"საქართველოს გამოყენებას პუტინიც შეეცდება და ერდოღანიც" - კვირის პალიტრა

"საქართველოს გამოყენებას პუტინიც შეეცდება და ერდოღანიც"

"მე ახლაც მიმაჩნია, რომ ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის კარგი პრეზიდენტი იქნება და ვურჩევ გიორგი მარგველაშვილს, ამაზე დაფიქრდეს"

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ახსენეს მიხეილ დონდუა, მაგრამ არა მგონია, პროცესის მხოლოდ პარტიულ ჭრილში დანახვა სწორი იყოს"

სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, 2016 წლის პირველი კვირა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებით გამორჩეული იყო. კვლავაც გრძელდებოდა და ალბათ კიდევ კარგა ხანს გასტანს გაუგებრობა სასამართლო სისტემის სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენელთა შორის; ძალას იკრებს დებატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატების თაობაზეც. მოგეხსენებათ, გიორგი ქადაგიძეს ა.წ. თებერვალში ვადა ეწურება. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალი კანდიდატურის შერჩევის პროცესი ღია იქნება, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატურა ჩააგდონ და მისი არჩევა წლის ბოლოსთვის გადაიდოს. კვლავაც რთულია ვითარება ჩვენს რეგიონში - რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის, რაც ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და 2016 წლის გამოწვევებზე გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ვფიქრობ, რთული წელი გველოდება. ხელისუფლების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული იმ გამოწვევების განეიტრალება, რაც ქვეყნის წინაშე დგას. უპირველესად, აღსანიშნავია პრობლემები მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში, რაც, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაზეც მოახდენს გავლენას. ბევრი იმ ქვეყნის ინტერესი, რომსლებიც დღეს ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული, საქართველოშიც იკვეთება, რაც ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ საფრთხესაც მოასწავებს. გამოვყოფდი რუსეთ-თურქეთის კონფლიქტს, რაც ცხელ ომამდე არ მივა, მაგრამ უკვე ცხადად ჩანს ჰიბრიდული ომის ნიშნები. ამგვარი ომის ერთ-ერთი მახასიათებელია არა პირდაპირი შეჯახება, არამედ ომში ჩართული სუბიექტების ინტერესთა არეალებში მოქმედების დაგეგმვა და განხორციელება. ასეთი თურქეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიაა, რუსეთისთვის - ქურთების მოძრაობა თურქეთში, შუაში კი საქართველოა, რომლის გამოყენებასაც დაპირისპირებისას პუტინიც შეეცდება და ერდოღანიც. ამიტომ არ გამოვრიცხავ, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სცადონ დაძაბულობის კერების გაჩენა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანებს ჩვენი სპეცსამსახურები თავს ღირსეულად გაართმევენ. გარე ფაქტორებით გამოწვეულ ობიექტურ პრობლემებს ემატება ბევრი სუბიექტური პრობლემა ქვეყნის შიგნით. 2016 წელი საარჩევნო წელია, რაც უფრო ზრდის სერიოზული რყევების საფრთხეს. სამწუხაროდ, თვალსაჩინოა როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეებიც და მათი გაღრმავების ნეგატიური პერსპექტივაც.

ეს შეეხება ეკონომიკასაც. ვფიქრობ, პირველ კვარტალში ეროვნულ ვალუტაზე ინფლაციური დაწოლა ძლიერი იქნება, რაც გაზრდის სოციალურ საფრთხეს. სამწუხაროდ, ეკონომიკური გაჯანსაღების სისტემური ნიშნები ქვეყანაში ჯერ არ ჩანს და ვერც ამ პროცესების შემაკავებელ ბარიერებს ვხედავ. ამ ნეგატიურ პროცესებს ისიც აღრმავებს, რომ საარჩევნო პროცესი ისე დავიწყეთ, ელექტორატი პოლიტიკურ ელიტას დაახლოების ნაცვლად უფრო დაშორდა. ამომრჩეველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ ოპოზიცია უარესია. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ საფრთხეს ვერ აცნობიერებს და ვერც მის პრევენციას ახერხებს.

- გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობას ბევრი პოზიტიური შეფასება მოჰყვა: მას უწოდეს "ქართული ოცნების" "ჟანგბადის ბალიში" და "მაშველი რგოლი"...

- ამ ეპითეტებითაც კარგად ჩანს, რომ მმართველ კოალიციას სერიოზული პრობლემები აქვს. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, მის დანიშვნაში ნამდვილად არის პოლიტტექნოლოგიური ლოგიკა - ხელისუფლებას, რომელსაც შელახული აქვს ავტორიტეტი, წინასაარჩევნოდ სჭირდება საზოგადოების გარკვეული წრეების კონსოლიდაცია, ხიდების გადება...

ღარიბაშვილი, ძირითადად, ხიდების დაწვით იყო ცნობილი, კვირიკაშვილი კი ყოველთვის გამოირჩეოდა კორექტულობით. პრემიერად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი გზავნილებიც მეტყველებს, რომ ის ეცდება, საერთო ენა გამონახოს კოლეგებთან, პრეზიდენტთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფთან და ა.შ.

თუმცა, მე მაინც მგონია, რომ მას, ძირითადად, მეურნეობა ჩაბარდება, ასე ვთქვათ, ის იქნება ტექნიკური პრემიერი და არა - რეალური პოლიტიკის გამტარებელი. ის, მიუხედავად საინტერესო ბიოგრაფიისა, აქტიური პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა და ამ მიმართულებით რა შეუძლია, არ ვიცით. სხვათა შორის, აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ის 2012 წელსაც არ ყოფილა ჩართული. ამის გათვალისწინებით, ღიმილის მომგვრელია კოალიციის ზოგიერთი წევრის განცხადება, რომ მიესალმება კვირიკაშვილის ლიდერობას. მათ სხვა რამის იმედი აქვთ - ფიქრობენ, რომ კვირიკაშვილს პოლიტიკის არაფერი გაეგება, ამიტომ იოლად მოახერხებენ მის მართვას, ანუ პოლიტიკას ისინი წარმართავენ, კვირიკაშვილს კი განზე დატოვებენ. დაახლოებით წარმომიდგენია, რა ელოდება ახალ პრემიერს... რა თქმა უნდა, მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ერთი წელიწადი მისთვის ურთულესი იქნება...

- ფაქტობრივად, დაანონსებულია სამთავრობო ცვლილებები. თქვენი აზრით, რამდენი ხანი დასჭირდება კვირიკაშვილს მთავრობის გადასახალისებლად და ვის მოუწევს მინისტრის პორტფელთან გამომშვიდობება?

- სამთავრობო ცვლილებები პირველი ტესტი იქნება კვირიკაშვილისთვის. ამ გამოცდაში ღარიბაშვილი ჩაიჭრა. ის ვერ გამოვიდა ივანიშვილის ჩრდილიდან. მისი პრემიერობისას მიღებული ყველა გადაწყვეტილება ივანიშვილთან ასოცირდებოდა. კვირიკაშვილმა უნდა მოახერხოს და დაანახოს ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ, რომ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც დაგვარწმუნებს მის დამოუკიდებლობაში, იქნება სამთავრობო ცვლილებები. ეს თვალნათელს გახდის, შეუძლია თუ არა მას საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება და სამთავრობო ვერტიკალის დალაგება... ამიტომ ველი, რომ ცვლილებები უახლოეს მომავალში განხორციელდება. ეს, ალბათ, არ იქნება მასშტაბური, მაგრამ მნიშვნელოვანი კი უნდა იყოს...

- ბრძანეთ, რომ კვირიკაშვილი ტექნიკურ პრემიერად დარჩება, რეალურად პოლიტიკის წარმართვას კი სხვები შეეცდებიან. წინასაარჩევნოდ კოალიციის რომელმა ჯგუფმა შეიძლება აიღოს ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და რა როლს შეასრულებს ამაში ბიძინა ივანიშვილი?

- უმთავრესს! ჩემი აზრით, ივანიშვილის გარეშე ეს ეკლექტური კოალიცია ერთიანობასაც ვერ შეინარჩუნებს. ეს ერთობა დღემდე მის მხრებზე დგას. კოალიციის სუბიექტებს შორის ფუნდამენტური მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებაა და ამ ყველაფრის მოდერაციას ივანიშვილის გარდა ვერავინ შეძლებს. სამწუხაროდ, 2012 წლის გამარჯვებიდან მოყოლებული, კოალიციის წევრთაგან ვერც ერთმა პოლიტიკოსმა თუ ჯგუფმა ვერ დააგროვა პოლიტიკური კაპიტალი, ამიტომაც ცდილობენ, ივანიშვილი ისევ ჩართონ აქტიურ პოლიტიკაში.

- თუმცა, არც ივანიშვილი უნდა ამბობდეს უარს პოლიტიკურ პროცესში არაფორმალურად მონაწილეობაზე...

- ის რეალობას ხედავს. ნათელია, რომ მის გარეშე კოალიციას მომავალი არა აქვს და ამიტომაც აპირებს საარჩევნო პროცესებში ჩართვას. ქვეყნისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის აჯობებდა, მისი მონაწილეობა ლეგალური ყოფილიყო, მაგრამ რა გაეწყობა... მომეწონა მისი განცხადება, რომ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს სიების შედგენაში და აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო პროცესში! კარგია, რომ აღარ ამტკიცებს, ქვეყნის მართვაში არ ვერევიო. ვიმეორებ, აჯობებს მისი პოლიტიკაში მონაწილეობა აშკარა იყოს და ბელადის სტატუსი არ ჰქონდეს.

- ივანიშვილის განცხადებით, საარჩევნო სიის გადახალისებაზე კონსულტაციები დაწყებულია. მაინც სად ეძებს "ქართული ოცნება" ახალ კადრებს?

- ძებნა ყველგან შეიძლება... ვიცი რა კოალიციის სამზარეულო, ვეჭვობ, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო სიის მნიშვნელოვანი გადახალისება მოახერხოს. ეს უფრო მის კეთილ სურვილად დარჩება, რადგან "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული პერსონები ლამის ერთმანეთის მძევლებად არიან ქცეული და მათგან გათავისუფლება ადვილი არ იქნება...

- ე.წ. შეწყალების კომისიის სკანდალი გრძელდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიამ ალეკო ელისაშვილსა და ელისო კილაძეს მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო უჩივლა. საქმე აღძრულია პოლიტიკური ზეგავლენით ვაჭრობის მუხლითაც...

- ვეჭვობ, ამ საქმეს სამართლებრივი პერსპექტივა ჰქონდეს, ამიტომაც არ ველი, რომ რამე გაირკვევა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, აქ ყველაფერი დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რა და ვინ დგას ამ პროცესის უკან, მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას ეს პოლიტიკური პარტია წაგებული აქვთ. როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, მათი პოლიტიკური რეაბილიტაცია შეუძლებელია. მათი პოლიტიკური აქტიურობა "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ზიანს მოუტანს. მერწმუნეთ, ამას ნამდვილად გულდაწყვეტით ვამბობ.

- ანუ მათ ვერ ვიხილავთ კოალიციის საარჩევნო სიაში?

- პოლიტიკური პროცესის ლოგიკით, არ უნდა ვიხილოთ, თუმცა, ჩვენში პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად ამ ლოგიკას არ ექვემდებარება. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ამ პროცესში ფულზე ყოფილიყო ლაპარაკი. ერთი წუთით თავი დავანებოთ ამ კონკრეტულ ამბავს და დავფიქრდეთ... ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში აქამდეც და ახლაც ზეგავლენით ვაჭრობა "მოსული ამბავია". ეს მხოლოდ ამ პარლამენტს არ ეხება - ასე ხდებოდა წინა ხელისუფლებების დროსაც. რამდენი ადამიანი ვიცით, რომელთაც სამსახურიც კარგი ჰქონდათ, არც უფულობას უჩიოდნენ, მაგრამ პარლამენტში მაინც მიდიოდნენ, ჩემი აზრით, სწორედ ამ ზეგავლენით ვაჭრობის პერსპექტივის ხიბლით.

ამ ე.წ. შეწყალების სკანდალს ერთადერთი სიკეთე მოჰყვა - ამის შემდეგ თუ ვინმე დააპირებს ზეგავლენით ვაჭრობას, ალბათ, ჯერ კარგად დაფიქრდება, უღირს თუ არა ასე გარისკვა...

- უახლოესი თვეების მთავარ განსახილველ საკითხად, ალბათ, იქცევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა. ცხადად ჩანს, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტსა და მმართველ კოალიციას შორის კვლავ გაუგებრობაა. უმრავლესობაში აცხადებენ, შესაძლოა, ახალი პრეზიდენტის არჩევა წლის ბოლოსთვის გადაიდოსო, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი უკვე გააკეთა განცხადება, რომ კანდიდატურის ასარჩევად ღია პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება...

- ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მოსაზრება პროცესის წლის ბოლოსთვის გადადების თაობაზე. რატომ, რას უნდა ველოდოთ? მით უფრო, რომ დარწმუნებული ვარ - პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღია კონკურსის საფუძველზე მოახერხებს ღირსეული, პოლიტიკურად არაანგაჟირებული კანდიდატურის შერჩევას. რატომ უნდა აძლევდეს ხელს "ქართულ ოცნებას", რომ წლის ბოლომდე ეს უმნიშვნელოვანესი ობიექტი მართოს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებულმა კადრმა, რომელიც მოვალეობის შემსრულებელი იქნება? თუ პარლამენტმა ჩააგდო პრეზიდენტის მიერ ღია კონკურსით შერჩეული კანდიდატურა, მაშინ ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მოქმედებენ ერთად და უერთმანეთოდ ყოფნა ვეღარ წარმოუდგენიათ.

- როგორ ფიქრობთ, ვის განიხილავს ხელისუფლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად? ხომ არ არის შექმნილი ვითარება იმის მაჩვენებელი, რომ პრეზიდენტთან კანდიდატურაზე შეთანხმება ვერ ხერხდება?

- ჯერჯერობით ლაპარაკი არავისზე მსმენია. ეს არც შეიძლება მოხდეს, რადგან პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი იქნება გამჭვირვალე. სხვადასხვა ჯგუფი, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელებენ კანდიდატურებს; მათგან გამოიკვეთება რამდენიმე, რომელთაგან პრეზიდენტი ერთს შეარჩევს.

პროცესი იქნება დაახლოებით ისეთივე, როგორიც იყო ნინო გვენეტაძის არჩევის შემთხვევაში. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვენეტაძე ვერ გამოდგა კარგი მენეჯერი, მაგრამ ვაღიაროთ - ის ისეთი ღირსეული კანდიდატურა იყო, რომ თავის დროზე "ქართულმა ოცნებამაც" ვერ თქვა მასზე უარი. თუ "ქართულ ოცნებას" ჰყავს თავისი კანდიდატი, დაასახელონ. საზოგადოება იმსჯელებს და პრეზიდენტიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

შესაძლოა, "ქართულ ოცნებას" მართლაც ჰყავს შერჩეული კანდიდატურა, მაგრამ მისი თავს მოხვევა არ გამოვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ახსენეს მიხეილ დონდუა, მაგრამ არა მგონია, პროცესის მხოლოდ პარტიულ ჭრილში დანახვა სწორი იყოს. ისეთი კანდიდატურა უნდა შეირჩეს, რომ მომდევნო ხელისუფლებასთანაც მოახერხოს ნორმალური ურთიერთობა და მეორე ქადაგიძედ არ იქცეს. თავის დროზე, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ველოდით, რომ ქადაგიძე გადადგებოდა. მის ადგილზე ჩვენი კანდიდატურა ნოდარ ჯავახიშვილი უნდა ყოფილიყო. მე ახლაც მიმაჩნია, რომ ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის კარგი პრეზიდენტი იქნება და ვურჩევ პრეზიდენტ მარგველაშვილს, ამაზე დაფიქრდეს, თუ რა თქმა უნდა, თვითონ ჯავახიშვილს სურს ეს და მეტისმეტად არ მოსწონს მინისტრობა...

- საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, თუმცა, ბევრი ელოდა, რომ ის კვლავაც ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. მარგველაშვილი კრიტიკული იყო. მისი თქმით, ეს ცვლილებები საკმარისი არ არის... უმრავლესობიდან პრეზიდენტს მალევე გამოეხმაურნენ. გია ვოლსკიმ მას საარჩევნო საკითხების ცოდნა დაუწუნა, ეკა ბესელიას თქმით კი, არჩევნები კარზეა მომდგარი და ახლა ცვლილებების დრო არ არის...

- დრო ბევრი ჰქონდათ, მაგრამ პროცესი კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანეს... ნებისმიერი პროცესი შეიძლება გაწელო და მერე თქვა, დრო არ გვყოფნისო... ვოლსკის რაც შეეხება, მგონი, არც ესმის, რაზეა ლაპარაკი. საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პრინციპზე არავინ დაობს. მაჟორიტარული სისტემა რომ გასაუქმებელია, ამაზე ყველა თანხმდება, ოღონდ გაურკვეველია, როდის შედის ეს ცვლილება ძალაში, ანუ კანონი 2016 წლის არჩევნებზე ამოქმედდება თუ 2020 წელს? ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ თურმე მაჟორიტარები ახლა ამას ხმას არ მისცემენ და ამიტომ 2020 წლისთვის უნდა გადაიდოს! ეს არგუმენტი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს...

- თქვენი აზრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება განელდება თუ უფრო გაღრმავდება?

- ეს დამოკიდებულია მმართველ გუნდზე. იმედი მაქვს, გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შემდეგ ურთიერთობის ფორმა მაინც შეიცვლება და ურთიერთპატივისცემას არ გასცდება. ამ საარჩევნო წელს პრეზიდენტის როლი, მოგეხსენებათ, ძალიან იზრდება - რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია შესუსტდება. ამ დროს პრეზიდენტის როლი, როგორც კრიზისმენეჯერის და კონსტიტუციის გარანტის, იზრდება.

ასე რომ, თუ ხელისუფლება საღად შეხედავს ყველაფერს, მიხვდება, რომ აუცილებელია, ეს ურთიერთობა დაარეგულიროს.

ნათია დოლიძე