"ნიუ-იორკში პრემიერისა და პრეზიდენტის ცალ-ცალკე გამგზავრება სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს" - კვირის პალიტრა

"ნიუ-იორკში პრემიერისა და პრეზიდენტის ცალ-ცალკე გამგზავრება სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს"

"ბოლოს და ბოლოს, ერთი ახირებული კაცის საბოტაჟს ხომ არ გადავაყოლებთ ქვეყანას?! და ეს რომ საბოტაჟია, ეჭვი არ მეპარება"

"ჩვენ პოსტპუტინურ რუსეთთან ურთიერთობისთვის უნდა მოვემზადოთ. მერწმუნეთ, ეს დროც მალე დაგვიდგება"

უკვე ცნობილია, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი 27 აგვისტოს გაიხსნება. გახსნის ცერემონიას ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგიც დაესწრება. ის საქართველოში 26 სექტემბერს ჩამოვა და შეხვედრებს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან გამართავს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ნატოს მაღალჩინოსნების არაერთგზის ნათქვამისა, რომ საქართველოსთვის ალიანსის კარი ღიაა, ამ ეტაპზე ნატო-საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ისევ რუსეთის ფაქტორს ასახელებენ. სავარაუდოდ, ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის გამო კრემლთან გაუარესებული ურთიერთობის უფრო გართულებას მოერიდება. თუმცა, ეს მედლის ერთი მხარეა. მსოფლიო პოლიტიკაში პროცესები სწრაფად იცვლება. სექტემბრის ბოლოს ნიუ-იორკში დაგეგმილ გაეროს მორიგ ასამბლეაზე ვლადიმირ პუტინის ჩასვლის სურვილი იმის დასტურია, რომ რუსეთი იზოლაციიდან გამოსვლის გზებს ეძებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, ნიუ-იორკში, გაეროს ასამბლეაზე ყოფნისას, ბარაკ ობამას შეხვდეს, თეთრი სახლიდან ცივი უარით მალევე გამოეხმაურნენ, რამაც უხერხული ვითარება შექმნა. როგორც რუსმა ექსპერტმა ლილია შევცოვამ თქვა, ვაშინგტონის პასუხი პუტინისათვის სახეში შეფურთხების ტოლფასი იყო. ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტ სანდრო  თვალჭრელიძეს ვესაუბრებით.

- როგორ შეაფასებთ ლავროვის განცხადებას და მასზე თეთრი სახლის პასუხს? ეს ხომ არ მიანიშნებს, რომ მალე რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა უფრო გართულდება?

- ასეთი ინციდენტები საბჭოთა პერიოდში ხშირად მომხდარა. ეს რუსული პოლიტიკისთვის უცხო არ არის და ადასტურებს ვარაუდს, რომ

მრავალი დასავლელი პოლიტიკოსისა თუ პოლიტოლოგის საპირისპირო განცხადებების მიუხედავად, მსოფლიო ცივი ომის პერიოდს დაუბრუნდა.

ისე, მე მაინც არ მესმის, როგორ უნდა შეხვედროდნენ ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა ერთმანეთს. ამგვარ შეხვედრებს ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები უძღვის ხოლმე წინ. გასათვალისწინებელია რუსეთისა და დასავლეთის დღევანდელი ურთიერთობაც.

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები თავიდანვე სნაიპერული სიზუსტით იყო გათვლილი.

პრეზიდენტ ბუშისგან განსხვავებით, რომლის იმპულსურმა ქმედებებმა რუსეთის წინააღმდეგ თავის დროზე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, სანქციების მოსამზადებელ სამუშაოებს დიდმა შვიდეულმა დაახლოებით ექვსი თვე მოანდომა და მხოლოდ შემდეგ დაიწყეს ნავთობპროდუქტებსა და სხვა ნედლეულზე ფასების დაწევა. შედეგად 2014 წელს რუსეთში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 10,5%-ით შემცირდა, უმძიმეს დღეში აღმოჩნდა რუსული რუბლი, დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას კი საფრთხე არ შეჰქმნია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ პუტინი ცდილობს, იზოლაციას თავი დააღწიოს. ამ ეტაპზე ამ მიზნის მისაღწევად იგი გაეროს ფორმატის გამოყენებას ეცდება.

- მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი გაეროს ასამბლეაზე დასწრებას აპირებს, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ღარიბაშვილს პუტინთან შეხვედრისკენ მოუწოდებს...

- ჩემი აზრით, ღარიბაშვილ-პუტინის შეხვედრას აზრი არა აქვს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ტერიტორიების დაკარგვას არასდროს შევეგუებით, პუტინი კი უკან არ დაიხევს. ქართულ-რუსული დიალოგი ლატენტურ რეჟიმში უნდა ვითარდებოდეს; მასში შეიძლება ჩაერთონ სამოქალაქო სექტორიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც (არ ვგულისხმობ რუსეთის მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაფინანსებულ ორგანიზაციებს), მაგრამ, როგორც ადრეც ვთქვი, ჩვენ პოსტპუტინურ რუსეთთან ურთიერთობისთვის უნდა მოვემზადოთ. მერწმუნეთ, ეს დროც მალე დაგვიდგება.

- გაეროს მომავალ ასამბლეასთან დაკავშირებით სკანდალს ვერც საქართველოში გადავურჩით. როგორც ირკვევა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროში გასამგზავრებლად პრემიერისა და პრეზიდენტის ვიზიტებს ცალ-ცალკე ამზადებს. ცნობილია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ნიუ-იორკში ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს მიწვევით ჩავა. როგორ ფიქრობთ, აშშ-ში ორი უმაღლესი დონის დელეგაციის ცალ-ცალკე ჩასვლა ქვეყნის იმიჯს არ დააზარალებს?

- ცხადია, დააზარალებს. გული მწყდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში დაგეგმილ იმ დისკუსიაში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რომელიც ქალთა როლის გაძლიერებას შეეხება. იმიტომ არა, რომ ეს უმნიშვნელო ღონისძიებაა, მაგრამ როგორც ვიცი, გიორგი მარგველაშვილი ფემინიზმის ექსპერტი არ არის.

საქართველოს იმიჯს ასეთი ვითარება ვერაფერს შემატებს. როგორც გვაუწყეს, პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს უმსხვილეს ორგანიზაციაში სიტყვით გამოვა, პრეზიდენტი კი შეზღუდული ფორმატისა და პოლიტიკურად არცთუ მნიშვნელოვან სამოქალაქო შეხვედრას დაესწრება. ნიუ-იორკში პრემიერისა და პრეზიდენტის ცალ-ცალკე გამგზავრება სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.

- "საქართველოში რუსეთის გავლენა მხოლოდ მცოცავი ანექსიით არ გამოიხატება, რუსეთის გავლენა იზრდება სხვა კუთხითაც" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, საქართველოში სოკოებივით მრავლდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც, სავარაუდოდ, რუსეთი აფინანსებს. მან ახსენა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც: "პარლამენტის ყოფილი სპიკერი და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ჩადის მოსკოვში, ხვდება პუტინს. არავინ იცის, რაზე საუბრობენ ისინი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ის ჩადის მოსკოვში და ბრუნდება უკან, საქართველოში რაღაც საშინელება ხდება." რას იტყვით ხიდაშელის ამ განცხადებებზე? მართლაც სახიფათოა თუ არა ქვეყანაში რუსული პროპაგანდის ამოქმედების მცდელობა?

- სამწუხაროდ, ქალბატონი თინას სიტყვებში ბევრია სიმართლე. რუსეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზაციას იწყებს მაშინ, როცა საქართველოში მისთვის არასახარბიელო პოლიტიკური და სოციალური მოვლენები ვითარდება. ასე იყო, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დროს. მაგრამ მე ასეთი გააქტიურება მაინცდამაინც სახიფათო არ მგონია: რუსეთს მთელი სამოქალაქო სექტორის მოსყიდვისთვის რესურსი არ ეყოფა, ქართველობა კი რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიას და 2008 წლის ომს არასდროს აპატიებს. რაც შეეხება პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიებს, მათი რეიტინგი ისეთი დაბალია, არა მგონია, ამას ფულმა უშველოს.

ნინო ბურჯანაძეზე კი ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: მოსკოვური ვოიაჟებით უპირველესად მისი ლუსტრაცია ხდება. მეეჭვება, ეს რეალურ საფრთხეს უქმნიდეს ქვეყანას...

- უკვე ცნობილია, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი 27 აგვისტოს გაიხსნება. 26-27 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი ეწვევა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცენტრი საქართველოსთვის? შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დასავლეთი მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ 2008 წელს, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს MAP-ი არ მიენიჭა. ეს კრემლმა დასავლეთის სისუსტედ მიიჩნია და აგვისტოს ომი გარდაუვალი გახადა. თქვენი აზრით, დღევანდელი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება, საქართველოს ნატოსთან დაახლოების გზაზე წინსვლის იმედი ვარშავაში გვქონდეს?

- ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთი თავის შეცდომებს აანალიზებს და თითქმის ყოველთვის სწორ დასკვნებს აკეთებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც ასე მოხდება. თუმცა, შევთანხმდეთ, რომ 2008 წლის ომის მიზეზები უფრო ღრმაა, ვიდრე MAP–-ის მინიჭება-არმინიჭება. ერთ ინტერვიუში ამ მიზეზების გაანალიზება შეუძლებელია და თუ მოისურვებთ, მომავალში მხოლოდ ამ თემაზე ვისაუბროთ. მე იმედიანად ვარ და მიმაჩნია, რომ საქართველომ ვარშავის სამიტზე ხელშესახები წინადადებები და გარანტიები უნდა მიიღოს. სხვანაირად ჩვენი პოლიტიკის ძირფესვიანად შეცვლა მოგვიწევს, თუკი ამისთვის დრო დაგვრჩება. მერწმუნეთ, ნატოს წევრი ქვეყნები ამას კარგად აცნობიერებენ.

- პრემიერმა ღარიბაშვილმა კი უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, მაგრამ მედია ჯიუტად წერს სოფლის მეურნეობის მინისტრ დანელიასა და ხადურ-წულუკიან-ბერუჩაშვილის შეცვლის ვერსიებზე. თქვენი აზრით, შემოდგომაზე მთავრობაში მართლაც მოსალოდნელია ცვლილებები?

- შემოდგომა კარს მოგვადგა, პოლიტიკური პროცესებიც, ალბათ, უფრო დინამიკური გახდება. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ინფორმაცია, როგორი საკადრო პოლიტიკის გატარებას აპირებს საქართველოს მთავრობა, ერთი კი ცხადზე ცხადია - რაღაც აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დააკვირდით თუნდაც ლარის თავგადასავალს. ეს ჩვენი საზოგადოებისა და მმართველი გუნდისთვის ძალიან ცუდია, ამიტომ, ვფიქრობ, ცვლილებები საჭიროა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები, განსაკუთრებით - ეკონომიკური მიმართულებით. იმედია, ეს კარგად ესმის ხელისუფლებას და კონკრეტულ გეგმებზეც მუშაობს.

- ლარი ახსენეთ... ეროვნული ვალუტის კურსი კვლავაც არასტაბილურია და მას უფრო მძიმე შემოდგომას უწინასწარმეტყველებენ. როგორია თქვენი პროგნოზი? ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბოტაჟს ეწევა, მაგრამ ეს საკითხი ჯერ არავის გამოუძიებია...

- ძალიან ცუდია, რომ მთავრობა ასეთი უკბილოა და ერთ გიორგი ქადაგიძეს ვერაფერი მოუხერხა. ბოლოს და ბოლოს, ერთი ახირებული კაცის საბოტაჟს ხომ არ გადავაყოლებთ ქვეყანას?! და ეს რომ საბოტაჟია, ეჭვი არ მეპარება. ვფიქრობ, დროა, ხელისუფლებამ მკაცრი და გაბედული ნაბიჯები გადადგას. დასავლეთის აზრის გათვალისწინება კარგია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის გასაჭირი მთავრობის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს. ლარის კურსის დაცემამ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.

- პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა პარტიებისთვის შეწირული თანხების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2015 წლის პირველი იანვრიდან 31 ივლისამდე ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო ალასანიას პარტიამ - 145 500 ლარი." "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 136 400 ლარი შესწირეს. ბოლო 7 თვის განმავლობაში შემოწირულობების რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა ირმა ინაშვილის პარტია "პატრიოტთა ალიანსი", რომელმაც უკვე 54 980 ლარი მიიღო. რაც შეეხება კოალიციაში შემავალ პარტიებს: რესპუბლიკური პარტიის ანგარიშზე მხოლოდ 18 055 ლარია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ანგარიშზე კი" - 5 065 ლარი...

- ძალიან საეჭვოა, ეს მონაცემები ძალთა რეალურ თანაფარდობას ასახავდეს. ჯერ ერთი,"ქართულ ოცნებას" მაინცდამაინც არ სჭირდება რეგიონული თუ ცენტრალური პარტიული სტრუქტურების შექმნა, რაც აუცილებელია "თავისუფალი დემოკრატებისა" და "პატრიოტთა ალიანსისთვის", ამიტომაც ცხადია, რომ მათ თანხების მობილიზება უფრო ადრე დაიწყეს. ერთი საკითხიც:

როგორც ვიცი, "რესპუბლიკური პარტია" ალიანსიდან გასული არ არის და გაუგებარია, რატომ არ რიცხავს იგი შემოწირულობებს ალიანსის საერთო ბიუჯეტში? 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხომ არ აპირებს?

მოკლედ, რესპუბლიკელთა "მანევრები" ბევრ ეჭვს აჩენს.ისე კი, მერწმუნეთ, არჩევნებისთვის პარტიათა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვლება.

დასასრულ, ჩემთვის ცხადია, რომ 2016 წლის პარლამენტი - მრავალპარტიული, ხოლო მთავრობა კოალიციური იქნება. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში სხვა აქტიორებიც გამოჩნდებიან, ასე რომ, წინ ბევრი სიურპრიზი გველის.

ნათია დოლიძე