"გვინდა თუ არა, საქართველო რუსეთ-დასავლეთის "ომის” მონაწილეა” - კვირის პალიტრა

"გვინდა თუ არა, საქართველო რუსეთ-დასავლეთის "ომის” მონაწილეა”

"ტარიფის გაზრდას შანტაჟის სუნი უდის!”

ზაფხულის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები კვლავ აქტიურია. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა სამართლებრივ სივრცეში უკვე დასრულებულია და უსაფრთხოების სამსახური ცალკე ორგანიზაციად ყალიბდება. ასევე ცნობილია, ვინ იქნება მისი თავკაცი - პრემიერმა ამ პოსტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგინა, ქვეყნის პირველი პოლიციელის ვინაობა კი, შესაძლოა, გაზეთის გამოსვლისთვის ვიცოდეთ.

"ბოლო დროის ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან - სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, აშკარა პროვოკაციაა და არ ემსახურება ნდობის აღდგენის, სტაბილიზაციისა და კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკას,” - განაცხადა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა. ამ საკითხზე იმსჯელა პარლამენტმაც, რომელმაც სპეციალური რეზოლუციით გააპროტესტა რუსეთის მცოცავი ანექსია. საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მწვავე დებატების მიზეზად იქცა - "ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებას უფრო მკაცრი რეზოლუციის მიღება მოსთხოვა. ექსპერტ გია ხუხაშვილთან საუბარი სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ:

- ეს მტკივნეული საკითხიც კი "ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკური დაპირისპირების საგნად აქცია. მათი მოქმედების პლატფორმად იქცა ხელისუფლების რუსეთთან გარიგებაში დადანაშაულება. ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყო, "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური თამაში, რომლითაც ხან ქუჩაში ერთობიან, ხან - პარლამენტში... თუმცა, მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ ხელისუფლებას ბევრის გაკეთება არ შეუძლია. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეაქცია და მისი განცხადებების ტონიც სწორი იყო, მაგრამ ხელისუფლების სტრატეგია უნდა შეიცვალოს - აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობაში საჭიროა მეტი აქტიურობა, სახალხო დიპლომატიის ელემენტების გამოყენება, რასაც ხელისუფლება ვერ აკეთებს.

- როგორ შეაფასებთ ევროსაბჭოს პრეზიდენტის - დონალდ ტუსკის ვიზიტს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ პრობლემაზე იყო ორიენტირებული; მას ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში მოუწია ჩასვლამ...

- კარგია, რომ მისი ვიზიტი ამ მოვლენებს დაემთხვა და ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე საკითხის დასაყენებლად ესეც გამოიყენა.

დაახლოებით ისე კი მოხდა, როგორც სააკაშვილის მმართველობისას, როდესაც ტუსკის მსგავსად, კაჩინსკი ჩაიყვანეს ამ რეგიონში და იქ სახიფათო ინციდენტიც მოხდა.

კარგია, რომ ამჯერად ინციდენტის გარეშე გადავრჩით, თუმცა ისტორია მეორდება... ამ ვიზიტისას დადასტურდა, რომ საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის და ევროპაც არ არის ამის წინააღმდეგი. ალბათ, ტუსკის ჩამოსვლა ევროპული პოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მოგეხსენებათ, რომ დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება მეტისმეტად გამწვავდა და ორივე მხარე ცდილობს ძალებისა და პარტნიორების მობილიზებას... გვინდა ეს თუ არა, საქართველო ამ "ომის” მონაწილეა...

- ბოლო ხანს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. "ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, მოთხოვნის ტონი დავწიოთ,” - განაცხადა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ნატოს არც ერთი ქვეყანა საქართველოს ალიანსში გაწევრების წინააღმდეგი არ არის... როგორ ფიქრობთ, ამგვარ განცხადებებს რეალური საფუძველი აქვს?

- რთულია, დავეჭვდეთ თინა ხიდაშელის განცხადებებში, მაგრამ ჩემი აზრით, ის აჭარბებს და ხშირად მისი განცხადებების ტონი არცთუ დიპლომატიურია. ვიღაცამ ხიდაშელის გამონათქვამებში, შესაძლოა, შანტაჟის ელემენტებიც კი დაინახოს, თუმცა, თინა ყოველთვის ასეთი იყო - აქტიური და შემტევი. გაამართლებს თუ არა მისი შეტევა ევროატლანტიკურ დიპლომატიაში, დრო გვიჩვენებს...

- სემეკ-მა დააკმაყოფილა "ენერგო პრო ჯორჯიას” მოთხოვნა და რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გააძვირა. ახლა დედაქალაქის ჯერია. როგორც ცნობილია, "თელასიც” ითხოვს ტარიფის გადახედვას...

- ჩემი აზრით, ტარიფის გაძვირება გარდაუვალი იყო, ეს დაკავშირებულია ეროვნული ვალუტის პრობლემებთან. ეს აისახება თბოგენერაციაზეც, რომლისთვისაც აუცილებელია ბუნებრივი აირის შესყიდვა.

ვეჭვობ, რომ "თელასის” კვალდაკვალ დღის წესრიგში დადგება გაზის დისტრიბუციის ტარიფის ზრდაც. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მოქალაქეთა ცხოვრებაზე და ისედაც ძვირი ყოფა კიდევ უფრო გაძვირდება.

როგორც უკვე გითხარით, ველოდი, რომ სემკ-ი ტარიფს გააძვირებდა, მაგრამ ისმის კითხვა: რამდენით უნდა გაძვირებულიყო ტარიფი? ისეთი კომპეტენტური არ ვარ, კატეგორიული ტონით ვილაპარაკო, მაგრამ ერთ საკითხს მივაქცევ თქვენს ყურადღებას: მოგეხსენებათ,

დენის გაძვირებისთვის აქტიურობა დაიწყო "ენერგო პრომ”, რომელმაც განაცხადა - საქართველოდან მივდივარო. რაც უფრო მაღალი იქნება ელექტროენერგიის ტარიფი, კომპანია თავის აქტივებს მით უფრო სარფიანად გაყიდის.

ბუნებრივია, ეს ბადებს კითხვებს, მით უფრო, თუ "ენერგო პროს” ისტორიას გავიხსენებთ, პრივატიზაციის პროცესიდან მოყოლებული, მის საქმიანობაში ბევრი რამ იყო და არის საეჭვო. კომპანიის განცხადებებში, რომ თუ არ გაძვირდებოდა ტარიფი, ზამთარში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდებოდა - შანტაჟის ელემენტებიც ჩანდა. თუ კომპანია ქვეყნიდან წასვლას გეგმავს, რატომ უნდა იყოს შეწუხებული იმით, რა მოხდება ზამთარში?! ეს ყველაფერი კორუფციის საფრთხეს აჩენს. როდესაც ტარიფის გაზრდას ითხოვ და ამავდროულად, აპირებ შენი ბიზნესის გაყიდვას, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ შექმნილ ვითარებას კლიენტის მოსაზიდად და ბიზნესის სარფიანად გასაყიდად იყენებ.

ხელისუფლების ადგილას, აუცილებლად დავინტერესდებოდი "ენერგო პროსა” და სემეკ-ის ურთიერთობით. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ კომპანიის რევიზია. ეს უნდა დაიწყოს პრივატიზების პროცესით და დამთავრდეს ახალი ტარიფის დადგენით.

შეიძლება, არც არაფერია დანაშაულებრივი, მაგრამ რადგან კორუფციული გარიგების საფრთხე ასეთი თვალსაჩინოა, კარგი იქნება ამ პროცესებში გარკვევა. ვიმეორებ, ტარიფის გაზრდას შანტაჟის სუნი უდის!

საზოგადოდ კი, ტარიფების ზრდა კი არ არის პრობლემა, არამედ ქვეყნის მოსახლეობის გადახდისუნარიანობა. ხელისუფლება იმიტომ კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, რომ ტარიფი გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ ვერაფერი გააკეთა ქვეყანაში უმუშევრობის დასაძლევად და ამის გამო ადამიანებს თუნდაც გაძვირებული ტარიფით გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ.

- მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაეხმარება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და განსხვავებას ძველსა და ახალ ტარიფებს შორის ქვეყნის ბიუჯეტი დაფარავს...

- ეკონომიკისთვის ამგვარი სუბსიდირება საზიანოა. ეს ეკონომიკის პრობლემებს ვერ მოაგვარებს და იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიანი შეღავათი კონკრეტული ადამიანებისთვის. ეს ხელისუფლების იძულებითი გადაწყვეტილებაა. ხელისუფლების მუდმივად ცუგცვანგის მდგომარეობაში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ მის სისუსტეზე მეტყველებს.

- ტარიფების ზრდა უარყოფითად აისახება ხელისუფლების რეიტინგზეც...

- რა თქმა უნდა! როდესაც სოციალური საფრთხე იზრდება, სერიოზულ დარტყმას იღებს ხელისუფლება, მაგრამ დღეს ხელისუფლების მოკავშირე, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, არის ის, რომ არ არსებობს ადეკვატური ოპოზიცია. მისი მთავარი ოპონენტი არის საზოგადოება, მაგრამ არ ჰყავს ოპონენტი პოლიტიკურ ასპარეზზე. ამიტომაც რეიტინგზე მაინცდამაინც არ ნაღვლობს და ამას პრობლემად არ მიიჩნევს. ჩემი აზრით, ის უშვებს დიდ შეცდომას, როდესაც პოლიტიკურ პროცესს ამ პრიზმაში ხედავს. სოციალური პროტესტი მისთვის შეიძლება უფრო მტკივნეული და ძნელად დასაძლევი აღმოჩნდეს, ვიდრე ოპონენტებთან პოლიტიკური ჭიდილი. სოციალური უკმაყოფილების ზრდის საფრთხე ნამდვილად არსებობს და ამან შეიძლება დასაბამი მისცეს უფრო მძიმე პროცესებს.

- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებით კიდევ ერთხელ გვარიანად აღაშფოთა მთავრობა. პრემიერმა ღარიბაშვილმა მას "ნაციონალი პრეზიდენტიც” კი უწოდა...

- ჩემი აზრით, ღარიბაშვილმა თავისი განცხადებით ყველა წითელი ხაზი გადალახა. გამოჩნდა, რომ პრემიერი კონკრეტული პიროვნების შეწყალებით კი არ იყო უკმაყოფილო, არამედ შეწყალებულის პოლიტიკური შეხედულებებით. ჩემი აზრით, ეს არასახელმწიფოებრივი პოზიცია და პოლიტიკური შეცდომა იყო. მისი განცხადება მიანიშნებდა, რომ ეს ადამიანი ციხიდან არ უნდა გამოსულიყო მხოლოდ იმიტომ, რომ კაკო ბობოხიძის ძმაა... ასეთი მიდგომა დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ უძლებს. რაც შეეხება მარგველაშვილის "ნაციონალობას”, ამნეზია არავის სჭირს და კარგად გვახსოვს, რომ მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ 2011 წლამდეც იბრძოდა და მერეც.

- არ გეჩვენებათ, რომ პრეზიდენტიც გამომწვევად იქცევა? თუნდაც ვეტოსთან დაკავშირებული პროცესები გავიხსენოთ... არსებობს ვარაუდი, რომ ის საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად ემზადება, მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ მის ადმინისტრაციაში ძალიან საინტერესო ადამიანებმა მოიყარეს თავი...

- ვერ გეტყვით, ადმინისტრაციის თანამშრომელთაგან ვის რა გეგმები აქვს და უკავშირდება თუ არა ეს პოლიტიკას, მაგრამ მე გიორგი მარგველაშვილთან ვმეგობრობ და ამ საკითხზეც ხშირად გვისაუბრია. მას პარტიული გეგმები არა აქვს. ის ცდილობს, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური პრეზიდენტი.

სამწუხაროდ, დანარჩენი ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას და სხვადასხვა მეთოდით მუდმივად უბიძგებს მოწინააღმდეგის ბანაკისკენ, მაგრამ გიორგი ცდილობს, შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და არ იყოს მიკერძოებული რომელიმე პარტიისადმი... ის პოლიტიკურ თამაშში არ მონაწილეობს და ამას არც მომავალში აპირებს, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა...

- ამ რამდენიმე დღის წინ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ისევ უარყო მისი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა. როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ მას არ მოუწევს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა?

- დიდი გულუბრყვილობაა იმის თქმა, რომ ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ არის. დღევანდელ პოლიტიკაზე ის უდიდეს გავლენას ახდენს. არ ვამბობ, რომ პირადად იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ მის აზრს თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ, მისი ნათქვამი ხელისუფლების გამონათქვამებსა თუ მოქმედებებზე აშკარად აისახება. ღარიბაშვილის მიერ მარგველაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებები წინადღის ივანიშვილის ინტერვიუს გამოძახილი იყო - მან ამ ინტერვიუშიც უარყოფით კონტექსტში მოიხსენია პრეზიდენტი.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ წინასაარჩევნო პროცესში ივანიშვილი აუცილებლად ჩაერთვება. ვერ გეტყვით, ეს ფორმალურად მოხდება თუ არაფორმალურად...

- დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადებების შემდეგ კიდევ უფრო აშკარა გახდა საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წევრის არაკომპეტენტურობა. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება "ქართული ოცნების” საარჩევნო სია?

- ვფიქრობ, კოალიცია არჩევნებამდე შეინარჩუნებს ერთიანობას და ამას მოახერხებს არა საკუთარი ძლიერების ხარჯზე, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიცია არ არსებობს. ქართველ საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევს, უარესი კი ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობაა”. ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური სივრცე ორპოლუსიანი იყოს და მთლიანად დაეპატრონონ საინფორმაციო ველს.

რაც შეეხება ჯაჭვლიანს, მისი განცხადებების გარეშეც მშვენივრად ვიცით, როგორია ამჟამინდელი პარლამენტი. ვფიქრობ, სიის პრობლემა "ქართულ ოცნებას” ექნება და ახალი სახეების პოვნას ეცდება,

თუმცა, არ ვიცი, ეს გამოუვა თუ არა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ პარლამენტიდან მომავალ პარლამენტში ბევრს არ მოუწევს გადანაცვლება...

- შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შედეგად უსაფრთხოების სამსახური ცალკე ორგანიზაციად ყალიბდება, რომლის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური დაინიშნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კადრად მიიჩნევა. შესაძლოა, შს მინისტრის კანდიდატურა გაზეთის გამოსვლისას უკვე დასახელებულიც იყოს, მაგრამ მაინც საინტერესოა, თქვენი აზრით, რა პრინციპით შეარჩევენ შს მინისტრს? იქნება ეს შიდაკოალიციური გარიგების თემა? მით უფრო, რომ სარწმუნო წყაროს ცნობით, რესპუბლიკურმა პარტიამ კოალიციას ამ თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა შესთავაზა...

- თუ რესპუბლიკელებმა ეს მართლაც შესთავაზეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოზიციის წარმოსაჩენად და არა რეალური შედეგის მისაღებად დასჭირდებათ. ვფიქრობ, მათ კარგად ესმით, რომ ამ პარტიის ლეგიტიმაცია - ზოგადად თუ კოალიციის შიგნით - საკმაოდ სუსტია. შს მინისტრის პოსტი ნამდვილად ყელზე დაადგებათ. ჩემი აზრით, დღეს ისედაც თავიანთ პოლიტიკურ წონაზე მეტი ძალაუფლება აქვთ. ვინ შეიძლება გახდეს მინისტრი? პერსონალიებზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ მე ვფიქრობ, შს მინისტრის პოსტზე საინტერესო იქნებოდა კახი კალაძის დანიშვნა...

ნათია დოლიძე