"ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში" - კვირის პალიტრა

"ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში"

"ჩვენი საზოგადოება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები"

"უზნეო, ურწმუნო ევროპა, რომელიც ქართველობას გვართმევს - ეს არის რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოებული პროპაგანდის შედეგი"

საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელის, ამასობაში კი ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები დაუფარავად აცხადებენ, რომ ცივი ომის შემდეგ დამყარებული მსოფლიო წესრიგი იცვლება და ეს პროცესი უფრო და უფრო მტკივნეული შეიძლება გახდეს. საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი:

- აშკარაა, რომ მსოფლიო წესრიგმა, რომელიც ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ გვქონდა, დროის გამოცდას ვერ გაუძლო. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ძალა თავს სხვა, ალტერნატიული წესრიგისა და ისტორიის ნაწილად მიიჩნევს და მათი უგულებელყოფა შეუძლებელია. ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში თითქოს სიმშვიდე გამეფდა, რასაც ევრო-ამერიკული ლიბერალური პარადიგმა განსაზღვრავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, რომ ამ პარადიგმას ზოგიერთი კულტურა, მაგალითად, რუსული მართლმადიდებლური კულტურა, ისლამი და თუნდაც კონფუციანური, ჩინური კულტურა ვერ ეგუება.

დასავლეთს თავდაჯერება ძვირი დაუჯდა არა მხოლოდ ევროპის გარეთ, არამედ - შიგნითაც. ამის მაგალითია ის, რაც ხდება საფრანგეთში - ვგულისხმობ მუნიციპალურ არჩევნებში მარი ლე პენის გამარჯვებას. ცხადია, ევროპაშიც ნაციონალისტურმა ძალებმა გაიღვიძეს. ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ვფიქრობ, წინ წამოიწევს ევროპული იდენტობის იდეა. ევროპა აღარ იქნება ის ამორფული სხეული, რომელიც აბსტრაქტული ლიბერალური იდეოლოგიით კვებავდა სამყაროს, ის დაინახავს საკუთარი იდენტობის საზღვრის დადგენის აუცილებლობას.

ევროპას მოუწევს დაფიქრება, თუ როგორ შეიძლებოდა უკეთილშობილესი იდეები: ადამიანის უფლებები და თავისუფლება, რაციონალიზმის იდეალები და სხვ. პოლიტკორექტულობის ენაზე თარგმნილიყო, რაც, კარგა ხანია, ევროპელ ინტელექტუალთა კრიტიკის საგანი გახდა. როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, ხშირად მიჭირს გარკვევა, რომელ ევროპასთან მაქვს საქმე - თომას მანის თუ "შარლი ებდოს". გასაგებია, რომ სიტყვის თავისუფლება უზენაესი პრინციპია, მაგრამ ნებისმიერ კეთილშობილურ იდეას გამოუჩნდება ხოლმე მახინჯი ორეული. თითქოს ვიღაცა საგანგებოდ არის ჩასაფრებული, რომ ყველაზე კეთილშობილი ზრახვები უცნაურ ენაზე გვითარგმნოს და ისე მოგვართვას უკან... თავისუფლების გააზრება საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით იწყება, რაც ხშირად ავიწყდებათ... ევროპასთან ერთად ჩვენც მოგვიწევს ამ ყველაფერზე დაფიქრება. რამდენი სტალინისტი და პუტინისტიც უნდა იყოს საქართველოში, ჩვენი ქვეყანა ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.

ევროპის დღევანდელი პრობლემები ჩვენი პრობლემებიც არის. დღეს ჩვენ შევდივართ სამყაროში, რომელიც ფინანსურად და სოციალური დაცვის თვალსაზრისით მოწესრიგებულია, მაგრამ მაინც ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი...

- თუმცა, ბოლო ხანს განსაკუთრებით გააქტიურებული ზოგიერთი ძალა ცდილობს, ევროპაში შექმნილი პრობლემების გაზვიადებით ამტკიცოს, რომ საქართველოს ადგილი იქ არ არის...

- ევროპის ის ხატი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილის ცნობიერებაში არსებობს, რა თქმა უნდა, შექმნილია პუტინისტური პროპაგანდის წყალობით. ეს პროპაგანდა მუშაობს ძალიან ზუსტად და ჩვენს სუსტ წერტილებს იყენებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. უზნეო, ურწმუნო ევროპა, რომელიც ქართველობას გვართმევს - ეს არის რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოებული პროპაგანდის შედეგი. ვფიქრობ, ამ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას, როცა ქართველ კაცს მიეცემა საშუალება, დაუბრკოლებლად ჩავიდეს ევროპაში და საკუთარი თვალით ნახოს, რაც იქ ხდება. ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ხომ წარმოდგენა არა აქვს თანამედროვე ევროპაზე! ქართველი, რომელიც იქ ჩავა, აღმოაჩენს რაციონალურად მოწყობილ სამყაროს, სადაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ აგრესიას არ გამოხატავენ და სოციალური მექანიზმები თითქმის იდეალურად მუშაობს. მეეჭვება, ეს ვინმესთვის მიუღებელი იყოს...

- ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მეორე დღეს, ალბათ, უკვე გვეცოდინება, რა შინაარსი ექნება დასკვნას, რომელმაც ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი უკვე დადებითად არის გადაწყვეტილი... როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემაფერხებელ მიზეზებზე ლაპარაკობენ, ხშირად რუსეთის ინტერესებს ასახელებენ. თქვენი აზრით, ევროპასთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა კრემლის გაღიზიანებას არ გამოიწვევს?

- რუსეთისთვის ეს საკითხი უმნიშვნელო სულაც არ არის. გაიხსენეთ: როგორც კი ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი დადგა დღის წესრიგში, ამის საპირწონედ მაშინვე დაიწყეს საქართველოსთვის ვიზების გამარტივებაზე ლაპარაკი. რუსი სტრატეგოსები კარგად ხედავენ, რომ საქართველოში გაიზარდა თაობები, რომელთაც რუსული არ იციან, ვისთვისაც რუსული ყოფა სრულიად უცხოა და მისაღებია ამერიკული და ევროპული სამყარო. ვიზა-ლიბერალიზაცია ამ პროცესის გაღრმავებას გამოიწვევს და, რა თქმა უნდა, რუსულ ნეოიმპერიულ რევანშიზმს ეს არ სურს. მეც დარწმუნებული ვარ, რომ რეალობად იქცევა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

- ცხადად დავინახეთ, რომ რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაციის წამოწყებით მოახერხა, თანასწორუფლებიან პარტნიორად დაბრუნებოდა მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეს, რაც ყირიმის მითვისების შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო...

- სირიის პროცესებმა რუსეთის რეაბილიტაცია კი არ მოახდინა, არამედ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მისი ფუნქცია გაზარდა.

ყირიმის პრობლემა ისევ დგას დღის წესრიგში და კრემლს დასავლეთში ქართული ტერიტორიების ოკუპაციასაც ხშირად ახსენებენ... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პუტინი იძულებულიც იყო, კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. უკრაინაში ვითარება ჩიხში შევიდა, იქ აშკარა ინტერვენციას ვეღარ გაბედავდა, ფარულმა ინტერვენციამ კი ვერ მოუტანა ის, რის იმედიც ჰქონდა. ამიტომ ყურადღების გადასატანად აუცილებელი იყო უფრო ხმაურიანი თემის შემოგდება. ასე შემოაგდო სირიის თემა, რომლითაც უკრაინასთან წარუმატებლობა გადაფარა... რაც შეეხება სირიას, ეს შეიძლება რუსეთისთვის დიდი ჭაობი აღმოჩნდეს. ეს, ალბათ, არ გაგრძელდება ერთი და ორი წელი. რუსეთი ისედაც არ არის ეკონომიკურად ძლიერი, ახლა კი მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდება.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა ბევრი რამ გააკეთა საიმისოდ, რომ რუსეთში გაეღვიძებინა ნეოიმპერიული, რევანშისტული ძალები და ნაციონალისტური რიტორიკა. ძალიან სიმპტომატური იყო, რომ მან მოითხოვა რუსეთის ისტორიის გადახედვა. ისტორიის კორექტირება იქამდე მივიდა, რომ ზოგ ინტერპრეტაციაში "ოქროს ურდო" რუსული სახელმწიფო აღმოჩნდა, რუსები კი არიელებად გამოაცხადეს. მან გააღვიძა ის ნეგატიური ენერგია, რომელსაც მოქმედების საშუალება თუ არ მიეცა, მასვე შთანთქავს. ახლა პუტინმა რომც მოინდომოს, პროცესს ვეღარ შეაჩერებს. დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობაში ძალზე პრაგმატული და ფრთხილია.ის არ წავა რუსეთთან აშკარა კონფრონტაციაზე, თუმცა, მის გასანეიტრალებლად მთელ პოლიტტექნოლოგიურ არსენალს მოიშველიებს. სწორედ ასეთი, ხანგრძლივი პოზიციური ომით გააუვნებლეს საბჭოთა კავშირი.

- თუმცა, მაშინ დასავლეთს ჰყავდა ტეტჩერისა და რეიგანის მსგავსი ლიდერები...

- ამგვარი ლიდერები დღესაც გამოჩნდებიან. დემოკრატიას ერთი კარგი თვისება აქვს: საჭირო დროს საჭირო ლიდერები ჩნდებიან. ვხედავთ, რომ დასავლეთმა უკვე განსაზღვრა რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია. როგორც კი პუტინმა რაღაც საზღვრები გადალახა და შეეცადა, თურქეთის საჰაერო სივრცის რეგულარული დარღვევით ნატო დაემცირებინა, ამას მაშინვე მოჰყვა რეაქცია. ვიმეორებ, დასავლეთი პრაგმატული და თანამიმდევრულია. მან მშვენივრად იცის, როგორ გაწელოს მოქმედება ისე, რომ სასურველი შედეგი მიიღოს.

- თუმცა, ვხედავთ, რომ რუსეთი ევროპაში ახერხებს მოკავშირეების შენარჩუნებას...

- რას ვიზამთ, "გაზპრომი" დიდი იარაღია. ეს ჩვენთვისაც დიდი პრობლემაა და მსოფლიოსთვისაც.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი დამოკიდებულებას?

- უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთისადმი უფრო გაწონასწორებულია, რაც ბევრი თვალსაზრისით არის გამართლებული. თუმცა, ზოგჯერ ბალანსი არასასურველად ირღვევა. ამის სიმბოლური მაგალითია "ერისიონის" კონცერტი კრემლში. ნურავინ იტყვის, რომ ეს კერძო ინიციატივა იყო... ეს, ჩემი აზრით, აღარ არის პრაგმატიზმი, ეს უარესია და უფრო უარესი რაღაცები შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როცა ვერ გრძნობ შენი სახელმწიფოს ღირსებას. ეს ჩანს თუნდაც პრემიერისა და პრეზიდენტის დაუსრულებელ კინკლაობაში. ბევრი რამ არ უნდა გააკეთო, თუ გინდა, რომ სახელმწიფოს სახე შეუნარჩუნო.

ერთ-ერთი, რაც არ მომწონს რუსეთთან ურთიერთობაში, ის არის, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიძლება რუსულ ბაზარზე სავალალოდ მიბმული აღმოჩნდეს. ხომ ვიცით, რომ რუსეთი გაზთან ერთად, თავის ბაზარსაც სტრატეგიულ იარაღად იყენებს.

- გასული კვირის სკანდალად იქცა შეწყალების კომისიის ამჟამინდელი და ყოფილი თავმჯდომარეების - ზვიად ქორიძისა და ალეკო ელისაშვილის განცხადებები, რომ ზოგიერთი ჩინოსანი ცდილობდა მათზე გავლენის მოხდენას, რათა შესაწყალებელთა სიაში კონკრეტული პატიმრები მოხვედრილიყვნენ...

- ვიდრე ელისაშვილი და ქორიძე ალაპარაკდებოდნენ, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ რაღაც საეჭვო ხდებოდა. როდესაც პატრიარქის ინიციატივა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა აიტაცა და მის განხორციელებაზე დაიწყო ლაპარაკი, ვერავინ გათვალა, რომ ამ განცხადებებს დადებითი შეფასებები არ მოჰყვებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქმა კეთილშობილური მოტივით გამოთქვა ეს მოსაზრება, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ეკლესიას ჰქონდეს ადამიანური რესურსი პროფესიონალი იურისტების სახით, შეწყალების პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას რომ სჭირდება. ცხადია, ყველაზე აქტიურად ამ საქმეში ჩაერთვებოდნენ ისინი, ვინც არ უნდა ჩაერთოს, იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ფუნქცია პატრიარქს გადაეცემოდა, მათაც ეძლეოდათ შანსი, ხელში ჩაეგდოთ სადავეები. ასე რომ მომხდარიყო, უპირველესად სწორედ ეკლესიისათვის მძიმე შედეგებს მივიღებდით. საზოგადოების მძაფრმა რეაქციამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოაგდო. ჩვენი საზოგადოება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები. რიგითმა ადამიანმა მყისიერად გაიაზრა, რა საფრთხე მოჰყვებოდა ამას.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ რესპუბლიკურ პარტიასა და კოალიციის სხვა წევრებს შორის უთანხმოება თანდათან ღრმავდება...

- ერთიანობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე ამის შანსი იქნება. დარწმუნებული ვარ, რესპუბლიკელები შეეცდებიან კოალიციის მთლიანობის შენარჩუნებას. დღეს თუ ვინმეა დაინტერესებული კოალიციის დაშლით, ეს ხალხი სწორედ რესპუბლიკური პარტიის მოწინააღმდეგეა. წარმოიდგინეთ, რესპუბლიკელებმაც რომ მიატოვონ "ქართული ოცნება", რა ძალების და რა იდეოლოგიის ადამიანების ხელში აღმოვჩნდებით. ამის დაშვება არ შეიძლება.

- რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნების შესაძლებლობაზე?

- ვფიქრობ, თუ ეს ნაბიჯი მართლაც გადადგა, ის ვეღარ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც 2012 წელს იყო. ახლა იგი უკვე დემითოლოგიზებულია. ჯერჯერობით არც ის ჩანს, რა სიახლე შეიძლება შესთავაზოს ამომრჩეველს. თუმცა, ვნახოთ, რა იქნება. ბევრს ლაპარაკობენ ძველი სახეების ახლებით შეცვლაზე. ეს იმედს აჩენს, თუმცა, თუ საკადრო პოლიტიკა ძველებური დარჩა, მალე აღმოვაჩენთ, რომ არც არაფერი შეცვლილა.

- საარჩევნო პროცესის გააქტიურებასთან ერთად, როგორც ჩანს, არაერთ ახალ პოლიტიკურ ფიგურას ვიხილავთ. ერთ-ერთი მათ შორის, სავარაუდოდ, მომღერალი პაატა ბურჭულაძე იქნება, რომელმაც პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფონდი უკვე დააარსა, რაც, ალბათ, პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.

- ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში. მის გამოჩენას განსაკუთრებით არავინ ელის. თანაც რუსეთთან დაკავშირებით მისი განცხადებებიც არ გამოირჩეოდა პოლიტიკური გონიერებით. ვფიქრობ, უხერხულობას ქმნის ისიც, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს საქველმოქმედო საქმიანობის შემდეგ. თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ქართველმა კაცმა არ მიაქცია ამას ყურადღება და მისი გადაწყვეტილება გულწრფელად მიიჩნია, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ასე არ იქნება.

კიდევ უფრო მცირე შანსი აქვს კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის. ბიძინა ივანიშვილმა უნებურად თითქოს მოდელი შექმნა:P ქველმოქმედებიდან პოლიტიკაში... ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ამ მოდელმა გაამართლა, თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება ორი ათეული წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მეორედ ეს მეთოდი ირონიას გამოიწვევს, მესამედ კი - სიცილს. თავი უხერხულად ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ უცხოელი ოლიგარქი აპირებს აქ ხელისუფლების ხელში აღებას. რა აკავშირებს მას ჩვენს ქვეყანასთან? როგორც ჩანს, ჩერნოვეცკისთვის ქართველი კაცი ემოციური, ეგზოტიკური არსებაა, რომელსაც იოლად აიყოლიებს. სავარაუდოდ, მისთვის საქართველო ერთგვარი ბიზნესკორპორაციაა.

ნათია დოლიძე