"ალასანიას რუსეთის სათამაშოდ გადაქცევა ემუქრება" - კვირის პალიტრა

"ალასანიას რუსეთის სათამაშოდ გადაქცევა ემუქრება"

"ეს არის სომხების დიდი თხოვნა და მათ ამას კეთილმეზობლობის გამო ვუკეთებთ"

"არსებობს გეგმა სამხედრო აგრესიის სისრულეში მოსაყვანად და კრემლი მხოლოდ ხელსაყრელ დროს არჩევს"

ათენში ერთი დღის განმავლობაში მუშაობა შეაჩერა მეტრომ, ტრამვაიმ, ტროლებუსებმა და სხვა საქალაქო ტრანსპორტმა. შეჩერებულია სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლაც.  გაფიცვაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ბანკები, სკოლები და უნივერსიტეტები. ახალ ამბებს არ გადასცემდნენ ტელევიზიები, რადიოები, საინფორმაციო სააგენტოები, არ გამოსულა ყოველდღიური გაზეთებიც. - დამეთანხმებით, შთამბეჭდავი ამბავია.

ქართველი ოპოზიციონერებისთვის ალბათ საოცნებოც. საერთაშორისო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ათენში საყოველთაო გაფიცვა ხელისუფლების მიერ ხელფასების შემცირების გადაწყვეტილებას მოჰყვა. გამოდის, ბერძენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული ყოფილა, რომ სახელმწიფო მოხელეთა მიმართ თანაგრძნობა ყველა სფერომ თუ სოციალურმა ფენამ ერთნაირად გამოხატა. ცხადია, კონსოლიდაცია ამ შემთხვევაში ურთიერთნდობამ განაპირობა. როგორც ჩანს, ბერძნებს არ აწუხებთ ეჭვები - მათ საზოგადოებაში ვინ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ვინ საკუთარი ჯიბისას და ვინ ქვეყნისას... და ამისთვის საფუძველიც აქვთ. ამ ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებამდე ალბათ, კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება.

არადა, სიტუაცია წესით, არცთუ რთული უნდა იყოს - დემოკრატიას პრობლემები აქვს, მედიის თავისუფლება შეზღუდულია, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, პოლიცია ძალადობს - ასეთი ჩამონათვალის შემდეგ, ოპოზიციას ხელისუფლების სახით არც საერთო "მტრის" განსაზღვრა უნდა გასჭირვებოდა, არც კონკრეტული მიზნების დასახვა და არც ამ მიზნების გარშემო პარტიებისა თუ საზოგადოების დარაზმვა. მით უმეტეს, არჩევნების წინ. მიუხედავად ამისა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩვენს საზოგადოებაში კვლავაც ეჭვი და უნდობლობა დაფუთფუთებს. კვლავაც იმაზე ვმსჯელობთ, ვინ ვის მოატყუა და ვინ მოტყუვდა. განტოლებები მრავალნაირია და მათი გარჩევით (მით უფრო ამოხსნით) დაღლას აზრი არა აქვს.

ერთი კი ცხადია - თუ ვინმე მოტყუვდება, ისევ ხალხი და საზოგადოება იქნება. სხვათა შორის, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას, აყვავებული ქვეყნისა და დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ნაწილი უნდობლად შეხვდა, თუმცა სიმართლის ერთი მარცვალი სააკაშვილის გამოსვლაში მაინც ჩანდა. თუნდაც, სამართლიანი არჩევნების პოლიტიკურ ნატვრასთან დაკავშირებით.

დაწვრილებით ქართულ პოლიტიკურ პერიპეტიებზე პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვს ვესაუბრებით

- ჭადრაკის სასახლეში ირაკლი ალასანიას გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთნი თვლიან, რომ ეს იყო ოპოზიციის გაერთიანებისკენ გადადგმული ვაჟკაცური ნაბიჯი. მეორენი ამ ფაქტს პრორუსული ძალების, უფრო სწორად კი, ნოღაიდელის გამარჯვებად თვლიან.

-  მეუბნებიან, ირაკლი ალასანიას ამ გზით მეტი ძალის მოხვეჭა უნდაო, მაგრამ არ ვიცი, რისთვის არის საჭირო ასეთი ძალა. რა სახის მხარდაჭერა უნდა მიიღოს ამ ხალხის თანადგომით? სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც ამ ხალხისაგან გამოკვეთილად ვიცით, ის არის, რომ თურმე რუსეთთან უპირობო ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ და კიდევ ის ვიცით, რომ არშემდგარი რევოლუციონერები არიან და დღემდე მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, გადატრიალება მოაწყონ და სააკაშვილი ჩამოაცილონ ხელისუფლებას. ფაქტია,  ოპოზიციონერთა  ამ ჯგუფმა მთლიანად დაკარგა ხალხთან კონტაქტი და მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებს. და რატომ უნდა სჭირდებოდეს ისინი ალასანიას? ძალიან უცნაური და გაუგებარია ეს ამბავი.

გარდა ამისა, მიზნებს თავიც რომ დავანებოთ, ალასანიას ნაბიჯი ტაქტიკურადაც ყოვლად გაუმართლებელი ჩანს. რეალურად, ეს არის გზა გაურკვევლობაში, რადგან "ერთიანი ოპოზიცია" ძალზე ჭრელია. ამიტომ ამ ხალხის ერთად შეკვრა არა მგონია, რამე სიკეთის მომტანი იყოს. მათთან ერთად ალასანიას გაუჭირდება გამოკვეთილი იმიჯის შექმნა, მით უმეტეს, დასავლური იმიჯისა. თანაც, ეს მხოლოდ სიჭრელე არ არის.

ეს ამბიციური ხალხია, ყველას საკუთარი გეგმა აქვს, მათი ერთპიროვნული ლიდერი კი ფულია, რომელიც ალასანიას კი არა, ნოღაიდელს აქვს! საბოლოოდ, ეს ფული რუსეთს უკავშირდება. ამიტომ, თუ ალასანიამ ამ გუნდში გადაწყვიტა დარჩენა, მაშინ რუსეთის სათამაშოდ გადაქცევა ემუქრება. რა თქმა უნდა, ეს არის ნოღაიდელის ტაქტიკური გამარჯვება. იგი ცდილობს, ლეგიტიმური მოთამაშე გახდეს ოპოზიციის ფრონტზე და ამ კონგლომერატში მის როლს თუ გავითვალისწინებთ, უკანასკნელი ვიოლინო ნამდვილად არ იქნება. ამიტომ, თავიდანვე ცხადია, ირაკლი ალასანია ამ გუნდის ერთპიროვნული ლიდერი ვერ გახდება და რატომ აკეთებს ამ ყველაფერს,  არ მესმის. არ მინდა დავიჯერო, რომ ის დათანხმდება რუსული ფულით შექმნილი გუნდის ლიდერობას.

ფაქტია, სხვის სახლში მაგიდის თავში მხოლოდ მასპინძლის ნებით ჯდები. ეს "ერთობა" კი, რუსული პროექტია და იმედი მაქვს, ის ირაკლი ალასანიას სახლი არ არის და ასეთად ვერც იქცევა. ეს ხალხი მხოლოდ იმისთვის იკრიბება, რომ კიდევ ერთხელ სცადოს რევოლუციის მოწყობა. ამას კი, როგორც თვითონ აცხადებს, ირაკლი ალასანია არ გეგმავს. რაც მთავარია, ეს არავის გვჭირდება, რადგან ახლა რევოლუცია კი არა, კონსოლიდაციაა საჭირო.

სხვა გზა არის გზა სახელმწიფო გადატრიალებისკენ და ყველა საღად მოაზროვნე ქართველს მოვუწოდებ, ხელი აიღოს ასეთი განზრახვებისგან.

ხელისუფლებას ეუბნებიან, რატომ სარგებლობ იმით, რომ ჩვენ ცუდად ვიქცევითო. აბა, რას იზამს ხელისუფლება? ფაქტია, სააკაშვილს არ დაუძალებია კუკავა-ძიძიგური-დავითაშვილისთვის, ნოღაიდელის გვერდზე დადექითო. არც გაჩეჩილაძე და არც ალასანია მიუყვანია ძალით ვინმეს ჭადრაკის სასახლეში. ეს მათი არჩევანია და ხელისუფლებაც, ბუნებრივია, ლაპარაკობს ოპოზიციის შეცდომებისა თუ უსაქციელობის შესახებ.

- "ვინც საქართველო აგვისტოს ომში ჩაითრია და ტერიტორიები დაკარგა, ყველას პასუხს ვაგებინებთ და კუდით ქვას ვასროლინებთ", - განაცხადა ექსპრემიერმა. მანამდე იყო ფრაზები - "ხელებს დავამტვრევ" და "შავ დღეს დავაყრი! როგორ ფიქრობთ, ნოღაიდელის აგრესიულობა პიარფანდია თუ მის უკან მდგომი რეალური ძალის განცდის შედეგად გამოვლენილი მუქარა?

- "დავამტვრევ" არა, - "მივატეხ"! - სწორედ ასე თქვა! ძალიან სასაცილოა. ეს ალბათ პიარფანდიცაა და პუტინის მფარველობის იმედზე ყოფნაც. მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი სასაცილო კი არა, ძალზე ნაღვლიანი ამბავია. ტრაგიკომედია არ არის, რომ უცებ ყველაზე გონებაგახსნილები ნოღაიდელი და კუკავა აღმოჩნდნენ?! თურმე, მათ გარდა არავის ესმის, რა არის სახელმწიფოს ინტერესი! ვინც მათ არ გაჰყვება, "ხელებს მიატეხენ". გენიალურია! მგონი, ამ ძალების მარგინალიზაცია მალე დასრულდება და პოლიტიკურ სცენასაც მიატოვებენ.

- დამოუკიდებლობის 20 წლის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში კვლავაც აქტუალურია ცრემლი, მჯიღის შემართვა, მუხლმოდრეკილი თხოვნა, ჭექა-ქუხილი... რატომ ვერ იზრდებიან პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში?

- როგორ არ იზრდებიან, იზრდებიან! მაგრამ იმ სისწრაფით და რაოდენობით არა, ჩვენ რომ ვისურვებდით. ყველაფერს დრო სჭირდება და, რაც მთავარია, აუცილებელია მთლიანად საზოგადოების გაზრდა. პოლიტიკოსი საზოგადოებასთან ერთად იზრდება. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, დროს გაუსწრონ. აი, მაგალითად, გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. ნათლად ჩანს, რომ 99% ხალხის განწყობით ხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა თავისუფლებას და განათლებას, რომ არსებობდეს აზროვნების სივრცე და საზოგადოება სწორ, ცივილიზებულ დაკვეთას იძლეოდეს. მინდა, საღი აზრი იდგეს ყველაფერზე წინ და საზოგადოება სწორად აფასებდეს მოვლენებს. მხოლოდ ეს იქნება მშვიდობისა და განვითარების გარანტია. არ შეიძლება, მოსახლეობა სიბნელეში ვამყოფოთ, მხოლოდ აგრესიულობისკენ მოვუწოდოთ და არ განვუმარტოთ, რა ხდება. რაციონალიზაციაა საჭირო, როგორც ისტორიის, ისე  დღევანდელობისა...

ცრემლებისა და დედის გინების დრო, იმედია, მალე წავა. ასე მგონია, რომ ძალიან მალე მოხდება ეს. იქნებ, ამ წლის ბოლომდეც კი. ოპოზიციის ეს ნაწილი საზოგადოებასთან კავშირს კარგავს. თუ ასე გააგრძელეს, მალე თვითონ დარწმუნდებიან ამაში, მაგრამ უკვე გვიან იქნება და მწარედ ინანებენ.

- მიხეილ სააკაშვილი ერთი მხრივ აცხადებს, ვინც ოკუპანტს ეთანამშრომლება, ღირსება არ შეიძლება გააჩნდესო. მეორე მხრივ, იხსნება ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. რამდენად სწორად მიგაჩნიათ მიმოსვლის აღდგენა ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს და რომლის ტანკებიც დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგანან? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიმოსვლა იმ ქვეყანასთან, რომლის პრეზიდენტიც საქართველოს პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად აცხადებს.

- ლარსის გახსნა არ ნიშნავს ოკუპანტთან თანამშრომლობას, თუმცა არც იმას ნიშნავს, რომ ეს სწორი ნაბიჯია. ხელისუფლება ამაში საფრთხეს ვერ ხედავს, მაგრამ ეს სწორად არ მიმაჩნია და ვთქვი კიდეც ამის შესახებ. როგორც ჩანს, ეს არის სომხების დიდი თხოვნა და მათ ამას კეთილმეზობლობის გამო ვუკეთებთ და კიდევ იმისათვის, რომ ურთიერთობის გაწყვეტაში ვინმემ საქართველო არ დაადანაშაულოს. სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების პოლარიზაციის პირობებში უფრო მტკიცე პოზიციის დაკავება ვერ ხერხდება. თუმცა, ამ ყველაფრის დადებითი მხარე ალბათ მაინც ის არის, რომ ერთგვარ პრაქტიკულ სარგებელს ჩვენი მოქალაქეებიც ნახავენ. საინტერესოა, რომ მოლაპარაკებების დასაწყისში რუსებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია მოუსურვებიათ და თურმე ამბობდნენ, ქართველებს არ გავატარებთო. მაგრამ მერე ესეც გადაწყდა. იმედია, ამის გამო დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნება. კარგი იქნება, ჩვენი მეგობარი სომხები თუ სათანადოდ შეაფასებენ ამ ნაბიჯის სიმძიმეს, რომელსაც, რეალურად, მათთვის ვდგამთ. მიმაჩნია, რომ რეგიონული სტაბილურობისა და ერთიანობის თვალსაზრისით ეს სასიკეთო ნაბიჯია და აუცილებელია, მისი მნიშვნელობა კარგად განვმარტოთ ყველასათვის.

- მაშინ, როდესაც სწორედ "მძინარე ცხინვალზე" თავდასხმის დამადასტურებელი მასალების მოძიების გამო დევნილი ვახო კომახიძე ქვეყნიდან გარბის, თბილისში ვალერია ნოვოდვორსკაია ჩამოდის და აცხადებს, 2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ობამა რომ ყოფილიყო, რუსეთი საქართველოს მთლიანად დაიპყრობდაო, ძნელია, რუსი ჟურნალისტის კომპეტენტურობაში ეჭვი შეიტანო... მაშინ, სად არის სიმართლე?

- სიმართლე ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი თავს დაგვესხა. გამუდმებული ცეცხლით ჩვენს პროვოცირებას ცდილობდა, ბოლოს კი დაიწყო ჯარის შემოყვანა და სამხრეთ ოსეთში გამაგრება. სწორი იყო ამ ჯარისთვის ცეცხლით პასუხი? რთული კითხვაა! სამართლებრივად სწორი იყო და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არსებობს სტრატეგიული მხარეც და მე არ მინახავს სერიოზული კაცი, ვისაც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლია ამ კითხვაზე. წარმოვიდგინოთ, რომ არ გვეპასუხა. ჯერ ერთი, ასეთ "პასუხს" თვითონაც მშვენივრად გაითამაშებდნენ.

იცით თქვენ, არაერთხელ უქნიათ ასეთი რამ. ან მოურიდებლად და ღიად დაიწყებდნენ ადგილზე გამაგრებას და ქართველების იქიდან გამოყრას. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ამ დროს? მთელი ქვეყანა ფეხზე დადგებოდა და სააკაშვილს ეტყოდნენ, რომ მან უბრძოლველად დაკარგა სამაჩაბლო. ნაწილი ომს მოითხოვდა, ნაწილი იტყოდა, უკვე გვიანია და ყველაფერი სააკაშვილის ბრალიაო. ატყდებოდა საშინელი აურზაური და ხელისუფლება, რომელმაც აგრესორს ვერანაირი პასუხი ვერ გასცა, ძალიან მალე დაემხობოდა.

დამერწმუნეთ, მასთან ერთად ბევრი სხვა რამ დაემხობოდა, პირველ ყოვლისა კი - ქვეყნის დამოუკიდებლობა! მით უმეტეს, წარმოიდგინეთ დილემის სიმძიმე, როცა იცი, რომ დიდი ალბათობით, მოსახლეობაზე ძალადობა დაიწყება ან უკვე დაწყებულია. კრიტიკა ადვილია, მაგრამ აბა, ვცადოთ და რეალურად წარმოვიდგინოთ სიტუაცია. ძალზე რთულია ამის თქმა, მაგრამ ალბათ მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

ყველაზე მეტი პრეტენზია იმის გამო მაქვს, რომ მანამდე ვერ მოხერხდა საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია და პირველ დღეებში პრაქტიკულად მარტო დავრჩით რუსების წინააღმდეგ. დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი კრემლის გეგმების შესახებ და ალბათ მეტი მუშაობაც შეიძლებოდა, მაგრამ ასევე ძნელია კლიშეების ნგრევა და როგორც ჩანს, ეს არ გამოგვივიდა. თუმცა დღეისთვის, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი უცხოელი ექსპერტი აღიარებს, რომ აგვისტოს ომი სწორედ რუსებმა დაიწყეს. უკვე ყველამ იცის ასმუსის წიგნის შესახებ, სადაც სწორედ ამაზეა ლაპარაკი.

კომახიძეს რაც შეეხება, ძნელია ვილაპარაკო იმაზე, რაც არ ვიცი. ცოტა უცნაურად კი მეჩვენება, მართალი გითხრათ. გახსოვთ ალბათ "ბათუმელების" მაგალითი, როცა იყო რაღაც მუქარა, ხმაური ატეხეს და ამით თავი დაიცვეს. რატომ არ შეეძლო კომახიძეს, იგივე გაეკეთებინა?

- საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ ლელუშის განცხადება, საფრანგეთი რუსეთისთვის მხოლოდ სამოქალაქო "მისტრალის" მიყიდვას აპირებსო, პოლიტიკური ფანდია, სააკაშვილის მიერ ატეხილი განგაშის შედეგი თუ აშშ-ის კულუარული დიპლომატიის გამარჯვება?

- ალბათ შენიშნეთ, როგორ გახშირდა ბოლო დროს აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებები საქართველოს შესახებ. მალე ალბათ ქარტიით გათვალისწინებულ ყველა შეთანხმებასაც მოეწერება ხელი. აშკარაა,  რუსეთი ცდილობს, მაგრამ ვერ აღწევს საქართველოს იზოლაციას. ამიტომ, ფრანგებიც იძულებული არიან, ერთგვარად შეალამაზონ თავიანთი ქცევა და თავი იმართლონ. დამერწმუნეთ, მათაც ჰყავთ პასუხის მომთხოვნი. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვებია. წარმოიდგინეთ, რომ იყიდოთ თოფი გადასაკიდებელი ქამრის გარეშე. ამით მის თოფობას არაფერი აკლდება. ასეა აქაც. ჰყიდიან ცარიელ ხომალდს, რომლის დაკომპლექტება ყოველთვის შეიძლება. ესეც არ იყოს, რუსებს პირველ რიგში სწორედ ხომალდის ინტერესი აქვთ და არა მასზე განსათავსებელი ვერტმფრენებისა. ასე რომ, ლელუშის ნათქვამი მხოლოდ ფუჭი სიტყვებია. ფრანგები, ტრადიციულად, ყველა მხარეს თამაშობენ. არ არის ეს ჩვენთვის სასიამოვნო, მაგრამ რეალობაა და თვალი უნდა გავუსწოროთ.

- რუსეთის გენშტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი საქართველოს პრეზიდენტს "ახალი ომის შემთხვევაში" "პირველზე გაცილებით უარესი შედეგით" დაემუქრა. საფრთხე მართლაც რეალურია, თუ რუსეთისგან კუნთების დემონსტრირებასთან გვაქვს საქმე?

- საფრთხე ძალზე რეალურია! არსებობს გეგმა სამხედრო აგრესიის სისრულეში მოსაყვანად და კრემლი მხოლოდ ხელსაყრელ დროს არჩევს. მას სურს, დასაყრდენი ჰქონდეს ქვეყნის შიგნით, რის შექმნასაც აქტიურად ცდილობს და ჩვენ ამას კარგად ვხედავთ. ამას გარდა, კრემლმა ეს ტაქტიკა აირჩია, რომ პერმანენტული მუქარით ვითარების დეესკალაცია არ დაუშვას და დაძაბულობა მუდმივად შეინარჩუნოს.

- უკრაინის ახალი პრეზიდენტის მიწვევით, რუსეთის პატრიარქმა პარაკლისი კიევ-პეჩორის ლავრაში გადაიხადა და ვიქტორ იანუკოვიჩი დალოცა. როგორც ჩანს, იანუკოვიჩი რუსეთთან დაახლოებას უკვე ინაუგურაციის დღიდანვე იწყებს?

- როგორც იცით, უკრაინის ეკლესია არ არის დამოუკიდებელი და რუსეთის ეკლესიას ეკუთვნის. ამიტომ, თავისთავად უჩვეულო აქ არაფერია. უფრო საყურადღებო რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ყირიმში  9 მაისს ჩასატარებელი აღლუმია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია რეალობა და უკრაინელებს თავად მოუწევთ მასში გარკვევა.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი