"დიდი ომის საფრთხე უკვე ყურის ძირშია!"
14-09-2015
"დიდი ომის საფრთხე უკვე ყურის ძირშია!"
"ჩინეთის ჩვენს რეგიონში გამოჩენამ შესაძლოა ისლამური რადიკალიზმის შემაკავებელი როლიც ითამაშოს"

"არ არის გამორიცხული, ევროპაში უახლოეს მომავალში ე.წ. ბრეივიკის სინდრომის აფეთქების მომსწრენი გავხდეთ"


ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთში ვითარება დაიძაბა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ბოლო რამდენიმე თვეა გახშირდა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ერაყში საჯარისო ნაწილები შეიყვანა და "ქურთების მუშათა პარტიის" მებრძოლების წინააღმდეგ მოკლევადიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. თავად ქვეყანაში კი ვითარება იქამდე მივიდა, რომ
ქურთებით დასახლებულ ქალაქ ჯიზრეში დაწესდა კომენდანტის საათი, რომელიც 8 დღე გაგრძელდა. ამ ქალაქში შეტაკებებს ათობით ადამიანი შეეწირა. რა გავლენას იქონიებს მეზობელ და პარტნიორ ქვეყანაში შექმნილი ვითარება საქართველოზე და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში? - გვესაუბრება ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი
ბადრი ნაჭყებია:


- მოდი, გავიხსენოთ, თურქეთში ტერორიზმის თვალსაზრისით ბოლო წლებში რა ვითარება იყო. თურქეთი რამდენჯერმე იქცა "ალ-ქაიდას" სამიზნედ, გარდა ამისა, თავად თურქეთში რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს, მათ შორის""ქურთთა მუშათა პარტია", თუმცა პირადად მე თავს შევიკავებდი მისი ტერორისტულ ორგანიზაციად მოხსენიებისგან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის აშშ-მა არაერთხელ შეიყვანა, ევროპის ბევრ ქვეყანაში მას ტერორისტულ ორგანიზაციად არ განიხილავენ. სულ რამდენიმე დღის წინ 13 წელი შესრულდა ამ პარტიის ლიდერის, აბდულა ოჯალანის დაპატიმრებიდან. როგორც წესი, ამ თარიღს ყოველთვის თან სდევს საპროტესტო აქციები და ქურთების გამოსვლები. თუმცა დღეს შექმნილი ვითარება წინა წლებისგან განსხვავებულია. მოგეხსენებათ, ოჯალანს თურქულმა სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა - ჩამოხრჩობა მიუსაჯა, თუმცა განაჩენი არ აღსრულდა და დღეს ის თურქეთის ხელისუფლების მძევალია და, ფაქტობრივად, ირიბად ჩართულია "ქურთთა მუშათა პარტიასა" და თურქეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებაში.

ამ ორგანიზაციის იდეოლოგია არ ეყრდნობა არანაირ რელიგიურ საფუძველს, ის არის მარქსიზმთან მკაფიოდ დაახლოებული ძალა, რომელიც ბოლო წლებში ყველაფერს აკეთებდა, რათა დასავლელი სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერა მოეპოვებინა. მას კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთანაც. მეტიც, რუსეთს ადანაშაულებდნენ, რომ "ქურთთა მუშათა პარტიის" ბაზები არსებობდა მის ტერიტორიაზე, კერძოდ, იაროსლავის ოლქში.

ამ პარტიას კარგი ურთიერთობა ჰქონდა სომხეთთან. ქურთთა პრობლემა წლების განმავლობაში იდგა თურქეთის წინაშე, დღეს კი ის განსაკუთრებულად გამწვავდა. ეს პრობლემაა ირანის, ერაყისა და სირიისთვისაც, სადაც ეთნიკურად ქურთების დიდი ანკლავებია. იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც სირიაში განვითარდა, "ქურთთა მუშათა პარტიამ" მყარი პლაცდარმი სწორედ სირიაში პოვა. დღეს უკვე აშკარაა, რომ თურქეთი უფრო დიდ ხიფათს ხედავს სწორედ "ქურთთა მუშათა პარტიისგან" და არა "ისლამური სახელმწიფოსგან".

- რატომ, რეალურად გაჩნდა პერსპექტივა, რომ იმ არეულობაში, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთშია, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი ქურთისტანის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რაც თურქეთის ტერიტორიულ მთლია­ნობას საფრთხეს შეუქმნის?

- დიახ, ეს რეალური საფრთხეა. მართალია, ოფიციალური ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თურქული მონაცემებით, თურქეთში მცხოვრები ქურთების რიცხვი 8-დან 12 მილიონამდეა. თავად "ქურთთა მუშათა პარტიის" მტკიცებით კი ეს რიცხვი 20 მილიონს აჭარბებს. ფაქტია, რომ დღეს ქურთების ყველაზე დიდი ანკლავი თურქეთშია.

დღეს თურქეთისთვის ქურთული სეპარატიზმი გაცილებით დიდ საფრთხედ განიხილება, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო", რაც ცხადყოფს, რომ ამ ქვეყნისა და აშშ-ის ინტერესები მნიშვნელოვნად სცილდება ერთმანეთს. დღეს რას ვხედავთ? - ვხედავთ "ქურთთა მუშათა პარტიისა" და თურქეთის სახელმწიფოს პირდაპირ დაპირისპირებას, რამაც მოიცვა თურქული ქალაქები და უკვე შეაღწია საკურორტო ზონაშიც - არეულობაა ზღვისპირა ქალაქ ალანიაში... სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, თურქეთში ფართომასშტაბიანი სისხლის ღვრა დაიწყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ამის პარალელურად გამოცოცხლდა თურქული რადიკალიზმი. შესაძლებელია, რადიკალებმა ქურთებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად დაუწყონ ბრძოლა. იცით, რომ თურქ რადიკალთა სინდისზეა არაერთი სისხლიანი ნაციონალური აქცია, მათ შორის თურქეთში მოღვაწე ქართველის, აჰმედ მელაშვილის მკვლელობაც.

სავსებით მოსალოდნელია, ქურთულ­ სეპარატიზმთან საბრძოლველად თურქული რასის აპოლოგეტები გააქტიურდნენ და ეთნიკურ უმცირესობებს ტერორით უპასუხონ. დიდი იმედი მაქვს, რომ თუ პროცესები ასე განვითარდა, ეს ეთნიკურ ქართველებს არ შეეხება.

მოკლედ, ჩვენი საზღვრიდან ორ ნაბიჯში მოსალოდნელია ვითარების გამწვავება და ჩვენს სპეცსამსახურებს მოვუწოდებ, აქტიურად ითანამშრომლონ ამ დარგის ანალიტიკოს-სპეციალისტებთან, მაქსიმალურად შეისწავლონ ვითარება და დასახონ მოქმედების გეგმები.

- თურქეთი საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოა. ჩვენ ძალზე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს. შექმნილი ვითარება რა გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე? გაგახსენებთ, აგვისტოში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ორჯერ ააფეთქეს. მეორე დანამდვილებით დაუკავშირდა "ქურთთა მუშათა პარტიას".
- ნიშანდობლივია, რომ თავდასხმა მოხდა გაზსადენზე და კიდევ უფრო ყურადსაღებია თავდასხმები ავტომაგისტრალზე მოძრავ ტრანსპორტზე, მათ შორის, ქართველ მძღოლებზეც. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ რა იქნება ხვალ, თუ პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდა? ისევე როგორც გაზსადენი, ავტომაგისტრალიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

ამ ტრანზიტით დიდი თანხა შემოდის საქართველოში და მისმა ჩაკეტვამ შეიძლება ძალიან დააზარალოს ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ პარალელურ გზებზე უნდა ვიფიქროთ.
მე იმათ რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც მიაჩნიათ, რომ თურქეთმა ღრმად შეტოპა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში. დღეს ამ წარმონაქმნის მთავარი საკვები ფინანსურ-ეკონომიკური არტერია - ნავთობით არალეგალური ვაჭრობაა. სამწუხაროდ, ამ ნავთობის მთავარი მომხმარებელი თურქეთია. მეორე საკითხი, რაც დასავლეთში ნამდვილად არ მოსწონთ, არის ის, რომ თურქეთი იქცა რადიკალ ისლამისტთა ტრანზიტ ქვეყნად, სწორედ მისი ტერიტორიის გავლით ხვდება ძალიან ბევრი ისლამისტი ევროპიდან თუ კავკასიიდან "ისლამურ სახელმწიფოში". ფაქტობრივად, თვალნათლივ ვხედავთ, რომ მიუხედავად განცხადებებისა, რომ თურქეთისთვის მიუღებელია "ისლამური სახელმწიფო", ეს ქვეყანა მაინცდამაინც დიდ ინიციატივას არ იჩენს ამ ძალიან საშიშ ძალასთან საბრძოლველად. "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ ლოიალურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგამდე მიიყვანოს თურქეთი.

- ისიც ფაქტია, რომ დასავლეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ქმედით ღონისძიებებს დღემდე ვერ ატარებს.
- გეთანხმებით. რამდენი ხანია ლაპარაკობენ, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა ფუჭია, რომ საჰაერო ოპერაციები უშედეგოა, მაგრამ ლაპარაკს საქმე არ მოსდევს. დღეს უკვე საჯაროდ ამბობენ იმასაც, რომ ერაყიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყვანა დიდი შეცდომა იყო. ობამას ამერიკულმა ლიბერალიზმმა, მცდელობამ, ახლო აღმოსავლეთში მკაცრი ზომები არ გატარებულიყო, უკუშედეგი გამოიწვია. ბევრი ამერიკელი პოლიტოლოგი ამბობს, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმთან ასეთი ფორმით ბრძოლა და მით უფრო ქვეყნის მართვის ბერკეტების სრულად შიიტური უმრავლესობისთვის გადაცემა, დიდი შეცდომა იყო. ფაქტობრივად, შიიტებმა ხელისუფლების უზურპაცია მოახდინეს, დაიწყო სუნიტების დისკრიმინაცია. ეს განსაკუთრებით შეეხო არმიას, სადაც უმეტესად სუნიტები მსახურობდნენ. გააძევეს სუნიტი სამხედროები და შედეგად ეს ხალხი რადიკალთა რიგებში აღმოჩნდა. ისინი კბილებამდე შეიარაღებული არიან და აკონტროლებენ ერაყისა და სირიის ვეებერთელა ტერიტორიას. მათთან დაპირისპირებას სჭირდება დიდი ძალა, დიდი სახსრები, ამას თავს მარტო ერთი ქვეყანა ვერ გაართმევს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დიდი საფრთხეა მთლიანად რეგიონისთვის, რასთან გასამკლავებლადაც გვჭირდება გარანტიები, იქნება ეს ნატოს ბაზები, ახალი ურთიერთობა რუსეთთან თუ სხვა რამ.

რადიკალური ისლამისა და დიდი ომის საფრთხე უკვე ყურის ძირშია. დამერწმუნეთ, ეს ექსტრემისტული იდეოლოგია ძალიან გადამდებია.

- ბოლო ორი თვეა საქართველოს მოქალაქეების სირიასა და ერაყში წასვლის თაობაზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოში რადიკალური ისლამის აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს. ამ რამდენიმე დღის წინ ფონიჭალაში 17 წლის აზერბაიჯანელი ბიჭი მოკლეს. ფონიჭალელები მათ დასახლებაში ვაჰაბიზმის სწრაფ გავრცელებაზე ჩივიან.
- მოგეხსენებათ, ერაყსა და სირიაშიც, ძირითადად, კონფესიური ბრძოლა მიმდინარეობს შიიტებსა და სუნიტებს შორის, არის მცირე მასშტაბის დაპირისპირება ნაციონალურ ნიადაგზეც, მაგრამ თავი დავანებოთ. საქართველოში მუსლიმანი მოსახლეობის დიდ ნაწილს შიიტი აზერბაიჯანელები შეადგენენ, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მათთან ვაჰაბიტი ემისრებიც აქტიურად მუშაობენ. ამ პროცესს სჭირდება ძალზე სერიოზული შესწავლა. ისინი უკვე აქ არიან. სავარაუდოდ, მათი ორგანიზაციები იატაკქვეშეთში მოქმედებენ. არ არის გამორიცხული, მომავალში ამ ნიადაგზე დაპირისპირება. ამიტომაც აუცილებელია კონტრპროპაგანდისტული ზომების დროულად მიღება, აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ იმ არაბული სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან, სადაც ვაჰაბიზმია გავრცელებული.

- ბოლო დღეების უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროპას მიმწყდარი სირიელი მიგრანტები, რომელთაც კარი ამჯერად გაუღეს, მაგრამ მზად არის ევროპა მიგრანტთა ასეთი ნაკადების მისაღებად?

- ამ ერთი ნაკადის მიღებას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდი ნაკადი მოჰყვება. სადამდე გაგრძელდება ეს, ძნელი სათქმელია. ასე მგონია, ევროპა ამას ასე არ შეურიგდება. ამ პროცესს ძალიან ბევრი ევროპელი, მემარჯვენე რადიკალი ეწინააღმდეგება და არ არის გამორიცხული, ევროპაში უახლოეს მომავალში ე.წ. ბრეივიკის სინდრომის აფეთქების მომსწრენი გავხდეთ. ამის წინა პირობად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ალმაცერად უყურებენ ემიგრანტებს აღმოსავლეთ ევროპიდან და თურქეთიდან... რა დამოკიდებულება ექნებათ ევროპელ ნაციონალისტებს ასე მომძლავრებული ისლამური ფაქტორის მიმართ, იმის მიმართ, რომ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ჩნდება დასახლებები, სადაც აბრებით მიგითითებენ, რომ იქ შარიათის კანონები მოქმედებს, ადვილად სავარაუდოა... ეს ბევრ ევროპელს აღიზიანებს. აქედან გამომდინარე, "ბრეივიკის სინდრომის" გაცოცხლება მართლაც რეალური საფრთხეა.

- გამოითქვა ასეთი აზრიც, რომ არსებობს სხვა საფრთხეც, ანუ შესაძლოა, ევროპულ ქვეყნებში რადიკალმა ისლამისტებმა ადვილად მოახერხონ შეღწევა და ერთიანი ტერორისტული შეტევის დაწყება.
- ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. სერბეთის ხელისუფლებამ გამოკვლევა ჩაატარა და გაირკვა, რომ მიგრანტთა დიდ ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ. ეს სწორედ რისკის ასაკია, ისლამისტი რადიკალები დიდწილად სწორედ ახალგაზრდები არიან. რა ზომებს იღებს ევროპა ამის ფილტრაციისთვის, ვერ გეტყვით, თუმცა იმედია, იღებს... თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მიგრანტთა ნაკადის მიუხედავადაც, ევროპაში ისლამური ტერორიზმის საფრთხე აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება. სამწუხაროდ, იმ ლიბერალურმა პოლიტიკამ, რომელიც დასავლეთ ევროპამ აირჩია, შედეგად მოიტანა მოსახლეობის შემცირება. ამის პარალელურად ევროპული იდენტობა მეორეხარისხოვანი ხდება. შედეგად ვიღებთ მულტიკულტურას, რომლის მომავალი ძალიან ბუნდოვანია. ეს მულტიკულტურული საზოგადოება შეიძლება აფეთქდეს... ღმერთმა დაგვიფაროს და, შეიძლება მოხდეს სისხლიანი დაპირისპირებაც, რომელიც დემოგრაფიული, ეთნიკური და რელიგიური დისბალანსის გამო გასული საუკუნის 30-იან წლებში უკვე გვქონდა ევროპაში.

- რა როლი შეიძლება ითამაშოს რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაში? გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ახალი სამხედრო კონტინგენტის სირიაში გადასროლა.
- რუსეთიც ცდილობს თავისი გავლენის საზღვრების დაცვას.
ინფორმაცია, რომ სირიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ლატაკაიში იქნება ძლიერი რუსული ბაზა, ბევრ რამეზე მეტყველებს.
სირიაში რუსეთს უკვე აქვს დასაყრდენი ბაშარ ასადისა და ალავიტების სახით, რომელთა ბედიც სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ისლამისტ რადიკალთა ერთ-ერთი ლოზუნგია "ალავიტები საფლავში, ქრისტიანები - ბეირუთში!" რუსი ინსტრუქტორები უკვე ჩაბმული არიან""ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში. ვიდრე ღიად რჩება ქურთული ფაქტორი და ვიდრე არსებობს არაკონტროლირებადი "ისლამური სახელმწიფო", ჩემი აზრით, რუსეთიც ჩაბმული იქნება სირიის პერმანენტულ კონფლიქტში.

დღეს ვართ მოწმე პროცესისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. ეს არის საზღვრების გადახედვის პროცესი, რაც ძალიან მტკივნეულია და კონფლიქტების გარეშე არ მიმდინარეობს.

- საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობა აშკარად გააქტიურდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის ეკონომიკური ინტერესი, რაც ჩინეთში საქართველოს მიმართ არსებობს. ლაპარაკია ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შემოღების შესაძლებლობაზე. თქვენი აზრით, რას ნიშნავს კავკასიის რეგიონში ჩინეთის გამოჩენა?
- დავიწყოთ იმით, რომ ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს - საკუთარი ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარება-გაფართოებას ცდილობს. როგორც დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, ჩინურ ეკონომიკას რისკი არ აშინებს. ჩინელი ბიზნესმენები ხშირად მიდიან ისეთ რეგიონებში, სადაც მაინცდამაინც სტაბილური ვითარება არ არის. ჩინეთი კავკასიას, როგორც ეკონომიკურ დერეფანს, დიდი ინტერესით უყურებს. ამაში ახალი არაფერია - აბრეშუმის გზა სწორედ ამას გულისხმობდა. მივესალმები ჩვენი პრემიერის წარმატებულ ვიზიტს და აღვნიშნავ, რომ ჩინეთის ჩვენს რეგიონში გამოჩენამ შესაძლოა ისლამური რადიკალიზმის შემაკავებელი როლიც ითამაშოს. თუ დასჭირდა, ეს ქვეყანა თავის ინტერესებს კარგად დაიცავს.

ნათია დოლიძე
ლუკუსგე
16 ივლისი 2016 13:18
საინტერესო სტატიაა, შექმნილი ვითარების,ჭკვიანი და ინფორმირებული ადამიანის მიერ გაკეთებული, კარგი ანალიზი.
qutaiseli
22 სექტემბერი 2015 18:55
ამერიკამ რო კოსოვო აღიარა აღტკინებული იყო ზოგიერთი ქართველი ნაცხროვასთან ერთად არადა ჩვენთვის ეს იყო კატასტროფა მაგრამ ზოგიერთ ბეცს და სულგაყიდულ ქართველს რას გააგებიებ ამას ხოდა აიღო იმ რუსმა და სადაც შეძლო იქ შეუსრულა ამერიკას ამერიკამ კიდე წყალი და პამპერსი გამოუგზავნა ნაცებს რო საცვლები არ დასვროდათ.
ასე მგონია
21 სექტემბერი 2015 10:30
აშკარად მაგ ქურთულ სეპარატიზმსაც რუსული სუნი ასდის. მოკლედ, სიკეთე მოეტანოს ვინმესთვის რუსეთს, ჯერ-ჯერობით არავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში ბოლო 20 წელია მხოლოდ ომი, დაქუცმაცება და არეულობა შეაქვს ყველგან. "რაზდელიაი ი ვლასტვუი" იყო და არის მისი დევიზი. ძალიან ცუდი, თუ ამას ბევრგან ახერხებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამიტომ უნდა დავემორჩილოთ და თან იმის იმედი ვიქონიოთ, რომ თუ თავს მოვუხრით რამეს დაგვიბრუნებს, ვისთვის რა დაუბრუნებია? სხვათაშორის, არც არაფერს გვპირდება, მოტყუებასაც კი არ ცდილობს და თავს ძალით რატომ "იტყუებენ" ზოგ-ზოგიერთები გაუგებარია, თუმცა იტყუებენ კი, თუ დავალება აქვთ ასეთი, იმერიალისტური - ესეც საკითხავია?! პრეტენზიული ტონი დასავლეთის მიმართ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მეტი რა უნდა გაგიკეთოს ამერიკამ და ევროპამ, გეხმარება ეკონომიურად აგერ უკვე 20 წელზე მეტია, შენ თუ კორუმპირებული და არაფრის მაქნისი ხარ რა მისი ბრალია; თავს რომ დაგესხა რუსეთი და გბომბავდა, სწორედ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების პრეზიდენტები ჩამოვიდნენ და გვერდით დაგიდგნენ, ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში განცახადა - თუ ახლავე არ შეწყვეტს რუსეთი დაბომბვას, ჩვენ ჩავერთვებით კონფლიქტშიო, რის შემდეგაც შეწყდა აქტიური საომარი მოქმედებები. ყოველივე ამის არ დანახვა სიბეცეა, უმადურობა, თუ კიდევ სხვა რამ?
P.S. შეგნებულად არავის ვპასუხობ სახელდობრ, რადგან ზემოთ გამოთქმული უსუსური არგუმენტები გახშირდა და არა მხოლოდ აქ გამოთქმული კომენტარების ავტორთა აზრს წარმოადგენს. ბალტიისპირეთში რომ გეცხოვრათ ამას გაბედავდით? იმის მეასედი არ დაუშავებია რუსეთს ბალტიისპირეთისთვის, რაც ჩვენ დაგვიშავა. სწორედ ამიტომ ვაცხადებ - ეს მონური და შეშინებული პოზიცია სამარცხინოა. ერთი საქმეა სიფრთხილე და წინდახედულობა და სულ სხვა რამ არის - ლაჩრობა და კაპიტულანტობა! ასე რომ, საკუთარი საქციელის შეფასებები თქვენთვისვე მომინდვია.

რედაქტორის რჩევით