"როგორც ზეთი და წყალი არ ერევა ერთმანეთს, ისე მარგველაშვილი ვერ შეერევა "ნაციონალებს"
02-11-2015
"როგორც ზეთი და წყალი არ ერევა ერთმანეთს, ისე მარგველაშვილი ვერ შეერევა "ნაციონალებს"
"ძალიან მაინტერესებს, ამას როგორ შეაფასებენ უცხოელი ექსპერტები, დიპლომატები, რომელთაც სააკაშვილი იდიოტებს ეძახის"

"კრიტიკის მოსმენა ნებისმიერი ბრძენი ადამიანისთვის წამალია. ჯანსაღი კრიტიკით წამლობის გარეშე ნებისმიერი საზოგადოება იფიტება"


"ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე "ნაციონალური მოძრაობის": ლაპარაკი იმის ტოლფასია, "ისლამური სახელმწიფო" ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციას რომ შეუერთდეს"

დღეს სიტყვის თავისუფლებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლა იგივეა, ოსვენცი­მის საკონცენტრაციო ბანაკის შრომით კოლექტივს ებრაელი ხალხის უფლებების დასაცავად რომ ებრძოლა," - პოეტ დავით მაღრაძის მიერ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში
ნათქვამ ამ ფრაზას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებს ამჯერად კვლავ მასთან ერთად ვაფასებთ. თუმცა, სანამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთი წლის წინ დავით მაღრაძეს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის იტალიის სახელმწიფო ჯილდო - იოანე-პავლე მეორის სახელობის წლის პრემია
მიანიჭეს. ერთი წლის შემდეგ კი გამოიცა წიგნი დავით მაღრაძეზე, სახელწოდებით: "ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის", რომელშიც არა მხოლოდ პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეა ლაპარაკი, არამედ მკითხველი პოეტის სამშობლოზეც უამრავ რამეს გაიგებს."მისი შემოქმედება უნივერსალურია. ის არ ეკუთვნის მხოლოდ საქართველოს. როდესაც ვეცნობით მის შემოქმედებას, ვგრძნობთ, რა დაგვავიწყდა. დათო მაღრაძე არ არის მხოლოდ ქართული კულტურის კუთვნილება, ის ყველა ჩვენგანის კუთვნილებაა," - წერს კრიტიკოსი ფრანჩესკა ნერი. დათო მაღრაძესთან ინტერვიუ მილოცვით დავიწყეთ:

- გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებას. საინტერესოა, თუ იგეგმება ამ წიგნის პრეზენტაცია საქართველოში?
- კი, ვგეგმავ, თუმცა, წიგნის პრეზენტაცია ჯერ იტალიაში, სავარაუდოდ, სიცილიაზე, მესინას უნივერსიტეტში გაიმართება. ეს წიგნი მხოლოდ ჩემზე არ არის, ეს არის საქართველოს ისტორიასა და კულტურაზეც. ჩემი ახალი წიგნი გამოვიდა პეტერბურგშიც, რომელიც "ვიტა ნოვამ" გამოსცა. მისი პრეზენტაცია სანკტ-პეტერბურგის მაიაკოვსკის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება. უახლოეს მომავალში ჩემი წიგნების წარდგენა დაგეგმილია რომსა და ლონდონშიც.

- გისურვებთ წარმატებას. ახლა კი მინდა ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბროთ. გასული კვირის უმთავრესი მოვლენა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი იყო, რომელსაც დიდი ხმაური ახლდა...
- თავიდანვე მინდა გითხრათ ერთი რამ: სამწუხაროდ, "რუსთავი 2" კარგა ხანია, "რუსთავი 5"-ად არის ქცეული და რეალურ საქართველოს ეს ტელევიზია არ იცნობს. ცხადია, რომ ყოველი აქციით, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" გაიძახის, მოდით და თავისუფალი სიტყვა გადაარჩინეთო, ეს პარტია სამოქალაქო პანაშვიდებს იხდის. ამ ტელევიზიას, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო არც დამოუკიდებლობასთან და არც სიტყვის თავისუფლებასთან, ის არის "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება, რომლის გამგეც არის ყოფილი პროკურორი. ეს არის რეალობა. ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლაპარაკი იმის ტოლფასია, "ისლამური სახელმწიფო" ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციას რომ შეუერთდეს. მე დიდ პატივს ვცემდი ყოფილ, ნამდვილ "რუსთავი 2"-ს, რომელიც ერთ დროს მართლაც გამოხატავდა თავისუფალ, განსხვავებულ აზრს; მონაწილე ვარ იმ პროცესებისაც, როდესაც შევარდნაძემ ტელევიზიაში შემოსავლების სამსახური გაგზავნა, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა. მე მაშინ "რუსთავი 2"-ს ვიცავდი, დღეს კი ის იქცა "რუსთავი 5"-ად, გამოიცვალა ხუთი თუ მეტი მფლობელი და "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი გახდა. ამდენი ხელიდან ხელში გადასვლის შემდეგ სულ არ მიკვირს, რომ მფლობელთა შორის დავა დაიწყო.

ვხედავ, სურთ ისე წარმოაჩინონ, რომ სიტყვის თავისუფლება უნდა ზღუდავდეს საკუთრების უფლებას, რაც ასე ნამდვილად არ არის.
არავინ აპირებს "რუსთავი 2"-ის გამორთვას, ის აგრძელებს მაუწყებლობას და უნდა გააგრძელოს ნებისმიერ შემთხვევაში.
მფლობელებს შორის დავაა "მაესტროზეც" და რატომ არ ხდება ამ ამბის ხელოვნური აჟიტირება?! ცხადია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ლობისტები დასავლეთში. არ ვიცი, ვისგან რა გარიგებით არის ეს ხალხი დავალებული, მაგრამ ისინიც ცალმხრივად აფასებენ პროცესს და ცდილობენ, ხელოვნურად წარმოაჩინონ საკუთრებისთვის დავა, როგორც ხელისუფლების შეტევა თავისუფალ სიტყვაზე.
ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ერთი რამ მაქვს სათქმელი: ჩემი ფორმულა მარტივია - აშშ დაკარგავს სააკაშვილს და იპოვის საქართველოს... იმედი მაქვს, დასავლეთში სამართლებრივ შეფასებას მისცემენ იმასაც, რომ უცხო ქვეყნის გუბერნატორი ავალებს და აწყობს გადატრიალებას სხვა ქვეყანაში. ძალიან მაინტერესებს, ამას როგორ შეაფასებენ უცხოელი ექსპერტები, დიპლომატები, რომელთაც სააკაშვილი იდიოტებს ეძახის. მე არ მივიჩნევ მათ იდიოტებად, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე ისინი სწორედ იმის პოზიციას იზიარებდნენ, ვინც მათ ასე მოიხსენიებს. იმედია, მალე ყველაფერი შეიცვლება.

- თქვენ ახლა ის აუდიოჩანაწერები ახსენეთ, რომლებიც ამ ორიოდე დღის წინ უკრაინულმა გამოცემამ - uareview.in.ua-მ გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე - მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერების ავთენტურობა გვარამიამაც დაადასტურა და ბოკერიამაც. გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას ""რუსთავი 2"-ის" სასამართლო პროცესის შესახებ ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციურ სცენარს სთავაზობს. სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისა და სროლისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს...
- ამ სცენარით პროცესების წარმართვა, რა თქმა უნდა, ძალიან უნდა "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვს. არ ვაპირებ სააკაშვილისა და მისი მომხრეების სულელური განცხადებების კომენტარს, ამ ჩანაწერებით გავიგეთ და თვითონაც აღიარეს, რომ უცხო ქვეყნის გუბერნატორი ჩვენს ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგისა და ერთ-ერთი იდეოლოგის საშუალებით არეულობას გეგმავდა.

ვფიქრობ, ყველაფერი უნდა იყოს კარგად გამოძიებული. ცხადია ისიც, რომ არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს, ამ საკითხის აჟიტირებას "ნაციონალური მოძრაობა" "რუსთავი 5"-ის საშუალებით ცდილობდა, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ.
იმის მაგალითი, რომ დღეს ქვეყანაში ყველანაირი აზრისთვის გახსნილია სივრცე და საკუთარი პოზიციის გამოხატვის არავის ეშინია, ისიც არის, რომ ადამიანები, რომელთაც 9 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ, ახლა პირაქაფებულები ლაპარაკობენ და უტევენ ხელისუფლებას. მანამდე თუ ხმას არ იღებდნენ და იყვნენ საკუთარ თავთან განმარტოებულები, ახლა რა მოუვიდათ?!

ახლა დადგა მათთვის სიმართლის თქმის დრო? სიმართლის თქმის დრო ყოველთვის არის, მთავარია, შენ როდის გაქვს ამის შნო. იმისთვის, რომ თავიანთი უსუსური პასიურობა გაამართლონ, ამ ხელისუფლების შეცდომებს ეძებენ...

- ბევრი სჯა-ბაასია იმაზე, თუ ვის შეიძლებოდა ჩაეწერა ეს სატელეფონო საუბრები.
- მე არც უშიშროებაში მიმუშავია ოდესმე, არც ეფ-ეს-ბეში, სააკაშვილისგან განსხვავებით, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეეძლო ამ საუბრების ჩაწერა. რა ვიცი, იქნებ ერთმანეთს კიდევ უსმენენ და უვრცელებენ კიდეც ამ ჩანაწერებს?! ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი...

- რადგან ჩანაწერებზე ვსაუბრობთ, გაგახსენებთ, რომ ორიოდე კვირის წინ ისევ უკრაინულ ვებსაიტებზე გამოჩნდა წამებისა და გაუპატიურების ვიდეომასალა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არის ჩაწერილი და რომელიც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იქ ნაჩვენები სისასტიკის გამო თავის დროზე არ გაავრცელა. არსებობს ეჭვი, რომ ეს კადრები პოლიტიკური მიზნით ისევ ხელისუფლებისგან გავრცელდა...
- კადრების გავრცელებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს საშინელი კადრები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. შეიძლება ასაკობრივი ცენზი დაწესდეს და საჯაროდ არ აჩვენონ, მაგრამ არ შეიძლება ერს დაუმალო ის, რაც მას 21-ე საუკუნეში დაემართა.
ეს ყველაფერი ჩვენ ყველას დაგვემართა. ის, რომ ციხეში თუ ჩვენების მისაღებად ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ჩვენი, ყველას უბედურებაა... ავადმყოფს დიაგნოზი რომ დაუმალო და არ უთხრა, რა მკურნალობა სჭირდება, მოკვდება; ასეა ამ შემთხვევაშიც - ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდა... ნებისმიერი დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ამიტომაც იქმნება სახელმწიფო, მაგრამ აქაც გრადაციები არსებობს. ცივილიზაცია - სახელმწიფო ეძებს და ავლენს დამნაშავეს, კულტურა კი ეძებს და ავლენს ადამიანს დამნაშავეთა შორის. მაგრამ პიპინიას თქმისა არ იყოს, ელდარ შენგელაიას "არაჩვეულებრივი გამოფენიდან": "თქვენ ამას რას გაიგებთ?!" დარჩიაშვილსა და ნოდიას ეს საიდან ეცოდინებათ... ახლა გამახსენდა: ჩვენში ამ ცოტა ხნის წინ დაიწყეს ლაპარაკი, რომ თურმე ზოგიერთ მწერალს კრიმინალური მენტალიტეტი ჰქონია. ნოდარ დუმბაძე და ჭაბუა ამირეჯიბი სწორედ ის კულტურაა, ადამიანს რომ ეძებს, დარჩიაშვილი და ნოდია კი უკულტურობას წარმოადგენენ...

- თქვენ კი ბრძანეთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ამის საშიშროება დაინახა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც სასამართლოსაც კი მიუთითა, ეს გაეთვალისწინებინა, რასაც მოჰყვა მწერალთა ერთი ჯგუფის წერილი, რომელშიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ...
- ვფიქრობ, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე პრეზიდენტის განცხადება ძალიან გადაჭარბებული და არასწორი იყო.
რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ამიერიდან მედიატორ ნელსონ მარგველას, მინდა, ირაკლი კაკაბაძის სულისკვეთება გავიზიარო და ვთქვა: კარგად ვიცნობ იმ კულტურულ წიაღს, საიდანაც ის მოდის, ამიტომ "ნაცების" დიდი მცდელობის მიუხედავად, როგორც ზეთი და წყალი არ ერევა ერთმანეთს, ისე გიორგი მარგველაშვილი ვერ შეერევა "ნაციონალებს".

თქვენს ნახსენებ მწერალთა წერილზე კი გეტყვით: მიუხედავად იმისა, რომ მე ამ წერილს ხელს არ მოვაწერდი, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. ხელმომწერებიდან კარგად ვიცნობ თემურ ჩალაბაშვილს, ვახტანგ ხარჩილავას, გურამ პეტრიაშვილსა და ზაურ კალანდიას, რომელთაც მივიჩნევ ღირსეულ ადამიანებად. ესენი არიან კარგი მწერლები და პოეტები, იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც კომენტარებს აკეთებდა. ერთ-ერთმა კომენტატორმა თქვა, რომ თურმე ისინი "გუგლში" არ იძებნებიან. განსხვავებით "ტუალეტის ჯგუფის" პროგრესისტი მწერლებისგან, შეიძლება ისინი "გუგლში" არ იძებნებიან, მაგრამ იძებნებიან ქართველი ხალხის ფიქრსა და განცდაში.

- ამ ცოტა ხნის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიჰყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს..." რამდენად სწორია მთავრობის მეთაურის მხრიდან ყველა მედიასაშუალების ერთ ქვაბში მოხარშვა?
- არ მომისმენია და ზუსტად არ ვიცი, რა კონტექსტით თქვა ეს პრემიერმა, მაგრამ მედიის ერთ-ერთი ფუნქცია ხელისუფლების კონტროლია, ეს მოსწონს ვინმეს თუ არა. მან უნდა დაწეროს კარგზეც და ცუდზეც. ხელისუფლებაში კი უნდა იცოდნენ, რომ ჯანსაღი კრიტიკა და ოპონირება ყველაზე კარგი მხარდაჭერაა, ოღონდ ეს უნდა იყოს ჯანსაღი და კვალიფიციური ოპონირება და არა - ჩასაფრებული და ქვეყნის ნგრევაზე ორიენტირებული. ეს არ უნდა იყოს ორიენტირებული არც იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიქცეს ეს ხელისუფლება და მოვიდეს ის, რომელიც ვიღაცას უნდა. კრიტიკის მოსმენა ნებისმიერი ბრძენი ადამიანისთვის წამალია. ჯანსაღი კრიტიკით წამლობის გარეშე ნებისმიერი საზოგადოება იფიტება.

თავის დროზე წინა ხელისუფლებისთვის მთავარ წყალგამყოფად იქცა გირგვლიანის მკვლელობა, რომელიც სწორედ მედიასაშუალებით გახმაურდა. სწორედ მაშინ გამოჩნდნენ ე.წ. შუაშისტები, რომლებიც ცდილობდნენ, არ დაენახათ, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ქვეყანაში კი ხდებოდა ის, რომ მაღალჩინოსნებმა წაიყვანეს ოქროყანის ტყეში ახალგაზრდა კაცი, აწამეს და მოკლეს. ამის შემდეგ პარლამენტი ტაშის გრიალით შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მთელმა სახელისუფლებო ვერტიკალმა დაიწყო დამნაშავეების გამართლება, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი ეს ამბავი არაფრად ჩააგდო... თავს იმართლებდნენ, რომ სახელმწიფოს მშენებლობისას ვიღაცა შეიძლებოდა გაწირულიყო... ეს პოზიცია რით განსხვავდება სტალინის ნათქვამისგან, რომ ერთი ადამიანის მკვლელობა ტრაგედიაა, ათასების კი - სტატისტიკა?.. თუმცა ე.წ. შუაშისტებმა ტრაგედიადაც ვერ აღიქვეს 26 წლის ბიჭის მკვლელობა. მათთვის არსებობდა ზეიდეა, რის გამოც არ ღირდა ამაზე ყურადღების გამახვილება. ეს ზეიდეა რა იყო, იცით? საქართველოს სინგაპურიზაცია და ამ გზაზე მაღალჩინოსნებს ჰქონდათ უფლება, ადამიანები დაეხოცათ. ამ ე.წ შუაშისტებს, მათ "სვეცკურ" მოძრაობას შეადგენენ ადამიანები, რომლებმაც თვისტომი ითაკილეს, დღეს კი ბევრს ლაპარაკობენ. მაგათი საქმე, იცით, როგორ არის? ბავშვი წყალს რომ მიჰქონდეს და შენ მაინც წყლის უფლებებზე ლაპარაკობდე... დღეს ყველაზე უარესად, "ნაცმოძრაობაზე" უარესადაც კი, ჩვენი საზოგადოების ეს ნაწილი გამოიყურება...
როგორც უკვე ვთქვი, გირგვლიანის საქმე იყო წყალგამყოფი, ვინც გაღმა დარჩა, მათ საქართველოში არასდროს არც ერთ არჩევნებში არ აირჩევენ, არც იმათ, ვინც ხელისუფლების დანაშაულებს მუსიკალური ფესტივალებით ფარავდა. ისინი შეიძლება დანიშნონ სადმე, რაც ხდება კიდეც დღეს, მხოლოდ დანიშნონ... გამგები გაიგებს...

- თუმცა ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა ...
- გეთანხმებით, ბევრი დაპირება ჯერ შეუსრულებელია. ყველა დაპირება შეიძლება ვერც შესრულდეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, უნდა ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და მოვთხოვოთ იმის გამოსწორება, რაც სათანადოდ არ კეთდება, თუმცა, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სადმე არსებობს იდეალური ხელისუფლება. როგორი კარგიც უნდა იყოს ხელისუფლება, კრიტიკა და ოპონირება მას სულ სჭირდება - უკეთესობის სურვილი ხომ მამოძრავებელი ძალაა. მოდი, არსებული რეალობიდან გამომდინარე ვისაუბროთ. პენიტენციარულ სისტემაში ხომ შეწყდა ხალხის წამება? შეიძლება კიდევ იყოს ერთეული შემთხვევები, მაგრამ ადამიანებს ნამდვილად აღარ აუპატიურებენ. ჯანდაცვის სისტემაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა გატარდა - დღეს საქართველოში ადამიანს ავად გახდომის აღარ ეშინია. ეს კვიტაშვილის 5-ლარიანი დაზღვევა ხომ არ არის?! ადამიანები ურთულეს ოპერაციებს იკეთებენ და სიცოცხლეს ინარჩუნებენ. გაიხსენეთ ც ჰეპატიტის უმნიშვნელოვანესი პროგრამა. ამ ავადმყოფობით ჩემი თაობა მასობრივადაა დაავადებული. კი ბატონო, ეს ჩვენი უთავბოლო ცხოვრების ბრალია, მაგრამ მის უფასო მკურნალობაზე ხომ ვერც ვიოცნებებდით... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს გარშემო თუ მიმოიხედავთ, ყველგან ცეცხლია, სამყარო ხანძარშია გახვეული, შორს თუ ახლოს, და პირველად ბოლო წლების განმავლობაში, სიგიჟის ეპიცენტრში ჩვენ არ ვართ, ყველა ტრაგედიას თავზე არ ვიმხობთ.

მეტ-ნაკლებად გარიდებული ვართ ამ ხანძარს და ჩვენს ოკუპირებულ და გაღატაკებულ ქვეყანაში მშვიდობა მაინც გვაქვს... ვიღაცებს კი ესეც არ მოსწონთ, ამის გამოც აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ვიღაცას ერთი სული აქვს, აქ "ბოევიკები" შემოყაროს, უკრაინაში ქართველი ჯარისკაცები გაგზავნოს, ჰპირდებიან ხალხს, ჩვენ დავილეწავთ მკერდზე რუსეთის არმიასო. ოღონდ კი რევანში მოახერხონ და რაღას არ იზამენ...

ნათია დოლიძე
07
05 ნოემბერი 2015 20:07
ეს კაცი არ შუაშისტობდა და ყოველთვის აკრიტიკებდა ქინძებს, მაამებლობაში ადრე არ იყო შემჩნეული. ისე პრემიერი ნამდვილად არის გამოსათლელი.
beriberi
05 ნოემბერი 2015 13:25
ყველაფერი სწორია გარდა ერთისა, ზეთი წყალში ერევა შენჯღრევით, ემულსია გამოდის, წიწაკა დამატებული, კოღოების დასახოცადაა კარგი.
gurami
04 ნოემბერი 2015 23:02
მე ძირითადად ვეტანხმები ამ კაცს

რედაქტორის რჩევით