"პრეზიდენტის გამოსვლა ესკალაციის მცდელობას ჰგავდა" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის გამოსვლა ესკალაციის მცდელობას ჰგავდა"

"ამგვარი საუბარი მართლაც რომ ყოფილიყო, გჯერათ, რომ ამას გვარამია არ ჩაიწერდა?!"

"ვერ გეტყვით, "ქართულ ოცნებას" მისცემს თუ არა ხმას ამომრჩეველი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ტერორი ვინმეს დაავიწყდა"

"სააკაშვილი თავისი მიზნებისთვის ყველას გაწირავს"

პოლიტიკურად საკმაოდ რთული კვირა გადავაგორეთ. სავარაუდოდ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო დაიძაბება. "რუსთავი 2"-ის მფლობელთა სასამართლო დავა კვირის უმნიშვნელოვანესი თემა იყო. ქვეყანაში კვლავ გაისმა პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის მოწოდებები, ამჯერად სიტყვის თავისუფლების პრინციპის დაცვისთვის. მიმდინარე პროცესებს ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად ვაფასებთ:

- ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეარხ "იმედს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის ის აქტიურად დაუჭერს მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას"...

- ამას ველოდი, რადგან მისი მხარდაჭერის გარეშე, ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" წარმატების არანაირი შანსი არა აქვს.

მომეჩვენა, რომ ივანიშვილის გამოსვლა იყო გაცილებით ემოციური, ვიდრე მას საზოგადოდ სჩვევია. არ ვიცი, ეს შესაძლოა, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისის ბრალია. იყო საკმაოდ დამაჯერებელი, თუმცა, ვფიქრობ, რომ მთავრობის მუშაობის შეფასებისას მან გადააჭარბა. მიმაჩნია, რომ ამ სამი წლის განმავლობაში გაცილებით მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

ტრადიციულად, ექსპრემიერი კრიტიკული იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ. აშკარაა, რომ მას სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა მისი პრეზიდენტობისგან და მან გვარიანად გააწბილა. თუმცა ვეთანხმები, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული და არაადეკვატური იყო.

ქვეყანაში ნამდვილად არ არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რის წარმოჩენასაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს და ამაში გიორგი მარგველაშვილმაც წაახმარა ხელი.

- ინტერვიუს ყველაზე საინტერესო ნაწილი მაინც, ალბათ, "ქართული ოცნების" გადახალისებულ სიაზე გაკეთებული განცხადება იყო. ივანიშვილმა თქვა, რომ კოალიციის დღევანდელი დეპუტაციის ნახევარი მომავალ საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდება...

- ეს ნამდვილად აუცილებელია, ძალიან სერიოზული გადახალისება სჭირდება მმართველ კოალიციას, თუმცა ეს არ იქნება ადვილი. სავარაუდოდ, ალბათ, უკვე აქვთ მონახაზი, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს ამ სიაში, ალბათ, მიმდინარეობს კონსულტაციებიც.

- ივანიშვილმა ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ ის არ ერევა ხელისუფლების გადაწყვეტილებებში და არ არის ფორმალური მმართველი.

- დარწმუნებული ვარ, ყოველდღიურ მართვასა და რიგითი გადაწყვეტილებების მიღებაში ივანიშვილი არ ერევა, თუმცა, ვფიქრობ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მის გარეშე არ იღებენ.

ის რჩება კოალიციის ლიდერად, რომელიც მომავალ არჩევნებზე უმნიშვნელოვანესი და გამწევი ძალა იქნება...

- "რუსთავი 2"-ის სასამართლო დავა გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მასზე ბიძინა ივანიშვილმაც ბევრი ისაუბრა. "ნაციონალური მოძრაობა", თავად ტელევიზიის წარმომადგენლები და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური პროცესია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს ტელევიზიის წინააღმდეგ...

- "რუსთავი 2" წარმოადგენს ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური მხარეა. შესაბამისად, სწორედ ტელევიზიის წარმომადგენლები, მისი გენერალური დირექტორი, ყველაფერს აკეთებენ სამართლებრივი პროცესის პოლიტიზებისთვის და თან ამას ხელისუფლებას აბრალებენ. ეს "ნაციონალური მოძრაობის" კარგად აპრობირებული ხერხია - საკუთარი შეცდომები და დანაშაულები სხვას გადააბრალოს. გაისმის დესტაბილიზაციისკენ მოწოდებები, მაგალითად, ტელევიზიის გენერალური დირექტორი გვარამია, რომელიც წინა ხელისუფლების გენპროკურორის მოადგილე იყო, პირდაპირ აცხადებს, რომ თუ სასამართლომ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან. ეს რას ნიშნავს?! აშკარად ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვითარების გამწვავებაზეა წამსვლელი, თუმცა ერთია მათი გეგმები და მეორე ის, რა გამოუვა... ბოლო ხანს მათი საპროტესტო აქციებიც ვნახეთ. ვფიქრობ, ეს არ არის ის მასშტაბი, რასაც ქვეყანაში არეულობის გამოწვევა შეუძლია. მე არ ვამბობ, რომ მოსახლეობა ხელისუფლებით კმაყოფილია, ვერ გეტყვით, "ქართულ ოცნებას" მისცემს თუ არა ხმას ამომრჩეველი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ტერორი ვინმეს დაავიწყდა და მათ დაძახილზე ქუჩაში გაიქცევიან...

- სუს-მა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მუხლით - "შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად" - გამოძიება დაიწყო. ამას წინ უძღოდა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სააკაშვილი და გიგა ბოკერია სტამბოლის აეროპორტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობენ.

- განა ჩვენ ვერ ვხედავდით, რომ "რუსთავი 2"-ის თემის აგორებას ისე ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი არეულობა რომ მოჰყოლოდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამგვარი გეგმა მართლაც არსებობს, თუმცა, ვიმეორებ, ერთია გეგმა, მეორე მისი განხორციელების შესაძლებლობა. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი და დანარჩენებიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ხალხს უპრობლემოდ გაწირავენ. არ ვიცი, სტენოგრამა რეალურია თუ არა, მაგრამ სულ არ იყო მისი გავრცელება საჭირო იმის მისახვედრად, რომ სააკაშვილი თავისი მიზნებისთვის ყველას გაწირავს. მისთვის და საზოგადოდ, "ნაციონალური მოძრაობისთვის", ადამიანი ხომ არაფერს ნიშნავს. ეს მთელი ცხრა წლის განმავლობაში მშვენივრად გვაჩვენეს. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც ყველაფერს დათმობდა, ძალაუფლების გარდა. ის დღესაც ყველაფერზეა წამსვლელი, მას არანაირი მორალური იმპერატივი და მუხრუჭი არ გააჩნია. თუმცა მისი გეგმები სრულიად ქმედუუნარო მგონია. შეუძლებელია, იმ ტერორისა და თავგასულობის მობრუნებას დაუჭიროს ხალხმა მხარი. ჩვენ ეს სახადი მოვიხადეთ... ის, რომ "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერები აკლდება, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას იწყებენ. ჩემი აზრით, მომავალი პარლამენტი იქნება ძალიან ჭრელი და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოგვიწევს...

რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, როდესაც არსებობს სამართლიანი ეჭვი, საქმის აღძვრა ხდება, სხვა საქმეა უკვე მისი წარმოება. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ძიება აჩვენებს ყველაფერს...

- ნიკა გვარამიას თქმით, მას მთავრობიდან დანაბარები შანტაჟის შემცველი გზავნილი გადასცეს და ფარული ჩანაწერების გავრცელებით დაემუქრნენ. მან პროკურატურაში დაასახელა კიდეც ის პირი, ვინც ამ საკითხზე "რუსთავი 2"-ის შენობაში შეხვდა. ეს აღმოჩნდა ალექსი ახვლედიანი, რომელიც, ფაქტობრივად, ამგვარ შუამავლობას უარყოფს.

- ახლა მე და თქვენ ვლაპარაკობთ. ხვალ რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ მაშანტაჟებდით, თუ ამის დამამტკიცებელი რაიმე დოკუმენტი არ მექნება, განა ვინმე დამიჯერებს?! ამ ყველაფერს მტკიცებულებები სჭირდება. ნიკა გვარამია ბავშვი არ არის, საკმაოდ კარგი ადვოკატია და მტკიცებულების ფასი კარგად იცის. ამგვარი საუბარი მართლაც რომ ყოფილიყო, გჯერათ, რომ ამას გვარამია არ ჩაიწერდა?! რა მეგობრობა, სად იცის ამ ხალხმა მეგობრობა?! მაგათ მორალის საზღვრები მოღიავებული აქვთ კარგა ხანია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ "ძვირფას მეგობარს", უბრალოდ, ეს ყველაფერი საკუთარი მიზნებისთვის "გაუჩალიჩა".

- "რუსთავი 2"-ის საქმეს აქვს კიდევ ერთი მხარე - საერთაშორისო რეზონანსი. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება დასავლეთისთვის ძალიან მაღალი ღირებულებაა. ბევრი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარება ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს კიდევ უფრო გადაავადებს...

- ძალიან მეეჭვება, რომ ეს საკითხი გახდეს ვიზალიბერალიზაციის შემაფერხებელი. ამის გარეშეც არაერთი პრობლემაა, რის გამოც, დარწმუნებული ვარ, 2016 წელს ეს საკითხი არ გადაწყდება. ამის გარდა, დასავლეთისთვის ასეთივე მაღალი ღირებულებისაა ქონებრივი უფლება და სასამართლოს თავისუფლება. იმას, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის პარალელურად აკეთებდა, სასამართლოზე ზეწოლა ჰქვია. ამას კარგად ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. გარდა ამისა, ხომ ცხადია, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმის პრობლემა არც ერთ სხვა არხზე არ არის.

- ამ სასამართლო პროცესის პარალელურად ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე, და მის საპასუხოდ პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც ღარიბაშვილს ბრალად დასდო ვითარების კიდევ უფრო გართულება. მარგველაშვილის აზრით, არსებობს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხე, ამიტომაც სურვილი გამოთქვა, გამართოს კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსთან... მან შეხვედრა შესთავაზა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც, თუმცა მისი ინიციატივა ხელისუფლებაში არ გაიზიარეს.

- პრემიერის განცხადება მართლაც გამოუცდელი, თანაც ძალიან გამოუცდელი პოლიტიკოსის განცხადებას ჰგავდა. ვფიქრობ, ღარიბაშვილმა უნდა იმუშაოს საკუთარ გამოსვლებსა და გამონათქვამებზე. ეს აზიანებს მის და საზოგადოდ, მთავრობის იმიჯს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს განცხადება საფრთხის შემცველი არ ყოფილა. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მან ამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან არ აპირებს წასვლას, ახლა კი ცხადად გამოჩნდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ნელ-ნელა ერთვება. ჯერჯერობით, არ ჩანს, ვის გუნდში შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა ყველას წინააღმდეგია. ვფიქრობ, მან კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხეზე ლაპარაკისას აშკარად გადააჭარბა, არც კონსულტაციების აუცილებლობას ვხედავ, თუმცა ყველას აქვს უფლება, ვისაც უნდა, იმას ელაპარაკოს. სამწუხაროდ, პრეზიდენტის გამოსვლა აშკარად ჰგავდა დაძაბულობის ხელოვნური ესკალაციის მცდელობას.

- უკრაინულ საიტებზე სკანდალური ვიდეოჩანაწერების გამოჩენის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თავს დაესხნენ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებს. ზოგან გადაღებეს კედლები, სხვაგან აჭედეს კარი, მათ შორის, დააზიანეს სააკაშვილის ბიბლიოთეკაც. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ჯგუფებს ხელისუფლება მართავს.

- ბიბლიოთეკაზე თავდასხმა ნამდვილად ვანდალიზმია. ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს და დამნაშავეები დაისაჯონ. ხალხში დიდი აგრესიაა, რადგან არა და არ ეღირსა საზოგადოებას სამართლის აღდგენა, რაც ისევ ხელისუფლების ბრალია.

ნათია დოლიძე