"თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყეს, ტერორისტები მთელ ევროპას წალეკავენ" - კვირის პალიტრა

"თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყეს, ტერორისტები მთელ ევროპას წალეკავენ"

"საფრანგეთის ტერაქტებმა დაგვარწმუნა, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" რუსეთში იმავეს გაკეთების ძალა შესწევს"

"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არის ფრანგული სპეცსამსახურების სრული კოლაფსი"

ევროპის ისტორიაში 13 ნოემბრის საღამო, როდესაც ტერორისტებმა საფრანგეთის დედაქალაქს შეუტიეს, "სისხლიანი პარასკევის" სახელით შევა. პარიზის ექვს სხვადასხვა ადგილს ტერორისტები ერთდროულად დაესხნენ თავს, მათ სამიზნედ ქცეული მშვიდობიანი მოსახლეობა კი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ". ფრანგულ და არაბულ ენებზე გავრცელებული მათი განცხადებების მიხედვით, ეს თავდასხმები წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფისა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საფრანგეთის საჰაერო დარტყმების პასუხი იყო.

შექმნილი ვითარების შეფასება ვთხოვეთ ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორს, ბადრი ნაჭყებიას:

- ამგვარი შეტევისთვის საფრანგეთი მზად უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ამ ტერაქტების შემდეგ მსოფლიოს ლიდერები დაფიქრდებიან სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობაზე. მოგეხსენებათ, 90-იანი წლებიდან ევროპაში ტერორიზმის ახალი ტალღა დაიწყო. სწორედ ამ დროს მოხდა საფრანგეთის ტერიტორიაზე ათეულობით აფეთქება. ამ თავდასხმებში ალჟირული ჯგუფები მონაწილეობდნენ. ამას მოჰყვა მცირემასშტაბიანი ტერორისტული აქტები, რომელთა მსხვერპლი, ძირითადად, ებრაელები იყვნენ, მერე კი იყო ტერორისტული თავდასხმა ჟურნალ "შარლი ებდოზე" 2015 წლის იანვარში. ამ ბოლო ტერორისტული აქტის მთავარი სამიზნე პარიზის ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზი იყო, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეიძლება უფრო მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდნენ სტადიონზეც, თუმცა, ეს არ გამოუვიდათ. ხომ წარმოგიდგენიათ, მათ 80 ათას გულშემატკივარს შორის რომ შეეღწიათ, რა ამბავი დატრიალდებოდა...

(იხილეთ ასევე: ვინ იყო ფრანგი თვითმკვლელი ომარ ისმაილ მოსტეფა და რა ვიცით პარიზის სისხლიანი პარასკევიდან ორი დღის შემდეგ?)

საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა და მძევლების აყვანა გვახსენებს მოსკოვში მომხდარ ე.წ. დუბროვსკის ტერაქტს, როდესაც თეატრ "ნორდ ოსტში" შეჭრილმა ჩეჩნებმა იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანეს. მაშინ 130 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება ერთ ქალაქზე ასეთ მასშტაბურ შეტევას, შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის თავდასხმა ინდოეთის ეკონომიკურ დედაქალაქად წოდებულ მუმბაიზე, როდესაც 10-მა ტერორისტმა ლამის მთელი ქალაქის პარალიზება შეძლო. მაშინ ტერორისტები თავს დაესხნენ ორ სასტუმროს, ებრაულ ცენტრსა და რესტორანს. როგორც მახსოვს, 195 ადამიანი დაიღუპა. მუმბაის ტერაქტში 12 ადამიანი მონაწილეობდა. საფრანგეთშიც ჯერჯერობით მხოლოდ რვა ტერორისტზე ლაპარაკობენ, ანუ ორივე შემთხვევაში მასშტაბურ ტერაქტებში ბევრი ადამიანი არ მონაწილეობდა. როგორც წესი, ასეთი მცირერიცხოვანი და დახურული ტერორისტული ჯგუფები უფრო მობილურად მოქმედებენ და მიზანსაც აღწევენ. დიდი დაჯგუფებიდან, შესაძლოა, ინფორმაციამ გაჟონოს.

ხვალ შეიძლება რომელიმე არაფრით გამორჩეულ ქვეყანაში მოხდეს იგივე... ამიტომ არის საჭირო, ჩვენმა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. ყველა ქვეყანა უნდა იღებდეს ზომებს ტერორისტთა თავდასხმის პრევენციისთვის. საინტერესოა ერთი ფაქტი: საფრანგეთი დღეს ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული ქვეყანაა, რომელიც ასეთი დარტყმის მსხვერპლი აღმოჩნდა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არის ფრანგული სპეცსამსახურების სრული კოლაფსი. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევთ ამ სამსახურებს და ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი მთელი ევროპისთვისაც. ეს იყო კარგად ორგანიზებული ტერორისტული აქტი, დიდი დაფინანსებით. დაუჯერებელია, ეს როგორ გამოეპარათ. თუმცა, ერთი რამ არის საინტერესო - საფრანგეთის სპეცსამსახურების ყურადღება სხვა მხარეს - ქალაქ ტულონისკენ იყო მიმართული, სადაც სპეცსამსახურებმა წინადღეს ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ჩემი აზრით, ეს იყო სატყუარა, "ისლამურმა სახელმწიფომ" მათი ყურადღება გადაიტანა დედაქალაქიდან, სადაც ასეთი სასაკლაოს მოწყობას აპირებდა. მაგრამ მაინც ძალიან მიკვირს, რომ საფრანგეთში, სადაც ტერაქტების სერიას ელოდნენ, კბილებამდე შეიარაღებულმა ტერორისტებმა პარიზის ცენტრში დაუბრკოლებლად შეღწევა მოახერხეს. ცხადია, ამ ექსტრემისტულ დაჯგუფებაში კარგად გაწვრთნილი პროფესიონალი სამხედროები და სპეცდანიშნულებით მომზადებული ადამიანები არიან. მათ შორის, ალბათ, ბევრია სადამ ჰუსეინის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელიც. აშკარაა, რომ "ისლამურ სახელმწიფოში" დიდია ინტელექტუალური პოტენციალი.

- ამ შეტევისას ტერორისტებმა სხვადასხვა ტიპის თავდასხმები მოაწყვეს: შეჭრა, მძევლების აყვანა, თვითმკვლელთა მიერ თავის აფეთქება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა...

- ეს არის ის, რასაც სიტყვა "ტერორიზმი" გულისხმობს. ისე, ეს ტერმინი ფრანგული სიტყვიდან მომდინარეობს და ქაოსისა და შიშის დანერგვას ნიშნავს. ტერაქტის სახეობათა ასეთი მრავალფეროვნებაც სწორედ ამას ემსახურებოდა. მიაქციეთ ყურადღება, რომ "ნორდ ოსტისგან" განსხვავებით, სადაც ჩეჩენ ტერორისტებს მძევლები რამდენიმე დღე ჰყავდათ და მათთვის ხელი არ უხლიათ, აქ შეცვივდნენ და მაშინვე ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს.

ეს იყო კარგად ორგანიზებული თავდასხმა, რათა პარიზში, და არა მარტო პარიზში, შიში დაეთესათ. როცა პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლებიდან არ გამოხვიდეთო, ცხადია, მათი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია. ამგვარი მოწოდება, მგონი, საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის მერე არ ახსოვს.

- ამ ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელდა ვიდეომიმართვა. ტერორისტები რუსეთს მის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობით ემუქრებოდნენ...

- საფრანგეთის ტერაქტებმა დაგვარწმუნა, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" რუსეთში იმავეს გაკეთების ძალა შესწევს. ვფიქრობ, ამ ახალი ჭირის - "ისლამური სახელმწიფოს" - წინააღმდეგ სწორედ მუსლიმურმა სამყარომ უნდა იმოქმედოს უფრო რადიკალურად. ამაში აქტიური მონაწილეობა თუ არ მიიღეს ირანმა, თურქეთმა, ქუვეითმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და სხვა უმდიდრესმა მუსლიმურმა ქვეყნებმა, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უფსკრული უფრო გაღრმავდება. რადიკალური ისლამისგან მხოლოდ გამიჯვნა საკმარისი არ არის.

დასავლეთმა შეცდომა დაუშვა - "არაბული გაზაფხულის" ასე გადამღერება არ შეიძლებოდა, არც აშშ-ს უნდა გამოეყვანა ჯარები ერაყიდან.

პარიზის ტერაქტების სერიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უფრო რადიკალური ზომებია მისაღები.

- თქვენ ახსენეთ სახმელეთო ოპერაცია სირიასა და ერაყში. როგორ ფიქრობთ, ეს გარდაუვალია?

- თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყეს, ეს იქნება ტერორისტების წახალისება და მათი აგრესია მთელ ევროპას წალეკავს. რაც მოხდა, ეს იყო ბოლო წვეთი. ისინი თავს დაესხნენ ევროკავშირის უდიდეს ქვეყანას.

ამაზე პასუხი ისეთი უნდა იყოს, როგორიც აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტს მოჰყვა. ვფიქრობ, უნდა ამოქმედდეს ნატოს მე-5 პუნქტი, რომლის მთავარი პრინციპია: "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის". ნატომ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი ამ ტერაქტებსაც, თავდაპირველად კი უნდა მოხდეს იმ ასობით ათასი მიგრანტის ფილტრაცია, რომლებიც უკვე შევიდნენ და ახლაც შედიან ევროპაში.

- დღეს, ერთი მხრივ, ევროპაში შედის მიგრანტთა აურაცხელი ნაკადი, მეორე მხრივ კი ევროპის ყველაზე ტოლერანტულ ქვეყნებშიც კი ფეხს იკიდებს ნაციონალისტური განწყობა - ე.წ. ბრეივიკის სინდრომი...

- მოსალოდნელია, რომ ეს განწყობა უფრო გაძლიერდება. საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე ლიბერალურ ევროპაში მუსლიმების ინტეგრაცია რთულად მიმდინარეობს. ვფიქრობ, გამოსავალი ერთია: უნდა მოხდეს შერჩევა და მიიღონ მხოლოდ ის ლტოლვილები, რომლებიც ევროპაში ინტეგრირებისთვის არიან მზად. თუ ვერ ახერხებენ ინტეგრაციას, მაშინ გაიყვანონ იმ ქვეყნებში, სადაც იმ წესებით ცხოვრობენ, რა წესებითაც მათ სურთ ცხოვრება.

- დავუბრუნდეთ საქართველოს, რომელიც ურთულეს რეგიონში მდებარეობს და ვისაუბროთ იმ ტერორისტულ საფრთხეზე, რაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება დაემუქროს...

- კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართულ სპეცსამსახურებს და ხელისუფლებას, რაც შეიძლება მეტი იმუშაონ ამ თემაზე. აუცილებელია მოვლენათა სწორი ანალიზი და უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება. ტერორისტები ჩვენთან უკვე არიან, იდეოლოგია არსებობს და სულ უფრო იკიდებს ფეხს. ამას მხოლოდ ასანთის გაკვრა სჭირდება. აუცილებელია, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის სპეცსამსახურებთან. ეს უნდა იყოს ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი. დიდი სიფრთხილე გვმართებს - ჩვენისთანა ქვეყანა შეიძლება ერთმა ტერაქტმაც კი კოლაფსში ჩააგდოს.

(იხილეთ ფოტოგალერეა)

ნათია დოლიძე