"ფრთხილად! - გეოპოლიტიკურ ხაფანგში არ აღმოვჩნდეთ" - კვირის პალიტრა

"ფრთხილად! - გეოპოლიტიკურ ხაფანგში არ აღმოვჩნდეთ"

"პუტინმა სრულიად შეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი"

"როგორ შეიძლება ამ უდიდესი გამოწვევების პასუხი ჭიკაიძე-ჯანელიძის ანაბარა დავტოვოთ?!"

პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო და ის პოლიტიკური ბალანსი, რაც მანამდე არსებობდა, ყველასთვის ცხადია, რომ ვეღარ შენარჩუნდება. ეს ცხადყო თურქეთში გამართულმა დიდი ოცეულის შეკრებამ, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთბაშად სასურველ სტუმრად იქცა, ეს მაშინ, როდესაც წინამორბედ სამიტზე ის სასადილო მაგიდასთანაც კი მარტო აღმოჩნდა. ცხადია, რუსეთმა სირიის პროცესებში აქტიურად ჩართვით მსოფლიო პოლიტიკაში კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშის ფუნქცია დაიბრუნა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ რუსეთთან კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობაზე განცხადება უკვე გააკეთა. ჩვენში ბუნებრივად ისმის კითხვა, მსოფლიოს დიდ და მნიშვნელოვან მიზნებს ხომ არ შეეწირება პატარა საქართველოს ინტერესები, ხომ არ აღმოვჩნდებით რუსეთთან კვლავაც ერთი ერთზე, რითაც კრემლი ისარგებლებს? - ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ცხადია, ამგვარი საფრთხე არსებობს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე პოლიტიკაში რომანტიკის ადგილი არ არის და დასავლური ქვეყნები, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, უპირველესად საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში გარიგებები და შეთანხმებები ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება. პატარა ქვეყანა უნდა ეცადონ დააზღვიოს ამგვარი რისკები. ფრთხილად! - გეოპოლიტიკური გარიგების დახლზე, ანუ ერთგვარ ხაფანგში არ აღმოვჩნდეთ.

რუსეთმა ოსტატურად ისარგებლა დასავლეთის ინერტულობით, სირიაში შექმნილი ვითარებით და მოახერხა დასავლური პოლიტიკის რაკურსით ისე ემოქმედა, რომ ხელში აეღო ინიციატივა. პუტინმა თავისი აქტიურობით სირიაში დიდი გეოპოლიტიკური თამაში დაიწყო, სადაც, ბუნებრივია, წამყვან პოზიციაზეა. ეს ეფექტი გააძლიერა საფრანგეთის ტრაგედიამ, რომელიც დაემატა სირიაში დასავლეთის არასწორ მოქმედებებსა და რუსეთის სამხედრო აქტიურობას, რამაც შექმნა ერთგვარი სინერგიული ეფექტი კრემლისთვის, რის მერეც ჩვენ უკვე მოვისმინეთ ოლანდის განცხადება, რაც რუსეთთან ერთად ფართომასშტაბიანი კოალიციის შექმნის შესაძლებლობას შეეხებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უჭირს შექმნილ რეალობასთან დაპირისპირება და ისიც იძულებულია, რუსეთთან დათმობაზე წავიდეს. ვიმეორებ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეებს აჩენს, ოღონდ არა იმდენს, რამდენიც შეიძლება წარმოქმნილიყო, დღეს საქართველოში ისევ სააკაშვილის ხელისუფლება რომ იყოს, რომელიც მუდმივად რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზისკენ მიისწრაფოდა.

დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს რისკი ნაწილობრივ მოხსნილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს გეოპოლიტიკურ ორიენტირებს დარტყმა არ ემუქრება.

აშკარაა, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი, სულ ცოტა, შეანელოს. აღარაფერს ვამბობ ევროატლანტიკურ ალიანსზე.

არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთმა უფრო მეტად გაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები. სხვათა შორის, მე ამის სიმპტომად მივიჩნევ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელ განცხადებებს. საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და დღეს გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერის განცხადებას გავიხსენებ, როდესაც თქვა, რა გეჩქარებათ ევროკავშირში, ევროპა ჯერ თვითონ უნდა შეიცვალოსო. მის ნათქვამში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი.

პარიზის მოვლენების შემდეგ ევროპაში უკვე დაიწყეს ფუნდამენტურ ცვლილებებზე ლაპარაკი. ზოგიერთ ქვეყანას შორის უკვე საზღვრებიც კი გაჩნდა. ყველა ცდილობს, დაიზღვიოს თავი და საერთო-ევროპული ინტერესი ისევ ნაციონალურ ინტერესებად ქუცმაცდება. ევროპის ქვეყნებს შორის პოლემიკაა დაწყებული დევნილებისა და უსაფრთხოების საკითხების თაობაზე. ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ იცვლება მსოფლიო, უპირველესად კი, ევროპა. ჩვენი ქვეყნის მორგება შექმნილ რეალობასთან სერიოზულ დაფიქრებასა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. ეს უნდა იყოს ფრთხილი და მოზომილი, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან ზუსტი გადაწყვეტილებები, რათა შექმნილი საფრთხეები მშვიდობიანად გადავლახოთ.

- როგორ ფიქრობთ, შესწევს კი ძალა ჩვენს ხელისუფლებას, გააანალიზოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები სათანადოდ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას?

- სამწუხაროდ, ის დამოკიდებულება, რასაც ხელისუფლება ამ მიმართულებით ამჟღავნებს, ყოვლად არადამაკმაყოფილებელია! როგორ შეიძლება ამ უდიდესი გამოწვევების პასუხი ჭიკაიძე-ჯანელიძის ანაბარა დავტოვოთ?! ეს არის გლობალური პრობლემები, რომელთაც მთავრობის თუ კრიზისების მართვის საბჭოს ერთი შეკრება არ უშველის. შესაძლოა, იქ ზოგიერთი ოპერატიული საკითხი განიხილეს, მაგრამ დღეს ჩვენ ვდგავართ სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის პირისპირ, რაც დიდ მუშაობას მოითხოვს. ამ ყველაფერს კი მეტი კომპეტენცია სჭირდება! იმ ინტელექტუალური რესურსით, რა პოტენციალიც არის ე.წ. კრიზისების მართვის საბჭოში, ამ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გაცემა ყოვლად შეუძლებელი მგონია. მარტო იმაზე ლაპარაკი, საზღვარზე ვინ გადადის და გადმოდის, საქმეს არ შველის, თუმცა ისიც საკითხავია, ამას როგორ აკონტროლებენ... სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ამ მიმართულებით არათუ არ მიმდინარეობს პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, საერთოდ, ამ პრობლემებსაც ვერ ხედავენ ცხადად. ასეთ შემთხვევაში მათ გადაჭრაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.აქვე უნდა ვთქვა, რომ ტერორიზმის საფრთხის თვალსაზრისით, ჩვენთან ნამდვილად არ არის განსაკუთრებულად რთული ვითარება, თუმცა უამრავი მიმართულებაა, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება.

ზედმეტი დრამატიზმი საჭირო არ არის, მაგრამ საჭიროა გონივრული მოქმედება, რადგან გრძელვადიანი რისკები მაღალია..

- დღეს დასავლეთში უკვე ლაპარაკობენ, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარება აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების არასწორი და უნიათო მოქმედების ბრალია.

- იმაში, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ხდება, და რის გაგრძელებაც მთელ მსოფლიოში ტერორიზმის გაზრდილი საფრთხეა, ნამდვილად არის დიდი დასავლური ქვეყნების ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომების წილი. ეს უმეტესწილად სწორედ საფრანგეთსა და აშშ-ზე ითქმის.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ დასავლეთმა დროულად ვერაფრით განსაზღვრა პრიორიტეტები. რაღაც ეტაპზე ისინი ერთნაირ პრობლემად აღიქვამდნენ ასადის რეჟიმსა და "ისლამურ სახელმწიფოს". გარკვეულწილად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობდნენ. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვერ აცნობიერებდნენ "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალ საფრთხეებს. ასე მგონია, ფიქრობდნენ, რომ ექსტრემისტების ხელით დაამარცხებდნენ ასადს და მერე მოუვლიდნენ "ისლამურ სახელმწიფოს". მოკლედ, ამ არეულმა პრიორიტეტებმა და იმან, რომ ორივე თანაზომიერ საფრთხედ მიიჩნიეს, დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. რუსეთმა ეს არასწორი სტრატეგია კარგად დაინახა და, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისის პიკზე, კარგად გათვლილ დროს ჩაერთო პროცესებში, რითაც რეგიონში მნიშვნელოვნად გაიძლიერა პოზიცია და, ფაქტობრივად, პუტინმა სრულიად შეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი. მოვლენების განვითარებამ ცხადყო, რომ დასავლეთი დღესაც კი არ არის ჩამოყალიბებული, თუ როგორ შეიძლება მოუაროს უკვე მრავალწახნაგოვან პრობლემას.

ახლა "ისლამურ სახელმწიფოსა" და ასადის რეჟიმს დაემატა ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა - გაძლიერებული რუსეთი, თან ისეთ ტალღაზე, როდესაც კრემლის საწინააღმდეგო არგუმენტი მაინცდამაინც ბევრი არა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, დასავლეთში გრძელვადიან საფრთხედ უფრო რუსეთს აღიქვამენ, ვიდრე "ისლამურ სახელმწიფოს" ან ასადს, იძულებული არიან, გარკვეულწილად დაჰყვნენ რუსეთის გეოპოლიტიკურ ტაქტიკას.

- ჟენევაში კარასინი-აბაშიძის ფორმატით მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც გაირკვა, მოლაპარაკება შეეხო სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს...

- საკითხავია, სავიზო რეჟიმის გამარტივება რას გულისხმობს. ვფიქრობ, ბევრს არაფერს. ჩემი აზრით, ალბათ, საქართველოს მოქალაქეების ერთ კატეგორიას შეუმსუბუქდება ვიზის მიღების პროცედურა და ამაში, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური კონტექსტი. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის გავლენა დღევანდელ მსოფლიოში მზარდია, ბუნებრივია, ის უარს არ იტყვის საკუთარი გავლენის სფეროების შენარჩუნებასა და გაზრდაზე. რადგან რუსეთს მიაჩნია, რომ ჩვენი რეგიონი და საქართველოც მისი გავლენის სფეროა და დასავლეთმა მისი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს, არ გამოვრიცხავ, რომ ვიზების მიღების გამარტივებაში ეს კონტექსტიც იყოს. თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაცია და რუსული ვიზების გაცემის გამარტივება ნამდვილად არა მგონია არც ერთმანეთის საპირწონე და არც ერთმანეთისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები.

რაც შეეხება ვიზა-ლიბერალიზაციას, ევროპიდან აშკარად უფრო დადებითი გზავნილები გვესმის, ვიდრე ნეგატიური. ვნახოთ. რა იქნება.

- თბილისის საკრებულომ მერიის მიერ მომზადებული მომავალი წლის ბიუჯეტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და მერიას შენიშვნებით აჭრელებული დაუბრუნა უკან. უკვე დავით ნარმანიას იმპიჩმენტზეც ლაპარაკობენ.

- მეეჭვება, ნარმანიას იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს. ცხადია, ხელისუფლებაში ნარმანიას კრიტიკა დაშვებულია, მისი ავტორიტეტი ხელისუფლებაში აშკარად ძალიან დაბალია. მეეჭვება, იმ ბიუჯეტში რაიმე განსაკუთრებულად ყოფილიყო გაფუჭებული. როგორც ჩანს, მთავრობაში ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილო არიან, რაც საკრებულოს უმრავლესობის განწყობაზეც აისახა. არა მგონია, თუნდაც პოლიტიკური მოსაზრებებით ხელისუფლებას ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ დაუშვას თბილისის მერის რიგგარეშე არჩევნები, ქვეყანას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ისინი შეინარჩუნებენ ნარმანიას თუნდაც ნომინალურად.

არანორმალურია, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, ქალაქი ჩრდილოვანი მენეჯმენტით მართონ.

- ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ აღშფოთებას კვლავაც პრემიებისა და სახელფასო დანამატების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია იწვევს. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ბევრ სახელმწიფო უწყებაში პრემიების ოდენობა კი შემცირებულა, სამაგიეროდ, სახელფასო დანამატებია მნიშვნელოვნად გაზრდილი. ამ სფეროს დასარეგულირებლად მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენაზე ჩააგდო. როგორ ფიქრობთ, სად არის გამოსავალი?

- რთული საკითხია, ვერ ვიტყვით, რომ ის ხელფასები, რასაც ხელისუფლებაში მაღალი დონის მენეჯერები იღებენ, მაღალია, მაგრამ, მეორე მხრივ, სოციალური სამართლიანობის პასუხისმგებლობის საკითხი დგას, - როდესაც ჩინოსნის შემოსავალი საშუალო-სტატისტიკური ქართველის შემოსავალს ხანდახან 10-ჯერ ამეტებს, ბუნებრივია, ეს პრობლემაა. ამას ამძაფრებს ისიც, რომ ეს საკითხი მუდმივი მანიპულაციის თემაა, თუ პრემიებს არ გასცემენ, ეს თანხები ინაცვლებს სახელფასო დანამატებში და ა.შ. თუ მიიჩნევენ, რომ პრემია და სახელფასო დანამატი შრომის შესაფერისად არის გაცემული, იმის ვაჟკაცობა მაინც ეყოთ, რომ თქვან, საჭირო იყო და გავეცითო. აუტანელია, თავს რომ ისულელებენ და ყოვლად გაუგებარ კომენტარებს აკეთებენ. მაგალითად, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საერთოდ აუდიტის სამსახურის კომპეტენციაში შეიტანა ეჭვი, რაც სასაცილოა... ვეჭვობ, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ ბიძინა ივანიშვილის რისხვის, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ ეს საკითხი ყველაზე მეტად აწუხებს.

- დასასრულ, ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილ "საქართველოს განვითარების ფონდზეც" მინდა გკითხოთ. ყველა დარწმუნებულია, რომ ეს ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების წინა პირობაა.

- რაღა დაგიმალოთ და, მეც ასე ვფიქრობ. გამიჭირდება მის მოტივაციაზე ლაპარაკი, მაგრამ ამ ნაბიჯში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ადამიანები გადიან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს, აქვთ სხვადასხვა ამბიცია...

როგორც ჩანს, ბურჭულაძე ფიქრობს, რომ მოვიდა მისი პოლიტიკაში მოსვლის დრო. სხვათა შორის, პაატა ბურჭულაძე და ბიძინა ივანიშვილი რაღაცით ერთმანეთს ჰგვანან, ორივე წარმატებულია თავის საქმეში და წლების განმავლობაში ეწეოდნენ ქველმოქმედებას.

ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში მარტო ბურჭულაძის ჯგუფს კი არა, არაერთ სხვა ახალ პოლიტიკურ პარტიას ვიხილავთ, რადგან დღეს პოლიტიკური ელიტის კრიზისია, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს. შეიძლება ითქვას, რომ ხალხის ძალაუფლება ქუჩაში გდია და ამღები არავინ არის. ეს კი ამბიციურ ადამიანებს პოლიტიკაში მოსვლისკენ უბიძგებს.

ნათია დოლიძე