"ხიდაშელსა და წულუკიანს შორის კონკურენცია დაიწყო" - კვირის პალიტრა

"ხიდაშელსა და წულუკიანს შორის კონკურენცია დაიწყო"

"ეს პროცესი ზურას მეორედ მოკვლის მცდელობა იყო"

მას შემდეგ, რაც კრემლში ლაპარაკი დაიწყეს ემბარგოს დაწესებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ, საქართველოშიც გაჩნდა მოლოდინი, რომ ეკონომიკურ კონტრაქციებს რუსეთი ქართული პროდუქციის წინააღმდეგაც აამოქმედებდა, თუმცა ასე არ მოხდა.” საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს სწორი და ზომიერი პოლიტიკის შედეგია, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარ სანქციებს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღს, რუსეთი მომავლისთვის შემოგვინახავს. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს:

- სიმართლე გითხრათ, რუსეთისგან ამ ეტაპზე არ ველოდი რაიმე სანქციას, რადგან თავიდანვე ლაპარაკი იყო ექვს ქვეყანაზე, საქართველოზე კი ცოტა სხვანაირი განცხადება გაკეთდა. ეს იყო უფრო გამაფრთხილებელი განცხადება. მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა საკმაოდ ზომიერი პოზიცია დაიკავა, როგორც ჩანს, რუსეთმა ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამჯერად მოხსნა. ისმის კითხვა: თვითონ ხელისუფლების პოზიცია, არ გაიზიაროს რუსეთისთვის დაწესებული ფართომასშტაბიანი სანქციები (მოგეხსენებათ, მხოლოდ ერთ სანქციას შევუერთდით),  კარგია თუ ცუდი? სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ გვეძლევა საშუალება, ავირჩიოთ კარგსა და ცუდს შორის, მუდმივად ცუდსა და უარესს შორის გვიწევს არჩევა. ასე მოხდა ახლაც.

ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რუსეთთან მორიგი ესკალაცია წამოვიწყოთ, მით უფრო, გლობალური კონტექსტი ძალიან სახიფათოა. გარდა იმისა, რომ ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩენა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, გვაქვს ძალიან მწვავე შიდა რისკები.

არის სავალუტო ბირჟასთან დაკავშირებული პრობლემები, ახლა ჩვენთვის ყოველ დოლარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ექსპორტის უფრო შემცირება შეიძლება ბოლო წვეთი აღმოჩნდეს განსაზღვრული შიდა პროცესების დასაწყებად. შესაძლოა, პოლიტიკურად და ემოციურად არ იყოს გამართლებული ბევრი რამ, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ სხვა არჩევანი არა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ხელისუფლებამ სწორი და ვითარების შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.

- მხოლოდ რუსული ბაზრის იმედად ყოფნა არ შეიძლება და ახალ ბაზრებზე გასვლისთვის ზომებია მისაღები, მით უფრო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის წახალისებასაც ითვალისწინებს...

- ის, რომ ახალი ბაზრების მოძიება აუცილებელია, ცხადია. მეტიც, მახსოვს, ამბობდნენ, რუსეთის ბაზრის დაკეტვა კარგიცაა, რადგან ახალი ბაზრების მოძიება გახდება აუცილებელიო. ჩემი აზრით, ეს თეორიულად ჩანს ასე ლამაზად, მაგრამ იმისთვის, რომ მოიძიო და გახვიდე ახალ ბაზრებზე, დრო გჭირდება, დრო კი, როგორც წესი, არა გაქვს, რადგან ქვეყანას დღეს აქვს ძალიან ბევრი ვალდებულება, აქვს ხარჯები და ხვალინდელ ეკონომიკურ წარმატებაზე ძნელია ფიქრი. რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე, მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესია, მანამდე ცოცხლები უნდა მივიდეთ... პრეტენზია, რაც შეიძლება ხელისუფლებასთან გვქონდეს, ის არის, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის სისტემურ ნაბიჯებს ვერ დგამს. ევროპული ბაზრები გაცილებით კონსერვატორულია, იქ სულ სხვა სტანდარტის პროდუქციაა საჭირო. ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთი მაღალი სტანდარტის პროდუქციას ჯერ ვერ ვაწარმოებთ, ამისთვის უპირველესად აქ უნდა შევქმნათ კონკურენტული ეკონომიკა.

- რადგან რუსეთთან ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, რას ფიქრობთ აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე. მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ამ რკინიგზის ერთი მონაკვეთის გაწმენდა დაიწყეს. ცხადია, რუსეთი, სომხეთთან ერთად, დაინტერესებულია ამ რკინიგზის ამუშავებით...

- ამ პროცესში ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები. თუ ეკონომიკური საზღვარი დაფიქსირდება არა ენგურზე, არამედ ფსოუზე და ტვირთებს საქართველოს შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ, რატომაც არ შეიძლება ამ პირობებზე ლაპარაკი?

ბუნებრივია, ჩვენ ირიბადაც კი ვერ დავარღვევთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ვიცით, რომ ამ რკინიგზის აღდგენა რუსეთისა და სომხეთის ინტერესების სფეროა. სომხეთისთვის ეს სასიცოცხლო გზაა, რუსეთი კი დაინტერესებულია სომხეთთან რეგულარული კავშირით და რკინიგზა საამისოდ უნივერსალური საშუალებაა. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ჩვენი პირობები უნდა შევიმუშაოთ, თუმცა არარეალური ამოცანები არ უნდა დავსახოთ. მაგალითად, მავანნი ამ პირობებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან აკავშირებენ, არიან ისეთებიც, ვინც მზად არიან უპირობოდ დათანხმდნენ. არც ერთი პოზიცია სწორი არ არის.

თუ სწორად დავსახავთ მოლაპარაკების ტაქტიკას და ჩვენს ოპტიმალურად დაგეგმილ პირობებს რუსეთი დათანხმდება, საბოლოოდ ნებისმიერი ნეგატივის პოზიტიურად შემოტრიალება შეიძლება.

ეს შეიძლება ვაქციოთ აფხაზეთის საქართველოს მთლიან სახელმწიფოებრივ ქსოვილში დასაბრუნებელ ერთ-ერთ არხად.

ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ სტიმულად შეიძლება იქცეს. აფხაზების ერთ ნაწილსაც თუ გაუჩნდება აზრი, რომ მათი კეთილდღეობა მიბმულია მთლიანად საქართველოს კეთილდღეობასთან, უკვე კარგი იქნება. Aამასთან, დასაქმდება ხალხი, მათი დამოკიდებულება შეიცვლება და ა.შ.

- ლარის კურსი კვლავაც მერყეობს და მისი დასტაბილურების გზები მაინცდამაინც მკაფიოდ არ ჩანს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს და ეროვნული ვალუტის გასაჭირს ერთმანეთს აბრალებენ...

- მათი კინკლაობა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. ეს რიტორიკა, გაუთავებელი ლაპარაკი საბოტაჟსა და შეთქმულებაზე ამ განცხადებების ავტორებს უკანვე უბრუნდებათ, რადგან არავინ არის ისეთი მიამიტი, რომ დაიჯეროს ამ პროცესში მხოლოდ ერთი მხარის დამნაშავეობა. ნაცვლად იმისა, თანამშრომლობდნენ და ერთად ეძებდნენ გამოსავალს, ერთმანეთის დადანაშაულებაში არიან გართული, სინამდვილეში კი მათი პასუხისმგებლობა სოლიდარულია. ეროვნულ ბანკს აქვს თავისი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა, მთავრობას კი - თავისი. Gგასაგებია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების დარეგულირება რეზერვებიდან ინტერვენციით თუ საპროცენტო განაკვეთის ზრდით ეროვნულ ბანკს შეუძლია, მაგრამ ეს არის დროებითი მოვლენა, მხოლოდ გადავადებული პრობლემა. თუ სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდება სისტემური, გრძელვადიანი ფაქტორებით არ დაბალანსდა, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომები უშედეგო იქნება. ერთი სიტყვით, პრობლემის აღმოფხვრა არის მთავრობის კომპეტენცია და მისი საქმე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ქადაგიძეზე დიდი წარმოდგენის არა ვარ, დღევანდელ ვითარებაში მისი დადანაშაულება უსამართლობაა. ეროვნულ ბანკთან შედარებით, მთავრობის პასუხისმგებლობა განუზომლად მაღალია. მას მოეთხოვება პირველ რიგში პასუხი იმაზე, რომ სავალუტო ბაზარზე არ შეედინება საკმარისი უცხოური ვალუტა, არც ინვესტიციებით, არც ე. წ. ქეშის მოძრაობით;

ტურიზმის იმედი გვქონდა და აქაც არ ჩანს მაინცდამაინც კარგი მაჩვენებლები; პრივატიზაციაზე გველაპარაკებოდნენ და ეს ფულიც ჯერ ვერ ვნახეთ. უკვე რამდენი ხანია, ლარი უფასურდება, ამდენი ხნის განმავლობაში რაიმე სისტემური გეგმა მოიფიქრეს?

ან შემოდგომაზე, როდესაც ვალუტაზე მოთხოვნა უფრო გაიზრდება, როგორ აპირებენ მოქმედებას, ემზადებიან კი ამისთვის? მარტო გრაფიკებითა და ციფრებით ნათელი მომავლის დახატვა საკმარისი არ არის.

როდესაც მინისტრი ეროვნული ბანკის მმართველზე ამბობს, საბოტაჟს ეწევაო, ეს მინიმუმ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი უნდა ხდებოდეს - ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა დაიჭირონ, ან იმ პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამას ამბობს. ის კანონ-პროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ცხადყოფს, რომ მთელი პარლამენტი, მთავრობა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქადაგიძეს, ამ ერთ კაცს, ვერ მოვერიეთ და პერსონალური საკითხი კანონმდებლობაში ცვლილებებით უნდა გადავწყვიტოთ. ეს ძალიან სახიფათო გზაა. როგორ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში პერსონალური საკითხი წყდებოდეს კანონმდებლობით? ხვალ რომ კარგ ბიჭს დანიშნავენ ქადაგიძის ადგილას, ისევ შეცვლიან კანონს? ქადაგიძის საკითხი ხელისუფლების შეცვლისთანავე შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო. ჩვენ ვიცოდით, რა კაციც იყო, რომ მის პრეზიდენტობას რისკები ახლდა. ქადაგიძის გაშვება სრულიად უპრობლემოდ შეიძლებოდა, პირადად მეც კი შემეძლო, მაგრამ მაშინ ეს ხელისუფლებამ არ მოისურვა.

- გასული კვირის მნიშვნელოვანი თემა იყო ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული მისი პირადი დაცვის წევრების, ხარშილაძისა და ძაძამიას სასამართლო პროცესი. ისინი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. სასამართლო პროცესი მეტად სკანდალური გამოდგა...

- ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ საკითხზე ლაპარაკი, ამიტომაც არ ვაპირებ ამ ფაქიზ თემებზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა: საბოლოოდ ეს პროცესი საქმისთვის უფრო საზარალო იქნება, ვიდრე რეალური შედეგის მომტანი. ჩვენ ავცდით მთავარ საკითხს - ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას. დაცვის წევრებისთვის გამოტანილი ვერდიქტით გამოძიებამ დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანია იმ ბინაში, სადაც გარდაცვლილი ნახეს, თავისი ფეხით მივიდა, ანუ დაცვის თანამშრომლებმა მიიყვანეს და მიატოვეს, ამიტომაც გაასამართლეს ხარშილაძე და ძაძამია. ამით ლამის უარყოფილია მკვლელობის ვერსია. მაინტერესებს, რა გამოიძიეს დღეს? Qქმნიან რაღაც პიარილუზიას, რომ ეს გამოძიება თითქოს შეეხებოდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს, არადა, რეალურად ამ ძიებას მთავარ საკითხთან არანაირი კავშირი არა აქვს. მეტსაც, გეტყვით, ამ პროცესმა დააზარალა მთავარი საკითხი, გამომზეურდა ამდენი ჭუჭყი, კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს ზურა და მისი ხსოვნა. განა სამსახურებრივი გულგრილობა იყო ამ საქმეში მთავარი თემა?

ამ პროცესით ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გამოძიება უკანა პლანზე გადავიდა. მეტიც, ძალიან ბევრ ვერსიას, უფრო ლოგიკურს, გადაესვა ხაზი.

დარჩა ერთადერთი ვერსია, რომ ზურა ცოცხალი მივიდა იმ ბინაში, არადა, მკვლელობის სხვა, გაცილებით დამაჯერებელი ვერსიები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ეს პროცესი ზურას მეორედ მოკვლის მცდელობა იყო.

- ხმაურიანი გამოდგა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება, რომლითაც მან ე. წ კაბელების საქმეზე დაკავებული პირები სამსახურებში დააბრუნა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. სავარაუდოდ, ხელისუფლებაც უნდა იზიარებდეს მის პოზიციას...

- ჩემი აზრით, ხელისუფლებამ და სამართალდამცავებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც ამ საქმეში ეჭვმიტანილებისთვის პატიმრობა მოითხოვეს. საერთოდ, არ მიმაჩნია სწორად ასეთი ტიპის ეკონომიკურ საქმეებზე, მით უფრო, როდესაც ძიება დასრულებული არ არის, პატიმრობის მოთხოვნა. კარგია, რომ ეს გამოსწორდა და ისინი გაათავისუფლეს. რაც შეეხება ხიდაშელის გადაწყვეტილებას, ეს არაორდინარული და პატივსაცემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. წულუკიანის კრიტიკაზე არაფერს ვიტყვი, ეს უფრო გენდერული კონკურენციის საკითხი მგონია. ხელისუფლებაში მყოფ ქალებს მაინცდამაინც არ უყვართ ხოლმე ერთმანეთი და სწორედ ასეთი კონკურენცია დაიწყო ხიდაშელსა და წულუკიანს შორის.

- ვითომ ასე მარტივად არის საქმე? ბევრმა ამის უკან კოალიციაში დაპირისპირებაც დაინახა. თქვენი აზრით, ხიდაშელის გადაწყვეტილება ექსპრემიერსა და მოქმედ პრემიერს მოეწონებოდათ?

- ამის უკან პოლიტიკურ კონფლიქტს ვერ ვხედავ. ვიცნობ კარგად შიდა სამზარეულოს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხიდაშელს ეს გადაწყვეტილება ივანიშვილსა და ღარიბაშვილთან შეთანხმებული ჰქონდა. ვფიქრობ, თინამ შეძლო მათი დარწმუნება, რომ ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი.

- როგორ აფასებთ "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს. მოგეხსენებათ, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე სასამართლო განჩინებით ტელევიზიის უძრავ-მოძრავი ქონება და მესაკუთრეთა წილები დაყადაღდა. ტელევიზიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას...

- ვერ დავიჯერებ, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლება მონაწილეობს, რადგან პირველი, ვინც ამ პროცესით შეიძლება დაზარალდეს, სწორედ ხელისუფლებაა. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ქიბარ ხალვაში ამ პროცესს მოიგებს, დარწმუნებული ვარ, ეს ტელევიზია ამით არ დაზარალდება. შეეძლებათ სარდაფიდანაც კი წარმატებით და შესაბამისი პოლიტიკური დივიდენდით დაიწყონ მაუწყებლობა. ახლა ხელისუფლება იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ მაქსიმალურად გაემიჯნოს ამ პროცესს. ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე ერთ საკითხზე მინდა მკითხველის ყურადღების გამახვილება:

ცოტა არ იყოს, საკვირველია, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იწყება იმ პირებით, რომლებიც მაინცდამაინც სუფთები არ ჩანან და ესა თუ ის ქონება მოპოვებული ჰქონდათ სწორედ წინა ხელისუფლების მეშვეობით.

ახლა ისინი ითვლებიან დაზარალებულებად, როდესაც თავის დროზე თვითონ ართმევდნენ სხვას ქონებას. დღეს მიმდინარე პროცესზე ქურდის ქურდის სამართლის შთაბეჭდილება მრჩება. ხალვაშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, არ მინდა, ის მკვეთრად უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიო. ვიცი, რომ წინა ხელისუფლების დროს დიდი ქონება წაართვეს, მოხარული ვიქნები თუ ამის დაბრუნებას მოახერხებს, მაგრამ ეს არ შეეხება "რუსთავი 2"-ს. იმიტომ, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ეს ტელევიზია საბოლოოდ დაისაკუთრა და მასზე სრული კონტროლი მოიპოვა, ანუ მის რეალურ მფლობელებს, აქიმიძესა და დვალს, წაართვა, სწორედ ქიბარ ხალვაშს გაუფორმა. სწორედ ის გახდა ამ სავარაუდო დანაშაულის თანამონაწილე. პირველი დღიდანვე ვიცოდით, რომ მას მერე, რაც ხალვაშს, და შემდგომ კიდევ არაერთ ნომინალურ მფლობელს, გაუფორმეს ტელევიზია, ის მიშა სააკაშვილის საკუთრება გახდა და დღესაც ასეა. მოკლედ, ჩემი ვარაუდით, ქიბარ ხალვაში არის "რუსთავი 2"-ის რეალური მფლობელებისთვის ქონების წართმევის საქმის თანამონაწილე, შესაბამისად, მისგან ეს მოთხოვნა არადამაჯერებელია. როგორც ვიცი, აქიმიძესა და დვალსაც შეტანილი აქვთ სარჩელი. თუ ის ძიება დადებითად დასრულდა, მაშინ ხალვაში დასაჭერი იქნება. ხედავთ, რა აბსურდამდე მივდივართ?! ზემოთ ვთქვი, რომ ეს პროცესი ხელისუფლებისთვის ძალიან საზიანოა და წარმოშობს მნიშვნელოვან საფრთხეებს. დღეს თუ ვინმეს უნდა არეულობის ინსპირირება ქვეყანაში, ეს "ნაციონალური მოძრაობაა".

იმგვარი არეულობის ინსპირირება, რასაც მხარს დაუჭერს დასავლეთი, შემდეგ საკითხებზე შეიძლება: ძალადობა, წამება და სიტყვის თავისუფლება. საბედნიეროდ, ძალადობისგან ჩვენი ხელისუფლება ძალიან შორსაა და ამის ინსპირირება "ნაციონალურ მოძრაობას" არ შეუძლია, მაგრამ "რუსთავი 2"-ის თემის დატრიალება ისე, რომ დასავლეთისთვის გასაგები იყოს და ეს პოლიტიკას მიაბან, სამწუხაროდ, შეუძლიათ.

რაც უნდა ილაპარაკოს ჩვენმა ხელისუფლებამ, მით უფრო, რომ დიდი ენაწყლიანობით ვერ გამოირჩევიან, ამ პროპაგანდისტულ დაპირისპირებასაც "ნაციონალური მოძრაობა" მოიგებს. აქედან გამომდინარე, ვიკითხავ: ვინ არის ასეთი სულელი ხელისუფლებაში, ვინც ამაზე ხელს მოაწერდა? Mმიუხედავად იმისა, რომ მაქვს შენიშვნები, Mარა ვარ ამ ხელისუფლებაზე ასეთი დაბალი აზრის. არა მგონია, ასეთ ყულფში გაეყარა ნებით თავი. თუ ცენტრალური ხელისუფლებიდან ან რომელიმე სხვა სტრუქტურიდან ქიბარ ხალვაშს ვინმე ეხმარება, ის აუცილებლად ძირს უთხრის ხელისუფლებას. ვურჩევ ხელისუფლებას, ამ პირებს კარგად დააკვირდეს და გაარკვიოს, სინამდვილეში ვის თამაშს თამაშობენ.

ნათია დოლიძე