"რას ელოდნენ, უნდა დამდგარიყო პრემიერი და პუტინი ეგინებინა?!"
05-10-2015
"რას ელოდნენ, უნდა დამდგარიყო პრემიერი და პუტინი ეგინებინა?!"
"მოვიდა ხელისუფლებაში ახალი ხალხი და მშვენივრად გადაიბარა ყოფილი ხელისუფლების უკანონო პრივილეგიებიც"

"ეს ის გვარამიაა, რომელიც 2007 წელს "იმედის" ქონების დაყადაღებას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევდა და ოპოზიციის ლიდერებს პირდაპირ ეთერში რუსეთის აგენტებად აცხადებდა..."

"ცდილობენ პროვოკაციების აგორებას იმ იმედით, რომ გამოჩნდება საკითხი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, აღაშფოთებს საზოგადოებას და ქუჩაში გაიყვანს..."


ქვეყნის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება გასულ კვირას განსაკუთრებულად გააქტიურდა. გაეროს ასამბლეის 70-ე სესიის მუშაობაში ორი ქართული დელეგაციის მონაწილეობით დაწყებული კვირა ევროსაბჭოს რეზოლუციით, "რუსთავი 2"-ის
გარშემო კიდევ ერთი ხმაურიანი სასამართლო გადაწყვეტილებით გაგრძელდა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხმაურიანი არჩევნებით დასრულდა. ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს ექსპერტ არჩილ გამზარდიასთან ერთად ვაფასებთ.

- რეზონანსული გამოდგა "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული პროცესების თქვენეული შეფასება. მაშინ, როდესაც ტელეკომპანიამ საკუთარ მხარდამჭერებს ფინანსური დახმარება სთხოვა და თანხის გადარიცხვისკენ მოუწოდა,
ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერეთ: "დღევანდელი "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერა ნიშნავს, ფული გადაურიცხო გირგვლიანის, რობაქიძის და სხვების მკვლელების "გაპრავებას", სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო პოლიტიკას, მედიის აბსოლუტურ პოლიტიზებას, ძველი ხელისუფლების დაბრუნების შესაძლებლობას და ა.შ." თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი მომხდარს და სხვადასხვა ტელევიზიაში გადაცემების დახურვას ხსნის ხელისუფლების სურვილით, აკონტროლოს მედია...

- შესაძლოა, ბოლო ხანს ზოგიერთი გადაცემის დახურვის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, მართლაც ხომ არ ცდილობს ვინმე მედიაზე ზეწოლას, მაგრამ ამის მაგალითად "რუსთავი 2" არამც და არამც არ გამოდგება. მკაფიოდ გასამიჯნია ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესები და გადაცემების დახურვა. მოგეხსენებათ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უამრავმა ადამიანმა გამოთქვა პრეტენზია წინა ხელისუფლების დროს დაკარგული ქონების დაბრუნებაზე. სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, ხალხს ქონების დაბრუნებაც სურს. ორი წლის განმავლობაში სიტუაცია თითქმის უცვლელი იყო, ბოლო წელს ეს პროცესი გამოცოცხლდა, გაჩნდა რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც მოქალაქეებს დაუბრუნდათ წართმეული ქონება. ამგვარი სურვილი ჰქონდა ქიბარ ხალვაშსაც, რომელმაც გადაწყვიტა, სამართლებრივად იბრძოლოს. საფუძვლიანია მისი პრეტენზია თუ არა, ამას სასამართლო გადაწყვეტს, თუმცა, ხალვაშს ამ ბრძოლის უფლება აქვს. ეს ტელეკომპანია "ნაციონალური მოძრაობის" დროს იმდენჯერ გაყიდეს და გადააფორმ-გადმოაფორმეს, რომ საზოგადოებასაც აქვს მისი მფლობელების თაობაზე არაერთი კითხვა. ვიდრე ქონება სადავოა, უმრავლეს შემთხვევაში მას აყადაღებენ. ასე მოხდა ახლაც. ეს სამართლებრივი პროცესია, რომელსაც მოჰყვა ეს ისტერია "ნაციონალური მოძრაობისა" და ტელევიზიის მესვეურების მხრიდან, თუმცა, მე მათ ერთმანეთისგან ვერც ვასხვავებ. ვამბობთ "ნაციონალურ მოძრაობას", ვგულისხმობთ "რუსთავი 2"-ს და პირიქით...

მოკლედ, "რუსთავი 2"-ის ქონების განკარგვა, გაყიდვა, გასხვისება და ა.შ. დავის დასრულებამდე, კანონის თანახმად, შეუძლებელია, ამიტომაც გაუგებარია, რატომ გაუკვირდათ, სასამართლომ ამის უფლება რომ არ მისცა.

- თუმცა, იმ ადამიანთა დიდი ნაწილიც კი, ვინც მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2" ერთი კონკრეტული პარტის ტელევიზიად იქცა, ამბობს, რომ ამგვარი პრეცედენტები მედიათავისუფლებას უქმნის საფრთხეს...
- თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მაგალითები იყო ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ: როდესაც სპეცრაზმი შევიდა ტელეკომპანია "იბერიაში", დაარბიეს "იმედი", ტელეკომპანია "მზეს" ფარულად შეეცვალა მფლობელები და ა.შ. ზეწოლა იყო ისიც, რაც "რუსთავი 2"-ს დამართეს, როცა ერთი პარტიის ტელევიზიად აქციეს. ახლა "რუსთავი 2" მაუწყებლობს, მას ამაში ხელი არ ეშლება და ტყუილია გვარამიას განცხადება, დაგვხურესო. ეს ის გვარამიაა, რომელიც 2007 წელს "იმედის" ქონების დაყადაღებას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევდა და ოპოზიციის ლიდერებს პირდაპირ ეთერში რუსეთის აგენტებად აცხადებდა... თუ ეს მაშინ ჩვეულებრივი პროცედურა იყო, დღეს მედიაზე ზეწოლა რატომ გახდა?!

- ერთია, რომ შესაძლოა, ხალვაშს სამართლებრივი ბრძოლის ლეგიტიმური საფუძველი აქვს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, ხელისუფლებამაც სცადოს ხალვაშის გამოყენება ოპონენტის ქმედითი ბერკეტის გასანეიტრალებლად?
- თეორიულად ამის დაშვება, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, "რუსთავი 2" ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად ზოგიერთი გადაცემის პოპულარობისა, ეს ტელევიზია საინფორმაციო ველზე გავლენას ვერ ახდენს, მას არ ენდობიან. ამის მაგალითად გამოდგება ბოლო ორი არჩევნები, როდესაც "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" რუპორი იყო, თუმცა, ამას დიდი ხეირი ექსსახელისუფლებო ძალისთვის არ მოუტანია. ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ტელევიზია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს, მაგრამ არაობიექტურობის გამო საზოგადოებაზე გავლენას ვერ ახდენს. ჩემი აზრით, ხელისუფლებას ხელს აძლევს კიდეც ამ ტელევიზიის არსებობა.
თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაინტერესებულია "ქართული ოცნების" პოლიტიკური განადგურებით, საიდუმლოდ ვეტყვი, რომ ეს გზა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ლიკვიდაციაზე გადის. ეს ნახევრად ხუმრობით, რეალურად კი დღეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ბევრი რამ ვერ გააკეთა, რომ ის არაეფექტიანია. ბუნებრივია, ეს მათ რეიტინგზეც აისახება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც აკლდება "ქართულ ოცნებას", "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს არ ემატება. ადამიანები "ქართული ოცნების" ხელისუფლებას წინამორბედს ადარებენ და უპირატესობას ისევ "ქართულ ოცნებას" ანიჭებენ. ამიტომაც ვამბობ, რომ ხელისუფლების რეიტინგს სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" ამყარებს.

- საინტერესოა ამ პროცესში ექსთავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის, სახელის ამოტივტივება. მოგეხსენებათ, სწორედ მისი ცოლისძმა გეგმავდა "რუსთავი 2"-ის წილის 6 მილიონად ყიდვას.
- "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ტელევიზია შექმნილი ვითარების აჟიტირებით ნამდვილად ცდილობს პოლიტიკური ტემპერატურის აწევას. ისინი, როგორც წესი, ყველა საკითხს პოლიტიკური გარჩევის თემად აქცევენ ხოლმე და ამ საკითხს როგორ გაუშვებდნენ ხელიდან... მედიის თავისუფლებაზე აპელირება საუკეთესო საშუალებაა პოლიტიკური პროცესის ასარევად. მათ კარგად იციან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსი–ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი გზაა. ცდილობენ, როგორმე ხელისუფლებისადმი იმგვარი ნეგატიური განწყობა შექმნან, რომ საზოგადოებამ დესტრუქციული გზით ხელისუფლების გადაყენება მოინდომოს. ეს არის მათი გეგმა, რომლის განხორციელება არაერთხელ სცადეს კიდეც, თუმცა, საზოგადოება მათ პროვოკაციებს არ ეგება. ისინი მაინც ცდილობენ პროვოკაციების აგორებას იმ იმედით, რომ გამოჩნდება საკითხი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, აღაშფოთებს საზოგადოებას და ქუჩაში გაიყვანს...

- როდესაც საქმე მედიის თავისუფლებას ეხება, განსაკუთრებით მწვავეა ხოლმე საერთაშორისო გამოხმაურება...

- სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება საკმარისად არ მუშაობს არც საკუთარი მოსახლეობის და არც საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებისთვის. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს მალავდა, რომ აქტიურად იყენებდა ლობისტურ ჯგუფებს და დარწმუნებული ვარ, ახლაც იყენებს. ჩვენი ხელისუფლება კი ამას არ აკეთებს, რაც მე არასწორი მგონია.
"ნაციონალებს" აქვთ კონტაქტები, ფინანსები, რასაც მშვენივრად იყენებენ დასავლეთში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. "რუსთავი 2"-თან დაკავშირებითაც ამავე გეგმით იქცევიან... ამაზე კარგად უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება და ბოლოს და ბოლოს, როგორც ქვეყნის შიგნით პიარისთვის, ასევე გარეთ ინფორმაციის გასატანად, გარკვეული ქმედითი სტრატეგია შეიმუშაოს.

- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ამ რამდენიმე დღის წინ მიღებულ მკაცრ­ რეზოლუციასაც ხელისუფლების არასაკმარისი მუშაობით ხსნით?
- რეზოლუციაში ორი მნიშვნელოვანი შენიშვნა იყო. მათგან ერთი წინასწარ დაკავებას შეეხებოდა. უნდა გვესმოდეს, რომ ვიდრე ეს პრობლემა საკანონმდებლო დონეზე არ მოგვარდება, შენიშვნებს ევროპიდან ყოველთვის მივიღებთ. რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნების არასამართლებრივ დევნას, რაზეც ასევე ლაპარაკია რეზოლუციაში, აქ კარგად ჩანს "ნაციონალური მოძრაობის" და მათი ლობისტების ნამუშევარი. ეს არ არის ჩანაწერი, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ემუშავა ისე, რომ ევროპარლამენტარებისთვის საწინააღმდეგო დაემტკიცებინა. თუმცა,
ეს რეზოლუცია რეკომენდაციების ნაკრებია, "ნაციონალური მოძრაობა" კი ცდილობს, ის რაღაც საშინელებად წარმოადგინოს, არადა, მათი მმართველობისას უფრო მკაცრი რეზოლუციებიც გვინახავს.

- საინტერესო გამოდგა გაეროს ასამბლეის 70-ე სესია, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტები საყვედურობენ, რომ ასეთ მაღალ ფორუმზე საქართველო, ფაქტობრივად, არავის გახსენებია, თუნდაც დასავლეთისა და რუსეთის გამწვავებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით...
- მე სხვანაირად შევაფასებდი ამ საკითხს. საინტერესოა, ექიმი რატომ არ კითხულობს ხოლმე რომელიმე ყოფილი პაციენტის ამბავს? ალბათ იმიტომ, რომ ის პაციენტი გამოჯანმრთელდა. გადახედეთ თანამედროვე მსოფლიოს. შედარებით ნორმალური განვითარების ქვეყნებს ვინ ახსენებს საერთაშორისო ფორუმებზე?! არავინ... გასაგებია, რომ საქართველო, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, ისეთ როლს არ თამაშობს მსოფლიოში, რომ ყოველ წუთს ინტერესით შესცქეროდნენ. ეს ტრაგედია არ არის.
ევროპა რას აღარ აკეთებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც პროვოკაციებით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, როგორმე შეეჩერებინა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ვითარება დააბალანსა. საქართველომ როგორც იქნა მოიშორა პროვოკაციული ქვეყნის იმიჯი. ის, რომ დღევანდელი მსოფლიოს რადარებზე საქართველო არ ჩანს, უბედურება არ არის. საქართველომ აქტუალობა იქნებ იმიტომ დაკარგა, რომ აქ სიტუაცია შედარებით დამშვიდდა და განვითარების უკეთესი პირობები შეიქმნა?

- თუმცა, ალბათ, ურიგო არ იქნებოდა, ასეთ ფორუმებზე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა წამოჭრილიყო...
- რაც შეეხება კონფლიქტებს, ვხედავთ, რომ წარმატებით მიმდინარეობს არაღიარების პოლიტიკა. დღეს ამაზე მეტის გაკეთება, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

- როგორ შეაფასებთ გაეროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას? ოპონენტებმა რუსეთთან დაკავშირებით საუბრის ტონი დაუწუნეს...

- მაინც რას ელოდნენ, პრემიერი უნდა დამდგარიყო და პუტინი ეგინებინა?! ვინც დიპლომატიის ანაბანა იცის, ხვდება, რომ არსებობს რეალობა და ამ რეალობისადმი მიდგომა. პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო თავისი ინტერესების დათმობის ხარჯზე არ დაიწყებს რუსეთთან ურთიერთობას. ამაზე მეტის თქმა შეუძლებელია.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილს გაეროს ტრიბუნაზე ისტერიკა უნდა მოეწყო, როგორც სააკაშვილი აკეთებდა, ცდება.
ვფიქრობ, პრემიერის გამოსვლა დაბალანსებული იყო. კარგი იყო ეკონომიკურ საკითხებსა და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებლებზე ყურადღების გამახვილება.

- მითქმა-მოთქმის საფუძვლად იქცა გაეროში საქართველოს ორი დელეგაციის ყოფნა, რომელთაგან ერთს - პრემიერი, მეორეს კი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა...
- ორი დელეგაციის წასვლაც არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა პრეზიდენტისა და პრემიერის დაძაბული ურთიერთობა და შეუთანხმებელი მოქმედება. არც ერთი არ ერიდება დროდადრო ურთიერთობის გამწვავებას, რაც არასწორია. საზოგადოება აშკარად კმაყოფილია, როდესაც მათ ერთად ხედავს და არ მოსწონს მათი დაპირისპირება. ეს, ვფიქრობ, არც ხელისუფლებას და არც ქვეყნის იმიჯს არაფერს არგებს.

- გასული კვირის სკანდალად იქცა ე.წ ნარუშილოვკების საქმე. როგორც ვიდეოკადრებში ვნახეთ, ეს დოკუმენტი ჰქონდათ არა მხოლოდ სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებს, არამედ მაღალი თანამდებობის პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც კი. ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში, სავარაუდოდ, ჩანდა ყოფილი პრემიერის დისშვილიც, როდესაც ის პატრულის თანამშრომელს "ნარუშილოვკას" აჩვენებდა... მომხდარს გამოეხმაურა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი. "ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი უკანონო პრივილეგიის გამოყენება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან. მე ყოველთვის მკვეთრ ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც", - წერს ივანიშვილი სპეციალურ განცხადებაში.
- ძალიან კარგია ეს ფაქტები რომ გამომზეურდა. ამ დოკუმენტის გამოყენება წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი ტრადიციაა. ასეთ დოკუმენტებს იყენებდნენ წინა ხელისუფლების დროსაც. ადამიანის ბუნება ასეთია. მოვიდა ხელისუფლებაში ახალი ხალხი და მშვენივრად გადაიბარა ყოფილი ხელისუფლების უკანონო პრივილეგიებიც. ალბათ, არავის აქვს ილუზია, რომ ამ ხელისუფლებაში ყველა ანგელოზია. ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვნია ის, რომ მომხდარს შინაგან საქმეთა მინისტრის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ერთია, როდესაც კანონი ირღვევა და სახელმწიფო ამაზე არ რეაგირებს, მაგრამ კარგია, როდესაც ხელისუფლება ამის აღსაკვეთად ნაბიჯებს დგამს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ამაზე განცხადება ყოფილმა პრემიერმაც გააკეთა და მომხდარი დაგმო, რაც მისასალმებელია.

ნათია დოლიძე
qutaiseli
07 ოქტომბერი 2015 14:12
მიხუინები მცოდნეები და კომპეტენტურები რომიყავით მიტო შექმენით მილიონი სამუშაო ადგილი გაანთავისუფლეთ მედია და სასამართლო და გააერთიანეთ ქვეყანა სიზმარში რათქმაუნდს აწყონბილი ქვეყანა დატოვა ჩვენმა ბელადმაო მაგ სიმართლით იარა მთელმა ნაცხროვამ და მისმა ზომბებმა.2 მილიონი ქართველი გააქციეთ ქვეყნიდან ნახევარი მილიონი პრობაციონერად აქციეთ და ბიუჯეტს ავსებიებდით თქვენი მუცლებისთვის.დამიბლოკავენ თორე რისი ღირსიცხართ კარგად იცით ივანიშვილს მოუწოდებ სანამ საბოლოოდ არაქცია ხალხმა მას ზურგი აცალოს ხალხს და ხალხი თვითონ გამოუტანს ამათ განაჩენს.
თბილისელი
07 ოქტომბერი 2015 12:16
damkvirvebeli-ს
მოდი ჯიგარ რა პრემიებზე მორჩით ლაპარაკს რა ალბათ დაგავიწყდა შენ და შენააირებს თებერვალში დეკემბრის პრემიებს რომ იწერდნენ ნაცების მინისტრები,და რა თნხებს ინიშნავდნენ ესეც შედარეთ.ის ირმა ნადირაშვილი სად იყო მაჩინ ყრუ და ბრმა იყო ვერ ხედავდა ეხლა გაეხილა თვალები.და ხალვაში ეხლა რატომ ჩივისო აბა კუბლაშვილი რომ იყო სასამართლოში მაშინ უნდა ეჩივლა გამაგებინეთ ჰა?
აჰაააა
06 ოქტომბერი 2015 14:00
პროვოკაციას ხალხი უფრო კარგად გამოიყენებს,თქვენ მხოლოდ ხელი არ შეუშალოთ და ამ კუნთმაგარი ზონდერებისაგან ბუღლამას გაგიკეთებთ.არავის არ ავიწყდება მაგათი საქციელი მიტინგებზე და ციხეში.ასე რომ,არ დაგვიჭიროთ და დანარჩენს ..........!ცოტათი თუ დაგვაფინანსებთ,მთლად კარგი.

რედაქტორის რჩევით