"ველოდები დადგმებს, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან" - კვირის პალიტრა

"ველოდები დადგმებს, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან"

"კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა "ნაციონალების" დროს "იბერიასთან", "მაესტროსთან", "იმედთან" და ბეჭდვით მედიასთან დაკავშირებით და დღეს მათი მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკი კატეგორიულად მიუღებელია"

მიმაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა ისიც, როდესაც უცხო ქვეყნის გუბერნატორი, ვითომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ურეკავს და დირექტივებს აძლევს

გასული კვირის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესი კვლავ "რუსთავი 2"-ის გარშემო წარიმართა. ჯერ იყო და, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით ტელევიზიის მთელი ქონება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, რამდენიმე დღეში კი ტელევიზიაში დროებითი მმართველებიც ურთმელიძის განჩინებით დაინიშნენ, რასაც როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებგარეთ მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა.

ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ 7 ნოემბერს ჩავწერეთ:

ტელეკომპანია ”იბერია” 2004 წლის თებერვალი

- სიმართლე გითხრათ, 2007 წლის 7 ნოემბერსა და დღევანდელ მოვლენებს შორის ბევრ პარალელს ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაც მახსენდება, არის სახელმწიფო გადატრიალების ვირტუალური საფრთხის შექმნის მცდელობა, რომლის ავტორი მაშინაც და ახლაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ამ პროცესის შუაგულში კვლავ ნიკა გვარამიაა, რომელიც იმჟამად გენერალური პროკურორის მოადგილე და ამ გამოგონილი გადატრიალების მცდელობის "აღკვეთის" ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახლდათ. ახლა კი თავადაა ამ გადატრიალების საფრთხის შექმნის მოსურნე, რისთვისაც ყველაფერს აკეთებს. 2007 წლის 7 ნოემბერი თავიდან ბოლომდე იყო სახელმწიფოს გაუგონარი სისასტიკის გამოვლენის დღე, როდესაც სამაგალითოდ დასაჯეს განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოება, რათა ღირსების შელახვითა და ფიზიკური ძალადობით ქვეყნის მოსახლეობაში შიში დაეთესათ. "იმედში" შეჭრაც ამას ემსახურებოდა. უკვე ცნობილია, როდესაც ამ საკითხს იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები განიხილავდნენ, იყვნენ ტელევიზიაში შეჭრის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ საკმარისი იქნებოდა მაუწყებლობის გათიშვა, მაგრამ საბოლოოდ, ისევ და ისევ შიშის დასათესად, გადაწყვიტეს ამგვარად მოქცეულიყვნენ. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ეს არის "რუსთავი 2"-ის მფლობელებს შორის ქონებრივი დავა, რაც პოლიტიკური ბრძოლის თემად იქცა უპირველესად იმიტომ, რომ ეს ტელევიზია არ არის ჩვეულებრივი მედიასაშუალება. ის გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ორგანო, რომელსაც ვერაფრით ელევიან და მზად არიან, ამისთვის ქვეყნის ინტერესებიც კი დააზარალონ.

ვითარება სახიფათოა, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, იმოქმედოს ძალიან ფრთხილად და ყველაფერი გააკეთოს პროცესების გამჭვირვალობისთვის. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩამოიყვანონ უცხოელი დამკვირვებლები, ესა თუ ის საერთაშორისო მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები,

რომლებიც ამ პროცესს დააკვირდებიან. ის განცხადებები, რაც დღეს გვესმის დასავლელი პარტნიორებისგან, ძალიან დამაფიქრებელია.

- სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც მან ტელეკომპანიის ქონების 100% დაუბრუნა ქიბარ ხალვაშს, არ მოჰყოლია დიდი საერთაშორისო რეზონანსი, ეს სამართლებრივ პროცესად მიიჩნიეს. თუმცა აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით ტელევიზიაში დროებითი მმართველები დაინიშნენ...

- ჩემთვის მთავარი განჩინებაც არ არის, მთავარია ის აჟიოტაჟი, რაც ამ საკითხის ირგვლივ შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიქცეულია თემისაკენ, რომლის საშუალებითაც მიმდინარეობს საზოგადოების გახლეჩის მიზანმიმართული პროცესი, რომელმაც შესაძლოა, ძალიან სახიფათო მასშტაბი მიიღოს. ამასთან, ამ პროცესში ჩართულია მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა. პრაქტიკულად, დღეს თითქმის გვაქვს ვითარება, როდესაც ქართულ მედიასივრცეში, ამის გარდა, არანაირი პრობლემა აღარ შუქდება. არადა, ეს პრობლემები არსად წასულა, მეტიც, მაშინ, როდესაც საზოგადოების ყურადღება მიქცეულია ამ ერთი საკითხისკენ, მათი ერთიორად გამწვავების საფრთხე იზრდება. ყოვლად არასწორი მგონია, რომ ამან გადაფაროს ქვეყნის დანარჩენი ცხოვრება და პრობლემები. ეს არის ამ პროცესის არასასიკეთო შედეგი, რაც ქვეყანამ უკვე იწვნია.

- ძნელია არ მიაქციო ყურადღება თემას, რომელიც შესაძლოა, ქვეყანაში ძალიან მძიმე პროცესების ესკალაციის მიზეზად იქცეს. ჩვენ მოვისმინეთ სატელეფონო ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობა თითქმის ყველა მოსაუბრემ დაადასტურა. ეს პირები პირდაპირ ამბობენ, რომ "რუსთავი 2" ქვეყანაში დაპირისპირებისა და არეულობის მიზეზად უნდა აქციონ...

- მათ ეს თითქმის გამოსდით. როგორც უკვე ვთქვი, ეს ტელევიზია მასობრივი ინფორმაციის საშუალება კი არა, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ორგანოა, შესაბამისად, ცხადია, ჰყავს ძალიან ძლიერი დასავლელი მხარდამჭერები, რომლებიც არაფერს აქცევენ ყურადღებას, გარდა ამ კონკრეტული პრობლემისა და მზად არიან, ლამის საყოველთაო პრობლემად გამოაცხადონ. 2010 წელს, როდესაც გახლდით "თავისუფალი აზრის" სახლის დირექტორი, ჩვენთან გაიმართა ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელთა დიდი თავყრილობა, რომელთაც ხმალამოღებული ბრძოლა ჰქონდათ თბილისის მერიასთან. ე. წ. ჯიხურების ამბავს ვგულისხმობ, როდესაც გიგი უგულავამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერიას უნდა აეღო თავის თავზე პრესის გაყიდვის გაკონტროლება. ძალიან გვინდოდა, ეს შეხვედრა და ეს პრობლემა ტელევიზიებს გაეშუქებინათ, პირდაპირ ვეხვეწებოდით, მოსულიყვნენ, მაგრამ "რუსთავი 2" მაინც არ მოვიდა...

ჩემთვის, როგორც ჟურნალისტური წრეების ყოფილი წარმომადგენლისთვის, ისმის კითხვა: სად არის აქ კოლეგიალობის ნიშანწყალი?! ის, რაც ხდებოდა "იბერიასთან", "მაესტროსთან", "იმედსა" და ბეჭდვით მედიასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" დროს, კარგად გვახსოვს და როდესაც "ნაციონალური მოძრაობისა" თუ "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ნიკა გვარამია, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს "იმედის" დარბევის ფლაგმანი გახლდათ, ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. დღეს "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა და ჟურნალისტებიც ამბობენ, რომ ეს ტელეკომპანია ყოფილა სიტყვის თავისუფლების ოაზისი და ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანო. ამ დროს დანარჩენ ჟურნალისტებს, რომლებიც მათი მტკიცებით, მუშაობენ არათავისუფალ მედიაში, სოლიდარობისკენ მოუწოდებენ... მაგათი ლაპარაკიდან როგორ გამოდის, იცით? ჩვენ ვართ თავისუფლები, თქვენ ხართ მონები, მაგრამ მაინც მოდით და მხარში დაგვიდექითო... ეს ნონსენსია! ვხედავთ იმასაც, საზოგადოებისა თუ არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი რა უგვანად იქცევა. ცხადად გამოჩნდა, ვინ რა დამოკიდებულებაშია ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ.

ბევრმა გააკრიტიკა განჩინებასთან დაკავშირებული რესპუბლიკელების ორაზროვანი განცხადებები, მაგრამ ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ისინი სულ ასე იქცევიან. ჩემთვის გაუგებარია იმ ხალხის პოზიცია, რომლებიც ერთსა და იმავე საკითხს გუშინ სხვანაირად აფასებდნენ და დღეს აბსოლუტურად სხვანაირად აფასებენ.

წარმოიდგინეთ იმ ხალხის მდგომარეობა, ვინც "ნაციონალების" მმართველობის დროს უკიდურესად ღირსებაშელახული და უფლებაწართმეული იყო, რომელთა პრობლემებსაც "რუსთავი 2" არაფრად აგდებდა. ბუნებრივია, მათში ეს ფსევდოთავისუფალი სიტყვის დაცვის პროცესი აგრესიას ზრდის და სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოების გახლეჩის საფრთხეს.

- ალბათ, ყველაზე დამაფიქრებელი მაინც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იყო. ""სააპელაციო პროცესის დაწყებამდე ტელეკომპანიის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

- ამ განჩინებას ისინი არაფერში დაურწმუნებია. ისინი დაარწმუნა იმ ისტერიკამ, რაც მას მოჰყვა, იმ შეფასებებმა, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, რაც მოისმინეს თავისი მეგობრებისგან, რომლებიც ან უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ, ან მასთან დაახლოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

გეთანხმებით, ძალიან დამაფიქრებელია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ვიმეორებ, ხელისუფლებამ სწრაფად და ეფექტიანად უნდა მოახერხოს ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის უზრუნველყოფა, რათა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კითხვები აღარ დარჩეთ. მიმაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა ისიც, როდესაც უცხო ქვეყნის გუბერნატორი, ვითომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ურეკავს და დირექტივებს აძლევს, მათ შორის ეუბნება იმასაც, ჟურნალისტებს რა და როგორ უნდა უთხრას. ვფიქრობ, ეს არანაკლები შეშფოთების მიზეზი უნდა გამხდარიყო. ჩვენ ვნახეთ ამ საკითხზე როგორც ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარედანაც გამოხმაურებები, მაგრამ არა ისეთი სიმწვავის, როგორიც ახლა გაკეთდა. მაშინ მათი განცხადებები დელიკატური იყო, ახლა აგრესიულია. წლების განმავლობაში პირდაპირ სიმბიოზი შედგა უამრავ დასავლელ პოლიტიკოსსა და "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე რიგ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და "ნაციონალებს" შორის. სამწუხაროდ, უცხოელებს ინფორმაცია, ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობისგან" მისდით. ის, რომ ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი არ არის გარკვეული ვითარებაში და რეაგირებას ახდენს პირველივე ინფორმაციაზე, ბუნებრივი რამაა, მაგრამ, როდესაც რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქ არიან, ყველაფერს თავად ხედავენ, მაგრამ მაინც არაობიექტურ განცხადებებს აკეთებენ, ეს ნამდვილად ბადებს კითხვებს. ეს არ შეეხება საელჩოებს.

იმის მაგალითი, რომ უმნიშვნელოვანესია, ვისგან იღებენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები პირველად ინფორმაციას, გამოჩნდა აშშ-ის საელჩოს განცხადებიდანაც, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლომ განჩინება შუაღამისას გამოიტანა, რაც არ იყო სწორი. უბრალოდ, საელჩოს სწორედ შუაღამისას მიაწოდეს ეს ინფორმაცია. საერთოდ, ამ შუაღამეზე აპელირება იყო წინასწარ განსაზღვრული მესიჯი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტტექნოლოგიის ერთ-ერთ ხერხად გამოიყენა,

რათა ყველას ჰგონებოდა, რომ გადაწყვეტილება მართლაც შუაღამისას მიიღო ვიღაცამ. არადა, ასე არ იყო. მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა მიმართა აშშ-ის საელჩოს, ელჩის მოადგილემ სცადა შეცდომის გამოსწორება... ცხადად ჩანს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები მყისიერად რეაგირებენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. ისინი უსწრაფესად ახერხებენ იმათ ინფორმირებას, ვინც მათ საქმეს სჭირდება. ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს, ან აკეთებს არასწორად. ვერაფრით გაიგეს ჩვენს მთავრობაში, რა და როგორ ხდება...

- ორიოდე სიტყვით იქნებ შევეხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, როდესაც მან შეაჩერა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტის დაუყოვნებელ აღსრულებას ითვალისწინებდა... როგორც ვიცით, "რუსთავი 2" კიდევ ერთი სარჩელით შეეცდება "რუსთავი 2"-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას. ამჟამად იმ კანონის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც გამოიტანა მოსამართლემ ვერდიქტი.

- ნამდვილად საეჭვოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის შერჩეული დრო, თან არ დაგავიწყდეთ, რომ ეს კანონები "ნაციონალური მოძრაობის" მიღებულია და მაშინვე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. თუმცა ამას გვარამია და მისი "ნაციონალი" მეგობრები არაფრად აგდებდნენ. შეჯიბრება აქვთ თითქოს გამოცხადებული საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებს, ვინ რა ვერდიქტს გამოიტანს და ვინ რას გააუქმებს. ახლა საკონსტიტუციოს რიგია, ალბათ, ისევ დააკმაყოფილებს "რუსთავი 2"-ის სარჩელს. ეს სადამდე მიგვიყვანს, არ ვიცი... ნათქვამია, ტრაგედიიდან ფარსამდე ერთი ნაბიჯიაო. "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ეს ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ერთ დიდ ფარსში ჩაითრიეს ქვეყანა.

- შექმნილ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, რომელსაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებენ?

- ხელისუფლებამ ბევრი დრო დაკარგა. დროულად რომ ემოქმედა, დღეს ეს ვითარება არ გვექნებოდა. როდესაც უცხოელებში პირველი შეშფოთების ნიშნები გაჩნდა, უნდა შეეკრიბათ დიპლომატები და კარგად აეხსნათ, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, მათ შორის, მედიაში. ასევე კარგად უნდა აეხსნათ უცხოელი პარტნიორებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის, რა ხდებოდა ქართულ მედიაში 2004-2012 წლებში.

მე მაინც მგონია, რომ დრო კიდევ აქვს ხელისუფლებას, რათა იმუშაოს დასავლელ პარტნიორებსა და აქ აკრედიტირებულ დიპკორპუსთანაც, აუხსნას, რა ხდებოდა ქვეყანაში "ნაციონალების" მმართველობისას და რას ნიშნავს ქონების დაბრუნება. რაც შეეხება ძალადობრივი ხერხით მოქმედებასა და ექსცესებს, რითაც, ფაქტობრივად, იმუქრება "ნაციონალური მოძრაობა", ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და უნდა გაითვალისწინოს ის შეცდომები, რაც დაუშვა "ნაციონალურმა მოძრაობამ". მათი გზა არაფრით არ უნდა გაიმეორონ და გამონახონ გზა სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამასთან, არაფრით არ შეიძლება იმ გაღიზიანების ხელშეწყობა, რისი ნიშნებიც ბოლო ხანს ქართველ საზოგადოებაში დასავლელი პარტნიორების მიმართ გაჩნდა. ამის წახალისება არ შეიძლება! უნდა შეიზღუდოს ამგვარი განცხადებები, განსაკუთრებით პარლამენტარებისა... სამწუხაროდ, ველოდები ისეთ დადგმებსაც, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა, გაქრა, რომ ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან. იმედია, ამაზე შორს არ წავლენ... მაგათგან არაფერი გამიკვირდება, რადგან ეს არის იმ პოლიტტექნოლოგიის მეთოდოლოგია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს.

ნათია დოლიძე