"ფრთხილად! ერთი გასროლა და..."
20-07-2015
"ფრთხილად! ერთი გასროლა და..."
"პუტინი და რუსეთი სწორედ იმას უცდის, რომ ე.წ. საზღვარზე რაიმე სერიოზული ინციდენტი მოხდეს"

საოკუპაციო ზოლის გადმოწევამ და ე. წ. სასაზღვრო ბანერების დადგმამ მნიშვნელოვნად დაძაბა ვითარება შიდა ქართლის იმ მონაკვეთზე, სადაც ოკუპანტმა კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწა მიიტაცა. სახნავ-სათესის გარდა, ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებში უკვე ბაქო-სუფსის გაზსადენის რამდენიმემეტრიანი მონაკვეთიც მოხვდა, რაც კიდევ უფრო ართულებს შექმნილ ვითარებას. ქართველი საზოგადოება საფუძვლიანად არის აღშფოთებული და ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვს, თუმცა ჩვენ, იმავდროულად, მოწმენი ვართ,
თუ როგორ ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა შექმნილი ვითარების ვიწროპოლიტიკური ინტერესებით გამოყენებას, რაც იმ აუცილებელ კონსოლიდაციას, რაც ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია, თავშივე უთხრის ძირს. ამ ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიება განზ
რახ მკვლელობის მუხლით განაახლა. ბუნებრივია, ისმის კითხვა: ამდენი წლის შემდეგ, რა ახალმა გარემოებებმა განაპირობა საქმის ძიებისთვის კვალიფიკაციის შეცვლა? - ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ის, რაც ხდება შიდა ქართლში,  სწორედ საოკუპაციო პროცესის ნაწილია, რასაც კარგა ხნით ადრე ვვარაუდობდით. თქვენი გაზეთის მეშვეობითაც არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთი გააგრძელებდა საოკუპაციო პროცესს. ის შეგნებულად არ იკავებდა მთლიანად იმ ტერიტორიას, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში იყო, განსაკუთრებით, ორჭოსნისა და ხურვალეთის მონაკვეთს. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ საქართველოზე ასეთი დემონსტრაციული ზეწოლის საშუალება ჰქონოდა მაშინ, როდესაც დასჭირდებოდა. ადრეც მითქვამს, რომ იმ რუკებით, რითაც ოპერირებენ რუსები, ადმინისტრაციული საზღვარი პრაქტიკულად ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გადის. ეს არის ზეწოლისა და სახელმწიფოს დეზორგანიზების მეთოდი.

- რატომ აკეთებს ამას რუსეთი მაინცდამაინც ახლა, როდესაც, როგორც იქნა, განახლდა აბაშიძე-კარასინის ფორმატით მოლაპარაკება და ჩვენი ხელისუფლება აშკარად ცდილობს­ რუსეთთან ვითარების დალაგებას?
- ამ კითხვას რომ გავცეთ პასუხი, აუცილებელია, გავაანალიზოთ ის, თუ რა გეოპოლიტიკური ცვლილებებია რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია განუწყვეტლივ უკიჟინებს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მან პროდასავლური კურსი შეცვალა, ეს მტკნარი სიცრუეა. რუსეთის ამგვარი დესტრუქციული ქცევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პროდასავლური კურსი არ შეუცვლია. ამის მაგალითია თუნდაც ევროასოცირებისა და საფრანგეთთან სულ ახლახან გაფორმებული უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებები. რუსეთის გაღიზიანება განაპირობა ამ უკანასკნელმაც, თავდაცვის საშუალებების თაობაზე ხელმოწერილმა დოკუმენტმაც.

გავიხსენოთ ისიც, რომ ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელებმა გამართეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც ლაპარაკი იყო სამხრეთ კავკასიაში თურქეთის როლისა და ფუნქციის გაზრდაზე. ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ეგიდით ჩატარდა სამხედრო მანევრი, რომელშიც მონაწილეობდა ნატოს რამდენიმე ქვეყანა. მოკლედ, ეს ის თემებია, რომლებიც პირდაპირ არის მიბმული საქართველოზე, რაც ძალიან არ მოსწონთ კრემლში. გარდა ამისა, არის პროცესები, საქართველოს პირდაპირ რომ არ უკავშირდება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ამა თუ იმ ფორმით, მათში მაინც მონაწილეობს. მაგალითად, ავიღოთ ჩინეთის საკითხი. ჩვენთვის ეს შესამჩნევი დიდად არ არის, მაგრამ ჩინეთში მეტად სერიოზული პროცესი დაიწყო. ჩინეთმა შეცვალა ეკონომიკური განვითარების მიდგომები. თუ წლების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკა იდგა იმაზე, რომ უცხოური ბრენდების საქონელი იწარმოებოდა მის ტერიტორიაზე, ახლა ნელ-ნელა დაიწყო ამ წარმოებების თავისი საზღვრების გარეთ გატანა. შესაბამისად, ევროპასთან სიახლოვის გამო ჩინეთისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა შუა აზია და კავკასიის რეგიონი, მით უფრო, საქართველო, რომელსაც ევროპასთან განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობა აქვს. აქედან გამომდინარე, ჩინეთი ცდილობს, დაიკავოს სამხრეთკავკასიური ეკონომიკური სივრცე, რაც აღიზიანებს რუსეთს. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თურქმენეთის პრეზიდენტის ამასწინანდელი ვიზიტი. ეს რიგითი ვიზიტი არ ყოფილა, ეს იყო ევროპასა და შუა აზიას შორის ეკონომიკური და ენერგოთანამშრომლობის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ საქართველოსა და აზერბაიჯანს, რაც ასევე ძალიან აღიზიანებს რუსეთს. უკვე რამდენი ფაქტორი ჩამოვთვალეთ, რაც კრემლის მოქმედებებს ხსნის, ამიტომაც 300 მეტრით საზღვრის გადმოწევა პანიკისა და ერთმანეთის დადანაშაულების საფუძველი კი არ უნდა გახდეს, არამედ საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის ერთიანი მოქმედების მიზეზად უნდა იქცეს.

დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს უნიკალური შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი გამოიყენოს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დასავლეთი ჩართოს პრაქტიკულ მოქმედებებში.
ის, რაც ხდება ბაქო-სუფსის მაგისტრალთან დაკავშირებით, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს არის "ბრიტიშ პეტროლიუმისა" და მის უკან მდგარი ევროპული სტრუქტურებისა და დიდი ბრიტანეთის პრობლემაც,
რაც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ რუსეთის ამ მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო.

ქართულმა დიპლომატიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართოს უცხოური დიპლომატია, მათ შორის, ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლები.

- ოპოზიცია ხელისუფლებას ამ ძალისხმევის ნაკლებობის გამო აკრიტიკებს. თქვენ რას იტყვით, რამდენად ადეკვატურია შექმნილი რთული ვითარების ხელისუფლებისეული შეფასებები და მოქმედება?
- ვფიქრობ, საკმაოდ ადეკვატური განცხადებები გაკეთდა. ზურაბ აბაშიძემაც კი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული კორექტულობით გამოირჩევა, ეს პროცესი ძალიან მკაცრად შეაფასა, მაგრამ მე არ ვიცი, რა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ დასავლელი პარტნიორებისკენ და რამდენად კონსტრუქციულად მოიქცა. ეს არ ჩანს. ვიმეორებ, ვფიქრობ, შეფასებები ადეკვატური იყო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როდესაც ზოგიერთმა ვითარების შემსუბუქება სცადა. თავის მოტყუებას აზრი არა აქვს, არც ვითარების შემსუბუქების მცდელობას. პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რა და როგორ არის.

ეს ფსევდოშემსუბუქება ისეთივე მიუღებელია, როგორიც ის პოლიტიკანობა, რასაც ოპოზიცია ეწევა, როდესაც ცდილობს, ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალოს. განსაკუთრებულად მიუღებელია ის ოპოზიცია, რომელსაც მორალური უფლება არც აქვს, რომ ამაზე ილაპარაკოს.

ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა შექმნილიყო. ახლა 300 მეტრით ე. წ. საზღვრის გადმოტანას რომ ასე აპროტესტებენ, მაშინ სად იყვნენ, 150-ზე მეტი სოფელი ჯერ რომ დაკარგეს, მერე კი სულ ქვების გროვა ეძახეს იმ სოფლებს. ასე რომ, მათ არ აქვთ არც აქციის ჩატარებისა და არც ხელისუფლების დადანაშაულების უფლება. თუნდაც ის, რა შეფასებებიც მოჰყვა კალაძის განცხადებას ჩვენში, ფუქსავატური დამოკიდებულების ნიმუშია. კალაძე ის კაცი არ არის, ვინც ამ განცხადებას ისე გააკეთებდა, რომ კონსულტაციები არ ჰქონოდა შესაბამის ორგანიზაციებთან გავლილი.A ამგვარი განცხადება თვითონ„"ბრიტიშ პეტროლიუმმა" გააკეთა, როდესაც თქვეს, რომ ისედაც ფიქრობდნენ მაგისტრალისთვის მარშრუტის შეცვლას. სწორედ მათზე დაყრდნობით განაცხადა ეს კალაძემ. დამერწმუნეთ, კალაძე და საქართველოს ხელისუფლება ამ კონსორციუმში მონაწილე ჯგუფებისა და ქვეყნების გარეშე ვერ შეცვლიან მარშრუტს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს ნავთობსადენი ჩვენია, ძალიან ცდება. ეს ნავთობსადენი მათია და ისინი არიან მასზე პასუხისმგებელი.

საუბედუროდ, ჩვენში პოლიტიკური ცხოვრების წესია მოშლილი. როდესაც 2008 წელს ექსტრემალური ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, მაშინ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს პოლიტიკურ აქტივობაზე. ახლაც რთული ვითარებაა, ამ ხალხმა უარი უნდა თქვას პოლიტიკანობაზე და ვიწროპოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაზე. ამით ქვეყანას აზარალებენ...

ჩადიან და აწყობენ უაზრო მიტინგებს, ხან პოლიციელებს ერჩიან, ტეხენ დებოშს და ამით მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებენ.
რაც ხდება, უბედურებაა და პროტესტი, ბუნებრივია, უნდა გამოვთქვათ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და ადგილი. ეგენი უკან ბრუნდებიან, საკუთარ სახლებში არიან ბედნიერად, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას კი პრობლემები ექმნება. ეგებ ცოტა მეტი იფიქრონ ქვეყანასა და იმაზე, რომ ახალი პრობლემები არ შეუქმნან სახელმწიფოს.

თუკი დავსვამთ შეკითხვას, რა გამოსავალია ამ ვითარებიდან, მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: პირველი - ომი, მეორე - ამ პროცესის შესაჩერებლად რუსეთზე აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებით. აი, ამისთვისაა საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია საჭირო. იქ ჩასვლა, ყვირილი, ბანერების გადათელვა, მერე კი თბილისში თბილად ჯდომა და სხვისი დადანაშაულება, დიდი უპასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თვისებად იქცა ამ ფსევდოპატრიოტიზმის დემონსტრირება და პოლიტიკური ქულების ასე დაგროვების მცდელობა.M ისე, მაგათი პატრიოტიზმის მაინც არავის სჯერა, ტყუილად წვალობენ.

სხვათა შორის, პუტინი და რუსეთი სწორედ იმას უცდის, რომ ე.წ. საზღვარზე რაიმე სერიოზული ინციდენტი მოხდეს, რაშიც შემდეგ ქართულ მხარეს დაადანაშაულებენ.
თუ გარკვეულმა ჯგუფებმა ე.წ. საზღვარზე გაუაზრებელი მოქმედებები გააგრძელეს, ოსებმა შესაძლოა, ცეცხლი გახსნან და ქართველები ნიღბიანი ბოევიკების  თავდასხმის ობიექტები გახდნენ.  ქართული მხარე იძულებული იქნება სროლას სროლითვე უპასუხოს, რასაც ის მოჰყვება, რომ რუსული ჯარი რამდენიმე წუთში დაიკავებს ავტობანს.

იქიდან კი რუსების გასაყვანად რამდენი შეხვედრის ჩატარება მოუწევს აბაშიძეს კარასინთან, არავინ იცის, ასე რომ, ფრთხილად! რუსულ ხაფანგში არ გავებათ.

- ბოლო ხანს აშკარაა, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდა ძლიერდება, რუსული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები აშკარად აფართოებენ საქმიანობის არეალს. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ პროცესის საწინააღმდეგოდ?
- რაც ხდება, ეს ნამდვილად საფრთხის შემცველია, ეს არის რუსული ე.წ. რბილი ძალის შემადგენელი კომპონენტი და ამ მეთოდით იქმნება გავლენის ჯგუფები კონკრეტულ ქვეყნებში, ამ შემთხვევაში, საქართველოში. ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს ამ “რბილი ძალის” გასანეიტრალებლად. უხერხულია გაზეთის ფურცლებიდან დირექტივების მიცემა, მაგრამ ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ უმთავრესია ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს, რაც ამას ეწინააღმდეგება, დაუპირისპირდეს. ასეთი ტიპის ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ყოველთვის შეიცავენ რისკს იმისას, რომ ისინი შეიძლება რომელიმე უცხო ძალის ინტერესს ემსახურებოდნენ. ეს ყველას შეეხება...

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სავარაუდოდ, წერილი გაუგზავნა მოსკოვის მერს და თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე დაპატიჟა...

- თუ ეს მართლაც მოხდა, მიმაჩნია, რომ ნამდვილად არ იყო საჭირო. დღევანდელი სპორტული თამაშები არ არის იმგვარი ღონისძიება, რომ ანგარიში გაუწიო გარემოებებს. ასეთ თემებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და დავსვათ საკითხი ასე: ეს რას გვაძლევს? თუ ეს საქმეს სჭირდება, რასაკვირველია, უნდა გაკეთდეს, მაგრამ თუ მხოლოდ რაღაც უადგილო კეთილი ნების გამოხატვაა, არ არის საჭირო ამგვარი ინიციატივის გამოჩენა. ეს მხოლოდ საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.

- დღეს მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა ვენაში "ექვსიანსა" და ირანს შორის მიღწეული შეთანხმებებია. როგორ ფიქრობთ, ეს როგორ აისახება მსოფლიო, ახლო აღმოსავლეთისა და ჩვენი რეგიონის პოლიტიკაზე?
- ჩემი აზრით, ამას ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით გადამწყვეტი გავლენა ექნება საზოგადოდ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთის ბედზე. დღეს ახლო აღმოსავლეთი ხელოვნურად არის გადაქცეული ბრძოლის ველად. კონფლიქტში ჩაბმულ ყველა მხარეს, მცირე გამონაკლისის გარდა, ხელს აძლევს ის, რაც ხდება. ამ შეთანხმებების შემდეგ ირანი, ფაქტია, რეგიონში თურქეთის საპირწონე ხდება. აშშ-მა ამ გადაწყვეტილებით ძალიან გაანაწყენა მთავარი მოკავშირე - საუდის არაბეთი, რომელიც აშშ-ისგან მოტყუებულად მიიჩნევს თავს. რაც შეეხება რუსეთს, მას დიდი პრობლემები ელოდება: მსოფლიო ბაზარზე ირანული ენერგომატარებლების თავისუფლად გამოჩენა, მათ ფასს უფრო დააგდებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. უახლოეს წლებში, ვფიქრობ, სერიოზული ცვლილებების მომსწრენი გავხდებით. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ეს აუცილებლად აისახება მასზე, რადგან ირანი უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდება უაღრესად ძლიერ სახელმწიფოდ, რეგიონულ ლიდერად, რომელიც გავლენებისთვის დაიწყებს ბრძოლას, მათ შორის, საქართველოშიც. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველოში ისლამის შიიტური მიმდინარეობის მოსახლეობა მრავლადაა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო...
- როგორც ვიცი, საქმის გადაკვალიფიცირება პროკურატურაში ოჯახის წევრების მისვლის შემდეგ მოხდა.
საქართველოში საზოგადოება პოლიტიკური ლიდერების მკვლელობას ლამის "მიეჩვია".
ამას, ბოლოს და ბოლოს, წერტილი უნდა დაესვას. წინა ხელისუფლების დროს მოქმედმა საპარლამენტო კომისიამ, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა, შედეგი ვერ დადო იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მისცა. ეგებ ამ ხელისუფლების პირობებში მაინც აეხადოს ფარდა იმას, თუ რა მოხდა რეალურად ხიბულაში. ჩვენ ვისმენთ ათასგვარ ვერსიას, რაც ბუნებრივად იწვევს საზოგადოების ვნებათაღელვას. ზვიად გამსახურდიას სიკვდილის რეალური გარემოებების დადგენით, ვფიქრობ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ძალიან ბევრი რამ გაირკვევა.

- რეალური ხელმოსაჭიდის გარეშე, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა საქმის ძიებისთვის კვალიფიკაციის შეცვლა?

- როგორც ვიცი, ძველი გამოძიების პროცესში საქმეში ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე იყო ლაპარაკი და ბევრი ფაქტი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ესეც შეიძლება გამხდარიყო ძიებისთვის საქმის გადაკვალიფიცირების მიზეზი. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ გამსახურდიას ოჯახისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები, რაც ფართო საზოგადოებისთვის, ჯერჯერობით, უცნობია.

ნათია დოლიძე
kiki
24 ნოემბერი 2015 15:18
რუსებმა ბევრი რამ წაგვართვეს
მაია
10 აგვისტო 2015 22:31
ჩვენი ადგილმდებარეობის გამო ჩვენს დროშიორი ქვეყნის ამერიკა რუსეთის გასართობები ვართ დემოკრატიის სახელით.დაღვრიან სისხლს და მერე ერთმანეთს ურეკავენ მათი პრეზიდენტები და ულოცავენ რაღაცეებს,მათთვის ჩვენნაირ ყვეყნებში სისხლისჱვრა არაფერს წარმოადგენს,აზია არ ყოფნით და ეხლა ევროპაში გადმოვიდნენ.2008 წელი იმიტომ მოხდაო,როგორც თქვეს ბუშს გაეგო რუსეთი რაზე იყო წამსვლელი,და იმიჯი შეელახათ რუსეთისთვის,ვითო აქამდე არ იცოდნენ,სულ ვნერვიულობ,რომ ჩვენ მათთვის სათამაშო ხალხი ვართ.ბუშის მთავრობის ეს ჩვენთვის დამამცირებელი აზრი მიშას მთავრობამაც გაიმეორა,ამიტომაც აირჩიეს მიშა,მიშა არ იქნება ეხლა ალასანიაა რიგში.სამაგიეროთ ქართველების სისხლით ფული იშოვნეს როგორც საქართველოში,ისე ამერიკაში.ნატო,ნატოს ძახილით რუსეთის საქმეს აკეთებენ,ამით იციან რუსეთი უკან არ დაიხევს,და მერე ისევ ზველებურად კაბინეტებიდან,როგორც მაკეინი,ბჟეზინსკი და სხვები შეშფოთდებიან,ჩვენ ხალხმა უნდა გამოვიჩინოთ ჭკუა,რომ ჩვენი თავი გადავირჩინოთ და ჩვენი ტერიტორია ისევ საბრძოლო არენად,რაც მიშამ გააკეთა არ დაუშვათ.
jemali
29 ივლისი 2015 13:02
შიდა ქართლში ვცხოვრობ ყველა ომმა და უბედურებამ ჩემს თავზე გადაიარა, არასოდეს მიძებნია თბილი ქვეყნები, ეროვნული მოძრაობიდან დაწყილი, რესპუბლიკის გარეთ, არასდროს გავსულვარ, ახლა ასაკში ვარ, ბევრი ფიქრის დრო მაქვს, ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მიზეზებს ვეძებ, ერთიანობა გვაკლია, განიხილეთ ჩეჩნეთის ომი, მათი თავგანწირვა, მერე ჩვენ, საქართველოს რომ უჭირდა, საწვავს და სურსათს ერევანში ვყიდიდით, იქ ცოტა ძვირიაო, ჩემს გვერდით აზერების სოფელია, თედოწმინდა, აბა ვინმეს ხმა გაეცი, მთელი სოფელი გადმოგივარდება, მტყუვნებიც რომ იყვნენ, მე კი 2008 წელს, აგვისტოში დაობებულ პურს ვჭამდი და გადადუღებულ წყალს ვსვავდი, ვინმემ რამე მომაწოდაა, აი ეს არის მიზეზი რატომაც ვფიქრობ რომ მკაცრი ხელი გვინდა, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც რუსი, კომუნისტების დროს შიში იყო, კაცს თუ დაჩაგრავდი, რუსეთში იჩივლებდა, ეხლა კი კაცი თანამდებობაზე რომ გავა ყველა მტერს თხრის, ამიტო დავრჩით ცოტანი, ეროვნულობა და მიტევებაც გვაკლია. ამ მტრობამ უამრავი ახალგაზრდა ციხეში დაავადა, რა გენეტიკური კოდი წამოვა ამ ახალგაზრდობიდან, დაავადებულები, სულში და ვაჟკაცობაში ჩაფურთხებულები, კი ბევრი იყო დმანაშავე მაგრამ რამდენი ხურდაში გააყოლა მიშამ, საყურეებიანები იომებენ?

რედაქტორის რჩევით