"ვერ გასცდა კრემლის პოლიტიკა გასტრონომიას" - ვიზა-ლიბერალიზაცია და ახალი სივრცე აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ
21-12-2015
"ვერ გასცდა კრემლის პოლიტიკა გასტრონომიას"  - ვიზა-ლიბერალიზაცია და ახალი სივრცე აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ
"შეწყალების სკანდალიდან სუფთა ხელებით ვერავინ გამოვა"

"არ გამოვრიცხავ, ელისაშვილის უკან რომელიმე ახალგამოჩენილი პოლიტიკური ძალაც იყოს, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას ამგვარად ცდილობს"

"მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", - ეს სიტყვები 1999 წელს ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ქვეყნის იმჟამინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, წარმოთქვა და შეიძლება ითქვას, ეს ფრაზა მთელი შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო კურსის სიმბოლოდ იქცა. დღეს კი, ამ განცხადებიდან 16 წლის შემდეგ, ევროპამ, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა გახსნას
საზღვრები საქართველოსთვის.

ევროკომისიამ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში შავით თეთრზე დაწერა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ახლა ჯერი ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზეა,
რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ასევე დადებითი იქნება. შედეგად კი, დაახლოებით ექვს თვეში ევროპის 30 ქვეყანაში გამარტივებული სავიზო რეჟიმით მოგვიწევს გამგზავრება. მიღწეული მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, რის გაანალიზებასაც ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად შევეცდებით:

- მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ქვეყანაში საზეიმო განწყობა ჭარბობდა, ჩვენში მრავლად არიან ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებაში უარყოფითი ასპექტებიც დაინახეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს მხოლოდ პასპორტით ხელში ევროპაში გამგზავრების შესაძლებლობას და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ არაერთი ბიუროკრატიული ბარიერის დაძლევა და არაერთ დოკუმენტზე სირბილი მოუწევთ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძის განმარტებით, "ევროპული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრეს უფლება ექნება, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები."
- ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ტყუილად ცდილობენ პროცედურულ საკითხებზე აპელირებით მის დაკნინებას.
რა თქმა უნდა, თუ ვინმეს სურდა ევროპაში წასვლა, ამას აქამდეც ახერხებდა. ასევე ძალიან კარგია, რომ მას მერე, რაც გამარტივებული რეჟიმი ამოქმედდება, საკონსულოებთან არ მოგვიწევს საათობით რიგში დგომა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მხარეა. მთავარია, ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია და ამას ევროპაშიც უკვე კარგად ხედავენ და აღიარებენ. ევროპამ ამ ანგარიშით თქვა ის, რაც აქამდეც ვიცოდით - საქართველო ევროპის ნაწილია! ეს არის ჩვენი, როგორც საერთაშორისო აქტორის დაფასება, აქტორისა, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიის გზაზე. გარდა ამისა, ყველასთვის თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს როლი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჯერ უკრაინაში წამოიწყო ავანტიურა და ყირიმი მიიტაცა, მერე კი სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ევროპაში გვარიანად არიან შეშფოთებული კრემლის გადაწყვეტილებებით. ევროპის დამოკიდებულება რუსეთისადმი კიდევ უფრო ხისტი და მკაცრი რომ არ არის, ამის მიზეზია რუსული გაზი, რაზეც, სამწუხაროდ, დღეს დამოკიდებულია ევროპა, სადაც ყველა ხვდება, რომ აუცილებელია, მოინახოს ალტერნატიული გაზი!
თურქმენეთი ამ შემთხვევაში არ განიხილება ალტერნატივად, რადგან არ არსებობს ტრანსკავკასიური გაზსადენი და თურქმენული გაზის გატანა ევროპაში მხოლოდ რუსული ქსელით შეიძლება, რაც ევროპას ხელს არ აძლევს.

რჩება ერთადერთი ალტერნატივა - ირანი, რომელსაც ბუნებრივი აირის უდიდესი რესურსი აქვს და თან მისი ევროპაში გატანის გზაც ძალიან რეალურია, მით უფრო, რომ ირანისთვის დაწესებული სანქციები, სავარაუდოდ, გაისად ზაფხულში გაუქმდება. აქ ძალიან დიდია საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის როლი, რომელიც შეიძლება ორი მიმართულების იყოს: ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ირანული გაზი, ანუ გაზსადენი მოვიდეს საქართველომდე და შემდეგ შეუერთდეს სამხრეთ კავკასიის გაზსადენს, რომლის სიმძლავრე 30 მილიარდი კუბია და ამ მოცულობიდან შაჰ-დენიზის გაზი მხოლოდ 6 მილიარდს იკავებს. ირანს შეუძლია უსაფრთხოების სრული დაცვით საკუთარი გაზის ექსპორტი 288-ჯერ გაზარდოს. ვიმეორებ, ამ ქვეყანაში იმხელა ბუნებრივი აირის მარაგია, რომ ორ ევროპას თავისუფლად ეყოფა. მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებაა ის, რომ შეიძლება, ვთქვათ, სუფსაში აშენდეს საექსპორტო ტერმინალი, საიდანაც ტანკერებს მხოლოდ შავი ზღვა ექნებათ გადასალახი, შემდეგ კი ბულგარეთში ან რუმინეთში გადატანილი გაზი მიუერთდება გაზსადენთა ევროპულ სისტემას. ეს არის უმოკლესი გზა და დიდი შანსი იმისა, რომ ევროპამ რუსული გაზი ირანულით ჩაანაცვლოს. ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, საქართველო ევროპისთვის შეუცვლელი პარტნიორი ხდება. ესეც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია იმისთვის, რომ ევროკავშირმა დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

"რას ვიზამთ, ვერ გასცდა კრემლის პოლიტიკა გასტრონომიას"

- როდესაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებაზეა ლაპარაკი, ხშირად ისმის განცხადებები, რომ დასავლეთი დიდწილად რუსეთის ინტერესს ითვალისწინებს, შედეგად კი საქართველო ზარალდება. ამჯერად, ამბობენ, რომ რუსეთისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქართველო ისარგებლებდა თუ არა ევროპასთან უვიზო რეჟიმით.

- ეს რომ ასე არ არის, რუსეთის რეაქციიდან კარგად გამოჩნდა. მოსალოდნელი ევროპული ვიზა-ლიბერალიზაციის მოლოდინში კრემლმა ჯერ შეფარვით დაიწყო ლაპარაკი საქართველოსთვის ვიზების გამარტივებაზე, შემდეგ კი უკვე პუტინმა მოგვახსენა, რომ თურმე მზად არის, საქართველოსთან აღადგინოს უვიზო მიმოსვლა. მეტიც, ამხანაგი პუტინი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ქართული ხაჭაპურითაც გაუმასპინძლდა. ესეც ერთგვარი ჟესტი იყო ქართველების გულის მოსაგებად. რას ვიზამთ, ვერ გასცდა კრემლის პოლიტიკა გასტრონომიას. გარდა ამისა, პუტინის პრესკონფერენციაზე იყო ერთი ძალიან საინტერესო მომენტიც, როდესაც თქვა, მე რა შუაში ვარ, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა თუ გსურთ, მათ ელაპარაკეთო. 2008 წლის შემდეგ მსგავსი რამ პუტინისგან არ მოგვისმენია, რაც აშკარად უკან დახევაცაა, მაგრამ მისი ქვეტექსტი ასეთია: რად გინდათ ევროპა, მენდეთ და მზად ვარ, აფხაზებსა და ოსებთან ლაპარაკი გაცალოთო, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ მისი ნდობა არ შეიძლება.
პუტინი ხვდება, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად იქცა უკვე, იმასაც ხვდება, რომ ამაში მისი ხისტი პოლიტიკის წილიც არის, რაც რუსეთისთვისაც არანაკლები ზიანის მომტანი იყო. საქართველომ რუსეთთან კონფრონტაციის პარალელურად ევროპისთვის განსაკუთრებული როლი შეიძინა, რაც სათანადოდ ვერ შეაფასეს რუსმა ანალიტიკოსებმა.

ვიზა-ლიბერალიზაცია სრულიად ახალ სივრცეს აჩენს აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ. თუ ისინი აიღებენ ქართულ პასპორტებს, ისარგებლებენ ამ ვიზა-ლიბერალიზაციით ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქე. ჩვენთვის ეს შეიძლება არც ისეთი მნიშვნელოვანია, რადგან თუ გვსურდა სადმე წასვლა, ამას აქამდეც ვახერხებდით, მაგრამ ეს აფხაზებისა და ოსებისთვის უდიდეს პრობლემებთან არის დაკავშირებული. პუტინი ამ ყველაფერს ხვდება და ახლა სიფრთხილითა და კარგი სიტყვით ცდილობს ვითარების გამოსწორებას, მაგრამ რატომღაც ავიწყდება, რომ 2008 წლის ომს საქართველოში არასდროს აპატიებენ.

- ევროკომისიის დასკვნის გამოცხადების წინადღეს ე. წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ თურმე პანკისის ხეობაში თავს იყრიან ტერორისტები, რომლებიც საქართველოში პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ. ჩვენში ეს პირდაპირ რუსულ გზავნილად აღიქვეს. გაჩნდა იმის ეჭვიც, რომ რუსეთმა ტერორისტული საფრთხის საბაბით შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ავანტიურა წამოიწყოს.
- მეეჭვება, ახლა რუსეთს კიდევ ახალი კონფლიქტი ხელს აძლევდეს. იქით უკრაინის პრობლემები, აქეთ სირიის სამხედრო ოპერაცია, განა რამდენს გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა?! დარწმუნებული ვარ, როგორც 1989 წლის 9 აპრილმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა, ასევე დაშლის რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო აგრესია. ახლა სულ სხვა პოლიტიკური რეალობაა მსოფლიოში და ამას რუსეთშიც ხვდებიან. ვფიქრობ, იქნება იარაღის ჟღარუნი, პროვოკაციები, მაგრამ არა მგონია, რუსეთმა რეალური პრობლემების შექმნა გაბედოს. ამის რაციონალური ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა ეს ის ქვეყანაა, რომელიც ირაციონალური ქცევით გამოირჩევა, ამიტომ ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

- ვიზა-ლიბერალიზაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების შფოთვის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში შესაძლოა მუშახელის მასშტაბური გადინება დაიწყოს და ქვეყანა დემოგრაფიული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
- ვისაც უნდოდა ევროპაში წასვლა, მუშაობა და იქ დარჩენა, უკვე კარგა ხანია წასულია. ეს უფრო თითიდან გამოწოვილ საფრთხეს ჰგავს.

- ბოლო კვირების განმავლობაში არ წყდება ე.წ. შეწყალების კომისიის სკანდალი, რომელიც ამ კომისიის ყოფილი და ამჟამინდელი თავმჯდომარეების განცხადებების შედეგად წარმოიშვა. მაღალი თანამდებობის პირები დაადანაშაულეს შეწყალების კომისიაზე ზეწოლასა და ამ გზით შესაწყალებელთა სიაში რიგი პატიმრების შეყვანის მცდელობაში.
- რასაც ვუყურებ, დიდი სიბინძურე ტრიალებს. ეს ისეთი პოლიტიკური თამაშია, რომელსაც გამარჯვებული არ ეყოლება. ისმის კითხვა: რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი ელისაშვილმა ახლა და არა წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც თურმე ეს პროცესები მიმდინარეობდა? რატომ მაინცდამაინც ახლა, როდესაც არჩევნები მოახლოვდა?! მეორე მხრივ, თუ ეს მართალია და დამტკიცდება, რომ დასახელებული და კიდევ სხვა მაღალჩინოსნებიც ცდილობდნენ მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შესაწყალებელთა სიაში შეყვანას, ისინი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. ამ საქმის ჩაფარცხვა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შეწყალების სკანდალი უკავშირდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა ძნელია, გარკვევა, ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან. ამბობენ, რომ შესაძლოა ელისაშვილს ზურგს ისევ სახელისუფლებო ჯგუფის ერთი ნაწილი უმაგრებს, თუმცა არ გამოვრიცხავ, ელისაშვილის უკან რომელიმე ახალგამოჩენილი პოლიტიკური ძალაც იყოს, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას ამგვარად ცდილობს. ამ ყველაფერში ძალიან საინტერესოა პრეზიდენტის პოზიცია. ერთი რამ ვიცი დანამდვილებით - ამ სკანდალიდან სუფთა ხელებით ვერავინ გამოვა! ყოველთვის ძალიან მომწონდა ალეკო ელისაშვილი, ვგულშემატკივრობდი კიდეც, მაგრამ მე მის ადგილას, როგორც კი დავინახავდი ამგვარ ზეწოლას, მაშინვე ავყვირდებოდი და დავტოვებდი თანამდებობას... ამ ყველაფერს აშკარად აქვს შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები, მაგრამ, ვეჭვობ, ამის დამგეგმავმა იხეიროს.

- როგორც ჩანს, ცხელი წინასაარჩევნო პერიოდი გვიძევს წინ.
- გეთანხმებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთი ახალი პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდება, იქნება ბინძური კამპანიებიც ერთმანეთის წინააღმდეგ. მოკლედ, საკმაოდ რთული წელი გველის... ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილთან ერთად და მის გარეშე სულ სხვადასხვა წონითი კატეგორიის საარჩევნო სუბიექტი იქნება. თუ ბატონ ბიძინას სურს, კოალიციამ მოიგოს ეს არჩევნები, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში და კიდევ, რასაკვირველია, საარჩევნო სია აბსოლუტურად ახალი უნდა იყოს. თუ არჩევნების მოგება უნდათ, მასში გაცილებით მეტი პროფესიონალი უნდა შეიყვანონ. არ შეიძლება, მსახიობები და სპორტსმენები მართავდნენ ქვეყანას.

- უკრაინაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო სკანდალები არ წყდება. მას შემდეგ, რაც ის მწვავედ დაუპირისპირდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვს, ამ უკანასკნელმა სააკაშვილს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. უკრაინული მასმედია რიგ შემთხვევაში სააკაშვილს უკრაინის პრემიერობას უწინასწარმეტყველებს, სხვანი კი ვარაუდობენ, რომ მას მალე მოუწევს უკრაინის დატოვება.
- სააკაშვილისთანა ადამიანები, როგორც წესი, ცუდად ასრულებენ ხოლმე. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობს მორალური იმპერატივები, ის მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის. ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ უარი თქვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე, რადგან უკრაინაში ძალაუფლების მოპოვების ახალი შანსი გაუჩნდა. სააკაშვილის ავადმყოფობას მე "დირექტორის სინდრომი" შევარქვი. აშკარაა, რომ მას პრემიერობა სურს, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხოლოდ სააკაშვილის სურვილად დარჩება. საქართველოში კი შერჩა უმნიშვნელოვანესი ობიექტების რუსებისთვის მიყიდვა, მაგრამ ამას უკრაინაში არ აპატიებენ! ძალიან საეჭვოა ეკა ზღულაძის შემთხვევაც. გავრცელებული ინფორმაციით, ის აეროპორტში 14 მილიონით დააკავეს, თუმცა ამ ეტაპზე არსენ ავაქოვმა ის დაიცვა.

ნათია დოლიძე
glaxuna
22 დეკემბერი 2015 16:11


დამშვიდდით ურუსეთის პროპაგანდისტებო და შეწყვიტეთ

დ ე მ ა გ ო გ ი ე ბ ი და მუდამ სიძულვილის პროპაგანდა...

იმაზე იაფი დაჯდება საქართველოს მოქალაქისათვის ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში წასვლა,ვიდრე ურუსეთში,

სულ რაღაც 200 $ და...
და კიდევ ს ა მ უ შ ა ო ს ა ც ,ვისაც სურს და აქვს პროფესია და მაღალპროფესიონალია
უბრალოს სამშენებლო მიმართულებით მაინც- მ ო ძ ე ბ ნ ი ს!,

თქვენ
ia
22 დეკემბერი 2015 14:28
რ2-ზე ვიღაც ხელოვანი ამბობდა მერიამ წიტელი ფერის ლურჯით შეცვლა მომთხოვაო, ლურჯია ევროკავშირის ფერი და არა წითელი. ის ქალი კი იმეორებდა ნაცების ფერია წითელი და იმიტომ უთხრეს უარი თურმე ზეიმთან დაკავშორებული სამუშაოს შესრულებაზე.ამაზეც იჩივლებენ ალბათ დასავლეთში.
vai-vai
22 დეკემბერი 2015 11:59
პენსიონერები პირველი გავარდებიან ევროპაში, მაგათ 20 ლარი ემატებათ და გაუჩნდებათ პრობლემა სად დახარჯონ ამდენი ფული. აბა პენსიონერბო, ევროპისკენ ჰერი, ჰერი.

რედაქტორის რჩევით