"ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება"
07-12-2015
"ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება"
რა უნდა კიევის ყოფილ მერს ქართულ პოლიტიკაში?!

"ჩერნოვეცკის უკრაინაში ბევრ კორუფციულ სკანდალში ადანაშაულებდნენ და მაინცდამაინც სუფთა წარსული არა აქვს"


ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობაზე კვლავაც არ გაეცა პასუხი შეკითხვას: როდის შესრულდება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და როდის გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი? თუმცა ერთი რამ მაინც გაირკვა - როგორც დასკვნით კომუნიკეში ჩაიწერა, ქვეყანას ნატოში გასაწევრებლად აუცილებლად დასჭირდება გაწევრების სამოქმედო გეგმა (MAP). ამ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე
ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:


- როგორ შეაფასებდით ნატოს მინისტერიალის შედეგებსა და საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს? მონტენეგროს ალიანსში მიწვევა შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურ გზავნილად?
- ეს შესაძლოა უფრო კეთილგანწყობის გზავნილად მივიჩნიოთ, ვიდრე ხელშესახებ პრეცედენტად, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოზეც გავრცელდება. არა იმიტომ, რომ დავუშვათ, დემოკრატიული განვითარების
თვალსაზრისით მონტენეგრო უსწრებს საქართველოს, ან სამხედრო მომზადება უკეთესი აქვს. არა, აქ, სამწუხაროდ, ისევ და ისევ გეოპოლიტიკური მდგომარეობაა მნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით საქართველო და მონტენეგრო განსხვავებულ ვითარებაში არიან. ამ მინისტერიალზეც გამოჩნდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივა არსებობს, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს ამის განხორციელების ვადა. ვიდრე მსოფლიოში არსებობს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, სავარაუდოდ, ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ. ბოლო დროს მქონდა საშუალება, შევხვედროდი და მესაუბრა იმ პირებთან, რომლებიც ნატოს პოლიტიკის შექმნასა და წარმართვაში მონაწილეობენ. ესენი არიან ჩვენი ბალტიისპირელი და პოლონელი პარტნიორები. მათ გვითხრეს, რომ ნატოს წევრთა შორის ხმალამოღებული ბრძოლაა სწორედ ალიანსის გაფართოებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. ხმები, ფაქტობრივად, 50/50-ზე იყოფა. ეს მხოლოდ საქართველოს არ შეეხება.…ბოლო ხანს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ერთი ნაწილი აშშ-ის წინადადებებს მაინცდამაინც ანგარიშს აღარ უწევს, ბევრმა უკვე დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. დღეს მსოფლიო წესრიგი შეიცვალა, მიმდინარეობს მისი ახლებურად დალაგების მეტად მტკივნეული პროცესი და ცხადად ჩანს, რომ ეს კარგა ხანს გაგრძელდება. ამ არეულ ვითარებაში პასუხისმგებლობის აღება ყველას უჭირს. მოკლედ, ამ მინისტერიალზეც გვითხრეს, ნატოში გაწევრება გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო.

- სხვა თუ არაფერი, ამ მინისტერიალზე ის მაინც დანამდვილებით გავიგეთ, რომ არც MAP-ზე უკეთესი გვიშველის და არც მის გარეშე მიიწვევს ვინმე საქართველოს ალიანსში...
- ეს საკითხი ერთგვარ კურიოზად არის ქცეული. ნატოშიც კარგა ხანია ხვდებიან, რომ საქართველო ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ალიანსში ინტეგრაციისთვის და საპასუხოდ ბევრს ვერაფერს იღებს, ამიტომაც ცდილობენ, ახალ-ახალი დაპირებები მოიგონონ ჩვენთვის. ლაპარაკი, რომ მაპ-ზე უკეთესი გვქონდა ან სულაც არ იყოს გაწევრებისთვის მაპ-ი საჭირო, იყო მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლების გამოგონილი სატყუარა, რათა საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ნიჰილიზმი ნატოს მიმართ. დღევანდელი ხელისუფლებაც ხშირ შემთხვევაში იძულებულია, ასეთი ტიპის დაპირებები გასცეს. თუმცა დღეს უფრო გამჭვირვალეა ეს პროცესი.
ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნატოში საქართველოს ინტეგრაცია პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთზე და საქართველოსა და რუსეთის შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, ნატოს ზოგიერთ ქვეყანას ჩარევა არ სურს. მათ ურჩევნიათ, რუსეთთან ნელთბილი ურთიერთობა ჰქონდეთ და თავი აარიდონ კონფრონტაციას, ასე ფიქრობენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია... მოკლედ, ბებერი ევროპა, დიდი ბრიტანეთის გამოკლებით.

- თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ თურქეთი არ მოერიდა კონფრონტაციას რუსეთთან. მართალია, მნიშვნელოვნად გაფუჭდა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მაგრამ თურქეთმა ევროპის მხარდაჭერა მიიღო და რუსეთიც აშკარად ერიდება კონფლიქტის სამხედრო დაპირისპირებამდე მიყვანას.
- ურთიერთბრალდებები ისევ გრძელდება და არავინ იცის, კიდევ რა შეიძლება მოხდეს... ხშირად ამ კონფლიქტის ჭრილში საქართველოსთვის მხოლოდ უარყოფით შედეგებზე ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ მე მინდა ერთი დადებითი პერსპექტივა აღვნიშნო: შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვენი ძალების მობილიზება და შევასრულოთ ერთგვარი ბუფერის როლი. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოეჩვენოს ეს ვიღაცას, ამის შანსი ნამდვილად გვაქვს. დაპირისპირების დროს ზოგიერთი ქვეყნისთვის მომგებიანიც კია, რომ მესამე ქვეყანამ იშუამავლოს. მაგალითად, ვხედავთ, რომ ევროსტრუქტურებსა და აზერბაიჯანს სერიოზული კონფრონტაცია აქვთ. ორივე მხარე საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველომ იტვირთოს შუამავლობა.

არ ვიცი, ამ შანსს როგორ გამოიყენებს საქართველოს ხელისუფლება. ასეთივე როლი შეიძლება ვიტვირთოთ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში და საქართველოს ხელისუფლებამ დაძაბულობის განელებაში პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. თუ არ გაღრმავდა კონფრონტაცია და მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირების დონეზე დარჩა, მაშინ საქართველომ შეიძლება სერიოზული ეკონომიკური მოგება ნახოს. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ორივე ქვეყნისთვის ეკონომიკურ ბაზად ვიქცეთ. უკვე ვნახე როგორც თურქეთიდან, ასევე რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანები, რომლებიც სიტუაციას ზვერავდნენ.მაგალითად, ლაპარაკია ზოგიერთი თურქული წარმოების საქართველოში გადმოტანაზე, რომლის ნაწარმიც რუსულ ბაზარზე შედიოდა. მათი მიზანია, ეს ბაზარი არ დაკარგონ და უკვე საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია გაიტანონ რუსეთში.

- ამ რამდენიმე დღის წინ თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობის დაჩქარებასა და ვადაზე ადრე დასრულებაზე შეთანხმდნენ.
- რასაკვირველია, ეს გაზსადენი საქართველოსთვის დამატებითი შემოსავალი იქნება, თუმცა მისი დაჩქარება ტექნოლოგიურად ცოტა ძნელად წარმომიდგენია. ეს ერთობლივი განცხადება უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის იყო, რითაც აზერბაიჯანმა და თურქეთმა ურთიერთთანადგომა დაანახეს მსოფლიოს, განსაკუთრებით კი, რუსეთს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს პრობლემები, თუმცა ამ ეტაპზე ეს დაივიწყეს და მეკავშირეობას გაუსვეს ხაზი. ამასთან, ვნახეთ, თურქეთის პრემიერმა როგორ მოუწოდა სომხეთს, გაათავისუფლოს აზერბაიჯანის ტერიტორიები. ესეც პირდაპირი გზავნილი იყო რუსეთისთვის, რომელიც სომხეთის ნომერი პირველი პარტნიორია.

- რაც შეეხება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, ჩვენში ბევრი დარწმუნებულია, რომ სავარაუდოდ 15 დეკემბრის შემდეგ საქართველო ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლებას მიიღებს.

- მეც მაქვს განცდა, რომ ეს საკითხი მართლაც დადებითად არის გადაწყვეტილი და ეს უკვე მალე გახმაურდება. ჩვენ კარგა ხანია ვახერხებთ და ვინარჩუნებთ დასავლეთთან პარტნიორობას, თუმცა საკმაოდ ბევრს გავცემთ ამ პარტნიორობის შესანარჩუნებლად. მარტო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა რად ღირს... როგორც უკვე გითხარით, ევროკავშირშიც და ნატოშიც კარგად ხედავენ ამას და ბევრს აწუხებს, რომ საქართველო ამისთვის ბევრს ვერაფერს იღებს ევროსტრუქტურებიდან. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, ვიზა-ლიბერალიზაცია ერთგვარი ბონუსია საქართველოს ძალისხმევაზე პასუხად, თუმცა მოვიჩნევ, რომ ჩვენ ბევრად მეტს ვიმსახურებთ!

- ამ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო ოთხი პირი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. როგორ ფიქრობთ, აუცილებელი იყო ის ცნობილი მუქარის შემცველი ვიდეო გავრცელებულიყო, რომ ჩვენს სამართალდამცავებს ქმედითი ზომები მიეღოთ?

- ხშირად ვამბობდი, რომ ეს პრობლემა მარტო პანკისის ხეობაში არ იყო და არანაკლებ სახიფათო ვითარებაა აჭარასა და გურიის იმ სოფლებში, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. როგორც ვიცი, ოპერატიული რეაგირება ისედაც იყო დაგეგმილი... ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ ოპერატიული რეაგირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მავანს და სწორედ ამიტომაც ვნახეთ ის ვიდეოგამოსვლა. ამით შეეცადნენ ყურადღების მიპყრობას. მოკლედ, როგორც ჩანს, დასწრებაზე იყო საქმე.
ჩვენი სპეცსამსახურების მოქმედება, რომელთაც მე ხშირად ვაკრიტიკებ ხოლმე, ამ ბოლო დროს აშკარად გამოსწორდა. მიმაჩნია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეფექტიანად იმუშავეს. იმ ოთხიდან, რომელიც ბოლოს დააკავეს, ერთი, რომლის გვარ-სახელსაც ვერ დავასახელებ, ნამდვილად დასაჭერი იყო, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები.

ჩემთვის ცნობილია, მისი, რბილად რომ ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივი "მოღვაწეობის" შესახებ. ეს, ჩემ გარდა, ამ საკითხით დაინტერესებულმა ბევრმა ადამიანმა იცოდა. ასე რომ, ამ ეტაპზე გასაკეთებელი საქმე გაკეთდა, მაგრამ ეს ერთჯერადი კამპანია არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს პერმანენტული პროცესი, რომელშიც მთავარი იქნება პრევენციული ზომების მიღება. რასაც პრევენცია ვერ უშველის, სამართლებრივად უნდა აღმოიფხვრას. სხვა მხრივაც არის სამუშაო. ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული. ეს შესაჩერებელია! თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ხელისუფლებას: უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს მუსლიმანებს, ტრადიციული ისლამის მიმდევრები უნდა დაიყენოს ხელისუფლებამ გვერდით, ამ ხალხს შეუძლია თვითონ შექმნას ფუნდამენტალისტებისთვის პრაქტიკულად გაუვალი ბარიერი. სახელმწიფოსგან მიტოვებული სოციალური ჯგუფი ყოველთვის ხდება სხვისი, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის მტრის ლუკმა. ეს აქსიომაა!

- გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს.
- დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება პოლიტიკაში თუ არა, არა მაქვს, თუმცა ერთ რამეში სრულიად დარწმუნებული ვარ: დღევანდელი გადმოსახედიდან კოალიცია "ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება.
არ ვიცი, შესაძლოა არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მმართველმა კოალიციამ სასწაული მოახდინოს და ეს აღარ დასჭირდეს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ივანიშვილის გარეშე ძალიან გაუჭირდება. იმავდროულად, აუცილებელია ხელისუფლებამ ბევრი იმუშაოს, აღმოფხვრას ბიუროკრატიზმი, დაითხოვონ უპასუხისმგებლო და მშიშარა ჩინოსნები, რომლებიც ზემდგომის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, და გამოჩნდეს ახალი ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც რიგითი მოქალაქის ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

- პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად, უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ისევ არ დაესწრო. თქვენი აზრით, კონფრონტაცია პრეზიდენტთან კოალიციას საარჩევნოდ რამდენად წაადგება?
- რა გითხრათ, ეს ნამდვილად არ არის ნორმალური პროცესი. სამწუხაროდ, პრეზიდენტის როლს მაქსიმალურად აკნინებს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. ლოგიკურად რომ მივუდგეთ საკითხს, კოალიციისთვის ამგვარი კონფრონტაცია არ უნდა იყოს ხელსაყრელი. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს პიროვნული დაპირისპირების ხასიათი აქვს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ხშირად პრეზიდენტის პოზიციაც მაპროვოცირებელია. საზოგადოება დაიღალა ამ გაუთავებელი იწილო-ბიწილოთი, ყველა, გარდა დაპირისპირების მთავარი პირებისა, ხვდება, რომ ამით ქვეყნის იმიჯი მხოლოდ ზიანდება.

- ბევრი მითქმა-მოთქმაა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე. ერთ-ერთი ვარაუდით, მან შესაძლოა ალიანსი ალასანიას პარტიასთან შექმნას და მათ მხარდამჭერად პრეზიდენტი მოგვევლინოს.
- ამაზე ლაპარაკი ადრეა... პაატა ბურჭულაძე ძალიან ფრთხილი ადამიანია. ყველა ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადაუდგამს, ყოველთვის განსაკუთრებულად მოზომილი იყო. თუ მან რაიმე გაუთვლელი გადაწყვეტილება მიიღო, ვფიქრობ, ეს უფრო გარემოცვის გავლენის ბრალი იქნება.

- მაინც სად ხედავთ მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში?

- მასთან მილაპარაკია და შემიძლია გითხრათ, რომ აქვს ასეთი მიდგომა - ის არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ არის ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული საერთაშორისო კავშირები და სურს ეს ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ბურჭულაძეს წარმოვიდგენ როგორც მედიატორს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში. ვფიქრობ, მასაც ეს ჩანაფიქრი უნდა ჰქონდეს. რამდენად მოახერხებს მის რეალიზებას, არ ვიცი.

- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამ ფაქტამდე ცოტა ადრე გავრცელდა გოკა გაბაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ის ლაპარაკობს "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე. მისი თქმით, სააკაშვილი ისევ თავის ""პაზორნი" ძალოვანებს" - ადეიშვილსა და ახალაიას ეყრდნობა და უგულავა-ბოკერია-გაბაშვილის გუნდის "ჩაჩოჩება" უნდა".
- სააკაშვილმა თვითონ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი, როდესაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამიტომ ამ საკითხზე აღარ შევჩერდები. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, "ნაციონალურ მოძრაობაში" დალაგებულად რომ ვერ არის საქმე, კარგა ხანია ვიცით. უბრალოდ, გაბაშვილის ნაუბრიდან გამომდინარე, უფრო ღრმად წასულა ამ პარტიის რღვევის პროცესი, ვიდრე მეგონა. როგორც კი ძალაუფლება დაკარგა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაშინვე დაიწყო შიგნით ვნებათაღელვა. ახლა შეიძლება გონს მოეგოს სააკაშვილი და ერთიანობის შენარჩუნება სცადოს, თუმცა მეეჭვება, დაწყებული პროცესის გაჩერება შეძლოს. ჩემი აზრით, არჩევნებამდე კიდევ ბევრი წევრი დატოვებს ამ პარტიას.

- კიევის ყოფილი მერი და ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც საქართველოში რამდენიმე წელია ცხოვრობს, პოლიტიკურ პარტიას ქმნის, სახელწოდებით, ,,ბედნიერი საქართველო" და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
- საოცარია პირდაპირ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ და უკრაინა ისე ახლოს ვყოფილვართ ერთმანეთთან, პოლიტიკოსებს ვცვლით უკვე. რა გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია, არ მეგონა, ასეთი გეგმები თუ ჰქონდა ჩერნოვეცკის. საინტერესოა, ვის შემოიკრებს გარშემო და რა თამაშს ითამაშებს? ერთი რამის დანამდვილებით თქმა შეიძლება, მას ნამდვილად აქვს იმის ფინანსები, რომ ამგვარი იდეა რეალურად განახორციელოს. ჩერნოვეცკის უკრაინაში ბევრ კორუფციულ სკანდალში ადანაშაულებდნენ და მაინცდამაინც სუფთა წარსული არა აქვს, თუმცა უკრაინა ისეთი კორუფციული ქვეყანაა, რომ არც არის გასაკვირი, ნამდვილად ყოფილიყო უკანონო გარიგებებში გარეული. როგორც მახსოვს, მას უფრო პოლიტიკური დაპირისპირებების გამო მოუხდა უკრაინის დატოვება. მოკლედ, წინ ბევრი საინტერესო ამბავი­ გველის.

- პრემიერმა პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართა, რომ პატრიარქს მიენიჭოს პატიმრების შეწყალების უფლება...

- ჩემი აზრით, შესაძლებელია პატრიარქს მართლაც მიეცეს გარკვეული კატეგორიის პატიმრების შეწყალების უფლება, ვგულისხმობ, მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაიწერება საკონსტიტუციო ნორმაში, მაგრამ ეს სხვა კანონით შეიძლება დარეგულირდეს. მიუღებლად მიმაჩნია, პატრიარქი და ეკლესია დაიტვირთოს მძიმე დანაშაულის ჩამდენი პატიმრების საქმეების შესწავლით. ეს უნდა დარჩეს პრეზიდენტის პრეროგატივად.

იხილეთ ასევე: რა ესაქმება კიევის ყოფილ მერს ქართულ პოლიტიკაში?! - სააკაშვილი უკრაინაში, ჩერნოვეცკი - საქართველოში

ნათია დოლიძე
ROMIKOS
14 დეკემბერი 2015 19:11



გეთანხმები. პატიოსანი გზით მილიონები არ იშოვნება. ყველა მილიარდელ-მილიონერს ააქვს,,ბოქ,,-ი ნაჭამი და სხვისკენ ნუ იშვერენ ხელებს. ყველა მილინერი დაფიქრდეს-საიდან გახდა მილიონერი. მე პირადად ბატონ ლიონიდს ვაძლევ ხმას. იქნება ეს მაინც შევიდეს ხალხის მდგომარეობაში. ბიძინამ ხალხის ოცნებები ფეხებზე დაიკიდა. პენსიონერების განწირული ხმა არ უნდა და არ ესმის.მოვიდა ის დრო რომ ჩვენც ერთ ადგილას დავიკიდოთ.თავის მატყუარა და პრემია-დანამატ ყლაპია მთავრობიანა. მე
09 დეკემბერი 2015 13:09
მე კარგად მახსოვს განათლების ქვეკომისიის სხდომაზე, ბატონი ბიძინას სიტყვები: " ვისაც სს დანაშაული არ აქს ჩადენილი, ყველას უნდა მივცეთ რეაბილიტაციიციის საშუალება" ჩემს კითხვაზე თუ ისევ იგივე გააგრძელა? მოპასოხა: " მაინ უმკაცრესად დასჯაზე უნდა ვიფიქროდ" რატომღაც დარწმუნებული ვარ თუმან პოლიტიკაშიმოსვლა გადაწყვიტა, დასასჯელთა სიაც მზად ექნება.
რომიკო
09 დეკემბერი 2015 11:41
რომელი მილიონერი მილიარდელი ნახეთ პატიოსანი, რას გადაეკიდეთ ამ ლიონიდს,მე პირადად წარმატებებს ვუსურვებ ქართულ პოლიტიკაში შემოსვლით.

რედაქტორის რჩევით