"ამ სამთავრობო ცვლილებებით ხელისუფლება თავსაც ირწმუნებს და მოსახლეობასაც, რომ ქმედითია" - კვირის პალიტრა

"ამ სამთავრობო ცვლილებებით ხელისუფლება თავსაც ირწმუნებს და მოსახლეობასაც, რომ ქმედითია"

"მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას უმიზნებს"

"თუ სააკაშვილი გააპრემიერეს, მაშინ ჩვენს მოძმე უკრაინელებს ვურჩევ, საკუთარ გერბზე ერთი ქართული ანდაზა მიაწერონ: "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!.."

"ლამის აზერბაიჯანის, ყაზახეთისა თუ რუსეთის ეროვნული ვალუტების კრიზისიც ჩვენს ფინანსთა მინისტრს დააბრალონ"

დადგა შემოდგომა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი პოლიტიკური სეზონი, სამთავრობო ცვლილებებით, გახსნილად გამოაცხადა. მედიაში თითქმის ორკვირიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი მართლაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა, მისი თანამდებობა კი თბილისის ექსვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა. ჯერჯერობით გაურკვეველია თამარ ბერუჩაშვილის ბედი. მისი მომავალი პრემიერმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს მიანდო, რითაც ზოგიერთ ექსპერტთა კრიტიკაც დაიმსახურა. ქვეყანა მართლაც უამრავი, მათ შორის ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას. როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს ახლანდელი ცვლილებები? - ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

- ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ქვეყნის პირველი დიპლომატის სავარძელში გიორგი კვირიკაშვილის გადანაცვლება პრემიერმა ღარიბაშვილმა ეკონომიკაზე ორიენტირებული დიპლომატიის აუცილებლობით ახსნა...

- ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკაზე ორიენტირებული დიპლომატიის განვითარება. იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ისეთივე მაღალი დონის დიპლომატად ჩამოყალიბდება, როგორი დონის ეკონომისტიც არის, მაგრამ არის ერთი პრობლემა - ამას დრო სჭირდება, რისი ფუფუნებაც საქართველოს არა აქვს. თუმცა, თუ მან მოკლე ხანში პირველ მოადგილედ სწორედ ქალბატონი ბერუჩაშვილი შეარჩია, მაშინ მართლაც ძლიერ ტანდემს მივიღებთ, რაც აუცილებლად გამოადგება ქვეყნის საგარეო ურთიერთობებსაც და ეკონომიკასაც. სიმართლე გითხრათ, ამ ცვლილებების მთავარი შინაარსი სულ სხვა მგონია, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ, აქ კი მხოლოდ ერთს ვიკითხავ: ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა იქცეს ქმედით თანამდებობად ვიცე-პრემიერის პოსტი?! მიმაჩნია, რომ საგარეო ურთიერთობებში ეკონომიკური მიმართულების გაძლიერება შეიძლებოდა ბერუჩაშვილის მინისტრობის შემთხვევაშიც, თუ ამ სფეროს კურირებას ვიცე-პრემიერი კვირიკაშვილი გაუწევდა, თუმცა, ამ საკითხზე ახლა მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია, რადგან ცვლილებები უკვე განხორციელებულია.

- მოვისმინე ვარაუდიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კვირიკაშვილისთვის დროებითი თანამდებობაა და მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ამზადებენ...

- კარგად გვქონია საქმე, თუ საქართველოს ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო ისეთი ხელწამოსაკრავი ჰგონიათ, რომ შეიძლება ვიღაცამ ეს პოსტი მხოლოდ ტრამპლინად გამოიყენოს. მეეჭვება, ასე იყოს, მით უფრო, რომ კვირიკაშვილს, ალბათ, გაუჭირდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კონკურენცია გაუწიოს ისეთ "ძლიერ ფინანსისტს", როგორიც ამხანაგი მეჭიაურია. ხომ ცხადია, რომ ეს ბატონი ძალიან ცდილობს, თავი მოაწონოს იმ ერთ ადამიანს, რომელიც საქართველოში თანამდებობების გამნაწილებელი ჰგონია. ამას ნახევრად ხუმრობით კი ვამბობ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტარი მეჭიაური სწორედ ამ თანამდებობას უმიზნებს და მისი ფრაზეოლოგიაც ბოლო ხანს ასეთი "გამორჩეული" იმიტომ გახდა.

- ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილის ბედი გიორგი კვირიკაშვილს გადააბარა. ბევრმა ეს განცხადება არაკორექტულად მიიჩნია...

- ძალიან კარგი, თუ ახალ მინისტრს მიეცემა საშუალება, თვითონ შეარჩიოს თავისი მოადგილეები და ამაში აღარავინ ჩაერევა, როგორც აქამდე ხდებოდა. ისე კი,

ვერა და ვერ ვეღირსეთ საკადრო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება, რომელ თანამდებობაზე რა პრინციპით უნდა შეირჩნენ ადამიანები...

ხელისუფლება ვერ ახერხებს, ისე წარმართოს პოლიტიკური პროცესები, რომ მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს, ამიტომ ასე ცდილობს პოლიტიკური სივრცის გამოღვიძებას. ამ სამთავრობო ცვლილებებით ხელისუფლება თავსაც ირწმუნებს და მოსახლეობასაც, რომ ქმედითია და რაღაცის შეცვლა შეუძლია. მან პიარტექნოლოგიაზეც უარი თქვა; ანუ ერთი პრობლემაა, რომ ხელისუფლება ხშირად უმოქმედოა, მეორე კი ის, რომ თუ ახერხებს და რამეს აკეთებს, ამას საზოგადოება ვერ იგებს.

- ფიქრობთ, რომ ამ პოლიტიკურ სეზონზე მთავრობაში კიდევ იქნება გადაადგილებები?

- დიახ, სამთავრობო ცვლილებებს უახლოეს მომავალში კიდევ ველი. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა, ხელისუფლებამ მოსახლეობას შეახსენოს, რომ რაღაცას აკეთებს. ისე, ამ სამთავრობო კარუსელზე ათი კაცის წინ და უკან ტრიალს თუ აპირებენ, იქნებ წინასწარ ის მაინც გვითხრან, ერთ თანამდებობაზე კონკრეტულ ადამიანს რამდენი ხნით ნიშნავენ.

- ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომლის დაძლევა პარლამენტმა გასულ კვირას მოახერხა, თუმცა, ჩვენ ვნახეთ საკმაოდ დაძაბული საპარლამენტო განხილვა - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა არცთუ კორექტულად მოიხსენია ქვეყნის პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კოალიციის წევრებმაც გააპროტესტეს. რესპუბლიკელებმა, მათ შორის ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, თამაზ მეჭიაური მკაცრად გააკრიტიკეს...

- მეჭიაურის განცხადებები ნამდვილად გასცდა ზრდილობის ფარგლებს და ძალიან კარგია, რომ რესპუბლიკელებმა ამ ბატონის გამო წარმოქმნილი უხერხულობა პარლამენტსა და კოალიციას მოაშორეს. მეჭიაურზე აღარაფერს ვიტყვი, მისთვის ფუფუნებაა ამდენი ლაპარაკი. სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში ვერა და ვერ მოხერხდა რულარული და ურბანული ცნობიერების ჰარმონიზაცია. განსხვავებული აზრის მიუღებლობა და სხვაგვარად მოაზროვნეთა მტრებად მიჩნევა მარტო პოლიტიკური სივრცის კი არა, მთელი საზოგადოების პრობლემაა. ამის მთავარი მიზეზი გაუნათლებლობაა.

- ბოლო დროს ხშირად გამოითქმის ვარაუდი, რომ საარჩევნოდ შეიძლება ახალი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელშიც "თავისუფალ დემოკრატებსა" და რესპუბლიკელებთან ერთად, პრეზიდენტსაც ვიხილავთ...

- ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას არ აპირებს. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებსა" და რესპუბლიკელებს, ამ ეტაპზე ესეც შეუძლებელი მგონია. ისე, ბოლო დროს ერთი ტენდენცია შევნიშნე: მედიის ნაწილი უცებ იწყებს რომელიღაც პოლიტიკური ძალისა თუ პოლიტიკოსების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ასეთი შტურმი განახორციელეს "თავისუფალ დემოკრატებზე", ახლა მათი სამიზნე რესპუბლიკური პარტიაა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ინსპირირებულია ხელისუფლების შიგნიდან. კოალიციის შიგნით ვიღაც ცდილობს რესპუბლიკელების დისკრედიტაციას იმგვარად, რომ მათ სხვაგან, სხვა პოლიტიკურ ალიანსში წასვლის სურვილი არ გაუჩნდეთ.

- "იმედმა", როგორც თვითონ ამბობენ, პოლიტიკური ტოქშოუები შეაჩერა, არხიდან წავიდა ინგა გრიგოლია, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია; ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტიკური ტოქშოუ შეიძლება გაჩერდეს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"... როგორ ფიქრობთ, რა ხდება?

- მეეჭვება, ქალბატონი ინგა გრიგოლიას მიმართ ვინმეს აგრესია ჰქონდეს, მისი ჟურნალისტური გამოცდილების შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ საზოგადოებაში მისი გადაცემისადმი დამოკიდებულება ნამდვილად არაერთგვაროვანი იყო. მივიჩნევ, რომ ეს გადაცემა არ უწყობდა ხელს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა ისედაც სასოწარკვეთის ზღვარზეა, არ შეიძლება ხალხს მუდმივად აჟიტირებისკენ უბიძგებდე. პირდაპირ ეთერში მუდმივად დაპირისპირება, არეულობა, ხმაური, ლანძღვა-გინება, ვფიქრობ, უარყოფითად აისახება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, არის საზოგადოების ნაწილი, ვინც ასეთი გადაცემების ყურებით იფხანს გულს და ალბათ, მოსწონს კიდეც, მაგრამ პრობლემების გონივრული განხილვა, ანალიზი და დასკვნის გამოტანა ამ დროს შეუძლებელია. რაც უნდა ობიექტური იყოს ასეთი გადაცემა, ის მაინც ვნებს ქვეყანას. თუმცა საკითხავია - საკუთარი გადაწყვეტილებით გააჩერა ტელეკომპანიამ ეს გადაცემები თუ ვინმეს გავლენით?ამ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე "იმედის" მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს ველაპარაკე და სწორედ ეს ვუთხარი. მან მიპასუხა, რომ გადაცემა რეიტინგული იყო, რითაც ძალიან კმაყოფილი იყვნენ. ბუნებრივია, მაინტერესებს, რა მოხდა ამ მოკლე ხანში და რატომ შეიცვალეს პოზიცია?! მოკლედ, ბევრი კითხვაა...

- ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაძვირდა. დამეთანხმებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც აზიანებს ხოლმე ხელისუფლების იმიჯს, სწორედ კომუნალური გადასახადების ზრდაა, მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ამომრჩეველს ლამის ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა...

- სამწუხაროდ, ამას ვერ გავექცეოდით. ჩემი აზრით, ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა ვითარების გათვალისწინებით, საკმაოდ ადეკვატურად. თუმცა, ეს ნამდვილად არის ის ქვა, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლების ბოსტანში ისვრიან. ზოგჯერ იქამდეც კი მიდიან, რომ ლამის აზერბაიჯანის, ყაზახეთისა თუ რუსეთის ეროვნული ვალუტების კრიზისიც ჩვენს ფინანსთა მინისტრს დააბრალონ, რაც არასერიოზულია.

- უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ, სააკაშვილი კი მოქმედ პრემიერ იაცენიუკს დაუპირისპირდა. რას იტყვით, თუ ექსპრეზიდენტი მართლაც დაინიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრად, ის ქართულ პოლიტიკურ პროცესს საბოლოოდ გაემიჯნება? ან რას მოუტანს მისი პრემიერობა უკრაინას, ქვეყანას, რომელიც, ფაქტობრივად, ომობს რუსეთთან?

- მეეჭვება, სააკაშვილმა თუნდაც უკრაინის პრემიერობის შემთხვევაში აიღოს ხელი საკუთარ მიზანზე - დაბრუნდეს ადეიშვილ-მერაბიშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, ეს მისი ოცნებაა. იმედია, "ქართული ოცნება" ისეთ შეცდომებს არ დაუშვებს, რომ სააკაშვილს ოცნება აუხდინოს...

თუმცა, ხომ ფაქტია, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ძველი ხელისუფლებიდან უამრავი ხალხი გადაბარგდა. ეს შეეხება როგორც რეგიონებს, ასევე ცენტრალურ რგოლებსაც, მაგალითად, პროკურატურას, სადაც კვლავაც ადეიშვილის კადრები წყვეტენ ბევრ რამეს. გავიხსენებ ერთ ფაქტს: ადეიშვილის"წყალობით, იმჟამინდელი პარლამენტის ერთ-ერთი წევრი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. მან სიკვდილის წინ დატოვა წერილი, რომელშიც დაწვრილებით ჰყვებოდა, ვინ, როგორ და როდის აიძულებდა ქონების დათმობას, როგორ გააკოტრეს და ვალებში ჩააგდეს... კარგა ხანია, ეს წერილი პროკურატურაშია, მაგრამ გამოძიებას საშველი არ დაადგა.რაც შეეხება მათ, ვინც სააკაშვილის პრემიერობას ითხოვს, თუ სააკაშვილი გააპრემიერეს, მაშინ ჩვენს მოძმე უკრაინელებს ვურჩევ, საკუთარ გერბზე ერთი ქართული ანდაზა მიაწერონ: "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!.."

- მსოფლიო შეძრა ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის სირიელი მიგრანტი ბიჭუნას სიკვდილმა. სირიიდან და აფრიკის ჩრდილოეთ ქვეყნებიდან სამხედრო კონფლიქტებს გამოქცეული ადამიანები სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ ევროპაში ჩაღწევას. მსოფლიო შეშფოთებულია, გაერომ ევროკავშირის ქვეყნებს თხოვნით მიმართა, თითოეულმა ქვეყანამ 200 ათასი ლტოლვილი მიიღოს. მანამდე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კვოტა თითო ქვეყანაში 100 ათასით განისაზღვრება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიგრანტების კრიზისის მოგვარების გზებზე სასაუბროდ უკვე შეიკრიბნენ; გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხის მოსაგვარებლად საკუთარი წინადადებები საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმაც მოამზადეს.

- პრობლემის დაძლევა თუ გინდა, მიზეზს უნდა ებრძოლო და არა შედეგს, მიზეზი კი დასავლეთისთვის კარგა ხანია, ცნობილია, თუმცა, ჯერჯერობით ქმედითი ზომები მის აღმოსაფხვრელად ვერ გატარდა. მიგრანტთა ნაკადი მიაწყდა ევროპას. მათთვის ეს იოლი გზა არ არის, ეს რისკის გზაა, რომლითაც ადამიანები გაუსაძლისი ყოფიდან თავისა და ოჯახის წევრების დახსნას ცდილობენ. უკვე არაერთი ტრაგედია დატრიალდა ზღვასა თუ ხმელეთზე, ათასობით ადამიანი დაიღუპა. პატარა ბიჭის ტრაგედიამ მართლაც შეძრა ყველა, შეშფოთებას ვერ მალავენ ევროპელი ლიდერები, მაგრამ რა იქნება შედეგი?! მართალია, დაგვიანებით, მაგრამ კარგია, რომ ამ საკითხზე სამსჯელოდ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, უკვე გადაწყვეტილია, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირის ლიდერებიც შეიკრიბებიან. იმედია, მოახერხებენ და იპოვიან უსაფრთხო გზებსა და საშუალებებს, რითაც სირიიდან გამოქცეული დევნილები ევროპის ქვეყნებში მშვიდობით ჩავლენ.

დღეს დასავლეთმა შესაბამისი ზომები თუ არ მიიღო, ეს იქნება დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ერთი სახელმწიფო ამ პრობლემას რომ ვერ მოაგვარებს, ცხადია. აუცილებელია კოორდინირებული და ძალიან სწრაფი მოქმედება.

- ბოლო ხანს ჩვენთანაც გამოჩნდნენ სირიელი ლტოლვილები. რა მონაწილეობა შეიძლება მიიღოს საქართველომ ამ პროცესში?

- ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ლტოლვილთა დიდი ნაკადის მიღება გაგვიჭირდება, მით უფრო, რომ ჩვენ ჩვენი დევნილებიც გვყავს, თუმცა, ჰუმანიტარულ პროცესში აუცილებლად უნდა ჩავერთოთ, ოღონდ - ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით. შეიძლება თავშესაფარი ვერ მივცეთ, მაგრამ დახმარება აღმოვუჩინოთ იქ, სადაც ჩადიან, დავეხმაროთ მედიკამენტებით, პროდუქტით, ჩამოვიყვანოთ ბავშვები აქ სასწავლებლად, სამკურნალოდ, თუმცა, ალბათ, სირიელ ლტოლვილთა გარკვეული ჯგუფის მიღებას ნამდვილად შევძლებთ.

- უკვე გაჩნდა მოწოდებები, რომ სირიასა და ერაყში შექმნილი უმძიმესი ვითარების მოსაგვარებლად მსოფლიომ ქმედითი ზომები მიიღოს. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ დადგა დრო, აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა უფრო აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყონ.

- ერთ-ერთი, ვინც ამგვარი ერთიანი ფრონტით მოქმედების ინიციატივით გამოდის, რუსეთია, რომელიც სათავისოდაც ფიქრობს და ამგვარად ცდილობს რეაბილიტაციას დასავლეთის თვალში. აქ იმდენი ინტერესია ჩახლართული, ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

ფაქტია, პროცესი ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და ეს საქართველოს ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად შეეხება.

ნათია დოლიძე