"საგურამოს ონკანი - "გაზპრომზე" ზემოქმედების ბერკეტი"
18-01-2016
"საგურამოს ონკანი - "გაზპრომზე" ზემოქმედების ბერკეტი"
"რაც მეტად გაიწელება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა, მით უფრო ცუდად იქნება ლარის საქმე"

"გაზპრომთან" დაკავშირებით ეჭვს ყველაზე მეტად ეს ინფორმაციული ვაკუუმი და კალაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აჩენს"


ბოლო კვირების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებაა, რომელიც მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად და განხეთქილების ვაშლად ლამის მმართველ კოალიციაშიც კი იქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის გაუგებარი განცხადებებიც, ენერგეტიკის სამინისტროსა თუ მთავრობის სხვა წარმომადგენელთაგან რომ გვესმის.

რაზე ელაპარაკება
საქართველოს ხელისუფლება "გაზპრომს"? ამ კითხვის ზუსტი პასუხი არ არსებობს, რაც უამრავი ვარაუდის საფუძველს იძლევა. ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განმარტა, რომ თურმე რუსეთი საქართველოს სომხეთისკენ გატარებული გაზის 10%-ის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას სთხოვს და "გაზპ
რომის" წარმომადგენლებთან შეხვედრისას ეს საკითხიც განიხილება. მანამდე კი აცხადებდნენ, რომ განიხილებოდა ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები, ასევე, "ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები". ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო სწორედ "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების პერსპექტივამ გაუჩინა საზოგადოებას საფრთხის შეგრძნება. ამ მოლაპარაკებებით შეშფოთებულია აზერბაიჯანული მხარეც. საქართველოს 13 იანვარს სტუმრობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია "სოკარის" ხელმძღვანელი როვნაგ აბდულაევი. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი და "სოკარ საქართველოს" ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი ესწრებოდნენ. ყველა ელოდა, რომ შექმნილი ვითარების ბევრი ასპექტი ამჯერად მაინც გაცხადდებოდა, მაგრამ შეხვედრის შემდეგ საჯაროდ მნიშვნელოვანი არაფერი თქმულა.
ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან მიმდინარე კვირის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შეფასება სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ.

- "გაზპრომი" არის პუტინის "მოიერიშე რაზმი", რომლითაც ის პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობს. ეს ძალიან სახიფათო კომპანიაა. შეგახსენებთ, ამ კომპანიის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი რუსეთისთვის სანქციების დაწესებისას იმ პირთა პირველ ოცეულში მოხვდა, რომელთაც აშშ-ში შესვლა აუკრძალეს.
შეგახსენებთ ასევე 2006-2009 წლების ცივ ზამთრებს ევროპაში, როდესაც კრემლმა "გაზპრომის" ხელით უკრაინასთან "გაზის ომი" წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ბუნდოვანია, რაზე ელაპარაკება ჩვენი ხელისუფლება ამ კომპანიას, მე დარწმუნებული ვარ, რომ "გაზპრომის" აირი ვეღარასდროს დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს ქართულ ბაზარზე.

საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ბერკეტი "გაზპრომსა" და რუსეთზე ზემოქმედებისთვისაც კი. ეს არის საგურამოს სადგურში ონკანი, საიდანაც შეგვიძლია გადავკეტოთ ბუნებრივი აირის ის ნაკადი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით რუსეთიდან სომხეთში მიდის. ეს, წესით, მოლაპარაკებებისას ხელსაყრელ მდგომარეობაში უნდა გვაყენებდეს. ამ პროცესს რამდენიმე მხარე აქვს, მათ შორს - პოლიტიკური, რაც ყველა მოლაპარაკებისას უნდა გვახსოვდეს. ამავე დროს არის ინფრასტრუქტურული პრობლემები. ჩვენ აზერბაიჯანთან გვაკავშირებს ორი მილსადენი, ორივე - საბჭოთა კავშირის დროინდელი და უკვე ამორტიზებული. ისინი ვერ უძლებს მაღალ წნევას, ამიტომაც შეზღუდულია მათი გამტარიანობა. რაც მთავარია, ამ ეტაპზე ვერც ირანიდან მივიღებთ ბუნებრივ აირს, რადგან ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ერთადერთი გზაა, სამხრეთ კავკასიის მილსადენიდან ისევ აზერბაიჯანმა მოგვცეს გაზი. მართალია, ამას დღეს გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს, მაგრამ ეს ვარიანტი განსახილველია.

აზერბაიჯანი და კომპანია "სოკარი" ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ამიტომ დიდი შეცდომა იქნება, მთავრობამ ეს ურთიერთობა გააფუჭოს. დარწმუნებული ვარ, ეს არც მოხდება და "სოკარი" კვლავ დარჩება მთავარ მომწოდებლად, თუმცა, მას, სამწუხაროდ, ჩვენი სრულად უზრუნველყოფა არ შეუძლია, ამიტომაც არის საჭირო დეფიციტის შევსება. დანაკლისის ნაწილი სწორედ ტრანზიტის საფასურად ჩვენთვის რუსული კომპანიის მოწოდებული ბუნებრივი აირით ივსებოდა.
როგორც ამბობენ, რუსული კომპანია საქართველოს ტრანზიტის საფასურის არა კვლავ ნატურით, არამედ ფულით გადახდას სთავაზობს, რაც ჩვენთვის წამგებიანი იქნება, ამიტომაც, ვფიქრობ, საჭიროა, ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთოს, რათა ხელშეკრულების აქამდე მოქმედი პირობა არ შეიცვალოს.
როგორც რამდენიმე დღის წინ კალაძემ გვითხრა, მოლაპარაკება სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს. არ ვიცი, მართალია თუ არა ეს, რადგან მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულია. "გაზპრომთან" დაკავშირებით ეჭვს ყველაზე მეტად ეს ინფორმაციული ვაკუუმი და კალაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აჩენს. ვფიქრობ, სახელმწიფო ვალდებულიც კია, გაავრცელოს ინფორმაცია მოლაპარაკებების შესახებ. ამ პროცესში გასაიდუმლოებული არაფერი უნდა იყოს!
ბუნებრივი აირის ის დეფიციტი, რაც არის ქვეყანაში, შეიძლება კიდევ ერთი ალტერნატიული გზით შეივსოს - შეიძლება ირანისგან ვიყიდოთ ბუნებრივი აირი, რომელიც ირან-ერევნის გაზსადენით მიეწოდება სომხეთს. სანაცვლოდ კი ამ მოცულობის გაზი ავიღოთ სწორედ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენიდან.

- ფიქრობთ, რომ შესაძლოა, "გაზპრომთან" მოლაპარაკების თემა ესეც ყოფილიყო?
- არ ვიცი, მე მხოლოდ იმედს გამოვთქვამ. კავკასიის სამ რესპუბლიკაში ყველაზე ნაკლებ გაზს ჩვენ მოვიხმართ. თუ გვსურს, ნორმალური გაზიფიკაცია გვქონდეს და ბუნებრივი აირი მივიდეს ყველა სოფელში, ერთ-ნახევარჯერ მაინც უნდა გავზარდოთ გაზის მოხმარება. ეს მით უფრო საჭიროა, თუ მრეწველობის განვითარებას ვაპირებთ. მოკლედ, აუცილებლად გვჭირდება გაზის მოცულობის გაზრდა. აზერბაიჯანს მეტი რესურსი არ აქვს, "გაზპრომმა" რამდენიც უნდა მოინდომოს, ამ მილსადენიდან ჩვენ საჭირო მოცულობას მაინც ვერ მივიღებთ, ამიტომ ერთადერთი ალტერნატივა ირანთან მოლაპარაკება და მასთან დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობაზე ფიქრია. ოღონდ ამას დასჭირდება უფრო მაღალი დონის მოლაპარაკებები. სამწუხაროდ, დღევანდელ ენერგეტიკის სამინისტროს ამის რესურსი არ აქვს. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ საქმეში უპირველესად პროფესიონალიზმია საჭირო.

- გამოითქვა ეჭვიც, რომ რუსეთის მთავარი მიზანი სწორედ სომხეთთან დამაკავშირებელი მილსადენის ხელში ჩაგდებაა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამის საფრთხე არსებობს?
- მეეჭვება, რომ დღეს ამის განხორციელება შეიძლებოდეს. ჯერ ერთი, მილსადენის გასხვისებას ჩვენი კანონი კრძალავს, თანაც, ამას არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაუშვებენ. სააკაშვილის ხელისუფლების დროს კონსტიტუციის შეცვლას არაფერი უნდოდა, ჭრიდნენ და კერავდნენ, როგორც გაუხარდებოდათ. მოგეხსენებათ, სწორედ ქვეყნის ძირითად კანონში წერია, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენების გაყიდვა არ შეიძლება! ამ პარლამენტმა ის ვერ მოახერხა, საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის პარლამენტის ფუნქციონირება დედაქალაქში დაეკანონებინა და ამას მოახერხებენ?! როცა ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების აღშფოთებულ განცხადებებს ვისმენ, გაოგნებული ვარ - მათ ცინიზმს საზღვარი არა აქვს! სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთს მიჰყიდა "მადნეული", "კვარციტი", ხელი მოეწერა "ინტერ რაოსთან" კონტრაქტს, რუსებს სამართავად გადასცეს "ენგურჰესი"... ამ გაზსადენის გაყიდვასაც აპირებდნენ, ახლა კი გამოდიან და ბედავენ რაღაცის გაპროტესტებას, აქციების ჩატარებას...

ყველაფერი ამ ხელისუფლების უნიათობის ბრალია. მათ დღემდე ვერ მოახერხეს, აუხსნან ქვეყნის მოსახლეობას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პოლიტიკური ოპონენტები კი არა, ქვეყნის მტრები არიან, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ძალაუფლების კვლავ ხელში ჩასაგდებად. ჩვენ დავინახეთ, როგორ მოიქცა სააკაშვილი - უკრაინის პრემიერობის მცირე შანსი გაუჩნდა და სასწრაფოდ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. მისი მიმდევრებიც სწორედ ასე ფიქრობენ. მათთვის არსებობს მხოლოდ ძალაუფლება, სხვა არაფერი...

- "გაზპრომის" თემა კოალიციის შიგნითაც კამათის საგნად იქცა. ჩვენ მოვისმინეთ რესპუბლიკური პარტიისა და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელთა მწვავე განცხადებები... გამოითქვა ვარაუდიც, რომ შესაძლოა, ეს საკითხი კოალიციის დაშლის მიზეზი გახდეს...
- "გაზპრომთან" დაკავშირებული კოალიციის წევრთა განცხადებები საარჩევნო სიაში მოსახვედრად დაწყებულ ბრძოლას ჰგავს. საუბედუროდ, ხალხი ასეთ მნიშვნელოვან პრობლემასაც საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად იყენებს. კოალიცია შეიძლება დაიშალოს, მაგრამ ამის მიზეზი "გაზპრომი" კი არა, საარჩევნო სია იქნება.

- ამ რამდენიმე დღის წინ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა საგურამოში, ძველით ახალი წელი ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებთან ერთად აღნიშნეს. მართალია, ამტკიცებდნენ, სუფრასთან პოლიტიკაზე არ გვისაუბრიაო, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამინდელ დეპუტატებს, რომლებიც მომავალ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, სამთავრობო სტრუქტურებსა და თავის ბიზნესში დასაქმებას დაჰპირდა...
- ამ პროცესს შევაფასებდი, როგორც სევდიან აუცილებლობას. ეს ადამიანები თავის დროზე გაჰყვნენ ბიძინა ივანიშვილს და ის, როგორც ჩანს, ცდილობს, ხალხი, რომელიც გვერდით დაუდგა, ულუკმაპუროდ არ დატოვოს. "ქართული ოცნების" სიას რომ გადახალისება სჭირდება, აშკარაა. ეტყობა, იმათთვის, ვინც სიაში ვერ მოხვდება, 14 იანვარი გარანტიების მიღების დღე იყო. მით უფრო, რომ ჩვენ დავინახეთ მათი განრისხება, როცა "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა ირაკლი კობახიძის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში ამდენ მსახიობსა და სპორტსმენს ვეღარ იხილავთო. ეს განცხადება ადასტურებს, რომ გამოუცდელი ადამიანისთვის ასეთი თანამდებობის ჩაბარება არ შეიძლება. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს და ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ბუნებრივია, "ქართული ოცნების" ბევრმა წევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო. ერთია სიის გადახალისების აუცილებლობა და მეორეა, ვინ იქნებიან ახალი სახეები. ახსენეს"ინტელექტკლუბის წარმომადგენლები, თუმცა, მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ. ეს გვარ-სახელები პოლიტიკისთვის არაფერს ნიშნავს, მარტო განათლებული კი არა, გამოცდილი ხალხია ახლა საჭირო. ასეთს ბევრს ვიცნობ, თუმცა, მათთვის არავის არაფერი შეუთავაზებია. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებით საინტერესო საარჩევნო სიას არც ერთი პარტიისგან არ ველი...

- მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ვადა ეწურება, თუმცა, მანამდე მას კანონით აქვს უფლება და ვალდებულებაც, საანგარიშო მოხსენებით წარდგეს პარლამენტის წინაშე. უმრავლესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსმენა შეიძლება გადაიდოს და პარლამენტს ანგარიში ქადაგიძის მემკვიდრემ წარუდგინოს... გაუგებრობაა ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევა-დამტკიცების თვალსაზრისითაც. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესი უკვე უნდა დაიწყოს, უმრავლესობის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი შეიძლება გადაიდოს და მანამდე ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გაუძღვეს...
- იმედი მაქვს, პრეზიდენტი და პარლამენტი ამ საკითხზე შეთანხმებას მოახერხებენ და უფრო მეტად არ დააზარალებენ ეროვნულ ვალუტას. რაც შეეხება ქადაგიძის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტარების განცხადებებს, ეს უპასუხისმგებლობაა! მესამე წელია, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ; ამ ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძეა და რატომ არ უნდა მოუსმინონ მის ანგარიშს?! თუ ასე მოხდა, ეს იქნება წინდაუხედავი ნაბიჯი, რაც პარლამენტის მნიშვნელობას უფრო დააკნინებს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევის პროცედურას, იმედი მაქვს, პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი დაივიწყებენ პირად ამბიციებს და ამჯერად მაინც იმოქმედებენ სინერგიულად, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით! დამერწმუნეთ, რაც მეტად გაიწელება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა, მით უფრო ცუდად იქნება ლარის საქმე.

- ბოლო დღეებში ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ ისევ გაუფასურება დაიწყო...
- ბოლო ხანს რაც მოხდა, ქადაგიძის ბრალი ნამდვილად არ არის. ეს გახლავთ დოლარის გაძლიერებისა და ნავთობის ფასის ვარდნის თანამდევი პროცესი, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამოძახილია. მაგრამ ამ პროცესს ნამდვილად სჭირდება სწორი მართვა-ზედამხედველობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რთულ ვითარებაში აღმოჩნდა აზერბაიჯანული მანათიც, თუმცა, ეს უფრო ხელოვნური პროცესია. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ამ ორ ვალუტაზე სხვადასხვა პროცესი ახდენს გავლენას...

ლხინის სუფრის პოლიტიკური ნაწილი

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად ძველით ახალი წელი საგურამოში, გურამიშვილების მარანში აღნიშნეს.
აი, რას ჰყვება თემურ ჭკუასელი, რომელიც სუფრაზე თამადა იყო:

- იყო კალანდა, ძველით ახალი წელი და შევიკრიბეთ, რომ გვემხიარულა, გვემღერა. ძირითადად, მეგობრები ვიყავით, ერთი გუნდის წევრები. გვინდოდა, სამივე პრემიერი დაგვეპატიჟა და ასეც მოვიქეცით. თამადა გახლდით და როგორც ამბობენ, ძალიან კარგად ვითამადე.

- ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო, ალბათ, დალიეთ...
- რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას სადღეგრძელო დავლიეთ. პრემიერების სადღეგრძელოები შევსვი იმ თანამიმდევრობით, როგორც იყვნენ, ანუ ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე კი - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი.
მოგვიანებით ჭკუასელმა ლხინის სუფრის პოლიტიკური ნაწილიც გაამხილა:
- ივანიშვილმა გაკვრით აღნიშნა, რომ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან დაინტერესების შემთხვევაში, მის ბიზნესში. სხვა პოლიტიკური განცხადებები არ ყოფილა. იქ, სადაც თამადა მე ვარ, მხოლოდ სიმღერა და ხუმრობაა".

ნათია დოლიძე
გიო
09 თებერვალი 2016 14:55
ამ ხელოვნებმა და სპორცმენებმა ხო აგვაშენეს და ...........
გიო
09 თებერვალი 2016 14:46
ჩვენ საშუალო ფენას (თუ არსებობობს ასეთი ფენა)არ გვაინტერესებს გაზი რუსულია თუ აზერბაიჯანული მთავარია იაფად იკოს კახეთში გაზი 69 თეთრი უნდა გახდესო რატომ კახეთი სხვა საქართველოა თუ იქიდან შეგვაჩვევენ მთელ საქართველოს ახალ ფასებს .
simartle
19 იანვარი 2016 21:05
ნუ რაკი ჭკუასელი სუფრის თამადა იყო და კარგად უთამადია,მაშ ნამდვილად ოცნების სიაში მინიმუმ მე-2 ან მე-3 უნდა იყოს(სხვა ოცნებისტებისაგან განსხვავებით საუბარი მაინც სცოდნია),ხოლო რაც შეეხება არჩევნებს-ნამდვილად კარგი ტრადიცია შემოიტანა მამამარჩენალმა საქართველოში,ჯერ სუფრაზე ნახავს ვინ როგორ სადღეგრძელოს იტყვის,ვინ დიფირამბებს უმღერს და მერე,საღამოს,სტაფილოს წვენს როცა მიირთმევს,გადაწყვიტავს სიითს შემადგენლობას.აბა,საცოდავი ჯაჭვლიანი და სხვა ტაკიმასხარები 4 წელი რომ არაფრიგამო იღებდნენ ფულს,ეხლა ნახე რა სადღეგრძელოებით გაივლის პარლამენტში შემდეგი 4 წელი(თუ ესენი კიდე მიღწევენ არჩევნებს).ასე სიმღერ-სიმღერითა და სადღეგრძელოებით ავაშენებთ ბედნიერ და მუდამმშიერ ქვეყანას.ვენაცვალე ბატონ ბიძინას.

რედაქტორის რჩევით