"დიდი პოლიტიკური თუ ფინანსური კატაკლიზმების მოწმენი ვართ!"
25-01-2016
"დიდი პოლიტიკური თუ ფინანსური კატაკლიზმების მოწმენი ვართ!"
"თბილისსა და ერევანს შორის შესაძლოა ურთიერთობა გამწვავდეს"

"მაშინ ის გვითხრან, თუ დავყევით რუსეთის პირობას, სანაცვლოდ რას მივიღებთ?!"

"ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ მიღწეული პროგრესის არდანახვა შეუძლებელია," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ რეზოლუცია დადებითია, თუმცა, ევროპარლამენტარებს აქვთ შენიშვნებიც, რომლებიც ძირითადად, მედიაპლურალიზმსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას შეეხება. ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ევროინტეგრაციის საერთო პროცესის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ეს დადებითი
რეზოლუციაა. კარგად ჩანს, რომ ევროპელები ჩვენდამი დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებენ და ვიზალიბერალიზაციის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. რასაკვირველია, მათი შენიშვნები მნიშვნელოვანია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა ხელისუფლებამ, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შენიშვნა დაუმსახურებლად მივიღეთ. ევროპარლამენტარების გამოსვლებს ვუსმენდი და ჩემი აზრით, მათი მოსაზრებები - განსაკუთრებით მედიასთან დაკავშირებით - არაობიექტური
იყო. რატომღაც მათი განცხადებებით ჩანდა, თითქოს ქვეყანაში ერთადერთი მედიასაშუალება "რუსთავი 2"-ია. ევროპარლამენტარები, განსაკუთრებით სახალხო პარტიის წევრები, განუწყვეტლივ იმეორებდნენ, რომ მედიაზე ზეწოლა ხდება, არადა, გულისხმობდნენ მხოლოდ "რუსთავი 2"-ის მფლობელის შესახებ წარმოებულ სასამართლო დავას. ჩემი აზრით, ეს დაუმსახურებელი კრიტიკაა. მე ვერ ვხედავ მედიაზე ხელისუფლების განსაკუთრებულ ზეწოლას. ამას ვამბობ როგორც ყოფილი ჟურნალისტი და ამ საქმეში ჩახედული ადამიანი. მაგრამ რაც პროკურატურის მუშაობაზე ითქვა, ვფიქრობ, დამსახურებული შენიშვნა იყო; მეტიც, ჩემი აზრით, ევროპარლამენტი ამ თვალსაზრისით მოკრძალებულიც კი იყო. შეიძლებოდა უფრო მკაცრი ჩანაწერიც გაკეთებულიყო. ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ უამრავი რამ იყო გასაკეთებელი, რასაც პროკურატურამ თავი ვერ გაართვა. ამ ბოლო დროს თითქოს გამოცოცხლდნენ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. მოკლედ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში პოზიტიურად არის შეფასებული ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ მიაღწია.

- ჩვენი ევროპელი პარტნიორები სულ უფრო ხშირად შეგვახსენებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. რამდენიმე დღეში გარდაბანში გამგებლის არჩევნები გაიმართება. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს იქნება ტესტი შემოდგომის არჩევნების წინ...
- მეც ვფიქრობდი, რომ ეს არჩევნები ტესტი იქნებოდა, მაგრამ ახლა ეს ძალიან მეეჭვება. საქმე ის არის, რომ დღეს მხოლოდ ორ მოთამაშეს ვხედავთ ასპარეზზე - "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას". წლების განმავლობაში კი ისეთი ტრადიცია დამკვიდრდა, რომ რაიონებში, სადაც ეთნიკური სიჭრელეა, მუდმივად სახელისუფლებო ძალა და მისი კანდიდატები იმარჯვებდნენ. მოგეხსენებათ, გარდაბანი სწორედ ასეთი რაიონია. აქამდე ეს ტენდენცია ვერაფერმა შეცვალა. გარდა ამისა, კახაბრიშვილს, რომელიც კანდიდატად წამოაყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ძალიან კარგად იცნობენ გარდაბანში და მხარს ცოტა ხალხი უჭერს. ესეც "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რამინ ბაირამოვის "დამსახურებაა". ასე რომ, მოწინააღმდეგეები აშკარად სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან. "ნაციონალური მოძრაობა" ხვდება, რომ წააგებს ამ არჩევნებს და ყველაფერს აკეთებს წინასწარ პროცესის დისკრედიტაციისთვის - უკვე ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე, ცდილობენ ვითარების გამწვავებას და ა.შ. არადა, მაგათ რა აქვთ სათქმელი, როცა 2012 წელს სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამიყალბა არჩევნები იმ გიორგი ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით, ვინც დღეს პარლამენტში ზის და რომელთანაც დღეს კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტია თანამშრომლობს.

ამ პარტიის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ თურმე მისი და მის უკან მდგომი "კუდ-ის ყოფილი უფროსის მოადგილის, ვაჟა ლილუაშვილის გამოყენება შეიძლება, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. გარდაბნის მოსახლეობა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს იყო უმძიმეს, ნახევრად მონურ მდგომარეობაში. ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა. მართალია, ადამიანები მონური წნეხისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ დარჩა სხვა უამრავი პრობლემა. ეს შეეხება ინფრასტრუქტურას, მიწების უსამართლოდ გადანაწილებას და ასე შემდეგ. ვიმეორებ, ტოტალური უკანონობა აღარ არის, მაგრამ პრობლემა უამრავია, რომელთა გადაჭრა ახალ გამგებელს მოუწევს...

- რას იტყვით "ქართული ოცნების" კანდიდატ გოჩა ჯამარაულზე?

- ჯამარაული კახა კალაძის კანდიდატურაა. არავინ იცის, იგი როგორი გამგებელი იქნება. წინასწარ იმის მტკიცება, რომ არ ივარგებს, არ შეიძლება. ზოგიერთმა რატომღაც წამოიწყო კამპანია ჩემი და ჯამარაულის დასაპირისპირებლად. ისეთი ფრაზები მომაწერეს, რაც არ მითქვამს, არადა, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩემთვის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანია! მე ჯამარაულს ვუჭერ მხარს და იმედი მაქვს, რომ კარგი გამგებელი იქნება, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ის, გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს შეძლებს.

გარდაბნის რაიონში დღემდე არსებობს ძალიან ძლიერი"მაფია, რომელიც 90-იან წლებში ჩამოყალიბდა და ამ რაიონს ძარცვავს. წლებია, ის ხალხისთვის წართმეული ქონებით უკანონოდ ვაჭრობს. მოკლედ, პრობლემა უამრავია. არადა, გარდაბნის რაიონი უაღრესად საინტერესო რაიონია, როგორც ადამიანური, ასევე ბუნებრივი რესურსით. საჭიროა, ხელისუფლებამ მეტი ყურადღება მიაქციოს და გამოიყენოს მისი პოტენციალი. უკვე ვთქვი, "ნაციონალური მოძრაობა" წინასწარ ქმნის აჟიოტაჟს, თითქოს არჩევნები ყალბდება. ემზადებიან იმისთვის, რასაც ოქტომბერში აპირებენ, ანუ გაყალბებაზე გამუდმებული აპელირებით შეეცდებიან დასავლეთის ყურადღების მიპყრობას... თავის დროზე გარდაბანში ჩემი წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯარისკაცების ხმების გამოყენება იყო. მაშინ "ქართულ ოცნებაში" ყველა იზიარებდა აზრს, რომ ჯარისკაცს უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ პროპორციული სისტემის არჩევნებში... სამწუხაროდ, ამ მავნე კანონის შესაცვლელად დღემდე არაფერი გაკეთებულა. იმედი მაქვს, საპარლამენტო არჩევნებზე მსგავსი რამ აღარ მოხდება. არ სჭირდება "ქართულ ოცნებას" გამარჯვებისათვის ასეთი რამ. საჭიროა, სასწრაფოდ შეიცვალოს კანონმდებლობა.

- რადგან არჩევნებზე ვლაპარაკობთ, გავიხსენოთ, რომ გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა მმართველი კოალიციის მომავალი საარჩევნო სია იყო...
- ამბობენ, რომ პროპორციული სია თებერვალში იქნება მზად. დამერწმუნეთ, ვერ იქნება... ლაპარაკი, რომ ვიღაცას რეიტინგი არ აქვს და თუ რამეს ითხოვს, უნდა წავიდეს კოალიციიდან, მცდარი პოლიტიკური­ მიდგომაა. ყურადღება მივაქციოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს - დღეს "ქართული ოცნება" სხვადასხვა პოლიტიკური ვექტორის დამაბალანსებელი ძალაა; მან რომ მმართველობისას შეცდომები დაუშვა, ეს სხვა საკითხია...

დღეს კოალიციაში ორი მთავარი ძალაა - პარტია "ქართული ოცნება" და რესპუბლიკური პარტია, რომელიც ცალსახად მიიჩნევა პროდასავლურ ძალად.
"ქართული ოცნება" კი ასეთ ერთვექტორიან პარტიად არ აღიქმება; ის ერთგვარი მეხამრიდია, რომელიც თამაშობს როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის პოლიტიკურ სივრცეში. გარდა ამისა, კოალიციაშია "ეროვნული ფორუმიც", რომელსაც, ასე ვთქვათ, "პროქართული" პოზიცია აქვს და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ კოალიციის შიგნით ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება დაბალანსებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დააკვირდით, რა ვითარებაა ჩვენ გარშემო. დიდი პოლიტიკური თუ ფინანსური კატაკლიზმების მოწმენი ვართ! ნახეთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში! მათ ფონზე, მიუხედავად დიდი სიდუხჭირისა, სტაბილურობას მაინც ვინარჩუნებთ... შესაბამისად, ამ ეტაპზე კოალიციის დაშლა მიუღებლად მიმაჩნია და ეს ალბათ, არც მოხდება.

ილაპარაკებენ, იდავებენ და ბოლოს და ბოლოს, კვოტებზეც შეთანხმდებიან. ასე იყო 2012 წელსაც. თქვენ გგონიათ, მაშინ არ იყო ამ საკითხზე პატარ-პატარა დაპირისპირებები?! საბოლოოდ კოალიციის სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე კაცი მიიღებს - ხელმძღვანელობას ვგულისხმობ. მესმის, რომ წლევანდელი წელი უმნიშვნელოვანესია, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნები გვაქვს, მაგრამ ქართული პოლიტიკური ელიტა არ უნდა მოწყდეს იმ პროცესებს, რაც "დიდ კავკასიაში" ხდება. უმნიშვნელოვანესი პროცესები ვითარდება, ჩვენს ქვეყანას უამრავი საფრთხე დაემუქრა, მაგრამ გაჩნდა შანსიც, რომლის გამოყენებას როგორც პოლიტიკური სექტორის, ასევე მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია სჭირდება.

- ბოლო კვირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა "გაზპრომთან" გამართული მოლაპარაკებებია...
- ამ პროცესს აქვს ორი შემადგენელი: ერთი - ეკონომიკური, მეორე - პოლიტიკური. ჯერ ერთი, რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა ნებისმიერ საკითხს პოლიტიკურ ჩარჩოში აქცევს; ამასთან, ყველამ იცის, რომ რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკას ენერგეტიკულ აქტივობაზე აგებს. მოკლედ, რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების უკან, გაზის საქმე იქნება თუ სხვა რამ, აუცილებლად უნდა ვეძებოთ დიდი პოლიტიკა. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, საქართველოს უფრო და უფრო მეტი გაზი სჭირდება. აზერბაიჯანს აქვს საკმარისი რესურსი, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ ამ ქვეყნიდან მეტი გაზი მივიღოთ.

ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ აქამდე ვერ მოხერხდა გაზსაცავის მშენებლობა, ამაზე ხომ 15 წელია, ლაპარაკობენ? სად იყო და რას აკეთებდა ამ მიმართულებით "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ახლა ბევრს ლაპარაკობს? ან რატომ არ დაიწყო ამაზე ზრუნვა "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე?
მოკლედ, ვიდრე არ გვექნება გაზსაცავი ან არ ამოქმედდება "შაჰდენიზი 2", დაგვჭირდება დეფიციტის აღმოფხვრა და ჯერჯერობით ამის ერთადერთი გზა რუსული გაზია, რომლითაც დროებით მოგვიწევს სარგებლობა. ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე რუსული გაზის ოდენობა, სავარაუდოდ, 15-20%-მდე გაიზრდება. ეს მოცულობა საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ვერ შეცვლის. კიდევ ერთი საკითხი. რუსეთი ითხოვს სომხეთისკენ გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმის შეცვლას, რაც ძალიან ცუდია და ამის უკანაც დგას დიდი პოლიტიკა. ამ შემთხვევაში რუსეთი აშკარად ცდილობს საქართველოზე ზეწოლას... რაც შეეხება ირანიდან სომხეთის მომარაგებას, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ მუქარაა, რადგან იმ გაზსადენით, რომელიც ირანსა და სომხეთს აკავშირებს, ტექნიკურად მეტი გაზის გატარება შეუძლებელია. ერთი წელი მაინც დასჭირდება იმას, რომ გარკვეული სამუშაოების შედეგად რუსეთმა ამ გაზსადენის გამტარიანობა გაზარდოს და რას იზამს ერთი წელი, სომხეთს გაზის გარეშე დატოვებს?! ეს მოსკოვს ხელს ნამდვილად არ აძლევს. ერევანში ისედაც იზრდება უკმაყოფილება კრემლის მიმართ, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება დაარღვია, მაგალითად, ატომური ელექტროსადგურის რეაბილიტაციის თაობაზე. ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს სომხეთისთვის გარკვეული თანხა უნდა გამოეყო, მაგრამ "გადააგდო..." შეიძლება ამ პროცესში თბილისსა და ერევანს შორისაც გამწვავდეს ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და პოზიცია არ დავთმოთ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანზიტის საფასური ნატურით მივიღოთ!

- თუმცა კალაძის განცხადებების მიხედვით, ტარიფის ფორმის შეცვლა ჩვენს ხელისუფლებას თითქოს უკვე გადაწყვეტილი აქვს...

- მეც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, მაგრამ მაინც ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. მაშინ ის გვითხრან, თუ დავყევით რუსეთის პირობას, სანაცვლოდ რას მივიღებთ?!

- გასულ კვირას ეროვნული ვალუტის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ხელისუფლება ყველაფერს გარე ფაქტორებით ხსნის...
- რაც ხდება, მხოლოდ საკუთარი გადასახედიდან არ უნდა შევაფასოთ... ხომ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დამკვიდრებული მსოფლიო წესრიგი მოიშალა. სირიის მოვლენებმა და იმ ამბებმა, რაც ამას მოჰყვა, სიტუაცია ყველა მიმართულებით შეცვალა. დღეს ვხედავთ, ახლო აღმოსავლეთში ყველა ყველას როგორ ებრძვის. ეს არის დემონსტრირება იმისა, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში... ნავთობის ფასის ვარდნა, პოლიტიკური არეულობები, სანქციები - მოკლედ, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ხელოვნურად არის შექმნილი. დიდი ქვეყნები გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ძირითადად სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ებრძვიან.

მაგალითად, ავიღოთ დღევანდელი აზერბაიჯანი, რომელზე გავლენის მოსაპოვებლად სერიოზულად მუშაობენ როგორც რუსეთი, ისე აშშ. ამას ეწირება აზერბაიჯანის სტაბილურობა. ეს ქვეყანა დღეს რეგიონში ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. შექმნილმა პირობებმა, ყველაზე მეტად კი ნავთობის ფასის ვარდნამ, დააზარალა და დაასუსტა სახელისუფლებო ვერტიკალი... ნახეთ, რა ხდება რუსეთში, რომელიც სანქციების მძიმე შედეგს დღითი დღე იმკის. ასევე მძიმე მდგომარეობაშია თურქეთი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გავლენის მოსაპოვებლად იბრძვის... ეს ყველაფერი ჩვენ გარშემო ხდება და ჩვენზეც აისახება. მე არ ვარ სპეციალისტი და გამიჭირდება ლარის დევალვაციის კონკრეტულ მიზეზებზე ლაპარაკი, მაგრამ პროფესიონალებთან საუბრის შემდეგ შემიძლია ვთქვა: დიახ, არის საგარეო ფაქტორები, რომლებიც აისახება ჩვენს ეკონომიკურ პროცესებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი ფინანსური ინსტიტუტების სწორი მუშაობაც, რაც ხშირად ხდება სპეციალისტების კრიტიკის საგანი. გარდა ამ ინსტიტუტების მუშაობის ხარვეზებისა, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, დაინტერესებული იყვნენ საქართველოს დასუსტებით და ლარის გაუფასურების პროცესს რაღაც ინსტრუმენტებით ახალისებდნენ...

- ლართან დაკავშირებით ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები საზოგადოებას აღიზიანებს...
- ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას აუხსნას, რა ხდება და ისიც უთხრას, რას აკეთებ პრობლემების აღმოსაფხვრელად. დეპუტატი ტყემალაძე უფრო შორს წავიდა და აგვიხსნა, რომ თურმე ლარი კი არ გაუფასურდა, დოლართან მიმართებაში კურსი დაეცა. ამგვარ განცხადებებს საზოგადოება ცინიზმად აღიქვამს, რაც აზიანებს ხელისუფლების იმიჯს. კეთილი უნდა ინებონ და გვითხრან, რას აკეთებენ შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად, გვაჩვენონ, როგორ შემოიჭირეს ქამრები, როგორ შეიმცირეს პრემიებისა და დანამატების ოდენობა! მარტო ლაპარაკი საკმარისი არ არის. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ჩინოსნისა და ჩვეულებრივი მოქალაქის მდგომარეობა მაინცდამაინც არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში ხალხი მართლაც გაგებით მოეკიდება შექმნილ ვითარებას...

ნათია დოლიძე
nikoloza
26 იანვარი 2016 16:24
აბა აბა. ნაცისტის კომენტარი როგორ ეგრევე იწვება არა.ნუ ვანოს,დათას,ვერას,თარგამადზის,კირკიტადზის,მინაშვილის და სხვა ინტელექტის მამებთან შედარებით,კახა [იდიოტია} ვაი მართლა თქვენს პატრონს მიშმადიდებლებო.ვაიმე ბრიყვების,გაუნათლებლების,უტიფრების,სექსუალური უროდების, უთავმოყვარეების,ცუდი ოჯახიშვილების და ა.შ. მოკლედ ბინდზურების მეტი რა მინახავს მარა თქვენ ასობი პაროდა ხართ.რაგაც ერთი დადებითი არ გაქვთ რა უბედურებაა ეს 2016 წელია,სირცხვილია უბრალოდ სირცხვილი. აბა დაწყეთ ეხლა წყევლა. მიშა მაგარია.
begi
25 იანვარი 2016 13:32
არ მინდა კახა კალაძე რაიმე ბინძურ საქმეში ვიხილო გახლართული. არადა, მეჩვენება, რომ რაღაც ახლართულ-ჩახლართულ საქმეშია გარეული ამ გაზპრომთან დაკავშირებით. ფრთხილად კახა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
doctor no
25 იანვარი 2016 12:06
რუსეთი სულ იმ ჭკუაზეა სომხეთს ატომური ელ სადგური აუშენოს და თვითონ გაზის რეალიზაცია მოიკლოსსს, საკუთარ პარტნიორებთანაა პირშავი და ჩვენს რუსეთუმეებს რისი იმედები აქვთ ნეტა გამაგებია.

რედაქტორის რჩევით