"ავირჩიოთ სცენარი, რომ ბოლომდე შევაკვდებით?!" - კვირის პალიტრა

"ავირჩიოთ სცენარი, რომ ბოლომდე შევაკვდებით?!"

"ევროკავშირის პრობლემა ის არის, რომ გაფართოების პოლიტიკით გადაიღალა"

საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისა და საზოგადოდ, სამეზობლო პოლიტიკის თემა, საქართველოსთვის კვლავაც აქტუალური გახდა. საზოგადოება ეჭვობს, ხომ არ "მიგვატოვა" დასავლეთმა, რაკიღა ქართველი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი რუსებთან ურთიერთობის "თადარიგს" იჭერს და ამერიკაში დემოკრატიის საძიებო ვოიაჟები მოდური აღარაა.

ერთნი მიიჩნევენ, რომ რუსეთთან გაჩენილი ვაკუუმის ამოვსება აუცილებელია, მეორენი კი ფიქრობენ, რომ რაკი საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებებს ხელისუფლება იღებს და არა ოპოზიცია, ოპოზიციონერები უცხო ქვეყნის ხელისუფლების პირველ პირებს არ უნდა ხვდებოდნენ, რადგან საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოს ვერაფერს მივიღებთ. შესაძლოა, ორივე მოსაზრება გამართლებული იყოს. ისიც შესაძლოა, საქართველოს ისტორიაში ახალი გეოპოლიტიკური ხედვის გაჩენის დრო იყოს, ოღონდ არა რუსეთის ან ამერიკის - საქართველოს სასარგებლოდ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "დიდი პოლიტიკის" ხათრით მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოსთვის მთლად სასარგებლოც არ არის ხოლმე.

ამის ნათელ მაგალითად ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნაც გამოდგება. გავრცელებული ინფორმაციისა და ლოგიკის თანახმადაც, ლარსის პუნქტი მეზობელი სომხეთის გამო უფრო გაიხსნა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების გამო, რადგან მათთვის რუსეთში თავისუფალი მიმოსვლა უკიდურესად არის შეზღუდული, მით უმეტეს, ამ მიმართულებით. სხვათა შორის, ჩვენს წინა სტატიაში იმაზეც იყო საუბარი, რომ მოლაპარაკებათა საწყის ეტაპზე რუსები მოითხოვდნენ, ლარსის პუნქტი მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებისთვის გახსნილიყო.

ასეა თუ ისე, ჰუმანიტარული და დიპლომატიურ-პოლიტიკური მოსაზრებების (თუნდაც ჯავახეთის მხარის თავისებურებების) გამო საზღვარი გაიხსნა. ამას კი გასულ კვირაშივე მოჰყვა მთიანი ყარაბაღის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდეაბლობის აღიარება. ყარაბაღზე სომხეთის ხელისუფლებას გავლენა მაინც რომ აქვს, ყველასთვის ცნობილია. ყოველ შემთხვევაში, იმხელა, რომ ყარაბაღის თვითაღიარებული მთავრობისთვის ერევანს ერჩია, სასუნთქი არტერიის გამხსნელი საქართველოსთვის ზურგში მახვილის ჩაცემაზე ხელი აეღო. პოლიტოლოგ კახა კაციტაძესთან გეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს მივაგენით...

- გასულ კვირას ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია ოპოზიციის ლიდერების უცხო სახელმწიფოს პირველ პირებთან შეხვედრა?

- ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, ჯერ ბევრ სხვა რამეზე უნდა ვისაუბროთ: პუტინი რუსეთის პირველი პირი არ არის, არც ბურჯანაძეა ოპოზიციის ერთპიროვნული ლიდერი. ასე რომ, სჯობს ტერმინოლოგიაზე შევთანხმდეთ. სხვათა შორის, ისტორიას თუ გავიხსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენელთა პოლიტიკური და მათ შორის, საგარეო პოლიტიკური ინიციატივები გასაკვირი სულაც არ არის. ამის მაგალითები ევროპის უახლეს ისტორიაშიც მრავლად მოიპოვება...

- ფაქტია, რომ ბოლო დროს რუსეთის მიმართულებით აშკარა აქტიურობა შეინიშნება. ადრე ქართველი პოლიტიკოსები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტებით აწონებდნენ ერთმანეთს თავს. დაწყებული შალვა ნათელაშვილით და დამთავრებული აკაკი ასათიანით, სრულიად პოლიტიკურ სპექტრს თავი ვალდებულად მიაჩნდა, კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარეს თუ არა, რომელიმე კონგრესმენს მაინც შეხვედროდა. შემდეგ კი საქართველოში ჩამოსულები შემაჯამებელ ბრიფინგსაც გამართავდნენ და შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ. ახლა კი საგარეო პოლიტიკური აქტივობა იმით გამოიხატება, აპირებს თუ არა მავანი პოლიტიკოსი მოსკოვში გამგზავრებას... როგორ ფიქრობთ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი რუსეთის სასარგებლოდ ხომ არ გადაიხარა?

- პირადად მე ვითარებას ასე ვხედავ: ამ შემთხვევაშIი არ არის ლაპარაკი კონკრეტულად საქართველოზე, როგორც ერთ სახელმწიფოზე, ლაპარაკია განსაზღვრულ გეოპოლიტიკურ სივრცეზე, რომლის თაობაზეც ბევრი გაურკვევლობაა. ბრიუსელში არის ერთი ანალიტიკოსი - რონალდ ასმუსი, რომელიც დასავლეთის გავლენიან წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მეც დიდ პატივს ვცემ. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში მას  სწორედ ამ თემაზე აქვს ძალზე საინტერესო მოსაზრებები. ეს კაცი საქართველოსადმი დიდი სიმპათიით არის განწყობილი და მისი აზრი სწორედ ამგვარად განწყობილი ექსპერტების აზრს გამოხატავს. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხზე ჩემი და ასმუსის თეზისები სავსებით იდენტურია.

ინტერვიუში ასმუსი მხოლოდ საქართველოზე არ ლაპარაკობს, ის იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში არსებულ ტენდენციაზეც მსჯელობს, სადაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის. კერძოდ, ლაპარაკია ექვს სახელმწიფოზე, რომლებიც ევროპის გაფართოების მიღმა დავრჩით: სამი სამხრეთკავკასიური რესპუბლიკა, მოლდავეთი, ბელორუსია და უკრაინა. ამავე დროს, ისიც ვთქვათ, რომ რუსეთის ოცნება, თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს ეს ექვსი ქვეყანა, ზღაპარია. მე არ მჯერა, რომ რუსს დღეს ამის რესურსი და თავი აქვს, მაგრამ ის ფაქტია, რომ გარდამავალ ეპოქაში, გარდამავალ სივრცეში, სახელმწიფოებრიობის გარდამავალ  ეტაპზე მყოფი რამდენიმე ქვეყანა აღმოჩნდა. ასეთ პერიოდში პოლიტიკური ლიდერები, მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვაგვარი ადამიანები გახდებიან.

მაგალითად მოვიყვანოთ ფინეთი, რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ფინელი ოფიცრები, დღეს და ისტორიულადაც, მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესონი ნამდვილად არიან როგორც მომზადების, ისე ღირსებისა და მორალური მდგრადობის თვალსაზრისით, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში, 30-იანი წლების ბოლოს ფინეთმა საბჭოთა რუსეთთან ომი წააგო. შედეგად, საჭირო შეიქნა ასეთი ვითარება: განსაზღვრულ სივრცეში განსაზღვრული პრობლემები უკონფლიქტოდ რომ მოგვარებულიყო, ხელისუფლებაში ყველასთვის მისაღები ძალები უნდა მოსულიყვნენ. ყველაში იგულისხმებიან ამერიკაც, რუსეთიც და ევროპაც. დღესაც აქეთ ხომ არ მიდის საქმე? ამ რიტორიკულ კითხვას ასმუსი შეგნებულად სვამს და მის ეჭვს მეც ვუერთდები. ოღონდ აქ არამც და არამც არა გვაქვს საქმე იმ ზღაპართან, ბოლო დროს მავანნი რომ იმეორებენ ხოლმე, ხომ არ დაუთმეს საქართველო რუსეთსო. არამც და არამც. არავითარი ოცდაერთი წელი არ განმეორდება, მაგრამ შესაძლოა, განმეორდეს ფინეთის ვარიანტი.

- ფინეთმა დამოუკიდებლობის შენარჩუნების ფასად კარელია და ლადოგის ტბა დაკარგა, როდესაც ცნობილ 1940 წლის "მოსკოვის ხელშეკრულებას" მოაწერა ხელი...

- არა მხოლოდ ამის ფასად - დემოკრატიის შენარჩუნების ფასად და რაც მთავარია, სახელმწიფოებრიობის ნორმალურად განვითარების უფლების ფასად. იმის ფასად, რომ ფინეთში მსოფლიო ისტორიის სიმახინჯე - კომუნიზმი არ დამყარდა... და ფინელებმა ააშენეს ისეთი სახელმწიფო, როგორიც დღეს აქვთ.

- მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ფინელებს მაშინ მარშალი მანერჰაიმი ჰყავდათ, რომელმაც, სხვათა შორის, თავის ხალხს გულწრფელად უთხრა ფინეთის ტრაგიკული ბედის შესახებ თავის ბრწყინვალე მიმართვაში, სადაც ფინელთა თავგანწირვაზეც ლაპარაკობდა და მარცხზეც... ფინეთის მაშინდელ ხელისუფლებას არ უცდია, თავისი ხალხი გამარჯვებაში დაერწმუნებინა. მანერჰაიმს არც აღმავლობის გზაზე მდგარ ფინეთზე უთქვამს რამე და არც აყვავებულ ეკონომიკაზე. როგორც მახსოვს, პირიქითაც კი იყო...

- დიახ. სწორედ ასეა... მე შევხვედრივარ ფინელ ოფიცრებს, რომელთაც მანერჰაიმის ეს ბრწყინვალე, ტრაგიკული და ამავე დროს გულწრფელი მიმართვა ზეპირად იციან. არა მხოლოდ მარშალი მანერჰაიმი. მეტსაც გეტყვით, ლაური ტერნის სახით ფინეთს მაშინ ჰყავდა მსოფლიოში საუკეთესო კომანდოსი, უფრო ძლიერი, ვიდრე ჰიტლერის ლეგენდარული ოტო სკორცენი იყო. შესაძლოა, თემას ოდნავ კი გადავუხვიოთ, მაგრამ მე კიდევ ერთ ფინელ სამხედროს გავიხსენებ იმისთვის, რომ მკითხველმა უფრო გაითავისოს, რა პირობებში მოუხდა ფინეთს რუსეთთან ბრძოლა.

ეს იყო კაცი, რომელიც სტალინს 10 მილიონ ოქროს მანეთად ჰყავდა შეფასებული. ფინეთის დამარცხების შემდეგ ტერნის ბატალიონი გერმანელების მხარეს გადავიდა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ფინელთა განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი ლაური ტერნის მეთაურობით უმნიშვნელოვანეს გასაიდუმლოებულ ობიექტს იცავდა, იქ მსოფლიოში პირველი რეაქტიული ძრავები ინახებოდა. მაშინ მეკავშირეები უკვე დასწრებაზე იყვნენ, ვინ რას ჩაიგდებდა ხელში უკვე დაცემულ ვერმახტის დედაქალაქში. თავიანთი ჯარების შეყვანა და ტექნოლოგიების ხელში ჩაგდება რომ მოესწროთ, ბრიტანელებმა ტერნის პირობა წაუყენეს: თუ რუსების შემოტევას ოცდაოთხ საათს როგორმე გაუძლებდნენ, გადარჩენილ ყველა მებრძოლს ბრიტანეთის მოქალაქეობას მისცემდნენ. ტერნის ამ წინადადებაზე გასცინებია.

ობიექტს პირადად სტალინის კონტროლით რამდენიმე საბჭოთა ბატალიონი უტევდა, მაგრამ ფინელებმა ოთხმოცი საათი გაძლეს... მოგვიანებით, ლაური ტერნი ამერიკაში მოხვდა და ამერიკის სამხედრო სიამაყე "მწვანე ბერეტები" სწორედ მისი დაარსებულია. ამ ყველაფერს იმიტომ მოვყევი, რომ წარმოვიდგინოთ, რა პირობებში უწევდა ბრძოლა ფინეთს თავისი სახელმწიფოებრიობისთვის. ის ამ ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მარცხის "გადახარშვაც" შეძლო, გადატანაც და განვითარებაც.

ჩვენ დღეს რამდენიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ. მოდი, ასე ვთქვათ: კაპიტულაციაზე სამარცხვინო არაფერია, მაგრამ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები. ზემოაღნიშნული მოვლენების შემდეგ, მანერჰაიმი გადადგა, მაგრამ მანამდე შეხვდა ერთ პირს - პაასი კივის, რომელიც მის მერე გახდა პრეზიდენტი. ერთი მომხრე იყო ბოლომდე ბრძოლისა საბჭოთა რუსეთთან, მეორე კი მომხრე იმისა, რომ მეტ-ნაკლები ურთიერთობა ჰქონოდათ მტერთან, რათა მძიმე მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსვლა მოეხერხებინათ. სწორედ მათი შეთანხმებისა და ამის ნიადაგზე ფინელ ხალხში ჩასახული საზოგადოებრივი კონსოლიდაციის შედეგია დღევანდელი ფინეთი.

- მაგრამ საქართველოს თუ ჰყავს მანერჰაიმი ან თუნდაც ქართულ არმიაში თუ არიან ლაური ტერნები?

- ერთი პრობლემა ის არის, რომ მანერჰაიმი არ გვყავს, მაგრამ მეორე, არანაკლები პრობლემა ის გახლავთ, რომ ფინეთს ნამდვილი არმია ჰყავდა. საწყენია, მაგრამ ჩვენ შეიძლება ქვედა რგოლების ძალიან თავდადებული და კარგი არმია გვყავდეს, მაგრამ ის, რასაც არმია ჰქვია, მისი ყველა რგოლისა და მართვის დონეების გათვალისწინებით, არა გვყავს...

- ასეთ შემთხვევაში მოვლენათა განვითარების ფინური სცენარი ეჭვქვეშ ხომ არ დგას?

- მაშინ, მოდი, ასე ვთქვათ: არის სხვა გზაც - ავარჩიოთ სცენარი, რომ ბოლომდე შევაკვდებით. არც ეს არის პრობლემა, ესეც გამოსავალია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც ამ მოძრაობას ჩაუდგებიან სათავეში, ისინიც შემკვდომები იქნებიან. თუ ვიღაც მოგვიწოდებს, ხალხო, შევაკვდეთ რუსებსო, მაგრამ თვითონ უსაფრთხოდ და თბილად იქნება, ეს თამაში არ იმუშავებს.

- კეთილი, მაშინ საკითხს სხვაგვარად დავაყენებ. ფინეთში რამდენიმე კომპონენტი მოქმედებდა ერთდროულად: დაწყებული ხელისუფლის ფაქტორით, გაგრძელებული არმიისა და ოფიცრობის მომზადების დონითა და დასრულებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსოლიდაციით. ფინეთმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს, მაგრამ ტერიტორიების დათმობამ მაინც მოუწია. ჩვენ, როგორც აღმოჩნდა, არც ერთი ზემოაღნიშნული კომპონენტი არ გაგვაჩნია. ამიტომაც ხომ არ დგას საშიშროება, ტერიტორიის ნაწილი კი არა, მთლიანად სახელმწიფოებრიობა, ანუ საქართველო დავკარგოთ რუსეთთან კონფლიქტში? ფინეთში რუსები გაჩერდნენ იქ, სადამდეც ფინელებმა შეაკავეს. ვიყოთ გულწრფელი და ქართულმა არმიამ რუსების მხოლოდ შეფერხება მოახერხა მანამდე, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ამოქმედდებოდა.

- ვხვდები, რასაც გულისხმობთ. საშინელებაა, რასაც ვამბობ, მაგრამ ფინეთმა თავისი ტერიტორიის 2% დათმო. შეიძლება ეს საქართველოზე დიდი ტერიტორია იყოს, მაგრამ ფინეთი დიდი ქვეყანაა. შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ტერიტორიულად ვერაფერს დავთმობთ. როდესაც ფინეთთან ანალოგიებზე ვლაპარაკობდი, არ მიგულისხმია, რომ ვითარება ერთი ერთზე იდენტურია და ზუსტად ისეთივე სცენარი უნდა განმეორდეს, ტერიტორიების დათმობის ჩათვლით. საქმე ის არის, რომ ფინეთმა უპირველეს ყოვლისა დათმო გასასვლელი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეზე - გეოპოლიტიკური გასასვლელი დათმო.

ჩვენს შემთხვევაში დათმობა როგორღაც ისე უნდა მოხერხდეს, რომ საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიულ საზღვრებში დარჩეს.

სტატუსები კიდევ სხვა საკითხია და აქ მარტო რუსი არ არის, ამაზე აფხაზსაც უნდა ელაპარაკო და ოსსაც. როდესაც სიტუაციის ფინეთიზაციაზე ვლაპარაკობდი, იმას ვგულისხმობდი, რომ აქ მთელი სივრცე იქმნება. მხოლოდ ერთი სახელმწიფო კი არ იგულისხმება, არამედ ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში შემავალი სახელმწიფოთა ჯგუფი. მოლდავეთი აქვეა. უკრაინაც, რომელსაც არა აქვს დიდი გეოპოლიტიკური პრობლემები, მაგრამ თავისი სივრცე მაინც შესაქმნელი აქვს. ასე რომ, არა მხოლოდ მე, დასავლელი პოლიტოლოგებიც უფრო და უფრო იხრებიან იმ აზრისკენ, რომ მოვლენათა განვითარების ფინური მოდელი ევროპისთვის უფრო მისაღებია.

ფინეთი არ ითვლებოდა საბჭოთა სივრცის ნაწილად, როგორც მაგალითად, ბულგარეთი, მაგრამ ფინელ პოლიტიკოსებს საბჭოთა კავშირისთვის ანგარიშის გაწევა უწევდათ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებისგან იმ პრინციპული განსხვავებით, რომ ფინეთი დასავლური სამყაროს ნაწილად რჩებოდა და ამაში, ალბათ, ვერავინ შემედავება.

თუ აქ ასეთ ურთიერთობათა დალაგება დაიწყო და სიტყვაში "აქ", ისევ ვიმეორებ, მხოლოდ საქართველოს კი არა, უკრაინას, ბელორუსიას, მოლდავეთს და სამხრეთ კავკასიასაც ვგულისხმობ, ეჭვი მაქვს, რომ ევროკავშირისთვის ყველაზე მისაღები სქემა იქნება.

ევროკავშირის პრობლემა ის არის, რომ გაფართოების პოლიტიკით გადაიღალა, ვერ აიღო ინტეგრაციისთვის იმხელა სივრცე, რომლის გადახარშვასა და გააზრებას შეძლებდა, რადგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დასავლური მენტალიტეტისგან საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდნენ. პაუზა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, ოღონდ მას საგარეო პოლიტიკური ორიენტირების გადახარშვა და გადახედვა უწევს.

არსებობს სამი მოთამაშე: ევროკავშირი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. "ფინეთის ვარიანტის" გათამაშება იმას გულისხმობს, რომ ხსენებული გეოპოლიტიკური სივრცის ქვეყნების განწყობა და პოლიტიკა სამივე მოთამაშისთვის მისაღები იყოს. როგორც გითხარით, არის მეორე მოდელის ვარიანტიც: ჩეჩნეთი და ავღანეთი, ოღონდ ამ შემთხვევაში ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: როდესაც  მე მოწინააღმდეგეს ვაკვდები, პირველი პირები, ვინც ამ დირექტივას მოგვცემენ, სადღაც, პარიზში არ უნდა ისხდნენ და ჭიქებს არ უნდა ატრიალებდნენ...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი