"რუსეთმა ფსიქოლოგიური ომის ახალი ეტაპი დაიწყო"
10-08-2015
"რუსეთმა ფსიქოლოგიური ომის ახალი ეტაპი დაიწყო"
"რუსთავი 2" ერთმნიშვნელოვნად ერთი პარტიის ტელევიზიაა, მისი პროპაგანდის მძლავრი იარაღი"

"მრავლისმეტყველია ის, რომ რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის ერთი მონაკვეთის გაწმენდა დაიწყეს"


საქართველო-რუსეთის ომიდან უკვე შვიდი წელიწადი გავიდა, უამრავი განცხადებისა და ზეპირი შეფასების მიუხედავად, იმ ტრაგიკული პროცესების საფუძვლიანი ანალიზი და სამართლებრივი შეფასება დღემდე ვერ მოხერხდა. ხუთდღიანმა ომმა 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. ათასობით ჩვენი მოქალაქე სამშობლოში აქცია დევნილად, საქართველომ დამატებით დაკარგა ახალგორის რაიონი,
დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლები, კოდორის ხეობა. რუსეთმა აღიარა ჩვენი რეგიონების დამოუკიდებლობა, დააბრუნა თავისი სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე და დღემდე განაგრძობს პროვოკაციებს. შესაძლებელი იყო თუ არა ომის და მისი უმძიმესი შედეგების თავიდან აცილება? - ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან სწორედ ამ  საკითხზე
საუბრით დავიწყეთ:


- უპირველესად, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ახლობლებს, ვინც ამ ომს შეეწირნენ. ეს არის ტრაგიკული ფურცელი ჩვენი ერისა და ქვეყნის ისტორიაში. ჩემთვის, შეფასების თვალსაზრისით, ამ შვიდი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ვრჩები იმავე აზრზე, რაც მაშინვე მქონდა. იმჟამად გამოქვეყნებულ სტატიაში აგვისტოს ურთულეს პროცესებს დავარქვი "ქართველთა სიბრიყვე და თვალთმაქცობა". თუ სრულად გავიხსენებთ, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, 2008 წლის აგვისტოში ქართული პოლიტიკური ელიტის გადაწყვეტილებები იყო ზღვარს გადასული პოლიტიკური სიბეცე. უახლოესი ისტორიის მაგალითებით მაინც უნდა გვეხელმძღვანელა და გვეფიქრა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მოჰყვებოდა რუსეთის ის პასუხი, რაც ვნახეთ... რუსეთს სწორედ ეს სურდა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაეთრია ფართომასშტაბიან ომში. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყების სრული სამართლებრივი და კანონიერი უფლება ჰქონდა, თუმცა საფრთხე იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შევასკდებოდით რუსეთის არმიას, ცხადზე უცხადესი იყო.

რომ არა დასავლეთის მკვეთრი რეაქცია, ვფიქრობ, ტანკები, რომელთაც, თუ ერთ-ერთ იმჟამინდელ მაღალჩინოსანს დავესესხებით, ორჭოსანთან გადაუხვიეს, აუცილებლად შემოვიდოდნენ თბილისში.

ღრმად მწამს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციებს რომ არ წამოჰგებოდა და არ დაეწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე ლაპარაკი, ომს ავიცილებდით თავიდან, ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ჩვენკენ არ გამოიშვერდა ხელს, სამხედრო მოქმედებები საქართველომ დაიწყოო. როდესაც რუსი ე.წ. სამშვიდობოების ხელმძღვანელმა კულახმეტოვმა განაცხადა, ოს ბოევიკებს ვეღარ ვაკონტროლებთო, სწორედ ამას უნდა ჩავჭიდებოდით და ჩვენი აქტიურობით გვეიძულებინა მსოფლიო ახალი სამშვიდობო მანდატის შესაქმნელად. როდესაც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რუსები შემოდიოდნენ და სამხედრო მოქმედებები ქართველი მოსახლეობის გამოყვანის უზრუნველსაყოფად დავიწყეთო, ეს რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვოა, რადგან არანაირი გეგმა ხალხის გამოსაყვანად არ ჰქონიათ და არც გამოუყვანიათ. ვინც როგორ შეძლო, ისე დატოვა სახიფათო ტერიტორია. ეგ კი არა, ლამის უმეთაუროდ დარჩა ჯარი ბრძოლის ველზე, რეზერვი რომ აბსოლუტურად უაზროდ და ქაოსურად გაიწვიეს, ეს კიდევ სხვა საკითხია. ვიმეორებ, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოსაგებად და ეს არ გაუკეთებია პირველად. სამწუხაროდ, ვერა და ვერ ვსწავლობთ ჭკუას და მუდმივად  ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ.

- რუსეთი ომის შემდეგაც მუდმივად ცდილობს პროვოკაციების მოწყობას და კიდევ უფრო მეტი ქართული მიწის მიტაცებას, ავლებს მავთულხლართებს, დგამს სასაზღვრო ბანერებს და ახალი ხელისუფლების შედარებით კონსტრუქციული დამოკიდებულების მიუხედავად, ახალ-ახალ პრობლემებს გვიქმნის...

- უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ახალი ხელისუფლების რუსეთისადმი დამოკიდებულება ლოიალური სულაც არ არის. ზოგიერთი მუდმივად კი ცდილობს ეს დაამტკიცოს, მაგრამ ფაქტები სხვაზე მეტყველებს.

ქვეყნის საგარეო კურსი არათუ არ შეცვლილა, დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთისკენ უფრო მეტ ნაბიჯს დგამს, ვიდრე ამას მისი წინამორბედი აკეთებდა,
თუმცა შეიცვალა რიტორიკა, რომელიც ძველებურად აგრესიული არ არის. გადავხედოთ ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს: სწორედ მან გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რამდენიმე დღეში იხსნება ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, გაფორმდა ხელშეკრულება საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების თაობაზე. სად ჩანს ამ ყველაფერში საგარეო კურსის ცვლილება?

- რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ნაწილობრივ აღდგა, მაგრამ როგორც ბოლო დღეებმა ცხადყო, ეს კიდევ ერთი ბერკეტია კრემლის ხელში საქართველოზე ზეწოლისთვის. გაირკვა, რომ საქართველო ჯერ კიდევ შარშან შეერთებია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ერთ-ერთ სანქციას, რომელიც ოკუპირებული ყირიმიდან და სევასტოპოლიდან პროდუქციის იმპორტს ზღუდავს... სწორედ ეს გახდა რუსეთის ეკონომიკური ემბარგოთი მუქარის მოტივი...
- აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კარგი იქნებოდა, ჩვენი საზოგადოებისთვის ამ სანქციის თაობაზე ინფორმაცია შარშანვე გამხდარიყო ცნობილი და არა ახლა. ჩემთვისაც კი ეს დიდი სიახლე იყო. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ამიხსნია, რატომ არ გასაჯაროვდა ეს ინფორმაცია მაშინვე, მით უფრო, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივად საყვედურობდა და საყვედურობს რუსეთთან ვითომ ლოიალური პოლიტიკის გამო. ვფიქრობ, არ არის სამართლიანი, ქვეყნის მოსახლეობა ინფორმაციას იგებდეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამ სანქციის გამო ემბარგოთი დამუქრება­ დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ეს არის რუსეთისთვის მხოლოდ მოტივი.­ ეს სანქცია რომ არ ყოფილიყო, კრემლი სხვა მიზეზს მოიგონებდა. რა თქმა უნდა, ემბარგო თუ მართლაც დაწესდა, ეს მნიშვნელოვნად გააუარესებს ჩვენი ქვეყნის ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რუსეთი კი შეეცდება ეს გამოიყენოს ჩვენში ანტიდასავლური განწყობის გასაღვივებლად.

- საჭირო იყო კი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა, თუ ამას მუდმივად ჩვენზე ზეწოლისთვის გამოიყენებს?

- როდესაც ეკონომიკური ურთიერთობის განახლება და რუსული ბაზრის გახსნა დაიწყო, თუ საქართველოს ხელისუფლებაში ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია, რომ ამას რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აღარ გამოიყენებდა, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა. თუმცა მეეჭვება, ასე ვინმეს ეფიქრა. ჯერ ერთი, იმ ეტაპზე საქართველოს სჭირდებოდა ეს ბაზარი, მით უფრო იმ მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობის ფონზე, რაც წინა ხელისუფლებისგან მიიღეს, და მეორე - ეს იყო შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა, თუნდაც დროებით.
რუსეთი ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ. ჩვენს ისტორიაში ამ საფრთხეს აქვს აქტიური და პასიური პერიოდები. ესეც რუსული სტრატეგიის ნაწილია. სამწუხაროა, რომ რუსულ პოლიტიკასა და ამ ქვეყნის სტრატეგიულ გეგმებზე მხოლოდ ფრაგმენტულად ვლაპარაკობთ და ჩვენში ამას სერიოზულად არ იკვლევენ.

ვიმეორებ, ჩვენ გარკვეულ ეტაპზე მოგვეცა შანსი, რომ რუსულ ბაზარზე გასვლით ეკონომიკური სარგებელი გვენახა და ეს შანსი გამოვიყენეთ. ჩემი აზრით, მომავალშიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ოღონდ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დროებითი პროცესია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაბათ ჩვენი ეკონომიკა რუსეთის ბაზარს. ყველა კომპანიამ, მეწარმემ, ვისი პროდუქციაც შედის რუსეთში, ეს კარგად უნდა გაისიგრძეგანოს და მუდმივად ეძებოს გასაღების ახალი ბაზრები, მით უფრო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამის კარგ საშუალებას გვაძლევს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ლომის წილი მოდის ხელისუფლებაზე, რომელმაც უნდა შექმნას სათანადო პირობები და მოახერხოს მეწარმეების რისკებისგან დაცვა. ამ ეტაპზე მეეჭვება, მაგრამ ხვალ-ზეგ შესაძლოა მართლაც აკრძალონ ჩვენი პროდუქცია, ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რადგან რუსეთზე ვლაპარაკობთ, მრავლისმეტყველია ის, რომ რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის ერთი მონაკვეთის გაწმენდა დაიწყეს. სხვათა შორის, 2008 წელსაც დაიწყეს ამ რკინიგზაზე ლაპარაკი და იქ რაღაცების გაკეთება. არ მინდა, ვინმე დავზაფრო, რომ ისევ სამხედრო მოქმედებამდე მივა საქმე, უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი ამასაც ზეწოლისთვის იყენებს.

- აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ბოლო ხანს გახშირდა ლაპარაკი. მართალია, ქართული მხარე ამას უარყოფს, მაგრამ რუსების მტკიცებით, ამ საკითხზე კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებათა ფორმატშიც ილაპარაკეს...
- აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: თუ რკინიგზა აღდგა, სად უნდა იყოს სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი, ენგურზე თუ ფსოუზე? ჩვენთვის პასუხი ცალსახაა, თუმცა არა მგონია, ეს პასუხი რუსეთისთვის მისაღები იყოს. ამიტომ მთელი ეს მითქმა-მოთქმა ფუჭი მგონია. რუსეთმა რკინიგზის გაწმენდით თუ ბანერების დადგმით ფსიქოლოგიური ომის ახალი ეტაპი დაიწყო. ამით ახერხებს ჩვენთან თემის აჟიტირებას და დაძაბულობის კერების შექმნას, ასევე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებას. ეს ყველაფერი მის ინტერესებზე ასხამს წყალს. ვფიქრობ, კრემლი ახალ პოლიტიკურ სვლებს აპირებს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. აქ რაც მეტი არეულობა და დაპირისპირება იქნება, ეს კრემლს აწყობს, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე. ზედმეტი ემოციურობა და მკერდზე ხელის ბრაგუნი სიკეთეს ვერ მოგვიტანს. როდესაც ომზე ვლაპარაკობდით, უკვე ვთქვი, რომ რუსეთი მუდმივად ახერხებდა ჩვენს წამოგებას პროვოკაციაზე, ამ პროვოკაციებს მეტად ნუღარ წამოვეგებით!

არ შეიძლება ბანერებთან ბრძოლა, ამას პოზიტიური შედეგი ნაკლებად მოაქვს. ჟურნალისტებისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბავშვური ლოგიკაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბანერის გადატან-გადმოტანით მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს.

კეთილი ინებონ და, თუ შორეული ისტორიის კითხვა ეზარებათ, ის მაინც გაიხსენონ, როგორ იწყებოდა კონფლიქტი აფხაზეთში, რა პროვოკაციები იყო და რამდენჯერ წამოვეგეთ მათ.
დაადო ბარნოვმა თავი და გადავიდა ბანერს იქით და მერე რა, რა ხეირი ვნახეთ? ხომ შეიძლებოდა ესროლათ მისთვის და მერე რა უნდა ექნა ქვეყანას, ომი დაეწყო?

ჯვარი სწერია, მაგრამ როდესაც ასეთ რისკზე მიდიხარ, უნდა გახსოვდეს, რომ არა მხოლოდ შენს სიცოცხლეს უქმნი საფრთხეს, არამედ შენი ქვეყნის მომავალსაც სასწორზე დებ, რადგან შენი რისკი და კეთილი განზრახვები შეიძლება ვიღაცამ შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენოს. Aმესმის "ნაციონალური მოძრაობის", ის პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობს, მაგრამ არის საკითხები, რომელთა გადასაჭრელად ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედება არ შეიძლება.

- ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის უძრავ-მოძრავი ქონება და მეპატრონეთა წილები დააყადაღა. მაუწყებლობის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი ხელისუფლებისგან არის მართული...
-  სამწუხაროდ, ბოლო წლებში წინა ხელისუფლების წყალობით ჩამოყალიბდა რეალობა, როდესაც საინფორმაციო საშუალებისთვის პრობლემების შექმნა ყოველთვის უკავშირდებოდა ხელისუფლებას.
შესაბამისად, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღესაც ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ტელევიზიას უკავშირდება, ხელისუფლების ინსპირირებულია. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას მედიასაშუალებებზე ზეწოლას არად დაგიდევდათ, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს. "რუსთავი 2" ერთმნიშვნელოვნად ერთი პარტიის ტელევიზია, მისი პროპაგანდის მძლავრი იარაღი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ტელევიზია  აიკრძალოს ან მათ წინააღმდეგ რეპრესიები გატარდეს. ის, რომ ყოფილი მფლობელი ხალვაში აპირებდა ამ ტელევიზიისთვის სამართლებრივ დავას, ეს ყველამ ვიცოდით. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, ვერავინ იტყვის, როდის იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ხალვაში შეიტანდა სარჩელს და "ნაციონალური მოძრაობა", მისი მხარდამჭერები და ამ ტელევიზიის მესვეურები არ იტყოდნენ, რომ ეს ხელისუფლებისგან იყო მართული?

ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამ ტელევიზიას ხელიდან ხელში დააგოგმანებდა, ყველამ ვიცით. ეს რომ მთლად კანონიერი პროცესი არ იყო, ამასაც ვხვდებოდით. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რათა არ მოხდეს რაიმე გადაცდომა, აუცილებელია პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს...

- ამ ცოტა ხნის წინ ბრძანეთ: "2016 წლის არჩევნებისათვის ყველა პოლიტიკური ძალა თითქმის თანაბარი რეიტინგის იქნება და ამ არჩევნებზე არ იქნება გამოკვეთილად ლიდერი პოლიტიკური ძალაო". იქნებ უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ, რას გულისხმობდით?
- ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ქვეითდება, მოსახლეობის დამოკიდებულება მისდამი უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს კრიტიკულად განწყობილი ადამიანები "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა რიგებს ნამდვილად არ ემატებიან.
თუ ასე გაგრძელდა, 2016 წლის არჩევნებისთვის მივიღებთ სურათს, როდესაც ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებზე არ წავა.

შესაბამისად, მივიღებთ ვითარებას, როდესაც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა რიცხვი მნიშვნელოვნად არ იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული. ეს საკმაოდ სახიფათო პროცესია, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ის, რომ ადამიანთა პოლიტიკურმა განწყობამ არჩევნებში კი არ პოვოს ასახვა, არამედ ქუჩაში გადაინაცვლოს, რაც ქვეყანას ცუდის მეტს არაფერს მოუტანს.

- ეროვნული ვალუტა გასულ კვირას კიდევ მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ხელისუფლება ამას ეროვნულ ბანკს აბრალებს...
- მე ამ საკითხების ექსპერტი არ გახლავართ, ამიტომ ღრმა ანალიზს ვერ გავაკეთებ, თუმცა დავესესხები გამოცდილ ეკონომისტ ნოდარ ჯავახიშვილს, რომელიც ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამბობდა, რომ ეროვნული ბანკი არასწორ პოლიტიკას ატარებდა. ამტკიცებდა, რომ თუ არ შეიცვლებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სერიოზული პრობლემები გველოდა. მე კარგად ვიცნობ ნოდარ ჯავახიშვილს, ვიცი, რომ ის ტყუილად, რაიმე მიზნისთვის ამას არ იტყოდა. ამიტომაც მგონია, რომ ლარის გაუფასურებაში წვლილი ეროვნულ ბანკსაც აქვს შეტანილი, თუმცა ის არ არის ერთადერთი დამნაშავე. ქვეყანაში გარე თუ შიდა ფაქტორების გამო შეიქმნა პირობები ლარის დევალვაციისთვის, რასაც ხელი ეროვნულმა ბანკმაც კარგად შეაშველა. ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ის რეპრესიები, რაც წინა ხელისუფლებამ მოუწყო "ქართუ ბანკს", ნამდვილად ვერ იმსახურებს ჩემს ნდობას. ქადაგიძეს ვგულისხმობ. არა ვარ დარწმუნებული, რომ ის კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გათვალისწინებით იმავეს ან უარესს არ გაიმეორებს. რა შეუშლის ვითომ ხელს იმაში, რომ დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოს და ლარის კურსი ათამაშოს? ვფიქრობ, კანონი, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას, სწორია და არანაირად
არ ვეთანხმები პრეზიდენტის ვეტოს. ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია აუცილებლად უნდა გამოეყოს, რადგან ეროვნულმა ბანკმა სრული ავტონომიისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული მმართველის წყალობით მართლაც უდიდესი ზარალი შეიძლება მიაყენოს ქვეყანას.

ჩემთვის ცოტა გაუგებარია პრეზიდენტის პოზიცია. როგორც ჩანს, ის საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტად უგდებს ყურს და დარწმუნებულია, რომ შეიძლება ამ ფუნქციის გამოყოფით საბანკო სფეროში პრობლემები წარმოიშვას. ამიტომაც ადებს ვეტოს დადებით პოლიტიკურ განაცხადს, თუმცა მშვენივრად იცის, რომ ვეტო აუცილებლად დაიძლევა.

ნათია დოლიძე
tngh
16 აგვისტო 2015 17:39
საქართველოს გამთლიანებისთვის ერთად ერთი გზა არსებობს. "სამხედრო ნეიტრალიტეტი." არც "ნატო" და არც "რუსეთის არმია", სიკეთეს არ მოგვიტანს. ეხლა ვიცი, რომ დაიქოქებით "ევროატლანტიკური" ცივილიზაციის მეხოტბეები, მაგრამ თქვენს ყველა დემაგოგიას უკვე ყავლი გასული აქვს და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამოსულია 25 წლიანი ჰიპნოზიდან და უკან ვეღარ დააბრუნებთ, რამდენიც არ უნდა ატრიალოთ თქვენი გაცვეთილი "ფირფიტა".
bravo
14 აგვისტო 2015 12:02
რუსეთი საქართველოს დაუძინებელი მტერი იყო არი და იქნება
ia
13 აგვისტო 2015 14:06
მთავრობის დისკრეტიზაცია თუ გინდა ყოველ წამს უნ და იძახო,რომ საგარეო კურსი შეც ვლილია, ვიღაც უწიგნურები ხომ დაიჯერებენ და მიზანიც ესაა,მერე დაპოსტონ და ივიშივიშონ.

რედაქტორის რჩევით