენ.

- რას ფიქრობთ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტზე?
- რუსეთს საქართველოში რამდენიმე დასაყრდენი ჰყავს. მათ შორის არის ეს ქალბატონიც. ბურჯანაძის  ვიზიტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მას რუსულ მხარესთან ურთიერთობის არანაირი მანდატი არა აქვს. ჩავთვალოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი. მას ასევე არა აქვს შანსი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში კიდევ მოვიდეს... მისი ეს ვიზიტი ლუსტრაციის მორიგი მაგალითია.

ნათია დოლიძე

მკითხველის კომენტარი (4)
shoda
26 ივლისი 2015 15:30
თვალჭრელიძე:
თუმცა, იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა გონს მოეგება და საბერძნეთის ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმაზე იფიქრებს.
კომენტარი:
ამ თვალჭრელიძეს ნუთუ მართლა ჰგონია, რომ ევროპას და ევროპელებს დღე და ღამე არ სძინავთ ბერძნებზე ფიქრში? რაოდენ გონებაშეზღუდული ან დემაგოგი უნდა იყოს კაცი, რომ მსგავსი რამეების სჯეროდეს!
თვალჭრელიძე თავად აღიარებს, რომ:
ამ ხნის განმავლობაში ვითარების გამოსასწორებლად ევროკავშირი გზას ვერ პოულობდა, გარდა იმისა, რომ გასცემდა კრედიტებს და ყურადღებას არ აქცევდა საბერძნეთის ეკონომიკის რეფორმირებას.
კომენტარი:
მინდა შევეკითხო ამხანაგ თვალჭრელიძეს: რატომ იქცეოდა ევროკავშირი ასე? რატომ გასცემენ კრედიტებს იმ ხელისუფლებებზე, რომელნიც ამ კრედიტებს ღმერთმა იცის რაში და როგორ მოიხმარენ? ხომ არ ჰყავს ევროკავშირს ჩვენს ხელისუფლებებში კრედიტების ლობირების წარმომადგენლები , და მერე ისინი ამ კრედიტებს ყველანი ერთად იყოფენ, და ქვეყანას ყელამდე ვალებში აფლობენ!? რა თქმა უნდა ამას სხვადასხვა ფორმით სჩადიან, დამუშავებული აქვთ ფულების გათეთრების უამრავი ხერხი და საშუალება. მათ ვერაგობასა და გარეწრობას ხომ საზღვარი არა აქვს?
იცის ეს ყველაფერი ამხანაგმა თვალჭრელიძემ, თითქოს მიახლოებულ სიმართლეს ამბობს. ის კარგად ხვდება რომ აშშ-ისეთი მოთამაშეა, რომელიც ყველაფერს კადრულობს. ეწევა ფინანსურ მახინაციებს და მიმართავს ეკონომიკურ ვერაგობას და მიუხედავად ამისა მაინც ამერიკას ეპირფერება. ე.ი. მაინც ცრუობს !.
და მისი სიცრუე კარგად ჩანს, როცა ის დასცინის რუსეთს. თვალჭრელიძემ კარგად იცის რომ რუსეთი კი არაა ვერაგი, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ამერიკა არიან. მაგრამ მაინც რუსეთს დასცინის, რადგან რუსეთი სუსტია . რუსეთის დაცინვით კარგად წარმოაჩენს საკუთარ თავს.
როცა ეს თვალჭრელიძე ამბობს ჟვანიას მეგობარი ვიყავიო, დამთავრდა ყველაფერი ცხადი ხდება!!!!
v.h.p.
17 ივლისი 2015 18:14
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ემიგრანტების გამოგზავნილ ფულზე რომ იქნება დამოკიდებული იმ ქვეყანას ქვეყანა ქვია???
gago
13 ივლისი 2015 13:12
გაცოფებულ სპილოს ყურისძირს მოხვედრილი ერთი ტყვია უღებს ბოლოს, ან თავისით მოკვდება, მაგრამ მანამდე შეუძლია, მთელი სოფელი მიანგრივ-მოანგრიოს. ამიტომ არ უნდა მიიქციო ნისი ყურადღება, უნდა მოერიდო, რომ სოფელში არ შემოგივარდეს, ან დასაძინებელი რამე გადააყლაპო.
..........
13 ივლისი 2015 10:17
გასაგებია ამერიკა ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარავს ანგრევს და ახრჩობს ფულების ვალში და გლეჯს ტერიტორიულად, მარა რუსეთს რომ თავი მართლმადიდებელი მეოთხე რომი გამოყავს და მშიშრები არიან და არაფრის მაქნისები ის სად ვიკითხოთ? საქართველოს ამერიკა-რუსეთი, მასონური ქსელი არ სჭირდება!
რუსეთი არ არის ერთმორწმუნე, როცა საქართველო დედამიწის უძლიერესი ქვეყანა იყო, საქართველოს მეფეებს; ქრისტეს მოწაფეების გვირგვინებს, ჯვრის დამცველებს ეძახდნენ სამყაროში.
რუსეთს არაფრის თავი არ აქვს პიროვნული ამბიციების გარდა! ამბიციები ჩამოანგრევს თოფის გასროლის გარეშე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები