როგორ უკავშირდება ერთმანეთს აგვისტოს ომის გამოძიება და მალაიზიური ბოინგის ჩამოგდება? - კვირის პალიტრა

როგორ უკავშირდება ერთმანეთს აგვისტოს ომის გამოძიება და მალაიზიური ბოინგის ჩამოგდება?

"არ დაგავიწყდეთ, რომ ეს გაავრცელა მედიასაშუალებამ, რომელიც უკრაინელი ოლიგარქის - კოლომოისკის საკუთრებაა, ის კი მამასისხლად არის გადამტერებული სააკაშვილს"

"უკვე წლებია, NDI კვლევის ჩატარებას უკვეთს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს, რომელიც არათუ დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან", არამედ ლამის მისი გაგრძელებაა"

"აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. ჩვენი ვალდებულებაა ისიც, რომ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გავხადოთ და ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ მოვუაროთ," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2013 წლის 8 აპრილს, ანუ 2 წლისა და 6 თვის წინ, დღეს კი მოწმენი ვართ, რომ ჰააგის სასამართლოში შესულია პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა და 3-4 თვეში გაირკვევა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაიწყებს თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას. ქალბატონი პროკურორის თქმით, ჰააგის სასამართლოს ამ საკითხით დაინტერესება გამოწვეულია ქართული მხარის უმოქმედობით. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ.

- საქართველოში ვერც ძველი და ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში რომ ვერ მოხერხდა ამ საქმის გამოძიება სწორედ, ერთი მხრივ, არაპროფესიონალიზმის, მეორე მხრივ კი - პოლიტიკური ნების არქონის ბრალია. ვიცით, რომ რამდენჯერმე დაიწყეს ამ საქმის გამოძიება, თუმცა, უშედეგოდ... ორივე ხელისუფლების დროს ბუნებრივად ჩნდებოდა კითხვა, რატომ არ ხდებოდა ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომელთაც აშკარად ჰქონდა საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი ნორმების დარღვევის ნიშნები? ორივე ხელისუფლება ხელს ტალიავინის კომისიის დასკვნისაკენ იშვერდა და ამბობდა, რომ ეს რუსეთისა და ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლების აგრესიული ქმედებების შესაფასებლად საკმარისი იყო, თუმცა, ეს დასკვნა ჩვენი საზოგადოებისთვის საკმარისი არასდროს ყოფილა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი მაინცდამაინც ახლა?

- საინტერესოა, ამ მოვლენებს რუსულ პრესაში რა შეფასებები მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი წამოწყებულია რუსეთის საწინააღმდეგოდ, რაშიც, ჩემი აზრით, რაციონალური მარცვალი ნამდვილად ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს ეს პროცესი დაიწყო საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, ანუ ვიღაცას სწორედ რუსეთის საწინააღმდეგოდ ძალიან დასჭირდა ამ თემის გააქტიურება, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის პირველადი ინფორმაცია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს საქმე შეეხებოდა ქართულ-ოსურ დაპირისპირებას და დამნაშავესაც მათ შორის ეძებდნენ... თუმცა, ეს მე მივიჩნიე შირმად, რომ ამ საქმის აღძვრის გამო რუსეთს ხმაური არ აეტეხა.

რასაკვირველია, ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის რეჟიმის დადანაშაულებაც შეიძლება, მაგრამ იმ ომის მთავარი სუბიექტი რუსეთია, რომელსაც გამოძიება გვერდს არ და ვერ აუვლის.

- თეა წულუკიანმაც განაცხადა, ჰააგის სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობაში რუსეთის როლი შესუსტებულიაო...

- შესაძლოა, საწყის ეტაპზე რუსეთის როლი მართლაც შესუსტებულად წარმოაჩინონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ გამოძიების ყულფში თავგაყოფილი სწორედ რუსეთი აღმოჩნდება.

- გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ბენსუდას შუამდგომლობას თან ახლავს სავარაუდო ეჭვმიტანილების სია. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს ამ საქმის ფიგურანტი? თუ ელით, რომ კონკრეტულ მაღალჩინოსნებსაც დაეკისრებათ პასუხისმგებლობა?

- ჩვენ თუ მაგალითისთვის მილოშევიჩის საქმეს გავიხსენებთ, მის ბრალდებებში მთავარი ადგილი უჭირავს მის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, რომლებიც ეთნიკური წმენდის ნიშნებს შეიცავს, ასევე იმ მხარდაჭერას, რასაც ის უცხადებდა კოსოვოში მიმდინარე პროცესებს და ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებას. თუ დღეს კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, ეს შეეხება, უპირველესად, იმ თანამდებობის პირებს, ვინც ბრძანებები გასცა და განცხადებები აკეთა ამა თუ იმ ეროვნების ხალხის განადგურების მიზნით. ასეთი ფიგურა 2008 წლის ომის დროს იყო კოკოითი, რომელიც კამერების წინ მოუწოდებდა ქართული სოფლების განადგურებისკენ; ამიტომ დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად მოხვდება დამნაშავეთა სიაში. თბილისში ბევრს აქვს იმედი, რომ თუ ჰააგის სასამართლო გამოიძიებს ომის საქმეს, დასასჯელთა შორის მიხეილ სააკაშვილიც იქნება. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ, ჩემი აზრით, საქმე ცოტა სხვანაირად წარიმართება. სააკაშვილმა ამ ომში თავისი წილი დანაშაულიც ჩაიდინა და შეცდომებიც დაუშვა. მისი მთავარი შეცდომა ის არის, რომ კარგად იცოდა, რუსეთი ომისთვის ემზადებოდა, მაგრამ მაინც გაამწვავა სიტუაცია, ანუ დაგებულ ხაფანგში გაყო თავი. ვემიჯნები იმ აზრს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. მან დაიწყო კონკრეტული ბრძოლა, რაც დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა ომის დასაწყისი. სამწუხაროდ, ჩვენმა პროკურატურამ ამ საქმის გამოსაძიებლად ვერაფერი გააკეთა.

წესით, ომის გაჩაღების ბრალდებით რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი მედვედევიც უნდა მიეცეს პასუხისგებაში, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.

- ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც რუსეთი ომის გაჩაღებას ამართლებს, რუს სამშვიდობო კონტინგენტზე თავდასხმაა. როგორ ფიქრობთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ჰააგის სასამართლოსთვის?

- პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ილარიონოვმა ძალიან საინტერესო გამოძიება ჩაატარა. ამ გამოძიებით ჩანს, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდა რუსული სპეცრაზმი, რომელიც ორივე მხარეს ესროდა. რაც შეეხება ობიექტურ სურათს, ამ კონფლიქტისას ოსური პოზიციიდან ნასროლი ტყვიით პირველად ჩვენი სამშვიდობოები დაიღუპნენ. სხვათა შორის, ეს ამბავი ჰააგის პროკურორმა აქ ყოფნისას გაიგო. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელს, კულახმეტოვს მიმართა, რომელმაც უპასუხა, ოსებს ვეღარ ვაკონტროლებთო. ამის შემდეგ დაძრა ქართული შენაერთი. ჩვენმა კოლონამ რამდენიმე რუსული პოსტი უპრობლემოდ გაიარა... როდესაც ე.წ. გარადოკამდე მივიდნენ, მის სიახლოვეს მდგარი ოსების ტანკიდან დაიწყეს სროლა. ჩვენმა სამხედროებმა ტანკისკენ საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რასაც მოჰყვა სროლა არა მხოლოდ ტანკიდან, არამედ რუსული პოზიციიდანაც. ერთ-ერთი ქართველი ტანკისტის მონაყოლი მაქვს მოსმენილი, რომლის მიხედვითაც ქართული სატანკო კოლონის ხელმძღვანელმა ამის შემდეგ ვიღაცას დაურეკა თბილისში და ჰკითხა, სამშვიდობოების ზონიდან გვესვრიან და როგორ მოვიქცეთო, თბილისიდან კი მიიღო ზეპირი ბრძანება - გაუხსენით ცეცხლიო! ვინ გასცა ეს ბრძანება, არ ვიცი. არც ის ვიცი, სარწმუნოა თუ არა ეს ინფორმაცია. დანამდვილებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ომის დროს ძალიან ბევრი ზეპირი, სატელეფონო ბრძანება გაიცემოდა და ბევრი სრულიად გაუგებარი მანევრირებაც ხდებოდა... ეს ყველაფერი გამოსაძიებელია, თუმცა, ვერ გეტყვით, ჰააგის სასამართლო ამითაც დაინტერესდება თუ მხოლოდ ეთნიკური წმენდის საკითხის გამოძიებას დასჯერდება... ერთ რამეს მინდა მივაქციოთ ყურადღება: როდესაც რაღაც ამგვარი ხდება, აუცილებლად უნდა გადავხედოთ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ვითარებას. დღეს ძალიან აქტუალურია მალაიზიის ბოინგის უკრაინაში ჩამოგდების თემა. ჰოლანდიური მხარის გამოძიებით უკვე დადასტურებულია, რომ ეს იყო რუსული მხარის მიზანმიმართული ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის ჰააგაში გაგზავნას არ აპირებენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ორი თემა - აგვისტოს ომის გამოძიება და ბოინგის ჩამოგდება, ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ანუ რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს შორის გარკვეული ჯაჭვი იბმება. ამ საქმეში მთავარია არა სასამართლოს ვერდიქტი, არამედ ის, რომ მსოფლიო საზოგადოების თვალში რუსეთის მოქმედება სათანადოდ შეფასდეს. არ გამოვრიცხავ, მალე მესამე თემაც გამოჩნდეს, მაგალითად, სირიაში რუსეთის მიერ დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობის... ამ პროცესებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. ეს არის სწორედ ჰიბრიდული ომის ნიშანი...

- ამ პროცესიდან საქართველომ რა მოგება შეიძლება ნახოს?

- საქართველოს საკითხი კვლავ დაბრუნდება მსოფლიოს დღის წესრიგში, მაგრამ ეს დაბრუნება წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უტყუარ და სერიოზულ დოკუმენტაციას წარვადგენთ. ეს უნდა იყოს ძირისძირობამდე გამოკვლეული და მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით გამყარებული დოკუმენტები. უამრავი მასალაა დაგროვილი საქართველოს სხვადასხვა უწყებაში, რომელთაც საომარ მოქმედებებთან პირდაპირი ან ირიბი შეხება ჰქონდათ. ამ ინფორმაციის მოძიებაა საჭირო. მივიჩნევ, რომ იუსტიციის მინისტრი ამ პროცესში მთავარი ფიგურა უნდა იყოს, თუმცა, აუცილებელია სამთავრობო კომისიის შექმნაც, რათა უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი მასალა მოგროვდეს, მაგალითად, ცხელი ხაზის მასალები...

- აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარუდგინა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას - 59%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს მოახლოებულ არჩევნებში ხმას... კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას"" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - 13%...

- მე ამ კვლევის არ მჯერა, ამიტომაც ამაზე კომენტარი არ მიმაჩნია საჭიროდ. საქმე ის არის, რომ უკვე წლებია, NDI კვლევის ჩატარებას უკვეთს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს, რომელიც არათუ დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან", არამედ ლამის მისი გაგრძელებაა, ამიტომ ამ გამოკითხვებს ვერ ვენდობი. მათი კვლევების მიხედვით გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის 60%-მა არ იცის, მის გარშემო რა ხდება. განა ეს სარწმუნოა?!

ჩანს, რომ მათ სცადეს სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების შედეგის დაკნინება და "ნაციონალური მოძრაობის" "გაქაჩვა", მაგრამ 13%-ს მაინც ვერ ასცდნენ.

ეტყობა, ძალიან ცუდად არის ამ ორგანიზაციის საქმე.

- "ნაციონალური მოძრაობა" "რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას პოლიტიკურ პროცესად აფასებს და ფართომასშტაბიანი პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ისინი სახელმწიფო უწყებების პიკეტირებასაც არ გამორიცხავენ...

- როგორც წესი, ასეთი ტაქტიკა ყველა ოპოზიციური პარტიის ყულაბაშია, ამიტომ დიდ უბედურებად გაბაშვილის განცხადებას არ ვთვლი.

პარტიას საპროტესტო აქციების ჩატარების განზრახვა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ საინტერესო ის არის, დაუჭერს თუ არა მას მხარს მოსახლეობა. ამ დღეებში გამართეს მათ აქციები, რომლებზეც არცთუ ცოტა ხალხი იყო, მაგრამ ეს არ იყო ფართომასშტაბიანი პროტესტისთვის საჭირო რაოდენობა, არადა, მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს "ნაციონალური მოძრაობის" მაქსიმუმია... ტელევიზია ყარამანაშვილების იქნება თუ ხალვაში დაიბრუნებს, ამის გამო ხალხი ქუჩაში არ გავა, მით უფრო - თუ ამ საკითხზე ბევრს ნიკა გვარამია ილაპარაკებს. საზოგადოებას ის კარგად ახსოვს გენერალური პროკურორის მოადგილის ამპლუაში, როდესაც "იმედის" დაყადაღებასა და დარბევას "აპრავებდა", ამიტომაც ის რაც მეტს ილაპარაკებს სიტყვის თავისუფლებაზე, მით მეტად გააშარჟებს და არასერიოზულს გახდის ამ საკითხს.

არის თუ არა ეს თემა პოლიტიკურ ჭრილში განსახილველი?- რა თქმა უნდა, არის, რადგან "რუსთავი 2" ერთი პარტიის ტელევიზიაა და რაც უნდა სამართლიანად მიმდინარეობდეს სამართლებრივი პროცესი, ეს პოლიტიკური გარჩევის თემა ხდება.

- უკრაინულმა ვებგვერდმა Tube.ua-მ სამეგრელოს ერთ-ერთ სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცს სექსუალური ძალადობის შედეგად აიძულებენ ჩვენების მიცემას. არადა საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი ტიპის ვიდეომასალები განადგურდა.

- ამ ვიდეოჩანაწერების განადგურების დროსაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სადღაც არსებობდა მათი დუბლიკატები, რომლებიც ოდესმე აუცილებლად გამოჩნდებოდა. რისთვის იღებდნენ ამ საშინელებებს? იმისთვის, რომ ადამიანები დაეშანტაჟებინათ. ასეთი ვიდეოჩანაწერები ერთ ეგზემპლარად არ ინახება.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს გაავრცელა მედიასაშუალებამ, რომელიც უკრაინელი ოლიგარქის - კოლომოისკის საკუთრებაა, ის კი მამასისხლად არის გადამტერებული სააკაშვილს. როგორც ვიცი, ამ დღეებში ის იყო ჟენევაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ მას ირაკლი კოდუა შეხვდა... არ გამოვრიცხავ, რომ კოდუას გარდა, სხვებსაც შეხვედროდა. მან, ალბათ, საკმაოდ ძვირად იყიდა ეს ჩანაწერები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ კოლომოისკი ქართულ პოლიტიკურ ელიტას ძალიან კარგად იცნობს.

- შესაძლებელია დავუშვათ, რომ ეს ვიდეოჩანაწერები ჩვენი ხელისუფლების ხელდასხმით მოხვდა უკრაინულ საიტზე?

- არა მგონია. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ მათი გავრცელება უნდოდათ, ამდენ ხანს რას ელოდებოდნენ? ჩემი აზრით, ეს არის ყოფილი სახელისუფლებო გუნდიდან გაცემული ჩანაწერები, თანაც - დიდ ფულად. ზუსტად ვიცი, რომ ბრიუსელში მყოფი კონკრეტული პიროვნება, რომელსაც ამ ჩანაწერების დუბლიკატები ჰქონდა, ხელისუფლებას მათ გადმოცემაზე ევაჭრებოდა, ოღონდ არ ვიცი, მერე მოვლენები როგორ განვითარდა. ჩანაწერების ნაწილი ჰქონდა წინა ხელისუფლების კიდევ ერთ წარმომადგენელს, რომელიც ერთი პერიოდი სოჭში იყო... მოკლედ, ეს ჩანაწერები არსებობს... საკითხავია, კიდევ სად და როდის გამოჩნდება.

ნათია დოლიძე