მტრულად განწყობილი "დემოკრატიის დარაჯი ძაღლი"
22-02-2010
"რუსეთს ჩვენ ისე ვექცევით, როგორც ძალიან სუსტ და ურთიერთობაში რბილ ქვეყანას"

"უკრაინისგან იარაღის შესყიდვები უბრალოდ უნდა დავივიწყოთ"


მას შემდეგ, რაც "პირველი კავკასიური" ტელევიზიის მეშვეობით "რუსეთის ჩაგრულ ხალხებამდე" სიმართლის მიტანა ვერ მოხერხდა, ქართველმა პარლამენტარებმა სახალხო დიპლომატიის გზა აამოქმედეს და მტრულად განწყობილი რუსეთის ჯინაზე ჩრდილოკავკასიელ კოლეგებს პირუთვნელი და უღალატო მეგობრობა შესთავაზეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული დემოკრატია ქართულზე უარეს თუ არა, უკეთეს დღეში ნამდვილად არ არის,  ვშიშობთ, პუტინის ხელდასხმის გარეშე ჩრდილოკავკასიელები ქართველების გზავნილთან
მიახლოებასაც ვერ გაბედავენ...

თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვადგა, პოლიტიკოსები კი კვლავაც იმაზე ბჭობენ: ყველას მინუს ერთი თუ ყველას პლუს ერთი; პრაიმერი ორ კანდიდატს შორის, პრაიმერი ყველას მონაწილეობით თუ არჩევნები სულაც, შიდასარეიტინგო არჩევნების გარეშე... ამ დღეებში განტოლებებთან ერთად თითიც იქნა ნახსენები, საიდანაც მავანნი
თურმე პრობლემებს სწოვენ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამასობაში სახელისუფლებო კანდიდატი დროს არ კარგავს და თუ სოციოლოგების პროგნოზებს დავეყრდნობით,  ასე გაგრძელების შემთხვევაში, მაისის ბოლოს ოპოზიცია მართლაც თითის ანაბარა შეიძლება დარჩეს...

დეტალურად ქართული პოლიტიკის თავისებურებებსა და პერსპექტივებზე რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

- ქართველი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მიუხედავად რუსეთისადმი მტრული განწყობისა, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან ურთიერთობისას უნდა გავითვალისწინოთ წარსული და მეგობრობის 18-საუკუნოვანი ისტორია. ამ ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თქვენი აზრით, რა შეიძლება ამის უკან იდგეს - რუსეთისთვის სამაგიეროს გადახდის მცდელობა, თუ კავკასიელ ხალხთა კონსოლიდაცია? ან, რამდენად გამორიცხავს ერთი მეორეს?

- ეს პროექტი წარმატებული და პოზიტიური იქნებოდა იმ შემთხვევაში, მას რუსეთი რომ მიესალმებოდეს და როგორც სახელმწიფო, თავის სამხრეთ რეგიონებს საქართველოსთან ურთიერთობას არ უკრძალავდეს. მაგრამ თუ ფედერალური ხელისუფლება სხვა პოზიციაზეა, მაშინ მის რეგიონებთან ასეთი ურთიერთობა არღვევს იმ ეთიკას, რომლის დარღვევასაც ჩვენ ხშირად ვსაყვედურობდით რუსეთს, როდესაც ის საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებთან, ურთიერთობდა. გახსოვთ, რუსი დეპუტატები და მაღალჩინოსნები თბილისის გვერდის ავლით რომ ჩადიოდნენ სოხუმსა და ცხინვალში, როგორი მძაფრი რეაქცია გვქონდა და საპროტესტო ნოტა ნოტაზე იწერებოდა. ანალოგიურ ნაბიჯს დგამს დღეს საქართველოს პარლამენტი. თუკი მაშინ საყვედურობდი რუსეთს, დღეს იმავეს რატომ იმეორებ? ეს საყვედური ახლა ან შენკენ უნდა მოატრიალო, ან შეიცვალო პოზიცია და განაცხადო, რომ რუსეთი მართალი იყო მაშინ, როცა შენივე რეგიონებთან შენს დაუკითხავად ურთიერთობდა.

ეს ერთი. მეორე - შეიძლება ჩემი ვერსია უფრო მძაფრი იყოს, ვიდრე რეალობაა, მაგრამ თუ წარსულს გადავხედავთ, ჩემთვის თვალში საცემია ასეთი ფაქტების  ერთობლიობა. მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიამ და ჯოჰარ დუდაევმა დაიწყეს ლაპარაკი საერთო-კავკასიურ სახლზე, დაიწყო პროცესების გამწვავება საქართველოში - სამოქალაქო ომი, იარაღის აქტიური დარიგება რუსეთის მიერ ორივე მხარისთვის და შესაბამისად, ამ ომის გაღვივება. მეორე მხრივ, კიდევ ორი ფაქტი დაემთხვა ერთმანეთს - რამდენიმე კვირის ინტერვალში გამსახურდიაც დაიღუპა და ჯოჰარ დუდაევიც. ასე რომ, ამ იდეის მატარებელი ორივე ძლიერი ფიგურა გააქრეს რუსებმა ისე, როგორც მათ სჩვევიათ. ამიტომ არა მგონია, რომ ეს უხიფათო თამაში იყოს. რუსეთს ჩვენ ისე ვექცევით, როგორც ძალიან სუსტ და ურთიერთობაში რბილ ქვეყანას. არადა, სწორედ ურთიერთობაშია რუსეთი ძალიან უხეში და ძალიან თანამიმდევრულად იცავს პრინციპს: მისი რაც არის, საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ოდნავი საფრთხის გამოჩენაზეც კი კრემლს ძალზე ხისტი და მტკივნეული რეაქცია აქვს.

- ამ თემასთან არის ალბათ დაკავშირებული "პირველი კავკასიური" არხის ამბავიც... აცხადებდნენ, რომ ამ არხის მიზანი იყო ობიექტური ინფორმაციის მიწოდება რუსეთის ჩაგრული მოსახლეობისთვის და მათ შორის, პირველ რიგში ჩრდილოკავკასიელებისთვის...

-  ამ არხს რომ დარქმეოდა "გრუზია", ალბათ, თავიდანვე ასეთი რეაქცია არ იქნებოდა. მაგრამ რაკიღა სათაურშივე იყო ჩადებული "საერთო-კავკასიური" მუხტი, ამ დონეზეც კი ეს იდეა რუსეთის აქტიური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, თანაც საწყის ეტაპზევე. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რუსეთი "ყურს მიღმა" ატარებს ამა თუ იმ მოვლენას და განცხადებას, ამჯერად კი, ყველამ ვნახეთ, რა მყისიერი იყო მოსკოვის რეაქცია.

- თავის მხრივ, რუსეთიც ცდილობს საქართველოში გავლენის მოპოვებას. სწორედ ამ მცდელობის შედეგად, თავის დროზე ნაირგვარად  შემკული ყოფილი პრემიერის ბიოგრაფიას "დაღლილ ვირზე" გაცილებით მძიმე ეპითეტები "იუდა" და "მოღალატე" შეემატა. ოპოზიციაში გაჩნდა ფორმულა "ყველა მინუს ერთი" და ამასთან დაკავშირებულმა გამოთქმებმა ობივატელი, ცოტა არ იყოს, დააბნია კიდეც: ერთი მოსაზრებით, ნოღაიდელთან პარტნიორობა იმიტომ არ შეიძლება, რომ ის ოკუპანტ რუსეთთან მეგობრობს, მეორენი მიიჩნევენ, რომ ექსპრემიერს ხელისუფლებისგან ოპოზიციის დაშლა აქვს დავალებული...
- არის მესამე მოსაზრებაც, რომ ნოღაიდელი კრიმინალია... ფორმულაში "ყველა მინუს ერთი" რამდენიმე კითხვა ჩნდება. პირველი - სიტყვა "ყველას" ეხება. ვინ არის ეს "ყველა"? მოიცავს, მაგალითად, იმ პარტიებს, რომელთაც საპარლამენტო ოპოზიციას ვუწოდებთ და რომელსაც კრიტიკულად განწყობილი ოპონენტები "ჯიბის", "სახელისუფლებო" და კიდევ სხვადასხვანაირ ოპოზიციას არქმევენ?  თუკი მათთანაც აპირებს თანამშრომლობას ამ ფორმულის ავტორი, მაშინ ბრალდება, - ნოღაიდელი სააკაშვილის შემოგზავნილიაო, გაუგებარი ხდება. თუკი მათთან არ აპირებს, მაშინ "ყველა მინუს" ერთზე მეტი გამოდის და უნდა ჩამოითვალოს კიდეც, ვინ არიან დანარჩენები. რაც შეეხება "მინუს ერთს" - როდესაც ოპოზიცია ამ ნაბიჯს დგამდა, იმაზეც უნდა ეფიქრა, იქნებ, ეს "ერთი" უკეთეს დღეში ვარდება, ვიდრე დანარჩენები. ვინც პარტიული სპექტრით უკმაყოფილოა და ასეთი რომ ბევრია, არაერთი გამოკითხვით დასტურდება, სავარაუდოდ, უფრო დადებითად განეწყობიან პარტიების მიერ დაწუნებული ნოღაიდელისადმი. ასე რომ, შესაძლოა, ამ ფორმულის ავტორებმა ბუმერანგის ეფექტიც მიიღონ - პროპაგანდა ერთი მხრით წარმართონ და მეორე მხრიდან შემოუბრუნდეთ. რაც შეეხება კრიმინალობას, ეს ჯერ სასამართლოს არ დაუდგენია და თუ შენც ამავე გზით აპირებ სასამართლოს გარეშე კლიშეების მიწებებას, როგორც სააკაშვილი აკეთებს, მაშინ რა განსხვავებაა შენსა და სააკაშვილს შორის?

- პრეზიდენტ სააკაშვილის ლონდონში გამოსვლა საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა როგორც საერთაშორისო, ისე საშინაო ვითარების თვალსაზრისით. სააკაშვილის პროგნოზით, რუსეთ-საფრანგეთის შეთანხმების შემთხვევაში, "მისტრალი" შესაძლოა, ნატოს საზღვაო ძალებს დაუპირისპირდეს და დასავლეთისთვის შავი ზღვის აკვატორიაში უმთავრეს საფრთხედ იქცეს. ამის პასუხად როგოზინმა განაცხადა, ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს თავად სააკაშვილი წარმოადგენსო...
- სააკაშვილს რომ ეს განცხადება არ გაეკეთებინა, კიდევ იყო შანსი ფარული მექანიზმებით საფრანგეთსა და რუსეთზე ზემოქმედებისა. მაგრამ სააკაშვილის განცხადება პრაქტიკულად უკვე რუსულ პოლიტიკურ სიჯიუტეს აამუშავებს და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მოსკოვს არც ჰქონდა დადასტურებული "მისტრალის" შეძენა, ახლა უკვე დაადასტურებს კიდეც და მეტსაც იზამს, რათა არ გამოჩნდეს, რომ სააკაშვილმა თავისი გაიტანა. საერთოდ, ამ ტიპის საჯარო განცხადებები, რაც უნდა დიდი ჭეშმარიტების მატარებელი იყოს (და უდავოდ ასეა) იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, თუ რას გამოიწვევს. როგორც რუსთაველმა ბრძანა, "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების."

- ხომ არ ნიშნავს ეს, რომ სააკაშვილისთვის უკვე ამოწურული იყო კულუარული ზემოქმედების ბერკეტები და ისღა დარჩენოდა, ამ საფრთხის შესახებ ღიად განეცხადებინა, შემდგომში სათქმელი მაინც რომ ჰქონდეს, "ხომ გეუბნებოდითო"?
- თუ ესღა დაგრჩა, მით უმეტეს განცხადებით რას აღწევ? ხომ უფრო მეტ სტიმულირებას ახდენ არასასურველი მოვლენის დასაჩქარებლად? პოლიტიკოსს ვანგას თვისებები არ მოეთხოვება, მათ შორის არც სააკაშვილს. მთავარია პრევენცია და არასასურველის თავიდან არიდება, თორემ "მისტრალის" თემა რომ უარყოფითი შედეგის მომტანია, ამერიკელებმაც კარგად უწყიან და გერმანელებმაც... მეჩვენება, რომ სააკაშვილის ეს განცხადება დროული არ იყო. მით უმეტეს, ცნობილია ამერიკული მხარის უკმაყოფილება ამ შეთანხმების გამო. ისინი არ აპირებდნენ ამ ფაქტთან შეგუებას და გვეცლია, რომ თავისი საქმე დიპლომატიურ კულუარებში მოეგვარებინათ... სააკაშვილის ხმაურიანი შესვლა ამ თემაში მხოლოდ ზრდის იმის ალბათობას, რომ გარიგება შედგება...

- კიდევ ერთი განცხადება, რაც სააკაშვილმა ლონდონში გააკეთა, ქართულ მედიას ეხება. ყოველ შემთხვევაში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მედიის არაპროფესიონალიზმზე ისაუბრა და მტრულად განწყობილი მედიაც ახსენა... ზოგადად, რამდენად მართებულია დეფინიცია "მტრულად განწყობილი მედია" მით უმეტეს, როდესაც განცხადება უცხოეთში კეთდება...

- სიმართლე გითხრათ, არც მახსენება ისეთი ფაქტი, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს, მით უმეტეს უცხოეთში გამოსვლისას, თავისი ქვეყნის რომელიმე სფეროს და მით უმეტეს, მედიის არაპროფესიონალიზმსა და მტრობაზე ელაპარაკოს. ეს არის შენი შიდა საქმე და სიმართლეც რომ იყოს, გარეთ ამაზე მსჯელობისას შენ თვითონ არ აღიქმები მომხიბვლელად. რაც შეეხება პროფესიონალიზმსა და მტრობას - მედია სწორედ ის სფეროა, რომელიც უნდა იყოს მტრული. "დემოკრატიის დარაჯი ძაღლი" დაარქვეს მედიას თავის დროზე. არცთუ ლამაზი, მაგრამ სამართლიანი ეპითეტია. სწორედ ასეთი ჟურნალისტიკის პირობებში არ დარჩება ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება საზოგადოების ყურადღების მიღმა. საერთოდაც, დემოკრატიულ ქვეყნებში ამაზე წუწუნი ცოტა ღიმილის მომგვრელია - აბა, მტრული მედია იქ არის, თუ არის. იქაური მედია რომ არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ასეთი განწყობა ქართველ ჟურნალისტებს არც დაესიზმრებათ... რაც შეეხება არაპროფესიონალიზმს - ცოტა ხნის წინ, სწორედ თქვენს საავტორო რადიოგადაცემაში ვსაუბრობდით ამ თემაზე და ძალიან ბევრმა მსმენელმა დარეკა, რომლებიც არა მედიის, არამედ პოლიტიკოსების არაპროფესიონალიზმზე საუბრობდნენ. ასეთ ვითარებაში კი, ერთი არაპროფესიონალი ფენა მეორისკენ თითს იშვერდეს, ღიმილის მომგვრელია...

- გასულ კვირას თბილისში ერთი არაორდინარული ფაქტიც მოხდა. რამდენად სწორია, როდესაც ადამიანს რისამე დასამტკიცებლად საფლავიდან მიცვალებულის ამოთხრა უწევს? მით უმეტეს თუ იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტია და მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული?
- მე კიდევ დავამატებდი - მით უმეტეს, თუ იქ, ეს ადამიანი არა რომელიმე ჩინოვნიკის, არამედ ქართველი ხალხის ნებით არის დაკრძალული და თუ ვინმეზე შეიძლება ამის თქმა, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიაზე უნდა ითქვას, რომ ის მთაწმინდაზე სწორედ ქართველმა ხალხმა ააბრძანა... ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მიცვალებულის შეურაცხყოფაა. ალბათ, აქ უფრო ქალურმა ემოციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომლის ფონზეც გამსახურდიას ქვრივი არ დაფიქრდა, რა გადაწყვეტილებას იღებდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოგვიანებით მან თავისი ჩანაფიქრი შეცვალა.

- მიუხედავად მთელი მსოფლიოსგან მიღებული მილოცვებისა, უკრაინის ცესკომ იანუკოვიჩის პრეზიდენტად გამოცხადება გადადო, იულია ტიმოშენკოს მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- თქვენს კითხვას ცოტა უფრო განვავრცობ, რადგან ამას წინათ უკრაინელ  ექსპერტებთან მომიხდა ტელეხიდში მონაწილეობა და საკმაოდ საინტერესო ნიუანსები გამოიკვეთა. მეორე მხარეს იჯდა უკრაინის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც იანუკოვიჩის პარტიაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განიხილავენ. მათ ძალიან ტაქტიანად ისაუბრეს როგორც უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, ისე საქართველოსთან მომავალ ურთიერთობაზეც. თქვეს, რომ კიევისა და თბილისის ურთიერთობები იქნება ბევრად უფრო სიმეტრიული, ვიდრე ეს ადრე იყო. ასიმეტრიულად მიიჩნევენ არა მხოლოდ იუშჩენკოსა და სააკაშვილის, არამედ იუშჩენკოსა და დასავლეთის ურთიერთობასაც.

იუშჩენკოს მომხრე, საკმაოდ წონიანი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების აზრით, მომავალში ეს ურთიერთობები დაბალანსებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებაზე იფიქრებენ; რომ იარაღის შესყიდვები უბრალოდ უნდა დავივიწყოთ, ნატოსა და ევროკავშირზე ფიქრს კი თვითონვე დაივიწყებენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს უწყებები თავად ამბობენ უარს უკრაინის ინტეგრაციასა და სრულფასოვან წევრობაზე. როდესაც ვთქვით, რომ ეგებ, არ ღირდა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გადახედვა რუსეთის სასარგებლოდ და კამათი უფრო გაცხარდა, საქართველოს მიმართ მათ კვლავაც დიდი პატივისცემა დააფიქსირეს. თუმცა ისიც თქვეს, რომ არ დავიწყებიათ ქართველი დამკვირვებლების თემა, არ დავიწყებიათ არც გივი თარგამაძის გამონათქვამები, რომლებსაც თურმე უკრაინული მედია ბოლო დრომდე აქტიურად ატრიალებს.

ახსენეს საქართველოს ელჩის მაშინდელი განცხადებებიც... შიდა საქმეებში ასეთი დოზით ჩარევაზე ყველა ქვეყანას გაცილებით მძიმე რეაქცია ექნებოდა, ვიდრე ჩვენ,  ჩვენ ხომ არაფერი მოგვიმოქმედებია... იმიტომ, რომ საქართველო ძალიან გვიყვარს და გასაგებია, რომ შეცდომა მოგივიდათო -  ასეთი იყო მათი პასუხი.  ასე რომ, შეცდომა რომ მოგვივიდა, ამას მკაფიოდ და ნათლად აღიქვამენ და აცხადებენ კიდეც. ამავე დიალოგში ისიც გამოიკვეთა, რომ უკრაინა დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. რადა, ისევე როგორც უკრაინელი ამომრჩეველი, ორად არის გაყოფილი და ამაზე არჩევნების შედეგებიც მოწმობს. ასე რომ, რომელიმე მხარეს თავისი წინადადების გატანა ძალიან გაუჭირდება. მათ არც იმაზე ჰქონდათ ცალსახა პასუხი - განმეორდება თუ არა "მეიდანი", ანუ მასობრივი გამოსვლები. ვეცდებით, თავიდან ავირიდოთო, თუმცა ამის დიდი იმედიც რომ არ ჰქონდათ, ფაქტია. ასე რომ,  ძნელი სათქმელია, რა მოხდება უკრაინაში, როგორც ქუჩაში, ისე პოლიტიკაში.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი

talleyrand
09 იანვარი 2011 23:23
ბატონი რამაზი ნამდვილადაა პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანი და ზოგ-ზოგიერთი მორალის მქადაგებლისგან განსხვავებით პასუხისმგებელია თავის სიტყვებზე.
enigma
14 აპრილი 2010 09:09
ამ "ექსპერტმა" ლეხ კაჩინსკის ჯუჯა უწოდა... ესეთი "ექსპერტები" ნავთლუხის ბაზარში "ფარა ფეთნასეთ"
svani
23 თებერვალი 2010 19:05
დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს.არ მახსოვს ამისი გაუმართლებელი პროგნოზი.და ნეიტრალურობას ინარჩუნებს.ანუ პროფესიონალიცაა და კარგი ადამიანიც.ქართველი ექსპერტებიდან მამუკა არეშიძესთან ერთად საუკეთესოა!

რედაქტორის რჩევით