"აქტიურ პოლიტიკაში სააკაშვილი და ივანიშვილი როდის და რა ფორმით, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად შემოვლენ"
28-09-2015
"აქტიურ პოლიტიკაში სააკაშვილი და ივანიშვილი როდის და რა ფორმით, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად შემოვლენ"
"არ გამოვრიცხავ დაპირისპირებას რესპუბლიკურ პარტიასთან, რომლის გაზრდილი როლიც კოალიციაში აშკარად ძალიან არ მოსწონთ"

"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ბრძოლისთვის კი არა, პოსტსაარჩევნო კრიზისისთვის ემზადება. "ნაციონალები" შეეცდებიან პროცესები ქუჩაში გადაიტანონ და იქ დაამარცხონ "ქართული ოცნება"


ქვეყანაში სულ უფრო აქტიურდებიან პრორუსულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური ჯგუფები, უფრო ხშირად აკითხავს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქს ზოგიერთი პოლიტიკოსი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველ საზოგადოებაში მიზანმიმართულად ხდება პრორუსული განწყობების გაღვივება, რაც აჩენს კითხვას: ხომ არ აამუშავა კრემლმა საქართველოში მორიგი
გეგმა?

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ.

- ბოლო ხანს პრორუსული ორგანიზაციების გააქტიურება აშკარაა, თუმცა ვეჭვობ, მათ ძალაუფლების ხელში აღების რეალური შანსი ჰქონდეთ. საქმე ის არის, რომ დღეს საქართველოს რუსეთთან იმგვარი სისტემური პრობლემები აქვს, რომ წარმოუდგენელია, ქვეყნის საგარეო
ვექტორს რაიმე დაემუქროს. ქვეყნის მოსახლეობის ერთ ნაწილში კომუნისტური ნოსტალგიით განპირობებული სიმპათია რუსეთისადმი აქამდეც იყო, ამას ემატება საზოგადოების ნაწილში არა იმდენად პრორუსული, არამედ ანტიდასავლური განწყობის გაჩენა, რაც იმითაა განპირობებული, რომ დასავლეთმა მოლოდინი ვერა და ვერ გაგვიმართლა. ამიტომაა, რომ
დასავლეთისადმი სკეპტიკურად განწყობილთა რიცხვმა იმატა, რაც კვლევებშიც აისახა. ამ კვლევებს ეცნობიან პოლიტიკოსები და ცდილობენ, პრორუსული პოზიციის შეთავაზებით ელექტორატის ეს სეგმენტი გადაიბირონ. ზოგიერთი ამას კვალიფიციურად აკეთებს­, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, რომელიც პირდაპირ კი არ ლაპარაკობს, რომ დასავლეთი ცუდია, რუსეთი კი - კარგი, არამედ ამბობს, რომ მას აქვს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების შესაძლებლობა.

ზოგიერთი პოლიტიკოსი კი პრორუსული ხაზის გატარებას ძალიან არაკვალიფიციურად და უხეშად ცდილობს. ცდილობენ, ელექტორატის ამ სეგმენტთან მუშაობით დივიდენდები მიიღონ. არ გამოვრიცხავ, რომ ბევრს მერკანტილური მიზნებიც ჰქონდეს, მით უფრო წინასაარჩევნოდ, როდესაც დაფინანსებას ყველა სხვადასხვა მიმართულებიდან ელოდება. ეს ვითარება განაპირობა იმანაც, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი, ძირითადად, საგარეო ორიენტაციის ნიშნით გაიყო, რაც უპირველესად ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" ბრალია. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და პოლიტიკოსები მათ მოგვარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ პოლიტიკურმა მოდამ მოიტანა ის, რომ პოლიტიკურ სპექტრში ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს პროდასავლური, ვიღაც კი - პრორუსული. თუ ვინმე კითხვებს დასვამს, ვთქვათ, ნატოს თაობაზე, ის ავტომატურად ხდება პრორუსული ორიენტაციისა და პირიქით...

- თქვენ კი ბრძანებთ, რომ პრორუსულად განწყობილ ძალებს ხელისუფლებაში გადამწყვეტი ხმით მოსვლის შანსი არა აქვთ, თუმცა სხვა რამ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა...
- საზოგადოდ, თავდაცვის მინისტრის რიტორიკა საკმაოდ აგრესიულია. ხიდაშელი მუდმივად აგრესიული პრესინგის რეჟიმში ელაპარაკება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც, ვფიქრობ, ძალზე სახიფათო და მცდარი გზაა. ამგვარ შანტაჟში შეიძლება პარტნიორი ერთხანს აგყვეს, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ამას ძალიან უარყოფითი შედეგი მოაქვს. გაგახსენებთ, საბერძნეთის პრემიერ ციპრასს, რომელიც ამგვარი აგრესიული ტონით ელაპარაკებოდა დასავლელ კოლეგებს, თავიდან თითქოს ამას რაღაც შედეგი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ვნახეთ, ცივი წყალი როგორ გადაასხეს. ვფიქრობ, ამ ზღვარ­ზე თამაშობს თინა ხიდაშელიც, რაც სახიფათოა.

- ერთია, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ანტიდასავლურად განწყობილ ელექტორატზე ნადირობს, მაგრამ მეორეა თავად რუსეთის ინტერესი და ის, თუ როგორ გამოიყენებს ამას. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ორგანიზაციების გააქტიურება რუსეთიდანაა მართული...
- ნებისმიერი იმპერია, რომელსაც სხვა ქვეყანაში ინტერესები აქვს, სახიფათოა, თუმცა დღეს რუსეთს იმდენი პრობლემა აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გლობალური თვალსაზრისით, ვეჭვობ, კრემლში საქართველოსთან დაკავშირებული რაიმე ახალი გეგმა ჰქონდეთ. მთელი რესურსი დღეს ორი მიმართულებითაა განაწილებული: სირიაში განვითარებული მოვლენები და უკრაინა. მე უფრო ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი ამ პოლიტიკური რია-რიას დროს, რუსეთს ზოგიერთი პოლიტიკოსი თვითონ სთავაზობს საკუთარ თავს, რასაც რუსეთი, ბუნებრივია, გამოიყენებს უფრო საკუთარი პერსპექტივისთვის, ვიდრე დღეს რაიმე მოქმედებისთვის.
არ არის გამორიცხული, ეს განწყობები წაახალისონ როგორც ფინანსურად, ასევე სხვა ფორმით, თუმცა ამას ამ ეტაპზე დიდი ეფექტი არ ექნება. რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ცხადია, ის ნაწილობრივ შეეგუა ევროკავშირთან ჩვენს დაახლოებას, თუმცა მისთვის მიუღებელ თემად რჩება ნატოს გაფართოების საკითხი, რამაც შეიძლება მისი აგრესია გაააქტიუროს. ამას ხვდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, შესაბამისად, დღეს ნატოს გაფართოება აშკარად შორეული პერსპექტივაა, ამიტომაც საეჭვოა ამ ეტაპზე საქართველოს საკითხმა გადაფაროს რუსეთის დანარჩენი პრობლემატიკა. ახალი ფრონტის გახსნა რუსეთისთვის მხოლოდ წამგებიანი იქნება.

- დასავლელ ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ დღეს, როდესაც რუსეთს ამდენი პრობლემა აქვს, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოება უფრო დინამიკური უნდა გახდეს. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Foreingn Policy-მ საქართველოზე სტატია გამოაქვეყნა, რომლის ავტორი მაიკლ ჩეჩირე წერს: "უკრაინაში მიმდინარე ომმა შეამცირა საქართველოში რუსეთის ახალი შეჭრის შანსი, რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის, გააძლიერონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა".
- ვფიქრობ, ეს ასეც ხდება. გავიხსენოთ ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა და საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენა, ოღონდ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დასავლეთი არ არის მზად ამაზე შორს წასასვლელად. ისიც ცდილობს, ესკალაცია ცხელ ფაზაში არ გადავიდეს. რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა ჩვენც შეიძლება გამოვიყენოთ, თუმცა ამ დაპირისპირებაში ორივე მხარე ცდილობს, მეტი მოკავშირე ჰყავდეს თავის ბანაკში, რაც ჩვენისთანა ქვეყნებისთვის ძალზე სახიფათოა­, რადგან, როგორც წესი, დიდი ქვეყნები დიდი დაპირისპირების რომელიღაც ეტაპზე შეიძლება რაღაცაზე შეთანხმდნენ, რისი მცირე ნიშნებიც სირიაში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოჩნდა კიდეც. ამიტომ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებით კი უნდა ვისარგებლოთ, მაგრამ "ფრონტის ხაზიდან" რაც შეიძლება შორს უნდა ვიყოთ, მისკენ არ უნდა მივიწევდეთ, რასაც მუდმივად აკეთებდა სააკაშვილი...

დასავლეთს ახლა დიდი პრობლემები აქვს, დაიწყო მიგრაციის ძალიან სახიფათო ეტაპი, რამაც შეიძლება ააფეთქოს კეთილდღეობისა და თავისუფლების ის ზონა, რასაც ევროპა ჰქვია. მოკლედ, ძალიან ბუნდოვანი და მრავალწახნაგოვანი ვითარებაა.ასე რომ, ზუსტი რეცეპტები არ არსებობს. ერთი მხრივ, გამოცხადებული გვაქვს საგარეო კურსი და აუცილებლად მას უნდა მივყვეთ, მაგრამ სვლის ტემპი მუდმივად უნდა ვარეგულიროთ. ასევე, დასავლეთს მუდმივად უნდა შევახსენოთ, თუ რა მსხვერპლს ვიღებთ მათთვის - თუმცა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახით.

- საქართველო ნელ-ნელა წინასაარჩევნო ფაზაში შედის. სულ უფრო და უფრო საინტერესო პროცესების მოწმენი გავხდებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი კოალიცია და მისი ერთ-ერთი სუბიექტი, პარტია "ქართული ოცნება", მნიშვნელოვან გადახალისებას გეგმავს და უმრავლესობის არაერთი წევრი საარჩევნო სიის მიღმა დარჩება. კულუარული ინფორმაციით, მათ უკვე დაიწყეს ბრძოლა საკუთარი ადგილისთვის.
- ეს კოალიცია ეკლექტური წარმონაქმნია. როგორც წესი, ამგვარი გაერთიანებები ნეგატიური მიზნით იქმნება და წარმატებულია, მაგალითად, ვიღაცასთან ბრძოლისას, მაგრამ ქვეყნის მართვაში მათ სერიოზული პრობლემები უჩნდებათ როდესაც კოალიციაში შედიან ისეთი პირები, ვინც მსოფლმხედველობრივად არათუ ერთმანეთისგან განსხვავდებიან, არამედ დაპირისპირებულებიც კი არიან, ამას სასიკეთო არაფერი მოაქვს. მათი მთავარი შემაკავშირებელი მხოლოდ ის არის, რომ ყველამ იცის, დამოუკიდებლად უსუსურები არიან. ასეთი კოალიციის პირობებში ხელისუფლებას ხშირად უჭირს გადაწყვეტილების მიღება, რისი არაერთი მაგალითი უკვე ვნახეთ. თუ ისინი ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესში კიდევ ახერხებენ თანაცხოვრებას, წინასაარჩევნო პერიოდში ეს ყველაფერი მწვავდება, რადგან იწყება ბრძოლა საკუთარი ადგილისთვის მზისქვეშეთში. მე კიდევ უფრო მეტ გამწვავებას ველი. არ გამოვრიცხავ დაპირისპირებას რესპუბლიკურ პარტიასთან, რომლის გაზრდილი როლიც კოალიციაში აშკარად ძალიან არ მოსწონთ, შეიქმნება პრობლემები კვოტების გადანაწილებისას და ა.შ. თუმცა ამ პროცესში მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს ხელისუფლებაში არ არსებობს არც ერთი ლეგიტიმური პირი და პარტია, მთელი ეს კოალიცია თუ ხელისუფლება, პიროვნულადაც და პარტიულადაც, კვლავ ბიძინა ივანიშვილის მხრებზე დგას.

- საინტერესო თემას შეეხეთ. სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უახლოეს მომავალში რა როლი ექნებათ ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს, ხომ არ გახდებიან ისინი კვლავაც აქტიური პოლიტიკური პროცესების მთავარი პერსონაჟები?
- იმის მიუხედავად, არიან თუ არა ლეგალურად პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ისინი ქართული პოლიტიკიდან ჯერაც არსად წასულან და კვლავაც მთავარი პერსონაჟები არიან... მათ გარდა პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე სხვა ფიგურა არც ჩანს. ამ ორი ადამიანის ნიშნით მიდის მთელი პოლიტიკური პროცესი. ქვეცნობიერად ქართველი საზოგადოება კვლავაც მათზეა ორიენტირებული...
აქტიურ პოლიტიკაში სააკაშვილი და ივანიშვილი როდის და რა ფორმით, არ ვიცი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შემოვლენ.
როგორც კი პოლიტიკური პროცესის პიკი დადგება, ისინი აუცილებლად გამოჩნდებიან. შესაძლოა, ეს მოხდეს არჩევნებამდე, შესაძლოა, პოსტსაარჩევნო პერიოდში, როდესაც, დიდი ალბათობით, პოლიტიკური კრიზისის საფრთხე გაჩნდება.

- გასულ კვირას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც პრემიერი კვლავაც არ მივიდა. როგორც ამბობენ, ღარიბაშვილის გულისწყრომა ამჯერად იმან გამოიწვია, რომ პრეზიდენტმა არაფრით არ თქვა უარი აშშ-ში ვიზიტზე. მოგეხსენებათ, გაეროში საქართველოდან ორი: საპრეზიდენტო და საპრემიერო დელეგაცია გაემგზავრა.
- ცუდია, რომ ამ ორი დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ დრამატულიც არაფერია ამაში, მე უფრო პრეზიდენტსა და სხვა სახელისუფლებო შტოებს შორის დამოკიდებულება მაწუხებს. ეს სახელმწიფოსთვისაა დამაზიანებელი. თუნდაც ამ საარჩევნო პროცესში ხელისუფლებას მეტი გონიერება მართებს. ჩემი აზრით, არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება. მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი პოსტსაარჩევნო ვითარებაში, ფაქტობრივად, ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალია და თუ ჩემი პროგნოზი გამართლდა, შესაძლოა, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მასთან კოორდინირებული მოქმედება. ისე ნუ იზამენ, რომ საკუთარი და ქვეყნის ინტერესიც ამ იწილო-ბიწილოს გადააყოლონ.

- უკვე მეორედ ახსენეთ პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისი. ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ვერ მოახერხებს პარლამენტში უმრავლესობის გაყვანასა და მთავრობის ჩამოყალიბებას?
- არა, მე უფრო სხვანაირ კრიზისს ვვარაუდობ და საამისო გეგმები რომ მუშავდება, ინფორმაციაც მაქვს. საქმე ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებაში უკვე ჩამოყალიბდა აზრი, რომ ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ მასზე უარესი ოპოზიციაა... მოკლედ, ხელისუფლებას ოპოზიციასთან შედარებით რაღაც უპირატესობა ნამდვილად აქვს. ოპოზიციაში კარგად იციან, რომ გამარჯვების შანსი არც ერთ ოპოზიციურ ძალას არა აქვს, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების კიდევ მეტად დისკრედიტაციისა და იმისთვის, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება გაძლიერდეს ნიჰილისტური განწყობა.

სურთ, რაც შეიძლება ცოტა მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე. შედეგად, სახელისუფლებო ძალა კი გაიმარჯვებს, მაგრამ სუსტი ლეგიტიმაციით. ვფიქრობ, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაგალითად, ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დაბრალებით გამოაცხადოს არჩევნები გაყალბებულად და ააგოროს საპროტესტო ტალღა, რომელიც არჩევნებით უკმაყოფილო სხვა ოპოზიციურ ძალებსაც გააერთიანებს. მათი მოთხოვნა იქნება არჩევნების ჩაშლა...

თუ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური ვითარება კვლავაც მძიმე იქნება, ეს საფუძველი გახდება იმისა, რომ ამ ტალღას საზოგადოების ნაწილიც შეუერთდეს. მოკლედ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ბრძოლისთვის კი არა, პოსტსაარჩევნო კრიზისისთვის ემზადება. "ნაციონალები" შეეცდებიან პროცესები ქუჩაში გადაიტანონ და იქ დაამარცხონ "ქართული ოცნება". ამ დროს პრეზიდენტის სიტყვას ოქროს ფასი ექნება. ამიტომაც კარგად უნდა დაფიქრდნენ მთავრობაში და მორჩნენ იმის დემონსტრირებას, რომ პრეზიდენტი ოპოზიციურ ჯგუფშია და არა მათთან.

ნათია დოლიძე
temo
30 სექტემბერი 2015 21:09
სანამ რუსეთში პუტინია და დუმის ეხლანდელი შემადგენლობა თავის შორს დაჭერა ჯობს მათგან სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებია ანექსირებული მათ ულტიმატუმის ენით უნდა ვესაუბროთ არაფრით თავი არ უნდა დავუხაროთ მათ თვითონ არ აწყობთ საქართველოსთან ცუდი ურთიეთობა სანამ გასდით გვემუქრებიან ჩვენ ჩვენი სახელმწიფო უნდა ვაშენოთ და შიგადაშიგ შევახსენოთ რომ ოკუპანტია და ამაზე შერიგებას და დათმობას არ ვაპირებთ მალე რუსეთშიც შეიცვლება მდგომარეობა და ჩვენი აქტიურობის დროც მოვა ძალიან მალე............
daviTi
30 სექტემბერი 2015 19:44
ალექსის ნათქვამს ჩავუმატებდი-"მოქ-კავშირიც","ნაცებიც" და ოცნებაც ერთი წყაროდან მოდიან ,ერთმანეთის ნაშიერებს წარმოადგენენ. ეს არის ძველი საბჭოთა "ელიტა" და მათი ნაშიერები. ვინ იყვნენ ისინი?! ისინი იყვნენ: ყოფილის საბჭოთა პარტიული ნომენკლატურა,ძველი კრიმინალები,ელიტური სასულიერო პირები,ძველი "ცეხავიკები"ან ქარხანა-ფაბრიკების დირექტორები და რაც მთავარია ჩვენი დიადი "ინტელიგენცია. მთელი ეს "ხროვა", ხრავდა უბრალო ხალხს მაშინ და ხრავენ ეხლაც.
aleqsi-s-s anu fu Shenis
30 სექტემბერი 2015 11:34
aleqsi-s -"საერთოდ გაგებაში არა ხარ პოლიტიკის და შენი რომ ვიყო არც დავწერდი არაფერს". გვამცნობს მავანი (aleqsi-s) და თან უხარია და გონია, რომ ეს არის მისი არგუმენტირებული პასუხი ალექს-ის, მართლაც რომ ძალიან მრავლისმეტყველ კომენტარზე.

რედაქტორის რჩევით