"ფრთხილად - პოლიტიკურმა კატათაგვობანამ მთავარი გამოწვევები არ დაგვავიწყოს" - კვირის პალიტრა

"ფრთხილად - პოლიტიკურმა კატათაგვობანამ მთავარი გამოწვევები არ დაგვავიწყოს"

"არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენდა სანქციების ფორმალიზება რუსეთის წინააღმდეგ"

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად, კახა კახიშვილი კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავკაცად - ასეთია გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას თითქმის ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ გააცნო. მთავრობისა და  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დაპირისპირების მორიგი რაუნდი კი აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებით დაიწყო და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიალზე პრეზიდენტის არმისვლითა და მის მიერ მორიგი ვეტოს გამოყენებით დასრულდა.  ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

- პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრის პოსტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის აწ უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა, მის ყოფილ თანამდებობას კი მისი ყოფილი მოადგილე კახი კახიშვილი დაიკავებს... მღებრიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის კადრად თვლიან. როგორ ფიქრობთ, მისი ახალი თანამდებობა ხომ არ მიანიშნებს სწორედ ღარიბაშვილის პოზიციის გამყარებაზე?

- მღებრიშვილი არც ისე დიდი ხანია, რაც მთავრობაშია, თუმცა, ვფიქრობ, იმ სფეროს, რომელსაც თავკაცობდა, კარგად უძღვებოდა. მას აქვს სათანადო განათლება და გამოცდილება, აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, არა მგონია, მაინცდამაინც დიდი ლობირება დასჭირვებოდა მის კანდიდატურას. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მისი კანდიდატურის შერჩევა საკადრო დეფიციტის პირობებში მოხდა. ეს ვითარება ლამის დააკანონა წინა ხელისუფლებამ, რომელმაც ლამის ჩვეულებრივ ამბად აქცია სახელისუფლებო კარუსელი. ერთი და იგივე პირი ხან განათლების მინისტრი იყო, ხან სასჯელაღსრულების და ხანაც თავდაცვის. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რა ხანია მესმის, რომ მას ცვლიან, თუმცა ეს ვარაუდები არ მართლდება. ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე თანამდებობებზე პირთა შერჩევის მიდგომები არ შეიცვლება და ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ის საუკეთესო პრემიერი ეგონება.

გამიხარდა კახი კახიშვილის დანიშვნა. მას კარგად ვიცნობ, კომპეტენტური და სანდო ადამიანია, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირებთან შეკამათება არასდროს უჭირდა. პირადად ვარ ამის შემსწრე „ექსპერტთა კლუბში.“ვფიქრობ, შსს-ში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა.

ახლა მთავარია, ახალი უსაფრთხოების სამსახური დაკომპლექტდეს პროფესიონალი, სანდო კადრებით და ის არა ხელისუფლების უსაფრთხოების გარანტი იყოს, როგორადაც  წინა ხელისუფლების დროს იქცა, არამედ  ქვეყნის უსაფრთხოებისა.

- მიუხედავად იმისა, ყველა ელოდა, რომ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას გულისხმობს, პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა, მისი გადაწყვეტილება მაინც რეზონანსული გამოდგა. მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა უკმაყოფილებას არ მალავს, მას არაერთხელ შეახსენეს, რომ ის პრეზიდენტი გუნდის წყალობით გახდა...

- დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ეს დავიდარაბა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტისადმი მის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას. Mმაპატიონ და, ძალიან მეეჭვება, პრეზიდენტზე ლაპარაკისას ღარიბაშვილი, კალაძე და სხვები მთლად საკუთარ აზრს გამოხატავდნენ. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ კომიკურიც კი იყო პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი მეჭიაურის შეფასებები, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლიდან ვერაფერი გაიგო, არადა, ეს გამოსვლა იყო კარგად არგუმენტირებული და დასაბუთებული. ეჭვი მაქვს, ან ბატონი მეჭიაურისთვის მართლაც ჩინურია მსგავსი გამოსვლები, ან ისიც ცდილობს, ბატონ ბიძინას ასიამოვნოს. გარდა იმისა, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა,

პარლამენტის წევრებს უნდა ხელეწიფებოდეთ საგნობრივი დისკუსია და არა მხოლოდ იმაზე ლაპარაკი გაუთავებლად, რომ თურმე პრეზიდენტმა დაკარგა თავისი ამომრჩევლები. აი, მხოლოდ ეს გაიგო მეჭიაურმა მარგველაშვილის ნალაპარაკევიდან.

- მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ხომ ფაქტია, რომ არა "ქართული ოცნება" და საპრეზიდენტო არჩევნებზე გუნდური პრინციპით მონაწილეობა, მარგველაშვილი პრეზიდენტი ვერასდროს გახდებოდა. შესაბამისად, მისი ხშირ შემთხვევაში კრიტიკული დამოკიდებულება, ბუნებრივია, გუნდს აღიზიანებს...

- ამას მშვენივრად უპასუხა თვითონ პრეზიდენტმა, როდესაც თქვა, რომ მან ფიცი "ქართული ოცნების" კი არა, სახელმწიფოს წინაშე დადო.

რასაკვირველია, რომ არა ივანიშვილი, მარგველაშვილი ვერც მინისტრი იქნებოდა, ვერც ვიცე-პრემიერი და ვერც პრეზიდენტი, მაგრამ ის ღირსებები, რაც აქვს მარგველაშვილს, არც 2012 წელს შეუძენია და არც 2015-ში...

ადამიანი რაც იყო, ისევ ის არის. თუ ჩავუკვირდებით, რა ვითარებაა თუნდაც ამ საბანკო კანონთან დაკავშირებული გაუგებრობისას, მივხვდებით, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრის პოზიცია სრულიად არაადეკვატურია. როგორც ირკვევა, მას სურს, შემოდგომაზე ჩამოვიდეს სავალუტო ფონდის წარმომადგენელი, გაუკრიტიკოს ეს კანონი, რომელსაც, სავარაუდოდ, აუცილებლად მიიღებენ და შემდგომ შეიტანოს მასში დამატებითი შესწორებები. რა პოზიცია აქვს პრეზიდენტს? მან კონსულტაციები გაიარა, მოისმინა სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, მისი ვეტო სხვა არაფერია, თუ არა შეთავაზება, რომ კანონში ყველა მნიშვნელოვანი შესწორება შევიდეს სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა კრიტიკის გარეშე. აი, აქამდე მივიდა ორი უმაღლესი თანამდებობის პირის შეუთანხმებლობა. უმრავლესობის უმრავლესობა თვლის, რომ  ეს მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ბრალია და ის უპირისპირდება გუნდს. არადა, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია მარტო ერთი მხარე იყოს დამნაშავე. ზოგადად, ვიტყოდი, ფრთხილად - პოლიტიკურმა კატათაგვობანამ მთავარი გამოწვევები არ დაგვავიწყოს. ისე კი, ვისურვებდი, გვესაუბრა საქმეზე და არა ამა თუ იმ ნაბიჯის პოლიტიკურ გარნირზე...

- განა პოლიტიკური გარნირი არ ახლდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ დასწრებოდა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნას. ფაქტობრივად, მან დაადასტურა ეს, როდესაც განაცხადა: "როგორც პრეზიდენტი, ამ ღონისძიებას უნდა დავსწრებოდი კონკრეტული პროტოკოლითა და კონკრეტული ვალდებულებებით. გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული. მცდელობა იყო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში. ეს მცდელობა იყო ახლახან, დახურვასთან მიმართებაშიც, თუმცა არ მოხერხდა".…

- არა მგონია, გიორგი მარგველაშვილს მიდრეკილება ჰქონდეს, სადმე დეკორაციის ფუნქცია შეასრულოს. ჩემთვის სრულიად გასაგებია, რატომ შეიკავა მან თავი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრებისგან. მან ფესტივალისადმი თავისი პატივისცემა და დამოკიდებულება გამოხატა გახსნის მეორე დღესვე, როდესაც შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს.

- შექმნილი  ვითარება ხომ არ უბიძგებს პრეზიდენტს, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებაზე იფიქროს, მით უფრო, რომ საპარლამენტო არჩევნები კარზეა მომდგარი...

- ამის ვარაუდი შეიძლება არსებობს, თუმცა მე პროცესის ასეთ განვითარებას გამოვრიცხავ, რადგან პრეზიდენტი ინდივიდუალური ფასეულობების მატარებელია. ადმინისტრაციაში მის მიერ შეკრებილი გუნდი კი მიანიშნებს იმაზე, რომ მას საკმაოდ კარგი საკადრო გემოვნება აქვს. არ გამოვრიცხავ, ამ გუნდიდან ბევრს ჰქონდეს პოლიტიკური კარიერის განვითარების სურვილი, თუმცა არა მარგველაშვილს.

- ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. პროკურატურის ინფორმაციით, ინტერპოლმა ასევე უარი თქვა სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაზე, თუმცა ამ უწყების სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აპირებენ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ინტერპოლს ხელახლა მიმართონ...

- პირდაპირ თავდასხმა მოაწყო "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტზე, როდესაც მან აკაკი ბობოხიძის ძმა შეიწყალა. ამ ისტერიკით ხელისუფლებამ გვარიანად დააფიქრა დასავლური სტრუქტურები, მათ შორის, ინტერპოლი იმის თაობაზე, ხომ არ არის ყოფილი ჩინოსნების დევნა სწორედ პოლიტიკური მოტივით განპირობებული. ვფიქრობ, ინტერპოლში ეს ეჭვი არსებობდა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მარგველაშვილზე თავდასხმით განუმტკიცა და შედეგიც მივიღეთ. ხომ ცხადია, რომ პროკურატურა ვერ თუ არ ახერხებს დაუმტკიცოს ინტერპოლს იმ პირთა დანაშაულები, რომელთა შესახებ გამოდის, საზოგადოებამ პროკურატურაზე ბევრი იცის. ახლა ხელახალ წრეზე აპირებენ წასვლას, მაგრამ მეეჭვება, ამისგან რამე გამოვიდეს...

- მას მერე, რაც სემეკ-მა "ენერგო პრო ჯორჯიას" განაცხადი დააკმაყოფილა და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებში გაზარდა, უკვე "თელასმაც" მიმართა მას სატარიფო ცვლილების მოთხოვნით...

- ეს მოსალოდნელი იყო. ტარიფის გაზრდის აუცილებლობა პრიმიტიული რეალობით შეგვიძლია ავხსნათ: როდესაც ნედლეულს ყიდულობ ერთი ვალუტით და სხვა ვალუტით ყიდი, იძულებული ხარ, გაითვალისწინო ამ ორ ვალუტას შორის არსებული თანაფარდობა და მისი ცვლილება. მართალია, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეს ფასთა ზრდა გამოიყენოს ხელისუფლების "მისაჯირყნად", მაგრამ მათი პოზიცია მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ვინც უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, აუცილებლად დადგებოდა ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით ტარიფების გადახედვის აუცილებლობა. ახლა, როდესაც "თელასმაც" მიმართა განაცხადით სემეკს, იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება მოახერხებს და დეკემბრამდე, როდესაც უნდა დასრულდეს "თელასის" მოთხოვნის განხილვა, ეროვნულ ვალუტას როგორმე მიუახლოებს იმ ნიშნულს, რომელიც თუნდაც შარშან ამ დროს იყო.

ასეთ შემთხვევაში ტარიფი ან აღარ გაიზრდება, ან გაიზრდება უმნიშვნელოდ. ალბათ, ეს საკმაოდ რთული იქნება, ვნახოთ...

- თუმცა შემოდგომისთვის უფრო პესიმისტური პროგნოზი კეთდება. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, მას შემდეგ, რაც ტურისტული სეზონი დასრულდება, შესაძლოა ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება კვლავაც პრობლემა გახდეს...

-  ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთია, გულდაწყვეტით ამაზე ლაპარაკი და მეორე, როდესაც სიხარულით გვამცნობს ხოლმე ვინმე ასეთ პერსპექტივას. ამგვარი სიხარულით განმსჭვალულები, ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არიან. თუმცა დარწმუნებული ვარ, სოციალურად დამძიმებული ფონი და ხელისუფლებაზე განაწყენებული ამომრჩეველიც კი ვერ უზრუნველყოფს მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ვფიქრობ, სწორედ  ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და სოციალური ფონის გაჯანსაღება უნდა იყოს ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი და არა გაუთავებლად იმაზე ლაპარაკი,  დატოვებს თუ არა  ავლაბრის რეზიდენციას პრეზიდენტი.

- რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინას სანქციები დაუწესოს. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო და უკრაინა, კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო დაწესებულ შემზღუდველ ზომებს, კერძოდ, იქ ნაწარმოები პროდუქციის შესყიდვის შეზღუდვას. რას სახის სანქციებია მოსალოდნელი რუსეთისგან?

- არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენდა სანქციების ფორმალიზება რუსეთის წინააღმდეგ. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს ე. წ. სანქცია წელიწადზე მეტია, რაც ძალაშია. სავარაუდოდ, ჩვენს ხელისუფლებაში ვერ მოიპოვეს შესაბამისი არგუმენტი ევროპელებისთვის და ეს იყო ერთგვარი რევერანსი ევროპის წინაშე. თუმცა კარგი იქნებოდა, ვიდრე ამ ნაბიჯს გადავდგამდით, შეგვეხსენებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა მასთან, რაც თავში არ მოსვლია არც ერთ იმ სახელმწიფოს, რომლებიც ახლა ტრაბახობენ ამ სანქციებით, მათ შორის, არც უკრაინას. ჩვენ ასევე 2008 წელს დავტოვეთ დსთ-ის სივრცე. სევასტოპოლიდან საქართველოში თევზს შემოვიტანთ თუ არა, სრულიად უმნიშვნელო მგონია, თუმცა ეს შესაძლოა იქცეს საკმარის მიზეზად რუსეთისთვის, რათა კონტრნაბიჯები გადადგას. თუმცა სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა მოიფიქრონ ახალი, რაც აქამდე არ გვიწვნევია რუსეთისგან.

კარგი იქნებოდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მწვავე რეაქცია ჰქონოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ბატონი შოიგუს განცხადებაზე, რომ საქართველო არასდროს გახდება ნატოს წევრი.

- თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ახლახან განაცხადა: თუ საქართველო ნატოს მომავალ სამიტზე მაპ-ს ვერ მიიღებს, ეს არ იქნება ქვეყნის დასასრული, მაგრამ იქნება ტრაგედიაო...

- დარწმუნებული ვარ, თინა ხიდაშელს ძალიან უნდა, რომ ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია დაჩქარდეს, მაგრამ მასზე ბევრი არაფერია დამოკიდებული, რადგან ეს წყდება სხვაგან და სხვების მიერ. ერთადერთი მიზანი ამ ფრაზის წარმოთქმისა, საზოგადოების დამშვიდება უფრო მგონია. იმედია, ბოლოს და ბოლოს, მართლაც გაიღება ნატოს კარი ჩვენთვის და მომავალ სამიტზე მაპ-ს მართლაც მივიღებთ.

- როგორ შეაფასებთ თურქეთში შექმნილ ვითარებას: ქვეყანა, ერთი მხრივ, დაუპირისპირდა "ისლამურ სახელმწიფოს", მეორე მხრივ კი ქურთებს...

- "ისლამური სახელმწიფო" საფრთხის შემცველია ყველასთვის, ვისკენაც ის გაიხედავს. სამწუხაროდ, საქართველოც არის მისი მხედველობის არეში. იმედია, ჩვენთანაც მუშავდება უსაფრთხოების გეგმები.

თურქეთი აქამდე თავს იკავებდა სამხედრო დაპირისპირებაში ჩარევისგან, თითქოს სუნიტური თურქეთი არც უნდა ყოფილიყო შიიტების წინააღმდეგ მებრძოლი "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნე, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. თურქეთისთვის კიდევ ერთი პრობლემაა ქურთების შეიარაღებული ძალები. ქურთებთან დაპირისპირებას სულ სხვა, ხანგრძლივი ისტორია აქვს. როგორც ჩანს, თავად ქურთებში სხვადასხვა მოსაზრებაა და ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან, მათთვის ვინ მეტად დაუძინებელია მტერია: თურქეთი თუ "ისლამური სახელმწიფო".

- არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა დასავლეთსა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმებების გამო გაააქტიურა, თითქოს ცდილობს, ამ გზით დასავლეთს თავი კვლავაც რეგიონის ლიდერად დაანახვოს...

- არ არის გამორიცხული, თურქეთი რეგიონში მართლაც ცდილობდეს ლიდერის პოზიციის მოპოვებას. თუმცა სადღეისოდ, მით უფრო "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაპირისპირების თვალსაზრისით, უპირობო ლიდერია ირანი, რომელმაც„"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სახმელეთო ძალები გამოიყენა. მე უფრო ის მაინტერესებს, რაც ბოლო დღეებში ხდება ქართულ-ირანულ ურთიერთობაში, რაც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. მას შემდეგ, რაც ირანისთვის დაწესებული სანქციები მოიხსნა, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა ბევრად გააქტიურდება. ის შეხვედრები, რაც უკვე შედგა ირანის ოფიციალურ დელეგაციებთან, საიმედო პერსპექტივას აჩენს. შესაძლოა, - და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ირანის უმდიდრეს საბადოებზე მოპოვებული ნედლეულის დასავლეთში გასატანად ქართული პორტები გახდეს საჭირო.

ნათია დოლიძე