"ჩანს კონტურები "ცივი" ომისა, რომელიც ძალიან ახლოა "ცხელ" ომთან..." - კვირის პალიტრა

"ჩანს კონტურები "ცივი" ომისა, რომელიც ძალიან ახლოა "ცხელ" ომთან..."

"მთავარია, ევროპაში ისეთი პროცესები არ განვითარდეს, რომ უვიზო მიმოსვლამ აზრი დაკარგოს"

"შუალედური არჩევნებისას იყო მცდელობა, კოალიციის შიგნით გარკვეულ ძალებს მოეხერხებინათ აზრის გახლეჩა"

სირია-თურქეთის საზღვარზე თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ ისედაც კონფლიქტებში ჩაძირულ მსოფლიოში დაპირისპირების ახალი კერა გაჩნდა. ჩვენს ორ მეზობელს შორის ვითარება დღითი დღე იძაბება. ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ გართულებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა სამხედრო დაპირისპირებად არ იქცევა, თუმცა, არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც ლამის მესამე მსოფლიო ომის დაწყებას წინასწარმეტყველებენ. ამ ფონზე, როდესაც ევროპაში ტერორიზმის საფრთხის დაძლევისთვის მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებენ, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება.

დეკემბრის შუა რიცხვებში გაირკვევა, რა შედეგით დასრულდება ვიზალიბერალიზაციის პროცესი. ბოლო დროს ევროპელი პარტნიორების პოზიტიური განცხადებები გვესმის. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოში ყოფნისას განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გამოქვეყნდეს, დადებითი იქნება. ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან ინტერვიუ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ქალბატონი მოგერინისა და ბატონი ჰანის განცხადებების შემდეგ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, რაც, ალბათ, 15 დეკემბერს გაცხადდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა მაშინვე გახდება ნებადართული. ამას თავისი პროცედურები აქვს, თუმცა, მაინც მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევ.

მენიშნა ერთი რამ - როდესაც იოჰანეს ჰანს ჰკითხეს, ვიზალიბერალიზაციის პროცესს ხელს ხომ არ შეუშლიდა ქვეყანაში მედიაპლურალიზმის თაობაზე გაჩენილი შეკითხვები, რაც, ძირითადად, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ დაპირისპირებას შეეხებოდა, მან თქვა, რომ ეს ვერ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც მიანიშნებს, რომ ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს ამ ნაბიჯის გადადგმა. და თუ ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვა, ისინი ამას არ გადაიფიქრებენ...

- ჩვენში ბევრს მიაჩნდა, რომ ევროპაში დევნილთა ნაკადისა და ტერორიზმის საფრთხის ზრდის გამო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა კვლავ გადავადებულიყო...

- იყო ეს საფრთხე, რასაც მავანი რუსეთის ფაქტორსაც ამატებდა, თუმცა, ვიზალიბერალიზაცია არის ყველაზე იოლად მისაღები გადაწყვეტილება, რომლის საწინააღმდეგოდ ძნელად თუ ვინმე მოძებნის არგუმენტს, მით უფრო - რუსეთი. ეს მას საფრთხეს არ უქმნის. თუ საკითხს მიგრანტთა ევროპაში ჩასვლის პრობლემის კუთხით განვიხილავთ, ამ თვალსაზრისით ევროპას ჩვენგან საფრთხე არ დაემუქრება - წარმოუდგენელია, ჩვენგან დიდი ნაკადი მიაწყდეს ევროპულ ქვეყნებს. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ქვეყნებში დღეს არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად ცხოვრების უფლებას მიიღებენ...

მთავარია, მსოფლიოში და მით უფრო - ევროპაში ისეთი ნეგატიური პროცესები არ განვითარდეს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლამ აზრი დაკარგოს.

- ევროპელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას უფრო და უფრო ხშირად შეახსენებენ, როგორი მნიშვნელოვანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. არჩევნებისთვის მზადება ქვეყანაში უკვე დაიწყო - ჩნდება ახალი პოლიტიკური ძალები, იკვეთება ახალი ალიანსების კონტურები და ა.შ. თქვენი აზრით, რა ელის მმართველ კოალიციას? კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდია დაძაბულობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში ბევრი ამჟამინდელი დეპუტატი ვერ მოხვდება...

- ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, მით უფრო - ასეთ კოალიციაში, არჩევნების წინ დაძაბულობა მატულობს და ეს გასაკვირი არ არის. ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ საჭიროა გადახალისება, მაგრამ იქვე შეფარვით ითქვა ისიც, რომ ის, ვინც მომავალ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება, უფუნქციოდ არ დარჩება.

ერთია ცვლილებების აუცილებლობა და მეორე - ამ ცვლილებებისთვის საჭირო რესურსის მოძებნა.

სამწუხაროდ, პროფესიონალების პრობლემა ყოველთვის იდგა. გარდა კანონშემოქმედებითი საქმიანობისა, უმნიშვნელოვანესია, პარლამენტში მყოფთ პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდეთ.

- ამბობენ, რომ კოალიციაში ბევრი უპირისპირდება რესპუბლიკურ პარტიას...

- ის, რომ რესპუბლიკურ პარტიაში დიდი ინტელექტუალური რესურსია და თუნდაც საპარლამენტო საქმიანობისას მათ დიდი ტვირთი აწევთ, შესაძლოა, ვინმეს აღიზიანებდეს, მაგრამ მთავრობასა თუ პარლამენტში ამა თუ იმ თანამდებობაზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ხომ უმრავლესობის გადაწყვეტილებით აღმოჩნდნენ. რესპუბლიკური პარტია კოალიციაში უმცირესობაა, ის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ვფიქრობ, თუ უნდა "ქართულ ოცნებას", მომავალ არჩევნებში გაიმარჯვოს, აუცილებლად უნდა მოახერხოს ერთიანობის შენარჩუნება. მაგალითად, შუალედური არჩევნებისას იყო მცდელობა, კოალიციის შიგნით გარკვეულ ძალებს მოეხერხებინათ აზრის გახლეჩა. ზოგი ისე წარმოაჩენდა, თითქოს საგარეჯოს რაიონში ბიძინა ივანიშვილიც კი ინაშვილს უჭერდა მხარს, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. როგორც ჩვენი საარჩევნო ისტორია აჩვენებს, შუალედურ არჩევნებში თითქმის ყოველთვის სახელისუფლებო კანდიდატები იმარჯვებენ.

- ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიერ ""საქართველოს განვითარების ფონდის" დაფუძნება ყველამ შეაფასა, როგორც პირველი ნაბიჯი პოლიტიკაში. საინტერესოა, სად ხედავთ მისი გუნდის ადგილს ქართულ პოლიტიკაში და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან"? შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა ""ვიკილიქს ცენტრმა" გამოაქვეყნა, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც სააკაშვილი ამბობს, რომ ბურჭულაძეს თავისიანები "მიაბა" და მისი ფონდი "მესამე ძალად უნდა ააგორონ"...

- ეს ჩანაწერი ჯერ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციის მცდელობა მგონია. ბურჭულაძე ჯერ არ მოსულა პოლიტიკაში და მას უკვე ბრძოლა გამოუცხადეს. ვინ? ძნელი სათქმელია. არ არის გამორიცხული, ამ ყველაფრის უკან "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს, რომელიც ჯერ ჩამოუყალიბებელ პარტიაში თავის კონკურენტს ხედავს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია, ბურჭულაძის გვერდით "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ისეთი ლიდერი ვიხილოთ, ვინც ამ პოლიტიკური ძალის 9-წლიანი მმართველობისას არ გასვრილა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის მიზანმიმართული გავრცელებით "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი რღვევის შეჩერებას ცდილობდეს, თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ამგვარი ჩანაწერის გავრცელებით სულ სხვა ძალა იყოს დაინტერესებული.

ვიდრე პოლიტიკაში ბურჭულაძის სავარაუდო როლზე გეტყოდეთ რამეს, უნდა ვახსენო ამ ჩანაწერის ერთი ფრაგმენტი, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, თიIთქოს ქვეყნის პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" დაპატიმრებული ლიდერების შეწყალებას აპირებს. პრეზიდენტის მაგივრად ვერ დავიფიცებ, რომ ის ამას არ გააკეთებს, მაგრამ ერთს ვიტყვი: თუ მარგველაშვილს უნდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე თავისი ამჟამინდელი მდგომარეობაც დაასამაროს და სამომავლო პერსპექტივაც გაინადგუროს, სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. ის ჭკვიანი ადამიანია, არა მგონია, ამას ვერ ხვდებოდეს, ამიტომაც ვფიქრობ, ამ ჩანაწერის გავრცელება მის დისკრედიტაციასაც ისახავს მიზნად.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს... იმ გუნდის მიხედვით, რომელიც მან შემოიკრიბა, პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს იქნება პროდასავლური ორიენტაციის პარტია. იმედია, პაატა ბურჭულაძე არ მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა მხოლოდ მისი პოპულარობის ხარჯზე გავა ფონს და არჩევნებში წარმატებას მიაღწევს... მათ თუ ბარიერის გადალახვა სურთ, აუცილებლად უნდა ეძებონ პარტნიორები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება იყოს "ქართული ოცნება". თუ ოპოზიციურ ფლანგზე გადაწყვეტენ მოღვაწეობას, მაშინ ყველაზე ოპტიმალური ბურჭულაძე-ალასანიას ალიანსი მგონია. გამორიცხულია პაატა ბურჭულაძისა და "ნაციონალური მოძრაობის""თანამშრომლობა.

- საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს. ახალი წესით, პარლამენტმა ირაკლი შოთაძე ამ თანამდებობაზე 6 წლით დაამტკიცა...

- …სიმართლე გითხრათ, ამ პოსტზე ირაკლი შოთაძის არჩევა, როგორც ბევრისთვის, არც ჩემთვის ყოფილა მოულოდნელი. ფარცხალაძის წასვლიდან მოყოლებული, სწორედ ის იყო დე ფაქტო მთავარი პროკურორი, ახლა კი ეს იურიდიულადაც გააფორმეს. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ცხადად ჩანდა, რომ მთავარი პროკურორობის მთელი ტვირთი სწორედ მის მხრებზე გადადიოდა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არსებით ცვლილებებს არ ველი. ძნელია დაიჯერო, რომ ახლა პროკურატურა რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.

მისი კანდიდატურის განხილვისას ყველაზე ხშირად ისმოდა განცხადებები გახმაურებულ საქმეებზე, რომელთა ბოლომდე მიყვანა ვერა და ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, 2016 წელი საარჩევნო წელია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი საქმე პროკურატურას მართლაც ჰქონდეს ბოლომდე მიყვანილი და სწორედ არჩევნების მოახლოებისას მისცენ მას მსვლელობა, ანუ გაგზავნონ სასამართლოში. ამით "ქართული ოცნება" ეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ სამართლიანობის აღდგენა გრძელდება.

- ანუ გამოდის, რომ პროკურატურა პოლიტიკური ინტერესების მიხედვით იმოქმედებს?

- ეს დიდი უბედურება არ არის. თითქმის ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ასეთი რამ.

შოთაძემ პარლამენტში თავისი კანდიდატურის განხილვისას ორი საქმე ახსენა - ზურაბ ჟვანიას საქმე, რომელზეც თქვა, რომ გამოძიება გეგმიურად მიდის და ეროსი კიწმარიშვილის საქმე, რომლის მასალებსაც, მისი თქმით, მალე გაასაჯაროებენ. ვნახოთ. თუ პროკურატურას რომელიმე საქმე მართლაც აქვს ბოლომდე მიყვანილი, არ მგონია, მისი გამომზეურება ძალიან დააგვიანონ. კარგი იქნება, თუ ეს საქმეები გამყარებული იქნება უტყუარი მტკიცებულებებით.

- თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა ჩვენს ორ მეზობელს შორის...

- დღეს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს. ცივი ომის შემდეგ მსოფლიო ასე ორად გაყოფილი, ფაქტობრივად, არც ყოფილა. დასავლეთი და რუსეთი თანამშრომლობას ცდილობდნენ. ერთი პერიოდი იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ნატოს გაფართოებასა და იქ რუსეთის მიღება-არმიღებაზეც დაიწყო ლაპარაკი. დღეს ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ურთიერთობების გაცივების ათვლის წერტილად შეიძლება 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიც მივიჩნიოთ. მერე იყო ყირიმი და ახლა - სირიაში განვითარებული მოვლენები. დღეს პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის შედეგი. თითქოს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდნენ, ვნახეთ მოსკოვში ჩასული ოლანდი, მაგრამ განხეთქილების მიზეზი მაინც რჩება - ეს არის ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელსაც დასავლეთი ტერორიზმის წყაროდ მიიჩნევს, რუსეთი და ირანი კი ამ აზრს არ იზიარებენ. ითქვა, თითქოს რუსეთმა ოლანდს პირობა მისცა, რომ ავიადარტყმებს მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებად ტერიტორიებზე განახორციელებს და ასადის ზომიერ ოპოზიციას აღარ დაბომბავს, თუმცა, დასავლეთში მშვენივრად იციან, რომ რუსეთის დაპირებას ფასი არა აქვს...

სამწუხაროდ, უკვე ნათლად ჩანს კონტურები "ცივი" ომისა, რომელიც ძალიან ახლოა "ცხელ" ომთან...

- თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რუსეთ-თურქეთის კონფლიქტმა საქართველოზე?

- რთულ ვითარებაში ვართ... მართალია, რუსეთი არ არის დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ არც თურქეთია დემოკრატიულობის ნიმუში. თუ ლაპარაკია ლიდერებზე, ერდოღანი ცოტა სხვა ტიპის ლიდერია, ვიდრე პუტინი, მაგრამ ისინი მართვის სტილით მაინცდამაინც არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, კონსტიტუციის ცვლილება და საკუთარ თავზე მორგება ორივეს მშვენივრად ეხერხება.

ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ფრთხილი როგორც მოქმედების, ასევე საჯარო გამოსვლებისას. ძირითადად, ყურადღება უნდა გამახვილდეს კულუარულ დიპლომატიაზე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველა ჩვენს მეზობელსა და პარტნიორთან. რაც მთავარია, დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იმუშაოს მეტი, ვიდრე აქამდე მუშაობდა. რაღა დაგიმალოთ და, ვფიქრობ, გაგვიმართლა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში - ასეთ შემთხვევაში ჩვენ, შესაძლოა, პირდაპირ ლომის ხახაში ამოგვეყო თავი.

უნდა იქნეს გაანალიზებული პროცესების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი - ყველაზე უტოპიურიც კი... ძალიან მაშინებს, რომ აქ თუნდაც ტერაქტის მოწყობით ვინმემ არეულობის პროვოცირება არ სცადოს. ამ საფრთხეს ძირითადად რუსეთისგან ვხედავ, რომელმაც ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, შესაძლოა, კვლავაც მოახერხოს ჩვენი ქვეყნის ანექსია... თუ რუსეთსა და თურქეთს შორის საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივა, როგორც აფხაზეთში, ასევე ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსეთი დაიწყებს სამხედრო შენაერთების გაძლიერებას. არ არის გამორიცხული, სომხეთის გიუმრის ბაზაზე ახალი სამხედრო ტექნიკის შეტანა საქართველოს გავლითაც სცადონ, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაგვირთულოს ურთიერთობა თურქეთსა და აზერბაიჯანთან. ეს რამდენიმე ვერსიაა. კიდევ არაერთი საფრთხის ნიშანი ჩანს, რისი ანალიზი და პრევენცია ხელისუფლების საქმეა. რაც შეეხება საფრთხეს "ისლამური სახელმწიფოსგან"," მე ამას ვერ ვხედავ.მეეჭვება, მათ აქ შიშისა და ტერორის დათესვა სჭირდებოდეთ. ამგვარი საფრთხის პროვოცირებით საკუთარი მიზნების მიღწევა, შესაძლოა, სულ სხვა ძალებმა სცადონ - ერთი მხრივ, მოახერხონ ჩვენში რელიგიურ ნიადაგზე პრობლემების წამოწევა, მეორე მხრივ კი ამ პრობლემების მოგვარება მესამე ძალამ დაიწყოს, რაც ჩვენთვის შეიძლება კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდეს...

(იხილეთ ასევე: "მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება დაიწყო" - მესამე მსოფლიო ომი კარზეა მომდგარი?!)

ნათია დოლიძე