"დღეს გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნებისთვის" ჟანგბადის ბალიშია" - როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი პოლიტიკაში?! - კვირის პალიტრა

"დღეს გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნებისთვის" ჟანგბადის ბალიშია" - როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი პოლიტიკაში?!

"2016 წელს შესაძლოა, არაერთი პოლიტიკური სიურპრიზი ვიხილოთ..."

2015 წლის დასასრული პოლიტიკურად გადატვირთული აღმოჩნდა. პრემიერმინისტრობიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლამ უამრავი უპასუხო კითხვა გააჩინა. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებით, ეს იყო წასვლა წასვლისთვის, ანუ პოლიტიკური წარმატების ზენიტში ძალაუფლებაზე უარის თქმის მაგალითი, რამაც ჩვენში 25 წლის განმავლობაში დამკვიდრებული მავნე ტრადიცია გააქარწყლა. გასული წლის მიწურულის პოლიტიკურ პროცესებსა და 2016 წლის გამოწვევებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება:

- უპირველესად, ნება მიბოძეთ, ჩემი ფავორიტი გაზეთის შემოქმედებით ჯგუფსა და მკითხველს ახალი წლის დადგომა მივულოცო.

- გმადლობთ... დამეთანხმებით, 2015 წლის მიწურული პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან აქტიური გამოდგა. პრემიერმინისტრობიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლამ უამრავი უპასუხო კითხვა გააჩინა. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ამ თემას ბიძინა ივანიშვილი მოჰფენდა ნათელს...

- კვლავინდებურად ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მან თქვა, რომ ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო, რომელიც წარმატების ზენიტში ყოფნისას წავიდა თანამდებობიდან, მაგრამ დაამატა, რომ კმაყოფილი და ბედნიერია მისი წასვლით. ამ განცხადებებში ლოგიკის დანახვა ძალიან გამიჭირდა. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამგვარი დემოკრატიული გადაწყვეტილებით ძველი ტრადიცია წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ მე მეეჭვება...

- ივანიშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი პოლიტიკურად გაკოტრებული არ წასულა; მას დიდი პოლიტიკური რესურსი აქვს, თუნდაც იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს და ქართულ პოლიტსივრცეში დაბრუნდეს...

- ეს მხოლოდ ღარიბაშვილის დასამშვიდებლად ნათქვამი მგონია. ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად ვერ წარმომიდგენია. თუმცა, ქართულ პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ ღარიბაშვილმა პარტია შექმნას და პოლიტიკაში დაბრუნდეს. თუმცა ამისთვის, ალბათ საჭიროა, რომ ხელისუფლება კრიზისში აღმოჩნდეს. ვნახოთ, 2016 წელს შესაძლოა, არაერთი პოლიტიკური სიურპრიზი ვიხილოთ...

იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი შეძლებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ, ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. სამწუხაროდ, ცხადად დავინახე, რომ ის არ აპირებს საკუთარი ზეგავლენისგან ხელისუფლების გათავისუფლებას. კი აცხადებს, რომ არც ღარიბაშვილის მმართველობისას ერეოდა ქვეყნის მართვაში და მხოლოდ კონსულტაციებს სჯერდებოდა, მაგრამ ეს კონსულტაცია ხშირად ბრძანებად აღიქმება...

არ არის ჩვენი საზოგადოება ისეთი განუვითარებელი, რომ საკუთარი სურვილით გადადგომა დაიჯეროს პრემიერ-მინისტრისა, რომელმაც ისიც კი ვერ გადაწყვიტა, რომელ საათზე განეცხადებინა წასვლის თაობაზე, თუმცა, ვისაც თავის მოტყუება სურს, მისი ნებაა... ვფიქრობ, ეს ცვლილება მხოლოდ მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილს ეს ნაბიჯი ადრე რომ გადაედგა, ქვეყნის წინაშე დღეს ნაკლები გამოწვევა იქნებოდა. მინდა, მჯეროდეს, რომ ეს არ იქნება გადანაცვლება, რომელიც ჯამს არ შეცვლის. ჩვენ დღეს გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნდობას უდავოდ იმსახურებს. ის თავის დროზე პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელიც იყო, პარლამენტის წევრიც, ეკონომიკის მინისტრიც, საგარეო საქმეთა მინისტრიც, ბანკირიც... ერთი სიტყვით, დღეს გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნებისთვის" "ჟანგბადის ბალიშია". თუ იცის "ქართულმა ოცნებამ", "ჟანგბადის ბალიში" როგორ გამოიყენოს, წინასაარჩევნოდ სუნთქვა ნამდვილად გაუადვილდება.

- როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილი შეძლებს ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას?

- ყოფილი და დღევანდელი პრემიერები სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. დარწმუნებული ვარ, ახალი პრემიერ-მინისტრი დააბალანსებს ურთიერთობას ივანიშვილთან. მგონია, რომ პარლამენტში გამოსვლისას კვირიკაშვილის განცხადებებმა ივანიშვილი მაინცდამაინც არ გაახარა, რაც მის ინტერვიუშიც გამოჩნდა. ვგულისხმობ პრეზიდენტის რეზიდენციის თაობაზე კვირიკაშვილის გონივრულ განცხადებას, რის საპასუხოდ ივანიშვილმა ბრძAანა, რომ კვირიკაშვილი, თურმე, პრეზიდენტის რეზიდენციის თემის "გაპრავებას" ცდილობს... არადა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დასრულდეს ამ თემაზე ლაპარაკი! ეს, უპირველესად, სახელმწიფოს აზარალებს.

იმედი ვიქონიოთ, რომ კვირიკაშვილის პრემიერობისას ივანიშვილის სახით ჩვენ უფრო ლმობიერ რიგით მოქალაქეს მივიღებთ, ვიდრე ის იყო ღარიბაშვილის დროს. კვირიკაშვილი ერთდროულად არის პოლიტიკოსი, ეკონომისტი, ფინანსისტი და ა.შ. მისი დამოკიდებულება მეგობრებთან, კოლეგებთან, ოჯახთან, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სანიმუშოა. იმედი მაქვს, ყველა ეს ღირსება მას საშუალებას მისცემს, ინსტრუქციების მისაღებად მუდმივად ტელეფონზე არ იყოს ჩამოკიდებული.

- პრეზიდენტის თემას დავუბრუნდეთ... ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილზე მეტი ძალაუფლების მოპოვებას ცდილობდა; რომ მისი პოლიტიკური თამაშის ნაწილია მურუსიძის დანიშვნის შემდეგ ატეხილი ხმაური და ე.წ. შეწყალების კომისიის სკანდალი. რატომ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა, მარგველაშვილი მართლაც ცდილობდეს პოლიტიკური ჯგუფის შემოკრებას და მომავალში ახლებურ პოლიტიკურ პოზიციონირებას?

- იმიტომ, რომ ამის ნიშნებს მე ვერ ვხედავ და არც ის მიმაჩნია სარწმუნოდ, თითქოს მარგველაშვილი ზეწოლას ახდენს სასამართლოზე. მურუსიძის არჩევა არის სახელმწიფოს სირცხვილი. ამ ადამიანის მოსამართლეობა ნეგატიურად შეაფასა საერთაშორისო სასამართლომ. ივანიშვილმა ისე წარმოაჩინა, რომ მურუსიძეც სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი ყოფილა, არადა, თვითონ ბატონი მურუსიძე მსხვერპლად სულაც არ მიიჩნევს თავს, დიდგულობს და გვიმტკიცებს, რომ მართალი კაცია. წარმოუდგენელია, გჯეროდეს, რომ ამ ადამიანის მოსამართლეობისას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება, ან ის იუსტიციის საბჭო, რომლის 2/3 კვლავაც დაკომპლექტებულია ზურიკელა ადეიშვილის მიერ, შეიძლება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტად მიაჩნდეს ვინმეს. ვფიქრობ, საჭიროა სასწრაფო საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც, როგორც ვიცი, ახალგაზრდა იურისტების ჯგუფი უკვე მუშაობს. ჩემი ინფორმაციით, მურუსიძე, მისი ამომრჩევლები და ძმანი მათნი აპირებენ, უფრო ძლიერად აამოქმედონ საცეცები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ...

იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობამ გაიმარჯვოს და არა - პირადმა ინტერესებმა, ისევ და ისევ საზოგადოების თანადგომა და ერთიანობაა საჭირო. ვიმეორებ, ეს საბჭო დღესაც დაკომპლექტებულია ადეიშვილის მიერ. ვინ და როგორ ეტრფის ადეიშვილის სამართლიანობის სტანდარტს ამ სისტემაში, ადრე თუ გვიან უსათუოდ გამოჩნდება, რადგან უამრავი ადამიანი მზად არის, მისცეს ჩვენება, თუ რა ხდებოდა იუსტიციის საბჭოში წლების განმავლობაში.

- საშიშია თუ არა მურუსიძისნაირი მოსამართლეების ყოფნა სააპელაციო სასამართლოში არჩევნების შემდეგ, როცა ბევრი საჩივარი მომზადდება და შესაძლოა, არჩევნების ბედი სწორედ სასამართლომ გადაწყვიტოს?

- რა თქმა უნდა, ესეც პრობლემაა. როცა ამ ხელისუფლების პირობებში მურუსიძის აღზევება დაიწყო, "ნაციონალები" გაისუსნენ - მათ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ჩემთვის ეს თვითლუსტრაცია იყო. სწორედ ეს პოლიტიკური ძალა იყო დასაბამი ბოროტებისა, რომლის სიმბოლოდაც იქცა მურუსიძე. ახლა რატომღაც შეცვალეს პოზიცია, ხმა ამოიღეს და თვითონ დაიწყეს მურუსიძის კრიტიკა, რაც სასაცილოც არის და სახიფათოც. ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მურუსიძე უღალატებს "ნაციონალურ მოძრაობას" და რაიმე მოტივით "ოცნების" დამხმარედ იქცევა. ორივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ამ ადამიანთან შანტაჟის მეთოდებით მოქმედებდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ნაციონალურ მოძრაობას" ვერავინ აჯობებს. ამიტომ პირში ჩალაგამოვლებული დარჩება ყველა, ვინც მურუსიძის ხელით გადაწყვეტს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას... ამ ძალას დღემდე ფარული ჩანაწერების მთელი კოლექცია აქვს...

- ბევრი ელოდა, რომ ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ რამდენიმე მინისტრიც შეიცვლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა...

- ერთ დღეში რომ გამოჩენილიყო ახალი პრემიერი ახალი სიით, ბუნებრივია, მაშინვე გაჩნდებოდა მოსაზრება, რომ ეს სია სხვისი შედგენილი იყო. სწორი იქნება, მოგვიანებით ვისაუბროთ ახალ შემადგენლობაზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება მასშტაბური ცვლილება. პირველ ეტაპზე კვირიკაშვილმა შეიძლება ერთი-ორი მინისტრი შეცვალოს.

- 2015 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო. თქვენი აზრით, ამ თვალსაზრისით როგორი იქნება 2016 წელი?

- აშკარაა, რომ მომავალ წელს ევროს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ანალიზი იმისა, რა მოუვა ლარს, უნდა მოხდეს სწორედ ახალი მთავრობის პირობებში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მიერ. აუცილებელია პრევენციული ნაბიჯების გადადგმა. თუ ვინმეს ხელეწიფება ჩვენი ვალუტის გადარჩენა, სწორედ კვირიკაშვილის მსგავს გამოცდილ ადამიანს. ვიღაც იკითხავს, ის ეკონომიკის მინისტრი იყო და რატომ ვერ შეამსუბუქა ლარზე დაწოლა 2015 წელსო? იმიტომ, რომ მას გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღება არ შეეძლო.

- 2016 წელი საარჩევნო წელია და ალბათ, პოლიტიკურად რთულიც იქნება. თქვენი აზრით, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ და როგორი კონფიგურაციის პარლამენტი შეიძლება ავირჩიოთ?

- სასურველია, 2016 წელი იყოს ისეთი, როგორზეც უშედეგოდ ვოცნებობდით განვლილი სამი წლის განმავლობაში. ამის წინა პირობები არსებობს - გააქტიურებულია არასაპარლამენტო ოპოზიცია, მოსახლეობამ კარგად იცის, რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობაც" და "ქართული ოცნებაც".

ყველა კვლევაში აისახა, რომ ცალკე ვერც ერთი პოლიტიკური სუბიექტი პარლამენტში მანდატების უმრავლესობას ვერ მიიღებს, მხოლოდ კოალიციური სუბიექტები თუ შეძლებენ დიდი რაოდენობით ხმების მოპოვებას.

ეს უნდა იყოს მტკიცე ერთობა, ოღონდ არჩევნებამდე, ჩემი აზრით, პარლამენტში წვრილ-წვრილად შესული პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა გაჭირდება. წინასაარჩევნო პროცესის გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანი მგონია პრემიერის შეცვლა. თუ კვირიკაშვილს დაანებეს ქვეყნის მართვა, მან მმართველ კოალიციას, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეუმსუბუქოს საარჩევნო ტვირთი. გადახალისება აუცილებელია. ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან, რომ აქტიურად აპირებს საარჩევნო პროცესში ჩართვას, მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო სიის შედგენაშიც. ამის მერე უფრო დაუჯერებელი მეჩვენება მტკიცება, რომ ის ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ცვლილებები საინტერესო და მისაღები იქნება.

"ნაციონალური მოძრაობა", ალბათ, კვლავინდებურად შეეცდება, ყურადღება დესტრუქციული მოქმედებებით მიიქციოს, რასაც 2015 წელსაც ცდილობდა.

რაც შეეხება სხვა ძალებს... მურუსიძის ამბავმა ბევრი ისეთი ძალა და ადამიანი გააერთიანა, რომელთა ერთ მაგიდასთან დასხდომა წარმოუდგენელი გვეგონა. არ გამოვრიცხავ, ამან ანგარიშგასაწევ ძალას ჩაუყაროს საფუძველი.

საბოლოოდ შეიძლება მივიღოთ 5-6-სუბიექტიანი პარლამენტი. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გარე თუ შიდა საფრთხეების შემცირების ფონზე არჩევნები მშვიდად და სამართლიანად ჩატარდება. ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ევროინტეგრაციისკენ ქვეყნის შემდგომი ნაბიჯებისთვის.

ნათია დოლიძე